თბილისური STRASSE – ამბავი სამ მოქმედებად

პროლოგი:

`დე! დედა! დედიკო! ჩემო საყვარელო, გილოცავ და ბევრს გკოცნი. ნუ იდარდებ, რომ ამჯერადაც ვერ ჩამოვალ შენს დაბადების დღეზე. მინდა აქეთ ჩამოგიყვანო, ვთქვათ, ჩემ დაბადების დღეზე. ასეთ საჩუქარს ვუმზადებ ჩემს თავს. თუმცა ჯერ გაზაფხულამდე დიდი დროა. გიგზავნი მხოლოდ 55 ევროს, ახლა მეტი არ მაქვს, მაპატიე, და კიდევ აი, ამ კასეტას _ ვიდეო წერილს. როგორც ამ კასეტაზე ნახავ… როგორც ხედავ, მე, მე არაფერი მაკლია და ყველაფერი რიგზეა… ჩემს გარშემო ძალიან ბევრი კარგი ხალხია~…

`საყვარელო დედა!~ ლელა ბერიძის ფილმი

ხმა:
სინამდვილეში, არავინ იცის, რატომ აქრობენ შუქს კინოდარბაზებში: გამოსახულების სიმკვეთრისთვის თუ ემოციის გასამძაფრებლად?! არც ის ვიცით, ადამიანზე ასეთი სიძლიერით რატომ მოქმედებს სცენაზე გათამაშებული ამბავი, რომლის მსვლელობისას რეჟისორი გამუდმებით გვინგრევს ილუზიას და შეგვახსენებს, რომ ეს თამაშია და მეორე დღეს იგივე განმეორდება! მაგრამ მიმიკა და დრამა მაყურებელზე ისე ზემოქმედებს, თითქოს ქოლერა შეეყარა, თითქოს ვნებამ შეიპყრო და ვეღარ თავისუფლდება იმისგან, რაც ნახა.
ვიცი, თხრობიდან გადავუხვიე, მაგრამ ფილმი, რომლის ფინალური მონოლოგი ტექსტის დასაწყისში ციტატად მოვიტანე, ასეთ მძაფრ შეგრძნებას უკავშირდება.
როცა ახალგაზრდული ტემპერამენტით ხარ დამუხტული, თანამედროვეობაში ეძებ სიტყვას, შენი დროის გმირის გულშემატკივარი ხარ და განცდაც თანამედროვეა. ომი რომ დაიწყო, თავის გადარჩენის სხვადასხვა ფორმა გამოჩნდა. ერთ-ერთი _ ჩვენი ქვეყნიდან გაღწევა იყო. ერთ-ერთი და საუკეთესო. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ასე გვეგონა. გავიდა ხანი და ემიგრანტებმა თავად აღიარეს: ემიგრანტობა ყველაზე საშინელი სტატუსია, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს~. საყვარელო დედა~ ლელა ბერიძის ფილმია, რომელიც გერმანიაშია გადაღებული. მთელი ფილმის მანძილზე, მთავარი გმირის მიერ შექმნილ იდეალურ სამყაროში ვხვდებით, სადაც თითქოს ყველაფერი რიგზეა: ის სამსახურითაც უზრუნველყოფილია, შესანიშნავ ბინაში ცხოვრობს, წარმატებული ადამიანების გარემოცვაშია და უზრუნველად მიდის მისი ახალგაზრდობა. ამ ყველაფერს ვიდეო კამერით იღებს და დედას უგზავნის მხოლოდ იმისთვის, რომ გაახაროს, არ ანერვიულოს და ვინ იცის, მერამდენე დაპირებით დაამშვიდოს: წელს აუცილებლად ჩამოვალ.
ამ მთავარ გმირს დათო იაშვილი ასახიერებს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა უცხო ქვეყანაში ცხოვრების სირთულე და რომელიც ბოლოს დაბრუნდა. მაგრამ იქამდე…
მოქმედება პირველი
სულ რაღაც სამი წლის ასაკში, იაშკა (როგორც არა მხოლოდ ახლობლები მოიხსენიებენ) უკვე შეყვარებული იყო და ერთგული ძმაკაციც ჰყავდა. ერთხელაც ხედავს, რომ შეყვარებული ატირებულია. გაოგნებული მიუახლოვდა და ჰკითხა, ვინ გაწყენინაო. გაირკვა, რომ ერთგულ ძმაკაცს აუტირებია.~არ ვიცოდი, რა მექნა და რადგან უსუსურობის გამო ვერაფერი მოვიმოქმედე, ავტირდი, თანაც ისე, რომ საღამომდე ძლივს დამაწყნარეს~. კიდევ მამის მანქანა ახსენდება, სიჩქარეებს რომ ართვევინებდნენ, _ ეს ფანტასტიური განცდა იყო. კიდევ ერთი რამ არ ავიწყდება: სამი წლის ასაკში ~კავკასიური ცარცის წრე~ ნახა. გავიდა დრო. მეფე ლირი~-ს ყურებისას, როცა სპექტაკლის ფინალში დეკორაცია ინგრევა, ახლა უკვე 13-14 წლის ბიჭის არსებაში დაუოკებელმა სურვილმა გაიღვიძა. ეს გამოცხადებას ჰგავდა. მოვლენები თავისთავად განვითარდა: წინააღმდეგობების დაძლევა _ იაშვილი და მსახიობი?! ლევან წულაძე ის ადამიანი იყო, ვინც იაშკა თეატრისკულისებს~ აზიარა. შესანიშნავი პედაგოგებით განებივრებულს (ხელმძღვანელი დავით კობახიძე იყო) მეორე კურსისთვის მონაწილეობა უკვე რვა სპექტაკლში ჰქონდა მიღებული. ჯერ კიდევ დებიუტის, შალვა დადიანის გუშინდელნი~-ს შემდეგ მიხვდა, რომ აქედან არსად წავიდოდა. წარმოდგენის დასასრულს,ბავშვობაში ხელებით რომ ვაკეთებდით ტახტს, სწორედ ისეთ ტახტზე ვიჯექი. სცენაზე რომ გამომიყვანეს, დიდი ტაში ატყდა. მაშინ ყველაფერს მივხვდი~.
დათოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მოღვაწეობას მიხეილ თუმანიშვილის თეატრში გააგრძელებდა. თუმცა წინ კიდევ ერთი სპექტაკლი ელოდა. ეს მადამ ბოვარი~ იყო, რომელიც თავის დროზე, 1993 წელს, როდესაც ერთი ომი დამთავრებული იყო და მეორე მიმდინარეობდა, _ თეატრალურ სამყაროში უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს, დათო დოიაშვილს და ექვსი მსახიობისგან შემდგარ მის დასს იმ დროს ყველაფერი საერთო ჰქონდათ _ წიგნიც და ღამის გასათევიც.მეგობრების დიდი ნაწილი ომში იბრძოდა და დაიხოცა, ჩვენ კი ~მადამ ბოვარის” ვდგამდით. საოცარია~!
ერთ-ერთ ჩვენებას რობერტ სტურუაც დაესწრო. დათო იაშვლის ბედი იმთავითვე გადაწყდა: ეს ბიჭი ჩემთან მოვიდესო, უთქვმს მაესტროს.
ჩემთვის რუსთაველის თეატრი პირველი სიყვარულია, ქვეყნის სახეა და ჩემი პასპორტია მსოფლიოში. რობერტ უილსონის უორკშოპზე ყოფნისას, მივხვდი, რომ ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ იჩენდნენ, რომ სტურუას არტისტი ვარ. ეს სულაც არ არის თვითკმაყოფილება. ასეთ დროს პასუხისმგებლობა გიმძაფრდება~. დამწვარი სასტუმროთბილისი~ ბევრისთვის ტრაგედია იყო, უფრო მეტისთვის _ სირცხვილი. მათთვის კი, ვინც შემოქმედების სენმა შეიპყრო, ეს ეპოქალური ექსტერიერი იყო და მერწმუნეთ, სხვა არც ერთ დამწვარ სასტუმროს არ ღირსებია ამდენი სტუმარი ფოტოაპარატითა და ვიდეოკამერით. ასე იყო მაშინაც, როცა თავად გახლდით თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი (1998 წელი) და საუკეთესო წლები სწორედ დამწვარი თბილისის~ ორპირებში გავატარე. ჩვენზე მეტად, ალბათ, არავის დასწყვეტია გული, როდესაც მის ადგილას ფეშენებელური სასტუმრო ააშენეს. ბერლინიდან არდადეგებზე ჩამოსულმა მეგობარმა დიმა ჩიკვაიძემ იაშკას ვიდეო სინჯები სწორედ სასტუმროს იმდროინდელ ინტერიერში გააკეთა. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. მალე იაშკა, თეატრის დასთან ერთად, პეტერბურგს გაემგზავრა, სადაცმაკბეტს~ უჩვენებდა. მოულოდნელად ერთი გერმანელი რეჟისორი გამოეცხადა, თანმხლებ პირებთან ერთად, და აუწყა, რომ მის ფილმ­ში როლზეა დამტკიცებული. ყველაფერი შეიცვალა.
