მე საკუთარ თავს “შენობით” ვესაუბრები

_ ნუცა!
პასუხი არ არის
_ შენ პატარა ხარ, ჯერ ვერ ხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას!
_ არ მინდა!
_ გიო არაჩვეულებრივი რეჟისორია. იცი ვისთან ერთად უნდა ითამაშო? ამ ხალხის გაცნობა მაინც არ გინდა?
_ არა!

არა, მეგობარო!!!

მიუხედავად იმისა რომ ნუცას იმ დროისთვის მსახიობობა სენივით ჰქონდა შეყრილი და თავის ~დასის~ დახმარებით, გამუდმებით სპექტაკლებს მართავდა, ფილმში გადაღებაზე მაინც ვერ დაიყოლიეს. ეს გაუცნობიერებელი შიში იყო, თამაში მთავრდებოდა და ცხოვრებაში ნამდვილი კინოკამერა და მსახიობები უნდა შემოსულიყვნენ.
ნუცას ის ფილმები აჩვენეს, რომლებშიც მისი მომავალი პარტნიორი თამაშობდა. ცხრა წლის გოგონა გაოცებული დარჩა და საბოლოოდ, გიო მგელაძის “არა მეგობაროში” მონაწილეობაზე დათანხმდა. მთავარმა მოქმედმა გმირმა კი აშკარად მოხიბლა. ეს ლევან აბაშიძე იყო.
ნუცა რეჟისორმა ლევანის გასაცნობად წაიყვანა: “ნახატივით მახსოვს ფერები, ეზო მწვანეში იყო ჩაფლული, სახლის კარი გაიღო და გამოვიდა ახლად გაღვიძებული ლევანი, _ თმააჩეჩილი, საცვლით და გამწვანებული ეზოსფერი მაისურით.”
ამ დღის შემდეგ მეგობრობა დაიწყო, რაც უთავბოლო სეირნობას, სახინკლეების შემოვლას და სტუმრად სიარულს გულისხმობდა. ნუცას ცნობიერებაში რაღაც ძვირფასი ილექებოდა. ამაყობდა, რომ გაიცნო, უყვარს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.
ნუცას სცენები თამაშ-თამაშში გადაიღეს, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. ცხრა წლის გოგონას ძალიან მოსწონდა გადაღების პროცესი: ჩართული კამერა, ხალხი, მუხტი. გადაღებები დიდხანს გაიწელა, ხან რაღაც აკლდათ, ხან ერთი აგვიანებდა ხან მეორე. ნუცას დედა გიო მგელაძეს აფრთხილებდა, მალე დაამთავრე, ნუცა ამერიკაში უნდა წავიყვანოო.
დაიწყო ზაფხული, – აგარაკების სტიქია. ნუცა ოჯახთან ერთად ახალდაბას ეწვია. ლევან აბაშიძესთან მეგობრობა კვლავ გრძელდებოდა, ის ხშირად სტუმრობდა პატარა პარტნიორის საზაფხულო სამყაროს. ნუცას სამყაროში კი, მართალია, გაუაზრებელი, მაგრამ პირველი სიყვარული უკვე იყო. ლევანის ამოსვლა და შემდეგ წასვლა ბავშვისთვის უცხო გრძნობით შეპყობილ ნუცას გულს უჩქარებდა და იმ დღესაც, როდესაც გაიგო ლევანი ჩამოვიდაო, აჟიტირებულმა ჩაირბინა კიბე, მერე ეზო და… ლევანი შეყვარებულთან ერთად ესტუმრა ახალდაბაში დაბინავებულ ოჯახს. ნუცა თავის ოთახში ჩაიკეტა და მის წასვლამდე სტუმრებთან აღარ გამოსულა. უფროსები ხვდებოდნენ რაშიც იყო საქმე, _ ნუცამ იეჭვიანა.
“ფანჯარასთან ვიდექი, დარაბების ღრიჭოდან ვხედავდი ლევანს, რომელიც ხელს მიქნევდა და მემშვიდობებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ მხედავდა: ნუცა! დაბადების დღეზე აუცილებლად ამოვალ! – მითხრა და წავიდა. ამის მერე აღარ მინახავს, ექვსი სექტემბრის შემდეგ, კი აღარც არავის. ის დრო იმ ფერებში მახსოვს, როგორი ესთეტიკაც არის “არა, მეგობარო!..”-ში.”
ნუცა სკოლიდან გამოიყვანეს. პირველი შოკი _ ძვირფასი ადამიანის დაღუპვა _ ცხრა წლის ასაკში განიცადა. და ლევანს დაჰპირდა: მე აუცილებლად გავხდები მსახიობი.

