ვთამაშობთ თბილისობანას, სერია 2

II თავი, ლაპარაკებით მოგრძო და ისევ კიკილას წარმოდგენებით შეთხზული და მართალგამორეული, რახან გამოჩნდა წყნეთელი ზახოდა

ეს ძველი ამბავია. მისული გახლდით და მაგიდაზე პირქვე გადაშლილი სტივენ კრეინის წიგნი ვნახე. ინგლისური წიგნი იყო, რბილყდიანი და გადამსკდარი. ახლა, სიმონ, როგორი ამბავი გახლავს, იცი? მე სანთელს ავანთებ და გამოვალ ქუჩაში, დღისით და მზისით,. დავუყვები დაღმართებს და ავუყვები აღმართებს. მლოცველი კი არ ვიქნები და ვინმე ტკივილოსანი, არამედ ახალგაზდა კვალისმაძიებელი. დავივლი ამ სანთლით ყოველ კუთხე-კუნჭულს და ვერა ვნახავ დიასახლისს, თუნდ ახალგაზრდას, თუნდაც დროულსა, რომ სტივენ კრეინის წიგნი მაგიდაზე პირქვე გადაშლილი ედოს, თვითონ კიდევ, ერბო-კვერცხს აშიშხინებდეს ტაფაზე.
მაშინ ოხუნჯობის ხასიათზე ვიყავ, გერმანიისკენ მეჭირა გეზი და ცხოვრების ხელახლად დაწყების მუღამი იმგვარად მხიბლავდა, რომ ბიჭებს რიგრიგობით ჩამოვუვლიდი და იქ გვარიანად ვერთობოდი.
ამიტომაც, ზურას ვუთხარ, ასე, ქალაქურად:
– ცოლს რაებს აკითხებ, ტო, რა არი… გინდა რო თავი მოიკლას?
– თავი მოიკლას?
– აბა, მა ეს სტივენ კრეინი რა გგონია? კაცებს აგიჟებს და ქალს რაღას უზამს?
ასეთ სათნო ქალს.
– თათუნ!
– რა არი?
– კუკლუშ, ეს რა წიგნია? რაებს კითხულობ?
– პედერასტებზეა. მეტრაკეებზე. აი, ნახე, – ვუჩურჩულე მე, – აი, ცისფერი სასტუმრო.~ – და სასტუმროში არიან პედერასტები? – მთელი სასტუმრო პედერასტებით არი სავსე. – და თათუნა რატო კითხულობს? – მეც მაგას გეკითხები. თათუნა რატო კითხულობს? – თათუნ, რატო კითხულობ ამ წიგნს? – რა ვიცი, ვკითხულობ... – რაღა პიდარასტებზე კითხულობ, ქალზე და კაცზე წაიკითხე. – ხო, ხო, აბა, არ ვიცი, ერთი, ქალები რატო უნდა კითხულობდენ ასეთ წიგნებს. – აი, კიკილამ გამხილა. თათუნას აღარ მოუსმენია, ისე გავიდა. – ისე, ინგლისური რო ვიცოდე, მეც წავიკითხავდი პიდარასტებზე, – ჩაიხითხითა ზურამ. აღარ მითქვამს, როცისფერი სასტუმრო~ სულაც არ არი პედერასტებზე, სიკვდილის მაძიებელ კაცზეა, რომელსაც არავინ უშლის ხელს ამ სიკვდილის ძებნაში. არ არი მაინცდამაინც თბილისელი გოგოს, გინდა კლასიკური ფილოლოგის საკითხავი ამბავი და მერე თათუნას ერთი-ორი სიტყვა გადმოვაგდებინე. საერთოდ, ხმადაბლა ლაპარაკი იცოდა და ისიც გაირკვა, რო სტივენ კრეინი მისი საყვარელი მწერალი ყოფილიყო. ეს გამიკვირდა იმიტო, რო ფილოლოგოსებს, გინდაც კლასიკურებს, რუსები უყვართ, თათუნას კიდე დოსტოევსკი უნდა ყვარებოდა. დადიოდა ოჯახწამოკიდებული გერმანიის ქალაქებშიო, ჭლექიანიო, სასტუმროს საზიზღარ ნომრებში წერდა და ჩვენხელა მოკვდაო, ასე მითხრა ამ კრეინზე. ეგ ამბავი კი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, ჩვენებური გოგო თუ ესევითარ მღელვარებით ალაპარაკდებოდა ამგვარ რამეზე. თანაც, ლიტერატურაა, ჭორები ხო არა.
ის დრო იყო, როცა კარგად ვიცოდი ამათი ცხოვრება. წამოვწვებოდი და ათას სხვა რამესთან ერთად, ამათი ცხოვრების სურათებიც დამიდგებოდა ხოლმე თვალწინ.
აი, ვთქვათ, მანქანით მიდიან.
– ჰა? – ჰკითხა ზურამ, – სად ჩამოგსვა? აქედან ჯობია?
