ჰიპოკრატე

ეს ფოტო ინგლისში, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილი ექიმიც ინგლისელია; უფრო სწორად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, წარმოშობით კი შეიძლება უელსელი იყოს, ან შოტლანდიელი. იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ნამდვილად არ არის. ეს არ არის ქართველი ექიმი, ბრიტანელი ექიმია, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი წარმოთქმული აქვს და იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღასრულოს თავისი მოვალეობა, ფეხებზე გორგოლაჭებიანი “როლიკები” აქვს დამაგრებული. ეს წუთია ავადმყოფთან გამოიძახეს და კი არ მიდის საშველად, მიჰქრის. მოკლედ, მიიჩქარის.
საქართველოშიც რამდენი კარგი ექიმია _ ისინი, ვინც მოვალეობის აღსრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სიამოვნებით აკეთებენ იმას, რაც ევალებათ. მაგრამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი არეულია და აღარავის უკვირს, რომ (მაგალითად) კანონს ყველაზე მეტად (და ხშირად) ისინი არღვევენ, ვისაც კანონის დაცვა ევალება, მე მაინც გამაკვირვა იმ ქართველი ექიმების საქციელმა, ერთ ჩემს მეგობარს რომ შეხვდნენ (თუ დახვდნენ) თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იმ ქვეყანაში, სადაც ოფიციანტიც შეიძლება “ძველი ბიჭი” იყოს და ისეთი ხმით გკითხოს “რამდენი ხინკალი გინდა, ძმაო”, რომ ყელში აღარ გადაგივიდეს; იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე შეიძლება გაგაჩერონ “ბლატნოი” პოლიციელებმა, რომელთაც ხელფასს არ აძლევენ, მაგრამ აძლევენ იარაღს და ყოველდღე საყაჩაღოდ უშვებენ ქუჩაში, რაღა უნდა გიკვირდეს. მაგრამ მე მაინც ჩემი მეგობრის უცნაურმა ისტორიამ გამაკვირვა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ მეგონა რომ “ძველი ბიჭი” ექიმებიც არსებობდნენ.
შეიძლება იმ ჩემს მეგობარსაც ეგონა, რომ ექიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ავადმყოფს დაეხმაროს და როცა არყით მოწამლული საკაცით მიიყვანეს საავადმყოფოში და კარგა ხანს ყურადღება არ მიაქციეს, ალბათ, მასაც გაუკვირდა ეს უცნაური გულგრილობა. შეიძლება, მან იფიქრა, ვკვდებიო და არ იცოდა ის, რაც ექიმებმა იცოდნენ, _ რომ ასე სწრაფად არ მოკვდებოდა. ფაქტია, რომ ჯერ გაკვირვებულმა მოითხოვა ექიმი და მერე კი _ გაბრაზებულმა. სიმართლე რომ ვთქვა, შესაძლოა იმ ჩემმა მეგობარმა ცოტა უხეში ფორმით (ვთქვათ, ხმამაღლა და კატეგორიულად) მოითხოვა ექიმი, მაგრამ განა ეს საფუძველს აძლევს რომელიმე ექიმს ის გააკეთოს, რაც იქ მოხდა?..
ხომ დაუჯერებელია, მაგრამ როცა ექიმი მოიყვანეს და მან მოწამლულ ავადმყოფს ჰკითხა, რა გაყვირებსო და ამ უკანასკნელმა კი ისევ გაუმეორა “აკვიატებული” ფრაზა _ ამ საავადმყოფოში რა გულგრილად ექცევიან ავადმყოფებსო, მორიგე ექიმმა (ყურადღება!) ჩემი უზრდელი მეგობარი საკაციდან გადმოათრია და იმდენი ურტყა, სანამ ხმაურმა მთავარი ექიმის კაბინეტამდე არ მიაღწია. მართალია, მთავარ ექიმს ჩემი (ძირს დაგდებული) მეგობრისთვის მორიგე ექიმის დარად, ხელი არ დაურტყამს, მაგრამ (კოლეგიალობის ამბავში) აწ უკვე დასისხლიანებულ პაციენტს ერთი ისეთი ჭიტლაყი ამოსცხო, რომ სისხლის დანახვაზე და ჩემი მეგობრის ამონაკვნესზე _ აქედან თუ გავაღწიე, დედებს მოგიტყნავთო, _ ექთნებმაც იხუვლეს და ავადმყოფი ძირს აღარ დაუშვიათ. როგორც მოგვიანებით იმ ჩემმა მეგობარმა გაიხსენა, თურმე ის უფრო სიამოვნებდა დერეფნის კედელზე რომ თავს არტყმევინებდნენ, რადგან დარტყმისაგან პირდაპირ იატაკზე დანარცხება (მოწამლულზე) უფრო მტკივნეული ყოფილა და აუტანელი. მაინც ყველაფერი აიტანა და გაუძლო და რაც მთავარია გადარჩა. თუმცა ამ ისტორიას უფრო საშინელი გაგრძელება აქვს და მხოლოდ იმიტომ აღარ მოვყვები, რომ ამ საშინელ დროსა და გარემოში, ჩვენ რომ ვცხოვრობთ, მაინც კეთილად მინდა დავასრულო ჩემი მეგობრის ამბავი. და მაინც ის მინდა გისურვოთ, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდი _ ცხოვრება წამლისა და ექიმის გარეშე.

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s