ვთამაშობთ თბილისობანას. სერია 1

იმედიანი შესავალი, მოთხრობილი აწგარდაცვლილი მეგობრის, კიკილას მიერ

არ გეცნობებით, თუ არ წაგიკითხავთ “აგვისტოს პასიანსი.” ის წიგნი ჩემმა ნაცნობმა დაწერა და ბევრი ტყუილიც თქვა იქა, მაგრამ ჩემი და ზურა ჟურულის მეგობრობის შესახებ რაც მოგახსენათ, ნამდვილი იყო. მაშინ მე ცოცხალი გახლდით და გერმანიიდანაც გახარებული დავბრუნდი, რადგან შემატყობინეს: კიკილ, ძმობილო ყურშავ, თბილისში მზემ გამოანათა და ახლა ყველა შენებრ მგრძნობიარე კაცს შეუძლია ამ ქალაქში ჩამოვიდეს, ბრონეჟილეტის გარეშე იაროს და ქალთა გულები მოინადიროსო.
აქვე მოგახსენებთ, რომ ეს იყო იმ მატყუარა წელიწადს, როცა ეგონათ, რომ მზემ საბოლოოდ გამოანათა და სულ ზაფხული იქნება.
ო-ო, ის იყო საამური დრო.
ის იყო ბედნიერი დრო ახალი ცხოვრების დასაწყისისა, თუმცა შემდგომში ტყუილი გამოდგა და მე კვლავ წავედი გერმანიაში, საიდანც კვლავ დავბრუნდი, რათა აქ ვიღაც სულელ ქალს შემთხვევითი გასროლით შემოვკვდომოდი.
და საღამოებიც რა მშვენიერი იყო!
შეღამებულზე ისმოდა არა სროლა და მანქანების იმგვარი ღმული, პატრონის მაგარ ბიჭობას რომ მიგახვედრებდა, არამედ ჩიტების გალობა და საიდანღაც გაცოცხლებული “ბიტლზის” მუსიკა, რადგან ეროვნული პოპი ჯერ არ არსებობდა.
და ფანჯრები გამოეღოთ თამამად! თამამად, სულ ბოლომდე და თუთისა თუ არა, ცაცხვის ფოთლები მაინც იჭრებოდა ოთახში.
სადღა იყო ის გიჟმაჟი, არეული გაზაფხული, სადღა იყო ხმაური და ჟამი თოფოსან ყმაწვილთა პირველობისა, იარაღის და ქსივ-საბუთეულის ტრიალისა.
ბევრი დაეჭირათ, ბევრი მიმალულიყო, ბევრიც გადარჩენილიყო. გადარჩენილიყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიარაღებულ რაზმეულებში არ ირიცხებოდა კვლის, ჩაგვრისა და მოხვეჭისათვის, არამედ ოდინდელ, თუმცაღა უკვე დაფშვნილ ოცნებათა ასასრულელებლად. უბრალოდ რომ ითქვას, სამშობლოს სამსახურისთვის, თუმცა არც სამშობლოსი იცოდა ბევრი რამ და არც სამსახურისა.
ამათ შორიახლო ტრიალებდა ზურა ჟურულიც, ჩემი კლასელი, ძმა და მეგობარი, აწ უკვე ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი. მხნე, ახოვანი, მხარბეჭიანი: კეხიანი ცხვირითა და ძვირფასი სათვალით, შიშველ ფეხებზე მორგებული ინსპექტორ-იმპერიალებით.
ასეთი იყო, როცა დავბრუნდი, და ვთხოვდი, სათვალე მოიხსენი-მეთქი, რადგან მინდოდა თვალებში ჩამეხედა მისთვის. ერთხელ დავთვერით, სადღაც, ვერანდაზე. ძალიან დავთვერით და მოვხსენი ის სათვალე და გავისროლე ძალიან შორს, თვალები კი ჰქონდა უსუფთავესი და ეგებ დარდიანი.
_ ზურა ჟურული! _ დავიკივლე მაშინ მე _ ზურა ჟურული, მხედრიონელი, რიგითი!