– ხო.. აქ.. სადმე…
– კუკლუშ, არ ინერვიულო… ხო არ შემოგყვე? არ არი სანერვიულო…
– არა, რა გინდა?.. ვერ ვიტან, ქმრები რო დააცილებენ ამ კლინიკების დერეფნებში…
– დერეფნებში კი არა, კორიდორებში… დერეფანი რა ქართულია? – გაიცინა ზურამ, – ჩვენი მასწავლებელი ამბობდა კონიდორს… მერე ნიკა ტრი დნია კონდორს ეძახდა…
– შევალ, – კარი გააღო თათუნამ.
– იცი რა? – ჩაფიქრდა უცებ ზურა, – ხუთი თვე არაფერი არ არი… ხალხი წლობით ელოდება. მოდი რა, ნუ შეხვალ…
რა საყვარელი და კეთილი იყო!
თათუნამ იცოდა… თქვენა გგონიათ არ იცოდა?
– აგაძვრენენ ეხლა იმ საზიზღარ სავარძელზე, ამათი ქვის ხანა დედას რო შვც… მერე კიდე გეტყვიან, წესრიგშია ყველაფერი, ელოდეთო. მერე მე ვერ მოვისვენებ და წავალ… ეხლა მე მომცემენ ხელში პლასტმასის ჭიქას და გამიშვებენ საზიზღარ ტვალეტში, გააკეთეო…
თათუნა გაოცებული და გახალისებული უყურებდა.
– ხო, ეგრე ამბობენ, გააკეთეო, – თავი დაუქნია ზურამ – აბა, ხო არ გეტყვიან, ჩამოკარიო…
– გაჩუმდი, – ვითომ ეწყინა თათუნას.
– ხო. მერე მე ვერ გავაკეთებ… გიჯამოვი ხო არა ვარ, რო ეგრე გავაკეთო… ვიქნებით ისევ გაურკვევლობაში. ამიტო, წვალების გარეშე გაურკვევლობაში ყოფნა ჯობია, წვალებით გაურკვევლობაში ყოფნას..
თათუნა ფიქრობდა, შესულიყო თუ არა ქალთა კონსულტაციის თეთრმინებიან ოფისში.
– ვითომ იყავი, რა?
– ვის ვატყუებთ?
– დედებს, – თქვა ზურამ – ჰა… დავაწექი?
– დააწექი, – ამოიოხრა თათუნამ.
– ეხლა არ ჩამოუშვა ცხვირი… გეხვეწები. ჩაგახჩობ კაპუჩინოში… სად წავიდეთ?
– სახლში, – თქვა თათუნამ და ენაზე იკბინა – არა… არა.. სადმე…
ზურამ გადმოხედა, ამოიხვნეშა და სიჩქარე გადართო.
მერე, ალბათ ვერაზე, ერთ კაფეში ისხდნენ, იმ კაფეში, რომლის ვიტრინაზეც ვიღაცას შავი საღებავით მიეწერა: ძირს ხუნტა. ეხ, ძმანო, აი ეგ არის თბილისი. კაფეს რესპექტაბელური ეჭირა, წარწერა კი ვერაფრით წაეშალათ, რაღაც სამუდამო და აუტანელი საღებავით შეესრულებინა ხუნტის მტერს. ამიტომაც, ბარე ერთ თვეში იმ კაფეს ყველა ხუნტას ეძახდა და პატრონმაც შეიფერა ეს სახელი. ორიოდ თვეში აბრა გააკეთებინა: ზედ ვარდები კიაფობდნენ და ლათინური წარწერაც ელავდა: ჟუნტა. მაგრამ ახლა, კაფეს ჯერ არ ერქვა ხუნტა. ამ წარწერის ამბავი კი თათუნას ზურამ უამბო.
კაპუჩინო არ ვარგოდა. საერთოდ არ იყო კაპუჩინო. უფრო კაკაოს ჰგავდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან წყალწყალას აკეთებდნენ. ეს გაგიკვირდებათ, ძმანო? თბილისი გახლავთ. საერთოდაც, მგონი, ახალი ამბავი იყო, რომ კაპუჩინო არსებობს.
თათუნამ დააპირა, ზურას ვეტყვი, კაპუჩინო არ ვარგაო, მაგრამ გადაიფიქრა, რაიმე არ ატეხოსო.
საერთოდ, გამუდმებით ეშინოდა, რომ ზურას რამე არ აეტეხა.
სახლში ჯანდაბას, ქუჩაში.
ეს გოგოების ბრალიც იყო. სულ თავიდან ისინი ეჩიჩინებოდნენ: იცი ეგ ვინ არი? იცი ვინ არიან მაგის ძმაკაცები? რო იცინის, ის ხო არ გგონია? იცი, ეგენი რაებს აკეთებდნენ? მაგან და კვეტომ, ერთხელ… მაგან და გამცემლიძემ ერთხელ… ახლა თათუნა გოგოებზე უკეთ კი იცნობდა ზურას, მაგრამ ამ უცნაურ შიშს, რომ მის ქმარს სახალხოდ რამე არ აეტეხა, მაინც ვერ მორეოდა. განა ამას ვერ ვხვდებოდი? თან კიდევ, თათუნაც ხო არსებობდა? იმასაც ხო ქონდა თავისი ხასიათი?
