დონ პეპე – ჯო ზავინული

ისინი, ვისაც ტფილისში უნახავს ალექსანდრე დიუმა, ცოცხლები აღარ არიან. შეიძლება ცოცხალი იყო ვინმე მათ შორის, ვისაც კნუტ ჰამსუნის ჩამოსვლა ახსოვს საქართველოში, მაგრამ მხოლოდ თეორიულად, რეალურად კი ცოცხლები არიან ისინი, ვინც თბილისში სტუმრად მყოფ ჯონ სტეინბეკს მასპინძლობდნენ. ცოცხლები არიან ისინიც, ვინც ჩვენი ქალაქის ქუჩებში საკუთარი თვალით ნახა გაკვირვებული ბობ დილანი და აღშფოთებული ალენ გინზბერგი.
პირადად, საქართველოში ჩამობრძანებულ სახელოვან უცხოელებს შორის, კარგად მახსოვს კევინ კიგანი – პირდაღებული რომ დატოვა ოთარ გაბელია და მასთან ერთად ჩვენი რესპუბლიკის გაწვალებული მოსახლეობა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის, მაინც ჯოზეფ ზავინულის კონცერტი იყო. ჯო ზავინულის თბილისში ჩამოსვლა და საერთოდ, მისი შემოქმედების პოპულარიზაცია საქართველოში, რეჟისორ დავით საყვარელიძის დიდი დამსახურებაა, რომელსაც ზავინულის ფოტოებით თავისი ოთახი ჯერ კიდევ საბჭოთა ბავშობაში ჰქონდა აჭრელებული და მაშინაც კი, როცა ყველა საბჭოთა ბავშვს სოფია როტარუსა და ლევ ლეშჩენკოს მოსმენა ევალებოდა, სუყო მაინც ჯიუტად უსმენდა ჯო ზავინულს და მეტიც _ მის შემოქმედებას აქტიურ პროპაგანდას უწევდა. პირველად ზავინულის კომპოზიციები მეც სუყომ მომასმენინა და პირველივე მოსმენაზე მივხვდი, რომ ჯო ზავინული ნამდვილი გენიოსი იყო. ანკი რა ძნელი მისახვედრი ეგ იყო, მაგრამ იმას, რაც თბილისის კონცერტზე ვნახე და მოვისმინე, მაინც ძნელად წარმოვიდგენდი და მაინც არ მჯეროდა, რომ რასაც სცენიდან ვისმენდი (მეშვიდე რიგში ვიჯექი), ადამიანის მიერ იყო შექმნილი. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ჰარმონიის მიღწევა მართლაც შესაძლებელია და რაც მთავარია, ვიყავი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და არა რომელიმე გრიმის რომელიმე ზღაპარში. თუმცა იმ საიდუმლოს ამოხსნას, რასაც ზავინულის სასწაული ჰქვია, იქვე დარბაზშივე შევეცადე და მგონი მივაგენი კიდეც: ჩემის ღრმა რწმენით (რაც თავისთავად სუბიექტური მოსაზრებაა), ყველაზე მნიშვნელოვანი საზრდო, რითიც ჯო ზავინულის შემოქმედება იკვებება _ ფოლკლორია. ზავინულმა იმდენად კარგად იცის მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური ფოლკლორი, რომ ზემოთქმულის გამო, მისთვის მუსიკაში არანაირი სირთულე აღარ არსებობს და იმ ზღვა ნიჭის გამოყენებასაც, რომელიც მას აქვს, სწორედ ცოდნასთან ერთად ახერხებს. უკვე ნახსენები ჰარმონიულობაც მის შემოქმედებაში, ამ აუცილებელ სინთეზს ეფუძნება კიდეც და შედეგიც (შესაბამისად), სამართლიანია _ მთელს მსოფლიოში, იქ, სადაც სერიოზული მუსიკა სერიოზულად უყვართ, ჯო ზავინული ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მართლაც უზარმაზარი ფიგურა და ავტორიტეტია.
