ვთამაშობთ თბილისობანას -სერია 3

თავი მეოთხე _ ზახოდას მიერ კალმასობისებურად ნალაპარაკევი და სასჯელი, მოთხრობილი ვიღაცის მიერ

ზახოდას არ მოეწონა კვაჭი კვაჭანტირაძე~. მხოლოდ მესამედი დაძლია: ასე იყო, თათუნამ პირადად შეამოწმა. ზახოდამ განაცხადა: _ ყველაფრის მკადრებელი კაცია.. იმენნა ყველაფერზე მიდის...ეგეთს ვინ გაახარებს ზონაზე? არ მჯდარა და იმიტო ბლატაობს... _ ზონა ციხეა, ხო? _ ჰკითხა თათუნამ. _ ზონა ზონაა, ციხე ციხეა, _ სერიოზულად თქვა ზახოდამ, _ რო გაგასამართლებენ, ან ციხეზე დაგტოვებენ, თუ ვიშკა გაქ, მაგალითათ, მარა ეხლა ვიშკა აღარ არი, სამუდამო არი. . . თუ არა, და ზონაში…გადაყავხარ. კოლონია ქვია სხვანაირად და იქ მოიხდი. არი, ვინც რჩება აბსლუგაზე, თავის ნებით და ის სულ ციხეზეა. ვინც ციხეზე რჩება, ან ქურდი არის, ან, უბრალოთ, ზოგი რეზბალნიცაზე არის... ანდა თუ იმენნა ციხე აქ მისჯილი, ანდა თუ პერესუდს ელოდება... _ რეზბალნიცა რა არი? _ ციხის სავანტყოფოა... იქ უკეთესათა ხარ, პალატაში ცხოვროფ. _ და ისა... _ რომელი... _ მეორე... _ აბსლუგა? ჰოო, _ გააგრძელა ზახოდამ, _ აბსლუგა არი, რო ციხის მოვლაში მუშაოფ. აი, წიგნები დაგაქ, სხვა რამე კიდე... ოღონც ციხის ცხოვრებით არა ცხოვროფ. ვინც არი აბსლუგაში, იმასთან შენ რო ხარ ციხეზე, საქმე არა გაქ. მაგალითათ, აბსლუგა ქურდთან ვერ მივა, რო პრობლემა მაქსო... _ ქურდი მთავარია, ხო? _ პალაჟენია უჭირავს. ის არი ზონის მაყურებელი. თუ ქურდი არ არი, სხვა უყურებს, კაი ბიჭი, ავტორიტეტი. ან მაგარი ქურდი ბიჭი... სიტყვას რო ელოდება. _ სიტყვას ელოდება? _ ხო, რო სიტყვას ეტყვიან, ქურდი ხარო. ეგრე, მხარზე მიადებენ ხელს და ვსიო, ქურდია... _ და მერე? _ მერე იქნება ქურდი... – ხელები გაშალა ზახოდამ. _ და რას გააკეთებს? _ იცხოვრებს ქურდულათ... საქმეს გაარჩევს, საქმეს გააკეთებს. პრობლემას მოაგვარებს. _და როგორ უნდა გახდე ქურდი? _ სიტყვა უნდა გითხრან ქურდებმა, რო ქურდი ხარ და ჩვენი ძმა ხარ... _ და მე მეტყვიან? _ ქალზე არ შეილება, _ დაირცხვინა ზახოდამ, _ ქალი... ქურდის დედა კაი ქალია... _ და შენ? _ მე... მე რა, ისეთი პრისტუპნიკი ვარ. პრისტუპნიკი არა ვარ. მე, პროსტო, თუ ჩავჯექი, კაი ბიჭები დამხვდებიან და ჩვენთან წამოხვალო, მეტყვიან… ხარაშნიაკშიო... მე ვარიანტი არ არი, ისეთი მუხლით შევიდე... _ აბა, ვის ეტყვიან, ქურდი ხარო? _ ვინც სუფთათ იცხოვრა, თან პრისტუპნიკია, ქურდი ბიჭია და თან სუფთა და ავტორიტეტი აქს. არ უბოზია, _ შეყოვნდა ზახოდა, _ ბოდიში, თამრიკო, ეგრე ითქმის. არ ჩაუშვია, რა, ქურდულ კანონს არ გადასულა თავისი ცხოვრებით და ძლიერია. მაგარი უნდა იყო, რა.. სულით ქურდი... ზოგი არი ქურდი, მარა არი ავტორიტეტი ქურდი... თავისით რო ძაან მაგარია და იმიტო კი არა, რო რახამც ქურდია. აი, ჩემი დის ნათლია რო იყო, შალიკო გასპაროვი. რა ნახა იმან ცხოვრებაში? სამი სროკი მოიხადა, სულ ოცდაჩვიდმეტი წელიწადი. მეორე სროკის მერე გადაიხადა ქორწილი, ცოლი შეირთო და ერთ თვეში ისევ წავიდა, თხუთმეტწლიანზე. _ მერე ცოლი? _ მიდიხარ სროკზე, ტოვებ. ძველათ ქურდებს ცოლი არ ყავდათ. _ და ეს რო გამოვიდა, დახვდა ცოლი? _ დახვდა, არ დახვდა... ქურდი იყო ისევა, ძლიერი ქურდი... საჭმელს არა სჭამდა. მარტო კარაქს და ცოტასაც ყველს ხოლმე. მერე დამბლა