თათუნამ ჩაკეტვა იცოდა. დადუმება. ზოგჯერ ისე გამოვიდოდა, რომ ზურა რაც უფრო ფართოდ გამოაღებდა თავის ალაყაფებს, თათუნა მით უფრო მჭიდროდ გადარაზავდა თავის კლიტეებს.
აი, ეს იყო თქვენი კიკილას თვალთახედვით და მეტი არაფერი. თუმცა, მეტი რაღა უნდა ყოფილიყო?
თათუნა კითხულობდა, ზურა ხუმრობდა:
– აი, მზითევი… რამდენი ტონა იქნება? – და თაროებს ახედავდა – ა, კიკილ… მაგარია?
აქაც, ამ კაფეში, თათუნა ნემსებზე იჯდა. ზურა კი ცდილობდა, გაემხიარულებინა. სხვაგან დიდად არც ჩანდა, რომ ზურა მხიარული იყო. თათუნასთან კი გაიქაჩებოდა ხოლმე.
– ეხლა საქმე მაქ შენთან, კუკლუშ, – თქვა უცებ ზურამ. მანქანის გასაღებით ფრჩხილს იწმენდდა.
– არ უნდა მითხრა?
– არა… კი უნდა გითხრა, მარა… ეხლა მერაბა რო იყოს… ან ბიჭები… ნიკუშა… უფრო თავისუფლად გეტყოდი… კი არ მიტყდება, მარა…
`რაღაც საშინელებას მეტყვის ვიღაც გოგოზე… მაგიტო არ შემიშვა კონსულტაციაში…~ გაიფიქრა თათუნამ, მაგრამ უფრო შორს წასვლა ზურამ აღარ აცალა:
– თათუნ, ხო იცი როგორც არი… არსებობენ პოლიციელები. არსებობენ ბიჭები… მერე მოუვათ ხოლმე ერთმანეთთან ჩხუბი და ზოგჯერ პოლიციელები იმალებიან, ზოგჯერ ბიჭები…
– ადრე პოლიციელები იმალებოდენ…
ზურას გაეცინა.
– ეხლა მაგას ბევრი დრო უნდა… –თქვა ხმადაბლა – იმ ოთახში ხო მაინც არა ვართ… შეიტან წიგნს, გამოიტან წიგნს, ხო?
– ხო.
– ხო. ეხლა ეგეთი ამბავია. ამაღამ მე ერთ ბიჭს მოვიყვან და ცოტა ხანს იმ ოთახში იცხოვრებს. გავუგორებთ ჩვენი სპალნის ტელევიზორს და არ გამოვა საერთოდ…
თათუნამ პირი დააღო, თითქოს რაღაც უნდა ეთქვაო, იმ გაციებული კაპუჩინოს ფინჯანი კი ხელში შერჩა. თითქმის სავსე ფინჯანი.
– ეხლა ვიცი, რაც უნდა თქვა და ჯობია არ თქვა… საჭმელები შენ არ უნდა უკეთო, შენ არ უნდა ურეცხო და შენ არ უნდა უკერო ნასკები…
– მაგას არ ვამბობ, – წაიკნავლა თათუნამ.
– ყველა ცოლი მაგას ამბობს. კუკლუშა კიდე არა… – გაიცინა ზურამ – ეხლა გეტყვი პირდაპირ. იმ ოთახიდან საერთოდ არ გამოვა. რასაც ჩვენ შევჭამთ, იმას შეჭამს. შენი მაგრა შერცხვება. თვალებშიც არ შემოგხედავს. სმა არ იქნება… რისიც შეგეშინდა, წამლის ხარშვა არ იქნება. ცოტა ხანს დარჩება… შენთვის საშიში არ არი. შენი გულისთვის ტანკს შეუვარდება… არ დადუმდე ეხლა…
– ეძებენ? – რაღაცას დაებღაუჭა თათუნა.
– სადაც წაასწრებენ, იქ დაატყნავენ – თქვა ზურამ – მაგრა უჭირს…
– მკვლელია? – სხვა რა გაახსენდებოდა თათუნას.
– არა.
– და ვინმე რო მოვიდეს, სტუმარი? – ეს კი იყო ჩასაბღაუჭებელი.
– ეგ ოთახი გასაღებით იკეტება… ჩაკეტილია და მორჩა… ჰა, თქვი ეხლა…
– რა ვთქვა?
– რა ვქნა…
– მე რო გითხრა არა-თქო, არ მოიყვან?
– ვახ, რა მურტალი კითხვები იცი, – სიგარეტს მოუკიდა ზურამ – კაი. შეილება მოვიყვანო?
– ხმადაბლა, ხალხია – შეშინდა თათუნა – კარგი, მოიყვანე…
– ნუ შეგეშინდება რა, კუკლუშ… ნუ ხარ ეგეთი მშიშარა…
– ვინ არი?
