ლაშა-გეორგ, მიამბე რამე

_ ძია რიმუს, ზღაპარი მიამბე, რა!
_ ზღაპარიო? თუ ჩუმად იჯდები, ყურადღებით მომისმენ, არ შემაწყვეტინებ და წამდაუწუმ არ მკითხავ, `მერე, მერეო~, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ზღაპარი გიამბო.
_ მე, ძია რიმუს, გასუსული ვიჯდები.
_ კარგი. მაშ, ასე…
ძია რიმუსის ზღაპრებიდან

ეს კაცი იმდენი წლის წინათ გავიცანი, რომ გახსენება აღარ მიხარია… ხან არქეოლოგიურ ექსპედიციებში დარბოდა და ხან ეთნოგრაფიულში. ის ბუბა ყარალაშვილის საყვარელი სტუდენტი იყო და მე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცუდად ვხდებოდი. ჯერ იყო და, თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა გერმანისტიკას, მერე იენაში გადავიდა. გერმანიაში ძალიან დიდხანს ცხოვრობდა, სწავლობდა და ხან რადიოში მუშაობდა, ხან ჟურნალებისთვის წერდა.
გამოხდა ხანი და ეს ჩემი ნაცნობი კაცი შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. მერე კვლავ გერმანიაში დაბრუნდა, პოლიტოლოგიის შესასწავლად, და მას აქეთ, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტიც ბრძანდება. ეს კაცი გერმანიაში ხან ქართული ლიტერატურის დღეებს აწყობდა და ხან ქართველ ხელოვანთა გამოფენებს.
სად იყო და სად არა, ჩვენი გმირი ვენაში გაემგზავრა _ კვლევითი საქმიანობა და მსგავსები. ერთ წელიწადში კი დიტო ცინცაძის მიერ გადაღებულ უიღბლო მკვლელებში~ მთავარ როლში ვიხილეთ. მერე მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვისტბა~ სცენარი დაწერა და შორეულ ტეხასში პრიზი მიიღო. ევროპელ ლიტერატორებთან ერთად, მან 2000 წელს ლიტერატურული ექსპრესით~ ნახევარი ევროპა მოიარა, _ და დისერტაცია დაიცვა; თან, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების, კერძოდ, ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობის შესახებ. მერე მიუნხენში გაემგზავრა, სადაც სცენარისტთა სახელოსნოში სცენარების წერას სწავლობდა. იმხანად, თბილისში მოკლემეტრაჟიანი ფილმიეროტიკული ამბავი~ აჩვენეს. ქართული ზნეობის სადარაჯოზე მდგომნი აღშფოთდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი ჩვენი გმირი კი კოტბუსის კინოფესტივალზე ჟიურის წევრად აირჩიეს. ამის შემდეგ დიტო ცინცაძემ სან-სებასტიანში ოქროს ნიჟარით~ დაჯილდოვებულგასროლის შიშში~ იარაღით მოვაჭრის, უსაძაგლესი ქართველი მაჩოს როლში გადაიღო. ჩვენმა გმირმა ფრანგულ მოკლემეტრაჟიან ფაბრიკაშიც~ მიიღო მონაწილეობა. მოკლედ, სად აღარ იყო, რა არ ისწავლა, რა არ აკეთა... ბატონ დოქტორ ლაშა ბაქრაძის შესახებ მოგახსენებდით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლაშა ბაქრაძე დიდი ხნის წინათ გავიცანი, შესაბამისად, პატარები აღარ ვართ. მაგრამ არც ისე საშინლადაა საქმე, როგორც ლაშა ჰყვება ხოლმე. ავსტრიიდან ჩამოსულმა მიამბო, რომ ვენის აკადემიაში საოცარი ტილო აღმოაჩინა _ ფლამანდიელი მხატვრის ნამუშევარი. ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, რომელსაც ზურგსუკან ცელიანი სიკვდილი ამოსდგომია. ყველაზე გასაბრაზებელი სურათის სახელწოდებაა:მხატვრის ავტოპორტრეტი 34 წლის ასაკში~.
მაშინ ლაშა ოცდაცამეტისა იყო, და თუ დავუჯერებთ, მას აქეთ, ზურგსუკან გამუდმებით ესმის ცელის ზუზუნი: ზზნგ! ზზნგ! ზზნგ!