თბილისში ზავინულის კონცერტს, რა თქმა უნდა, ქართველი მომღერლებიც ესწრებოდნენ (ვინც ხალხურ სიმღერებს ასრულებს) და კონცერტის ბოლოს (რომელიც სინამდვილეში ნამდვილი დღესასწაული იყო), ქართველები სცენაზე ავიდნენ მადლობის სათქმელად. ჯო ზავინული (თავისი პატარა, კოხტა და კლასიკური თავით), დაღლილი და ცოტა გაკვირვებული იყო მადლიერების უჩვეულო გამოხატვით _ ოცამდე მამაკაცი (დიდი ქართული თავებით), სცენაზე ადიოდნენ და ოფლიანი ტუჩებით კოცნიდნენ გენიოს მუსიკოსს. გენიოსს ყველაფრის ცოდნა არც ევალება და ზავინულმაც არ იცოდა, რომ სანამ რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩნდებოდით, საქართველოში კაცები ერთმანეთს მხოლოდ მხარზე კოცნიდნენ და ისიც იდგა გაოგნებული ამ უჩვეულო სანახაობით. სუფრაზეც, მის პატივსაცემად რომ გაიმართა კონცერტის შემდეგ, როცა თამადა შეზარხოშდა ღვინისა და სიყვარულისგან და მეზობელი მამაკაცი გულში ჩაიკრა, მანოლო ბოდრენამ ზავინულის გასაგონად, ბავშვივით, აღტაცებულმა იყვირა:
_ Don Pepe, look Don Pepe!..
პეპე ზავინულმა, სუფრის ბოლოსკენ, როგორც ჩანს, თვალი შეაჩვია ამ უცნაურ სანახაობას და აღარაფერი უკვირდა. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ქართველი კაცების ურთიერთამბორს (მიუხედავად ამ კაცების მონდომებისა) საერთო არაფერი აქვს ჰომოსექსუალიზმთან და დონ პეპემაც ამოისუნთქა. პირიქით, ძალიან გამხიარულდა, სიამოვნებით მოუსმინა გლახო ზახაროვის დასტის ნარჩენებს და ხელებიც კი გაშალა. სხვათა შორის, ზავინულის კონტრაქტში მართლაც იყო მუხლი, რომლის თანახმადაც, ჯო ზავინული, კონცერტის შემდეგ, აუცილებლად უნდა მისულიყო სტუმრად საყვარელიძეებთან ოჯახში და საკუთარი თვალით ენახა სუყოს ოჯახის კედლები. ერთხელ თურმე, ბავშვობაში, სუყოსთვის მამამისს, ბატონ ივანეს უკითხავს, – ამ კაცის ფოტოები რომ გაქვს ყველგან გაკრული, ასეთი ვინ არისო.
სუყოს უხუმრია, მამაჩემიაო და ბატონ ივანეს (შვილზე უფრო დიდი იუმორის პატრონს) – ფულიც მაგან მოგცეს ხოლმე და მე აღარ შემაწუხოო…
ალბათ რამდენჯერ გაუმართავთ ბანკეტი ჯო ზავინულის პატივსაცემად.