მოქმედება მეორე
რატომ ვცხოვრობ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რატომ მემსახურება მანქანა, რატომ მექცევიან ასე, რას მომთხოვენ სამაგიეროდ?~ აქ გაჩნდა პირველი შიში. 22 წლის თბილისელმა არტისტმა იგრძნო, რომ სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი წამებშია გათვლილი. ფილმსკავკასიური ღამე~ ერქვა, მოქმედება პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარდებოდა. ეს იმ სინჯების გამოძახილი იყო, დამწვარი სასტუმრო თბილისის~ ინტერიერში რომ გაკეთდა. დასავლური წესების შესაბამისად, იაშკას დასაქმებისთვის ახლა უკვე აგენტი მუშაობდა. ეს ის დროა, იაშკას თაყვანისმცემლები ტელეფონის საშუალებით რომ უტყდებიან სიყვარულში. ერთ დღესაც გაისმა ასეთი ზარი. ერთი კვირის აქტიური საუბრების შემდეგ კი, იაშკას ის გოგონა შერჩა, რომელიც კინოს სახლში რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და მოსწონდა:ადამიანებს ისეთი ჰგონიხარ, როგორსაც სცენაზე გხედავენ. არადა, ის კონკრეტული როლი ერთი ადამიანის ძალიან პატარა ნაწილია. ამის მიღმა ხომ, მილიონნაირი ვარ, რასაც ცხოვრების ბოლომდე კიდევ ბევრჯერ აღმოვაჩენ. თეაში ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ ჩემი მსახიობობის შესახებ არაფერი იცოდა,_ ქუჩაში დაგინახე და მომეწონეო~.
თეა: ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის პერიოდია, სანამ იაშკას გავიცნობდი. ფაქტობრივად, ვცხოვრობდი ადამიანით, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ერთხელ თეატრალური ინსტიტუტის წინ ჩავიარე და დავინახე ბიჭი, რომელმაც მის პირისპირ მდგომ გოგონას ისე გადაუსვა თავზე ხელი, რომ იმწამსვე შემიყვარდა. ამის შემდეგ მისი ძებნა დავიწყე. არც ვიცოდი, რომ უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. რადგან თეატრალურთან დავინახე, ყოველდღე, ლექციების შემდეგ, ჩემს მეგობართან ერთად, უნივერსიტეტიდან თეატრალურამდე ფეხით მივდიოდი, იქნებ სადმე შემხვდეს-მეთქი. თვალს თუ მოვკრავდი, ბედნიერი ვიყავი. ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა არავინ იცოდა. ასე გაგრძელდა რვა თვე. ამასობაში, თანდათან ინფორმაციაც მოვიპოვე. უკვე ვიცოდი, რომ დათო იაშვილი იყო და მისი ტელეფონის ნომერიც მქონდა. _ დათოს სთხოვეთ? _ დათო ვარ. _ დათო, რამდენი წლის ხარ? _ ოცდაოთხის. _ გმადლობთ, _ და დავკიდე. ალბათ გიჟი ვეგონე. ასე გრძელდებოდა დიდხანს. ბოლოს, დადგა დრო, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ შევხვედროდი! როგორც კი შევხვდი, მაშინვე გაწითლდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი გაწითლება. უკვე რვა წელია, რაც ერთად ვართ~. იაშკა: ~შევხვდი თუ არა, იმწუთას გავიფიქრე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით!~ თეა დღემდე ვერ ხვდება, თუ რატომ წავიდა იმ პერიოდში ჰამბურგში. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ემოციებით დამუხტულ იაშკას დრო ესაჭიროებოდა, საკუთარ გრძნობებში გასარკვევად. თეას ხშირად ეუბნებოდა:შენგან იმხელა ენერგია მოდის, გასაცნობიერებლად დისტანცია დაგვეხმარებაო~.
თეა ყოველდღე ურეკავდა და წერილებს წერდა. არც ქალაქში სეირნობა უნდოდა, არც კინო და თეატრი. არც ახალი ადამიანების გაცნობა აინტერესებდა. იჯდა და ტიროდა, _ იაშკა ენატრებოდა. პატარა ოთახი სავსე იყო დათოს ფოტოებით.
ამასობაში, იაშკა სტურუას ქალი-გველში~ თამაშობდა.ზუსტად ერთ თვეში მივხვდი, რომ უზომოდ მიყვარს. ყოველ დილით ეიფორიაში ვიღვიძებდი, მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდი~.
იაშკას ჩასვლის დროისთვის, თეამ ის ოთახი, რომელიც მისი ფოტოებით იყო სავსე, ფერადი და სურნელოვანი სანთლებით მორთო. ოთახში შემოსულმა იაშკამ სანთლების ანთების იდეა არ მოიწონა. თბილისური უშუქობიდან გაქცეულს რომანტიკის არაფერი ენიშნა.
თითქმის ერთმანეთს შეეზარდნენ, რვა წლის მანძილზე ყველაფერი ერთად გადაიტანეს: ჰამბურგი_ბერლინის გზაზე გამუდმებული მოგზაურობა; იმის გარკვევა, თუ სად უკეთესია ყოფნა: უცხოეთში თუ შინ? `თუ კარგად ხარ, ყველგან კარგად იქნები, აქ ქალაქები არაფერ შუაშია~. ერთხანს თეა ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა. მერე იაშკა შეენაცვლებოდა ხოლმე და ასე გრძელდებოდა.
თეა: ~მახსოვს, ახალი ჩამოსული იყო. მე ვმუშაობდი და სასეირნოდ ვერ გავყევი. მარტო წავიდა. შუადღე ისე მიიწურა, რომ იაშკა არ გამოჩენილა. ძალიან განვიცადე. ბოლოს დავინახე, ვეებერთელა მზესუმზირის ყვავილით ხელში. სიხარულისგან კინაღამ გადავირიე. მაინც ახალი დაწყებული გვქონდა ერთად ცხოვრება, ჯერ ისევ ვიპრანჭებოდით. ამ ყვავილის ტოტი დღემდე შენახული მაქვს.
გახსნილობისთვის და ჩარჩოებისგან გასათავისუფლებლად ძალიან დაგვეხმარა უცხო ქალაქი. ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ როცა ურთიერთობის საფუძველი სიყვარულია, საშიში აღარაფერია~.

