მამაკაცი მამაკაცების შესახებ

ერთი ფრანგი რეჟისორი გავიცანი, დღემდე ვერ დამიდგენია, ფრანგი იყო თუ უბრალოდ პარიზში მცხოვრები. ასე თუ ისე, გავიცანი. მას ჰქვია იაკობ ბერგერი, ახალგაზრდა, ფრიად სასიამოვნო კაცია, ღვთის წყალობით, ჩემთვის გასაგებ ენაზე მოსაუბრე, და ჩაის სმისა და ყოვლად გაუსაძლისი კულტურათა დიალოგის გარდა, ერთი საინტერესო საქმითაც ვიყავით დაკავებული: ის მიყვებოდა თავის თავგადასავლებს, შორეულ ქვეყნებში გადახდენილ ფათერაკებს… მოკლედ, ძალიან ნასიამოვნები გახლდით, სანამ ერთ მშვენიერ საღამოს არ გაირკვა, რომ მას მამამისი ეჯავრება, რომ ფილმი, რომლის საჩვენებლადაც ის ჩვენს მზიან ქალაქს ესტუმრა, სწორედ იმის გამო გადაუღია, რომ საკუთარი მამა, ლამის საკულტო მწერალი, დიდი სიძულვილით სძულს, რომ ამ ფილმით ის მამამისისთვის ჭკუის სწავლებას ეცადა, მაგრამ მამამ, ცხადია, ვერაფერი გაიგო და ახლა საერთოდ აღარ ელაპარაკება. აღმოჩნდა, რომ სიძულვილის მიზეზი _ ვერასოდეს წარმოიდგენთ! _ ის ყოფილა, რომ მამა ძალიან მაგარია, რომ მისი წიგნები საყოველთაო მოწონებით სარგებლობს, რომ ის ქალებს უყვართ და სხვა და სხვა _ რომელი ერთი ჩამოვთვალო; და ეს ყველაფერი მის ვაჟს ჩაგრავდა და სწორედ ამიტომ გადაუღია მშვენიერ რეჟისორს და მართლა კარგ ბიჭს, იაკობ ბერგერს, ფილმი “შეიყვარე მამაშენი”, და სწორედ ამის გამო მიუწვევია მას მთავარი როლების შემსრულებლებად ჟერარ დეპარდიე და მისი ვაჟი _ ამ უკანასკნელს, რეჟისორისა არ იყოს, თურმე მამა ეჯავრება, დაახლოებით იმავე მიზეზების გამო.
რა უბედურებაა!
მე კი ბედნიერი ქალი ვარ, რადგან ჩემს გარშემო მყოფთა უმრავლესობა მამით ამაყობს, განურჩევლად იმისა, მართლაც საამაყონი არიან ეს მამები თუ არა. ხოლო თუ მამა ცალსახად საამაყოა, ამას რა სჯობს? თუმცა ავმა მოწინააღმდეგემ შეიძლება მითხრას, ქალი ხარ და არაფერი გესმის, შენთვის კია მამა ყველაზე დიდი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ღონიერი, მაგრამ მამისა და ვაჟის ურთიერთობა სულ სხვააო, და ამიტომ გადავწყვიტე, ამ ვინ იცის და მართლა ჩახლართული ამბის გასარკვევად ბატონ ლაშა თაბუკაშვილისთვის მიმემართა.

თუკი საოცარი ამბავი შეგემთხვათ და ბატონ ლაშას არ იცნობთ, მოგახსენებთ, რომ ის არის მწერალი, დრამატურგი, მეუღლესთან, ქალბატონ მედეასთან ერთად ნათელ სახლში ცხოვრობს, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ლამაზი შვილიშვილი, მრავალი მეგობარი და მრავალი თაყვანისმცემელი _ მოკლედ, დიდი მამის მიერ დაჩაგრულისა არაფერი ეტყობა. მე მგონი, სულ პირიქით.
