ანკა ნიჟარაძე და გოგა დევდარიანი – ისტორია 21 გრადუსზე

ხვალ 12-ზე.
წინა ღამით თოვლი მოვიდა. მთაწმინდა რომ გადათეთრდა და ზემო ვერა ნახატს დაემსგავსა, ისე ავივსე თოვლის ენერგეტიკით, ისე, რომ მეგონა, ჩასუნთქვისას, ვეღარ ამოვისუნთქავდი. მეორე დილას ბარნოვის მეოთხე ჩიხამდე ფეხით ვიარე. არ ვიცი, იმ სისავსის ბრალი იყო, თოვლმა რომ განმაცდევინა, თუ რა, მაგრამ ასე მოხდა _ კარი გამიღეს და ის, რასაც ანკასგან და გოგასგან ვითხოვდი, მე თვითონ გავაკეთე _ გავიხსენი.
თვითონ გოგა ამბობს, რომ ყველასთან ვერ იხსნება და თუ რაიმე საინტერესო მიამბო, ეს იმის ბრალია, რომ იმ დღეს, 12 საათზე, გოგას, ანკას და ჩემს შორის კონტაქტი შედგა – ცხელი ჩაის, ძველი სამზარეულოს, ფანჯრის მიღმა მზეზე წყლად წასული თოვლისა და გემრიელი მურაბის ფონზე.
თუმცა, მე არ მჯერა. კინოოპერატორის თვალი სხვაა, მას ყველა ადამიანის დანახვა და ყველასთან იმ კუთხით კონტაქტი შეუძლია, თვითონაც რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. გოგაც ასეა – მას ყველა უსმენს. პირველ რიგში – ანკა. ეს ყველაზე მაგარია.
ჰო, მაგიდაზე თევზიც ცხოვრობს, ისეთ ქილაში, ძველი მულტფილმებიდან რომ გვახსოვს – გამჭვირვალე, ფართე, დიდი და ზემოთ, ტუჩისკენ გამოყვანილი.
`ეიი, თევზი, თევზი, რას შვრები მანდ?~ _ გოგა ქილას თითებს უკაკუნებს.
თევზს თევზი ჰქვია. ბიჭია თუ გოგო, არ ვიცით. მაგრამ ერთი დრამატული ლოვე სტორყ ამ ცხოვრებაში ხომ ყველას აქვს, მათ შორის _ თევზსაც. ქილაში მასთან ერთად, თურმე, ადრე მეორე თევზიც ცხოვრობდა. იყვნენ ერთად, ბედნიერად, ქილაში მათთვის ჩაშვებული ნუგბარით, წყლის სიმსუბუქით, ქილის სიმრგვალით ვერ ძღებოდნენ. მერე, ერთ დილას, გოგამ ერთი თევზი ვეღარ იპოვა, მეორე კი გამწარებული დარბოდა აღმა-დაღმა, დაკარგულს ეძებდა. გაირკვა, რომ უბედური თევზი ნიჟარაში გაჭედილა და საწყალს, ხერხემალი გადატეხია. თურმე, საოცარი სანახავი იყო, როგორ ევლებოდა თავს თევზი დაშავებულ საყვარელს, როგორ უვლიდა, როგორ ზრუნავდა, როგორ ნერვიულობდა. იმდენი ქნა, ორ დღეს აცოცხლა. მერე დაქვრივდა. თან აღარც სახელი დარჩა და აღარც სქესი. ვინც მისი ვინაობა იცოდა და ვისაც მისი სექსუალური ორიენტაცია ედარდებოდა, ის გვერდით აღარ ჰყავს და რაღა აზრი აქვს…
…ჰოდა, რას შვრები, მანდ, თევზი?

უშენოდ~ ერთი ასეთი შაბლონია, ცხოვრებისეული – ქმნის პროცესი ერთნაირია სახლის შენების, კინოს გადაღების და წერილის წერის დროსაც: ყველაფერი ჩონჩხზეა აგებული. ჩვენს შემთხვევაში ჩონჩხი წერილის სავარაუდო სქემაა, რომელზეც მერე ამბები უნდა დააშენო, ადამიანები დაასახლო. მაგრამ არსებობს მეორე ცხოვრებისეული შაბლონიც, რომელიც გვასწავლის: სქემები და გეგმები ხშირად არ ამართლებს ხოლმე, მით უმეტეს, როცა... მით უმეტეს ახლა – ანკასთან და გოგასთან. თუმცა, მაინც გეტყვით, სქემა ასეთი იყო: ცალკე ყოფილიყო ანკა, იმ ცხოვრებით, რომელიც გოგამდე გაიარა და ცალკე ყოფილყო გოგა, იმ ცხოვრებით, რომელიც ანკამდე იყო. და ბოლოს ყოფილიყო საერთო, აწმყო ცხოვრება; ანუ, გამოსვლოდათ რაღაც, მდინარის ორი ნაკადის შეერთების მსგავსი. ეს სქემა პირველსავე მცდელობაზე ჩაიფუშა. იცინეს და ერთმანეთს კითხვა შეუბრუნეს: ანკა: როგორ ვცხოვრობდი ადრე? გოგა: ჰო, როგორ ცხოვრობდი? ანკა: რა ვიცი, ალბ... გოგა: მე ვიცი. როგორ ცხოვრობდი და უჩემოდ! აი, ასე! ხო, რა, იყო ცხოვრება, რომელსაც სახელად ერქვა _უშენოდ~;
ცხოვრება, რომელშიც შედიოდა ცალ-ცალკე ოჯახები და შვილები: ფოტოგრაფს, ანკა ნიჟარაძეს – სანდრო, კინოოპერატორს, გოგა დევდარიანს – მიხო.
მერე კი დაიწყო ამბავი, 21 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურაზე – ერთი შეხედვით, სრულიად გრილ და უწყინარ ტემპერატურაზე, რომელმაც სინამდვილეში მთელი ცხოვრება შეცვალა – რა თქმა უნდა, სიკეთისკენ.

