ამბავი ქალისა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცოდა და მაინც არაფრის ეშინოდა

ოფიციალური ინფორმაცია: 2004 წლის 28 დეკემბერს,
71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ,
გარდაიცვალა `აშშ-ს სინდისი~, მწერალი და ესსეისტი სიუზან ზონტაგი.

ცხადია, მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთები სულშიჩამწვდომ ნეკროლოგებს აქვეყნებდნენ, გაიძახოდნენ, რომ მისი სახით, უჩვეულო, კრიტიკული ხედვის მქონე მოაზროვნე~ დამამაცი და ქედუხრელი დისიდენტი~ დავკარგეთ. სალმან რუშდიმ, კიდევ ერთმა მამაცმა და ქედუხრელმა დისიდენტმა~, ამერიკის პენ-ცენტრის სახელით უაღრესად ორიგინალური სიტყვა წარმოთქვა:სიუზან ზონტაგი დიდი პროზაიკოსი გახლდათ, გაბედული და ორიგინალური მოაზროვნე, რომელიც სიმართლისთვის საბრძოლველად მუდამ მზად იყო. ის ჩემი დაუღალავი თანამებრძოლი იყო მრავალი ბრძოლის დროს. მან ინტელექტუალური ღირსების იმდენად მაღალი დონე წარმოაჩინა, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი _ ჩემი ჩათვლით _ მასზე აკეთებს და გააკეთებს სწორებას. ზონტაგის აზრით, ლიტერატურული ნიჭი მწერალს იმის სათქმელად ეძლევა, რაც კაცობრიობას დღეს ყველაზე მეტად აღელვებს. ტირანიის პირისპირ მდგომი ნებისმიერი მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი აზრის და შთაგონების თავისუფლება უნდა იყოს~.

რა მეთქმის. ისე, სალმან რუშდისგან მეტს მოველოდი.

მოკლედ: მემარცხენე ლიბერალისა და კულტურის კრიტიკოსის _ ზონტაგის პროვოკაციული განცხადებები მართლაც შთამბეჭდავი იყო. ეს რადიკალური მოდის დედა~ (ამ ეპითეტს ტომ ვულფს დავესესხე) 60-70-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე აშკარა გავლენას ახდენდა. კარგს თუ ცუდს? _ ამის შეფასება მთლიანად თქვენს მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ერთი კია, რომ დისკუსიებისტემპერატურა~ აშკარად გაიზარდა და მთელს მსოფლიოს მოედო.

ო, როგორ აღიზიანებდა სიუზანი თვითკმაყოფილ საზოგადოებას! ერთხელ ბრძანა, რომ ჩვენ ჰერმენევტიზაცია კი არა, ხელოვნების ეროტიზაცია გვესაჭიროება~; რომ კამპუსიიდეალური ადგილია სერიოზულობის ტახტიდან გადმოსანარცხებლად~; რომ სამოციან წლებში კაცობრიობას ახალი მოციქულები მოევლინენ, რომლებმაც ახალი ვნება~ შემოიტანეს. მოწინააღმდეგეების მთლად ჭკუიდან გადასაყვანად სიუზან ზონტაგი თავს სერიოზული არგუმენტაციით არ იწუხებდა: ის იგებდა არა თეორიით, არამედ განწყობით, ტონალობით. 1982 წელს (და არა 60-იანების მიწურულს) კრიტიკოსი მერვინ მადრიკი თავის სტატიაში, სახელწოდებითმომღიმარი სიუზი სიყვარულითაა დაკავებული და არა ომით~, წერდა, რომ `მას (ანუ სიუზან ზონტაგს _ ა.კ.ს.) ჭეშმარიტება, გულწრფელობა და რეალობასთან შესაბამისობა არ აინტერესებს. მისთვის მნიშვნელოვანია სტილი, ანუ უსტილობა, თუკი სტილში საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას ვიგულისხმებთ~. საბრალო მადრიკ!

თქვენ წარმოიდგინეთ, სიუზან ზონტაგი 11 სექტემბრის შემდეგაც უკმაყოფილო იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის იმპერიული პროგრამით~, რის გამოცსამშობლოს მოღალატედ~ შერაცხეს და ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ისიც კი ბრძანეს, ზონტაგის თავბრუდამხვევი კარიერა ინტელექტუალური მიღწევების კი არა, რადიკალური მოდის მიმდევრობის შედეგიაო.

დაე, ილაპარაკონ. როდის იყო, სიუზან ზონტაგს ასეთები აფრთხობდა?!
. . .

