ნატა + ნიკა

1987 წელია, ზაფხული. ასზე მეტი გოგო-ბიჭი ახალგაზრდული ღიმილითა და სახის უცნაური მიმიკით, ხან ერთმანეთს ეტმასნება, ხანაც განმარტოვებულები ჩურჩულებენ. ხან არის ტანგო, ზოგჯერ აჟიტირებული შეძახილი, უფრო ხშირად სიმღერა, _ ერთი სიტყვით, თეატრალური ინსტიტუტის მისაღები გამოცდები.
სახასიათო გარეგნობის გოგონა, მინაზე გამოკრული ტურების განრიგს ათვალიერებს. და უეცრად, 80-იანების თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მოტოციკლეტი გამოჩნდა. ეს ის დროა, ~ჰარლეი დევიდსონი~ მხოლოდ მეზობლის ჟურნალში რომ გაქვს ნანახი, და მეზობელსაც ახლობელმა რომ ათხოვა.
მოტოციკლეტმა სიჩქარეს უკლო და ინსტიტუტთან გაჩერდა. გადმოდის ბიჭი, გამონაბოლქვისაგან თავიდან ბოლომდე შავი, _ ალბათ, მთელი სეზონი მოტოციკლეტზე გაატარა. გამოკრულ საგამოცდო გრაფიკს უახლოვდება და დინჯად იწყებს კითხვას.
იმ წუთიდან სულ რაღაც 24 საათში მათი ისტორიაც დაიწყო. ნატა და ნიკა.
მეორე დღეა. პირველი ტურისთვის თავშეყრილ აბიტურიენტებს შორის ისიც გამოჩნდა, ამჯერად სუფთა და მოწესრიგებული.
ყველას ინდივიდუალური ეტიუდი ჰქონდა გასათამაშებელი, მათ _ საერთო. კოსტიუმებს თვითონ იგონებდნენ. ნიკა გველი უნდა ყოფილიყო, ამიტომ შავი სამოსის ასაჭრელებლად კედლის ცარცის გამოყენება სცადეს. ყველა ჩართული იყო ამ პროცესში, მაგრამ გველის იმიჯის შექმნაში განსაკუთრებული აქტიურობით ის უცნაური გოგონა გამოირჩეოდა, რომელსაც კურდღლის როლი ერგო და გველისთვის უნდა გაეწია პარტნიორობა.
ერთობლივი ეტიუდი გველისა და კურდღლის გათამაშებით, დრამატული ფინალის ნაცვლად, Hაპპყ Eნდ ით დასრულდა. ნიკამ ნატას ყვავილი მიართვა და როლში შეჭრილები, ხტუნვა-ხტუნვით გაუყვნენ ცენტრალურ ქუჩას. თავიდან თავბრუს ხვევას ჰგავს… თეატრალურ ინსტიტუტში ასე ხდება ხოლმე, რეპეტიციების და გართობის დელიკატური ბალანსი, ქაოსის ქორეოგრაფია და აქამდე უხილავთან ზიარება. აქ ალერგიაც კი “ეგზოტიკური” იცის _ სცენის მტვერისგან გამოწვეული.
მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. მეგობრობა დილიდან ღამემდე, _ თეატრალურში სულ რაღაც რამდენიმე ლექსსა და სიმღერაში ისე შემოგეპარება საღამო, რომ ვეღარაფერს ასწრებ. მეორე დღეს ისევ იგივე. აქ ერთმანეთის ამოცნობა ხდება, ინტერესთა გაზიარება უფრო ახლობელს ხდის მეორე ადამიანს. ხელიდან ხელში გადადის ერთი აჩემებული წიგნი და, რაც უფრო უცნაურია შენი ჩაცმის სტილი, მით უფრო ფასობს შენი ინდივიდუალიზმი.
18 თებერვალია. ნატას დაბადების დღე. დილით დედა აღვიძებს და ეუბნება: ნატა ჩქარა გაიხედე, გარეთ რა ხდებაო. ნატა ლოგინიდან წამოხტა და ხედავს _ თხილამურის ორ ჯოხზე გაჭიმულია ზეწარი, რომელზეც წითელი საღებავით წერია “გილოცავ” და პატარა მინდვრის ყვავილები აქა-იქ არის მიმოფანტული.