გოგონა ლონდონისებური მზერით
სანამ სუფთა დაფას~ დაზოგი ჭირი მარგებელია~-ს ვნახავდით, ანკა მამის, ზურაბ ნიჟარაძის ალბომში ვნახე, ზინგერის ტექსტით. 1985 წელს გამოსულ ალბომში შესულია 1981 წელს დახატული პორტრეტი. გოგო 12 წლისაა. ცისფერზე კიდევ უფრო ცისფერი კაბა აცვია, ოქროსფერი თმა აქვს, ძალიან დაკვირვებული, სერიოზული მზერა და სახის თხელი ნაკვთები. მერე ამ მზერას მაყურებელი კინოეკრანზე აკვირდება და იხიბლება. ყველა ხვდება, რომ კინომ სრულიად ახალი და განსხვავებული სახე იპოვა, რაღაც ამოუცნობი, განყენებული. ზოგ კინომსახიობს ღიმილი აქვს ასეთი _ დაუვიწყარი, ზოგს – სიცილი, ანკას – მზერა, მზერა, რომელიც არასდროს არ არის მიმართული მაყურებლისკენ; მზერა, რომელიც უფრო ირიბია, იდუმალი და ამიტომ სხვანაირად მიმზიდველი.
ეს პორტრეტი მამამ თითქმის ზეპირად დახატა. ბურთისთვის ამოვედი სახლში, ფეხბურთს ვეთამაშებოდი ბიჭებს, მეკარედ ვიდექი. ხატვისას მხოლოდ ხუთი წუთით გავუჩერდი და მერე ისევ ეზოში გავიქეცი. მერე გადაღებებიც დაიწყო. პირველად რეზო ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმზე (მგლის ლეკვები~) დამამტკიცეს. მერესუფთა დაფა~ იყო, ეპიზოდური როლი ფილმში რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე~ დაზოგი ჭირი მარგებელია~. გადაღებებზე თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი, რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ არ მსიამოვნებდა ის აჟიოტაჟი, ფილმის გამოსვლის შემდეგ რომ ატყდებოდა ხოლმე. არ მსიამოვნებდა, ამდენს რომ ლაპარაკობდნენ ჩემს შესახებ. და ერთხელაც, როცა მივხვდი, რომ უკვე შემეძლო მეთქვა _ ეს მე არ მინდა~, ვთქვი კიდეც, რომ არ მინდოდა; ანუ, გაჩნდა რაღაც შინაგანი პროტესტი, რომელმაც სიმორცხვეც მოიტანა~. ასე გაემიჯნა ანკა გადასაღებ მოედანს. არ მინდა-ს თქმის შემ­დეგ, მალევე, ლონდონში წავიდა, სტუმრად. სწორედ იქ შედგა უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული აღმოჩენა – ანკამ ფოტო იპოვა, მის მზერას კი საზრისი მიეცა.იმდენად ლამაზი იყო იქაურობა, რომ რაღაც უნდა მექნა. ფოტოების გადაღება დავიწყე~, _ იხსნებს ანკა და ამ მარტივი წინადადებებით კომპლექსურ აზრს ავითარებს. გულისხმობს იმას, რომ წვიმიანმა, მაგრამ არა მელანქოლიურმა ლონდონმა გოგონას თავისი თავი აპოვნინა. აღმოჩნდა, რომ ანკას სულ სხვა თამაში უნდოდა, სულ სხვა გარდასახვა. თამაში არა გადასაღებ მოედანზე, არამედ თამაში გარემოსთან, საკუთარი თვალით აღმოჩენილ რეალობასთან, საკუთარ წარმოსახვაში კადრირებულ სიტუაციებთან, ადამიანებთან, ემოციებთან, ფერებთან.
ფოტომ, კინოსგან განსხვავებით, მომცა ერთი და მთავარი _ გარემოს აღქმა. ჩემთვის ვაკონკრეტებ, რასაც ვხედავ, რასაც ვამჩნევ, რაც მინდა, რომ იყოს. ცხადია, ესეც თამაშია, თან საკმაოდ ბავშვური იმიტომ, რომ თუ არ გაერთე, არაფერი გამოგივა. კამერით ხელში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ფოტოს ბოლოს და ბოლოს, სახლში წაიღებ, დაჭრი, არავის ანახებ, ან პირიქით _ ანახებ. თანდათან კამერას ისე შევეჩვიე, რომ ლაპარაკიც აღარ მინდოდა. ვდუმდი და მარტო ვიყურებოდი, გონებაში კადრებს ვჭრიდი. სულ მეჩხუბებოდნენ~. ანკას მოგვიანებით გადაღებული ფოტოებისგან განსხვავებით, ლონდონი მართლაც გართობა იყო. ქალაქის ყოვლად სერიოზული პეიზაჟები – გალერეატეიტი~, ხიდები ტემზაზე, ტრაფალგარის სკვერი, სოჰო და ტელეფონის ჯიხურები ძალიან სასაცილო გამოდიოდა. ანკა ხომ თავისი სხეულის ახალ დანამატთან~ ჯერ კიდევ შეგუების პროცესში იყო – პროფესიონალოლიმპუსთან~, რომელიც მას იქვე, ლონდონში გაცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა აყიდინა. ახალბედა კოლეგას რამდენიმე დაუწერელი კანონიც მანვე ასწავლა. პირველ რიგში კი ის, რომ გადაღების სწავლამდე, ჯერ კამერას უნდა შეეჩვიო, უნდა შეიგრძნო, შენი სხეულის ისეთივე ორგანულ ნაწილად უნდა შეიგუო, როგორიც ხელები და თვალებია…
ფოტოფირზე ასე ნელ-ნელა გადადიოდა გადაღებაში, ნახატსა და აღქმაში ათასგზის გაცვეთილი ლონდონის პეიზაჟები;
და ასე ნელ-ნელა იძერწებოდა ერთი ყველაზე ლოგიკური ჭეშმარიტებაც: გოგონასგან, რომელსაც ასეთი სიღრმიდან ამომავალი მზერა აქვს, არ შეიძლება საბოლოოდ ჯულია რობერტსი დადგეს – უდარდელი, ცხენისკბილება ლამაზმანი, მსუბუქი და ეფემერული მშვენებით; დადგეს ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავია და სინამდვილეში ისეთივე მოსაწყენი და ჩვეულებრივია, როგორც უფერული მასა.
მოკლედ, საბოლოო ჯამში, სულ პირიქით გამოვიდა – გოგონას, რომელსაც კინოვარსკვლავობას უქადდნენ, ისეთი ორბუნებოვანი გამოხედვა აღმოაჩნდა, როგორიც თვითონ ამ გამოხედვის გამშალაშინებელი~ ლონდონია – თან წვიმიანი და ნისლიანი, ანუ მოსაწყენი, სევდიანი და თან ძალიან მოძრავი, ლამაზი სხეულისა და გახშირებული სუნთქვის მქონე ქალაქი, აზიურისა და ბრიტანულის ნაზავით. ამ გოგონამ ერთი გაბედულიარ მინდა~ თქვა და მერე ამ ორბუნებოვანი ქალაქის წყალობით, საკუთარი თავიც ფოტოგრაფიაში იპოვა და გოგაც.

