I.R.A.

სულ არ ჰგავდა შინეიდ ო’კონორს _ ჰქონდა წითელი, ხუჭუჭი თმა და ჭორფლიანი სახე, მაგრამ რამდენჯერაც დავინახავდი, იმდენჯერ მახსენდებოდა შინეიდ ო’კონორი და ალბათ იმიტომ, რომ ესეც ირლანდიელი იყო. ვხედავდი კი ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), ლექციებზე, სადაც ლექტორებს შეკითხვებით არასოდეს მიმართავდა და ყოველთვის ჩუმად იჯდა. როცა ჩვენი ინგლისელი პროფესორები ისეთი მონდომებით ხუმრობდნენ, რომ დანარჩენი სტუდენტები თავშეუკავებლად ხარხარებდნენ, მაშინაც კი ჩუმად იყო და რაღაცაზე ფიქრობდა. ის არასოდეს მინახავს არც იმ პაბში, სადაც მთელი უნივერსიტეტი იკრიბებოდა ხოლმე პარასკევ საღამოს და ჩვენი ძვირფასი ლექტორები სტუდენტებთან ერთად სვამდნენ შუაღამემდე, ზოგჯერ დილამდე… სანამდეც შეეძლოთ.
ერთხელ კინოშიც დავპატიჟე. ლონდონში ყველაფერი ძვირია, მაგრამ იაფ კინოთეატრს მაინც მივაგენი ლესთერ-სქვერზე და იქ დავდიოდი ხოლმე. უარი მითხრა.
მეორეჯერაც დავპატიჟე, რადგან მართლა მაინტერესებდა, ასეთი სერიოზული სახით რაზე ფიქრობდა, თანაც გამუდმებით და იმის გარკვევაც მინდოდა, რატომ სწავლობდა ჩვენთან ერთად, თუ ის ირლანდიელი იყო. ირლანდიელი კი ნამდვილად იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ინგლისური (ჩვენგან განსხვავებით), პირველადი ენა უნდა ყოფილიყო და წესით, სულ სხვა პროგრამით უნდა ესწავლა. მეორედაც რომ უარი მითხრა, ჩვენმა პროფესორმა, პარასკეობით რომ ვისკის ჭიქას მიჭახუნებდა მონდომებით, ასეთივე მონდომებით ამიხსნა, რომ არიან ირლანდიელები, რომლებიც პრინციპულად არ მიიჩნევენ ინგლისურს მშობლიურ ენად და ასეთ შემთხვევებში, ისინიც თქვენი პროგრამით სწავლობენო. ასეთმა პასუხმა კიდევ უფრო დამაინტერესა და მესამედაც ვაპირებდი დაპატიჟებას, მაგრამ კვირას ჰაიდ-პარკში წასვლა თვითონ შემომთავაზა.
ერთმანეთს მარბლ არჩის ამოსასვლელთან შევხვდით. გამორჩეულად მზიანი დღე იყო და როგორც ასეთ დღეებში ხდება ხოლმე, პარკში უამრავი ადამიანი დაგვხვდა. ძირითადად მზეს ეფიცხებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უსმენდა ირლანდიელ ორატორს, რომელიც ინგლისელთა იმპერიულ პოლიტიკას საკმაოდ ომახიანად აკრიტიკებდა. ჩვენც ვიდექით და ვუსმენდით, თუმცა, პირადად, ბალახზე წამოწოლა მერჩივნა, მაგრამ იმ ირლანდიელ ორატორს ისე გაუგრძელდა სიტყვა, რომ საშინლად დავიღალე. ამანაც შემატყო და გაეღიმა. პირველად ვნახე გაღიმებული და რადგან გაღიმებული ვნახე, ბოლომდე გავუძელი ინგლისელების ლანძღვას.
მერე ვიწექით ბალახზე, რომლის სუნიც ისევე მსიამოვნებდა, როგორც მზე ლონდონის ცაზე და ამ ირლანდიელი გოგოს სიახლოვე, რომელიც სულ არ იყო ლამაზი, მაგრამ ყველაზე ახლოს იყო ჩემთან და ვაკოცე ისე, როგორც საყვარელ ბავშვებს კოცნიან. მე ვაკოცე ლოყაზე, თვითონ ტუჩებში მაკოცა და მერე, როცა მეც ვკოცნიდი ტუჩებში, გამახსენდა, რომ ამის გამო ულტრალიბერალურ ლონდონშიც კი შეიძლება დაგაჯარიმონ, თუ ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხდება. ეს რომ ვუთხარი, აშკარად გაუხარდა, მითხრა, უკეთესი იქნება თუ დაგვაპატიმრებენ, რადგან მთელი მსოფლიო გაიგებს, როგორი არადემოკრატიულია ინგლისი და ისე სწრაფად გაიხადა, რომ უხერხულობისა და მოულოდნელობისაგან, არც ვიცოდი რა უნდა მექნა. ყველაფერს ჩემს მაგივრადაც თვითონ აკეთებდა და ერთადერთი რასაც მე ვაკეთებდი ვლოცულობდი, რომ პოლიცია არ მოსულიყო დღისით, მზისით შუაგულ ლონდონში, ღია ცის ქვეშ, უამრავი თვითმხილველის თვალწინ, ჩვენი აღვირახსნილობის აღსაკვეთად. როცა დამემშვიდობა, მომეჩვენა რომ თვალები სველი ჰქონდა.
მეორე დღეს ორშაბათი იყო, თუმცა, ლექციებზე არ მოსულა. შუადღისას გოგი ძოძუაშვილს უნდა შევხვედროდი სოჰოს მისადგომებთან, მაგრამ ქუჩაში არ გაგვიშვეს – ტერორისტებმა სითიში რაღაც შენობა ააფეთქესო და ორი საათით მთელი ლონდონი დაცარიელდა. მხოლოდ საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, BBჩ 2-ზე ვნახე ჩემი ჭორფლიანი, უკვე დაპატიმრებული ირლანდიელი. . .

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s