ემიგრანტი არ ვარ… ისევ ქართულ კინოს ვაკეთებ

ერთ დღესაც, პროპაგანდისტული ფილმებით დაღლილ ქართულ კინოში ახალი თაობა მოვიდა. კინოსტუდიას სათავეში ფილოლოგი, გერმანისტი და მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ კვესელავა ჩაუდგა, რათა ნიკოლოზ შენგელაიას `ელისოს~ შემდეგ, დაღმავლობისკენ წასული პროცესი შეეჩერებინა და ქართული კინოს აღმავლობა დაწყებულიყო. მოსკოვი მიხვდა: ეს უბრალო მოვლენა არ იყო.

ამ თაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს პარიზში ვეწვიეთ და დაგეგმილი სამოცწუთიანი ინტერვიუ მის პარიზულ სახელოსნოში ჩავწერეთ. და მაინც, მასტერკლასი გამოვიდა.

მე კინოს გადაღება ამიკრძალეს
თავიდანვე პარადოქსულ და მეტაფიზიკურ ფილმებს ვიღებდი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებდა. რასაკვირველია, ქართული ხელმძღვანელობა (მხედველობაში მაქვს პარტიული ხელმძღვანელობა) ემორჩილებოდა იმ დიქტატს, რომელიც ცენტრიდან მოდიოდა და გაირკვა, რომპასტორალის~ შემდეგ, კინემატოგრაფში ჩემი ადგილი აღარ იყო. ჯერ ერთი, თავის დროზე ყველა ფილმი აიკრძალა, ან ძალიან მცირე ბიუჯეტით გამოდიოდა. ეს არ იყო ანტისაბჭოთა ფილმები, მაგრამ ეს ფილმები ისეთ განწყობას ქმნიდნენ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. რასაკვირველია, გიორგობისთვეში~ ამ სისტემის ნიშნები იგრძნობოდა, მაგრამიყო შაშვი მგალობელი~ და პასტორალი~ აბსოლუტურად სისტემის გარეთ იდგა. და ვინაიდან მოსკოვი უპირატესობას მსუბუქ ქართულ კომედიებს ანიჭებდა, ამ ფილმებმა ძალიან გააღიზიანა. თქვენ კინოს აღარ გადაიღებთო, ასე მითხრეს. მაშინ საქართველოს იმდროინდელ ხელმძღვანელს, ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვე, რომ ასეთ ვითარებაში საზღვარგარეთ მუშაობის უფლება მაინც მოეცათ. წავედი და გადავიღემთვარის ფავორიტები~. როცა დავბრუნდი, ე.წ. პერესტროიკის ხანა დამხვდა. პერესტოიკის შემოსვლასთან ერთად, პროპაგანდისტულმა კინომ ფუნქცია დაკარგა. ამიტომ კინოდაფინანსება შემცირდა. პრაქტიკულად, ჩვენი კინემატოგრაფის ნგრევაც აქედან დაიწყო. თანდათან, მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის სტუდიები თვითდაფინანსებაზე გადავიდნენ.
ვთვლი, რომ ამ ეტაპზე თბილისში ჩამოსვლა არ ღირს… კინოსტუდია არ არსებობს, ყველაფერი გაყიდულია, კინოთეატრებში კაზინოები და კაფეებია გახსნილი. დავუშვათ, ეს ყველაფერი გაქირავდა, მაგრამ რა გარანტიაა, რომ ეს თანხა კინოს მოხმარდება? როგორც ცნობილია, საქართველოში დღეს ფულის ჯიბეში ჩადება უცხო არაა. გული იმაზე შემტკივა, რომ ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა აღვზარდეთ და მათ უნარს და ნიჭს ვერ ვიყენებთ. დღევანდელი მთავრობა ჯერჯერობით თითსაც არ ანძრევს იმისთვის, რომ სიტუაცია როგორმე მოაგვაროს. არადა, ქართულ კინოს შეუძლია თავის შენახვა. არ ვიცი, ეს ჩვენი კულტურის სამინისტროს ბრალია, არეულობის მიზეზია, თუ… ამ ამღვრეულ წყალში ვიღაც-ვიღაცეები თევზს იჭერენ. არ მაქვს იმის დრო, რომ კინოს გადარჩენისთვის ვიბრძოლო. ამას სხვა პროფესია სჭირდება. მე არც პოლიტიკოსი ვარ. ამიტომ, იძულებული ვარ, ჩემი საქმე ვაკეთო.
