ადამიანი-საუკუნე ლენი რიფენშტალი

ჭორებს თუ დავუჯერებთ, ლენი რიფენ­შტალი ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ბრძან­დებოდა. ნუ ვენდობით ჭორებს! მით­უმეტეს, რომ ლენის ჯანსაღი მამაკაცები, სპორტსმენები და მფრინავები მოსწონდა და საერთოდ, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ბევრად უფრო საინტერესოა თავად ეს ქალი, რომლის შესახებაც მეოცე საუკუნეში იმდენი ილაპარაკეს, იმდენი იდავეს, რომ, მგონი, ასე საერთოდ არავის და არაფრის შესახებ არ უდავიათ.
ცხადია, ლენი რიფენშტალის ცხოვრების ამბავი არც ჰოლივუდს დარჩენია უყურადღებოდ. ჯოდი ფოსტერს რიფენშტალის მემუარების კინოვერსიის გადაღებაც უნდოდა, მაგრამ ვერ გადაიღო: ლენი რიფენშტალი ცოცხალი იყო, ას წელს მიტანებულიც სავსებით საღად აზროვნებდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალ უსიამოვნო სასამართლო პროცესზე დასწრების შემდეგ, აღარ დათანხმდა იმაზე, რომ პირმშვენიერ ჯოდის მისთვის ცხოვრების დარჩენილი წლები ათასგვარი ბინძური ჭორითა თუ ბრალდებით ჩაემწარებინა: “ამას ხომ მეც სიამოვნებით გადავიღებდი. ჯოდი ფოსტერსაც ძალიან ვაფასებ. მაგრამ როცა საქმე ადვოკატების მიერ შედგენილ ხელშეკრულებებზე მიდგა, აღმოვაჩინე, რომ სიცრუის შემთხვევაში ვერც ვერაფერს გავაწყობდი და ვერც ვერაფერს ავიცილებდი თავიდან. ამის დაშვება კი ნამდვილად არ შემეძლო”.
მე რატომ გამიხარდა ეს ამბავი, არ ვიცი. თუმცა, ვიცი: იმიტომ, რომ ლენი ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად მიმაჩნია _ მისი პოლიტიკური მრწამსი, თქვენ წარმოიდგინეთ, შემოქმედებაც კი ნაკლებად მადარდებს _ თავად ლენით ვარ აღტაცებული. ჩემთვის ის ძველგერმანული ეპოსის გმირივითაა _ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით არც გმირები იქცევიან ხოლმე უზადოდ, მაგრამ მაინც გმირები არიან, და საერთოდ, მტერმა იცხოვროს გმირის გარეშე, და ჩემი გმირები თავად ჯოდი ფოსტერის ხელწამოსაკრავადაც არ მიმაჩნია.

1902 წლის 22 აგვისტოს, ბერლინში, ერთი მდიდარი კომერსანტის ოჯახში დაიბადა ჰელენე ბერტა რიფენშტალი, დიდად პატივმოყვარე, ძლიერი ნებისყოფის და საოცნებო გარეგნობის მქონე გოგონა. როგორც კი ოდნავ წამოიზარდა, მაშინვე ბრძოლა დაიწყო: მშობლებს არაფრით არ უნდოდათ, რომ მათი მშვენიერი ასული მოცეკვავე გამხდარიყო, ასულს კი უნდოდა და ერთგან წავიკითხე, ბერლინის ზოოპარკში მოცეკვავე ოთხი წლის ლენის ირგვლივ უზარმზარი ბრბო იკრიბებოდა ხოლმე და გოგონას მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ თუ აოკებდნენო. კლასიკური ბალეტზე სიარული ძალიან გვიან, 19 წლისამ დაიწყო. ჩვეულებრივ, ბავშვებს ამ რთულ ხელოვნებას ექვს წლამდე აზიარებდნენ, მაგრამ ლენი მაინც ყველაზე კარგად ცეკვავდა.