– ბიჭია რა…
– სახელი არა აქვს? ხო უნდა დავუძახო…
– როგორ არა აქ, – გაეცინა ზურას – ზახოდა, წყნეთელი… ბავშვობის ძმაკაცია… ყველა ზაფხულს… ძმა არი, რა… ხო იცი, როგორ ითვლება?
– მე ზახოდა დავუძახო?
– რავი, თუ გინდა დაუძახე…
– ნამდვილი სახელი მითხარი…
ზურას გაეცინა.
– რა იყო, არა აქ ნამდვილი სახელი?
– სოგრატი.
– რა?
– სოგრატა.
თათუნას სიცილი წასკდა.
– სოგრატა ი ბაგრატა. ბაბუამისის სახელია. სოგრატ ყვავილაშვილი…
– და სოგრატ ყვავილაშვილი არი შენი ბავშვობის მეგობარი? – ძალიან გახალისდა თათუნა.
– ძმა.
– და არი ყაჩაღი?
– არა… რა ყაჩაღი… ერთი მორფინისტი ბიჭია. საწყალი, მაგარი წესიერი, დარდიანი. სულ მიწაში იყურება.
– ეხლა ნუ შემაყვარებ… სოგრატ ყვავილაშვილი, – გადაიკისკისა გოგომ.
– ნეტა მაგით დამეწყო… ეგრე ხო არ გადაირეოდი.
– როდის გადავირიე? სოგრატ ყვავილაშვილი! – შესძახა თათუნამ. – სახლში რას ეძახიან?
ზურამ წარბები შეკრა და სწრაფად და ბრაზიანად გამოისროლა:
– სოგრო!.. სოგროუ!..
კვლავ იცინოდნენ.
– წამო რა, წავიდეთ… დედაჩემთან ხო დამტოვებ?
– ხო… სოგორუ!..
– ფხუ!…
ღამით კი თათუნა დივანზე მიწოლილიყო. ელოდა. თორმეტი ხდებოდა, კარის ხმა რომ გაიგონა.
– შემო, ხო…
თავჩაქინდრული ჯეელი შავტუხა უნდა ყოფილიყო. ერთი ნომერი პადსტავკით გადაღებული თმა და ხშირი, გადაბმული წარბები ჰქონდა. ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაეტენა და ხალიჩას ჩაშტერებოდა.
– აი, თათუნ, ეს არი ზახოდა, – თქვა ზურამ – დაჯე…
ზახოდა დაჯდა. ერთხანს ისევ ხალიჩას ჩაშტერებოდა, მერე კი ტელევიზორისკენ გააპარა თვალი. თათუნა სამზარეულოში გავიდა და დაიძახა:
– ზურა…
– რა იყო? – შეჰყვა ზურა…
– მისმინე… ნამცხვარი გავაკეთე… აი, რულეტი… ეხლა მე მაგათი არ ვიცი, საღამოსაც ხარჩოებს და რამეებს ჭამენ, თუ… იქ კატლეტებია ხვალისთვის… ლოგინი დავუგე და ტელევიზორი გავიტანე… ოღონდ ანტენა ვერ შევაერთე… იქ თავთან ყვითელი პირსახოცი უდევს… თუ უნდა, დაიბანოს…
ზურამ შუბლზე აკოცა სწრაფად.
– კუკლუშ, – თქვა ჩახრინწული ხმით – რა კლიენტი ხარ…
ჩაიზე ზახოდა მოშინაურდა. ასევე შავი, ბრაზიანი თვალები გამოაჩინა. ზურამ კონიაკი გამოაძრო კარადიდან.
– კურვაზიე გაგიგია, ხეჩო? – დაანახა სტუმარს.
– მაგარი იქნება. რათ უნდა გაგება? – ეს იყო ზახოდას პირველი სიტყვები ამ ოჯახში. სამ-სამი რომ ჩაარტყეს, ზახოდამ ფეხიანი ჭიქა აიღო და წამოდგა.
– თათუნ, შენი სადღეგრძელოა, – ჩაიფხუკუნა ზურამ.
– თამრიკოს სადღეგრძელო მინდა შევსვა… – გული ამოაყოლა ზახოდამ – დღეისდღეისობით, ჩემო დაიკო, მე შენ არ გიცნობდი. გიცნობდი, რა, შორიდან. როგორც ზურას ულაპარაკნია, ისე გიცნობდი. ამ ბინაშიც ეხლა პირველად ვარ.. .
– რა პირველად, – გაუჯავრდა ზურა – რაც შენ აქ გიცხოვრია…
– რაც თამრიკომ შემოაბიჯა ამ ჭერის ქვეშ. დღეისდღეისობით ეს ბინა არი გამთბარი შენი სიყვარულით, ჩემო დაიკო… დღეისდღეისობით, მე მიჭირს. ან დავრჩები, ან მოვკვდები. თუ დავრჩები, დღეის შენი დახვედრა მემახსოვრება სულ. დამახსომდება. სულ ბოლომდი სულ ვიტყვი, რო ჩემმა დაიკომ მე გული დამანახვა… გაგიმარჯოს თამრიკო, შენი პატარა ძმა ვარ…
– შენზე უმცროსია, ტო, – ხელი წაკრა ზურამ.