საღამოს სტუმრები მოვიდნენ. “მე მინდა, რომ სიურპრიზის ავტორი ნიკა იყოს, მაგრამ არავინ ტყდება, არც მინიშნებას იძლევა. ბოლოს მე თვითონ მივედი და ვეკითხები ნიკას: ვინ გააკეთა? “არ ვიცი”, _ მპასუხობს მშრალად. გავბრაზდი. თუ ნიკას არ გაუკეთებია, არანაკლებ საინტერესოა მომხდარზე მისი რეაქციაც : ნეტა თუ იეჭვიანებს?
იქნებ იმან მომიწყო? იქნებ ამან? და დავიწყე ბიჭების ჩამოთვლა. ამით ისე გამწარდა, რომ აღიარა: ოღონდ თავი დამანებე, მე გავაკეთეო. ღამით გვიან თავისივე ზეწარი, რომელზეც იწვა, აუღია და ჩუმად გაუკეთებია წარწერა”.
სიყვარულისთვის სახელის დარქმევას უცხო კაცი დასჭირდა. მათ შემთხვევაში ეს მართლაც უცხოელი იყო. იმ დროისთვის უცხოელის ქუჩაში ხილვა, უცხოპლანეტელის გამოჩენას უდრიდა. ამიტომ, სრულიად მიზანმიმართულად, სტუდენტებთან დასაახლოვებლად სპეციალურად იწვევდნენ ხოლმე საზღვარს მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს.
ერთობლივი სეირნობები, გართობა და საუბრები არჩეულ პროფესიებზე. იმ დღესაც ასე იყო, როდესაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ახლად დამეგობრებულ წყვილს ჰკითხა _ თქვენ შეყვარებულები ხართ? _ დიახ, _ უპასუხა ბიჭმა. გოგონა მოულოდნელობისაგან ადგილზე გაშეშდა.
გაცნობიდან ერთი წლის თავზე, ნატა მურვანიძემ და ნიკა თავაძემ იქორწინეს. ქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ პრობლემები გაჩნდა. ნატა ბავშვს ელოდებოდა და ტოქსიკოზი აღმოაჩნდა. საქორწინო მოგზაურობა ყველაზე ცუდ მოგონებად იქცა.
ამასობაში თეატრალურში ბიუხნერის “ბოიცეკი” იდგმებოდა. ნატას ფეხმძიმობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ამიტომ მასაც, სხვების მსგავსად, ერგო როლი – მას მარია უნდა განესახიერებინა. ერთ მიზანსცენაში ნატა მაგიდაზე უნდა შემხტარიყო. ნახტომი გააკეთა და მოულოდნელად პედაგოგმა შეჰკივლა:

  • კი მარა, მე რაღაც მითხრეს.
  • რა? _ უტიფრად ჩაეძია ნატა.
  • რომ მთლად კარგად ვერ ხარ…
  • რა, ავად ვარ?
  • არა…
  • არ ვარ ავად!
    ამით გამოვაცხადე, რომ მუშაობა შემიძლია და ვთამაშობდი კიდეც.
    ზაფხულისთვის ჯგუფი მიმოიფანტა. ტოქსიკოზმა გაიარა და ორივენი ბავშზე ფიქრით ირთობდა თავს. შესანიშნავი პერიოდი დადგა. ნატას მუცელი დაეტყო.
    იმ წელს 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, ამიტომ სწავლა სექტემბრის მაგივრად, პირველ ოქტომბერს დაიწყო. ნიკუშა ინსტიტუტში მივიდა და მამა ვარო განაცხადა.
    “სხვისი ბავშვები სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ჩემი რომ მეჭირა, ცოტა უცნაური იყო. ბედნიერებას ვგრძნობდი, თუმცა მაინც პატარა ვიყავი.”