ზურა ჟურული მაშინ იყო მხედართა ერთობის წევრი, როცა ადამიანები ცოტას და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილნი ისროდნენ და ამ ლაშქარში ორმოციოდე კაცი თუ შეყრილიყო. მერე, არეულობისდაკვალად, გული აიყარა და არც აფხაზეთში ყოფილა და არც ზუგდიდისკენ წასულა. ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ეგებ მიხალ ვალერიანოვიჩი ელაპარაკა, იმან ააყრევინა გული, რადგან მიხალ ვალერიანოვიჩი დიდად გამოცდილი კაცი იყო, ნამინისტრისმოადგილარი კომუნისტების ბოლოს ბოლოსწინა მთავრობაში და რახანღა დაატყო, რომ მისი უმცროსი ვაჟი ნამდვილ მეთოფეობისკენ მიექანებოდა, შეაჩერა. კაციც ის იყო, გაჩერებას ჭკუა უნდოდა. ჩვეულებრივ, ვერც აჩერებდნენ და უხაროდათ კიდეც, აი, ჩვენმა შვილებმა როგორი რამეები შეძლესო, ვაჟკაცობის საკითხშიო.
დატრიალებული გამორკვევის ჟამს ზურა ჟურული აღარავის გახსენებია, ისე, როგორც სხვა ათასი არგაყაჩაღებული პატიოსანი მებრძოლი.
მე კი წავედი და ისევ ჩამოვედი, რადგან ქუჩებში გამოჩნდა თეთრი სკამები და მოხდენილი ქოლგები, ხოლო ჭავჭავაძეზე, რუსთაველსა და პლეხანოვზე სცადეს აღედგინათ განადგურებული კულტურა კაფესი, ხოლო პეროვზე ირლანდიურმა ლუდმა მოიდგა ქაფი და მექსიკური საჭმელი აშიშხინდა ტაფაზე. დაიხსნა “ბისტროები” და ახალ-ახალი რესტორნები, ხოლო კლუბების პატრონები შეიქნენ გამოჩენილი ადამიანები ხელოვნების დარგიდანაც კი და ესე ყოველი გამოდგა უხიფათო და საამოდ დროის გასატარებელი, რადგან უდროო დროს იქ აღარ შეეხეტებოდა ხელთოფიანი ვინმე ამაყი ბიჭი და არ დასძახებდა, აბა, გამოდით, ვინც მაგარი ხართო.
სწორედ ამ დროს, ზურა ჟურული, უკვე ოცდაათი წლისა, იყო არა მებრძოლი, არამედ ბიზნესმენი და შესაბამის თვალყურისმგდებთა პატრონობით, დაკვეთითა და დახმარებით თბილისის სამ სავაჭრო წერტილს ამარაგებდა წყლის გამათბობელი ელექტრონული კასრებით.
თბილისის ქუჩებში კი დაქრიალებდა ჰაეროვნება წელიწადის სამი დროისა: ხალხს გახსენებოდა, რომ ფრთები აქვს და გაეშელა ეს ფრთები, დამშვიდებულს იმითა, რომ, როგორც იქნა, პოლიციამ იპყრა საზოგადო წესრიგის სათავენი.
თბილისის კაზინოებში ამ დროს ტევა აღარ იყო, ხოლო თბილისში ტევა აღარ იყო კაზინოებისა. ოსმალეთიდან და ისრაელიდანაც კი მოდიოდნენ აქ ყომარის გასაგორებლად. იქ, სადაც ადრე იყო ყოვლად უვარგისი დაწესებულებები და წიგნის უსარგებლო მაღაზიები, კაზინოები დაეხსნათ. წკრიალებდა მობილური. თბილისში მობილური წკრიალებდა! კრუპიეთა მთელი დივიზია მოქმედებდა შვებით ამომსუნთქავ ქალაქში და რამდენმა გარეუბნელმა კოხტა გოგომ იშოვნა სამსახური რესტორანში, კაფესა, თუ კაზინოში?
შევხაროდი ამ დროებას. შიდაუბნელმა ქალებმა კი ბუტიკები დახსნეს და იქ არაჩვეულებრივი ფასის ჩვეულებრივი რამეები ჩამოკიდეს.
და ბანკები?
განა ის დრო-ჟამი იდგა ბანკები რომ ხალხის ფულს მოხვეტდნენ და აორთქლდებოდნენ? აჰ, და ბანკის მცველები? და იქ მომუშავე ცისფერპერანგიანი თმაგადავარცხნილი ბიჭები?
ვინღა იცოდა თუ არსებობდა ამგვარი სამოთხეები!
და ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მორჩა, რომ ამერიკამ გადაწყვიტა ჩვენი თავი არავის დაანებოს და რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან დაიწყო, დაიწყო, როგორც იქნა რაღაცეები დაიწყო.