სულ მალე მოცეკვავე ლენი რიფენშტალმა არამარტო ბერლინის, არამედ სხვა ევროპული დედაქალაქების სცენები დაიპყრო _ მართალია, ცოტა ხნით, რადგან პრაღაში გამოსვლის დროს მუხლი დაიზიანა და მოცეკვავის კარიერა დასრულდა _ როგორც მომავალში გაირკვევა, ძალიანაც კარგი.
გულმოკლულმა ლენიმ გადაწყვიტა, კინოში წასულიყო და ბედისწერის მთისთვის~ გადა­ეყოლებინა გული. იქიდან გამოსულს უკვე მზად ჰქონდა ახალი გეგმა: გადაწყვიტა, კინო­მსახიობი გამხდარიყო და მთების შესახებ ფილმში მიეღო მონაწილეობა. ამისთვის სამი თვე საავადმყოფოში გაატარა, მუხლი მოირჩინა და მერეწმინდა მთაში~ ისე ითამაშა და ისე იცეკვა, რომ…
ამას მერე გიამბობთ. მანამდე კი წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სპორტული და, ამავდროულად, უაღრესად სექსუალური აღნაგობა აქვს. ის კლდეებზე შესანიშნავად ცოცავს, ისეთი ხრამების თავზე ჰკიდია, რომ მაყურებელს სული ეკვრის.
ზილბერბლიკი~ _ მას თვალი ოდნავ გაურბის. იმხანად ეს რომანტიკულად მიაჩნდათ. ის, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საარაკოდ ცეკვავს. ლენი რიფენშტალი _ საოცნებო არიელი ქალი... მაგრამ ლენი ამას არ დასჯერდა და 1932 წელს უკვე რეჟისორის ამპლუაში გამოეცხადა მაყურებელს:ცისფერი ნათელი~.
ცისფერი ნათელი~ რომანტიკული ზღაპარია. მასში ლენი რიფენშტალი უცნაური გოგოს როლს თამაშობს, რომელიც ბოროტი ადამიანების გამო უფსკრულში ვარდება.ეს ფილმი ჩემთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა,~ _ ამბობდა ხოლმე ქალბატონი რიფენშტალი, მაგრამ, ზემოთ აღნიშნული ჭორებისა არ იყოს, ამის დაჯერებაც არ ღირს: ის არსადაც არ ჩაჩეხილა, საამისოდ მეტისმეტად მაგარი ქალი იყო.
ის კი, რასაც თავად ლენი რიფენშტალი ესოდენ ტრაგიკულად აფასებს, 1932 წლის თებერვალში დაიწყო. იმ დღეს მან ფიურერის გამოსვლა მოისმინა. როცა ჰიტლერი ალაპარაკდა, ლამის აპოკალიფსური ხილვა დამეწყო… თითქოს მიწა გაიხსნა და იქიდან ამოვარდნილმა წყლის ჭავლმა ზეცას მიაღწია და დედამიწა შეძრა~. მაშინ ადოლფ ჰიტლერით არამარტო ლენი, არამედ მთელი გერმანელი ერი იყო აღტაცებული, ხოლო ისინი, ვინც აღტაცებული არ იყვნენ, ან ემიგრაციაში ამოყოფდნენ ხოლმე თავს, ან სხვაგან, ნაკლებად სასიამოვნო ადგილებში. მათ შორის იყვნენ ლენის მეგობრები _ მარლენ დიტრიხი და ერიხ მარია რემარკი. ამ უკანასკნელის წიგნებს თვალებანთებული ჭაბუკები ცეცხლში ყრიდნენ… მაგრამ ეს სხვა თემაა, კვლავ ლენის დავუბრუნდეთ, რომელიც შემდგომში ვერც კი ხვდებოდა, რატომ უნდა წასულიყო თავისი სამშობლოდან:რა შუაში ვარ? არც ანტისემიტი ვყოფილვარ და არც ნაცისტური პარტიის წევრი. მე ატომური ბომბები არ ჩამომიყრია და არც არავინ დამისმენია. გამაგებინეთ, რა დავაშავე?~ მსოფლიო კი თვლის, რომ ლენი რიფენშტალის დანაშაული არასწორი არჩევანი იყო: მან ჰოლივუდს ჰიტლერი ამჯობინა. მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ ამ არჩევანის წყალობით ჰყავს მეოცე საუკუნეს ერთადერთი და განუმეორებელი, დიადი და შემზარავი ლენი რიფენშტალი.