მაგრამ ცელის ზუზუნი ხელს არ უშლის, რომ მხიარულად დააბიჯებდეს ამ დედამიწაზე და ამბები ისმინოს, ამბებს მოჰყვეს. დაწერას მოყოლას ამჯობინებს და ალბათ, მართალიცაა. ისედაც ცელი ზუზუნებს, როგორ შეიძლება ასეთებზე დროის ხარჯვა.…
ქართველთა სადიდებლად, ლაშა ბაქრაძე მუდამ აღნიშნავს, რომ მარად საკუთარ პრობლემებზე, სამუშაოზე თუ დაფინანსებაზე მოსაუბრე ჩრდილოევროპელთაგან განსხვავებით, ჩვენ ამბის თხრობის უნარი გვაქვს: რაღაც იწყება, ვითარდება, მთავრდება. სულ ერთია, რას ვყვებით _ კუიბიშევში ქალების გაცნობის იმედად ჩასვლის თუ განძის პოვნის ამბავს; მთავარია, რომ ვყვებით. ლაშას ნაამბობი ხშირად კლასიკური ჩინური რომანის ქარგას ჰგავს: ის, რომ გმირი ჩნდება, სულ არ ნიშნავს, რომ ნაამბობის ბოლომდე გმირად დარჩება; ის შეიძლება ისევე უმისამართოდ გამოჩნდეს და გაქრეს, როგორც ის ჩინური რესტორანი, რომელიც ლაშა ბაქრაძემ ტუნისში მოგზაურობისას, რკინიგზის გასწვრივ აღმოაჩინა _ ნამდვილი ჩინური რესტორანი, შესასვლელთან აღმართული ორი დრაკონით… ოღონდ ირგვლივ უდაბნო იყო, მატარებელი იქ საერთოდ არ ჩერდებოდა, კაცი არ იყო, რომ რაიმე შეეკვეთა. დიდი-დიდი, ვინმე ბედუინს ჩამოევლო.
მთავარია, რომ ჩინური რესტორანი იყო, დრაკონებიანი.

საბრალო გოგო
ლაშა ქალებზე არაფერს გიამბობთ, ტყუილად ნუ ჰკითხავთ. პირად ცხოვრებაზე საუბარი, ინტიმური დეტალების მოყოლა და ექსჰიბიციონისტური გამოსვლები არ ახასიათებს. ერთმა ჟურნალისტმა იმდენი ჰქნა, რომ ინტერვიუში ათქმევინა, ქალის ეროვნებას არ დაგიდევთო, და იმანაც, თავის სტატიას დიდებული სათაური გაუკეთა: ლაშა ბაქრაძეს ცოლად ზანგი ქალი მოჰყავს!~ ერთ არაპოლიტკორექტულ წინადადებაში ორი საშინელი ტყუილი! სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ საუბრისას, ლაშა ბაქრაძე თავის ბავშვობას იხსენებს, სრულიად უდრტვინველსა და ბედნიერს, როცა ერთხელ, ეზოში თამაშის დროს, მოფარებულ ადგილას მეზობლის პატარა, თავისზე ერთი წლით უმცროსი, იმხანად ხუთი წლის ფუმფულა გოგო გაიყვანა და აკოცა.ლოყაზე?~ _ არა, როგორც წესი და რიგია~. ეს ამბავი გოგოს მამამ გაიგო და მას მერე შვილს ეზოში აღარ უშვებდა, ლაშასა და მსგავსი მავნე ადამიანებისგან გადარჩენის მიზნით. აი, ასე. დიდი შიში ბერნში, სადაც თეოლოგიას სწავლობდა, ერთ ჩინებულ ახალგაზრდასთან მეგობრობდა. ის ბიჭი მღვდლობას აპირებდა და მერე გახდა კიდეც _ ღმერთმა ხელი მოუმართოს. ერთხელ გაირკვა, რომ მომავალი მღვდელი გერმანიაში მანქანით გამგზავრებას აპირებდა, და ვინაიდან იქ ლაშასაც რაღაც საქმე ჰქონდა (ვეჭვობ, შვეიცარიაში მოწყენილობისგან სული ხდებოდა), თან გაიყოლა. მანქანა შვაბეთის ალპებში, სერპანტინზე მიუყვებოდა გზას. ნისლი ჩამოწვა, ტრასაზე მანქანის ჭაჭანება არ იყო. მომავალი მღვდელი ლაშას მიუბრუნდა და უთხრა:ლაშა, მშია~. რა გაეწყობა, შიოდა კაცს. მაგრამ ცოტა ხანში თანამგზავრს კვლავ მიუბრუნდა და ავისმომასწავებელი ჩურჩულით გაუმეორა: მშია~.ვაიმე!~ _ იფიქრა ლაშამ.