დეეცა და ბოლო სროკი დამბლიანი წავიდა. ორი გაზრდილი ჰყავდა, ორივე ქურდი გახდა მერე. იმათ დაჰყავდათ ხელით და საქმეზე რო ლაპარაკობდა, იმათ ესმოდათ ამის ლაპარაკი, სხვას არა. ისინი ამბობდენ, რო ეს თქვა შალიკო ძიამაო და ესეც თავს დაუქნევდა. რო შეიყვანეს ციხეზე ეგრე, დამბლიანი, თელი ხალხი მაგის სახელს ყვიროდა. ეს ორი რო ყავდა გაზდილები, მეორე დღესვე ორივე შეჰყვენ და იქ უვლიდენ. იმ სროკზე მოკვდა მალევე, ერთ თვეში... _ მდაა, _ თქვა თათუნამ, _ შენ წიგნი უნდა დაწერო ქურდებზე... _ სად ვიცი მაგდენი წერა, _ დაირცხვინა ზახოდამ. _ და ესე იგი, ეს ქურდი ზონაში არი როგორც პრეზიდენტი, არა? _ ქურდი შეილება ოცი იყოს ზონაში... პრეზიდენტი ხო ერთია? მარა ვინც არი ძლიერი, ის არი ძლიერი. აბშიაკსაც, რასაც უნდა, იმას უზამს... _ აბშიაკი რა არის? _ არ დაიღალა თათუნა. _ ყველა პატიმარის საერთო ფულია. ყოველთვეში შეაქ... ვინც თამაშოფს, მოიგეფს, წილი შეაქ მაგალითათ, რა... აბარია ერთ კაცს და… იმ ფულზე ის არი პასუხისმგებელი. სულ თან აქ, ძილშიც, აბანოშიც. _ მთელი ფული? _ აბა, მა. ან ქამარი აქ ეგეთი, სქელი. ან ცელოფნისგანა აქ და საროჩკის ქვეშ უდევს. ყველას შეულია მივიდეს და შეამოწმოს, ხო არ აკლია... _ და რათ უნდათ ეგ ფული? _ აბშიაკია, რა. დაჭირდა კაცს, აიღოს იქიდან. ქურდს შეულია აიღოს და სულ წაიღოს... _ იფ, რა კარგია? _ აბა ქურდია და... _ უბრალოს? _ უბრალოს ფული რათ უნდა? თუ უნდა, ოჯახს მიწეროს, შემომიგზავნეო... _ და, აბა ყველას ნაგროვებ ფულს წაიღებს და ვერავინ ვერაფერს იტყვის? _ რა უნდა თქვას, ქურდია... დასჭირდა საქმეზე. თათუნა დადუმდა. მგონი მობეზრდა ზახოდას სმენა, მაგრამ რაც აინტერესებდა, ის უნდა გაეგო. _ და ყველა ერთად ზის? _ ერთათ, როგორ? _ აი, ციხეში. _ არა. ერთათ როგორ. ქურდი არაკაცებში ხო არ დაჯდება? ქურდის კამერაში... _ და აი, მკვლელები სად ზიან? _ მკვლელს გააჩნია. ვინ მოკლა... _ აი, ვთქვათ მანიაკია. მოკლა ქალი, მერე კაცი, მერე ქალი და დაიჭირეს... გააუპატიურა. _ ხო, _ გაეცინა ზახოდას… _ დაავიწყებენ იმ თავის მანიაკობას. _ როგორ? _ ყოველდღე სცემენ. სულ ტაბურეტკებს ურტყამენ ცხვირპირში. თვალს გამოთხრიან, ყურს მოაჭრიან. _ რატომ? _ შეშინდა თათუნა, _ ხო მიუსაჯეს... _ ციხეს თავისი სასჯელი აქს. რა კაცი შეხვედი, იციან. აბა, გაუპატიურება რა არი, ქალის მოკვლა რა არი, ბავშვის მოკვლა რა არი? კაცი, ხო, პრიჩინას გააჩნია, ქალის მოკვლა კიდე რა არი? კაცი ხარ და ქალსა ჰკლამ? _ ფილოსოფიურად შენიშნა ზახოდამ. თათუნამ ხსენებულ ამბავზე აღარაფერი ჰკითხა და ჯიქურ მაინც შეუტია: _ ტყუილად არ მოგეწონა კვაჭი კვაჭანტირაძე... რა არ მოგეწონა? ეს გოგო პედაგოგად იყო დაბადებული. ნუ, პირდაპირ უნივერსიტეტის პროფესორი ქალი. ზუსტად ისეთი, ამერიკულ ფილმებში როა ხოლმე. _ ეგ კაცი არ მომეწონა და მთელი მაგის ბრიგადაც... სულ... –ზახოდამ კვლავ ენაზე იკბინა, _ ნიტო ხალხია ეგენი... _ სწორია. ეგ კაცი არ უნდა მოგეწონოს. ვინ გითხრა, უნდა მოგეწონოსო? კარგი, რა მოგეწონა? _ სკოლიდან რო წამოვიდა. მეც ეგრე წამოვედი... ორი წელიწადი არ მივლია. ატესტატი მაინც მომცეს და დავწვავდი იქაურობას, ეგ ატესტატიც რო არ მქონოდა... _ შენ დროს ჯარი იყო? _ რუსების ჯარი იყო. ის იყო ჯარი, თუ იყო... რუსულიც არ მესმოდა