2003 წლის 13 ოქტომბერს ფრანკფურტში საერთაშორისო წიგნის ბაზრობა (სხვათა შორის, მსოფლიოში დღემდე უდიდესი ბაზრობა ყოფილა) დასრულდა. ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარში, სადაც ოდესღაც გერმანიის პირველი პარლამენტი შეიკრიბა და, ლამაზად რომ ვთქვათ, გერმანული დემოკრატიის აკვანი დაირწა, გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანებამ მშვიდობის პრემია (პატივსა და დიდებასთან ერთად, 15 ათასი ევრო) ამერიკელ მწერალსა და ესსეისტ სიუზან ზონტაგს გადასცა. მის მიერ იმ დღეს წარმოთქმული სამადლობელი სიტყვიდან მოყვანილი ციტატები დღესაც აქტუალურია.

სამადლობელი სიტყვა, რომელსაც ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა, ივან ნაგელმა ყველა მოაზროვნე ინტელექტუალისთვის სამაგალითო გამოსვლა~ უწოდა, ამერიკასა და ევროპას შორის არსებულ წინააღმდეგობებს ეძღვნებოდა. ტყუილად ხომ არ იყო სიუზან ზონტაგიზნეობისა და უზნეობის გამძაფრებული აღქმით დაჯილდოებული მშვიდობისთვის მებრძოლი~! ზოგიერთები კი ძალიან გაჯავრდნენ, საკუთარი მთავრობა ასე როგორ გაიმეტაო: `მშვიდობის პრემია პროვოკატორისთვის~ _ მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სიუზან ზონტაგს ასეთი სათაურები სულ არ სტკენდა გულს. იქნებ პირიქით, ახალისებდა კიდეც.

თავისი გამოსვლა მწერალმა იმით დაიწყო, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც კითხვა და საკუთარ სულიერ სამყაროზე კონცენტრირება ლამის ცუდ ტონად მიიჩნევა, ლიტერატურა თავისუფლებას ნიშნავს. სიუზან ზონტაგმა ბრძანა, რომ `ამერიკელები თავს გავიდნენ, ვინაიდან საკუთარი თავი მიაჩნიათ ერთადერთ ძალად, რომელსაც ცივილიზაციის მომავლის გადარჩენა ძალუძს; ისინი თვლიან, რომ თავს არავის ესხმიან, მხოლოდ თავს იცავენ ავი ბარბაროსებისგან; ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ღმერთი მხოლოდ მათ მხარეზეა~. მსგავსი რამ მას ადრეც უთქვამს: ~შეერთებული შტატები უცნაური ქვეყანაა. ხალხს მკვეთრად გამოხატული ანარქისტული მიდრეკილებები აქვს და, ამავე დროს, კანონის მიმართ ლამის ცრურწმენამდე მისულ რიდს განიცდიან. ისინი უზნეო წარმატებას აღმერთებენ და თან ძალიან მკაფიო წარმოდგენა აქვთ სიკეთისა და ბოროტების შესახებ~.

ცხადია, უკვე მშვიდობის პრემიის ლაურეატ ქალბატონ ზონტაგს არც ის გამორჩენია, რომ მისთვის ჯილდოს გადაცემის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გამოცხადება არ ინება, და `თავისიანებს~ მწარედ გაჰკრა კბილი, _ სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ ჯილდო ანტიამერიკული და პროევროპული განწყობისთვის მომანიჭესო. გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანებას ესღა აკლდა _ ისედაც სულ აბრალებენ, რომ მისი მთავარი მიზანი საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციაა. თუ მართლაც ასეა, ამჯერად გაერთიანებამ მიზანს აშკარად მიაღწია _ იმ, უკვე შორეულ 2003 წელს, მშვიდობის პრემიის გამო დიდი ვნებათაღელვა ატყდა…

`ვიეტნამი პატარა ქვეყანაა, სადაც მშვენიერი ხალხი ცხოვრობს. მას მსოფლიოში ყველაზე მდიდარი, ძლიერი და უზომოდ შეიარაღებული ქვეყანა სასტიკად და სრულიად უსაფუძვლოდ ჩაგრავს. ამერიკა დანაშაულებრივ, კრიმინალურ სახელმწიფოდ იქცა, რომელიც თვითკმაყოფილებით, უძღებობითაა გარყვნილი და იმ შემზარავი რწმენითაა გამსჭვალული, რომ მას სამყაროს ბედის გადაწყვეტის უფლება აქვს~.

სიუზან ზონტაგი

ჩვენ, ყოფილ საბჭოთაკავშირელებს, ტოტალიტარიზმისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მებრძოლი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, წესით, ვერ გაგვაკვირვებენ. მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს (იმედია, გვახსოვს), რომ დასავლეთში მცხოვრები, პროგრესულ ინტელექტუალებად შერაცხული მოღვაწეები ჩინებულად ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, მაგრამ დუმდნენ იმის შიშით, რომ მათ განცხადებებს ბურჟუაზიის დემოკრატიული ფასეულობების დამცველები `ბოროტად გამოიყენებდნენ~. ამიტომ ისინი არც საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას აღუშფოთებია და არც ავღანეთის ომი განუხილავთ განსაკუთრებული გზნებით. სამაგიეროდ, თუ სადმე, სამხრეთ ამერიკაში, ვინმე პატარა ბიჭს თავში წაარტყამდა _ ოოო!