აჰ, ეს იყო საამური დრო! თბილისში შრიალებდა ყველაფერი, კაბებით დაწყებული, ფულით დასრულებული. მეძავნი კი, ყველაზე იაფნი, ისე გათამამებულიყვნენ რომ უკვე ქუჩებში იდგნენ, ხოლო ორთქლის აბანო კი ყოველ ჩიხსა და ქუჩაბანდში იშვა.
ეს იყო საუცხოო დრო, მოლოდინი თბილი ზამთრისა და ხმაურიანი სასამართლო სხდომებისა. საკაბელო ტელევიზია გაიაფებულიყო, პური აღარ ძვირდებოდა და მათხოვართა და ღატაკთა რიცხვი იზრდებოდა მაშინ, როცა მდიდართა ოდენობა უცვლელი იყო. ქალაქში ჩანდნენ უცხოელები. ჩვენსა, ვაკეში ბინები პანტაპუნტით ქირავდებოდა.
ამ დროს, ჩვენი ძმაკაცი ზურა ჟურული ცალკე დასახლებულიყო.
ერთ არცთუ ლამაზ, თუმცაღა განთქმულ აღმართზე, ლოჯებმოშენებულ, გემივით სახლში დამდგარიყო. თავად ზურას ეს ადგილი არასოდეს უყვარდა, მაგრამ ოჯახს ადრევე შეეგულებინა და შეესყიდა კიდეც მისთვის სამოთახიანი ბინა, რომელშიაც ბოლო დრომდე არ უცხოვრია. იქ მხოლოდ ხანდახან თუ შეივლიდა, თოფ-იარაღით სიარულის ჟამს.
ზურა ჟურულს ჰყავდა დედა, დეიდა ეთერიკო, მამა მიხალ ვალერიანოვიჩი, ანუ ძია მიშა, დედაზე ბარე თორმეტი წლით უფროსი და უკვე ღრმად მოხუცებული, მაგრამ მაინც იშკილებზე მყოფი და ძველი, სერიოზული პარტმუშაკი: კაცი ინტრიგას გადაყოლებული, ნატანჯი, ჭკვიანი და საიდანღაც მარადიული ქონების მფლობელი.
და, რა თქმა უნდა, ჰყავდა ძმა _ გვარიანად უფროსი მერაბა, ძველი ვაკელი, აწ რაღაც თანამდებობაზე მომუშავე უშიშროების მომარაგებაში: მერაბ ჟურული ოჯახითურთ.
და ისინი, ყველანი ცხოვრობდნენ ჭავჭავაძის გამზირზე.
მაგრამ ამ გაზაფხულზე ზურამ ცოლი შეირთო და წავიდა აღმართზე აგებულ კორპუსში. სხვანაირად არ გამოდიოდა.
მის ოთახში, ჭავჭავაძეზე, წამოზრდილი ძმისშვილი, ეთერიკო-ეთუნა შევიდა, ზურამ კი დაიკავა სამოთახიანი იმ, მისთვის არცთუ ძვირფას უბანში და თან წაიყვანა ძმის ნაჩუქარი პატარა ჯიპი “ფეროზა.”
მე ვარ კიკილა, იგივე ყურშა და მოგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი თითქმის ჩემს თვალწინ მოხდა:
ამბავი მათი სიყვარულისა არ იყო გრძელი და არც ეკლიანი.
ზურამ ერთი ქეიფიდან გააცილა თათუნა. გააცილა კი არა, მანქანით რომ ჩამოარიგებენ გოგოებს ნაკლებად მთვრალები, ასე იყო და ალბათ ისე გამოვიდა, რომ თათუნა ბოლოს მიიყვანა. ვხვდები, რაც მოხდა: გოგო მშვიდი და მოხდენილი ეჩვენა. მშვიდი პირველ რიგში. მე ვიცნობდი ზურას, მას ეგონა, რომ სიმშვიდეს დაეძებდა ამ ახალ დროში. მან არ იცოდა, რომ ცოლი კაცის სიმშვიდე კი არა, მისი სინდისია. ეს არც მე ვიცოდი და ნიცელი ეპისკოპოსის, ელჩანინოვის წიგნში ამოვიკითხე.
მის ძმას, მერაბს ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა, ლიკა. ზურას უბრალოდ კარგი ეყოლებოდა.