და ორი პრიზივი დავიმალე. საქმე იყო აღძრული. მამაჩემმა ძროხა გაყიდა. გადაღმით ნაკვეთი გვქონდა, გაყიდა. ისესხა და გააკეთა, რო ინვალიდი ვარ და ერთი შვილი ვარ, რო ვარჩინო. იმ ფულათ საქმეც დაახურინა... _ ამდენ წვალებას, წასულიყავი, სანამ ჩააწყვეთ, ჩამოსული იქნე­ბოდი... _ პაგონები დემერტყა? პაგონებიანს სადღა მევლო, კაი ბიჭობას ვაწვებოდი და ეგრე არ გამოვა, შვილოსან, პაგონიანი რაღა პრისტუპნიკი ხარ? კი მოიპარავ, მაგრამ კაი ბიჭობაზე თავს როგორღა დასდებ? თათუნას გაეღიმა. რა ცხოვრებაა? ზახოდასაც კი რაღაც კანონები ბოჭავს. თან, ბავშვობიდან. ზახოდას გასაჭირი... პრობლემებიო, რომ იტყვის ხოლმე. ისეთი რამ არის, დაფიქრებად რომ არ ღირდეს? ახლაც იმალება. სულ იმალება. ჩემი და ზახოდას პრობლემები, თითქმის ერთნაირია. მოგვარდება და მერე ყველაფერი ხელახლა... ხელახლა, ხელახლა... რა ხელახლა ამიტყდა? თათუნას ოდნავ უკვირდა რომ ზახოდა ამდენხანს შემორჩა მათთან. თანაც, ის ძველებურად კაბინეტში აღარ იყო შეკეტილი. არც ზურას ამხანაგებს ერიდებოდა და, მითუმეტეს, არც თათუნასას. გოგოებს წყნეთელის გამოჩენა მეტად ახალისებდა. ვითომ ეკაიფებოდენ, მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ზახოდა იქით ეკაიფებოდა და მერე თავმდაბლურად, ერთგვარი სიამაყით, ხალიჩას ჩაშტერებული წაიდუდუნებდა, აი, ეგეთი შემპარავი ღიმილით: _ ვინა... მე, ზახოდას, ქურდის ტოლა კაცს... ვინა, ჩემი კაი... გოგოები კი, კისკისებდნენ. ზახოდა ტელეფონთანაც მიდიოდა და ქუჩაშიც გადიოდა. დილით გავიდოდა და საათნახევარში ბრუნდებოდა. _ ჰა, რა ამბავია? _ ჰკითხავდა თათუნა, თუ სახლში იყო. _ ჩაბანძებულია თბილისი... საღამოსაც ერთი ორი საათით დაიკარგებოდა და დაბრუნებული იგივეს იმეორებდა: _ მკვდარია. მიორ_ტვიიია... პოონტია... მოკლედ, ჯერჯერობით მათთან ცხოვრობდა. თათუნა არ ეკითხებოდა ზურას, აქ როდემდე უნდა იყოსო. ზახოდა იმალებოდა. მორჩა და გათავდა. ან ეგებ არც იმალებოდა. თათუნა რაღას გაარკვევდა მის ამბავს. ზურა ძველებურად დაქროდა თავის საქმეებზე და აღარც ისე ადრე მოდიოდა, როგორც ზახოდას მათთან ყოფნის პირველ ორ კვირას. ტელევიზორიც კი გამოიტანა კაბინეტიდან საწოლ ოთახში. ეგ იყო, რომ შუადღისას, მოულოდნელად მოვარდებოდა ხოლმე. ეს მოვარდნებიც აღარ ჩანდა მოულოდნელი. თათუნასაც აღარ თხოვდა, აქ წამოდი, იქ წამოდიო. საერთოდ, წყანრად იყო. თავს იკავებდა. ღმერთმა იცის. ბოლო კვირას აღარ აფეთქებულა. ის მანიაკიც არ ჩანდა. უფრო სწორად, მისი ხმა არ ისმოდა. სამი დღის წინ, ზურამ დიდი შინდისფერი ტელეფონი მოიტანა. ულამაზო ნივთი. _ კუხნაში აღარ აიღო, _ უთხრა ცოლს, _ აი, ეს აიღე. აი, აქ ნომერი დაიწერება და ის ნაბიჭვარი თუ იქნება, დაიმახსოვრე... და კიდევ, ერთი რამე უკვირდა თათუნას. თუკი სადმე წავიდოდა, შინ დაბრუნებულს, ზახოდა არასოდეს ხვდებოდა სახლში. თუმცა, მალევე მოდიოდა. თათუნა ამას იმას მიაწერდა, რომ ზახოდას სახლის გასაღები არ ჰქონდა, მაგრამ... ეჰ, რა იყო ამდენი საფიქრალი? იმ შუადღით თათუნამ წიგნების დალაგება წამოიწყო: უფრო სწორად, ქვედა თაროებზე უწესრიგოდ შეყრილი წიგნების მტვრისგან წმენდა და წესიერად შელაგება გადაწყვიტა. სწორედ ამ დალაგების დროს, იატაკზე არცთუ ლამაზად გაფორმებული, თხელყდიანიმშვიდობით, იარაღო~ გადმოვარდა.