დღესაც ასეა: ევროპელი და ამერიკელი ინტელექტუალების დიდი ნაწილი ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო საშინლადაა დასტრესილი, მაგრამ არა მაშინ, როცა მოქმედება კუბასა თუ ჩინეთში ხდება. პაციფისტური მოძრაობაც ამავე კალაპოტში მიედინება: ის, რომ ნატო იუგოსლავიას შეეხო, ძალიან ცუდია ის, რომ ერაყში ომია, ძალიან ცუდია; ჩეჩნეთის ომი კი რა… მე ისიც კარგად მახსოვს, ბერლინის პენ-კლუბის წევრები რომ გასძახოდნენ, სერბები რა სახსენებელი არიან, ჰკა მაგათა, ჰკაო.

სიუზან ზონტაგი კი უკომპრომისო ქალბატონი ბრძანდებოდა და, სხვათა შორის, ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგაც ილაშქრებდა. ერაყის ომსა და პრეზიდენტ ბუშს ის ისეთივე წარმატებით მისწვდა~, როგორც მარკესსა და კუბას:გაბრიელ გარსია მარკესი ფიდელ კასტროს მეგობარია, კარგად იცის, კუბაზე რაც ხდება და დუმს~. საშუალო სტატისტიკურმა პაციფისტებმაც ვერაფერი მოუხერხეს ზონტაგს, რადგან მას შეეძლო მშვიდად ეთქვა: `ძალადობა ყოველთვის გასაკიცხი როდია, ყველა ომი როდია უსამართლო~. მოკლედ, პაციფისტებიც გადაკიდებული ჰყავდა. ძალიან მოჩხუბარი ქალი იყო. მივიდა, დაინახა, დაწერა – და მერე ვეღარავინ გადაათქმევინებდა. მართალია, თვითონ ყველაფერზე სულ სხვადასხვა აზრი ჰქონდა ხოლმე, მაგრამ მხოლოდ საკუთარ აზრს ითვალისწინებდა, შესანიშნავი პრინციპით: თუ არ მოგწონთ, ნუ მომისმენთ და ნუ წაიკითხავთ. აი, ასე.

მოდით, ერთად ვიგლოვოთ, მაგრამ სისულელეებს ერთად ნუ გავაკეთებთ. ერთი მარცვალი ისტორიული ცნობიერება მაინც რომ გვქონდეს, წარსულისა და მომავლის გაგებაში დაგვეხმარებოდა. სულ გვიმეორებენ, რომჩვენი ქვეყანა ძლიერია~. მე ამაში სანუგეშოს დიდს ვერაფერს ვხედავ~.

სიუზან ზონტაგი

ესსეებში მან მხოლოდ ერთხელ ახსენა საკუთარი თავი. 1972 წელს პარიზში თავისი ოთახი აღწერა, სადაც ის წიგნების გარეშე გამოიკეტა და საბეჭდ მანქანასთან ერთად განმარტოვდა. ქალბატონი ზონტაგის თქმით, ის ამგვარად ეძებდა საკუთარ ხმას.

მაგრამ შემდეგ, მან ბალიშის ქვეშ რამდენიმე წიგნს, მათ შორის, პოლ გუდმენის `ახალ რეფორმაციასაც~ მიაგნო.

დილით ზონტაგმა შეიტყო, რომ გუდმენი გარდაიცვალა. არადა, გუდმენმა, თავისდაუნებურად, მის ცხოვრებაში დიდი მასწავლებლის როლი ითამაშა.
ნიუ იორკელმა ანარქისტმა ინტელექტუალმა პოლ გუდმენმა 1962 წელს გამოაქვეყნა ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი ~მოზღვავებული აბსურდი~, სადაც ქვეყნიერებას სამოციან წლებში ახალგაზრდული მოძრაობის დაწყება ამცნო. სიუზან ზონტაგი იმაზე საუბრობდა, თუ რას ნიშნავდა ეს უჩვეულო მამაკაცი მისთვის, იმხანად ჩვიდმეტი წლის სიუზანისთვის, რომელიც მის ყველა ნაწარმოებს იცნობდა. ის იგონებდა, თუ როგორ ცდილობდა ნიუ იორკში გამართული წვეულებების, მოხსენებებისა თუ საჯარო კითხვის საღამოების შემდეგ მასთან გამოლაპარაკებას, მაგრამ არც ერთხელ არ მიეცა ამის საშუალება. არადა, სიუზანს უნდოდა ეთქვა, რომ მის წიგნებში შეერთებული შტატების ახალგაზრდობის პორტრეტი არასრულყოფილი იყო, რადგან ერთი დეტალი აკლდა – გოგონები; ან გოგონა. მაგალითად, სიუზან ზონტაგი.