Aნოტჰერ Gეორგია

ერთ დროს ტელევიზორში ნანახი ამერიკა, ახლა ნუცას სახლი უნდა გამხდარიყო. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება _ ეს იყო დისნეილენდი, მიკი მაუსის ჭიქა, რომელიც ჩასვლისთანავე შეიძინა. კიდევ იყო “რუსალოჩკას” ტორტი. ზაფხული და დიდი ცისფერი აუზი. ეს ყველაფერი თბილისური ერთფეროვნების შემდეგ ხდებოდა. ომი, დათრგუნული ხალხი და გაჭირვება: ~მახსოვს, ბაბუაჩემმა რომ “აუდი” იყიდა, იმ დროს ეს ერთ-ერთი პირველი უცხოური მანქანა იყო ქალაქში. ოჯახში დიდი ამბავი ატყდა, ჩვენ რატომ უნდა გვყავდეს კარგი მანქანა, როცა სხვებს საჭმლის ფული არ აქვთ! დღის სინათლეზე “აუდი” ერთხელაც არ გამოგვიყვანია, თვალშისაცემი რომ არ ყოფილიყო. მხოლოდ გვიან ღამით ბაბუა მანქანაში ჩაგვსვამდა და ქალაქს წრეს ვურტყამდით.”
ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ატლანტა კულტურული შოკი იქნებოდა. თუმცა, ყველაფერი წინ იყო. ნუცა სკოლაში მიიყვანეს, სადაც ერთი უცნაური რამ აღმოაჩინა: ამერიკა სულაც არ ყოფილა “ამერიკა”.
სკოლაში ჯინსებით და მაისურით მივიდა. მეორე დღესაც იგივე ეცვა; ამერიკელმა თანატოლებმა ნუცა აითვალწუნეს, ფული არ გაქვსო, დასცინოდნენ. მერე იყო ენის ბარიერი: სიტყვა შეეშლებოდა თუ არა, მთელი კლასი სიცილს იწყებდა. ტიპურ თბილისურ გარემოში გაზრდილი, ვერაფრით ხვდებოდა სად მოხვდა, რატომ ხდებოდა ასე. არადა, ქართულ სკოლაში სწავლის დროს, ყველა ახალ კლასელს უცხოობას უადვილებდა, ახლა კი თავად აღმოჩნდა უცხო და, აქედან გამომდინარე, უცნაური და მარტოსული. ყოველი დღე ტირილით მთავრდებოდა _ არ მინდა აქ ცხოვრება! ნუცა თავის სამყაროში ჩაიკეტა. კლასში თვითდამკვიდრების მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან ნუცამ გამოაცხადა, მე ფილმში ვარ გადაღებულიო. ახლა ამაზე დასცინეს _ ეს მატყუარაც ყოფილაო. მერე თქვა, ბებიაჩემი თავადი იყო და ჩვენ სასახლეც კი გვაქვსო. ეს ზღვარს გადასვლად შეაფასეს და მასწავლებელმა სკოლაში ნუცას დედა დაიბარა: თქვენი შვილი ავად არის, ქრონიკულად იტყუება!
ახლა უკვე ყველაფერს ებრძოდა და არაფერი მოსწონდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ ზამთარ-ზაფხულ დედას თბილისში ჩამოჰყავდა ხოლმე, სადაც ენერგიით ივსებოდა და პირველი კვირის მანძილზე, ყოველ დილით სიზმარში ეგონა თავი. ისევ ამერიკაში დაბრუნებულს, თავისიანებთან გატარებული დღეები, გარკვეული დროის მანძილზე ჰყოფნიდა.
და აი, ძლივს! კლასში ახალი ბავშვი გადმოვიდა, ბრაზილიელი, რომელიც ანალოგიურ ქარცეცხლში გაატარეს. ნუცა მაშინვე დაუმეგობრდა, რომ წყენა შემსუბუქებოდა ბრაზილიელს და თითქმის დღე არ გავიდოდა, ერთად რომ არ ყოფილიყვნენ. დაიწყო საიდუმლოებების გაცვლა, ხალისიც თავისით მოვიდა.
არდადეგები ახლოვდებოდა. მეგობრები ერთმანეთს ატირებულები გამოეთხოვნენ. დაბრუნებულმა ნუცამ კი, კიდევ ერთი შოკი მიიღო _ ბრაზილიელი მეგობარი ახლა უკვე ჩინებულად მორგებოდა კლასის სიტუაციას და ნუცას ზედაც არ უყურებდა. ერთადერთი საყრდენი თოთხმეტი წლის ნუცასთვის ისევ თავისი ქვეყანა იყო: რაც უნდათ, ის თქვან ჩემზე; მერე რა, დამცინონ, ჩემი სამშობლო ხომ მაინც სხვაგან არის.

ჯულიეტას “დაკარგული კოცნები”