თათუნამ წიგნი განზე გადადო და დალაგებას რომ მორჩა, მიუბრუნდა.
ოდესღაც, მგონი სკოლის დამთავრების წელიწადს წაიკითხა ეს წიგნი და რაღაცნაირად, გულსგარეთ. უფრო იმიტომ კითხულობდა, რომ ჰემინგუეის დაწერილი იყო, თორემ ასეთი რომანები არ უყვარდა. ეს იყო ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხა. მერეღა მისწვდა მოთხრობებს და გაუკვირდა, მამამ ჯერ მშვიდობით, იარაღო~ რატომ მომცა და მერე მოთხრობებიო. მოთხრობები ხომ ბევრად უკეთესი, თითქმის საუკეთესოც ჩანდა. ახლა კი მიწოლილიყო სასტუმრო ოთახში, დივანზე და ზერელედ ფურცლავდა. მშვენივრად ახსოვდა: რომანი ერთ უბედურ სიყვარულზე იყო. სრულიად გამოუვალი, უპერსპექტივო ამბავი ამერიკელი ლეიტენანტისა და ინგლისელი მოწყალების დის შესახებ, რომლებიც ჰოსპიტალში შეხვდნენ ერთმანეთს. წინ კი არაფერი. ქეთრინ ბარკლი. ჰო, ქეთრინ ბარკლი. ასე ერქვა ქალს... მგონი, ჟღალი თმა ჰქონდა. მამამ რომ ეს წიგნი მისცა, თითქოს ურჩია, უკვე ქალი ხარ, სიყვარული აი, ასეთიც შეიძლება იყოს, ყველაფრისთვის მზად იყავიო. საერთოდ, მამა უცნაური და რბილი კაცი იყო. პირდაპირ არასოდეს იტყოდა რამეს. უარსაც კი ვერასოდეს ამბობდა პირდაპირ. მისი მტკიცე უარი ასე ჟღერდა:მდაა, მე მგონია, რომ არ გამოვა.~
თათუნამ წიგნის ბოლო გვერდს ჩახედა. იცოდა, რომ ყველაზე მაგარი ამ წიგნში ბოლო გვერდი იყო, რომელიც ჰემინგუეიმ თითქმის ორმოცდაათჯერ დაწერა. მას ფინალის წერა ყველაზე მეტად ეხერხებოდა. ასე იყო. ქეთრინი მშობიარობას გადაყვა, ბავშვიც მკვდარი დაიბადა. ამ ამბავს ლეიტენანტს ექიმი ეუბნება. რა სისულელეა? უნდა წაიკითხო ბოლო წინადადება. საშინელება. სიკვდილი. ცხოვრება. ჯანდაბა. გამოვედიო და სასტუმროსკენ წავედიო. ამ კაცს გაეგებოდა დასასრულის ამბავი. თათუნამ კი დასასრულების ბევრი არაფერი იცის. იცის, რომ აი, ამ კაცს გაეგებოდა. თვითონაც ისე დაასრულა საკუთარი ცხოვრება, რომ დღემდე სალაპარაკოა. ანდა `ფიესტას~ დასასრული, ტაქსიდან რომ გადმოდიან მადრიდში და რომ ეუბნება, ჩვენ მშვენიერი წყვილი ვიქნებოდითო.
თათუნა შეკრთა, რადგან მიხვდა, რომ წიგნს შემთხვევით არ ფურცლავდა. ახლა ის ვეღარაფრით წაიკითხავდა ამ რომანს. ვეღარაფრით. თვალის ჩაკვრა კი უნდოდა. მიხვდა, რომ უფრო ზურაზე ფიქრობდა, ვიდრე ლეიტენანტ ჰენრიზე. ტყუილად არ გადმოვარდა ეს წიგნი. თათუნას მისტიკა არ უყვარდა.
და სწორედ ამ დროს, ამ საათსა და ამ წუთს, სრულიად შემზარავად გაისმა ტელეფონის ხმა.