ეს ისე, ლირიკული გადახვევა იყო. განვაგრძოთ: ლენი რიფენშტალი გერმანიაში დარჩა და მისამართზე _ ყავისფერი სახლი, მიუნხენი~ წერილი გაგზავნა:პატივცემულო ბატონო ჰიტლერ! თქვენ და აუდიტორიის ენთუზიაზმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ. მე თქვენი პირადად გაცნობა მსურს~.
ადოლფ ჰიტლერი ლენი რიფენშტალის თაყვანისმცემელი გახლდათ. თუმცა, ფიურერის გულში რა ტრიალებდა, ცხადია, არ ვიცი და თავსაც ვერაფერზე დავდებ. ის კი დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ფიურერს უთქვამს, წმინდა მთაში~ მოცეკვავე ლენი რიფენშტალზე მშვენიერი არაფერი მინახავსო, და ამის გამო ის უცნობ ქალთან შეხვედრაზე დათანხმდა. იმ დღეს, ზღვის ნაპირას რომანტიკული გასეირნების დროს, ამ ორი ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საუბარი შედგა. შემდგომ ლენი ამგვარად ხსნიდა მის მიმართ ფიურერის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას:ჰიტლერმა აღარ მომასვენა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მაინცდამაინც მე უნდა გადამეღო პარტიის ყრილობა. ძალიან მოსწონდა, რომ მე, იმხანად 31 წლის ქალმა, თავად შევძელი საკუთარი ფილმის დაფინანსება ისე, რომ არც საკუთარი ფირმა მქონია და არც მამაკაცების საზოგადოება დამხმარებია _ ეს ძალიან სიამოვნებდა. მეორე მხრივ, რთული არჩევანი გააკეთა, რადგან გებელსს, რომელიც კინოგანყოფილებას მართავდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა ამის ჩემთვის მონდობა _ ასეთი ფილმი ხომ პარტიულ კინემატოგრაფისტებს უნდა გადაეღოთ. მაგრამ ჰიტლერმა ამომიჩემა. როგორც ჩანს, მანამდე იგრძნო თუ ამოიცნო ჩემი ნიჭი, სანამ ამას მე თავად მივხვდებოდი. მე კი მართლაც არ მქონდა საკუთარი თავის იმედი~.
მიუხედავად ამ პრანჭვისა თუ პრინციპულობისა _ ამის დანამდვილებით თქმა ძალიან რთული საქმეა, _ ლენი რიფენშტალმა უკვე რაიხსკანცლერ ადოლფ ჰიტლერს ნიურნბერგში ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ყრილობის შესახებ ფილმის გადაღებაზე თანხმობა განუცხადა.
უნდა ითქვას, რომ ადოლფ ჰიტლერი ხელოვნებაში კარგად ერკვეოდა.