ნუცაც ადამინების იმ რიცხვს ეკუთვნის, ვის ცნობიერებაშიც ძეფირელის ”რომეო და ჯულიეტამ” სიყვარულზე წარმოდგენა მთლიანად შეცვალა. ამ მაგიურ ამბავს ისეთი ზემოქმედება მოუხდენია, რომ ეს ფილმი ნუცას დიდ ოჯახში ბავშვებისთვის დღემდე იკრძალება.
ამ დღიდან, რეალობა თავგანწირული სიყვარულის იდეას გაემიჯნა. თან ზაფხულია, თან ნუცა საყვარელ თბილისშია. მეგობრები მოგროვდნენ და ნუცას ირგვლივ შემოკრებილები სტუმრად მიდიან.
– ნუცა! _ ეუბნება ერთერთი, _ იქ მოვა ცუდი ბიჭი, უზრდელურ სიტყვებს ამბობს და სულ ქუჩაში დგას, იცოდე არ მოგეწონოს!
– რატომ უნდა მომეწონოს? _ დაეჭვდა ნუცა.
– იმიტომ, რომ ძალიან ლამაზია.
ბიჭი შემოსული არ იყო, რომ ნუცამ თავისი განცდების რეალიზებისთვის საუკეთესო ობიექტი აღმოაჩინა. არადა, მეორე დღეს ამერიკაში ბრუნდებოდა. ჩასვლის დღიდან მთელი ერთი წლის მანძილზე “რომეოს” გმირს ქმნიდა და ხვეწდა: ალბათ ამ შემთხვევაში ასე მოიქცევა, ალბათ ასე იტყვის. მოკლედ, ერთ წელიწადში იდეალური ადამიანი გამოიძერწა.
თბილისში დაბრუნება და სატელეფონო საუბრების დაწყება ერთმანეთს დაემთხვა. უგონოდ შეყვარებულებმა არავის მოუსმინეს, არც ანგარიში გაუწიეს ვინმეს და იქორწინეს.
ცხოვრება ჩვეულებრივი დინამიკით მიდიოდა, ახალგაზრდული განწყობა და სიხალასე. ერთ დღესაც ნუცასთვის ცნობილი გახდა, რომ კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე მთავარი როლისთვის ეძებს გოგონას. ნუცამ იცოდა, რომ ფილმში გადაღების უფლებას ახლადშეუღლებული ქმრისგან ვერ მიიღებდა, ამიტომ ახალ როლზე ფიქრი პერიოდულად მოდიოდა, მაგრამ იქვე იფანტებოდა. ცოტა ხანში ნუცას ახსენდება ერთ დროს მიცემული პირობა და აშკარა სიმძაფრით იგი არჩევანის წინაშე დგება: პირადი ცხოვრება თუ კინო?!
მოულოდნელად ნუცა იღებს ტელეფონს და ნანა ჯორჯაძესთან რეკავს:
_ გამარჯობათ, მე ნუცა კუხიანიძე ვარ. კიდევ ეძებთ გოგონას როლისთვის?
_ ჩვენ უკვე ვიპოვეთ… მაგრამ იქნებ მაინც მოხვიდეთ.
ნუცა ფოტოსინჯებზე წავიდა. საცვლების ამარა დააყენეს და სინჯები გააკეთეს.
სახლში დაბრუნებული ქმარს უხსნის, რომ ამ ფილმზე შესანიშნავი ხალხი მუშაობს. სთავაზობს, თვითონაც წაჰყვეს და რამე თუ არ მოეწონება, უსიტყვოდ დაბრუნდება უკან.
სტუდიაში მისულ ქმარს ნუცას ფოტოები ხვდება. აქ უკვე განხეთქილება იწყება. როლზე დამტკიცებული, რეჟისორს ეუბნება _ “გადავიფიქრე”.
ურთიერთობა იძაბება, ამასობაში ნუცას არ ასვენებს ერთი აკვიატებული აზრი _ კინო. თვალწინ წარმოუდგება ბავშვობაში დადგმული სპექტაკლები, “არა მეგობაროს” გადაღებები…
ქმართან ნაჩხუბარი, ერთ საღამოს დედასთან ერთად კაფეში წავიდა. მოულოდნელად კარი გაიღო და გიო მგელაძე შემოვიდა: “ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე გიო ასეთი მოწესრიგებული, წვერგაპარსული, ცისფერი პერანგით, ლამაზი ქუდით. გიო ჩვენთან დაჯდა. მკითხა, მივედი თუ არა ნანასთან. მე გამოვუცხადე, რომ ვერ მივიდოდი. სამი საათის მანძილზე გიოს მონოლოგს ვისმენდით; ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მისი პირით ლევან აბაშიძე მესაუბრებოდა და მარწმუნებდა, კინოს გზას გავყოლოდი.”
ნუცამ დაიჯერა, რომ ეს ღმერთის მინიშნება იყო და ამის არდანახვა სისულელე იქნებოდა, ამიტომ მეორე დღესვე გადასაღებ მოედანზე მივიდა.
და უეცრად, ამდენი კონფლიქტის და სირთულეების შემდეგ, თექვსმეტი წლის ნუცა საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდა. მასშტაბური და სერიოზული იყო ყველაფერი: ზაფხული, ახალი ხალხის გაცნობა, ათასნაირი კოსტიუმები.
გადაღებები საბერძნეთში უნდა გაგრძელებულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოდესღაც დედის ნაამბობი მითების, ზღაპრების და ღმერთების ქვეყნის შესახებ, ნუცასთვის რეალობად იქცეოდა.
მარტო, მშობლების გარეშე, უცხო ქვეყანაში პირველად უხდებოდა გამგზავრება. ყველანი ერთ სასტუმროში ცხოვრობენ. დიდი ავტობუსით საბერძნეთის მთიან სოფლებში მოგზაურობენ. ნუცა ყველაზე პატარაა, თანაც, მთავარი როლის შემსრულებელი. ყველა თავს ევლება.
ჩაკეტილი სივრციდან ღმერთების ქალაქში აღმოჩენილი ნუცა, აქ გაიცნობს ფილმის ოპერატორ ფედონ პაპამიხაილს _ ვიმ ვენდერსთან ნამუშევარ, ჰოლივუდში წარმატებულ პიროვნებას და ამერიკელი კინოკლასიკოსის, ჯო კასავეტესის დის შვილს. და რაც ყველაზე მთავარია, შესანიშნავ ადამიანს: ~სულ მეგონა, რომ უცხოელთან ნაკლები საერთო შეიძლება მქონდეს, მაგრამ ფედონი ის ადამიანი იყო, ვინც ეს წარმოდგენა დაანგრია. აღმოჩნდა, რომ ოცი წლით უფროს უცხოელთან შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. ჩვენი ინტერესები და განცდები ემთხვეოდა. ნახევრად ბერძენი, ნახევრად გერმანელი ოპერატორი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ერთ დროს, ოცი წლის ასაკში, ნიუ-იორკში ჩასული საბოლოოდ მოაჯადოვა მანჰეტენის განათებამ. მე ოპერატორი გავხდები, _ თქვა და ამის შემდეგ აღარაფერს გაუკვირვებია.”
ფედონი დღემდე ნუცას გვერდითაა. ხუთი წლის წინ დაწყებული “მასტერკლასები”, რასაც ნუცა ბავშვური სიჯიუტით ხშირად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა: ~მე ეს ვიცი!~ _ თავისდაუნებურად ილექებოდა ახალგაზრდულ ცნობიერებაში და ალბათ ამიტომაც, მადლიერი ნუცა ამბობს, რომ ადამიანად ჩამოყალიბებაში მას ფედონი დაეხმარა.
“27 დაკარგული კოცნა”-ს გადაღებები დასრულდა. ყველა თავის გზაზე წავიდა. ნუცა თბილისს შემორჩა. რაც ამერიკაში აკლდა, იმას ინაზღაურებდა: დიდი ოჯახი, მეგობრები და ემოციები.
ვიდრე ფილმი დამონტაჟდება, გახმოვანდება და გამოვა _ ეს ხანგრძლივი პროცესია. ნუცა თავის ფიქრებს უღრმავდებოდა: რადგან ყველაფერს ორი მხარე აქვს, გამოდის, რომ ვერც ვერასოდეს გაიგებ, რა ჯობია. გრძნობების დროზე ადრე ჩამოყალიბება იმ განცდებმაც განაპირობა, რაც ჯერ კიდევ არასრულწლოვანს დაატყდა თავს: ჯერ იყო ლევანის დაკარგვა; შემდეგ კი ოჯახში პირველი ტრაგედია მოხდა _ ნუცას სამი თვის დეიდაშვილი დაეღუპა.
“27 დაკარგული კოცნის” მოლოდინში ნუცა ატლანტაში ჩავიდა დედასთან. ერთ კვირაში ტელეფონმა დარეკა. ეს ფედონი იყო, რომელიც ნუცას ლოს ანჯელესში ეპატიჟებოდა.