ასე თუ ისე, ბატონ ლაშა თაბუკაშვილის სტუმარი გახლდით, და ის შესანიშნავ ამბებს მიყვებოდა, რომელთაგანაც ზოგის თქვენთვის მოყოლასაც ვეცდები, ზოგს კი არ მოვყვები, რადგან თუ საჭიროდ ჩათვლის, ბატონი ლაშა თავადაც გიამბობთ. წესით, იმაზე ვაპირებდით საუბარს, თუ როგორი რამაა კარგი კაცის შვილობა და კიდევ ერთი კარგი კაცის შესახებაც მინდოდა ამბების მოსმენა. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ზოგადად კარგი კაცების შესახებ ვისაუბრეთ, უფრო სწორედ, ბატონი ლაშა ლაპარაკობდა, მე კი გულმოდგინედ ვუქნევდი თავს, და ვიმედოვნებდი, რომ ეს შესანიშნავი კაცები მართლა არსებობენ, მთხრობელის ფანტაზიის ნაყოფი არ არიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩემი მარადიული რწმენა ცრუ არაა _ ქალებს და კაცებს ყოველთვის ეყვარებათ ერთმანეთი.
ბატონ ლაშას ჩემი შეკითხვა დიდად არ გაჰკვირვებია. ბრძანა, რომ მრავალ კაცს, რომელსაც ცნობილი მამა ჰყავს, შეჯიბრის გრძნობა მართლაც უჩნდება, და ამასთან დაკავშირებით ლევ ტოლსტოის თოთხმეტი შვილის სევდიანი ამბავი გაიხსენა: არცერთმა არ ივარგა, და მათმა დედამ თქვა, ზოგჯერ ბუნება ისვენებსო. ისე, დედას რომ ჩემს შესახებ ასეთი რამ ეთქვა, ალბათ დარდით მოვკვდებოდი…
“არ ვიცი, რამდენად დაისვენა ბუნებამ ჩემთან დაკავშირებით,” _ ჩემი აქტიური თავის ქნევა არ შეიმჩნია, “მაგრამ შეჯიბრის გრძნობა არასოდეს მქონია, რადგან აპრიორი ვიცოდი, რომ რეზო ყველა პუნქტში ჩემზე მაღლა იდგა. ეს არ მთრგუნავდა. პირიქით, ეს იყო ჩემი მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ მამისთვის თავი მომეწონებინა, დაწყებული წერით, დამთავრებული, ელემენტარულად, ლამაზი ჩხუბით. რეზოს თვალს სულ ვგრძნობდი და ახლაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, თუ რას იტყოდა და როგორ შეაფასებდა ამა თუ იმ ამბავს”.
თურმე მამა-შვილსUუამრავი კონფლიქტიც მოსდიოდა, “მე ძალიან გალაღებული ვიყავი, ის კი პანიკიორი მამა იყო”. მამამ იცოდა, რა ხიფათები ელის კაცს, რომელიც თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის. თვითდამკვიდრებისთვის? “მე ეს მჭირდებოდა, ყველა დარგში, რადგან მედეას და რეზოს შვილი ვიყავი. ღვთის წყალობით, ამის გამო სილაღე არ დამიკარგავს და ეს კომპლექსში არ გადამსვლია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მე რომ ვყოფილიყავი, ვთქვათ, მწყემსის შვილი, უფრო იოლი იქნებოდა ყველაფერი…”
. . .
“უცხოელი მეგობრები ხუმრობით მსაყვედურობდნენ ხოლმე, რომ национальная заостренность მახასიათებს, იმ მცირედის გამოც კი, რის უფლებასაც თავს ვაძლევდი,” _ ამასთან დაკავშირებით ბატონმა ლაშამ ასეთი ამბავი გაიხსენა: “მამას ვეჭიდავებოდი. ექვსი წლის ვიყავი. მამა იყო ჯალალ-ედ-დინი და მე ვიყავი ერეკლე მეფე _ ექვსი წლის ბიჭს ქრონოლოგიური ცდომილებები ეპატიება. ჰოდა, ფეხი რომ გავუყარე, უცაბედად მე თვითონ გავიშხლართე და დავუყვირე, შენ ხარ ერეკლე მეფე და მე ვარ ჯალალ-ედ-დინი-მეთქი, დაცემის პროცესში მოვასწარი ამის დაყვირება…”
ამ ფონზე ბატონ ლაშას, ცოტა არ იყოს, ეცინება იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი კოსმოპოლიტიზმითა თუ სამყაროს მოქალაქეობით ტრაბახობენ, თუმცა ერთის მხრივ, ეს ძალიან მოსახერხებელი პოზიციაა. თავად სულ სხვა სკოლა აქვს გავლილი:
“ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში… ფეხში დაჭრილი ბიჭი მამამ და დედამ რომ ამოიყვანეს სახლში… სროლა… ჩემი ძიძა ნასტია პირჯვარს რომ მაწერინებდა… რუსთაველზე ვცხოვრობდით მაშინ, ლუქსის თავზე, კომუნალურ ბინაში. საპირველმაისო დღესასწაულების წინ ჩვენი აივნის ქვეშ ტანკები იდგა ხოლმე. იმ საბედისწერო 9 მარტის შემდეგაც, პირველი მაისის დილას, ტანკებით იყო გაძეძგვილი ქუჩა. მეძინა. მამა მოვიდა. გარიჟრაჟს ცოტა უკლდა. რეზომ ხელი დამტაცა მძინარეს, აივანზე გამიყვანა ხელში ატაცებული და რუსთაველზე გამწკრივებულ ჩაჩქანიან, ტანკისტებს გადამახედა, შემდეგ რუსულად დაიყვირა: “შვილო, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები!” შემდეგ ძირს დამსვა და მეორე სართულიდან ისკუპა სალდათების გინებაზე საპასუხოდ. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა, ჯარისკაცები ხიშტზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი ფეხშიშველა, გრძელი ღამის პერანგის ამარა გამოვარდა გარეთ და გადაეფარა… მერე მეზობლებიც ჩაერივნენ. არ ვიცი, რატომ დაინდეს მამა ან დედა, ალბათ ძალიან ლამაზი იყო მედეა! მერე გამახსენდა მამას ეს აღზევება, როცა სხვებთან ერთად მე და ჩემი უფროსი ვაჟიშვილიც დავდექით იმ გარეწრებთან საომრად 9 აპრილს სამი ათეული წლის შემდეგ”.
ლამაზი ამბავია, მაგრამ ყოველდღიური ყოფა ნებისმიერ მითს და მითოლოგიურ პერსონაჟს აფერმკრთალებს, და ის, ვისზედაც სხვები ზეაღმატებულ ხარისხში ლაპარაკობენ და რენესანსულ ტიპადაც მიიჩნევენ _ მაგალითად, ბატონი რეზო თაბუკაშვილი, _ სინამდვილეში ხომ ზუსტად ისეთივეა, როგორიც ყველანი ვართ: ხან სიმპათიური ადამიანია, ხან ცუდ გუნებაზეა და აუტანელი ხდება. “უცნაური რამ მოხდა _ მე მამის მიმართ რომანტიკული აღქმა ბოლომდე დამრჩა. უმძიმეს დღეებშიც კი, როცა ნარკოტიკის გარეშე ყოფნა შეუძლებელი იყო, ის გამაყუჩებლებზე უარს ამბობდა, ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად. ჰქონდა თვითტრენინგი: ახლა ამ ტკივილს დავაპატარავებ, დავიყვან პატარა ნაპერწკალამდე, მერე წყალს დავასხამ და ჩავაქრობ”.
რომანის გმირივით. საერთოდ, რასაც ბატონი ლაშა ჰყვებოდა, უფრო გმირის შესახებ ნაამბობს ჰგავდა, ვიდრე რეალური მამაკაცის გახსენებას. “ჩემთვის ლიტერატურული გმირები და რეზო ძალიან ხშირად იგივდებოდნენ. თვითონ მწერლებსაც ჰგავდა, მაგალითად, ჯეკ ლონდონს, ჰემინგუეის. საოცარი მსგავსებაა _ გარეგნობას არ ვგულისხმობ. ყველაზე მეტად შინაგანი დაუცველობით ჰგავდა: ძლიერი მამაკაცები, რომლებსაც იმუნიტეტი არა აქვთ”. _ და რომლებსაც უნდა გავახსენოთ ხოლმე, რომ ძალიან კარგი ბიჭები არიან, ნუ დავინანებთ.
იცით, რომ როცაFფოლკნერს ჰემინგუეის შესახებ ჰკითხეს, ფოლკნერმა თქვა, მშიშარააო. ვაი! უვაჟკაცეს ჰემინგუეიზე ამან ისე საშინლად იმოქმედა, რომ მან სამ გენერალს მიაწერინა ფოლკნერისთვის წერილი, როგორი უშიშარი მეომარი იყო, როგორ ქედმოუხრელად იდგა ტყვიების ქვეშ _ მოკლედ, ბავშვური რეაქცია ჰქონდა. ფოლკნერი შეძრწუნებულა, რომ არასწორად გაუგეს. მან ახსნა, სხვა შიშს ვგულისხმობდიო: “თქვენ წერთ იმას, რაც აბსოლუტური სიზუსტით, ზედმიწევნით კარგად იცით და არ გყოფნით გამბედაობა, გასცდეთ ამ ბარიერს და შებედოთ იქ, სადაც არაფერი არ იცით”.