რამდენ ქვეყანაში, მაგრამ სახლში რომ დავეპატიჟებინე ვინმეს, კონცერტის შემდეგ, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარაო და ბატონი პეპე, მართლა ბედნიერი ჩანდა. დონ პეპე რატომ და ვინ დაარქვა არ მიკითხავს, მაგრამ მანოლო ბოდრენაც ასე მიმართავდა ზავინულს და ვიქტორ ბეილიც, რომელსაც მოტეხილი ფეხი მთელ სიგრძეზე ჰქონდა დაბინტული. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ჯერ მორიდებულად, შემდეგ კი დაჟინებით მოვითხოვე, რომ დილით, როცა აეროპორტისაკენ დავიძრებოდით ძვირფასი სტუმრების გასაცილებლად, აუცილებლად შეგვევლო ბიჭიკო ასკურავასთან, ვიქტორ ბეილის მოტეხილი ფეხის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე განსხვავებული უკვე დალეული მქონდა, მაინც მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია _ თუ სტუმრების პატივისცემა ბოლომდე გვინდოდა, მაშინ ბიჭიკო ასკურავასთან აუცილებლად უნდა მიგვეყვანა ვიქტორ ბეილი, რადგან იგი ზავინულის ბენდის წევრი იყო და ჯო ზავინულს ჯანმრთელი ბასისტი უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ფეხმოტეხილი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვიქტორ ბეილისთვის საღი ხელები უფრო აუცილებელი იყო, ვიდრე საღი ფეხები. თვითონ ვიქტორს რომ ავუხსენი, თუ რატომ ვახსენებდი მის სახელს ასე ხშირად და ხმამაღლა, დიდი მადლობა მითხრა თანაგრძნობისათვის და ნუ შეწუხდები და იმ ქართველ ექიმსაც ნუ შეაწუხებო, _ მითხრა. რა შეწუხება ეგ არის, ბიჭიკო ასკურავას სხვა საქმე კი არაფერი აქვს-მეთქი, მაგრამ მაინც დავითანხმე და თუ ჩემი პატივისცემა გინდა, ერთი აქეთ მოიწი და ერთ უწყინარ შეკითხვაზე მიპასუხეო. ჩემი თავი გენაცვალოს-მეთქი და ვიქტორ ბეილის გვერდით გადავჯექი. სწორედ ამ დროს ქეთი გამცემლიძე შალახოს ნაირსახეობას ცეკვავდა იქვე, სუფრის მისადგომებთან და საყოველთაო ტაშისცემის მიუხედავად, ვიქტორმა მაინც ხმადაბლა, ჩუმად მკითხა _ ეს თამადა კაცი და ის დანარჩენი კაცები გეები ხომ არ არიანო. მინდოდა მეთქვა რას კადრულობ-მეთქი, მაგრამ მაინც მოვითმინე და შევეცადე მშვიდად მეპასუხა რო გეები თქვენსკენ მოიკითხეთ-მეთქი და უცებ შემაწყვეტინა _ თუ გეები არ არიან, მაშ კაცები ერთმანეთს რატომ კოცნიანო. კიდევ უფრო მეწყინა, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალა მოვიკრიბე და კიდევ ერთხელ შევეცადე მშვიდი სახით ამეხსნა ქართული ხასიათისა და სუფრის თავისებურება, რომელიც კაცებს შორის ურთიერთამბორს გულისხმობს შეზარხოშების ჟამს, მაგრამ ეს მხოლოდ ურთიერთპატივისცემას ნიშნავს და სხვას არაფერს. ვიქტორ ბეილი საპასუხოდ მხრებს იჩეჩავდა მხოლოდ, საკმაოდ გაკვირვებული სახით, რომ ორი ქართველი ვაჟკაცი (სწორედ მათგან, ვისაც უსამართლოდ დასწამეს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები), გაღიმებული მიადგა ვიქტორს და მის მოტეხილ ფეხსაც, ასეთივე ღიმილითა და სიყვარულით მიეტანა. ბეილის თვალებს (მე რომ გადმომხედა შეშინებულმა) რა დამავიწყებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე მივხვდი რასაც უპირებდნენ მას, მაინც ისეთი