კულტურული შოკი

“მახსოვს პალმები და ზღაპრული ამინდი. იანვარი იყო, მაგრამ როგორც მივხვდი, ეს ლოს ანჯელესისთვის ჩვეულებრივი ამინდი იყო.”
ნუცა ფედონის გარემოცვას ეცნობოდა. ეს წარმატებული ინტელექტუალების წრე იყო, რომელიც ჰოლივუდის სივრცეში ათქვეფას, განცალკევებით ყოფნას ამჯობინებდა. იანუშ კამინსკი (“შინდლერის სიის” ოპერატორი), ჯო კასავეტესის შვილები და სხვა უამრავი საინტერესო ადამიანი.
ნუცა ჩვეულებრივად იღებდა ყველაფერს. მორალური გადასახედიდან აფასებდა ამ ხალხს, რადგან კარგად ჰქონდა გააზრებული ის, რომ, მაგალითად, ტომ კრუზის გაცნობა საინტერესოა, მას ხომ მთელი ბავშვობა ტელევიზორში ხედავდა. მაგრამ თუ ტომ კრუზი ცუდი ადამიანია, რა საერთო შეიძლება იპოვო მასთან. ასეთი კრიტერიუმით დაიწყო ამერიკული კინოს სამყაროსთან ზიარება.
ლოს ანჯელესში ჩასვლისას ნუცა თექვსმეტი წლის იყო. აქედან გამომდინარე, უფლებები შეზღუდული ჰქონდა _ ვერც კლუბებში ერთობოდა, არც მანქანის მართვის უფლებას აძლევდნენ და რადგან შესანიშნავ სახლში ცხოვრობდა, გასართობს გარეთ აღარ ეძებდა. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, იქ მაინც ზაფხული იქნებოდა, უამრავი წიგნი, ფილმები და მუსიკა. ეს ის პერიოდია, როცა ნუცამ საკუთარ თავს დრო დაუთმო და ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზა.
“მივხვდი, რომ საკუთარ თავთან შენობით უნდა საუბრობდე, თორემ სხვებთან კონტაქტი გაგიჭირდება.” ამაში მას ფედონი ეხმარებოდა.
ნუცას ცხოვრების დაგეგმვა არასოდეს უცდია, თუმცა, ბავშვობაში ამერიკას ქვეცნობიერად მაინც მსახიობობას უკავშირებდა: იქ არის სამსახიობო სკოლები, ჰოლივუდი და აქედან გამომდინარე, შანსიც მეტია. მაგრამ ოცნება სადღაც მიიკარგებოდა ხოლმე; უფრო ზუსტად კი, ასი პროცენტით სრულდებოდა, თანაც ისე სწრაფად, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებდა.
ასე იყო იმ დღესაც, როცა საოცნებო ლოს ანჯელესიდან თბილისში დაბრუნებულმა შეიტყო: “27 დაკარგული კოცნა” კანის ფესტივალზე წარადგინეს. ნუცაც მიწვეულია.