ვიცი, როგორც იქნებოდა. ოღონდ ზურა არ იცნობდა თათუნას, მე კი შევხვედროდი, ასე, ოცჯერ მაინც, წინა ცხოვრებაში. მისი სიმშვიდე გაუგებარი სიმშვიდე იყო, დაახლოებით ისეთი, ზღვა რომ ღელავს და ვიღაც უცქერის ისე, თითქოს არაფერს უყურებსო. აი, ბრმასავით, რა.
თათუნას მამა ერთ დროს ფილოლოგიის პროფესორი ყოფილიყო საბურთალოს უბანში. უპარტიო, მაგრამ ცნობილი რეპეტიტორი. ძალიან ცნობილი და ძალიან ჭკვიანი. გაბრიელ მარსელის ნაწერებს მაშინ კითხულობდა, როცა მისი კოლეგების უმრავლესობას მარსელი მხოლოდ ქალაქი ეგონა, უმცირესობს კი ქალაქიც და პრუსტიც.
ორი წლის წინათ, ინფარქტით მიეღო უფალს.
მიხალ ვალერიანოვიჩს არაფერი უთქვამს, გულში კი ალბათ გაეხარდა.
მე იქ ვიყავი, როცა ჩაიღიმა და ჩაახველა. დეიდა ეთერიკოს კი ხომ ყოველთვის ასე უყვარდა ნამდვილი ინტელიგენცია, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობდა.
და ასე იყო, ჩუმი, პატარა ქორწილი.
ზურას მეჯვარე ნიკა იყო, თათუნასი კი… აბა, რა საინტერესოა?
განაა არ ვხედავდი? დასახლდნენ და თათუნას, სიმშვიდე მდუმარებად და გულცივობად, თუ რაღაც ასეთად იქცა. ზურას კი ყვირილი შეუყვარდა. უცაბედი შეყვირებები სისულელეთა გამო.
სხვაფრივ არა უშავდათ.
რა უნდა დაშავებოდათ?
იყო მშვენიერი დრო: ჟამი ფერთა სიმრავლისა, ერთგვარად მძინარა სიცოცხლისა, ტკბილად მოჭუტული თვალებისა და იმედის მუსიკისა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი გამოდგა.

წყნეთელ ზახოდას
დაუწერელი მემუარებიდან

I თავი, შინაურულად მოთხრობილი ტელეფონის დაზუზუნების შესახებ

მისმინეთ, ძმანო: როცა ქალი ოცდაათი წლისაა, უკვე თვრამეტი წელიწადია კითხულობს წიგნებს და ამ საქმიანობას ვერაფრით შეშვებია, ის ქალი, მკითხველი ქალია. სხვანაირად კი იშვიათი ქალია, რადგან ოცდაათი წლისა ისე მოყრილა რომ ქალთა რომანებს არ კითხულობს და ტელესერიალებს არ უყურებს.
რას ნიშნავს ოცდაათი წლის, ახალგათხოვილი მკითხველი ქალი, რომელიც ხუთიოდ თვის წინათ ქალწული იყო? ჩაუფიქრდით, სერ. თქვენა გგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი მკითხველია?
თანაც, ფილოლოგოსი. ფილოლოგიურზე არ სწავლობდა? კლასიკურზე. კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტი გოგო კი სხვა მოდგმაა. სულ სხვა მოდგმა. მაგრამ ზურამ ეგეთები არ იცოდა. რა იცოდა ზურამ უნივერსიტეტის? ზურა გეპეის კადრი იყო. კლასიკური ფილოლოგოსი სხვა მარკა იყო, სევდა, გონება, ევრიპიდე, ინტელიგენტური გატაცებები, გაწელილი რომანები, ოიდიპოსები და აპულეუსები. სიგარეტსაც კი არ ეწეოდნენ კლასიკური ფილოლოგიის შემსწავლელი გოგოები, გვიან იწყებდნენ. გამოხედვა კი ბინდიანი, ძალიან შორიდან.
აი, ვთქვათ, თათუნა წიგნებს ალაგებდა იმ დღეს. წიგნები ბევრი ჰქონდათ, სულ მამისეული სახლიდან მოტანილი. მთელი კედელი ეჭირა იმ მესამე ოთახში, რომელსაც ზურა თათუნას კაბინეტს ეძახდა. ჰოოო-და, ვთქვათ კი არა, ალაგებდა., მე რომ შევეხეტე. ამ ლაგებისას გადმოვარდა თხელყდიანი, არცთუ ლამაზად გაფორმებული “მშვიდობით, იარაღო.” რა თქმა უნდა, რუსულად.
თათუნამ წიგნი განზე გადადო და დალაგებას რომ მორჩა, მიუბრუნდა.
