ვიტრაჟებიდან დოლ-გარმონამდე

ბიჭებო, სვით არაყი, მიაყოლეთ პური, გიყვარდეთ გოგოები და სამოთხეში მოხვდებით!

მაგდა ნოვაკოვსკა უკვე თბილისელი გოგოა
სიყვარულში კომპრომისზე წასვლა ძალიან ცუდია. თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს. სიყვარულის გამო კომპრომისზე წასვლა კი სულ სხვაა. აქ ალბათ პრიორიტეტებშია საქმე. თუ შენს ცხოვრებაში სიყვარულია მთავარი და არა კარიერა, მაშინ სიყვარულისთვის ყველაფერზე წახვალ. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი,~ _ ასე ფიქრობს პოლონელი გოგონა მაგდა ნოვაკოვსკა და ამ სიტყვებში ალბათ თავის ქართველ მეუღლეს, ზაზა კორინთელს (ზუმბას) გულისხმობს. მაგდა რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. უკვე ტკბილი ქართულით მეტყველებს და შორისდებულებიც ქართული წამოსცდება ხოლმე. მშობლები ზოფია და სტეფანი, ასევე უფროსი და _ კატაჟინა ხშირად ენატრება. გახარებულია, რომ მშობლებს დიდი ხნის ოცნება აუსრულებიათ და საკუთარი სახლი შეუძენიათ ქალაქ ქელცის მახლობელ სოფელში, ისეთ ადგილას,ტურები რომ ჩხავიან~. კატაჟინა კი თურმე გემზე მოწყობილა სამუშაოდ, გემს ტრანს-ატლანტიკი~ ჰქვია და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.ისიც ჩემი ხასიათის არის, ვერ ჩერდება ერთ ადგილას~, ამბობს ჩვენი რესპონდენტი. თავად მაგდას კი ასეთი მოუსვენრობა პირველად შვიდი წლის წინ დაეტყო.

გამარჯობა, ია იზ გრუზიი!~ 1997 წელი. კრაკოვს ბუღი ასდის. ისმის მუსიკა. საზაფხულო კონცერტს, სიცხის მიუხედავად, მაყურებელი არ აკლია. მზე ჩასასვლელად ემზადება, ხალხი კი თანდათან მატულობს. ფიქრებში გართულ პოლონელ თინეიჯერს, მაგდა ნოვაკოვსკას კი ველოსიპედზე ამხედრებული დასიცხული რაინდი მიუახლოვდება და მამა-პაპური, კავკასიური აქცენტით ეტყვის:გამარჯობა, ია იზ გრუზიი!~
გრუზინს~ მაშინ ველოსიპედი ჰყავდა. დღევანდელივით სამთვლიან ლურჯ მოტოციკლეტს ჯერ არ დააგელვებდა! ჰოდა, ეს ჩვენი მხედარი ზაზა კორინთელიც, დასეირნობდა ველოსიპედით კრაკოვის ვიწრო ქუჩებში და პოლონელ გოგონები თავისი ორენოვანი მისალმებით ხიბლავდა. თავიდან ჩამავალი მზის ფონზე ამ უცხოტომელი ბიჭის მხოლოდ სილუეტი მოჩანდა, შემდეგ ამ სილუეტმა ხმა ამოიდგა და დამტვრეული პოლონურით კიდევ რაღაც თქვა. მერე დიდხანს საუბრობდნენ.გრუზინი~ მუსიკოსი აღმოჩნდა. მაგდა ძლიერ მოიხიბლა. ისინი ყველაზე მეტად მუსიკის სიყვარულმა დააახლოვა. ქართული სიმღერაც პირველად ზაზასგან მოისმინა. მოისმინა და გაოგნდა. ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში იშვიათად ხდება _ ახლადგაცნობილებს ერთნაირი განცდა დაუფლებიათ: ერთმანეთის პოვნის სიხარული. მაშინვე დაუნახავთ~ ერთმანეთი. დაუნახავთ და შეყვარებიათ. მანამდე კი 19 წლის პოლონელი გოგონა კონკრეტული მიზნებით ცხოვრობდა, კრაკოვის ჯაზის აკადემიაში სწავლობდა და თან ვიტრაჟის სახელოსნოში მუშაობდა. პოლონეთში ვიტრაჟის ხელოვნებას თურმე მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონია. კრაკოვში მრავლად ყოფილა საოჯახო სახელოსნოები, რომლებიც ვიტრაჟის ტექნიკის საიდუმლოს მხოლოდ ოჯახის წევრებს ანდობენ. მაგდას გაუმართლა და მალე, პირველი საიდუმლოებები მასაც გაანდეს. ისიც შეუდგა საყვარელი საქმის შესწავლას. ჯერ შუშას ჭრიდა, ამუშავებდა, მერე კი ამ ყველაფერს ტყვიის ჩარჩოში ათავსებდა. თურმე კარგად გამოსდიოდა. ახლა ენატრება ეს საქმე, მაგრამ თბილისში ვიტრაჟზე მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა ადვილი არ არის: მასალა არ იშოვება, გერმანიიდან უნდა ჩამოიტანო. ეს კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მასალის სიძვირის გამო, მაგდას სახელოსნო ძალიან მალე გაკოტრებულა. სწორედ ამიტომ მოუხდა საყვარელ სამუშაოსთან დამშვიდობება. მაგდას ხელით შესრულებულ ვიტრაჟებს დიდი სიამოვნებით ნახავდა კაცი, მაგრამ ზუმბას გადამკიდეს, თავისი ხელნაკეთებისათვის ფოტოების გადასაღებად, როგორც ჩანს, ვეღარ მოუცლია. ყველაფრის მიუხედავად, მაგდა მაინც ოპტიმისტია. ხშირად ამბობს:როდესაც ეძებ, პოულობ კიდეც. ბევრჯერ შეიძლება გული გეტკინოს, ცუდად მოგექცნენ, მაგრამ არასდროს არ უნდა თქვა, რომ რაღაცის მერე ცხოვრება დამთავრდა. ხომ ვარსებობ. ე.ი. ის, რაც ჩემია, უეჭველად ვიპოვი~. ვინ იცის, ალბათ ამის მიზეზიც აქვს…