კაცს თვალები უელავდა, საჭეს გამწარებით უჭერდა ხელს და ხმას უწევდა და უწევდა: მშია, მშია!~გადამჩეხავს? შემჭამს?~ მე, ალბათ, მანქანიდან გადავხტებოდი.
საბედნიეროდ, რომელიღაც უბედურ ბენზინგასამართ სადგურს მიადგნენ და რაღაც უბედური სოსისები იყიდეს, მართალია, საშინელი რაოდენობით. კაცმა ყველაფერი ჩასანსლა და შემდეგ ლაშას აუხსნა, რომ შიმშილის მიმართ ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს და თუ დიდ განსაცდელში ჩავარდა, ანუ უმალვე ვერ დანაყრდა, თავს ვეღარ აკონტროლებს.
რას იზამ, ხალხი ჭრელია.
ჰო, როგორც მოგახსენეთ, ის კაცი დღეს მღვდელი გახლავთ.

ანდალუზიური სამკუთხედი
ანდალუზიაში, ალპუხარას მთებში, პაწაწინა სოფელია. ლაშას თქმით, იქაურები დიდი სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ იქ ისეთი ამბები ტრიალებს, რომ ალმოდოვარს ნამდვილად გაუგებს კაცი. მანამდე მეგონა, რომ აჭარბებდა ხოლმე, მაგრამ არა!~ სწორედ ამ სოფელში, არცთუ ლამაზ ხალხში, ერთი ბრგე, ლამაზი მამაკაცი გამოერია. ის მასწავლებელი იყო. გარეგნული მონაცემებისა და სოციალური მდგომარეობის წყალობით, მთელი სოფლის ქალები მას ეტრფოდნენ და თუკი რომელიმე ქალი ოდნავ მაინც შეიხედებოდა, ყველასთან ჰქონდა საქმე. ერთხელაც, მასწავლებელს ერთ გათხოვილ ქალთანაც გაუბამს რომანი _ მთლად რომანიც არა; ისე, ერთი-ორჯერ. ეს ამბავი ქმარს გაუგია, რომელიც პატარა ტანის, სუსტი მამაკაცი ყოფილა. გაუგია და არაფერი უთქვამს _ თითქოს ჩაყლაპა. გავიდა რამდენიმე კვირა, და ერთ დღესაც, ორგული ცოლის მეუღლეს სოფლის მთავარ მოედანზე ახლად ნაყიდი მანქანა შეუგრიალებია. მან მანქანიდან თავი გამოყო და იქვე მდგომ მასწავლებელს დაუძახა. მერე რა, რომ ოდესღაც მის ცოლთან იგორავა, მაინც თანასოფლელები იყვნენ. თან, ის არასასიამოვნო ამბავიც კარგა ხნის მომხდარი იყო. მასწავლებელი მანქანასთან მივიდა და რადგან ტანად მაღალი ბრძანდებოდა, ფანჯარასთან დაიხარა. შეურაცხყოფილმა ქმარმა გაუქანა და სახეში სთხლიშა, უმალვე დაძრა მანქანა და გაქროლდა. ასეთი იყო ანდალუზიელი მასწავლებლის ამბავი. თამარი ჩემი უმისამართო ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, რომ ლაშა ბაქრაძის სადისერტაციო თემა, ჩემზე უკეთ თავად ავტორმა თუ იცის. ჰოდა, 1914-1918 წლებში ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობის შესწავლისას, ლაშამ სახელმწიფო არქივში მრავალი წერილი აღმოაჩინა _ გერმანიასა და შვეიცარიაში გახიზნულ ქართველთა მიმოწერა. ამ წერილებში ხშირად იყო ნახსენები ვინმე თამარი, რომელზეც მამაკაცები ძალიან ზრუნავდნენ; წუხდნენ, რომ ავადმყოფობის გამო, ხალხში გარევას ერიდებოდა. ვინ იყო ეს თამარი, მაინც ვერ გავიგე და დიდად არც მიდარდია _ რამდენი ემიგრანტი დაიტანჯა, რა ჩემი განსაცდელია. მით უმეტეს, რომ ლაშამ დისერტაცია წარმატებით დაიცვა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, გერმანიაში მყოფი ლაშასგან წერილი მომივიდა, სადაც მრავალ სხვა ამბავსა თუ ჭორთან ერთად, ნათქვამი იყო, რომჩვენი თამარი მორფინისტი ყოფილა~. ვაი? ვინ თამარი?