ფილმის სახელწოდება, ნების ტრიუმფი~, ასევე თავად ჰიტლერმა მოიგონა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თანაავტორი ჰყავდა, ლენი მრავალი წლის შემდეგ იხსენებდა:იმას ვიღებდი, რასაც ვხედავდი. ჩემი ფილმი დოკუმენტია~. ლენისთვის ეს ნაწარმოებები დამოუკიდებელი ხელოვნება იყო. უბრალოდ, ნაციონალ-სოციალისტების დროს, თავისი გეგმების განხორციელების საუკეთესო საშუალება მიეცა _ ეს იყო და ეს. ის საკუთარ თავს სილამაზის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სხეულის სილამაზის მსახურად თვლიდა. ამბობდა, რომ ხელოვნებისთვის მარტვილია~, და მხოლოდ ადამიანის სხეულის სილამაზეს ასახავდა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი: სპორტსმენი, სამხედრო თუ აფრიკელი მომთაბარე. ლენი რიფენშტალს ყველაზე ლამაზ ქმნილებად ადამიანი მიაჩნდა, და ვინ იცის, იქნებ თვითონ მას მართლაც სჯეროდა ის, რაშიც შემდგომ მთელი მსოფლიოს დარწმუნებას ცდილობდა:სასაცილოა _ რა მაქვს სანანებელი! არავის სჯერა, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ვიძახე, მაგრამ ვინ დამიჯერა, მაშინვე თქვეს: ტყუილი! იტყუება! არ ვიცოდი და რა ვქნა?~
ნების ტრიუმფში~ კი ყველაფერია კონცენტრირებული, რასაც შემდგომშიფაშიზმის ესთეტიკა~ უწოდეს: ნიურნბერგის დიდებული ხედები, მხარდამხარ მომავალთა რიგები, რომლებიც ძველ რომაელთა მსვლელობას ჩამოჰგავს, ჩირაღდნები, სამხედრო მარშები, ღამეულ ცაზე _ დროშების სილუეტები, გულისამაჩუყებელი ბავშვები, სახეზე ნათელგადაფენილი ჯარისკაცები და შეძახილები: ხალხი, რაიხი, ფიურერი!~ ნების ტრიუმფი~ რომ ფართო საზოგადოებას წარუდგინონ, ის ალბათ კვლავ მრავალი უბედურების წყაროდ იქცევა და ყველა ეროვნებისა და რასის წარმომადგენელი თავგადაპარსული ნაძირალების საკულტო ფილმი გახდება. თავად ლენის ამ ფილმის გამო ბოდიში არასოდეს მოუხდია _ თავისი ნაშრომით ძალიან ამაყობდა და არც 1945 წლის შემდეგ დაუმალავს, რომ ჰიტლერით აღტაცებული იყო. დიახ, ფილმის გადაღება ძალიანაც უნდოდა, თორემ თამამად შეეძლო უარის თქმა _ საბჭოთა კოლეგებისგან განსხვავებით, მას არც ციხეში ჩააგდებდნენ და არც არსად გადაასახლებდნენ. ისე, თავიდან კი დიდხანს იფასებდა თავს: ესპანეთში ფილმი მაქვს დასამთავრებელიო, პარტიის ყრილობა ჩემი თემა არაა და საერთოდ, გებელსს არ ვუყვარვარო. ეს უკანასკნელი არგუმენტი ჰიტლერს ირონიულ ღიმილს ჰგვრიდა.
გებელსს, გაცხარებულ ანტიფემინისტს, მართლაც არ ეხატებოდა გულზე ლენი რიფენშტალი, ერთადერთი გერმანელი რეჟისორი ქალი, რომელსაც ყველა სიკეთესთან _ ძირითადად, თავის სქესთან ერთად, არცთუ ტკბილი ხასიათი ჰქონდა, ამაყი იყო და თავნება. გებელსი ყველანაირად ცდილობდა მისთვის ცხოვრების გაფუჭებას და საქმეში ხელის შეშლას, მაგრამ ჰიტლერი ლენის პრობლემებს ყოველთვის პირადად აგვარებდა და მაშინაც კი არაფერი უთქვამს, როცა ლენიმ ბრძანა, მე ჩემს ხალხთან ერთად ვიმუშავებ და გებელსის გუნდთან საერთო არაფერი მექნებაო. ხოლო როცა ნების ტრიუმფმა~ ჰიტლერის აღტაცება დაიმსახურა (რა ვქნა, უდავოდ შედევრია) და პრემიერის დღეს, 1935 წლის 1 მაისს მან ლენი რიფენშტალს უზარმაზარი ყვავილების თაიგული მიართვა, გებელსს გულს შემოეყარა. მაგრამ რაღა დარჩენოდა _ ლენის საუკეთესო ფილმისთვის ჯილდო გადასცა. ამგვარად,ნების ტრიუმფი~ თავად ლენის ტრიუმფიც გახდა _ მართალია, დროებით.
