სალვატორე კოკუცა

ჩემგან მარჯვნივ გიო ახვლედიანი ზის, მარცხნივ _ კახა ბუაჩიძე და ეს, ჩვენი სტუდენტობის დროინდელი აქციაა უნივერსიტეტის ბაღში. ერთ დღეს, აი ასე, დიდი ქუდები დავიხურეთ და მაშინდელი რეჟიმის მიმართ ჩვენი მოკრძალებული პროტესტი გამოვხატეთ. თუმცა, პროტესტის ასეთ ფორმას მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, მანამდეც, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მივმართეთ, მაგრამ სკოლის დროინდელი ფოტო ასეთი, აეროდრომის ტიპის ქუდებში, არ გაგვაჩნია. ~აეროდრომი~ ასეთ ქუდებს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაარქვეს. სინამდვილეში მათი ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და მაშინდელ თბილისსა თუ ქუთაისში ამ ქუდებს სულ სხვა სახელს უწოდებდნენ. საბჭოთა პერიოდში კი (სამოციანი წლების შემდგომ), ქართველის სტერეოტიპი (კინემატოგრაფიის გავლენით) სწორედ ამ ქუდთან იყო ასოცირებული. ასეთი ქართველი რუსულ ქალაქში ან გამყიდველად მუშაობდა, ან მწვადებს წვავდა, მაგრამ ცოტა მოდებილო იყო და აუცილებლად კეთილი. ქართველები იმ რუსულ (არა მარტო რუსულ), საბჭოთა ფილმებში, ძირითადად, დადებითი პერსონაჟები იყვნენ და (ამ მხრივ) მათთან შედავება ძნელი იყო, მაგრამ ძაღლის თავიც სწორედ მანდ იყო დამარხული, რადგან ის დადებითი ქართველები მხოლოდ წვრილი ვაჭრები იყვნენ, ან ყვავილებს ჰყიდნენ, ან ქაბაბს ამზადებდნენ რუსეთის პროვინციულ ქალაქებში. რაც შეეხება სიდებილეს, ამას იმდენად ოსტატურად აკეთებდნენ საბჭოთა რეჟისორები, რომ შეკამათების შემთხვევაში საკმაოდ იოლად დაამტკიცებდნენ, რომ ამ მოდებილო ქართველში გულისხმობდნენ ჩვენი ხასიათის პოეტურობასა და რომანტიზმს. თუმცა, დაკვირვებული თვალი (ჩვენ კი სხვა რა საქმე გვქონდა), მაინც ადვილად შეამჩნევდა მორიგ საბჭოულ მზაკვრობას და ეს პროპაგანდა იმდენად მუხანათური იყო, რომ არა მხოლოდ სხვა საბჭოთა ხალხებმა, ჩვენც კინაღამ დავივიწყეთ, რომ უძველესი და უმდიდრესი კულტურისა და ცივილიზაციის მემკვიდრეები ვიყავით…
თვითონ ამ ქუდების ისტორიაც რუსულ, ოღონდ სხვა მზაკვრობას უკავშირდება, რომელიც 1871 წელს დაიწყო, როცა რუსებმა თბილისში იტალიური ოპერის შენობა დაწვეს. ჯერ ააშენეს (ახლანდელი თავისუფლების მოედანზე), მერე კი გასაგები მიზეზების გამო, თვითონვე დაწვეს და იტალიური დასი უმუშევარი დარჩა. განსაკუთრებით ოპერის ქალ მომღერლებს გაუჭირდათ, რადგან მიუხედავად ოპერის პოპულარობისა მაშინდელს თბილისში, როგორც (დღემდე შემონახული) მათი საჩივრებიდან ირკვევა, სცენაზე მდგარ ქალს იმდროინდელ საქართველოში იდეალური რეპუტაცია მაინც არ ჰქონდა და სხვაგან დასაქმება, როგორც ჩანს, მათთვის ძნელი უნდა ყოფილიყო (აღარაფერს ვამბობ აქვე, საქართველოში გათხოვებაზე). რაც შეეხება იტალიელ კაცებს, მხოლოდ რამდენიმე მომღერალი