1972 წელს, უკვე ორმოცი წლის სიუზანი იხსენებდა, თუ წლების განმავლობაში როგორ არად აგდებდა მამაკაცი, რომელიც მისთვის ლამის სათაყვანებელი პიროვნება გამხდარიყო. როგორც ჩანს, სიუზანმა დიდი მასწავლებლისგან ესეც ისწავლა: შემდგომში თვითონაც არანაკლებ განსაცდელში აგდებდა თავის თაყვანისმცემლებს; პოლიტიკური შეხედულებებისგან განსხვავებით, იშვიათად თუ აჩვენებდა ვინმეს თავის ქალურ არსს. ლამაზი ქალი კი იყო, და მტრულად განწყობილი საზოგადოება ხშირად ამასაც ბრალად უთვლიდა _ თავის შთამბეჭდავ გარეგნობას ბოროტად იყენებსო. ნეტა, რატომაა ცუდი ლამაზი ქალი?

1968 წელი – კუბა და ვიეტნამი, 1973 წელი _ ჩინეთი, 1993 წელი _ სარაევო და იქ დადგმული `გოდოს მოლოდინში~.… განვაგრძოთ?

სიუზან ზონტაგი 1933 წლის 16 იანვარს, ნიუ იორკში დაიბადა. ბერკლისა და ჩიკაგოში, ჰარვარდში, ოქსფორდსა და პარიზში ის ლიტერატურასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მისი ლიტერატურული დებიუტი რომანი კეთილისმყოფელი~ იყო. სანამ სერიოზულად დაიწყებდა რომანების წერას, ერთობ უჩვეულო წვრთნას გადიოდა: მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა ევროპელი, ძირითადად, ფრანგი ფილოსოფოსების, მწერლების და ხელოვანების ლიტერატურულ პორტრეტებს (ქალბატონი ზონტაგი ყველას როდი უთმობდა ყურადღებას; მას მხოლოდ ექსტრემისტები და მათი მიმდევრები იზიდავდა). უნდა ითქვას, რომ ამ ესსეების არსებობას მნიშვნელოვანწილადნიუ იორკ რევიუს~ გამომცემლებს უნდა ვუმადლოდეთ: რობერტ სილვერსმა და ბარბრა ეპშტაინმა სიუზან ზონტაგი შემთხვევით გაიცნეს, მასთან თანამშრომლობა ისურვეს და აი, რა გამოვიდა: ჟურნალის წყალობით, სიუზან ზონტაგი მეოცე საუკუნის ევროპელ მოაზროვნეთა ცოდნასა თუ ცნობაში უპირობო ავტორიტეტად გადაიქცა (აქედან ორი დასკვნა: 1. ყველა საქმეს სწავლა უნდა; და 2. ძალიან კარგი რამაა კარგი გამომცემელი, _ ა.კ.ს.).

60-იან წლებში ფრანგულ გაზეთებში მას ავანგარდის მოციქულს~ უწოდებდნენ, თავად სიუზანი კი თვლიდა, რომევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავალი~ იყო. მწერალს გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ავანგარდული კულტურის არცერთი დეტალი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მისი გმირები იყვნენ ტენესი უილიამსი, არტურ მილერი, ლეროი ჯონსი, ჯეიმს ბოლდუინი, ის აშუქებდა ეჟი გროტოვსკის და პიტერ ბრუკის სასცენო ექსპერიმენტებს, ახალ რომანს~ თუაბსურდის თეატრს~, კამპუსს, ჰეფენინგებს, პოპ-არტს და ენდი უორჰოლის შემოქმედებას. ზონტაგი წერდა, როგორც ჯონ ქეიჯის კონკრეტული მუსიკის, ასევე ჯოზეფ კორნელის მინიატურული ზარდახშების შესახებ.
ყველაზე დიდი ხმაური ატყდა კრებულის გამო, რომლის სახელწოდებაა ~ინტერპრეტაციის წინააღმდეგ~; მერე კი რადიკალური ნების მაგალითებში~ შესულმა ესსემპორნოგრაფიული წარმოსახვა~ საზოგადოება მთლად გადარია. მე მაინც მოვერიდები, რომ მკითხველს 1967 წელს დაწერილისა და ნაჩხუბარის შესახებ ვუამბო. თუ რამეა _ ზონტაგის წიგნების წაკითხვა ნამდვილად შესაძლებელია და არც ჩემს ინტერპრეტაციას საჭიროებს _ მით უმეტეს, რომ თავად ქალბატონ ზონტაგს ნებისმიერი ინტერპრეტაცია ეჯავრებოდა. 

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: ენი ლაიბოვიცი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s