წინ და უკან
გოგა დევდარიანი კინოოპერატორია. თამარ შავგულიძისა და თორნიკე ბზიავას ფილმებზე მუშაობდა, მონაწილეობდა ალტერნატიული ხელოვნების ფესტივალში, ხელოვნების მატარებლის აქციაში. მაშინ მთელი გზა ყველა ანკასა და გოგას კუპეზე ლაპარაკობდა. კუპე ფოტოლაბორატორიად გადააკეთეს, ესეც ერთად მოიფიქრეს.
თუ ანკა კინოდან ფოტოგრაფიაში გადავიდა, გოგა პირიქით – ფოტოდან კინოში მოვიდა, ოღონდ ისე, რომ საწყის წერტილში დარჩენაც მოახერხა:
მამაჩემი ფოტოებს აი, ამ აბაზანაში ბეჭდავდა ხოლმე. ბაკურიანში წავედით. 3-4 წლის ვიყავი, შეიძლება სულაც 4-5-ის. გვიღებდა და მერე ბეჭდავდა. ერთხელ მეც შევედი აბაზანაში. ვხედავ, ოთახი წითელია. მამა დგას, რაღაცას ჩალიჩობს, თან, საერთოდ გაუგებარ ენაზე მელაპარაკება. ვხედავ, ქაღალდი დადო – სუფთა, მერე რაღაცაში ჩადო, ამოიღო, ვუყურებ და ბაახ! –ფოტო არ გაჩნდა. ეს არის სურათი, რომელიც დღემდე მახსოვს, როგორ გადაიღო, როგორ გაამჟღავნა, როგორ დაბეჭდა. დღემდე მაქვს და ყველაზე მაგრად მიყვარს, რა~. შემდეგი საეტაპო მომენტის დროს, გოგა უკვე სხვა როლში იყო – ის თვითონ იყო მამა და თავის შვილს, ახალდაბადებულ მიხოს ფოტოებს უღებდა. პარკში იყვნენ, მეგობრებთან, ცოლთან და ბავშვთან ერთად. შემდეგ ფოტოები მაიკოს ბებიამ, ხელოვნებათმცოდნე ლია დოლაბერიძემ ნახა და გოგას ურჩია, იქნებ კინოოპერატორობა გეცადაო.კინოში ლიას წყალობით მოვხვდი და ახლა, როცა დადგა დრო და რაღაცეები მართლა გამომივიდა, ლია შეუძლოდ არის, და ჩემს შესახებ არაფერი იცის. არადა, მაგრად მინდოდა, რომ სცოდნოდა. შეიძლება, გრძნობს კიდეც და მე ვერ ვხვდები… ის ჩემი შვილის დიდი ბებიაა~.