– მე ყოველთვის უნცროსი ვიქნები, – თქვა ზახოდამ – ყოველთვის პატარა ვიქნები თამრიკოსთან.
მერე ზახოდას ეძინა.
– რა დააშავა?
– რათ გინდა? რამე რო მოხდეს…
– რა უნდა მოხდეს? – შეშფოთდა თამრიკო.
ზურამ ჩაიღიმა, რო იცოდა ხოლმე, ისე:
– მოატყუა ვიღაცეები. დაიჭირეს, პრაკოლი უნახეს. წაიყვანეს. იქ თქვა, ბარიგას დაგაჭერინებთო. ოღონდ ორასი დოლარი მომეცით, ფული არა მაქ და ხო უნდა მივცეო. თავისი ჯიბიდან გაატანეს. შეუშვეს პადიეზდში, ქვემოთ ელოდებიან. ავიდა, წამალი აიღო და მოტყდა… ეძებენ. ეგ არი, მეტი არაფერი. იპოვნიან, დაჭყლიტავენ…
– ეძებენ?
– აბა რას იზამენ, გოგო? ვინ შეგარჩენს? ეგ დაცინვაზე უარესია..
– და როგორ გამოიპარა?
– კითხე და გეტყვის. სულ შენთან არ იქნება?
ზურამ ტელევიზორს გაუშტერა თვალი.
– ზურა? – მიეხუტა თათუნა – მეც რო რაღაცა გითხრა…
– აბა, რისთვის ვარსებობ? ჰა…
– არა, რა ვიცი…
– ჰა, მოვკვდი, მიდი რა… – წამოჯდა ზურა.
თათუნა მოემზადა. სცადა სუნთქვა მოეწესრიგებინა.
– აქ ვიღაცა რეკავს, ზურა.
– მდუმარე?… შენ მაგაზე არ ინერვიულო, – გაეცინა ზურას.
– აღარ არი მდუმარე, ლაპარაკობს…
– ვა… რაო, რა მინდაო?
– მაშინებს.
– რა?
– მკვლელია.
ზურამ გადაიხარხარა.
– ჩუ, არ გაეღვიძოს.
– რას გაშინებს?
– საშინელებებს ამბობს და მართლდება… იმ დღეს დარეკა,.. ქალბატონ თამარს მეძახის… მეოთხეზე ცხოვრობთო, დღეს შენი მანქანის ნომერი მითხრა…
ზურა დუმდა.
– ქალი მოვკალი გლდანშიო. კრიმინალურ ქრონიკას უყურეო… რაც მოყვა, ის იყო ტელევიზორში.
– რა იყო?
– ზუსტად ისე იყო. ქალი, აკუწული, – ატირდა თათუნა – მოგძებნიო. ჩემი მესაიდუმლე ხარო…
– რატო არ მითხარი?
– მერე აღარ დაურეკია და…
– რა, რა?
– და დღეს დარეკა. მტკვარში რო კაცი ნახეს, მე გადავაგდეო. და უყურეო… ვუყურე. იყო. მერე რო ვუყურებ, რეკავს და მაშინებს. დავუკიდებ, რეკავს.
– ნუ იღებ! – წამოხტა ზურა და სიგარეტის კოლოფს სტაცა ხელი – მე ავიღებ!.. ნუ ტირიხარ.. მაგას მოუტყნავ დედის ტრაკს!.. მაგას გავხრავ, მე მაგის.. ნუ ტირიხარ!
– მანიაკი ვარო, – ამოისლუკუნა თათუნამ – ვერ დამიჭერენო, შენსკენ მოვიწევო…
– ნუ იღებ! გესმის?.. რა შარში იგდებს ზოგი თავს, ა?
– შენ რო არ ხარ, მაშინ რეკავს… ასე გამოდის, – აღმოხდა თათუნას.
ზურა სავარძელში გაშეშდა. კარგა ხანს იჯდა ასე, ეწეოდა და მიშტერებოდა ტელევიზორს.
– ე, – მოისმა ბოლოს – ე… წამო, კუკლუშ, დავწვეთ… მანიაკებს და ანანისტებს მე მივხედავ… შენ ზახოდა არ გამიციო…

III თავი, მაიაკის გათამამების ჩვენებით, კიკილას გარეშე და ზახოდასთან ერთად

ზახოდა კაბინეტში შეკეტილიყო. ზუსტად ისე, როგორც ზურა ამბობდა.
– სოგრატა რას შვება? – შემოსული არ იყო, იკითხავდა ზურა.