    ამას ნატას და ნუკუშას პოზიციებისთვის ბრძოლა მოჰყვა: ვინ აბანავებდა პირველი, ვინ უკეთ გამოუცვლიდა. ნიკუშა იტყოდა: მე მთელი ცხოვრება ბავშვებს ვაბანავებდი, ნატა წიგნებიდან ამოკითხული ფრაზებით პასუხობდა. “იმის მაგივრად, რომ მოვდუნებულიყავით და ბედნიერებით ტკბობა შეგვეგრძნო, ერთმანეთს ვჭამდით: დედა უფრო კარგია, თუ მამა?!”
    იმ პერიოდში ნატასთან ცხოვრობდნენ. რადგან პატარა ჰყავდათ, მშობლები ეხმარებოდნენ. ახალ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. “სულ ვფიქრობ, ცალკე რომ გვეცხოვრა, ასეთი დრამატული სურათი არ იქნებოდა. ბავშვის აღზრდაში ჩვენი მშობლების ჩარევაც კი გაღიზიანებას იწვევდა. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი პრობლემები, რაც ყველგან ჩნდება, სადაც ეს დროზე ადრე ხდება.” ნიკუშა თავის სახლში გადავიდა. ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ცუდად ვგრძნობთ თავს. ერთ ჯგუფში ვსწავლობთ, ყოველდღე გვიწევს შეხვედრა. ვჯიუტობთ: თვითონ გადადგას პირველი ნაბიჯი! მე როტომ უნდა დავურეკო? და ასე შემდეგ. ასეთ დროს მშვიდობის მტრედი გამოჩნდება ხოლმე, რომელსაც კარგი ამბები დააქვს აქეთ-იქით. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, და შედეგიც გამოიღო, რადგან შერიგების იმედი გააღვივა. მე ყოველთვის ნიკასგან ველოდებოდი პირველ ნაბიჯს, ჩემგან ეს ფლირტის დონეზე ხდებოდა, პროვოცირებას მე ვახდენდი, მაგრამ გადაწყვეტილებას ის იღებდა. ამ მხრივ სუსტი ვარ.”
    როცა ურთიერთობა აირია, ნიკამ ნატას ნახატი გამოუგზავნა, სადაც ადამიანებიც და სამყაროც, რომელშიც ცხოვრობდნენ, ზუსტად იყო ასახული _ უსიტყვოდ ითქვა მთავარი.
    რაღაც მოხდა, აფეთქდა, _ “ელექტრონები…” “надо жить”.

PAUშE

ნატას ათასებში გამოარჩევ _ სადად იცვამს: კედები, ფართხუნა შარვალი, განიერი ქურთუკი (”მთავარია არ შემცივდეს, ან არ დამცხეს”), ნაწნავი და რაღა თქმა უნდა, სახე _ კოსმეტიკის გარეშე.
ჩაცმისთვის დროს არ კარგავს, თუმცაღა, სხვისი მრავალფეროვანი მორთულობა ძალიან მოსწონს. “ახალგაზრდას ყველაფერი უხდება, ასაკში კი უამრავი დრო გჭირდება უკან დასაბრუნებლად.”
ნატას საუცხოო აღნაგობამ, დამახასიათებელმა სიარულის მანერამ, მეტყველმა ნაკვთებმა შეუძლებელია ინტერესი არ აღძრას.
ოღონდ კომპლიმენტი არა! ნატა არ ეკუთვნის ქალების იმ რიცხვს, რომლებსაც ცხოვრების ბოლომდე ახსოვთ ყველა ის კომპლიმენტი, რაც კი ოდესმე მიუღიათ.
რაღა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება პროფესიულ შეფასებებზე. თუ შენი შრომა ადრესატამდე მივიდა, ბედნიერი რჩები, რადგან სწორედ ამისთვის იწვალე.
ნატას არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე, დღემდე უცნაურს უწოდებს სცენაზე აღმოჩენას. “ვძერწავდი, ვხატავდი, _ უფრო თითქოს მამისკენ ვიყავი”. უკვე თხუთმეტი წლის ასაკში მამამ ნატას უთხრა _ ~ძერწავ კარგად, ხატავ ცუდად, ამიტომ, თუ აკადემიაში გინდა ჩაბარება, ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს.”