“ეს უკვე გენიოსების თამაშებია,” განმარტავს ბატონი ლაშა. “აი, თავად ფოლკნერი კი დიდი ფანტაზიორი იყო. რას აღარ ჰყვებოდა თავის თავზე, ლამის თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ იყო გადმომხტარი…”
ბატონმა ლაშამ მითხრა, რომ მამაკაცი ბავშვობაში ბევრს ტყუის, არარსებულ ამბებს, არარსებულ გმირობებს იგონებს. ვერაფრით გავიხსენე, გოგოებიც იტყუებიან? მაგრამ ეს სხვა თემაა. ბიჭების ტყუილებთან დაკავშირებით კი ვაჟა გიგაშვილს ჰქონია ერთ მოთხრობაში ნათქვამი _ მწერალს მიმართავს, თუ როგორ სჭირდება მას ბავშვობის ტყუილების განხორციელება და ზოგჯერ პროვოცირებაც იმისა, რომ იმ ხიფათში ჩაიგდოს თავი და ისე გამოვიდეს იმ ხიფათიდან, როგორც ბავშვობაში მოუყოლია… რამდენი ტყუილი უთქვამს ოდესღაც საბრალო ფოლკნერს!

“ცუდია და ადრეა, როცა სიყმაწვილეში ვინმეს ასე უყვარხარ, ეს ცუდ ჩვევებს ავითარებს. მერე ფიქრობთ, რომ უკვე მოვიდა. გჯერათ, რომ სიყვარული სადღაც გელით, უბრალოდ, უნდა იპოვნოთ. თქვენ მისი იმედი გაქვთ. ეძებთ, იმედი გაქვთ, ელით. დედის სიყვარულთან ერთად სიყმაწვილის გარიჟრაჟზე პირობა გეძლევათ, რომელსაც ცხოვრება არასოდეს შეასრულებს…”

რომან გარი, “დაპირება ალიონზე”

“დედასთან ბიჭებს ყველაფერი ეპატიებათ,” განმარტავს ბატონი ლაშა. “ჭიპლარი არ გადაუჭრიათ _ ეს მანამდე ვთქვი, სანამ ამ ფრაზას რომან გარისთან წავიკითხავდი”. მამა-შვილის მეგობრობა კი ნებისმიერი ფორმის ფამილარობას და ლაზღანდარობას გამორიცხავდა _ დისტანციას იცავდნენ. ისე, რთულია ისეთ კაცთან ლაზღანდარობა, რომელიც რომანტიზმს ყოველდღიურ ყოფაშიც არ კარგავს, ყოველთვის იპრანჭება _ კარგი გაგებით _ და არასოდეს დაენახვება დედათქვენს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მას შეიძლება არ მოეწონოს.
“ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე: რატომ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ ეს წამი არ გაქრეს, რომ სხვებმაც ნახონ ასეთი რეზო. ახლაც კი მახსოვს ლიძავის სახლის აივანი და ნადირობიდან დაბრუნებული, ახლად შხაპმიღებული და წვერგაპარსული რეზო, რაღაც ხავერდის კურტაკი ჰქონდა და ეწეოდა, ჩაფიქრებული იდგა. გული შემეკუმშა _ წამო, გაჩერდი!”
…ქართველებს შესანიშნავი სიტყვა გვაქვს: ოჯახიშვილი. რა კარგია, როცა პასუხად კითხვაზე: ”ვისი შვილი ხარ?” არ გაწითლდები. ამ შეკითხვაზე პასუხის თამამად გაცემა უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა. თქვენ რას იტყვით?