აი, ის თამარი, ემიგრანტი, სრულიად კომიტეტის მზრუნველობის საგანი. მისი ამბის გასაგებად ლაშამ ბერლინის არქივები გადააქოთა და დაადგინა, რომ ნარკომანთან გვქონია საქმე.
რაღა გვიჭირს.

წმინდა ევსტათი
ბარსელონაში, ერთ მშვენიერ ბარში, რომელიც ბარსელონელებს და უცხო სტუმრებს მთლად მეცხრამეტე საუკუნიდან ახარებს, ერთი კაცი დადიოდა. ლაშამ შენიშნა, რომ მის გვერდით მჯდომებს პატარა, გარმონივით დაკეცილ ქაღალდს აჩვენებდა ხოლმე: დიდი რუდუნებით შლიდა და მერე ასევე გულმოდგინედ კეცავდა. ცხადია, ძალიან დაინტერესდა, სანამ ერთ დღეს თავადაც მის გვერდით არ აღმოჩნდა და მისი განძი არ ნახა: წმინდა ევსტათის ცხოვრების და მარტვილობის ამსახველი სურათები.
იმ კაცმა, ესპანურის გარდა, არცერთი ენა არ იცოდა, მაგრამ იმის მოყოლა კი შეძლო, რომ წმინდა ევსტათი ამ კაცის მფარველი ყოფილა, მისი წმინდანი. კაცი ამაყად ამბობდა, რომ სახლში ამ წმინდანის ყველა გამოსახულება აქვს, სულ ნაირ-ნაირები, მაგრამ მერე დასევდიანდა: ამ ბარში, საპირფარეშოს თავზე, კიდევ ერთი ჰკიდია, ისეთი, როგორიც მას არ აქვს, ზღაპრული სილამაზისა. და ეს ღორები _ ხელი ბარმენებისკენ გაიშვირა _ არ აძლევენ! ძალიან ძვირს უფასებენ! მას კი ამდენი ფული არ აქვს! მაგრამ ეგ არაფერია, შეაგროვებს და იყიდის.
ამ სევდიან ამბავს ისეთი გზნებით ჰყვებოდა, რომ ყოველგვარ ფუჭ სანტიმენტებს მოკლებულმა ბატონმა ბაქრაძემ ჯიბეზე ხელი გაიკრა და წმინდა ევსტათის შეძენისთვის ათი ევრო გაიღო. კაცი უმალვე გამოცოცხლდა და ტკბილად მიმართა ბერმენებს, რომელთაც მანამდე ღორებს უწოდებდა: ეს კაცი ჯიგარია, ორი ლუდი და მიწის თხილიო! `წუწურაქი კი არ იყო,~ დაასკვნა ლაშამ.

ჩვენიანი
2000 წელი. ლიტერატურული ექსპრესი. მრავალ სხვა ლიტერატორთან ერთად, მატარებელში ერთი ბასკი მწერალიც იმყოფებოდა, რომელიც დიდი კომუნიკაბელობით არ გამოირჩეოდა _ იჯდა თავისთვის. მაგრამ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოახლოებისთანავე, აშკარად ნირი წაუხდა და საჩქაროდ დაუმეგობრდა ქართველებს _ გიო ახვლედიანს, ლაშა ბუღაძეს და ლაშა ბაქრაძეს.
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დაზაფრულმა ბასკმა ისიც კი გაიხსენა, რომ ბასკები და ქართველები მთლად ნათესავები არიან. ძალიან წახდა კაცი.
ბელორუსიაში გამართულ მიღებაზე გამცილებელმა ბელორუსმა ბიჭმა საზოგადოებას ანთებული თვალებით ამცნო, რომ დიდი პურ-მარილი გველის, ხორციც კი იქნებაო. ლიტერატორებს ბედნიერი ბავშვები დახვდნენ, ყვავილებით ხელში და, ლაშას თქმით, ჩიკა-ჩიკა-რამაიას ძახილით.
და მაშინ ბასკი გადაირია, ლაშას შესძახა: `ყვავილები არ გამოართვა! ფრანკოს დროს, ჩვენც ასე გვექცეოდნენ, ყვავილებს გვაყრიდნენ, რომ პედერასტები გავმხდარიყავით!~ თავად მან მორთმეული ყვავილები, ცხადია, გადაყარა.