ფირი და ადამიანი
ანკა ისევ იმ ოლიმპუსით~ იღებს, ლონდონში რომ იყიდა. უკვე ექსპონომეტრიც აღარ აქვს, გუმანით ხვდება, სად რა და როგორ უნდა. სულ კამერით ხელში მას ვერავინ ნახავს, პერიოდულად ჩავარდნები აქვს და იმიტომ. ასეთ დროს ხატავს ხოლმე.ისე კი, ყველაზე კარგი კადრები თავშია, ის, რაც არ გადაღებულა~. ციფრულ ფოტოკამერას ვერ ეგუება, ფირიანში სწორედ მასალა მოსწონს და ამ დროს საუბარში გოგა ერთვება. ისედაც კარგად გაძლო ჩუმად; უფრო სწორად, ვერ გაძლო. ერთვება და ისე გვეკითხება, პასუხი უკვე წინასწარ იცის:
ხომ შეიძლება, რომ ჩაგერთოთ ხოლმე? პარალელურად ვიბაზროთ, არა?~. დავბაზრობთ~ ფოტოგრაფიაზე, რომელსაც თანდათან სიყვარულამდე მივყავართ.
ირკვევა, რომ გოგა ციფრული ფოტოსგან შორს დგას. ირკევა ისიც, რომ მისთვის, ზოგადად, ფოტო უფრო ახლობელია, ვიდრე კინო: ჩემთვის ჯერ ფოტოა და მერე კინო. ფოტოსთან უფრო განმარტოებული ხარ. როგორც მუნკისკივილში~, ეგრეა, რა, დადექი და იკივლე, რამდენიც გინდა. ფოტოგრაფია ადამიანივითაა. როგორც ადამიანს აქვს სხეულის ნორმალური ტემპერატურა, ფირიც ეგრეა, თავისი ტემპერატურა აქვს – 21 გრადუსი. ეს სულ უნდა გახსოვდეს.
ფირს კიდევ ერთი რამე აქვს მაგარი – მგრძნობიარობა. და ცხოვრებაში მთავარი ეგ არ არის, მგრძნობიარე რომ ხარ? რაღაც თუ რაღაცას გრძნობს, ესე იგი, ცოცხალ არსებას ჰგავს. ციფრი კი კადრია, პირდაპირ კადრი და მეტი არაფერი.
ფოტოქაღალდი, წამალი – ესეც მაგარია. მერე იქ ნივთიერებების ცვალებადობა მიმდინარეობს. იმას დააკლებ, კონტრასტი მოემატება, დატოვებ და – დაჟანგდება ქიმიკატები.~