გაკვირვებული სახე მივიღე, თითქოს არ ვიცოდი, რომ კახური კრამიტის შეცვლა თაბაშირითაც შეიძლება, თუ ღვინო კარგია. ღვინო კი მართლაც სანაქებო იყო და მაკრატელი _ დიდი, ჩვენი ბებიებისდროინდელი, რომლითაც ვიქტორ ბეილის მოტეხილ ფეხზე დადებულ თაბაშირს ფრთხილად გაჭრიდნენ და როგორც განსხვავებულს, ისე გამოიყენებდნენ იმ მშვენიერი ღვინის მისართმევად. გულგახეთქილ ვიქტორს ბოლოს რომ ავუხსენი, რასაც აპირებდნენ მისი თაბაშირით, ერთადერთსიტყვიანი კითხვით მომმართა _ რატომო და მერე მონოტონურად, მგონი აეროპორტამდე იმეორებდა იმ ერთ სიტყვას: ”Why?…”
თამადის რომელიღაც მოადგილე ასევე დაუზარებლად პასუხობდა “Why not” და მერე ქართულად აგრძელებდა იმის ახსნას ვიქტორ ბეილისათვის, რაც მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა _ შენი პატივისცემა უნდათ და თანაც ეს გიპსი აღარ დაგჭირდება, მთავარია, ბიჭიკომდე მივაღწიოთ-მეთქი. “Who is this Bichiko?” _ მერამდენედ მეკითხებოდა სახელოვანი სტუმარი და მეც მერამდენედ ვეუბნებოდი რომ ბიჭიკო ასკურავა არის მოტეხილობების ცნობილი დიდოსტატი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. როგორც ჩანს სტუმარს სურდა, რომ არა მხოლოდ ასეთი მშრალი ინფორმაცია ჰქონოდა დიდოსტატის შესახებ, მაგრამ ასკურავას შესახებ მეც ბევრი არაფერი ვიცოდი და ერთადერთხელ მყავდა ნანახი, ისიც შემთხვევით, ჩემი ფეხმოტეხილი მეგობრის ოჯახში. იმ ოჯახში შესულს სახელდახელოდ სუფრა დამხვდა გაშლილი, სადაც ბიჭიკო ასკურავა იდგა ჭიქით ხელში და იოსებ სტალინს და იესო ქრისტეს ერთად გაუმარჯოსო, _ სადღეგრძელოს ამბობდა. ვიქტორ ბეილის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ნასვამი ვიყავი, ამ ამბავს მაინც ვერ მოვუყვებოდი _ აშკარად ჰყოფნიდა თავისი გაჭირვებაც და უფრო მეტად შეშინებასაც აზრი აღარ ჰქონდა. აზრი აღარ ჰქონდა ვიქტორ ბეილისთვის თაბაშირის ახსნასაც, რადგან რომა რცხილაძემ შიდა ქართლიდან ჩამოტანილი კრამიტები ჩამოარიგა (კახურს რომ არ ჩამოუვარდებოდა ისეთი) და ვიქტორ ბეილიც თაბაშირის აყრას გადაურჩა, თანაც ასკურავასთან გავლას ვეღარ ვასწრებდით, ვინაიდან უკვე თენდებოდა, თვითმფრინავის გაფრენამდე კი, ხაშიც უნდა მოგვესწრო. მგონი სწორედ რომა რცხილაძემ თქვა ჰავლაბარში ძაან მაგარი ხაში ვიციო და სუყომაც ჯო ზავინულს გულმოდგინედ აუხსნა, რა სიკეთე მოაქვს ხაშს გამთენიისას და რატომ არის იგი აუცილებელი ღამენათევი და ნაწვალები ადამიანებისათვის. დონ პეპეც მიხვდა, რომ ამ ქვეყანაში, ჩათრევას ჩაყოლა სჯობია და მზადყოფნის ნიშნად ხელები გაშალა. როცა ჩვენს ძვირფას მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ქუჩაში გამოვედით, უკვე თენდებოდა ჩვენსავით დაღლილ თბილისში და სხვებისა რა მოგახსენოთ და მე კი მართლა ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ერთი გავიფიქრე კიდეც, სახლში ხომ არ გავიპარო-მეთქი, მაგრამ შემრცხვა. მართალია, სტუმრები არც მომიკითხავდნენ და ალბათ უჩემობას ვერც გაიგებდნენ, მაგრამ მაინც შემრცხვა და რაც მთავარია, იმ მოვლენებსაც გამოვაკლდებოდი, რაც ჰავლაბრის იმ სახაშეში გველოდა.