– წიგნებს ითვლის, – ეცინებოდა თათუნას – რატო რუსული კითხვა არ ვიციო, ამბობს…
– ქართული ხო იცის, – უხაროდა ზურას და კარს შეაღებდა, – გამო ჰა, ბიბლიოთეკის გამგე…
სოგრატ ყვავილაშვილი არ იყო ძნელი შესანახი კაცი. მდუმარე გახლდათ და თათუნას კარისკაცივით ექცეოდა. ზურას მოსვლამდე ოთახიდან ძნელად გამოდიოდა, ზარის ხმაზე კი უსიტყვოდ წამოდგებდა და თავისი ოთახისკენ გასწევდა. ამიტომ, სტუმრებს არასოდეს უნახავთ.
ასე გრძელდებოდა და თათუნას ვეღარც კი წარმოედგინა, რომ მათ სახლში პოლიცია მოვარდებდოდა და სამივეს დაიჭერდა.
ათი დღის განმავლობაში, ერთადერთხელ იყო, რომ ვიღაცამ დარეკა და ქართლური ომახიანობითა და სითამამით მოითხოვა:
– ზურასა სთხოვეთ, თუ შეიძლება…
– ზურა არ არიი… – მიუგო თათუნამ.
– მაშინ, ისა… თქვენთან ერთი ბიჭი უნდა იყვეს და იმასა სთხოვეთ.
– ვინ ბიჭი? – ეგღა აკლდა თათუნას, რო ასე იოლად დაეძახა.
– კარგი, ბოდიშით, – და დაკიდა.
თათუნამ კაბინეტის კარზე მიაკაკუნა.
– შეილება?
ზახოდა უკვე ფეხზე იდგა, პერანგის ზედა ღილებს იკრავდა.
– ვიღაცამ დარეკა… თქვენთან რო ბიჭიაო. მე უთხარი, აქ ბიჭი არავინ არ არი-თქო…
– როგორი ხმა ჰქონდა, თამრიკო? – ჰკითხა ზახოდამ.
– შენნაირი, – თათუნამ სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა.
ზახოდას ჩაეცინა.
– პოლიცია ხო არ იქნებოდა?
– ა-რაა… პოლიცია წინდაწინ ხო არ დარეკამს, გეემზადეო. შეილება დავრეკო?
– დარეკე და საერთოდ… ნუ ხარ შეკეტილი. ეს ტელვიზორი გამოგაშტერებს… გინდა წიგნი აგირიჩიო?
– რუსულათ არ ვიცი და სურათებს ხო არ ვნახავ შიგა?
– ქართულს მოგცემ…
ზახოდა სასტუმრო ოთახში გავიდა, თათუნამ კი თაროები აათვალ-ჩაათვალიერა. მერე ქვემოდან ერთი მწვანეყდიანი ტომი გამოაძრო და გადაფურცლა.
– ტელეფონი რეკავს, თამრიკო… – შემობრუნდა ზახოდა.
– მესმის… აი, ეს არი კვაჭი კვაჭანტირაძე… დაჯექი და წაიკითხე. პირველი რომელიც არი, ისა…
ზახოდამ ჩაიღიმა. ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი და წიგნი გამოართვა.
თათუნა ტელეფონისკენ გაქანდა. ტელეფონს რა დაღლიდა? რეკავდა და რეკავდა.
– ქალბატონო თამარ…
ღმერთო! ათი დღეა არ დაურეკია და..
– მე… აქ აღარ დარეკოთ…
– ქალბატონო თამარ, ყურმილთან არმოსვლა, დამალვას არ ნიშნავს… – ჩაახველა მანიაკმა – მომენატრეთ. ამიტომაც მოგანატრეთ თავი.. მითხარით რამე და მერე მე გეტყვით ახალი საგმირო საქმეების შესახებ.
– რა გინდათ ჩემგან, – წაიჩურჩულა თათუნამ.
– თქვენგან?.. როგორც რაინდმა, ჯერ საგმირო საქმეები უნდა ჩავიდინო და უამრავი ვიგინდარა მოვსპო… ეს კი თქვენ მოგიძღვნათ. ვეფხისტყაოსანი ხო გისწავლიათ სკოლაში?
თათუნას არ უპასუხია.
– თუ დაგითვლიათ, ტარიელს რამდენი კაცი ჰყავდა მოკლული? დონ კიხოტი ვერ კლავდა და ყველა დასცინოდა. ახლა მისმინეთ… სანამ შევხვდებით, დღეს ცხრის ნახევარზე…
– ვიცი, – აღმოხდა თათუნას.
– საინტერესოა, რა იცით?
– ვიცი…
– ესე იგი, თქვენ უკვე ელოდებით… ამჯერად თქვენ გეძღვნებათ ერთი საზიზღარი ადამიანის თავი… მარად გალეშილმა, ვარკეთილის მეტროსთან ჰპოვა აღსასრული. შეღამებული იყო და ის შინ მიდიდოდა, ვინ იცის, ეგებ ცოლის საცემრადაც, მაგრამ ვინ აცალა?… მკვლელი კვლავ არ ჩანს. დიახ, ალიკ ნასიევმა ისედაც ბევრი იცოცხლა. უყურეთ და დატკბით, ეს თქვენ გეძღვნებათ… აბა, რას იტყვით?