აცეტონში, წითელ შუქში, ხალათში~... ფოტოგრაფიამ ასე იცის – ადამიანებს თვითონ შეგახვედრებს. ჩვენც ერთმანეთი ფოტომ გაგვაცნო~ – ლაპარაკობს ისევ გოგა. ანკა უსმენს. ხელები გულზე აქვს დაჭდობილი, ნიკაპი _ მხარზე ჩამოდებული, გოგას უყურებს და უსმენს ისე, თითქოს უცხო ადამიანების ძალიან საინტერესო ისტორიას პირველად უამბობდნენ.
ისტორიას სინამდვილეში პირველად მე ვისმენ. ამბავი მართლაც საინტერესოა – ბოლომდე გულისფანცქალით რომ უსმინო, ამისთვის სულ არ არის საჭირო, პირწავარდნილი რომანტიკოსი იყო.
ანკაც და გოგაც იქვე, ექსპრომტად არკეევენ, რომ მათი ისტორია თავისუფლად შეიძლებოდა, გაცილებით უფრო დიდი ხნის წინ, ბავ­შვობაში დაწყებულიყო. თურმე ფილმ მგლის ლეკვების~ სინჯებზე გოგაც მისულა, მაგრამ როლზე არ დაუმტკიცებიათ. ანკას კი როლი მისცეს და პირველად ერთმანეთს ასე აცდნენ. მაგრამ ის, რაც უნდა მომხდარიყო, მაინც მოხდა, თანაც ზუსტად მაშინ, როცა საჭირო იყო – ანკას ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ; და მოხდა იქ, სადაც ლოგიკურად უნდა დაწყებულიყო – ფოტოლაბორატორიაში. მაშინ ექსპერიმენტების ხანა იდგა. გოგა დევდარიანს და მის მეგობრებს ცდებისკენ მასალის სიმცირეც უბიძგებდა. იდეები რომ განეხორციელებინათ, ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ. საჭირო ეფექტის მისაღწევად, სრულიად დაუჯერებელ რამეებს სჩადიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი, აუცილებლად განსახორციელებელი იდეა თეონა მამფორიას ეკუთვნოდა. მას სურდა, გიო მგელაძის მიერ ტიბეტიდან ჩამოტანილი ფოტოები ტილოზე გადაეტანა და შემდეგ ტილოსგან კოსტიუმები შეეკერა. მაგრამ ტილო ნემსს ვერ უძლებდა. იდეა ჩაფუშვის პირას იდგა. მაშინ გოგამ ვადაგასული, 70-იან წლებში გამოშვებული ფირების გამოყენება სცადა – ასე მასალა მართლაც ძალიან ემსგავსებოდა უხეშ ქსოვილს. გოგა გასამჟღავნებელ და დასაბეჭდ წამალსაც თვითონ ამზადებდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მიხვდა, რომ აცეტონი რაღაც ქიმიურ პროცესებს აჩქარებდა: რა ჰქვიათ იმათ, ბენზინით რომ კაიფობენ? ტოქსიკომანები? ჰო, აი, ტოქსიკომანებივით ვიყავით, რა. გიო დაანათებდა, დაბეჭდავდა და მაწოდებდა. ვიდექით ამ აცეტონის სუნში და ვჩალიჩობდით. ერთი კვირა ვერაფერს ვხედავდი, კინაღამ გადამიყოლა, კინაღამ დავბრმავდი~.
ანკაც ზუსტად იმ პერიოდში ჩამოვიდა. გოგას გიომ უთხრა, გოგოა, ბეჭდვის სწავლა უნდა და ჩვენთან მოვიყვანოთო.
მოწაფეები არ მყავდა, მაშინ მე თვითონ ვიყავი მოწაფე და ლამის ახლაც მოწაფე ვარ, მაგრამ გიოს მაინც ვუთხარი, კარგი, მოვიყ­ვანოთ, მოგვეხმარება-მეთქი. მოვიდა. ვმუშაობდით. მის ტანსაცმელს ვუფრთხილდებოდით და ლაბორატორიაში შემოსვლამდე ჩემს ხალათს ვაძლევდი ხოლმე. მერე მიდიოდა, მერე რაღაც პერიოდი არ მოდიოდა – იღებდა, ალბათ. მერე ისევ მოდიოდა. როცა არ ჩანდა, დიდად არ ვფიქრობდი ხოლმე ამაზე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დღეს ხალათი თვითონ არ ჩავიცვი და რაღაც სუნი არ ვიგრძენი – ანკას სუნი. მაშინ მივხვდი, რომ როცა აქ არ იყო, ძალიან მაკლდა. მერე უკვე, ზუსტად ვიცოდი – როცა მოდიოდა, მაგრად მიხაროდა. ასე რა, ისედაც აცეტონით გაბრუებული, სულ გამაბრუა. ყველაფერი ფოტოლაბორატორიაში დაიწყო, შუქებში – წითელ შუქებში და აცეტონის მძაფრ სუნში~... ეს ამბის ის ნაწილია, გოგა რომ ჰყვება. ანკას ნაწილს კიდევ რამდენიმე შტრიხი ემატება: მერე თავისი ნეპალის ფოტოები მაჩვენა და ამბები მიამბო. თავიდან ვფიქრობდი, რაღაცეებს ამეტებს, ასეთი რამ არ ხდება-მეთქი. მაგრამ ერთხელაც დავიძინე და სიზმარში ყველაფერი ის ვნახე, რაც თვითონ ამიწერა და რაც ფოტოებზე მაჩვენა. შთაბეჭდილებიდან ვერაფრით გამოვედი. ასეა დღემდე – გოგა მიამბობს, მერე ვიძინებ და მესიზმრება ხოლმე~…
ანკა და გოგა – ეს ის შემთხვევაა, როცა კონტაქტი ქვეცნობიერშიც გრძელდება; როცა ემოცია იმდენად დიდია, ერთმანეთის გაგებისა და მოსმენის სურვილი _ იმდენად ძლიერი, რომ სიზმრების სამყაროს მიღმაც ერთად რჩებიან.
ის, რაც ანკას ესიზმრება