1939 წლის სექტემბერში რიფენშტალი, სამხედრო კორესპონდენტის სტატუსით, პოლონეთში გაემგზავრა. გერმანული ჯარი უკვე შეჭრილი იყო ამ ქვეყნის ტერიტორიაზე და თავდაპირველად ენთუზიაზმით აღსავსე კორესპონდენტი რიფენშტალი სოფელ კონსკიში ერთ-ერთი პირველი და უსასტიკესი სამხედრო დანაშაულის უშუალო მოწმე გახდა. ლენი შოკში იყო _ ომი ნაკლებად ესთეტური გამოდგა. მოგვიანებით ის წერდა: ავადმყოფი თუ უშნო ადამიანების, ან მახინჯი მოვლენების გადაღება სულ არ მიტაცებს, რადგან ძალიან პოზიტიური განწყობის მქონე ადამიანი ვარ და სიცოცხლის სიყვარულს ვადიდებ~. ამ ლოგიკით, ლენი რიფენშტალმა ომს თავი აარიდა და საკუთარი ფილმის,დაბლობის~ გადაღება დაიწყო. ეს მელოდრამაა, სადაც თავნება გრაფი საბრალო გლეხებს ძალიან ჩაგრავს, ხოლო მისი საყვარელი, ყოფილი ქუჩის მოცეკვავე მართა (მის როლს თავად ლენი ასრულებს) ხალხს ამოუდგება მხარში. ლამაზი ფილმია. უბრალოდ, როცა ესპანური ცეკვებისთვის მასობრივი სცენების გადაღება გახდა საჭირო, ლენი რიფენშტალმა საკონცენტრაციო ბანაკიდან ბოშები გამოიწერა.

ცხადია, გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ლენი რიფენშტალი დააპატიმრეს და ყველაფერი გაახსენეს, მათ შორის ნების ტრიუმფიც~, გენიალურიოლიმპიაც~ და ზემოთ ნახსენები ბოშების ამბავიც _ აკი ბანაკების შესახებ არაფერი მსმენიაო! ჰიტლერის საყვარელი, გებელსის დაქალი და ნაცისტური რეჟიმის მომხრე! ლენის ვერ იტანდნენ. მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის თავად არ იყო პირსისხლიანი მხეცი. უბრალოდ, ნაცისტებს თანაუგრძნობდა. მას შეეშვნენ _ და დაივიწყეს.
მართალია, მერე კვლავ გაიხსენეს, 1973 წელს, როცა მან თავისი ფოტოალბომი გამოაქვეყნა, უკანასკნელი ნუბიელები~. მათაც კი, ვისაც ლენი რიფენშტალი სულით და ხორცით სძულდათ, მოუწიათ იმის აღიარება, რომ ის დიდი ფოტოგრაფია. სიუზან ზონტაგმა კი კბილი გაჰკრა, აქაოდა,რიფენშტალი თავისი წარსულის ხელახლა გადაწერას ცდილობს, ვითომ უბრალოდ სილამაზის შემფასებელია და არა უზნეო პროპაგანდისტიო~, მაგრამ ამით ქალბატონ რიფენშტალს არაფერი დაკლებია.