“ეს რომ სხვისი მშობლები ყოფილიყვნენ, ხომ ვიტყოდი, ნეტავი ჩემები იყვნენ-მეთქი?!” _ ასე ფიქრობდა ნატა სკოლის ასაკში, რაც შემდეგ პროფესიულ შეფასებად იქცა _ თვითკონტროლი, ობიექტის ან მოვლენის გარედან დანახვა. მშობლების ოჯახი მისთვის დღემდე იდეალურ მოდელად რჩება.
აუდიტორია თითქოს ყოველთვის ირჩევს დრამას. რაც უფრო ტრაგიკული ბედის მატარებელია ცნობილი ადამიანი, მით უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს თაყვანისმცემელზე. დამოკიდებულება სიბრალულს და სიმპათიას ერთდროულად მოიაზრებს და შენც მოგწონს “მისნაირად განვლილი ცხოვრება” _ იმედგაცრუება, ნარკოტიკებში შვების ძიება და მაინც ვაჟკაცური შემართება _ “надо жить”.
ცნობილი ადამიანების ისტორიებს რაღაც აქვთ საერთო. რა არის ეს: მარტოსულობა თუ ტრაგიკული ბედი? რა არის მათი დამაკავშირებელი ხაზი? იქნებ ეს ყველაფერი გამონაგონია?
“მე არ მყოლია მამა ლოთი, მამაჩემს დედა არასოდეს უცემია. სახლიდან არავის გამოვუგდივარ თექვსმეტი წლის ასკში, _ დღემდე ერთად ვცხოვრობთ. რაც ოჯახმა მომცა, მეც მის შესაბამისად ვაგრძელებ ცხოვრებას. იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შექმნა, სურვილია საჭირო. როცა ადამიანში სიბრალულის გრძნობას აღვივებ, სამუდამოდ ისადგურებ მის ცნობიერებაში. მე მსახიობი ვარ, ვთამაშობ, მე მაყურებელს ვაცოდებ ჩემს გმირს. ეს აპლოდისმენტის ასპროცენტიანი გარანტიაა. თუ შენ შეგეცოდა გმირი… მე არ მგონია ეს საინტერესო. პირადად მე საცოდავი ადამიანები ნაკლებად მომწონს. ეს სისუსტის გამოვლენა მგონია. ამის დათრგუნვას უფრო უნდა ცდილობდე, ვიდრე სააშკარაოზე გამოტანას.”
ამისთვის საჭიროა სიძლიერე. ქალი კოსმიურად უფრო ძლიერია, თუმცაღა გამუდმებით თავისზე ძლიერის ძიებაშია. ალბათ ამიტომაა, რომ ხშირ შემთხვევაში, ტრფობის სარეცელზეც კი ქალი მამაკაცისაგან ელის გმირს. როგორები არიან ეს გმირები?
“მე არ მგონია, რამდენიმე გმირის აუცილებლობა არსებობდეს. როცა ერთზე ხარ კონცენტრირებული, გმირიც ის არის.”
და თუ შენ თვითონ ხარ გმირი?

PLAY

პირველ გაყრას, პირველი შერიგება მოჰყვა. ამჯერად შეყვარებულების როლები აირჩიეს. ამას, მოულოდნელად, მშობლებთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად, ნიკას იერუსალიმში გამგზავრება დაემთხვა. აქცია წმინდა მიწაზე ფეხით ჩასვლას ითვალისწინებდა. ამიტომ ნიკუშა ხუთი თვით წავიდა. “ალბათ საინტერესო იყო… რადგან მერე, როდესაც თავად აღმოვჩნდი იერუსალიმში, მეც მომინდა ჩამოსვლა და ფეხით ისევ იქ დაბრუნება. თანაც მარტო.”
ხუთი თვის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა. ნიკა დაბრუნდა, ბევრი წყლით, კენჭებით, ქვიშით. მთელი უდაბნო ჩემოდანში ჩაატია. ”სახლში პატარა ისრაელი მოვაწყვეთ, ოღონდ აქედან, _ კაბადოკიიდან. ეს იყო ყველაზე ძვირფასი საჩუქრები და, თავისთავად, სხვანაირი დაბრუნება. ერთი წელი მშვიდად ვიყავით.”