ერთი დაძახება, ერთი მონდომება, ერთი ანთება და გოგას წამის მეათედებში შეუძლია ნებისმიერი მძაფრი შთაბეჭდილების აღდგენა, მოგონებებიდან მისი ცოცხალივით გამოხმობა. მერე თვალებანთებული, ძალიან გადამდებად ჰყვება და იმასაც აღწევს, რაზეც თავიდან, ალბათ, ვერც იოცნებებდა: სიზმრებში, ანკას საკუთარ თავზე განაცდევინებს იმას, რაც თვითონ განიცადა და რისი ანკასთან გაზიარებაც ყველაზე მეტად უნდოდა. და აი, რა ესიზმრება ანკას:
ბაღდაპური – აგურის ქალაქი, სადაც მიწაც ეგეთია, აგურის, სახლებიც და ეზოებიც, ყველგან ოქროს ჭიშკრებია, აქა-იქ ხე – როგორც სიბრძნის, ფესვების სიმბოლო.
მერე გოგა კატმანდუშია, მაიმუნებისა და პაგოდების, მისტიკის ქალაქში. ფული ცოტა აქვს, სადღაც უღამდება და იქვე რჩება დილამდე, ერთი ბანანის იმედად. დილას კი მაიმუნი მოიპარება, კუდის ქიცინით, ქურდულად, შეთქმულის გამომეტყველებით და გოგას საუზმედ გათვალისწინებულ ბანანს ჰპარავს – მომპარა და დამეთესა, ტო, დამტოვა ეგრე~. ისევ კატმანდუ. ქორწილია. ქუჩაში სარებიანი ქალებისა და მამაკაცების ჯგუფი მოდის. დღე მზიანია, ქუჩა ვიწრო და ჭრელი, გამვლელითაც და ჭუჭყითაც. რამდენიმეს მზითევად ლოგინი მიაქვს. ლოგინს ზარები და ჯაჭვები ჰკიდია. მექორწილეები ქუჩას მიუყვებიან, ლოგინი უჭირავთ, მიაჟღარუნებენ და თან, რაღაცას რიტმულად მღერიან. გოგა ფოტოს იღებს. მერე ნავარების ოჯახი, ნეპალიდან. უხსოვარი დროიდან დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ხის მთლელები არიან _ ხეში შეზრდილები, თითოეული ჯიშის მცოდნენი. ასე ზრდიან შვილებსაც. გოგა დგას და ნამდვილ სასწაულს უყურებს: ერთ პატარა ნავარას გამოცდას უწყობენ. თვალს აუკრავენ, ძირს დასვამენ და ხის სხვადასხვა ნაჭრებს დაუყრიან. ბავშვმა ხელის შეხებით, ხის ფაქტურის შეგრძნებით უნდა გამოიცნოს, რომელ ჯიშთან აქვს საქმე. ზის ასე, თვალებშეხვეული. თავი უკან გადაუგდია, ციდან შთაგონების მისაღებად და საოცრად აღელვებული, ერთგვარი ვნებითაც კი, თითებში ხის ნაჭერს სრესს. გრძნობ, როგორი დაჭიმული აქვს მთელი სხეული. გოგა სლაიდებს იღებს. ამ ფერებს შემდეგ კინოში გამოიყენებს.კატმანდუში ფანტასტიკური ფერებია, საკაიფო პიგმენტები. ბუდებს ხომ ათასგვარ ტონში ღებავენ. მერე წვიმა მოდის, ფერებს წარეცხავს და ქალაქი უკვე ფერებში იჩითება. ქუჩებზე შეფერადებული წვიმის წყალი ჩამოდის. ყველას ვიღებდი – ვინც ხატავდა, ვინც ხეში თლიდა, ვინც ღებავდა, მერე ეს ფერები მზეზე ბრჭყვიალებდა. მსხვილი პლანი მქონდა აღებული – მარტო ფერის გამოყენება მინდოდა და იმიტომ~.
ისევ კატმანდუში. გოგას ჯინსი აცვია, ზევით სარი აქვს შემოხვეული. გაოგნებულია მისტიკით. ქუჩა ვიწრო და დამრეცია. გოგა მოდის, რეალობისგან განზე მდგომი, ისე, როგორც უკომპასო ადამიანი და უცებ ზევიდან ესმის: გოგაა, გოგაა~. თავიდან ჰგონია, რომ ეჩვენება. მერე იყურება და სამს ხედავს: გიო მგელაძეს, თეონა მამფორიას და ლუკას. ჩამოსულან, ნამდვილად აქ არიან, მაგრამ მაინც არარეალური სურათია. გოგაპადოშას~ და რეზო თაბუკაშვილს მწვერვალების დასალაშქრად არ წაჰყოლია. ზღვაც ასე მიყვარს, შორიდან, ყურება მირჩევნია. მთაც. კავკასიის მთები არ დამილაშქრავს და იქ ხო არ ავტეხავდი წერაყინებით სიარულს? მაგრამ რა, იქაც წავალ, მთაზეც ავალ. უფრო სწორად, ავალთ, არა, ანკა? აუ, ესთ~, რა – სულ შენიშვნებში ვარ. ვამბობ, მივდივარ და ანკა მისწორებს: მივდივართ~. მე კიდე მგონია, ისე ერთნი ვართ, ისე, რომთ~-ები საჭირო აღარ არის~.
ქვემოთ იხილეთ ორიოდე ამბავი იმის დასტურად, თუ რატომ აღარ არის საჭირო ურთიერთობაში თ~. შენ ანკამ მოგაჯადოვა~
ქართველებთან დაახლოებული უცხოელი კინოშნიკების~ რიცხვი სულ უფრო იზრდება. შარშან ჩამოსულ ნილ ჯორდანს და ნიკ ნოლტს წარმოშობით ბერძენი კინოოპერატორი ფედონ პაპამაიკლიც შეუერთდა. ფედონმა გოგას ნამუშევარი ნახა და მერე თან წაიყვანა, ჰოლივუდში. გოგა ამერიკიდან ახალი დაბრუნებულია, მაგრამ იქაური პროექტების შესახებ ლაპარაკი არ უნდა.არ მიყვარს ეს ზედმეტი რაღაცეები, რა. ცოტა მიტყდება ხოლმე ამაზე ლაპარაკი. ეს კარიერაა, ისტორიები კიდე ცხოვრებაა და სხვაა. ჯერ ისედაც არ ვარ კინოოპერატორი. შეიძლება ჰგონიათ, რომ როცა ბევრ ფილმზე უმუშავიათ, უკვე ოპერატორები არიან. არადა, ასე არ არის. მე მინდა, რომ კინოოპერატორი გავხდე და დანარჩენი უკვე ჩემს შრომაზეა დამოკიდებული. ფედონმა თან წამიყვანა იმიტომ, რომ დაინახა, მე მართლა მინდოდა სწავლა.