სახაშე ჰგავდა ტიპიურ საბჭოურ სასადილოს (ოღონდ ცოტა ადრეულ ვერსიას) და მიუხედავად იმისა, რომ კარგა ტევადი ჩანდა, თითქმის სავსე იყო და მაგიდების შეერთების შემდეგ, რამდენიმე სკამის ჩამატება მაინც დაგვჭირდა. ჩვენსავით ღამენათევი, დაღლილი და ნაწვალები ხალხი დაგვხვდა, მაგრამ ზავინულმა მაშინვე დაიჯერა, რომ ახლა ამ ქვეყანაში, ამაზე უკეთესი ადგილის წარმოდგენაც კი, შეუძლებელი იყო. დონ პეპემ საჩვენებელი თითიც კი ასწია ზევით, ხაშის გასინჯვისთანავე და იმასაც მიხვდა, რომ სწორედ ხაში ათანაბრებს ადამიანებს ამ უცნაურ ქვეყანაში. ხაში კი მართლაც სანაქებო იყო და ერთიანობის რაღაც ძალიან თბილი განცდა მეც ვიგრძენი იმ ხალხის მიმართ, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ისინიც ჯო ზავინულის მასპინძლებად თვლიდნენ თავს და არც ვცდებოდი. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი მეზობელი სუფრიდან, შუახნის კაცი მოგვიახლოვდა ჭიქით ხელში და ქართულად, მაგრამ სომხური აქცენტით დაგვლოცა და ზავინულს კი ინგლისურად ჰკითხა, _ პიტერ გაბრიელის მედუდუკეს თუ იცნობო. არაო, _ დონ პეპემ და იმან კი _ ჩემი ბიძაშვილიაო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა უფრო შინაურულად და ჩვენთვის ქართულად გაიმეორა _ პიტერ გაბრიელის მედუდუკე ჩემი კუზენიაო. ვაო, _ ჩვენც გავიკვირვეთ და სახაშის კარიც გაიღო და გიორგი რამიშვილიც შემოვიდა, აშკარად უცხოელებთან ერთად. როგორც გაირკვა, ფრანგები იყვნენ და პირდაპირ აეროპორტიდან მოდიოდნენ ხაშის სადიდებლად. გამოთავისუფლებული მაგიდა მოვაჩოჩეთ და ფრანგებმა ერთი კი გაიკვირვეს ამ უცნაურ ადგილას ჯო ზავინულის დანახვა, მაგრამ თითო ჭაჭა რომ მისცეს ძარღვებში სულ ადვილად დაიჯერეს, რომ ამ ქალაქში ყველაფერი ხდება. სწორედ რომ ახალი სადღეგრძელოს თქმას აპირებდა თვითონ დონ პეპე, სახაშის კარი ისევ რომ გაიღო და რამდენიმე ისეთი მთვრალი ადამიანი შემოვიდა, მხოლოდ ვაჟა დურმიშიძეს რომ გაუხარდებოდა მათი დანახვა და სამწუხაროდ ვაჟა დურმიშიძის საკადრისი სუფრა არ გაგვიშლია და ბატონო ვაჟა ამიტომაც იქ არ ბრძანდებოდა. უფრო სამწუხარო ის იყო, რომ ახალშემოსულებმა ცარიელ მაგიდას ვერ მიაგნეს, მაგრამ უკან გაბრუნება არც უცდიათ და ისე მიმოიხედეს ირგვლივ, თითქოს მათი საოჯახო, მემკვიდრეობით მიღებული სკამები გვქონდა დაკავებული და არც ვიმჩნევდით. გვათვალიერეს დიდხანს და ის იყო გავიფიქრე კიდეც, ხომ არ ჩავიჩოჩოთ-მეთქი, რომ სწორედ იმ მაგიდას მიადგნენ, სადაც პიტერ გაბრიელის სომეხი მედუდუკის ბიძაშვილი მიირთმევდა ხაშს თავის დოსტებთან ერთად და ახალმოსულებში რომელიც კოჭლობდა, სწორედ მან იკითხა მათი სადაურობა. მარტივ შეკითხვას, თუ რა უბნელები იყვნენ, ძალიან მარტივად უპასუხეს, რომ ეს მათი უბანი იყო და მართლებიც იყვნენ, თუ იმას გულისხმობდნენ, რომ ჰავლაბარში სომხები ოდითგანვე ცხოვრობდნენ. თუმცა, რომ კოჭლობდა, მას (დანარჩენებსაც ალბათ) მოეჩვენა, რომ ამ მარტივ პასუხში ავლაბრელმა სომხებმა საჯაროდ გაამჟღავნეს ტერიტორიული პრეტენზიები დანარჩენი თბილისელებისა და საერთოდ ქართველების მიმართ. სწორედ ამაზე მეტყველებდა ახალმოსულთა თითქმის ერთდროული რეაქცია ხელების მკვეთრი მოძრაობით _ აი, თქვენი უბანიო და ჩხუბი რომ გარდაუვალი იყო, აშკარად ჩანდა. პირველი, ვინც გასაშველებლად წამოდგა, დავით ევგენიძე იყო და იმდენად თამამად და გულწრფელად მოიპატიჟა ისინი ჩვენს სუფრასთან, რომ მათი აგრესია მოულოდნელად სადღაც გაქრა და ხალისითაც შემოგვიერთდნენ. სიამოვნებითაც დალიეს ჩვენი სტუმრების სადღეგრძელო და ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩვენი ქალაქის ეთნიური სიჭრელე, როგორც პრობლემა, აღარ ახსოვდათ, რომ სწორედ ის, რომელიც კოჭლობდა, დათო ევგენიძის მარცხენა ყურს ავისმომასწავლებლად დააკვირდა. საყურე რატომ გიკეთიაო, _ რომ ჰკითხა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თბილისის საკითხი ამოწურული ნამდვილად არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ევგენიძეს პასუხის გაცემა სულ არ გაუჭირდებოდა. არც გაჭირვებია და ისიც კი გაიხსენა, რომ საყურეს ქართველი მეფეებიც კი ატარებდნენ და საყურე მეკობრეების მოგონილია და არა პედერასტების. რამდენიმე წყაროც კი დაასახელა და მათ შორის კასტელის ჩანახატებიც, თუმცა, ფეხს რომ ითრევდა, იმ მთვრალი კაცისთვის კასტელი ვერაფერი ავტორიტეტი გამოდგა და კასტელის ხსენებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ჩვენო, ყველას ვუღიმით და ვეფერებით, სუფრებს ვუშლით და ამასობაში კი თბილისიც დავკარგეთ და საქართველოც, ამათი დედებს რო შევთხარეო და ორივე ხელი იმ სუფრისკენ გაიშვირა, სადაც იმუბნელები ისხდნენ და ვინ იცის ისევ პიტერ გებრიელზე საუბრობდნენ. დედების ხსენებაზე ყველანი ფეხზე წამოხტნენ და ერთმა მათგანმა თავანკარა ქართულით ამ ჩვენის დედაც ახსენა, რასაც სრულიად მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა _ ამან უცებ ფეხის პროთეზი მოიხსნა და სომხების სუფრისკენ, გამეტებით ისროლა. როგორც ჩანს, ეს არ იყო პირველად გამოყენებული ილეთი მისი მხრიდან, რადგან ისე სწრაფად და ოსტატურად შეიხსნა ფეხი და თბილისის დამპყრობლებს სტყორცნა, რომ გაკვირვებაც ვერ მოვასწარით. არც იყო გაკვირვების დრო, რადგან ხაშის თეფშებში ჩავარდნილ ფეხს რაც მოჰყვებოდა, სულ არ არის ძნელი წარმოსადგენი და მახსოვს, იმ საშინელ ჩხუბში, მაინც როგორ ვცდილობდი ვიქტორ ბეილის მოტეხილი ფეხის გადარჩენას. ვამხნევებდი კიდეც იმ საშინელ ქაოსში _ არ შეგეშინდეს, თუ რამეა, ბიჭიკო ასკურავასთან გავლას მაინც მოვასწრებთ-მეთქი. სინამდვილეში ვერ მოვასწრებდით, დრო აღარ იყო და თვითმფრინავსაც ძლივს მივუსწარით, ნაჩქარევად დავემშვიდობეთ სტუმრებსაც და მაკას შეკითხვას, თუ სად ვიყავი ამდენ ხანს, ზუსტად ისეთი სიმშვიდით ვუპასუხე, როგორსაც მხოლოდ ცოლები იმსახურებენ _ ჯოჯოხეთში.
რამდენიმე თვის შემდეგ კახა ბუაჩიძესთან ერთად ვესტუმრე ავლაბრის იმ სახაშეს, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა. ქართულად ეწერა `დაკეტილია~, ინგლისურად კი (დიდი ასოებით) _ “Internet Cafe”… 

ავტორი: დათო ტურაშვილი

ფოტო: გია ჩხატარაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s