წაგიკითხავთ “კომოციო”? თუ არა _ ძალიან გირჩევთ. ერთმა ქალმა მითხრა, “შესანიშნავი შვიდეულის” ნახვის მერე შვიდი ღამე არ მეძინა და ახლა ზუსტად ვიცი, როგორ კაცზე უნდა ვიოცნებოო; ჰოდა, თუ ქალი ბრძანდებით, “კომოციოს” შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ რაინდის მოლოდინში ხართ _ ცხადია, თუ უკვე არ შემოგეყარათ, ხოლო თუ მამაკაცი ბრძანდებით, ზუსტად გეცოდინებათ, როგორ კაცზე ოცნებობენ ქალები. მართალია, არავის უხარია, როცა მისი კაცი დასისხლიანებული, ნაცემი და, რბილად რომ ვთქვათ, ნასვამი ბრუნდება შინ, მაგრამ, მეორეს მხრივ, მამაკაცები, რომლებიც უცნობი და პრინციპში, გაუგებარი ქალების გამო მდინარეში ხტებიან… რა კარგია! საიდან ასეთი ბიჭები, ბატონო ლაშა?
“რაინდული კოდექსი – მე ცხოვრებაშიც შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ისევე, როგორც ლიტერატურული გმირები, ამ კოდექსის მატარებლები იყვნენ. მათ თავიანთი სიცოცხლით, თავიანთი სიკვდილითაც დაამტკიცეს, რომ ეს მოგონილი ამბავი არაა. თუნდაც მისიმა. იმის გამო, რომ სამურაის სულის დაცემას შეესწრო, მან ხარაკირი გაიკეთა”.
1970 წლის 25 ნოემბერს იუკიო მისიმამ ნაციონალისტური დაჯგუფების, “ფარის საზოგადოების” ფორმა ჩაიცვა და ძველებური სამურაის ხმალი მოიმარჯვა. სახლიდან გასვლის წინ მან გამოსაჩენ ადგილას დადო თავის უკანასკნელი რომანის, “ანგელოზის დაცემის” ბოლო გვერდები და ბარათი: “ადამიანის სიცოცხლე შეზღუდულია, მაგრამ მე მარად სიცოცხლეს ვისურვებდი”.
_ შტაბში იარაღით როგორ შემოგიშვეს? _ ჰკითხა მწერალს გაკვირვებულმა გენერალმა მისიტამ.
_ არ იდარდოთ, ეს სამუზეუმო რელიქვიაა, მეთექვსმეტე საუკუნე, სეკის სკოლა. ნახეთ, რა ნაკეთობაა!
როდესაც გენერალი მდიდრულად მორთული ხმლის დასათვალიერებლად დაიხარა, “ფარის საზოგადოების” წევრებმა მას ყელში თავსაფარი წაუჭირეს და სულ მალე გენერალი სავარძელზე იყო დაბმული.
მისიმამ შეპყრობილ გენერალს თავისი მოთხოვნები წაუყენა: თავდაცვის ძალები პლაცზე უნდა დამწკრივებულიყვნენ მისიმას სიტყვის მოსასმენად. გენერალი დათანხმდა.
აივნიდან “ფარის საზოგადოების” წევრები ფურცლებს ისროდნენ _ მისიმას მოწოდებას, მის უკანასკნელ ნაწარმოებს: “მოდით, დავუბრონოთ იაპონიას მისი წარსული დიდება, მოდით, მოვკვდეთ. ნუთუ მხოლოდ სიცოცხლეს აფასებთ და სულის კვდომაზე დაყაბულდებით?.. ჩვენ გაჩვენებთ, რომ ჩვენს სიცოცხლეზე დიდი ფასეულობა არსებობს. ეს არც თავისუფლებაა და არც დემოკრატია. ეს იაპონიაა! იაპონია, ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანა. იაპონია, რომელიც გვიყვარს”.
აივანზე გასულ მისიმას თავზე თეთრი თავსაფარი ეხურა, ამომავალი მზის წითელი წრითა და შუასაუკუნეების სამურაის ლოზუნგით დამშვენებული:
_ “თავდაცვის ძალები” იაპონიის უკანასკნელი იმედი მეგონა, იაპონური სულის უკანასკნელი ციხე-სიმაგრე. მაგრამ დღეს იაპონელები მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. სადაა თქვენი ეროვნული სული?.. უნდა აღდგეთ. იაპონიის დასაცავად! დიახ, იაპონიის დასაცავად! იაპონური ტრადიციებისა! ჩვენი ისტორიისა! ჩვენი კულტურისა! იმპერატორისა! რატომ არ იღვიძებთ?
_ აღდგება ვინმე ჩემთან ერთად?
_ იცით, რა არის მეომრის გზა, მახვილის გზა? რას ნიშნავს მახვილი იაპონელისთვის?