საერთოდ, იშვიათად თუ მსმენია ასეთი სიცოცხლისუნარიანი ქალის შესახებ, ცნობით ხომ საერთოდ არავის ვიცნობ. რა აღარ დაემართა, ხან დააპატიმრეს, ხან მიწასთან გაასწორეს, ხან ავტოავარიაში თუ ავიაკატასტროფაში მოხვდა, ფეხები დაიმტვრია, ხერხემალი დაიზიანა _ მერე რა?! ცოტა ხანს იწვა ხოლმე და მერე კვლავ განაგრძობდა თავის გზას. 72 წლისამ სულაც აკვალანგისტის ლიცენზია მიიღო და წყალქვეშ გადაღებული მისი ნამუშევრები, ფოტოალბომი მარჯნის ბაღები~ რომ ნახოთ... რა გითხრათ, საოცარია. 80 წლის ფრაუ რიფენშტალმა გადაწყვიტა, რომ მემუარების წერის დროა, და ხუთი წლის განმავლობაში წერდა. 900-ზე მეტ გვერდზე გვიამბო თავისი ბობოქარი ცხოვრების დაუჯერებელი ამბები. წიგნი, ცხადია, ბესტსელერი გახდა. პირველად ფრაუ რიფენშტალი 42 წლისა გათხოვდა. მანამდე ის ოთხი წელი ითვლებოდა პეტერ იაკობის, სამთო მსროლელთა კაპიტნის საცოლედ. აუტანელი კაცი გახლდათ ეს პეტერ იაკობი: სულ ვიღაც ქალებს დასდევდა და მერე, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა ლენი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს, ცოლს გაეყარა კიდეც. პეტერ იაკობმა იკითხოს, თორემ ლენის ბევრი არაფერი დაუკარგავს. ის 67 წლისა ბრძანდებოდა, როცა ოპერატორ ჰორსტ კეტნერს შეხვდა, თავისზე ორმოცი წლით უმცროსს, რომელიც ლენის არასოდეს მოსცილებია და სიკვდილამდე მასთან ერთად იყო. ლენი თავის საყვარელ ბავარიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა _ მისი ერთგული ჰორსტ კეტნერის თქმით, ძილში გაუჩერდა გული. ლენი რიფენშტალის გარდაცვალების შემდეგ, მრავალი სტატია წავიკითხე, მათ შორის მრავალი დაუჯერებლად საძაგელიც:გარდაიცვალა ლენი რიფენშტალი _ როგორც იქნა~, კუდიანის ტკბილი აღსასრული~ და მსგავსები. ყველანაირ ნაგავს მეც კი ვერ ვიმახსოვრებ. როგორც ჩანს, ზოგიერთებს ძალიან შეშურდათ, რომ ლენი რიფენშტალმა 101 წელი იცოცხლა და მშვიდად გარდაიცვალა. არადა, სულ მეგონა, რომ მისი ბრალმდებლები, პრაქტიკულად, აღარ არიან _ სხვა თუ არაფერი, დაიხოცნენ, რომ ლენი ცოცხალი ლეგენდაა, რომლისთვისაც რაიმე პრეტენზიის წაყენება სასაცილოც კია.პასუხისმგებლობის პრობლემა მხატვრისათვის, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში ჩადგა და პროპაგანდის იარაღი გახდა~ _ როგორი ბრიყვული ტექსტია ლენი რიფენშტალთან მიმართებაში, რომელიც თავისი ნების დემონსტ­რირებას არც მეტი, არც ნაკლები, ერთი საუკუნის განმავლობაში ახდენდა.
ტრიუმფალური ნება. ძველი ცოდვები არაფერ შუაშია.

`გულით და სულით მოცეკვავე ვიყავი. მსახიობობას რაც შეეხება, სურვილები ვერ შევისრულე. ფოტოგრაფი მხოლოდ იმიტომ გავხდი, რომ ომის შემდეგ ბოიკოტი გამომიცხადეს და ფილმებს ვეღარ ვიღებდი~.
ლენი რიფენშტალი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s