ოდესღაც, ალბათ სკოლის დამთავრების წელიწადს წაიკითხა ეს წიგნი და მერე აღარცკი გახსენებია. მაშინაც გულსგარეთ კითხულობდა, უფრო იმიტომ რომ ჰემინგუეის დაწერილი იყო, თორემ ასეთი რომანები არ უყვარდა. ეს იყო ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხა. მერეღა მისწვდა მოთხრობებს და გაუკვირდა, მამამ რაღა ეს “მშვიდობით, იარაღო” მომაჩეჩა, მოთხრობები ხომ ბევრად უკეთესიაო.
ზურა და მე რომ სამზარეულოში ვისხედით, ის სასტუმრო ოთახში, დივანზე მიწოლილიყო და უინტერესოდ ფურცლავდა ამ წიგნს, რომელიც ეგებ სწორედ იმიტომ მიაჩეჩა მამამისმა, რომ ეთქვა, უკვე ქალი ხარ და მზად იყავი, სიყვარული ასეთიც შეიძლება იყოსო.
იყო ეგეთი უმბეტო ეკოს პირველი კომუნისტური გამოცემა, წითელყდიანი, როგორც საბჭოთა კონსტიტუცია, ზედ ეწერა “დეტექტივ-2”. მეც მქონდა, მაგრამ გერმანიაში რომ მივდიოდი არაერთი წიგნი მივაყიდე და მათ შორის ეგეც. თათუნას ეს წიგნი გადაშლილი ედო ხოლმე სამზარეულოს მაგიდაზე. კითხულობდა და კითხულობდა.
სწორედ ის საღამო იყო. თუ არ იყო და მაინც ის იქნებოდა, რადგან საღამოები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და თუ კაცს კარგად იცნობ, იოლი მისახვედრია რა ხდება მის სახლში.
ასე იქნებოდა, რადგან დაახლოებით ვიცი ეს ამბავი და არ მგონია, რაიმე შემეშალოს.
_ თათუნ, თათუნ, _ უკნიდან წამოეპარა ზურა _ წიგნებს კითხულობ? სულ წიგნებს კითხულობ. ვა რა წითელია… ლენინზე ხო არ არი?
_ არა, _ გაეცინა თათუნას.
_ აბა, სტალინზე?
თათუნამ წიგნი დახურა, მხოლოდ თითი ჩატოვა შიგ. თავი გადააგდო და ზურას ახედა.
_ სირცხვილია ეგეთი ჭკვიანი ცოლი რო მყავს. სხვებს ყავთ ეგეთი ჭკვიანი ცოლები? _ და კისერში ჩაუყო ცხვირი. _ ა?..
თათუნამ ფრთხილად მოიშორა ცხვირი და ცხვირის პატრონი, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
_ ეხლა მისმინე, _ თქვა ზურამ, _ ეხლა მე ვიბანავებ. ათ წუთში გარეთ ვარ. სინამმინამკიდენაროდა, ზნაჩით, მე ვიბანავებ, შენ გაემზადე. პეროვზე არიან ბიჭები და გოგოებიც იქ არიან.
_ დავრჩები, რა, _ რაფას მიეყრდნო თათუნა, _ არ შემიძლია ეხლა… აი, ვიჯდები და დავისვენებ.
_ მიიხედე, _ ფანჯრისკენ გატყორცნა ხელი ზურამ _ მიიხედე, რა ამინდია. გავარტყი პეროვს, მცხეთაში წავიდეთ. რა გვინდა პეროვზე?
_ ხო არ არი აუცილებელი ჩემი წამოსვლა… გეხვეწები, რა. შენ წადი. ოღონდ არ დათვრე და არ იჩხუბო.
_ როდის ვჩხუბობ, ე, _ ზურა ღიღინით წავიდა დერეფნისკენ _ რა ქალი ხარ, კუკლუშ, როგორი ხვეწნა იცი..
თათუნა ტელევიზორთან ჩაჯდა და არხები ნებაზე მიუშვა.
_ სად არი ლურჯი პირახოცი? _ მოისმა საწოლი ოთახიდან, _ სად არი ჩემი ლურჯი პირსახოცი?
_ პირველ თაროზე, _ თითქოს წაიჩურჩულა თათუნამ, _ სადაც ყოველთვის არი.
_ თათუნ სად არი ლურჯი პირსახოცი? _ ნიფხვისამარა გამოვარდა ზურა, _ ხო შეილება ყოველთვის ერთ ადგილას იყოს?