“მთელი ოჯახი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. საკმაოდ რთული იყო, რადგან არ გვქონდა დასამალი ოთახი: ხომ ხდება, რომ ხანდახან მარტო, შენთვის გინდა ყოფნა. სახლში, პრინციპში, ურთიერთობა ოჯახთან გვქონდა და არა ერთმანეთთან. შეიძლება ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვკარგავდით. ურთიერთობა არ იყო სათანადოდ მყარი. ერთადერთი, რამაც იმ დროს გადამარჩინა, მთელი დატვირთვით მუშაობა იყო _ ნონსტოპი. რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუასთან დილიდან ღამემდე ვმუშაობდი. სხვა რამეზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა. ზედმეტად გამოვიფიტე.”
ისევ განშორება. ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ყველაფერი უკან დარჩა _ ოციანი წლების ვალსებიც და ბებიების პოლკებიც. აღარც ლონდონი ჰგავს დიკენსის დროინდელს და არც შენ ხარ ისეთი, როგორიც წინათ. თანდათან ირკვევა, რომ შენს გვერდით გატარებული ღამე, სულაც არ არის ჩვენი საერთო დღე, _ თუნდაც კალენდარის მიხედვით.
მე უცხო ქალაქებისკენ მიმიწევს გული.
პეტერბურგი, ლონდონი… მხოლოდ უკან დაბრუნებული ვახერხებ პერცეფციას. რეპეტიციები და გადაღებები კიდევ უფრო მისტიურ ელფერს ანიჭებს ქალაქს და ამიტომ მიჭირს მისი სრულყოფილი აღქმა. არის ოცნების ქვეყნებიც. ”ჯერ არ ვარ მზად, თუმცა, აუცილებლად წავალ იტალიაში, წავალ და იქ მოვკვდები.”
მე სულაც არ მაქვს ილუზია, რომ სხვაგან კარგად ვიქნები. ამას არც ოჯახის გამო ვამბობ და არც საქმის. არის უამრავი რაღაც, რასაც ვერ ვეგუები, მაგალითად, ჭუჭყიან ქალაქში ცხოვრებას. ვერ ვეგუები ღამის პირველ საათზე ავტომობილის სიგნალს. არა, იმიტომ კი არა, რომ ვწუხდები, _ მე ხუთ საათამდე არ მძინავს _ უბრალოდ, დამოკიდებულება მაოცებს, როცა სხვაზე არ ფიქრობენ. ”გაკრიალებულ“ გერმანიაში ჩემი ქალაქი აუცილებლად მომენატრება. თუმცა, რატომ უნდა მომინდეს წასვლა იმ ქალაქიდან, სადაც რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე მოღვაწეობენ?!
პირველი მსახიობი ქალი, რომელმაც სცენაზე გაიხადა! ეს თავის დროზე რევოლუციის ტოლფასი იყო. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ისეთი არაფერი. შხაპში ტანსაცმლით ხომ ვერ შეხვალ… თუ შეხვალ, უნდა გაამართლო კიდეც. თუ სიშიშვლე მაყურებელს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ რატომაც არა. ”მაგრამ მე არ მაქვს იდეალური სხეული. იდეალური არც არაფერი მაქვს.”
სიამოვნებას მანიჭებს პროცესი, რეპეტიცია, სანამ საშუალება გაქვს ძიების, ცვლილების მოხდენის. მერე უკვე შენი ნამუშევარი შენ აღარ გეკუთვნის. ქირურგისთვის ოპერაციის პროცესია მთავარი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ახარებს ჯანმრთელი ადამიანის ხილვა, მაგრამ მთავარი მისთვის ის არის, რომ ადამიანი ხელიდან გამოგლიჯოს სიკვდილს.