მაგდას იქით გზა არ ჰქონდა
1998 წელი. თბილისი. მაგდა პირველად ჩამოდის ზაზას ქალაქში.
მანმადე კი კრაკოვში ერთად გატარებული რვა თვე იყო. მაგდამ უკვე იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა: სიყვარული.
თბილისში ჩამოსვლას წინ უცნაური ამბები უძღოდა.
დაიწყო კრაკოვული ზამთარი და მაგდას პირველი გამოცდაც ახლოვდებოდა. ზაზა საქართველოში მარტო აპირებდა გამგზავრებას. არ უნდოდა, ამ ზამთარში პოლონეთიდან გაყინულ თბილისში წაეყვანა საცოლე. გულდაწყვეტილი მაგდა ბედს უნდა შეგუებოდა. მეტი რა გზა ჰქონდა. თან ფიქრობდა, ზაზა წავა. მერე რა მოხდება? ჩამოვა თუ არ ჩამოვა? და საერთოდ, რა არის ეს მითიური `გრუზია~, იქედან ხალხი ბრუნდება თუ არ ბრუნდება?! არ იცოდა.
ბარგით დატვირთულ ზაზას ავტობუსზე დააგვიანდა და უკან მობრუნდა. მეორე ჯერზეც არაფერი გამოუვიდა. საზღვარზე პრობლემები შეექმნა და ისევ დაბრუნდა. მესამედ, თვითმფრინავით გადაწყვიტა გამგზავრება, მაგრამ რეისი გადაიდო. ისევ კრაკოვში ჩარჩა. მაგდას კი ზაზა უკვე თბილისში ეგულებოდა.
პოლონეთში დარჩენილმა ზუმბამ გადაწყვიტა საცოლესთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. კრაკოვში ერთი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ქართველი ქალბატონი, ნელი. ზაზამაც მასთან შეთანხმებულად დაიწყო მოქმედება. მისი დავალებით ნელიმ მაგდას დაურეკა და უთხრა, რომ შობა დღეს ვიღაც სადილად ეპატიჟებოდა. მაგდამ იფიქრა, გულს გადავაყოლებო და დათანხმდა. რას წარმოიდგენდა, რესტორანში ზაზა თუ შეეგებებოდა. სიხარულით ცას ეწია. ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო მის ცხოვრებაში. ამის მერე რაღა უნდა ექნა ქართველ ჯეელს, მოჰკიდა ხელი თავის შეყვარებულს და აეროპორტისკენ გაეშურა. ამჯერად არანაირი შეფერხება არ ყოფილა. თვითმფრინავიც იყო, საზღვარიც მშვიდობიანად გადაკვეთეს და ასევე მშვიდობით ჩამოფრინდნენ თბილისში.
ასე იყო. ზაზა კორინთელი სამჯერ არ გაუშვეს პოლონეთიდან. მეოთხე ცდაზე გაუმართლა, ოღონდ მაგდას გარეშე წასვლა არაფრით გამოუვიდა.