თათუნამ უნდოდ შეხედა ნომრების ამომცნობს. მერე ტელეფონთან მიჩოჩდა და ყურმილი აიღო.
_ ქალბატონო თამარ!
თათუნამ ტელეფონს დახედა. ასე იყო. იქ ექვსი ციფრი კიაფობდა.
_ ქალბატონო თამარ, ვერ მიცანით?
_ კი, _ უთხრა თათუნამ ადრინდელთან შედარებით თამამად, _ მანიაკი არა ხართ? ციხეში რომ მოხვდებით, სულ ტაბურეტკებს გირტყამენ ცხვირ-პირში და ერთ თვალს მაინც გამოგთხრიან…
თვითონაც გაუკვირდა, ასე რომ უთხრა, მაგრამ მანიაკი არ შეეპუა.
_ მე ციხეში რა მინდა? ციხეში იდიოტები ხვდებიან. მე ისე ვაკეთებ საქმეს, რომ ვერავინ მომწვდება. ვერავინ…
_ რა გინდა? – თავზე ხელი აიღო თათუნამ. ტელეფონზე მოციმციმე ციფრებს უყურებდა.
_ თქვენ იარაღი ხომ არ შეიძინეთ, ქალბატონო თამარ? რაღაც გათამამებული ჩანხართ. თუმცა, ქმრის სროლისა და ყაჩაღობის უნარიდან გამომდინარე, ეს არავის გაუკვირდება. შეძენაც არ დაგჭირდებოდათ, _ მანიაკმა კვლავ ჩაიცინა. _ ჰა, მესვრით? გააღეთ თქვენი სახლის კარი, იქ ვდგავარ…
თათუნას ენა ჩაუვარდა.
ეს რომ მობილურების დრო ყოფილიყო, კიდევ უფრო შეეშინდებოდა, მაგრამ ეს არ იყო მობილურების დრო. ამ ჯადოლაქლაქას საოცრებისა ხსენებულ ქალაქში მაშინ ბევრს არაფერი გაეგებოდა.
_ ააააა… შეგეშინდათ, ქალბატონო თამარ? რა თქმა უნდა, არ ვდგავარ თქვენი სახლის კართან, თქვენს მეოთხე სართულზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გააღებთ კარს და იქ დაგხვდებით… ეს ერთი. მეორე კიდევ ის, რომ დღეს ისე ვრეკავ, თქვენს დასაზვერად. მომდევნო კვირას მორიგ ოპერაციას ვგეგმავ. გრანდიოზული აფატვრა! შინაურულად გატყობინებთ, როგორც მიჯნურს. ახლოა ჩვენი შეხვედრის წამი!
_ ჩვენ ვერ შევხვდებით… ვერასდროს, _ წაილუღლუღა თათუნამ.

_ ქალბატონო თამარ, _ ძალით გადაიხარხარა მანიაკმა, _ ჩვენ შეგვიძლია ახლავე შევხვდეთ. მაგრამ მე ჯერ იმდენი საგმირო საქმე არ ჩამიდენია, რომ ეს გავბედო…
დაწერილს კითხულობს, მსახიობივით~ _ კიდევ ერთხელ გაიფიქ­რა თათუნამ. _ ეს, ასე ვთქვათ, შესავლისთვის, ქალბატონო თამარ, _ ჩაახველა მანიაკმა, _ ახლა ეს მითხარით,ელიზაბეტ კრის პროცესი~ თუ მოიძიეთ? ეს სულისშემძვრელი წიგნი. შეასრულეთ ჩემი დავალება?
_ არა…
_ თქვენ გგონიათ, ეს იოლად ჩაივლის, ქალბატონო თამარ? _ მანიაკს ხმა გაუმკაცრდა, ზუსტად ისე, როგორც მასწავლებლებს უმკაცრდებოდათ მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლებში ოდესღაც. _ გგონიათ, მე დაგავალებთ, თქვენ არ შეასრულებთ და მორჩა? თქვენ დაისჯებით, და ყოველი სასჯელი წინაზე მკაცრი იქნება… ახლა მისმინეთ… ხვალ დილით სადარბაზოში ჩახვალთ და საგაზეთო ყუთს გახსნით. თქვენს საგაზეთო ყუთს… იქ კონვერტს ნახავთ, კონვერტში თქვენი სასჯელია… ჩემს მიერ აფატრული მეძავის ყური… შემოვინახე! და კიდევ ბევრი რამ მაქვს შემონახული! ჩახვალთ! დილით! თერთმეტის ნახევრიდან თერთმეტამდე და თქვენს სასჯელს აიღებთ.
საგაზეთო ყუთი… ალბათ, წლებია არავის უხმარია. არავის და არასდროს, წლები კი არა. ექვსი თვე იქნებოდა, თათუნა და ზურა აქ ცხოვრობდნენ. თბილისში აღარავინ მოიხმარდა სადარბაზოებში საბჭოთა დროიდან დარჩენილ საგაზეთო ყუთებს. გაზეთებს არავინ იწერდა. ჰქონდათ საერთოდ ყუთი? ან თუ ჰქონდათ, გასაღები არსებობდა?