ვნებაც ჩნდებოდა სხვისდამი, მაგრამ თუ შენი თავის ერთგული ხარ, სხვაგან აღარ წახვალ.
ერთი ასეთი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თეას სწავლის გაგრძელება სხვა ქალაქში მოუწია. ჩვენს ცხოვრებაში ერთი გოგონა გაჩნდა. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სისხლში ფორმულა შეიცვალა. მაშინვე თეას დავურეკე და ვუთხარი, შეყვარებული ვარ-მეთქი. ვიცოდი, ტკივილს ვაყენებდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ თეასნაირად ვერავინ გამიგებდა~. ახალი წელი ახლოვდებოდა. ერთ-ერთ წვეულებაზე თეა და იაშკაც მივიდნენ. ის გოგონა თეას მიესალმა, სახე შეაბრუნა და გაწითლდა. მოგვიანებით კი გვერდზე გაიყვანა და უთხრა: ასეთი რაღაცეები არ მემართება ხოლმე. რა მომივიდა, თვითონ არ ვიცი. გთხოვ, მაპატიეო. ასეთი გახსნილობა ალბათ იმ დროს არსებობს, როცა გულია სავსე. იმ ღამით საახალწლო წვეულებამ კლუბში გადაინაცვლა: ~მთელი საღამო ჩემს მხარზე ედო თავი~. მათი ინტერესები თითქმის ყველა საკითხთან მიმართებაში საერთოა.მე იაშკას ბოლომდე ვენდობი. ეს სულაც არ არის კომპრომისი. მომწონს, რასაც აკეთებს. მე პატარა ვიყავი, როცა გავიცანი და მას შემდეგ, თითქმის ყველაფერზე მიქმნის წარმოდგენას~.
უკვე ორი წელია, რაც გერმანიიდან დაბრუნდნენ. თბილისში ცხოვრობენ. ისევ ერთად არიან, ისეთივე შეყვარებულები.