ვფიქრობ, ჩემი ფილმები მაინც ქართულია. სრულწლოვან ადამიანს აღარ შეუძლია ფრანგი ან ამერიკელი გახდეს. …ხომ ცნობილია, რომ ყველა მწერალი და ხელოვანი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობდა, _ იქნება ეს რახმანინოვი, სტრავინსკი, დოვლატოვი თუ ნაბოკოვი, _ საკუთარ ფესვებთან მჭიდრო კავშირს არ კარგავდნენ.
ემიგრანტი არ ვარ. იმედი მაქვს, არც ჩემი კინო არის ის მასალა, რომელიც სხვა კულტურას ეფუძნება. კულტურული ველი საქართველოსა და ევროპას შორის საერთოა. ჩვენ აზროვნებაც ერთი გვაქვს. ეს ბერძნებიდან, საერთო კულტურული აკვნიდან მოდის. ამიტომ, რასაც ვაკეთებ, ევროპელებისთვისაც მისაღები და გასაგებია. ეს ბუდისტური ან მაჰმადიანური კულტურა როდია, არამედ იუდეოქრისტიანულ საფუძველზე აგებული ხილვაა ამ ქვეყნისა და ამ წუთისოფლისა.
მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ უახლოეს ხანში, საქართველოში რამე შეიცვალოს. ამიტომ ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ ჩავიდე თბილისში და იმ მწირი ფინანსური შესაძლებლობებით, რაც საქართველოს გააჩნია, ვისარგებლო მე და არა იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ცდილობენ რაღაც შექმნან.~
ჩემი ხმა კინოში
ჩემს ფილმებში ხმის გამოყენება ორ მიზანს ემსახურება. თითოეულ მონაკვეთში, ვცდილობ, გარკვეული აზრი ჩავაქსოვო, მაგრამ მეტაფორის დონეზე არაფერი არ უნდა დარჩეს. კინოს საშუალებები ძალიან შეზღუდულია, ამიტომ, იძულებული ვარ, გამოსახულების და ტექსტის თანხლებით, ის ხმები გამოვიყენო, რომლებიც ამა თუ იმ აზრს გაამძაფრებენ და გაამდიდრებენ. ამიტომ, მაგალითად, ბილიარდის ბურთების კაკუნი კონკრეტული ადამიანის, სახელდობრ, ქარხნის დამარცხებული დირექტორის სულიერ განწყობას გამოხატავს. ხმის და, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართ, საოცრად სათუთი დამოკიდებულება მაქვს. ვცდილობ, მუსიკა გამოსახულების თანხლებად არასდროს ვაქციო. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსახულება არ არის მეტყველი და მუსიკას მოითხოვს. ხმას კონკრეტული წყარო უნდა ჰქონდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცამ ფანჯარასთან ჩაიარა, იღიღინა. თუ რაღაც მუსიკა ისმის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყოფითი სიტუაციიდან გამომდინარე ჟღერს (ვთქვათ, მეზობლის ფანჯრიდან). ამავე დროს, ხმის საშუალებით შესაძლებელია კადრის ჩარჩოების გაფართოებაც. თუ გამოსახულება გაფართოებას მოითხოვს, ამას ეძლევა ხმა, რომელიც გარედან შემოდის; ვთქვათ, ბავშვების ჟივილ-ხივილი, ან შორეული მუსიკა, ან მოძრაობის ხმები, ან თვითმფრინავის გადაფრენის ხმა. კადრის გაფართოების ამ ხერხს ხშირად მივმართავდიპასტორალში~.
ხმას მესამე ფუნქციაც აქვს. ხანდახან ამა თუ იმ კადრს რაღაც ბგერების ან ბგერათა წყობის საშუალებით ვიმახსოვრებთ. მოგვიანებით, სხვაგან იგივე ბგერები რომ გავიმეორო, წინამავალი კადრის ასოციაცია გაჩნდება. ასე იქმნება ბგერათა წყობა. ამიტომ, ბევრი ჩემი წინამორბედის მსგავსად, ვცდილობ, ნაკლები მნიშვნელობა მივანიჭო სიტყვას და დიალოგს. საერთოდ, ვფიქრობ, ეს კინემატოგრაფის ტრადიციული მეთოდია, რომელსაც მეც ვიზიარებ~.