კანის ფესტივალი

ფესტივალზე ნუცა გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა. გაზაფხული და ჩვიდმეტი წლის მსახიობი. ევროპაში ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კლუბის კარი ღიაა. ნუცა ემოციებს ირგვლივ მყოფ ქართველებს უზიარებს, ხოლო გემზე გამართულ წვეულებებს მისი ეროტიულობით დაბალანსებული ბავშვური გამომეტყველება ამშვენებს.
ამას თბილისური პრემიერაც მოჰყვა. მერე პრიზები. და აჭრელდა ჟურნალ-გაზეთები. ყველაზე ხშირად, ეკრანზე ჯულიეტას დაბრუნების შესახებ წერდნენ. აღნიშნავდნენ, რომ ასაკით პატარა გოგონას უჩვეულოდ ბოხი ხმა აქვს, არის გამხდარი, ჯინსებით და ბოტასებით დადის. ბავშვობაში ამერიკაში ცხოვრობდა და კიდევ…
ნუცა ჩვეული სასიამოვნო სიმშვიდით ხვდება წარმატებას. კულტურული შოკის ქარცეცხლში დროზე ადრე მოხვედრილი, ისევ სიყვარულში ეძებს სიმშვიდეს.
ამ პერიოდში ახალი სასიყარულო ამბავი და შესაბამისად, ახლი წრე იკვრება. აქეთ-იქით მოგზაურობის გამო, ნუცას ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. ეს ინტერვალები თავისებურად მოქმედებდა. ამიტომ ახლად შეძენელი მეგობრები მისთვის უძვირფასესი გახდა.
“არ მომწონს თბილისური დოგმით გამოწვეული, ჯგუფებად და კლანებად დაყოფილი საზოგადოება. ამ მხრივ ამერიკამ გადამარჩინა”. არადა, ყველაზე მეტად მაინც თბილისი უყვარს. აქედან ვერსად წავალო, _ ასე ამბობს.
ამერიკაში სწავლის გაგრძელებას ისევ პირადი ცხოვრება არჩია. არ უსმენდა რჩევებს აგენტის პოვნის და ამერიკაში დაბრუნების შესახებ. რადგან სიყვარული გაჩნდა, ამერიკამ აქტუალობა დაკარგა, მაგრამ ეს გაორება გამუდმებით იჩენს ხოლმე თავს, თანაც ისეთი სიძლიერით, რომ თავს კარგავ.
დაიწყო ისევ იგივე: აქ ვიყო, თუ იქ? “ბოლოს მივხვდი, ეს ქვეყნების ბრალი სულაც არ არის. თუ მშვიდად არ ხარ, ეს პირველ რიგში შენი ბრალია.”
ნუცა ისევ ამერიკაში გაემგზავრა, დედასთან. დეპრესიამ შეიპყრო, დათრგუნული იყო: ~ვერ ვხვდებოდი ვინ ვიყავი, ვხედავდი დიდ შავ სივრცეს, სადაც ნათელი პერსპექტივა არ ჩანდა. ვიწექი ლოგინში. ცოტას ვლაპარაკობდი და უეცრად, ერთ დღესაც, დილის რვა საათზე რეკავს ტელეფონი. ეს კასტინგების აგენტი _ სუზი ფიგისი იყო, რომელიც ლონდონიდან გვეხმიანებოდა. რეჟისორი ნილ ჯორდანი ახალი ფილმისთვის გოგონას ეძებდა~.
“27 დაკარგული კოცნა” მას პარიზში უნახავს და ნუცასთან შეხვედრა სურდა.
~გაოგნებულებმა ინტერნეტში ნილ ჯორდანის ძებნა დავიწყეთ. დაუჯერებელია, მისი ყველა ფილმი ნანახი გვაქვს. შესანიშნავი რეჟისორია!
ისევ კინომ მიშველა~.
თღY END ღEMEMBEღ თHIშ NAME
“ ჩოოკ-ინ-აზა”