– აღარ დარეკო… გემუდარები… გეხვეწები, აღარ დარეკო…
– ქმართან გამთქვით? თუმცა, ეს სულერთია. ნუ მიპასუხებთ. ამ ბოლო დროს, რაღაც ადრე ბრუნდება შინ… ჩანს, რაღაცამ შეაშფოთა. თქვენც სულ გარე-გარე დადიხართ, დაყვებით. ეს რას ნიშნავს, მე გამირბიხართ?
თათუნა აქვითინდა. გაიგონა, როგორ გაჭრიალდა კაბინეტის კარი.
ოთახში ზახოდამ შემოყო თავი. თვალებით ჰკითხა, რა ხდებაო. თათუნამ თავი გადააქნია და ტუჩებზე თითი მიიდო.
ზახოდა გაქრა.
– ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა, – მოისმა ყურმილიდან.
– მანიაკი ხარ.. – ამოთქვა თათუნამ.
– თქვენ რა იცით მანიაკების, ქალბატონო თამარ… თქვენ რა გესმით. როგორც გულის მანდილოსანს, ისე გეტრფით, თორემ გგონიათ ვერ ვხვდები, რომ ამ ქვეყნისა ბევრი არაფერი გაგეგებათ. აი, თქვენ მაგალითად, პიტერ აკროიდი გაგიგიათ?
– ვინ?
– აი, ხომ ხედავთ… ესეც დავალება თქვენ… მოძებნეთ და წაიკითხეთ, პიტერ აკროიდი, ელიზაბეტ კრის პროცესი~... მიხვდებით ვინა ვარ, რა და როგორ... უყურეთ ალიკ ნასიევის საზარელ მკვლელობასკრიმინალურ ქრონიკაში.~ ახლოვდება ჩვენი მწველი ამბორი…
თათუნამ დაკიდა.
ტელეფონი, რა თქმა უნდა, აზუზუნდა.
– აღარ დაკიდოთ ხოლმე… მომავალ შეხვედრამდე.
თათუნა იჯდა და ცრემლს იწმენდდა შუათითით.
– ხო მშვიდობაა, თამრიკო, – ზახოდა ოდნავ დაბნეული, მაგრამ ანთებული ჩანდა.
– კი…
– ვინმე მოკვდა?
– არა, არა…
– ეხლა მე ვინ მკითხავს, – კეფა მოიქექა ზახოდამ – ზურა აქ არ არი და… თამრიკო, შენ ვინც გაწყენიებს, კუბოში ჩავაწვენ… აი, ესე, პაბეგში რო ვიყვე და ოთახიდან ვერ გამოვდიოდე, მაინც…
– მადლობთ, ზახოდა…
– ეგრე, – სახე გაუნათდა წყნეთელს – ძლივასძლივას სახელი არ დამიძახე?
– არ ვიცოდი რა დამეძახა… სოგრატა დაუძახეო, ზურა მეუბნება…
– ჩემი ნათლია რა ვთქვი, – დადნა ზახოდა – პარიკმახერს მოანათლინეს ჩემი თავი… და რა მაგარი ბიჭი გამოვედი. ჩემი და, კიდე, ქურდმა მონათლა, შალიკო გასპაროვმა. მე უთხარი, თქვენა, ქალო, დედაჩემს უთხარი, ქურდს ვერ მომანათლინეთ? ქურდის სული მაქ და პარიკმახერ ბარდუას რო მომანათლინეთ, პარიკმახერი გინდოდა რო გამოვსულიყავი?
თათუნამ გადაიკისკისა.
– ხო, ეგრე იყო… მერე ჩემი და გაჰყვა… ე… – ხელი ჩაიქნია ზახოდამ.
– მოყევი… მოყევი…
– სიძე ვცემე, რა.. სულ კანისტრა ვურტყი…
– რატო, კაცო… – იცინოდა თათუნა.
– აბა, და რო გაატანო, როგორია… თან, ეგეთსა… ქორწილში დავცხე ის კანისტრა, – ჩაიხითხითა ზახოდამ – დავითვერი მაგრათ და წავიწიე ზედა, დაგიმტვრევ სათბურებს-თქო. სათბური ჰქონდა მამამისს, კაი დროში. ეხლა რაღა აქ საწყალს. ვინ მიმიშვა. რო წავიწიე და ჩამომიყვანეს ეზოში. დამსვეს. იქ დავინახე ის კანისტრა და, ერთიც არი და, ვხედავ, ჩამოვიდააა… დავცხე თავში.
– და რატო, რატო.. – კინაღამ ჩაბჟირდა თათუნა.
– რატო, რა და ჩემი და უნდა იმასექნა და, – დაიმორცხვა ზახოდამ.
– ეხლაც ცემ შენ საწყალ სიძეს?
– თუ გაახურებს, ეხლაც ვცემ, რა… მარა ეხლა რუსეთშია, რეისავიკი გახდა. ორჯონიკიძეზე მოაქ მანქანებით, – ხელი ჩაიქნია ზახოდამ – რა ქნას, ხო უნდა აჭამოს ამათა…
– მოდი, ეხლა, მე და შენ გავაკეთოთ შოკმანჟე…
– ჰა? – შეცბა ზახოდა.