მუსიკა და უძილო ღამეები
ორი წელი დასჭირდა, ქართული რომ კარგად ესწავლა. მერე კი ვინ არ მოიხიბლა მაგდას ტკბილი, პოლონურ აქცენტთან შეზავებული ქართულით. ჩემი პოლონელი ბებიაც გამახსენდა, გემრიელად რომ ურევდა პოლონურ გამოთქმას იმერულ-გურულ კილოსთან.
თავიდან ოჯახი და ოჯახური საქმეები. გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი. მთავარი ეს იყო. მისთვის გემრიელი სადილების მომზადებაც სიამოვნებდა. ფანტასტიკურია! მაგრამ მთელი ცხოვრება წინსაფრით და ხელებდაკაპიწებული ხომ ვერ იქნები? პოლონელ რძალს აქაური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა? არც ზაზას უნდოდა ისეთი ცოლი, მთელი დღე სინით ხელში სამზარეულოდან მისაღებ ოთახში წინ და უკან რომ იბზრიალებდა. უქმად ჯდომას ვერც მაგდა აიტანდა. როგორც ამბობს, რაღაც უნდა მოემოქმედა.
ის ხომ აბსოლუტურად უცხო ქალაქში მოხვდა. ამიტომაც ცდილობდა გარკვეულიყო, რა ხდებოდა ირგვლივ; აინტერესებდა, რას ფიქრობდა, როგორ ცხოვრობდა აქაური ხალხი. თანდათან ზაზას თბილისური სამყარო მისიც ხდებოდა: მივხვდი, რომ ურთიერთობები აქ ადამიანურ ფასეულობებზეა აგებული~. ასე იყო თავიდან. ახლა მაგდას უამრავი საქმე აქვს. დღეს შემიძლია გითხრა, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაქვს პატარა სამყარო, რომელიც ჩემი ხელით ავაშენე, რომელიც მართლა ჩემია~. ამ სამყაროში უმთავრესია მუსიკა. მუსიკა და უძილო ღამეები. ისე, რომ ჰკითხოთ რა პროფესიისაა, იცით რას გიპასუხებთ? ვერ გეტყვით, მუსიკოსი ვარ თუ არა. ისე, ხანდახან ვუკრავ~. თბილისშიც სიყვარულთან ერთად ხომ მუსიკამ ჩამოიყვანა. შარშანდელი ფესტივალის დროს, მთელი საქართველო რომ შემოიარა, სხვადასხვა კუთხეში, ოჯახებში ქართულ სიმღერებს უმღეროდნენ და კარგ ღვინოსაც ასმევდნენ.აი, ასეთი საქართველო მიყვარსო~, ამბობს. თვითონ კარგად მღერის. დასარტყამ ინსტრუმენტებზეც უკრავს. ზუმბასთან ერთად ხშირად გამოდის კონცერტებზე. ხოლო როცა მაყურებელი მის მელოდიებს აიტაცებს ხოლმე, დიდი ენერგიით ივსება. ისეც ყოფილა, რომ კარგი კონცერტის მერე, ორი ღამე ვერ დაუძინია.
მაგდა ჟურნალისტიც გახლავთ. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდება პოლონეთის მთავარ გაზეთში ვიბორჩა~. ერთი სიტყვით, პოლონელებს აქაურ სიახლეებს ამცნობს. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ წერს. ყველაზე მეტად დატვირთული რეჟიმი რევოლუციის პერიოდში ჰქონდა. ნოემბრის მოვლენებზე ოცდაათამდე სტატია დაუწერია. პოლონურ ენასაც ასწავლის. რამდენიმე მოწაფე ჰყავს. ყველაზე მეტად ეს საქმიანობა მოსწონს. თბილისში გაჩაღებულ ქართულ-პოლონურ კონფერენციებზე თარჯიმნადაც უწევს მუშაობა, ხოლო გდანსკის თეატრის ხელმძღვანელის დაკვეთით, ლაშა ბუღაძის პიესას _თეატრს~ თარგმნის.

სიყვარული ქართულად, პოლონურად თუ უნივერსალურად
ცხენები ძალიან მიყვარს. იპოდრომზეც დავდივარ. იქაურმა მასწავლებელმა, დიმამ ერთხელ ასე მითხრა:სამი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს ცხოვრებაში: ღვინო, ცხენი და ქალი~. ასეა, ვერ მოერევი ღვინოს ყანწით, ცხენს _ მათრახით, ქალს _ ძალით. სიყვარულის თუ არაფერი გაგეგება, სჯობს ახლოსაც არ მიხვიდე მათთან, სამივე ძალიან საშიშია.
პირველად, თბილისის ქუჩებში ერთი რამ მოხვდა თვალში. აქ ყველაფერი ბოლო მოდაზეა. გოგონები მოდას მისდევენ. კარგია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მეტყველებს ჩაცმულობა მათ ინდივიდუალობაზე. გაუკვირდა, ყველა გოგონას მაღალყელიანი ჩექმა რომ ეცვა. ასე ერთნაირად ჩაცმულები რომ დადიან, მოილაპარაკეს თუ რა?~ ისიც ახსოვს, რაც ერთ სეზონზე თბილისში იყო მოდაში, პოლონეთში ერთი წლის მერე აუტაცებიათ. ოთხი წელია რაც თბილისში ცხოვრობს და ამ ქალაქთან უკვე ბევრი რამ აკავშირებს. არა მხოლოდ ზაზას გამო. მოგონებები, საყვარელი ადგილები, მეგობრები.დღეს თბილისი ჩემი ქალაქია. აბსოლუტურად ჩემი~, ამბობს მაგდა. თბილისში მაგდას პოლონელი მეგობრებიც ჰყავს: იუსტინა, კატაჟინა, ალექსანდრა. ბედნიერია, უახლოესი ადამიანები მის გვერდით რომ არიან. მათთან ერთად ყოფნას არაფერი ურჩევნია. მოენატრება? _ დაურეკავს, შეუვლის. საათობით ლაპარაკობენ ათას რამეზე.
როგორც მაგდა ამბობს, პოლონელი ქალი ძალზე მოსიყვარულეა. მან კარგად იცის, თუ რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ მიზანს, სამსახური იქნება ეს თუ პირადი ცხოვრება. ასეთია თვითონ და ასეთები არიან მისი მეგობრებიც. თუმცა მათი მთავარი პრობლემა სათანადო მამაკაცის პოვნა ყოფილა. მაგდა ფიქრობს, რომ ეს საზოგადოებაში ქალის როლის გააქტიურებამ განაპირობა, და არა იმან, რომ მამაკაცმა თავისი ფუნქცია დაკარგა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თურმე პოლონელი ქალები ვერ პოულობენ ისეთ მამაკაცებს, გვერდით ფარად რომ დაუდგებიან.
ქართველ ქალებზე საუბრისას, მაგდა ერთ ქართულ გამოთქმას იხსენებს, ოჯახში ქალიც მე ვარ და კაციცო. ქართულ სინამდვილეში მაგდა ქალს ასე ახასიათებს: ქალი ოჯახის საქმეს აკეთებს იმიტომ, რომ იცის, სხვა ამას მის ნაცვლად ვერ გააკეთებს. გარდა ამისა, ის მუშაობასაც ახერხებს და თავის მოვლასაც, ლამაზად გამოიყურება და იღიმის. ეს უნარი ქალს ბუნებისგან აქვს მინიჭებული, ასეა მოწყობილი. მაგრამ თუ ამისთვის სტიმულიც აქვს, ის ქალი ბედნიერია.
მაგდას დაკვირვებით, ქართველი მამაკაცები სულაც არ ჰგვანან პოლონელებს. ძირითადი განსხვავება მენტალიტეტშიაო. პოლონეთში აქცენტი გადატანილია პიროვნულ განვითარებაზე, აქ კი ტრადიციაზე, საერთო აზრზე, საზოგადოებაზე, თავისი პატარა წრის შექმნაზე.
სამსახურიც ისეთი აქვს, რომ უფრო ხშირად მამაკაცებთან უწევს ურთიერთობა. პოლიტიკასთან მიმართებაში კი, ქართველ მამაკაცებს ასე აფასებს: პოლიტიკაში მოღვაწე მამაკაცები მამლებს შეიძლება შევადაროთ. პატარა ეზოში ათი მამალი რომ გაუშვა, ჩხუბი არ მოხდება?!
თუმცა პოლიტიკა იქით იყოს, მაგდას და ზაზას უყვართ მოგზაურობა. საზღვარგარეთ ცხოვრებაზეც უფიქრიათ. უცხოვრიათ კიდეც ვარშავაში, კრაკოვში. მაგრამ თავს კომფორტულად მხოლოდ თბილისში გრძნობენ, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე მყუდრო ბინაში. ეს პატარა, ლამაზი სამყარო თავიანთი ხელით ააშენეს. `რაც გვჭირდება, ყველაფერი აქ არის. საქართველო ზაზას სამშობლოა. დღეს აქ ვართ…~

ავტორი: ირენ მახარაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s