ლონდონის სასტუმროს ფოიეში ნუცა ნილ ჯორდანს შეხვდა. თბილისური დეპრესიული იერი, ავარიის შედეგად თვალთან მიღებული ნაიარევი, შავად შეღებილი თმა _ ასე გამოიყურებოდა ქართველი გოგონა, რომელსაც დიდი რეჟისორი ტექსტს აკითხებდა. რეპეტიციის დასრულების შემდეგ ნუცა ნომერში ავიდა, სადაც კვლავინდებურად გაისმა სატელეფონო ზარი და ნუცა ისევ ფოიეში იხმეს. ჩაურთეს მუსიკა და აცეკვეს. ამის შემდეგ შუქზე გაიყვანეს და ნაიარევს დააკვირდნენ, _ ალბათ გაქრობას მოვახერხებთ. მერე ახალგაზრდა მსახიობს მადლობა გადაუხადეს და გამოეთხოვნენ.
ნუცა ატლანტაში დაბრუნდა, სადაც ძალიან მალე ისევ შეეხმიანა ფილმის დირექტორი და აუწყა: როლზე დამტკიცებული ხართ. მარტში ნიცაში ჩამობრძანდებით გადაღებებზე. რადგან ნუცა არასრულწლოვანი იყო, ჰონორარს დედამისს უთანხმებდნენ:
_ თქვენი შვილის ჰონორარი 10 ათასი დოლარია…
ნუცას დედამ აღფრთოვანება ვერ მოასწრო, რომ აგენტმა უეცრად დააყოლა:
_ 10 ათასი დოლარი კვირაში… კვირაში.
ნუცა ახალ ზღაპულ სამყაროში აღმოჩნდა: მაისი, სასტუმრო ზღვის ხედით, ბევრი ფული: “სასწრაფოდ უამრავი ტანსაცმელი ვიყიდე, რაც დღემდე შემომრჩა. დედაჩემი, ჩემი და და მეგობრები ჩავიყვანე, ლონდონიდან ჩემი მეგობარი, თეონა ჩამოდიოდა ხოლმე. რაც მთავარია, ჩემი პარტნიორი ნიკ ნოლტი იყო.”
გადასაღებ მოედანზე ნუცა ყველას დაუმეგობრდა. ამ მხრივ მან სტერეოტიპები დაანგრია. ~იქ მსახიობი ისეთ სიმაღლეზე აჰყავთ, რომ თავში აზრად არავის მოუვა მძღოლებთან და გამნათებლებთან მეგობრობა~. ნუცა გამონაკლისი იყო, ზემოდან არავის უყურებდა. გამუდმებით საქართველოზე უამბობდა მათ. გამოცდილი, კინოინდუსტრიაში დაბერებული ადამიანები პირდაღებულები უსმენდნენ 17 წლის გოგონას, რომელიც გადასაღებ მოედანს არ სცილდებოდა მაშინაც კი, როცა მისი გადაღების დღე არ იყო, ყოველ დილით, მაღვიძარას ზარის დარეკვამდე ათი წუთით ადრე ეღვიძებოდა.
“როლი გამიადვილდა, რადგან ნილ ჯორდანი ყოველთვის ზუსტ შენიშვნებს მაძლევდა, მეორეს მხრივ კი ნიკ ნოლტი მეხმარებოდა, საუკეთესო თაობის ჰოლივუდელი. ახლანდელ ჰოლივუდში ხომ ნამდვილი კრიზისია _ ჰოლივუდი ერთ დიდ ფაბრიკად იქცა, სადაც კონვეირული წესით ამზადებენ პროდუქციას.”
~მე და ნუცა ერთ დონეზე ვართ~, _ ამბობდა ნიკ ნოლტი, მიუხედავად იმისა, რომ ის სახელგანთქმული მსახიობი იყო. ნიკ ნოლტმა ნუცას თავისი აგენტი გააცნო და შემდგომ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
გადაღების ბოლო დღე იყო. ნუცას სცენები ამ დროისთვის უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ მაინც გადასაღებ მოედანზე ტრიალებდა.
დარჩენილი სცენა, რომელშიც ნიკ ნოლტი მონაწილეობდა, უაზროდ გაიწელა. რაღაცა აკლია კადრს _ ფიქრობდა ნიკიც და ნილიც და უეცრად, ორივე ხვდება, რომ ამ კადრში ნუცას აუცილებლობაა. სასწრაფოდ ჩააცვეს, გრიმი გაუკეთეს და გადაიღეს.
“კარგი ქურდის” გადაღებები დასრულდა. ღამე ბანკეტი იყო. ტელეფონის ნომრები იცვლებოდა: ჩეკი კარიო, რალფ ფაინსი, კუსტურიცა, ნიკ ნოლტი… და კიდევ უამრავ შესანიშნავ ადამიანს უნდა გამოთხოვებოდა ზღაპარში მოხვედრილი ქართველი მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ ინტერვიუში იტყვის: Iმ სტილლ ინ სჰოცკ ტჰატ Iმ ჰერე.
თბილისიდან ჩამოტანილი სუვენირები: ხმლები, ქუდები,სამაჯურები, სამახსოვროდ დაურიგდა გადამღებ ჯგუფს, რადგან დამთავრდა კინოს გადაღება და ერთი დიდი ოჯახი უნდა დაშლილიყო; რადგან შეიძლება ვეღარასოდეს ნახო ადამიანები, რომლებთან შეხვედრამაც დაგარწმუნა, რომ როცა კინოს იღებ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან ხარ, ან ვინ ხარ.
ვიდრე კვლავინდებურად გამიჯნურებული, საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში საკუთარი მანქანით დასეირნობდა, პრესა სტატიებით აჭრელდა _ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან მოვლენილი ნუცა: ვინ არის ეს გამხდარი, პატარა გოგონა, _ სექსუალური ხმით და სამხრეთული აქცენტის გარეშე? ჯულიანა მურისა და მერილ სტრიპის ფანი, თვლის რომ ჯო კასავეტესი საუკეთესო რეჟისორია. ნუცას კეთილი ძაღლის თვალები და შერონ სთოუნის ხმა აქვს… ამერიკაში მხოლოდ ლოს ანჯელესი უყვარს და საკუთარი ქვეყნის მიმართ მძაფრი განცდა გააჩნია.
ამ დროისთვის ნუცას კვლავინდებურად არჩევანის გაკეთება უწევს: ამერიკაში სწავლის გაგრძელება, თუ პირადი ცხოვრება.
“კარგი ქურდის” გახმოვანებაც დასრულდა. როლებზე შემოთავაზება არ ჩანს. არადა, ნუცას ენატრება კინო. ისევ ქაოსი დაიწყო. მოულოდნელად იღუპება მისი შეყვარებული.
ამ დღიდან ყველაფერი იცვლება. ნუცა ერთ ადგილას ზის და ვერავის და ვერაფერს ვერ ხედავს. მას კინოს სიყვარულიც დაავიწყდა. ხალხთან, მათ შორის ფედონთან კავშირიც გაწყვიტა.