მოქმედება მესამე
გავიდა დრო. თითქოს ყველაფერმა დაკარგა აზრი. საკუთარმა შემოქმედებამაც. იაშკა უკვე დიდი იყო. რომ გადახედა, დარწმუნდა: მინდოდა მსახიობობა _ გავხდი, რუსთაველის თეატრზე ვოცნებობდი და ესეც ამისრულდა. ის წარმატებული მსახიობი იყო, მაგრამ 28 წლის ასაკში, როცა ვალდებულებები საგრძნობლად გაიზარდა, მსახიობი ვერ ახერხებდა თვითრეალიზაციას. წარსულში ორმოცამდე როლი იყო, თეატრისაც და კინოსიც, მაგრამ სასოწარკვეთილს არაფერი აჩერებდა.
_ ბატონო რობერტ, წავედი.
_ წადი.
_ წავედი!
ალბათ ფიქრობდა, შენ იკითხე, თორემ მე ას იაშკას ვიპოვიო.~ ადგილს, რომელიც დიდი ხნის წინ შენთვის მონიშნეს და რომელზეც თვითონვე ამბობ უარს, სხვები დაიკავებენ. დათომ იცოდა, სადაც მიდიოდა, მაგრამ აღარ ნანობდა. მიეჩვია იმას, რომ სხვაგან არავინ ხარ; რომ საკუთარი არჩევანის შედეგად კარგავ, რაც მოიპოვე. იწყება დღეები, როცა სამუშაოს ეძებ, გადასახადები რომ გადაიხადო. პირისპირ დგები მარტოობასთან. ბერლინში ორი უკიდურესობა ყოფილა: მარტოობა და რეალიზებული ყოფა. გეტირება, როცა მეგობრები რეკავენ, ჩამოსული ახლობელი სხვანაირი გეჩვენება.სამაგიეროდ უმნიშვნელოვანეს დეტალებს სწორედ იქ მივხვდი. დღევანდელობასთან რომ გავაკეთო შედარება, ასეთ სურათს მივიღებთ: იღებ კრედიტს და მერე პროცენტს იხდი. მთავარია, ისეთი კრედიტი არ აიღო, რომ მინუსიდან ვეღარ ამოხვიდე. ჩვენი პლანეტა ამ პრინციპით ცხოვრობს.~
არსებობს ისეთი რამ, რის გარეშეც წარმოუდგენელია დღე. მაგალითად, აღტაცება, რომელიც გამუდმებით გახლავს. მაშინაც კი, როცა დღეები გადის და ლოგინიდან ვერ დგები. ალბათ სწორედ ასეთი აღტაცების შედეგად, ერთ დღესაც ადგა და თქვა: ~მე ხომ ფრენა და მსოფლიოს ნახვა არ მინატრია, მინდა ვიღვიძებდე თბილისში და რუსთაველის თეატრში მივდიოდე რეპეტიციაზე~. მას თეატრში დაბრუნება სჭირდებოდა.
იაშკას სათქმელი საუკეთესოდ გამოიხატა იმ პატარა ფილმში, რომელიც არავის უნახავს. ეს არის სუბიექტური კამერით გადაღებული, ბერლინის მეტროს ხუთი გაჩერება. ამ ფილმით იაშკამ საკუთარ თავს უთხრა რაღაც; ან იქნებ, უცხო ქვეყანაში ცხოვრების პერიოდი დაგმო.