მაღიზიანებს, როცა ჰოლივუდს აძაგებენ. ის ცეხია, სადაც თავდაუზოგავად უნდა იმუშაო. მიდი აბა, და გაძელი იმ ცეხში, თუ მაგარი ხარ. იქ გრძნობ, რომ შენი შრომა ვიღაცას სჭირდება. თუ არ ხარ მშრომელი, გარემო შეგჭამს, შენისთანა იქ მილიონია და იმიტომ. მესმის, რომ ჯარმუში ფილმების გადასაღებად ფულს ეძებს, ვიღაცა კი, რომელმაც კინოსკოლა მასთან ერთად დაამთავრა და ჰოლივუდში ჩავიდა, ფილმებს უპრობლემოდ იღებს. რა უნდა ქნა, ის არტია, ეს ბიზნესი, მაგრამ მაინც პატივსაცემია იმიტომ, რომ შრომაზეა დაფუძნებული~.

თუმცა, რადგან ჰოლივუდზე ლაპარაკი არ გვინდა, ცოტა ხანში კი ყველაფერი ისედაც თავისით გამოვლინდება – შრომის შედეგს ხომ ვეღარავის დავუმალავთ, სჯობს ისევ `თ~-ებს და ანკას დავუბრუნდეთ.

შემთხვევა #1:
`მემფისში ვართ. მუშაობის შემდეგ, შაბათობით ფართი ეწყობოდა. ვცეკვავდით, ვერთობოდით. შესვლა მოსაწვევებით იყო, ყველას არ უშვებდნენ. უცებ, ვხედავ, ერთი ქალი ჩემსკენ მოდის, ვიღაცა ნაშა მოჰყავს. გამაცნო და მეუბნება, ამას მიხედეო. ალბათ, ჩათვალა, რომ მე ~მოშნი~ ტიპი ვარ, რომ არიქა და კარიერას გავუკეთებ, ცხოვრებას ავუწყობ. ნუ, ვიცეკვეთ, გავიცანი და ამ გოგოს ისე გაუსწორდა, რომ აღარაფერი აღარ აინტერესებს _ აღარც კინო, აღარც კარიერა. დამთავრდა საღამო და ვეუბნები, აბა, კარგად იყავი-მეთქი. ამან ჩემი მეგობრების გაოცება გამოიწვია, მითხრეს კიდეც, შენ ანკამ აშკარად მოგაჯადოვაო. ახლა რაღას იტყვი, კიდევ არ ვართ ერთი?~