– შოკმანჟე. ტკბილია ეგეთი, შოკოლადის, უნდა შევყინოთ.
– ჰოოო, – ამოისუნთქა ზახოდამ – რო არ ვიცი?
– გასწავლი, მაგას რა უნდა?
– ხინკალი ვიცი… მწვადი, ლიუბოი საჭმელს გავაკეთებ. საქელეხოს, ჯვარი წერია ასი წელი, ვაფშე გავაკეთებ.
– წამო, წამო, – და ვითომ მკაცრად უთხრა – წიგნს ძილის წინ წაიკითხავ…
შეღამებულზე, როცა ზურა მოვიდა, როცა ის-ის იყო დამთავრდა კრიმინალური ქრონიკა, რომელსაც ზახოდამ განუზომელი ინტერესით უყურა, ოღონდ არა თავის საკანში, არამედ ლოჯში და რომლის ცქერისასაც თათუნამ გულისფანცქალით ჰკითხა სტუმარს, ეს ლოთი კაცი რატომ უნდა მოეკლათო, ხოლო ზახოდამ მიუგო, ვინმე თავისნაირს შეეყრებოდა, ეგეთი, დღეში ასი კაცი კვდებაო, ჰოდა, როცა ზურა მოვიდა, თათუნამ ზარ-ზეიმით გამოუცხადა:
– სოგრატ ყვავილაშვილმა შოკმანჟე გააკეთა.
მხიარული საღამო გამოვიდა.
– ერთ-ორ დღეს და მეტს აღარ შევაწუხებ თამრიკოს, – გაიდორბლა ზახოდა.
– მერე შოკმანჟეს ვინ გაგვიკეთებს? – ხალისობდა თათუნა.
– ბირჟაზე უნდა ჩახვიდე წყნეთში, კინოსთან. .. რა ქვია, კაფე როა, ერთმანეთს რო ბრიდავთ ხოლმე? იქ უნდა ჩამოარიგო შოკმანჟე, – სთავაზობდა ზურა.
მერე თათუნა სამზარეულოში იყო და ჭურჭელს რეცხავდა. ჩაესმოდა როგორ ჩურჩულებდა ზახოდა. მერე ზახოდა კაბინეტში გავიდა.
– თათუნ, მოდი ერთი აქ…
უთხრა, რო ვტიროდი,~ გაიფიქრა თათუნამ და გაუკვირდა, იმ ზარის შემდეგ რა სწრაფად დავდექი კარგ ხასიათზეო. ყურმილი რომ დაკიდა, მაშინაც აღარ იყო შეშინებული და აცახცახებული. ამას ახლა მიხვდა. – თათუნ! – ხო, რა იყო... – ხელები შეიმშრალა თათუნამ. – მოდი, აქ დაჯექი.. – აჰა, დავჯექი... – კუკლუშ, რაც მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ, გიტირია? – თვალი თვალში გაუყარა ზურამ – და ეხლა არ თქვა, ზახოდა ჩამშვები ყოფილაო. ზახოდას გული გაუხეთქე. ნახევარი საათი ცეკვა-თამაში დავიწყე, რო გაცინებოდაო... რატო, კუკლუშ? თათუნამ ვერ უპასუხა. უცებ: – იმ დედამოტყნულმა დარეკა, ხო? მითხარი, ერთი... მითხარი, რა თქვა... ჩქარა, თორე ავწევ აქაურობას ჰაერში! – ზურამ სკამს ფეხი ჰკრა და გადააყირავა. გაფითრებული იყო. – ისევ დაემთხვა, – თავი ჩაქინდრა თათუნამ. – ნუ იღებ ტელეფონს! ნუ იღებ ტელეფონს! – აღრიალდა ზურა – ნომრის გამომცნობს მოვიტან... – ძლივს ამოისუნთქა ბოლოს. – როცა შენი ქმარი სახლშია, მაშინ არ დავრეკავო... როგორ არ მივიდე ტელეფონთან?~ გაიფიქრა თათუნამ, ეს ზახოდაც მაგარი ვინმე ყოფილა. როგორ უთხრა...~ – ჩემი ეშინია არა, მაგ დედამიწერილს... სწორათ ეშინია... შარი რა, შარი... ზახოდა ეგრე უნდა მოქცეულიყო, გესმის? – თითქოს ესმოდა ზურას. – მე გეტყოდი, – დაიკნავლა თათუნამ. – როდის, შვიდშაბათს? – უცებ გაიცინა ზურამ – რატო უნდა ტიროდეს ჩემი ცოლი? მერე ისინი იწვნენ. თათუნა თვალგახელილი ფიქრობდა: ელიზაბეტ კრის პროცესი~.
სად ვიშოვნო?
გაგრძელება შემდეგ ნომერში 

ავტორი: აკა მორჩილაძე

ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s