_ იქ არი, _ თქვა თათუნამ.
_ სად არი, აბა? მიდი და ნახე, თუ არი! გაინძერი რა, ვერ ხედავ, ტიტველი ვარ?
თათუნა ზანტად წამოდგა და საწოლი ოთახისკენ წავიდა.
_ დროზე რა, დროზე! _ აბაზანის კარი გამოგლიჯა ზურამ, _ დროზე!
თათუნამ კარადის კარი გამოაღო და პირსახოცი აიღო.
_ ე, სად იყო?
_ სადაც არი ხოლმე, _ თქვა თათუნამ.
_ ბარაბაშკა გვყავს ამ სახლში, _ შეიკეტა ზურა.
თათუნა ისევ ტელევიზორთან ჩაჯდა და არხები გააჩერა.
სწორედ ამ დროს დაიზუზუნა ტელეფონმა.
_ დიახ..
_ ქალბატონი თამარი ბრძანდებით? _ მოისმა ყურმილში.
_ კოკა, _ თქვა თათუნამ, _ მორჩი…
_ რომელი კოკა? მე კოკა არა ვარ. წყალსაც ვერ მოვიტან. ვერც ერთხელ..
_ კოკა.. ზურა აბაზანაშია. გამოვა და წამოვა, _ თათუნამ ყურმილი დაკიდა.
ტელეფონი იმწამსვე აზუზუნდა.
_ ქალბატონო თამარ.. _ თათუნამ ყურმილი აპარატზე მიაგდო და წამოდგა.
ტელეფონმა კვლავ არ მოისვენა.
_ დიახ..
_ გთხოვთ, არ დაკიდოთ. არავითარი კოკა მე არა ვარ. საერთოდ არ ვიცი ვინ არი ეგ თქვენი კოკა. არ დაკიდოთ, თორემ უარესი მოხდება..
_ რა უარესი? _ გაუკვირდა თათუნას.
_ ტელევიზორი ჩართული გაქვთ? _ ჰკითხა უცნობმა.
_ კი..
_ რომელ არხზე?
_ დისქავერიზე, _ თქვა თათუნამ უაზროდ.
_ ეხლა რომელი საათია? ხო.. .ჯერჯერობით გქონდეთ მაგ დისქავერიზე. რაღაცას მაინც ისწავლით. ცხრის ნახევარზე მეთორმეტე არხზე გადართეთ და კრიმინალურ ქრონიკას უყურეთ. იქ აჩვენებენ გლდანში მოკლულ მეძავ ზოია კასაბროდოვას. ჩვიდმეტი ჭრილობა! დიდი დანა! დანა კი არა, ხანჯალი! _ ის ვიღაც სულმოუთქმელად ლაპარაკობდა, _ პოლიციამ ამ დილით იპოვა, ისე კი ორი დღის აფატრულია!.. ხანჯლით კი არა, პურის დანით! ალესილი პურის დანა ისე შედიგამოდის სხეულში, ისე ტრიალებს… _ აღტაცებამ გაიჟღერა ყურმილში.
თათუნამ არ იცოდა, რატომ უსმენდა. ალბათ იმიტომ, რომ კოკა ეგონა, მაგრამ კოკა არასოდეს ამბობდა ასეთ რამეებს, იტყოდა, პროკურატურიდან გაწუხებთო.
უცნობმა თითქოს იგრძნო, მსმენელი მოიქანცაო და თქვა:
_ მეტს აღარ შეგაწუხებთ, ქალბატონო თამარ! ჯერჯერობით არ შეგაწუხებთ. ერთიც და მორჩა. ის წყეული პუტანკა მე ავკუწე. მე! ყური კი ნივთმტკიცებად წამოვიღე. ვაგროვებ ასეთ რაღაცეებს. ჯერჯერობით… უყურეთ ქრონიკას!.. ტამ-ტატატამ-ტარარარაააამ.. დღეს, თბილისში.. – და დაკიდა.
თათუნამ სიტყვის ჩადგმაც კი ვერ მოახერხა.
იჯდა და ზურას ძმაკაცების ხმებს იხსენებდა. არ იყო. არცერთი! რა სისულელეა? ვიღაც დეგენერატი. ხო, მაგრამ იცოდა. ქალბატონი თამარი! კოკამ იცოდა ხოლმე ასე. ააა, იმან არ იცის რომელი თამარი ვარ, თამრიკო, თამუნა, თაკო, თათია, თათუნა, თათა თუ, რომელია კიდევ?