_ რატომ დადუმდით, ქალბატონო თამარ?
_ გაზეთების ყუთი… არ მაქვს, _ თათუნა თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ დაუწყო ახსნა მანიაკს.
_ გაქვთ, როგორ არა გაქვთ, ქალბატონო თამარ. ნომერი ორმოცდათოთხმეტი. თქვენი ბინა ხომ ორმოცდათოთხმეტია? ყოველ შემთხვევაში, კარს ასე აწერია. და ყუთიც, თუმცა გაუბედურებული, მაგრამ მაინც არის… ასე რომ, ეგეთები არ გაგივათ.
_ გასაღები არ მაქვს…
_ ჰმ, გაზეთების ყუთს რა გაღება უნდა, _ ხველებ-ხველებით ჩაიხითხითა მანიაკმა, _ თავს ნუ ისაწყლებთ. ამას უფრო დიდი სასჯელი მოჰყვება… პირდაპირ, არ ვიცი, რატომ გეტრფით ასე… თქვენი წრის ადამიანები ყოველთვის მძულდა… რაც კი რამ საზიზღრობაა თბილისში…
და უცებ, თათუნამ ვეღარ მოითმინა:
_ აქ აღარ დარეკოთ… მე თქვენი ტელეფონის ნომერი ვიცი!..
მერე დუმილი იყო.
მერე კი… მანიაკი თითქოს არ შეშინებულა:
_ ეგ არაფერს ცვლის… არც ისეთი სულელი ვარ, რომ ამ ნომრით რამეს მიაღწიოთ… თქვენ დაისჯებით, მკაცრად… ჩაუჯექით იმ კვირის კრიმინალურ ქრონიკას. მე არ დაგზარდებით, შეგატყობინებთ… მანამდე კი კონვერტი გელით…
თათუნას გააჟრჟოლა.
მოჭრილი ყური, კონვერტი… რა იდიოტობაა. საზიზღრობაა…
რა უნდა ქნას? ზურას უნდა უთხრას, მეტი არაფერი. მაგრამ მაშინ ნომერიც უნდა უთხრას. ნომერი? კი, ახსოვს ნომერი. მაგრამ ზურას რომ ნომერს ეტყვის…
თათუნამ ვეღარ გაიგო, ზურასი უფრო ეშინოდა, თუ მანიაკის.
უცნაურია?
მერე ზახოდა შინ დარჩა, ზურა და თათუნა კი კოკას ცოლის, მარიკას დაბადების დღეზე წავიდნენ.
_ აქა ვარ, სტოროჟათ, _ გამოაცილა ზახოდამ.
რაღაცნაირი დღე იყო. საშინლად დაიწყო და მძიმედ მთავრდებოდა, ძლივსძლივობით.
თათუნას მანიაკის დაბრუნების შესახებ არაფერი უთქვამს ზურასთვის. კარგა ხანს ვერ დაიძინა და მერე თავისი პატარა, ლურჯქუდიანი ღამის ნათურა აანთო.
რა თქმა უნდა, ნერვიულობდა. ერთი კი იფიქრა, საერთოდ არ შევხედავ იმ გაზეთების ყუთსო, მაგრამ როცა წარმოიდგინა, რომ იქ წლობით უნდა დებულიყო საბრალო რუსი მეძავის ყური და სადარბაზოში ყოველი გავლა-გამოვლისას ეს უნდა გახსენებოდა, კინაღამ გული აერია. სხვა გზა კი კიდევ უფრო საშინელი იყო: როგორ უნდა მოეკიდა ხელი კონვერტისთვის, რომელშიც ერთი თვის წინათ მოკლული ადამიანის ყური იდო? საერთოდ, არსებობდა ეს ისტორია? ესეც ვერ გაერკვია თათუნას. ისიც კი გაიფიქრა, კონვერტს პირდაპირ ბუნკერში ჩავაგდებო. თუმცა, იმისაც არ სჯეროდა, რომ ყუთში რაიმე დაუხვდებოდა. მაშინ რატომ გადაწყვიტა სადარბაზოში ჩასვლა?
აქ მიღებულია _ გასაჭირს სმით ებრძვიან. ასე გაიფიქრა თათუნამ, რომელმაც იცოდა, რომ ვერაფრით დაიძინებდა.
ერთი ვისკი ხომ არ დამერტყა? ამის გაფიქრებისთანავე გაეღიმა. რა სისულელეა? ჯერესერთი, საზიზღრობაა, მეორეც, ძილის წამალი ჯობია. რამე, დამამშვიდებელი.
თუმცა, თათუნას კიდევ ჰქონდა ერთი წამალი. წამალი სიმხნევისა და ჭირსა შიგან გამაგრებისა, რომელსაც სასთუმალთან, უჯრაში ინახავდა. ეს იყო ერთი პატარა წიგნი.