ნატა გებულობს, რომ “იავნანაში” როლზე დაამტკიცეს. ბედის ირონია თუ რაღაც ამის მსგავსი: “იავნანაში” ნიკუშასაც იღებენ. დაშორებულებს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი უნდა ეთამაშათ. “ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მთელი ოთხი წლის მანძილზე, სპექტაკლებში ან მამა-შვილს ვთამაშობდით, ან და-ძმას, და მაინდამაინც ახლა, როცა შერიგებაზე საუბარი არ არის, პირველად გვიწევს ცოლ-ქმრის თამაში. მიუხედავად ყველაფრისა, თამაში არ დაგვჭირვებია, რადგან ეს გრძნობა ჩვენში ქვეცნობირად არსებობდა, რაც ფილმსაც წაადგა. კინო ხომ ვერ იტანს გადამეტებულ თამაშს?! ქვეცნობიერად ერთად ყოფნა გვინდოდა… მაინც არ შევრიგებულვართ. ვიკრიბებოდით გადასაღებ მოედანზე, ვურთიერთობდით ადამიანურად, მაგრამ სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობდით.”
ამის შემდეგ ნატამ “ცხოვრება იდიოტისა” ითამაშა. საერთოდ, არავის ეპატიჟება ხოლმე პრემიერაზე. როცა იცის, რომ დარბაზში ახლობელი ზის, ხელი ეშლება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სცენის მეოთხე კედელზე, რომელსაც დიდ შავ ორმოდ აღიქვამ, ფანჯარა გაიღოს და იქიდან ნაცნობმა ყურება დაგიწყოს.
არ იცოდა, თუ იმ დღეს ნიკუშა ესწრებოდა სპექტაკლს. მხოლოდ გრიმის მოშორების შემდეგ, გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ ის იდგა და ელოდებოდა: @ჩამეხუტა, მომილოცა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა. მე შინ წავედი.
გვიან ღამით, ეზოში, მაღალ გისოსებზე, რომელზეც მცოცავი ეკლიანი ვარდია გაშვებული, საშინელი ბრახუნი გაისმა. შევშინდი, მაგრამ ნიკა შემრჩა, დიდი თაიგულით ხელში. მოვიდა და დარჩა. შევრიგდით… ერთი კვირით~.
ასე ხდებოდა გამუდმებით. ნატა გადაღებებზე წავიდოდა, დაბრუნებულს კი აღარ ჰყავდა ქმარი.
“პეტერბურგში გადაღებებზე ვიყავი. მოულოდნელად ციკლონი დაგვატყდა თავს, მინუს 25 გრადუსში კაბებით უნდა გვევლო. ყინვისგან კამერის ლინზები სკდებოდა. იასამნისფერი ვიყავი. ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი. აეროპორტში დედაჩემი დამხვდა. ნიკუშა რომ მოვიკითხე, მითხრა, ავად არის და თავისთან წევსო. 17 ნოემბერი იყო, კოტეს (კოტე მახარაძე) დაბადების დღე. ნიკუშას იქედან დავურეკე:

  • მე ჩამოვედი.
  • ვიცი, რო ჩამოხვედი.
  • რა ვქნათ?
  • მე ავად ვარ!
  • ხოო…
  • კაი წავედი.
    ამის მერე აღარ დამირეკავს. ასე პრინციპულობის გამო ვიქცეოდი. საპასუხო ნაბიჯს ველოდებოდი. ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მთელი რვა წლის მანძილზე შერიგების და დაშორების თაბრუდამხვევი ქაოსი იყო.
    თუმცა, რა დისტანციაზეც არ უნდა წახვიდე საყვარელი ადამიანისაგან, მაინც არის შეგრძნება, თითქოს სხვადასხვა ოთახებში ერთი საერთო კარი გაკავშირებთ. ძალიან ხშირად დგებით ამ კართან, ორივენი სახელურს ნელ-ნელა აპარებთ ხელს. გინდა გამოაღო და ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ… ფეხაკრეფით ისევ უკან ბრუნდები, რაღაც დრომდე, ხვალამდე. მერე ისევ იგივე.