სადილად ჯერემი აირონსთან

იტალიაში მცხოვრებმა ხორვატმა რეჟისორმა ნინა მიმიცამ, რომელიც იტალიელების დაფინანსებით პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად ემზადებოდა, ოპერატორობა ფედონს შესთავაზა და შესაბამისად, სცენარიც მიაწოდა. ოპერატორი სცენარს თვითმფრინავში გაეცნო და მაშინვე ნინას დაუკავშირდა:
_ მთავარი როლის შემსრულებელი _ მატილდა უკვე ნაპოვნი გყავს?
_ არა, და ახლაც მის ძებნაში ვარ.
_ მე ვიცნობ ამ გოგოს, _ უპასუხა ფედონმა.
ნუცას დათანხმება რთული იყო, რადგან ღრმა დეპრესიაში მყოფს გადაღებების თავი არ ჰქონდა. ახლობლების დაჟინებული თხოვნის და რჩევის შედეგად, ნუცა საბოლოოდ დათანხმდა. ახლა უკვე გამოცდილი მსახიობი ჩასვლისთანავე მატილდას როლზე დაამტკიცეს. პარტნიორებით გათამამებული, ამჯერადაც ლეგენდარული ჯერემი აირონსის გვერდით აღმოჩნდა.
ფილმში მოქმედება ბალკანეთის ომის ფონზე ვითარდება. ნუცასთვის როლი რთული ასათვისებელი არ ყოფილა, ამას შინაგანი განწყობაც უწყობდა ხელს: “მარტოობის საშინელი განცდა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფედონი იქ იყო _ ძვირფასი მეგობარი, რომელსაც გადასაღებ მოედანზე უკვე მეორედ ვხვდებოდი. კამერის წინ რომ ვდგებოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი.”
ეს ის დრო იყო, როცა ნუცამ ცხოვრებაზე წარმოდგენა შეიცვალა და უფრო ფრთხილი გახდა. ამ სამი თვის მანძილზე ნუცა მოვლენებზე დაკვირვებას მიეჩვია, შორიდან უყურებდა და ისე აფასებდა. ეს ერთგვარი გამოფხიზლების პერიოდი იყო. ცუდად ყოფნას სხვებიც ატყობდნენ.
ერთ საღამოს ჯერემი აირონსმა პარტნიორი სადილზე დაპატიჟა. დასხდნენ. საუბარს ინტერვიუს სახე მიეცა: “კითხვებს მისვამდა: ვინ ხარ? როგორ ცხოვრობ? რას ფიქრობ? და უეცრად გავიხსენი და ყველაფერი, რაც მაწუხებდა, მტკიოდა და ვფიქრობდი, სრულიად უცხოს, ჯერემი აირონსს ვუამბე. როლში შევიჭერი და ხელებით, აჟიტირებული ვესაუბრებოდი. თავად ეს ინგლისელი ინტელექტუალი თევზს მიირთმევდა და თავს დინჯად მიქნევდა: “Yეს… I კნოწ წჰატ ყოუ მეან”.
მე და ჯერემიმ ერთმანეთს გავუგეთ. შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებული ინგლისელია და საერთოდ არ ჰგავს თუნდაც ნიკ ნოლტს, რომელიც ტიპური ჰიპია.”
ამ ხალხისგან ნუცა ცხოვრებას სწავლობდა. ეცნობოდა გარემოს, სადაც მათი მსოფლმხედველობა ყალიბდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ნუცასთვის გაუგებარ თემებზე ლაპარაკობდნენ, ეს ცოცხალი ლეგენდები მაინც ჩვეულებრივი და შესანიშნავი ადამიანები არიან.
ნუცას ქალაქი