_ თქვენ არ ხართ მეომრები. თქვენ არ აღდგებით. თქვენ არაფერს გააკეთებთ.
ჭეშმარიტი სამურაის ტრადიციის თანახმად, მისიმამ გაიხადა და მუცელი ხმლით გადაიხსნა. სეპუკუ _ ისევე იწერება, როგორც ევროპელთათვის ცნობილი ხარაკირი, “გაკეთილშობილებას” ნიშნავს.
ერთგულ მოსწავლეს მისთვის თავი უნდა მოეკვეთა. ან ღელავდა, ან გამოუცდელი იყო: თავისი საქმე მხოლოდ მესამე ჯერზე აღასრულა, რის შემდეგაც, მოძღვრის კვალდაკვალ, მანაც მუცელი გადაიხსნა.
“ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ამ ანთხლეულ თბილისში. ბოლო ჟამს სულ შავ-თეთრად აღვიქვამ საყვარელ ქალაქს.”
ლაშა თაბუკაშვილი, “კომოციო”
“ვაჟკაცი, ნათელი, განათლებული… სიტყვა “ნათელს” ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყო ნაკითხი, ენციკლოპედიურად ერუდირებული, მაგრამ “განათლებული” ინტელექტის გამოსხივებასაც ნიშნავს. აქ პიროვნული ფაქტორი მუშაობს. სევდიანი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს შტაინერის და განსაკუთრებით კი ფროიდის წაკითხვა “თხა და გიგოს” შემდეგ, “ტომ სოიერის” და სათავგადასავლო წიგნების გამოტოვებით”.
იმის სევდიანი მაგალითებიც გვაქვს, თუ როგორ ნაადრევად დაბერებულან 20 წლის ბიჭები, რომლებიც, ილია ჭავჭავაძის თქმით, ცხოვრებას ლეკის ნაბადივით ჯერ არ გაუთელია, როგორ დამსგავსებიან ისინი 60 წლის, კარგად გალახულ და ქედმოდრეკილ კაცებს. “ძალიან ბევრი რამ არის გარშემო, რის გამოც მამაკაცმა შეიძლება ისედაც ქედი მოიხაროს _ შფოთვა ოჯახზე, შენს ახლობელზე, რომლებსაც ზოგჯერ ქედუხრელობის გამო საშინელ მდგომარეობაშიც აგდებ. ცხოვრება ბევრ საცდუნებელს გიგზავნის, კომფორტს, მატერიალურ კეთილდღეობას, და სწორედ მაშინ ძალიან სასარგებლოა ხოლმე იმის გახსენება, რომ შენ სხვა რამეს ამბობ, რომ სხვას ფიქრობ, და როგორ კოხტადაც არ უნდა მოეწყო, ამ პრინციპულ საკითხში კომპრომისზე თუ წახვედი, სარკეში ვეღარ ჩაიხედავ”.
ისე, სიტყვები და ცნებები აშკარად ტრანსფორმაციას განიცდის. “აქტივისტი” ჩვენთვის ძალიან კონკრეტული, კომკავშირული ცნება იყო, ბატონმა ლაშამ კი მითხრა, რომ ადრე კიდევ ერთ რამეს ნიშნავდა _ ციხის ადმინისტრაციასთან შეკრულ ადამიანს, დამბეზღებელს. “ერთს ვკითხე: რატომ მიხვედი-მეთქი სუკში, რომანტიკაა, “მაიორი პრონინი” წაიკითხე, თუ რა? არა, იმის გამო, რომ შური ვიძიო ჩემს დამჩაგვრელებზე, ვინც ბავშვობა გამიმწარესო”. რა მოწყალე იქნებოდა!