ლიტერატურა… თარგმანები…
სტუმარ-მასპინძელი~,ბაკულას ღორები~, ვეფხისტყაოსანი~,_ ყველაფერი მოგონილია, მაგრამ ეს ადამიანთა შორის ხიდის გადების, წუთისოფელზე შეხედულების გაზიარების გზაა და ალბათ, ამითაა საინტერესო. დოკუმენტური კინო ნაძალადევი მასალის შეკოწიწებაა, რომელიც ავტორის ნებას, მის შეხედულებას და მოვლენების მისეულ აღქმას ეფუძნება, მაგრამ ეს არ არის დოკუმენტი. ძველ საბჭოთა დოკუმენტურ ფილმებშიც ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული, მაგრამ სინამდვილეს ჰგავდა. ძიგა ვერტოვის ფილმები თავიდან ბოლომდე შეთხზული ფილმებია, თუმცა ნატურა და საგანი, რომელსაც ის იღებდა, თითქოს ნამდვილია. ილია ჭავჭავაძისკაცია-ადამიანი?!~ თუ გლახის ნაამბობი~ ჯგუფური პროტესტია, იმ დროის და საზოგადოების შეხედულებაა უბედურებაზე, რამაც საქართველო შეიპყრო. გოგოლისმკვდარი სულები~ კი რუსულ საზოგადოების სენის მიმართ გამოხატული ჯგუფური პროტესტია.
უპირატესობას ანტიკური ხანის ავტორებს ვანიჭებ. და მაინც, ორი საყვარელი ავტორი მყავს: ვაჟა და დავით კლდიაშვილი. მომწონს ჩემი მეგობარი ერლომ ახვლედიანი.
რაც შეეხება თარგმანებს, ამ მხრივ ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა. ქართულ ენაზე ლიტერატურა არ ითარგმნება. არც იმ დონის მთარგმნელები გვყავს, როგორიც საფრანგეთში ან რუსეთშია. სამწუხაროდ, ის გზა გადავჭერით, რომლითაც მსოფლიო ლიტერატურას ვეცნობოდით. ამ შემთხვევაში, რუსულ ენას ვგულისხმობ. ვფიქრობ, მომავალი თაობის სულიერი აღზრდისთვის ეს ძალიან სახიფათოა.
რასაკვირველია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დიდხანს ვცხოვრობდით, მაგრამ რუსული ენა შესანიშნავი და უმდიდრესია. 19-ე საუკუნის მეორ ნახევარში თერგდალეულები ხომ ზუსტად იმ თარგმანების საშუალებით ეზიარებოდნენ მსოფლიო კულტურას, რაც რუსულ ენაზე არსებობდა. თარგმანი იყო ის ხიდი, რომელიც ადამიანს მსოფლიო ლიტერატურასთან აკავშირებდა. რა დაგვემართება მოკლე ხანში, არავინ იცის~.

ქალაქები კარგავენ ადამიანურ სახეს~ დროთა განმავლობაში, ყველა ქალაქი იცვლება. მახსოვს, თუ როგორი იყო წინათ ჩემი ქალაქი. ისიც ვიცი, როგორი უნდა ყოფილიყო ის ქალაქი, სადაც ახლა ვარ. თბილისი ისე შეიცვალა და დამახინჯდა, არ შეიძლება ადამიანს სევდა არ მოერიოს. რასაკვირველია, ამაში დიდი წვლილი აფხაზეთის ტრაგედიას და ლტოლვილების ჩამოსვლას მიუძღვის. ასეა პარიზშიც. დღევანდელ პარიზში ქვები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ ცხოვრობენ. ძველი მონმარტრი შეიცვალა. სულ დაცარიელდა მონპარნასი. იქ, სადაც ერთ დროს მხატვრები ცხოვრობდნენ, დღეს ბურჟუაზიული კუთხეა. მონპარნასზე იყო კაფე `როტონდა~… მე კიდევ შევესწარი ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც იქ დადიოდნენ, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან. ელისეს მინდვრები დღეს უკვე სხვაა. ქუჩებს რომ აუყვეთ, ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ, თუმცა ყველა ბუტიკი და მაღაზია დღეს იაპონელების ხელშია. მაგალითად, ებრაელების უბანი ჩინელებმა დაიპყრეს. პარიზის ჩრდილოეთი არაბებითა და აფრიკიდან ჩამოსული მოსახლეობითაა სავსე. ქალაქი კარგავს თავის სახეს და ქვები რჩებიან~.