თათუნა გადაშლიდა და წაიკითხავდა ხოლმე ბოლო ორ წინადადებას: _ და რა უნდა ვჭამოთ ამ ორმოცდახუთ დღეს? და პოლკოვნიკმა მიუგო ისე ამაყად, როგორც არასდროს: _ ნეხვი.~ აი, ამას წაიკითხავდა თამარ მეგრელიშვილი და მშვიდდებოდა. სხვისთვის უცნაური იქნებოდა. და ახლაც, თათუნა უჯრას გადასწვდა და წიგნი ამოიღო. ამ წიგნსპოლკოვნიკს არავინ სწერს~ ერქვა.
თათუნა უყურებდა წიგნის ბოლო ფურცელს და მის იმედად იყო.
ხო, ასეა: უარესი და უარესი იქნება. უარესსა და უარესში უნდა იცხოვრო. აუცილებელი არ არის, რომ გარშემო აღარ ისვრიან. კარგი მაინც არაფერი მოხდება. ჩვენი ტოლია… ის, ვინც რეკავს. ჩვენი ტოლია. მაგრამ საიდან მოაქვს ასეთი წინადადებები? ნამდვილად, დაწერილს კითხულობს. სიტყვა უწყდება ხოლმე, და მერე ტონსაც იცვლის. როგორ შეყოვნდება ხოლმე… ზურა რას იზამს?
ზურას ეძინა. განიერი მხრები ჰქონდა. ზამთარ-ზაფხულ ასე დაეგდებოდა ხოლმე, ტრუსების ამარა.
ყოველთვის თათუნაზე ადრე ეძინებოდა, რაღაცნაირად, სწრაფად და უცნაურად. სწორედ იმ დროს, ფილმებში რომ ერთად მწოლარე ქალი და კაცი ლაპარაკს იწყებენ. თუმცა, ფილმები ხომ სისულელეა?
სხვებს როგორ აეწყოთ ეს საქმე, თათუნამ არ იცოდა. ალბათ, ყველას თავისებურად. რა დროს ამაზე ფიქრი იყო?
`ნეხვი~ _ ამ სიტყვას უყურებდა და ამაზე ფიქრში ჩაეძინა.

ამის მოთხრობას სხვას არავის დავანებებ, ვინაიდან მე ვიცი, როგორ მოვყვე.
კიკილამ იცის.
თათუნა ზურას ხმამ გააღვიძა.
უფრო სწორად რომ ვთქვა, ზურა და ერთი ჟღალთმაწვერიანი, ამ ჟღალ თმასა და წვერში სითეთრეშეპარული, ღიპიანი კაცი მღეროდნენ.
ზურას საყვარელი მუსიკის ხმა სამზარეულოდან საწოლამდე აღწევდა.
როკ მუსიკაში, თუ პოპ მუსიკაში თათუნა სუსტი იყო, მაგრამ მიხვდა, რომ ის ჭაღარა, ბებერი ბიჭი გალობდა, სიმღერისას ნერვიულად რომ გაიქნევს ხოლმე ხელს და ძალიან ჩვეულებრივად რომ აცვია. ეს მომღერალი ერთხელ ზურამ დაანახა ტელევიზორში და უთხრა, აი, კაცი ეს არისო.
ჯო კოკერზეა ლაპარაკი, ოღონდაც თათუნა არ იმახსოვრებდა მომღერლების სახელებს. თათუნას მალერი და სმეტანა (კომპოზიტორი და არა რძის ნაწარმი) მოსწონდა.
ზურა და ეს კაცი ერთად მღეროდნენ სამზარეულოში.
ზახოდა სკამზე გადამჯდარიყო და საზურგეზე ჩამოყრდნობილი ჭამდა კარაქს და პურს. ასეთი ჯდომა იცოდა ჩვენმა ზახოდამ გაშინაურების ჟამს.
_ კუკლუშ, ძილქუში?
_ დღეები არის რაღაცნაირი, _ თქვა ზახოდამ და ბრაზით გახედა იმ მოწყობილობას, საიდანაც მისტერ კოკერი კვლავაც მღეროდა. _ სულ მეც მეძინება, ზამთარი მოდის…
_ რა დროს ზამთარია? _ გაიკვირვა ზურამ, _ ზამთრის გეშინია, თათუნ? ჩამობნელდება, ქუჩაში მანიაკები ივლიან… სულ მანიაკები…
_ ჰოოოო, გიჟები… – დაურთო ზახოდამ. _ მაინც მოვა ზამთარი… კაი ფეჩთან რო ზიხარ…
_ უ! _ შეჰკივლა უცებ თათუნამ. _ რომელი საათია?!
_ თორმეტის ათი წუთია… რა იყო? _ წარბი შეკრა ზურამ.
_ არაფერი, _ აღმოხდა თათუნას. _ რამდენი მძინებია…
_ გეძინოს, თამრიკო… ძილი არა სჯობია ამ ცხოვრების ყურებას? _ ცოლ-ქმარი დაამშვიდა ზახოდამ.