იცის ნომერი და… მაგრამ ასე საშინელი ფიქრი გამოდის.
უკეთესია იფიქრო, რომ ვიღაც სულელმა ნომერი აკრიფა და სახელი მოარტყა.
თათუნამ სიგარეტს მოუკიდა.
აბაზანის კარის ხმა მოისმა. ზურა ხასიათზე გამოსულიყო.
_ ვინ დარეკა, კუკლუშ? სულ რეკავდა და რეკავდა…
_ ვიღაც სულელმა, _ თქვა თათუნამ, _ სხვაგან ხვდებოდა და არ ჯეროდა.
_ ლაპარაკობდა?
_ კი, _ ამოიოხრა თათუნამ.
_ მე მეგონა ის იყო.
_ ის?
_ ხო, მდუმარე.
_ ხოოო…
მდუმარე თათუნამ დაარქვა. იყო ასეთი. რეკავდა და ხმას არ იღებდა. ზურა სულ დედას აგინებდა. ძალიან ბრაზობდა. თათუნას არ მოსწონდა მდუმარეს არსებობა. ეშინოდა კიდეც. ვინმე ისეთი მდუმარე ხომ არ არის, ვისაც ზურამ მეთოფეობის დროს აწყენინაო. სანამ გაყვებოდა, გოგოები ისე აშინებდნენ ზურას თოფიანობის ამბებით… თვითონ ზურა კიდევ, არაფერს ამბობდა, მხოლოდ შეაგინებდა ხოლმე.
განაწყენებულთა რეკვა ცნობილი ამბავი იყო იმ დროს. ოღონდ ისინი არ დუმდნენ, პირდპირ იწყევლებოდნენ. თავიდან თათუნას ეგონა, ზურას რომელიმე ძველი შეყვარებული, ან სულაც მიტოვებული, ან არმიტოვებული საყვარელი დუმსო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, განაწყენებული, ან დაჩაგრული უფრო იქნებაო. ასე უფრო საშიში იყო და ამ აზრს მიემხრო.
მდუმარე. შეიძლება მდუმარეა და ხმა ამოიღო, დაშინება გადაწყვიტა. მაგრამ მდუმარეს რა “ქალბატონო” აუტყდებოდა?
_ ესეიგი, არ მოდიხარ, _ ზურა გრძელ ძეწკვზე შებმულ მანქანის გასაღებს ატრიალებდა, – არ მოდიხარ. ჰა? რა თვალი გაგიშტერდა?
_ ა,ხო… არა, _ თითქოს გამოფხიზლდა თათუნა.
_ რა გჭირს? _ აიჭრა ზურა, _ რა გჭირს?
_ არაფერი. მეძინება…
_ დაიძინე, რა… დაიძინე და შენც დაწყნარდები და მეც… წავედი, _ კარი გაიჯახუნა ზურამ.
“უნდა მეთქვა,” გაიფიქრა თათუნამ, ”უნდა მეთქვა. გადაირეოდა…”
ვინ იყო?
კრიმინალური ქრონიკაო. თათუნა სამზარეულოში გავიდა და საათისკენ გაექცა თვალი. უკან გამობრუნდა და არხებს ჩამოუარა. თვითონაც არ იცოდა, რატომ დაუწყო ძებნა იმ მეთორმეტე არხს. აქამდე არასდროს ეცქირა ამ დაწყევლილი კრიმინალური ქრონიკისთვის.
ათ წუთში დაიწყებოდა. თათუნამ თვალები დახუჭა.
წამყვანს ძალით გაახალგაზრდავებული, ბებრული ხმა ჰქონდა. ისე ლაპარაკობდა, ასი წლის წინათ რომ ტრაგედიებს კითხულობდნენ სცენიდან. თათუნამ ზუსტად არ იცოდა, როგორ კითხულობდნენ ტრაგედიებს სცენიდან ასი წლის წინათ, მაგრამ იფიქრა, რომ სწორედ ისე კითხულობდნენ, როგორც ეს კაცი კითხულობდა ყაჩაღობისა და ძარცვა-გლეჯის ნუსხას. ხმა ცდილობდა შემზარავი და გულში ჩამწვდომი ყოფილიყო. მუსიკისთვის ბახი შეეწუხებინათ და სხვა დროს ეგებ გაგცინებოდა კიდეც, მაგრამ ახლა სწორედ ბახის ზურგსუკან ელოდა მტერი.