ხმა:
ამომხედა და მითხრა: ცხოვრება პოზებისგან შედგება. აი, ახლაც, შენს წინ ვზივარ, ვცდილობ, რაიმე ჭკვიანური ვთქვა, თავი მოგაწონო.
მახსოვს, პირველად 1999 წლის მაისში ვნახე. ჩაქვში ახალგაზრდა შემოქმედთა სემინარი ტარდებოდა. თვალებში უცნაური სხივი ჰქონდა. ემოციური ადამიანი ჩანდა და უჩვეულოდ ეცვა. მერე, კარგა ხნის შემდეგ, ქუჩაში შემხვდა, ჩემთვის უცხო გოგონას ეხუტებოდა. ეს თეა იყო. მის შესახებ ახალ ამბებს გამუდმებით მიამბობდნენ. ხან თეატრში ვხედავდი, ხან ეკრანზე. მაგრამ მხოლოდ გუშინ შევიტყვე, თუ რა ეტიუდი შეხვდა თეატრალური ინსტიტუტის მისაღებ გამოცდაზე: საფრთხობელა ვიყავი, რომელსაც ჩიტი შეუყვარდა~. ხო, ასე ხდება ხოლმე,საფრთხობელას~ მოულოდნელად სული აღმოაჩნდება… დგას შუაგულ მინდორში, არ იცვლის ფეხს. თურმე სიყვარული შეუძლია და ამით არის საინტერესო. რთულია.
`ადრე ყველაფერი რთული მეგონა. ერთ დღესაც მივხდი, რომ სულაც არ არის ასე. ყველა შემდგარი ურთიერთობა მარტივია. ყოველივე გენიალურიც ხომ მარტივია. ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ბუნებრივია. ეს ენერგია შენგან დამოუკიდებლად არსებობს. უბრალოდ, კოდს უნდა მიაგნო. მხოლოდ ასეთ დროს მშვიდდები, გასაღები ხელში გაქვს და მიბრძანდი~!

ფარდა

ავტორი: ნენე კვინიკაძე

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s