შემთხვევა #2:
ისევ ამერიკა. გოგა გადაღებებზეა. ბამბის პლანტაციებში არიან. ასეთი რამე არასდროს უნახავს: გამოვშტერდი. შესვენებაზე ლანჩზე არ წავედი და დავიწყე ამ ყვავილების კრეფა, ბამბებს რომ ისხამს. თან ვფიქრობ, ამაზე უკეთესს აქედან ანკას რას ჩავუტან-მეთქი. საერთოდ, რთულად დავფრინავ ხოლმე, სულ რაღაცეები მემართება. მაშინაც, ატლანტაში უნდა გადავფრენილიყავი,დელტას~ კიდევ აერია რაღაცეები და ცინცინატიში არ გამიშვეს? ვზივარ და ვგიჟდები, თბილისში როდის ჩავალ, თან ეს ბამბა მომაქვს, ზოგს ყვავილები ცვივა და მაგრად მიტყდება, ვნერვიულობ. მერე სტიუარდესამ ბამბის ტოტებით ხელში მნახა. გამოშტერდა, რად გინდაო. მეთქი, ეს ანკასთვის არის. გაგიჟდა. პაკეტი მომცა, ჩამიდო, ანკასთან მოკითხვა დამაბარა. საზღვარზეც ასე გამოვატარე, რა. გზაში ყველა მეკითხებოდა, ვისთვის მიგაქვს, ვისთვის. ანკასთვის, ანკასთვის, ანკასთვის. აჰა, კიდევ იტყვი, რომ არ დავფრინავ შენთან ერთად?~

ანკა: მერე ამ ყველაფერს ასე კარგად ჰყვება. მეც ვიძინებ და სიზმრებში ვხედავ, ეგრეა, რა.
გოგა: და ეგრე ვართ, რა.

მერე ასეთ სურათს ვხედავ: ორივე ხომ, ხშირ შემთხვევაში, ობიექ­ტივით უყურებს ცხოვრებას. ჰოდა, მეც წარმოვიდგენ, როგორ დგანან ანკა და გოგა ერთმანეთის პირისპირ, კამერებით და ერთმანეთს ფოტოს უღებენ. რას ხედავენ?

გოგა: აუ, ისე მე არ გადამიღია შენი ფოტო.
ანკა: რატომ? მე კი.
გოგა: კიი? როდის, ე?
ანკა: ძალიან სასაცილოდ ვიღებდი. ვითომ რაღაცა სხვას ვუღებდი, მაგრამ სინამდვილეში გოგას: ფოტოზე ან მის ჩრდილს მოვახვედრებდი ხოლმე, ან რამე დეტალს, ვთქვათ ფეხს. მარტო მე ვიცოდი, რომ ეს ფოტო გოგასია. რაღაც დაფარული გამოსახულების მსგავსი იყო. ისე კი, გინდა, წარმოვიდგინო, რომ ახლა ვითომ ვდგავარ და გოგას ფოტოს ვუღებ და რას ვხედავ? ანუ, როგორია გოგა? რა ვიცი, ახლა უკვე ისეთია, რომ ვეღარ დავახასიათებ.
გოგა: ისე, როგორც საკუთარ თავს ვერ დაახასიათებ, არა?
ანკა: ხო, ზუსტად.
გოგა: ასეა, რა. ერთად ვცხოვრობთ, თან რაღაც იდეები გვაქვს. იდეა ერთად ვითარდება, შრომაში. ყველას ჩვენ-ჩვენი პახოდკა გვაქვს, მე _ ჩემი, ანკას _ თავისი და რაღაცნაირად ვავსებთ ერთმანეთს.

არ შეგვაწუხოთ, ლაბორატორია დაკავებულია. ისევ~ ...ვისმენდით ამბავს, რომელიც 21-გრადუსიანი ფირის ზედაპირზე დაიწყო, მერე კი წითელ შუქში, აცეტონის სუნში, ქიმიკატებით დალაქავებულ ხალათში, მისტიკურ იგავებსა და სიზმრებში განვითარდა. ვისმენდით ამბავს, რომლის დედააზრიც ასეთია: ეძებე კომფორტი. კომფორტში გოგა და ანკა არ გულისხმობენ იმას, რომ მათი სამზარეულოს კუთხის სავარძელის დასაჯდომი ჩავარდნილია, არც იმას, ძველ ტელევიზორს ერთადერთი ფერი – მწვანე რომ დარჩენია და უფროჩამორადიოებულა~. კომფორტი შენი პახოდკით~ სიარული და საყვარელი ადამიანის შენით შევსებაა. ეგრეა, რა. მანამდე? მანამდე კი, როგორც გახსოვთ, იყო ცხოვრება, რომელსაც ერქვაუშენოდ~. არც ამ ცხოვრებას ნანობს რომელიმე. სიყვარული რამდენჯერმე მოდის, სინანული რა შუაშია. თან შვილები ჰყავთ _ 18 წლის სანდრო და 12 წლის მიხო. მართლა ძალიან კარგი შვილები გვყავს. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენი არიან~, _ ამბობს ანკა, _ოღონდ, მეტი არ გვინდა, რა. ამით დავამთავროთ,~ – მეუბნება და ისევ ისე სხვანაირად, ირიბად იყურება. მერე ჩვეულ პოზას იღებს: ხელები გულზე, ნიკაპი მხარზე, თვალები – გოგასკენ მიმართული. გოგა რაღაცას ჰყვება, როგორც ყოველთვის, ახლაც გადამდებად. მას ყველა უსმენს, პირველ რიგში, ანკა. ეს კი ყველაზე მაგარია…

ავტორი: თამარ ბაბუაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s