ბრძენი კაცი იყო. თქვენმა კიკილამ ადრიდანვე იცოდა ეს ამბავი, მაგრამ თათუნამ ხომ არ იცოდა?
_ ადე, ადე… დავაი, წავედით, _ წამოაგდო ზურამ წყნეთელი. _ მაგვიანდება… შენც ხო უნდა დაგტოვო… მიდიხარ სადმე, კუკლუშ?
თათუნას ათიდან ცხრა შემთხვევაში ერთი პასუხი ჰქონდა:
_ რა ვიცი… დედაჩემთან…
ზახოდა უკვე ზღურბლზე იდგა, როცა ზურა უცებ შემოტრიალდა და თათუნას ძალიან ნელა და ფრთხილად თავზე გადაუსვა ხელი.
_ ცუდად ხო არა ხარ, კუკლუშ?.. არ მომწონხარ. გუშინაც, იქ მაგარი მოწყენილი იყავი…
_ დაბადების დღეებზე ვიღლები…
_ ეს ვინ შემხვდა კაცოუ! _ წაუგლეხურა ზურამ. _ ეგეთი რბილი, ეგეთი თბილი, ეგეთი მოწყენილი… წავედი, ხო? ჭკვიანად იყავი.
და შუბლზე აკოცა. სწრაფად, ქარივით.
თათუნა სამზარეულოში გამობრუნდა.
ერთხანს ისე იჯდა, რომ ყავაც ვერ დალია.
დაიგვიანა?
იმ მანიკამა ხო დრო დაუთქვა.
მერე რა?
ქალები ყოველთვის აგვიანებენ.
რა სისულელეა…
რატომ აგვიანებენ?
აგვიანებენო…
თათუნამ უჯრა გამოსწია და სუფრის ჩვეულებრივი დანა ამოიღო.
ამით გავაღებ.
ღმერთო, რა ნომერია ჩვენი გაზეთების ყუთი?
ჩვენი ბინა რა ნომერია?
ღმერთო, რა ნომერია ჩვენი ბინა?
ორმოცდაორი.
არა, ორმოცდათორმეტი.
ხო, ორმოცდათორმეტი.
თათუნამ გასაღები აიღო და სადარბაზოში გავიდა.
სასაცილო იყო, დანით და გასაღებით ხელში.
კიბეზე ნელა ჩადიოდა, წარმოუდგენლად ფრთხილად. ეგონა, რომ ყოველ სართულზე ვიღაც ელოდა.
რამდენ ხანს უნდა იარო მეოთხედან პირველ სართულამდე?
ძმანო, თბილისურ-დიასახლისურად ეცვა: ცისფერი კიმონო, ზედ ამოქარგული საკურას რტოებით, შლოპანცები და მეტი არც არაფერი.
ჩამოშლილი წაბლისფერი თმა, ვარდისფერი კანჭები და ეს ბლაგვი დანა ხელში.
სახლში ამობრუნებული ფიქრობდა, რას ვგავდიო. იმ ბიჭს რომ სულ ერთი ბეწო იუმორის გრძნობა ჰქონოდა, ან რა ვიცი, ოდნავ თავშეუკავებელი ყოფილიყო, პირში შემომცინებდაო.
იუმორის გრძნობა როგორ არ ექნებოდა: ერთი ცოცხალი და საზრიანი ვინმე ჩანდა. კიკილას არ ესწავლება. გაეძრობიან ხოლმე ასეთი ვინმეები, სრულიად მოულოდნელად და სრულიად საჭირო ვითარებაში.
მანამდე კი ისე იყო, რომ, როცა კი თათუნამ კიბე ჩაათავა, იხილა:
ვიღაცას საოჯახო ოჩოფეხი გაუშლია, ზედ ამძვრალა და შუა სადარბაზოში კაბელებში ჩხირკედელაობს.
უუუუუუჰ…
თათუნას ყოველთვის ეშინოდა ამ საზარლად ჩამოშლილი კაბელების. ეს ვიღაც კი ამძვრალა და ხელებს ატრიალებს საშიშ ადგილებში.
ხელოსანს არ ჰგავდა.
პიჟამო ეცვა და ჩაკეცილი ესპადრილები.
ჩვენებური სადარბაზო. დიახ. კაცმა მოიცალა. იწესრიგებს ელექტროგაყვანილობას.
მეზობელი იქნება~ _ სწორედ ასე გაიფიქრებდა თათუნა, _სირცხ­ვილია, არცერთ მეზობელს არ ვიცნობ. ისე, მანიაკი თუ მითვალთვალებს, ვერ შემომბედავს…~
და დიასახლისმა სამოქალაქო ომის დროიდან გაუქმებული საგაზეთო ყუთების პირქუშ რიგს დაუწყო თვალიერება…
რას იპოვიდა?
ნომერი აღარცერთს ეტყობოდა და გვარი.
_ ბოდიში, _ უკნიდან ხრინწიანი ხმა მოესმა _ ბოდიში… რას ეძებთ?…
გაგრძელება შემდეგ ნომერში 

ავტორი: აკა მორჩილაძე

ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s