“გლდანის მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში, ვინმე თამილა ჯანხუთაშვილის კუთვნილ ბინაზე, პოლიციამ… ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინა. მოკლულს მიყენებული აქვს ჭრილობები ცივი იარაღით. მოკვეთილი აქვს მარცხენა ყური. ბინაში აღმოჩენილი საბუთების მიხედვით გვამი, სავარაუდოდ, კრასნოდარში დაბადებულ ოცდათხუთმეტი წლის ზოია კასაბროდოვას ეკუთვნის. იგი, მეზობელთა თქმით, უკვე ორ თვეზე მეტია ცხოვრობს ჯანხუთაშვილის ბინაზე, რომელიც ათასი ჯურის ნაძირალათა თავშეყრის ადგილადაა ცნობილი. მეზობლებისავე ცნობით, ჯანხუთაშვილს ბინა გაქირავებული აქვს ქირავნობის კანონის დარღვევით, თვითონ კი თურქეთშია წასული. მიმდინარეობს მოკვლევა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე…”
თათუნამ თვალები გაახილა და გადამრთველის ღილაკს დააწვა. იყო. აი, ეს საშინელება. აი, ვინ დარეკა. აი, რა საშინელებაა. წამოხტა და რატომღაც ფანჯარა მიაჯახუნა.
ტელეფონის ხმა იყო.
_ ქალბატონო თამარ!
თათუნას გული წაუვიდა. გული წაუვიდა და ეგ იყო. სხვას რას ქვია გულის წასვლა?
_ ახლაც არ გჯერათ? _ ჩაიხითხითა უცნობმა, _ ლეგენდარული დელისელი მანიაკი გელაპარაკებათ. ის კვლავ გამოჩნდა…
თათუნამ ყურმილი დაახეთქა. ყურებზე ხელისგულები მიიჭირა და მოიკუნტა.
ტელეფონი ჯიუტად ზუზუნებდა მთელ ხუთ წუთს. ხუთი წუთი ცოტაა?
_ დიახ, _ შეეცადა მხნედ დახვედროდა.
_ ნუ დაკიდებთ, ქალბატონო თამარ. სად გამექცევით? მეოთხე სართულიდან ხო ვერ გადახტებით? თქვენი მეუღლე მანქანაში ჩაჯდა და წაგრიალდა. კარგი მანქანაა… თქვენ კიდევ სულ მარტო, სულ მარტო. მარტოსულები დაეძებენ ერთმანეთს. ასე არ არის?
_ რა გინდა? _ სხვა ვეღარაფერი ამოთქვა თათუნამ.
_ შენობითზე გადავედით? იყოს შენობით, _ გაეხარდა მანიაკს, _ რა მინდა და არც არაფერი. მინდა იცოდეთ, რომ მე ვიცი. კინო იყო ეგეთი, არ გახსოვთ? მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი. აი, ეს მინდა. დამეგობრება გადავწყვიტე. თქვენი ქმრის არ მეშინია. ვერ მომწვდება. იმიტომ, რომ მიუწვდომელი ვარ.
_ რა გინდათ ჩემგან? _ ატირდა თათუნა, _ რაღა მე…
_ მესაიდუმლეს შერჩევა უნდა, _ თქვა უცნობმა მშვიდად, _ კეთილშობილი ადამიანის პოვნა ძნელია. ჩვენს შორის კი ერთი ნაბიჯია, მე ზუსტად ვიცი. ჩვენ ერთმანეთს შევეწყობით, ჩვენ ბედნიერი ვიქნებით. ასეა, აი. მე თქვენ აგირჩიეთ. ჩემს საგმირო საქმეებს თქვენ მოგიძღვნით… მელოდეთ! _ და მანიაკმა დაკიდა.
თათუნა დივანის კუთხეში მიყუჟულიყო.
“დაწერილს კითხულობდა,” ასე იფიქრა, როცა ამოსუნთქვა შეძლო. ”ასე არ ლაპარაკობენ. დაწერილს კითხულობდა.”
მისამართიც იცის, სართულიც იცის, ზურასაც იცნობს. წავიდაო. ეზოში დგას? მოკლა? მკვლელია? მაშაყირებს, ხო? ვაიმე, ვაიმე, ვაიმე.
ვაიმე!
თათუნამ ტელევიზორს დაუწია და ფანჯარა ჩაკეტა.
“აქ არ მოვიდეს. წავყოლოდი… ამას არ ჯობდა? წავყოლოდი.”

ავტორი: აკა მორჩილაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s