კარდენახი

შარშან ზაფხულს, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ჩემს მეგობარს, იტალიელ მწერალს როკო კარბონეს, თან ჩამოჰყვა ცნობილი ფოტოხელოვანი ფაბიო პონციო. ფაბიო პონციომ, ძველი რომაელების პირდაპირმა ჩამომავალმა (როგორც თბილისელმა გოგონებმა მერე თქვეს, პირდაპირ, გადასარევმა ბიჭმა), პირდაპირ მითხრა, რომ სწორედ იმ ეკლესიის ნახვა სურდა, რომელიც სამოცდაათიან წლებში ანრი კარტიე-ბრესონმა საქართველოში სტუმრობისას გადაიღო. სულ არ იყო ძნელი მისახვედრი, რომ ფაბიო პონციო ალავერდს გულისხმობდა (ალავერდობაზე გადაღებულს) და კარტიე-ბრესონის ნაკვალევს, მეორე დღესვე გავყევით. გავემგზავრეთ ჩემი (ამჯერად ქართველი) მეგობრის, გიორგი ხელაშვილის ავტომობილით კაჭრეთის გავლით, სადაც ჩემპიონი მწვადისა და ყურძნის ლიმონათის მირთმევისას, პირველად შევნიშნე იტალიური ცრემლი. თუმცა, ეს ჩვენი სტუმრების მხოლოდ მოკრძალებული მცდელობა იყო აღფრთოვანების გამოხატვისა და კაჭრეთში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც ალავერდში გველოდა. ალავერდის ნახვის შემდეგ, ფაბიო პონციო, უბრალოდ ატირდა. ერთი კი ვიფიქრე, მილანში დაბადებულ და ამჟამად რომში მცხოვრებ, მრავალგზის მსოფლიომოვლილ ამ ფაბიოს, ამ ალავერდის ნახვამ გული აგრე რად აუჩუყა-მეთქი და თვითონვე ამიხსნა. თურმე სახელოვანი პედაგოგის სწორედ ალავერდში გადაღებულმა ფოტომ განსაზღვრა მისი პროფესიული არჩევანი და ფაბიომ ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა აუცილებლად ჩასულიყო იმ ქვეყანაში, რომელსაც კარტიე-ბრესონი სამოცდაათიან წლებში ესტუმრა. ჯერ კიდევ მაშინ, ისიც გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ქართული ტაძარი ენახა, სადაც დიდმა ფრანგმა ხელოვანმა ფოტო გადაიღო და ამდენი წლის შემდეგ, ფაბიო პონციომ ოცნება რომ აიხდინა, ცრემლიც ვერ შეიკავა. ზუსტად ის ადგილიც მოძებნა, სადაც კარტიე-ბრესონი იდგა, როცა იმ ლეგენდარულ ფოტოს იღებდა. თუმცა, მთავარი მაინც წინ იყო.
ალავერდის შემდეგ, სანამ თელავი და სიღნაღი დავათვალიერეთ, მოსაღამოვდა კიდეც და გიო ხელაშვილმა თქვა, გასაღები თან მაქვს და ბარემ კარდენახში, პაპაჩემის სახლში დავრჩეთო. ვიყიდეთ პური და ყველი; ღვინო და ყურძენი იქ, სახლში დაგვხვდა. მეტი რა გვინდოდა. ღვინო ჩვენს სტუმრებსაც ძალიან მოეწონათ და შუქი რომ მოვიდა, უკვე კარგა ტკბილად ვიყავით. დაწოლასაც ვაპირებდით, რომ ფაბიო პონციო დიდი ოთახის კედელზე, ჩარჩოიან ფოტოს მიადგა და აიჩემა _ ეს აშკარად ძალიან ჰგავს კარტიე-ბრესონის ხელწერასო. აქ საიდან მოხვდებოდაო, _ კი შევეცადეთ მის დამშვიდებას, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, უჯრამ (გიო ხელაშვილის მეტსახელია) თბილისში, ბებიამისთან დარეკა და იმ ფოტოს ასავალ-დასავალი დაწვრილებით გამოჰკითხა. გიორგი ხელაშვილის ძვირფასმა ბებიამ იმ უცნაური ფრანგი კაცის გვარი ვერა, მაგრამ სახელი კი სწორად გაიხსენა _ ბევრი ფოტოაპარატით რომ ესტუმრა მათ ოჯახს 1972 წელს და ერთი ღამე მათთან, კარდენახში დარჩა. წელი ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ შენ ზუსტად იმ წელს დაიბადე, ბებო გენაცვალოსო. ფაბიო პონციოს რომ ეს ყველაფერი ვუთარგმნეთ, გულზე ხელი მოიკიდა, თვალები გაუფართოვდა სიხარულისა და გაოცებისაგან და ის საწოლი მანახეთ, სადაც კარტიე-ბრესონს ეძინაო. უჯრამ ისევ შეაწუხა ძვირფასი ბებო და ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო. მერე ზუსტად ის საწოლიც აჩვენა ფაბიოს, სადაც მის ფოტოგურუს ეძინა ოცდაათი წლის წინ და ნებართვა აღარ უკითხავს, ისე ჩაწვა მისთვის ყველაზე ისტორიულ ლოგინში. მერე იწვა და ტიროდა. ადგილზე, საწოლში მივუტანდით ხოლმე განსხვავებულს, დალევდა, ამოიოხრებდა, ჭერს ახედავდა ცრემლიანი თვალებით და მღეროდა. თან ტიროდა, თითქმის დილამდე.
თბილისში მეორე დღეს დავბრუნდით. მესამე დღეს ყაზბეგში წავედით. სამებაზე ასულ ფაბიო პონციოს ისე მოეწონა მთვრალი მოხევეები, რომ იქვე მოინათლა მართლმადიდებლად და ასე მოულოდნელად დათმო კათოლიციზმი. როკო კარბონეს რომ ვკითხე მიზეზი, გაეცინა _ ალბათ გადასახადების გადახდა აღარ უნდაო და ამ თემაზე აღარ გვისაუბრია. მერე კვარიათში წავიყვანეთ, სადაც ამდენი ლამაზი გოგოს ერთად ნახვას იტალიელებმა ვეღარ გაუძლეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ფაბიო პონციომ თავისი ფოტოფირები მე დამიტოვა, _ ჩამოვალო და ალბათ ჩამოვა. საქართველოში მხოლოდ ერთხელ არავინ ჩამოდის…

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s