ცოტა ხნით ატლანტაში ჩასულს, ქუჩაში მოულონელად უცნობები შემოეხვივნენ. ნუცა დააკვირდა და ის კლასელები ამოიცნო, მთელი ბავშვობა რომ კოშმარად უქციეს. ახლა კი მათ წინ იდგა ცნობილი მსახიობი, რომელიც თურმე არ იტყუებოდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრების ტიპური სცენარი, ნუცას შემთხვევაშიც განხორციელდა, თუმცა, მას კლასელებისთვის სამაგიერო არ გადაუხდია, რადგან ნუცას და მასთან ერთად ნიკ ნოლტს და ნილ ჯორდანს, “კარგი ქურდის” თბილისურ პრემიერაზე თავისი ქალაქი ელოდებოდა.
ერთ დროს გადასაღებ მოედანზე საქართველოს შესახებ მოსმენილმა ამბებმა მოლოდინს გადააჭარბა. ღირსშესანიშნაობები და პიკნიკები ქალაქგარეთ, საჩუქრების უზომო რაოდენობა, სითბო და გადაჭარბებული ემოციების გამოხატვა. თბილისი ნიკ ნოლტის საყვარელ ქალაქად იქცა.
ნუცა იმიჯს უფრთხილდება. ფიქრობს, რომ გამუდმებით ტელევიზიით გამოჩენა ცნობილ ადამიანს იდუმალებას ართმევს: “ყველამ იცის ბრიტნი სპირსის საცვლების ამბავი, მაგრამ მერილ სტრიპი საკუთარ თავზე არასოდეს საუბრობს, ამას მისი ფილმებით ისედაც ხვდები.”
თბილისში ყოფნის პერიოდში ნუცამ კიდევ ერთ ფილმში ითამაშა. ეს იყო ლევან თუთბერიძის “მოგზაურობა ყარაბახში”: ~პატარა როლია, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი. ზოგჯერ მაყურებელს ის ერთი წამი ამახსოვრდება ხოლმე მთელი ცხოვრების მანძილზე.”
მერე ისევ ამერიკა, _ ეს დაუსრულებელი გაორება. მერე ისევ თბილისი: მე მივხვდი, რომ რაღაც პერიოდი აქ ცხოვრება მჭირდება, ჩემიანები… ვიცი, რომ აქ ცხოვრება ყველაზე ძნელია, მაგრამ თუ შემიძლია რაიმე სასიკეთო გავაკეთო ჩემი ქვეყანისთვის, მაშინ აქ ვიქნები, ვერსად გადავიხვეწები. სადაც არ ჩავედი, მე და ჩემი ქვეყანა ხელჩაკიდებულები ვიყავით და ყველას ვაცნობდი, _ გაიცანით ეს ჩემი ქვეყანაა~.
“Gირლ წიტჰ პერფეცტ, სეხილყ აცცენტედ Eნგლისჰ” ბოლოს ჩიკაგოს სტუმრობდა, სადაც რეჟისორ ბრიუს ტერისის ფილმში “ბინძური სამუშაო” იღებდა მონაწილეობას . ეს დაბალბიუჯეტიანი ფილმია DV-ცამ-ზე.
“ყველა ფილმს თავისი განწყობა აქვს და როლსაც აქედან გამომდინარე ქმნი~.
საუკეთესო პარტნიორად და მეგობრად ნიკ ნოლტს ასახელებს, ოცნებობს შონ პენის გაცნობაზე. ყველაზე მეტად კი ლევან აბაშიძე ენატრება: “მინდა მხედავდეს. ჩემთვის ლევანი სიმბოლოა.”

გპირდები

~ამ ეტაპზე არაფერს ვნანობ. იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ ჩემი შინაგანი ზნეობისთვის არასოდეს მიღალატია.
გული მწყდება, რომ კარგად ვერ გავუფრთხილდი ძვირფას ადამიანებს, მაგრამ ღმერთს ერთი დღეც არ მივუტოვებივარ.
მთავარი ჩემთვის სიყვარულია, სიყვარული ადამიანებს შორის.
ვსწავლობ შეცდომებზე.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიცი, რა მინდა.
ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ასე რომ არ იყოს, სამუდამოდ გადავიხვეწებოდი იქ, სადაც ადვილია ცხოვრება.
ხშირად ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ სიტუაცია გამოუვალი მგონია ხოლმე. ამას წინათ, ერთ-ერთი ასეთი ~ჩავარდნის~ დროს დაწერილი წერილი ვიპოვნე, რომელსაც მეგობარს ვწერდი. ამ წერილში მას რაღაცეებს ვპირდებოდი: გპირდები, რომ ვიმოგზაურებ ქვეყნებში; გპირდები, რომ ფანტასტიურ კონცერტებს დავესწრები; გპირდები, რომ გავიცნობ საუკეთესო ადამიანებს; გპირდები, სიკეთეს გავაკეთებ, არავის ვაწყენინებ, სულ მეყვარება… წერილი სავსე იყო დაპირებებით. ვისაც მივწერე, ის დაიღუპა, მე კი აღმოვაჩინე, რომ დაპირებულიდან ძალიან ცოტა რამ ავასრულე… სულ ცუდ ხასიათზე ვარ.
მერე მივხვდი _ მინდა თუ არა, არ ვარ მარტო. ამიტომ არ მაქვს უფლება, სამყაროში არსებულ სიბნელეს თავი დავაჩაგვრინო. ასეთ შემთხვევაში ხომ უფრო გამიადვილდება ცხოვრება.
მე არ ვარ გამორჩეული. თუ კარგად ვარ, მინდა გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდეს და ბედნიერებას ვუნაწილებდე.
საკუთარ თავს ჩემს ქვეყანასთან ვაიგივებ. ამიტომ, რასაც ერთს ვპირდები, მეორეზეც ვრცელდება. ვპირდები, რომ არასოდეს ვუღალატებ ჩემს მრწამსს. სულ ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ.
როგორი ვარ და… მე ჩემს თავს შენობით ვესაუბრები!~

ხმა, რომელიც ექვსი წლის წინ ნანა ჯორჯაძის ტელეფონის ყურმილში გაისმა _ “მე ნუცა კუხიანიძე ვარ, როლისთვის გოგოს კიდევ ეძებთ?” _ იყო უჩვეულოდ ბოხი. რამდენიმე წლის შემდეგ ერთერთმა ამერიკულმა ჟურნალმა ეს ხმა შერონ სთოუნისას მიამსგავსა. დღეს კი ნუცას ინგლისური სამხრეთული აქცენტის გარეშე _ მთელს ჰოლივუდში ისმის და გამუდმებით იმეორებს:
“მე ლევან აბაშიძეს დავპირდი, რომ მსახიობი გავხდებოდი.”

ავტორი: ნენე კვინიკაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s