    და რადგან ტრიუმფალური თაღის ორი სვეტიდან ერთი ყოველთვის სიზმარია, ამიტომ ორივე ერთდროულად აღებს კარს: “უკვე დიდები ვიყავით. ორივენი კომპრომისზე წავედით. თან ის მაგნიტიც ამუშავდა, _ სადაც არ უნდა იყო, მაინც რომ გაპოვნინებს მეორეს. ჩვენ ბევრ რაღაცას გადავაბიჯეთ, რადგან ერთად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
    დათო დოიაშვილი გოგლა ლეონიძის საღამოს აკეთებდა. საერთო მეგობრები შევიკრიბეთ. მათ შორის მეც და ნიკუშაც. ფანტასტიური პერიოდი იყო, ვიცინოდით, ვერთობოდით. თან ისე მოხდა, რომ მანმადე ყველას რთული სამუშაო ჰქონდა, და აქ თითქოს განტვირთვას ვახერხებდით. ზაფხული იყო. გოგა გველესიანმა გადაწყვიტა, რომ ყველანი ერთად წავსულიყავით ხარაგაულში, მასთან სახლში: იქ ჩანჩქერებია, არ არსებობს, უნდა გაჩვენოთ!
    ხარაგაულში წასვლა ბავშვთან ერთად გადავწყვიტე. სუფთა ჰაერზე იქნება, თან მამამისთან ერთად. დავტვირთეთ ორი მანქანა, _ ნიკუშასი და დოისი. მე, რა თქმა უნდა, დოისთან ვიჯექი, რადგან ნიკუშასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ცოტას ვიკბინებოდით და ოფიციალურად მივმართავდით ერთმანეთს.”
    მანქანა სხვა მიმართულებით წავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული ბლეფი. ნიკუშას აგარაკზე, წეროვანში მივიდნენ. ნატას სუნთქვა შეეკრა, რადგან ეს ის ადგილი იყო, სადაც ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები ჰქონდა გატარებული და შესაბამისად, მტკივნეული იყო იქ დაბრუნება.
    ნატას, ამჯერად შვილის ხათრით, არფერი გაუპროტესტებია, უბრალოდ, სრული სამი დღე ხმა არ ამოუღია.
    იქ ყოფნის დროს ნიკუშა მოიწამლა, ყველა მას უვლიდა. ერთ საღამოს ნატამ წამალი შეუტანა. ნიკამ ხელი მოჰკიდა და უთხრა, რომ რაღაცის თქმა სურდა. სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდნენ.
    “იმ დღეს, აივანზე, ერთმანეთს ყველაფერი ვუთხარით, რაც კი ოდესმე გვწყენია. ბავშვებს დავემსგავსეთ: მე რომ შენ მაშინ… შენ არ მითხარი?…”
    ქალაქში ერთად დაბრუნდნენ. ნატა სოჭში გაემგზავრა “კინოტავრზე”, სადაც მისი ფილმი მონაწილეობდა. არა! აღარ დაშორებულან. ცალკე ყოფნის ათი დღე ურთიერთობის საბოლოოდ გაღრმავებისთვის საუკეთესო აღმოჩნდა.
    მერე ისევ თავიდან დაიწყო,_ სეირნობა ანწლის გვირაბებში, ვიდეო იმიჯებში, დათოვლილ ხეებს შორის. ისინი ყველაფერს თავიდან იწყებდნენ. თითქოს ერთი ცნობილი რომანის გმირების მსგავსად, გულში იმეორებდნენ _ დამიბრუნე ჩემი ვარსკვლავი! ბავშვივით ჯიუტები ისევ ერთად ყოფნით სიგიჟემდე ბედნიერები იყვნენ, ორივე ნანობდა.
    “ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. ახლა 34 წლის ვარ და ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. ყველაფერი, რაც გადამხდა, აუცილებელი იყო. თუმცა არის სინანული, რაც ყოველ ღამე, ყოველ დილით მოსვენებას არ მაძლევს, _ ანუ ის, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვატკინე გული. მხოლოდ ამის გამო მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება. როცა რაღაცას აკეთებ, მარტო არ ხარ, შენთან ერთად ადამიანების ჯგუფიც მონაწილეობს. ფრთხილად უნდა იყო. ხანდახან ასე არ გამოდის, და რა დასანანია, რომ ერთი შეცდომა საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე.
    იმ რვა წელიწადს თან ვნანობ და თან _ არა. თუ მე და ნიკუშა მხოლოდ ამ გზით დავუბრუნდებოდით ერთმანეთს, მაშინ _ არა… თუ ერთად ყოფნა ტკივილების გარეშეც შესაძლებელი იყო, მაშინ _ ვნანობ.”

ავტორი: ნენე კვინიკაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s