ბასკები აშკარად ჩვენი ნათესავები არიან.
ციდან ჩამოსული კაცი
21-ე საუკუნეს უშგულში შევხვდი, კავკასიელი მამაკაცების შესახებ ფილმის გადაღებების დროს. შესანიშნავი დარი იყო _ მზე, ლურჯი ცა, ბრჭყვიალა თოვლი… და ამ მშვენიერებაში ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც სახეგაბადრული კაცი გადმოვიდა. ასეთი ბედნიერი ლაშა არასოდეს მენახა.
სვანური ქუდი ეხურა და ყველა ჯიბე _ ჯიბეები კი უხვად ჰქონდა _ კანფეტებით ჰქონდა გამოტენილი. ვერტმფრენის შესახვედრად შეგროვებული ბავშვები პირდაღებულები შესცქეროდნენ. ის კანფეტებს არიგებდა, ხანდახან ყიჟინასაც დასცემდა ხოლმე.
მერე ლამარიაზე ავედით _ წელამდე თოვლში. მერე ქვედა სოფლისკენ გავეშურეთ და ვერტმფრენის ზუზუნიც გაისმა. მიდის! ვაშა, ლაშა, დარჩები!
და ლაშა გაიქცა, როგორც მერე თავად აღიარა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მას ასეთ ტემპში შეეძლო სირბილი, მით უმეტეს, მოლიპულ გზაზე, აღმართში. მაგრამ გაიქცა და ვერტმფრენსაც მიუსწრო.
მერე კი, საღამოს, გაირკვა, რომ იმ დღეს უშგულის ბავშვებს თოვლის ბაბუა ეწვიათ. ცხადია, თოვლის ბაბუა იყო, აბა, ვინ იქნებოდა: ციდან დაეშვა, კანფეტები დაარიგა და ისევ გაფრინდა.
მარტივი დასკვნა: ასე იქმნება ზღაპრები.

მზიანი მთა
საოცარი სახელწოდებები აქვთ ხოლმე დასახლებულ ადგილებს. მაგალითად, გერმანიაში იმდენი რაღაცბერგია, კაცს ტიბეტი ეგონება _ ბერგი~ მთას ნიშნავს. არადა, ისეთი ბრტყელია იქაურობა, ისეთი ბრტყელი... ზონენბერგი, ანუ მზიანი მთა, განსაკუთრებით ტკბილი ადგილი ყოფილა. დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს, ეს დასავლეთ ბავარიაში შეჭრილი სამკუთხედი დახურული სასაზღვრო ზონა იყო _ როგორც, ერთ დროს, ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი. იმ დალოცვილ ზონენბერგში, ვგონებ, არც კი იცოდნენ, რომ გერმანელის გარდა, დედამიწაზე სხვა ერის ხალხიც ცხოვრობდა. ერთ დღესაც ლაშა ზონენბერგში აღმოჩნდა და ერთ ახალგაზრდასთან ერთად ლუდი მიირთვა. კარგი ბიჭი იყო, ზომიერად ჩლუნგი და არც ისე მთვრალი. ის მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მიხვდა, რომ ლაშა ადამიანი კია, მაგრამ გერმანელი არაა, და ჰკითხა კიდეც, საიდან ხარო. პასუხის მოსმენის შემდეგ, უცებ წელში გაიმართა და _ ინდიელების შესახებ ფილმები ხომ გინახავთ? მკერდში მჯიღი ჩაიკრა:მე _ იოჰან, შენ _ ?~
ცუდია, როცა ბრიყვი ხარ. თან ზონენბერგში.

ამბავი იმისა, თუ როგორ გადაარჩინა ლაშა ბაქრაძემ ერთი ცოდვილი სული
ეს სევდიანი ამბავი იმით დაიწყო, რომ ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა და ლაშამ ყველაზე მსხვილბურჟუაზიულ მაღაზიაში შემარბენინა. იქ არასოდეს შევსულვარ, რადგან ბევრი რამ მომწონდა, მაგრამ ვერ ვყიდულობდი. ლაშამ მითხრა, შევიდეთო, და შევედი _ ასეთ ამბებში ის ჩემზე უკეთ ერკვევა.
ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდე. ო, რა ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდე! თან რა იაფად! ეს ფეხსაცმელი იმდენად მომწონდა, რომ მეორე დღეს, ერთ დიდ ფილოსოფოსსა და მწერალთან სტუმრად მიმავალმა, თავი გავწირე და გაგანია იანვარში ლაშას მოკლე კაბასა და თხელ წინდებში გამოვეცხადე. ძალიან კი მციოდა, მაგრამ მაინც _ ჩემი ლამაზი ბაჩიები იმ მოხუც ფილოსოფოსს ხომ მაინც უნდა დაენახა. კიდევ კარგი, ლაშას დაგვიანება არ სჩვევია.
ძალიან სევდიანი საღამო იყო. მალე დაბნელდა. ფილოსოფოსს ჩაისა და ცუდი შამპანურის გარდა, არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ ვითომდა მყუდროდ განათებულ, ჩემი აზრით კი დეპრესიულად ჩაბნელებულ ოთახში ვისხედით. პირველ მსოფლიო ომსა და გარეწარ კაიზერებზე ვსაუბრობდით. რუსეთის მეფის კარი და საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ. ჩვენთან ერთად მყოფი ქალბატონი ნაზი, აქროლადი და ცრემლივით წმინდა იყო, საქართველოში ერთხელ ნამყოფი და ხავსმოდებული გალავნებით აღტაცებული. ძალიან მშიოდა და ვგრძნობდი, რომ მალე გავგიჟდებოდი. ვიცოდი, რომ გარეთ არაბუნებრივად შემცივდებოდა და მძულდა ჩემი ახალი ფეხსაცმელიც, ბერლინიც და ჩემი ცხოვრებაც. ის ქალი ხომ მძულდა და მძულდა.
წამოსვლისას ლაშამ მითხრა, ნუ გეშინიაო. აქედან ტაივანურ რესტორანში წავალთ და მაგრად ვჭამთო. მერე კიდევ სადმე წავალთ და იქაც ვჭამთო. მოკლედ, ნუ გეშინიაო.
ნურას უკაცრავად. გამოსვლისთანავე იმ ქალმა _ ფოკუს-მოკუს! ჩანთიდან ორი მოსაწვევი ამოაძრო და გახარებულმა გვითხრა, გერმანულ-ქართული საზოგადოების შეკრებაზე ხართ დაპატიჟებულიო. შეკრების თემა _ საქართველოს კონსტიტუცია.
ნუ გეშინიაო, მითხრა ლაშამ. მივალთ და ხუთ წუთში გავიპარებითო. აქედან ტაივანურ რესტორანში წავალთ და მაგრად ვჭამთო. მერე კიდევ სადმე წავალთ და იქაც ვჭამთო. მოკლედ, ნუ გეშინიაო.
მაგრამ ვერსადაც ვერ გავიპარეთ, რადგან დარბაზი საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბატონ ლაშა ბაქრაძეს ტაშით შეხვდა. ჩვენ საპატიო ადგილებზე დაგვსხეს. მეც ვიღიმოდი და ძალიან ვამაყობდი, რომ ამ შესანიშნავ შეკრებაზე ასეთ შესანიშნავ კაცთან ერთად მოვხვდი _ ო, როგორ მიხაროდა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ გერმანელის მიერ წაკითხული მოხსენების მოსმენა!
ყველაფერი მთავრდება და მოხსენებაც დამთავრდა. უკვე აღარ მშიოდა და აღარც მციოდა. მორჩა. როცა შპრეეს ჩავუარეთ, ცხოვრებაში პირველად და, იმედია, უკანასკნელად ვიფიქრე, ხომ არ ვისკუპო-მეთქი. რაა რო? ივერია უჩემოდაც გაბრწყინდება, შეუცვლელი არავინაა. არ მითქვამს, მაგრამ იმ ღამეს შპრეეს შავი წყალი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა.
და მაშინ ლაშამ მითხრა ის, რაც სულ მახსოვს: `მოდი, ჯერ ვჭამოთ და მერე გადავხტეთ~.
პრინციპში, მართალი იყო. რომ გადავმხტარიყავი, ვეღარაფერს შევჭამდი.
ჩვენ ტაივანელთან წავედით და ვჭამეთ, მერე სხვაგანაც წავედით და იქ ვეღარ ვჭამე იმიტომ, რომ ტაივანელთან ძალიან ბევრი ვჭამე და ამას ძალიან ვნანობდი. მაგრამ ფაქტია, რომ აღარ გადავხტი.

სწორადაც მოვიქეცი. მოესწრება. მეც მესმის ხოლმე ჩემს ზურგსუკან: ზზნგ! ზზნგ! რა მეჩქარება.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: ზურაბ ალავერდაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s