დაბრუნდა უკან, იტალიაში. დასის ძირითადი ნაწილი კი თბილისში დარჩა. ისინი თითქმის ოცი წლის მანძილზე უკვე აქ ცხოვრობდნენ და თანაც ახალი ოპერის აშენების იმედს მაინც არ კარგავდნენ. ახალი ოპერის შენობა მართლაც ააშენეს, მაგრამ მხოლოდ რუსული რეპერტუარისა და რუსული დასისათვის და იტალიელებიც იძულებულები გახდნენ, სხვა საქმისათვის მოეკიდათ ხელი. მათ შორის იყო ტენორი სალვატორე კოკუცა, წარმოშობით სიცილიელი, რომელმაც მამის ხელობა გაიხსენა და ახლანდელი თამარ მეფის გამზირზე სიცილიური ქუდების ატელიე გახსნა. მაშინ იქ ძირითადად გერმანელები ცხოვრობდნენ და სალვატორე კოკუცა ფიქრობდა, რომ გერმანელები უფრო იქნებოდნენ მისი პოტენციური კლიენტები, ვიდრე ქართველები. მაგრამ სიცილიელი ტენორი (მაშინ უკვე ყოფილი ტენორი) შეცდა, რადგან კოკუცას ქუდებისადმი განსაკუთრებული ინტერესი ქართველებმა უფრო გამოიჩინეს. სიცილიელიც არ დაიბნა და რადგან ქუთაისი (მაშინ) უფრო ქართული ქალაქი იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თბილისში ქართველები ცოტანი ცხოვრობდნენ, სალვატორე კოკუცამ თავისი ქუდების ატელიე ქუთაისშიც გახსნა. იმერლებმა იმერული ტემპით (როგორც ეს ხდება ხოლმე) აიტაცეს სიცილიური სიახლე და კოკუცას ქუდები იმერული სისწრაფით გავრცელდა დასავლეთ საქართველოში. (სხვათა შორის, გამოთქმა “კოკუცა ქუდი ეხურაო” ბოლო დრომდე არსებობდა ჩვენში და მგონი ახლაც არსებობს).
თუმცა მოდის ერთი უცნაური თვისების გამო, ეს ქუდები საქართველოში დროებით გაქრა, მაგრამ მხოლოდ დროებით _ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეს მოდა (იმ უცნაური თვისების გამო) ისევ დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად აღარავის ახსოვდა, რომ ამ ქუდების ისტორია სინამდვილეში სიცილიელი ტენორის, სალვატორე კოკუცას სახელს უკავშირდება და არა რომელიმე ქუთაისელი ან თბილისელი მექუდის ხსოვნას.
მაშინ, უნივერსიტეტის ბაღში, იმ სხვა სტუდენტების გაკვირვებული სახეებიც მახსოვს, ვისაც უკვე სულ სხვა თაობა ერქვა და სულ სხვა ქუდები ეხურათ. ჩვენ ჩვენი (სახლებში მოძიებული, უკვე ჩამოწერილი) ქუდები მოვირგეთ და პირველ კორპუსთან ჩამოვსხედით. ვისხედით მანამ, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა აქციამ არ გაამართლა და იპოდრომის მიმართულებით, “ისინდში” გადავინაცვლეთ. “ისინდში” მაშინდელს სახელოვან სახინკლეში კი აღარავინ იუცხოვა არც ჩვენი ქუდები, არც ჩვენი გეგმები და ოცნებები: კახა ბუაჩიძემ თქვა, _ უნივერსიტეტს რომ დავამთავრებთ, თუშეთში წავიდეთ საცხოვრებლადო. მაგრამ ეს იყო მაშინ, ჩვენი სტუდენტობის დროს. ახლა კი, ალბათ ნებისმიერ სახინკლეშიც გაუკვირდებათ კლიენტები სალვატორე კოკუცას სიცილიური ქუდებით.
თუმცა, ეს ქუდები, ალბათ მაინც დაბრუნდებიან…

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s