მამაკაცები და ქალბატონები
~ბოლშევიკების პეროიდში, მამაკაცისთვის ღირსების შენარჩუნება ძალიან ძნელი იყო. მამაკაცების უმრავლესობამ იმ პერიოდში თავიანთი პოზიციები დათმო. ამიტომ, თუ რამდენიმე მეგობარი მყავს, ეს უკვე დიდი სიმდიდრეა. დიდ პატივს ვცემ ზურაბ ნიჟარაძეს, დიმა ერისთავს, ერლომ ახვლედიანს, სულ რამდენიმე ადამიანს და კოლეგას. ქალბატონები გადარჩნენ. საქართველოში ტრადიცია არსებობს: ქალბატონი საკუთარ თავზე ისეთ ტვირთს იღებს, რომ დიდი პატივისცემის ღირსია. ჩემი მეგობრები ის ქალბატონები არიან, რომლებთანაც ყოველთვის ადვილად შემეძლო ამოსუნთქვა და საუბარი. ამავე დროს, ქალებს ერთი თვისება აქვთ: ზუსტად იციან, ვინ არის მხარდაჭერის ღირსი. ამიტომაც, ჩემი მეგობრების უმრავლესობა ქალბატონებია.
სამწუხაროდ, პარიზში მამაკაცებს ყოველთვის კარიერაზე ზრუნვა უხდებოდათ. ამიტომ ძალიან ბევრმა აქაც დათმო პოზიცია. ღირსეული მამაკაცის პოვნა აქაც ძალიან ძნელია. მათზე არ ვსაუბრობ, ვინც მთავრობაშია. მათ მდაბალი ინტერესები ამოძრავებთ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. კომერსანტები კი, პატივისცემას საერთოდ არ იმსახურებენ. ისინი მეთევზეებს ჰგვანან, რომლებიც ბრიყვი თევზების დაჭერას ესწრაფვიან.
ჩვენ და ფრანგებს ერთი წარსული არ გვაქვს. ჩემი წარსული მათ არ იციან, მათი შეიძლება არც მე ვიცი. ალბათ, ამის გამო, ჩვენს შორის დიალოგი ძნელად იმართება. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად ჩავდივარ თბილისში, რომ ეს დანაკლისი შევივსო.~
ერთი დღე
~შვიდიდან პირველ საათამდე ვმუშაობ. საღამოს ცოტას ვმუშაობ, მერე ვეცნობი, თუ რა ხდება მსოფლიოში, მერე ისევ იგივე. მუშაობის სხვადასხვა ეტაპი არსებობს. მდიდარი დღე არ მაქვს~.

თქვენ ჩვენთან გელოდებიან
~მოსკოვში არის ასეთი დაწესებულება: სახელმწიფო კინოინსტიტუტი. ომის შემდეგ იქ ეიზენშტეინი, პუდოვკინი, დოვჟენკო, რომი ასწავლიდნენ. მათთვის ეს ერთგვარი თავშესაფარი იყო, ვინაიდან საბჭოთა კინემატოგრაფი იმ დროს ცენზურის ზეწოლას და მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა. სულ რვა ფილმს აკეთებდნენ წელიწადში. ეს რვა ფილმიც პოლიტბიუროს ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ამიტომაც, იმ თაობამ, რომელიც ამ სკოლას ამთავრებდა, თეორიულად ყველაფერი იცოდა, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ახორციელებდა.
ვფიქრობ, საქართველოში მასტერკლასის ჩატარებას მათთვის, ვინც პრაქტიკულ საქმიანობას არ ეწევა, აზრი არ აქვს. მასტერ კლასი მაშინ არის საინტერესო, როდესაც პრაქტიკიდან გამომდინარე, კონკრეტული კითხვები გიჩნდება და ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებ. კინო არ არის თეორიული მოვლენა. ის მაინც ძალიან კონკრეტული და გამოცდილებიდან მომდინარე ცოდნის რეალიზებაა.
არიან თეორეტიკოსები, რომლებსაც საქართველოში არ აქვთ მასალა, რის შესახებაც დაწერენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში კინემატოგრაფი აღარ არსებობს. ხელმძღვანელობა ამაზე არ ზრუნავს. არადა, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ მსოფლიოს ჩვენი არსებობა ვამცნოთ. ოთარ ჭილაძის გადათარგმნა და იმ ბაზარზე გატანა, სადაც უამრავი ნაწარმოებია, ვერ ითამაშებს იმ როლს, რასაც სხარტი საშუალება _ კინემატოგრაფი შეძლებს.~
საუბრის ბოლოს, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მაგიდაზე გაშლილი კადრირების შესახებ ვიკითხე:
_ რა არის ეს, ბატონო ოთარ?
_ ეს ახალი ფილმის პროექტია. სიუჟეტი _ ისევ იგივე,… რასაც ვაკეთებ ხოლმე.

სამოცდამეერთე წუთი იწყებოდა. რეჟისორი ჩქარობდა. ამიტომ ვეღარ მოვასწარი ჩავძიებოდი, _ რასაც ვაკეთებ ხოლმე~-შიიყო შაშვი მგალობელი~ იგულისხმებოდა, თუ ` ბანდიტები. თავი მეშვიდე~?!

ავტორი: ნენე კვინიკაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s