“არ არსებობს ბიჭი, რომელიც არასოდეს გალახულა, მეც უამრავჯერ გავლახულვარ, ძვალი არა მაქვს მთელი. ვაჟკაცობად ითვლებოდა ბოდიშის მოხდა, ვაჟკაცობად ითვლებოდა პატიება. არიქა, ვერ ვაპატიებ, იტყვიან, რომ მშიშარა ვარ _ ეს ავადმყოფობაში გადაზრდილი თვითდამტკიცებაა. მახსოვს, ტელევიზორით გამოაცხადეს, რომ რეზო თაბუკაშვილს სისხლი სჭირდება, და საბურთალოზე სისხლის ჩასაბარებლად კილომეტრიანი რიგი დადგა. მანამდე ბომბოს, ჩემს უმცროს ვაჟიშვილს და მის მეგობრებს კონფლიქტი ჰქონდათ საბურთალოელ ბიჭებთან _ კიდევ კარგი, მერე შერიგდნენ და დამეგობრდნენ, თორემ შეიძლება ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. ბომბო მივიდა და ურიგოდ შესვლას აპირებდა. წინ ის ბიჭები იდგენენ, ბომბოს ბაბუისთვის აპირებდნენ სისხლის მიცემას. წინ არ გაუშვეს, ის შენთვის ბაბუაა და ჩვენთვის რეზო თაბუკაშვილიო, თავისთან კი დაიყენეს. ეს მიყვარს თბილისში, ნოსტალგია სხვა რამაა”.
მე კი ნოსტალგია მაქვს. მე მენატრებიან ხოლმე კეტებიანი, გახეხილჯინსებიანი ბიჭები, რომლებიც როკს უსმენდნენ, მთაში დადიოდნენ და ზუსტად იცოდნენ, რომ კარგი კაცებისთვის სისხლი აუცილებლად უნდა მიეცათ. რაღაც, აღარ ჩანან, დაბერდნენ ალბათ… თორემ ეპატაჟი იმათი გეკითხათ: “ოპლა, ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ვარსებობთ!” ნოდარ დუმაბაძეს აუხსნია, თუ როგორ ხდება ხელოვანის ხერხემალში გადატეხა: ლანძღვით, გადაჭარბებული ქებით და სიჩუმით _ და სიჩუმე ყველაზე საშინელია, ახალგაზრდა კაცს სიჩუმე ზარავს. “ეს ჯანსაღი გრძნობაა და იმასაც არა უშავს, რომ ახალგაზრდებს ნაკლები თვითირონია აქვთ, ნაკლებად თვითკრიტიკულნი არიან, და ჰგონიათ, რომ მათი არამცთუ გაკეთებული, არამედ ნაოცნებარიც გეოლოგიურ ცვლილებებს მოახდენს და ქანებს შეძრავს… მაგრამ ისეთ რამეს არ უნდა შეუტიო, რაც მრავალთათვის ფასეულია, საყვარელი ქვეყნის საყვარელი ხალხის ხერხემალს, იმას, რამაც დღემდე მოგვიტანა”.
ბატონი ლაშას თქმით, ამგვარი ქმედება საკუთარი თავის გაბახებას ნიშნავს, კასტრირებას _ თუ ასეთებს საერთოდ აქვთ რამე საკასტრაციო… რა კარგია, ვინმეს ძალიან გალანძღვას რომ დავაპირებ, სწორედ ასე ვეტყვი.
იმის გამო, რომ რამდენჯერმე შევხვედრივარ, მისი ნაწარმოებები წაკითხული მაქვს და მისგან მრავალი თბილი სიტყვა მსმენია, მიმაჩნდა, რომ ბატონ ლაშა თაბუკაშვილს ვიცნობდი _ ჰოდა, ძალიან შევცდი, რადგან იმ დღეს, როცა მისი სტუმარი ვიყავი და ქალბატონ მედეას მიერ მორთმეულ ყავას გეახლებოდით, სულ სხვა კაცი დავინახე, კვლავ მაღალი, კვლავ კეთილმოსურნე, მაგრამ თან _ რა ვიცი, ვეცდები, ავხსნა: ასე დიდი ხარების სიახლოვეს ვგრძნობ ხოლმე თავს _ კეთილია, მომთმენი, თბილი, მაგრამ ჩემი ზომის არსებისთვის მეტისმეტად ღონიერი, და როგორ ძალიანაც არ უნდა მომწონდნენ, ხელის ხლებას ვერ ვუბედავ, მეშინიასავით, არადა, სასიამოვნო გრძნობაა… მოკლედ, არ ვიცი.
მხოლოდ იმას დავურთავდი, რომ ბატონ ლაშა თაბუკაშვილს დიდი ქათინაური მიუღია: მასთან მიმართებაში რამდენიმე ადამიანმა ათოსი ახსენა. “თუ ჩემზე რამემ განსაკუთრებით იმოქმედა, “სამი მუშკეტერია”. ახლაც ახსოვს იმ წიგნის სურნელი, საძაგელ თარგმანში ჰქონდა წაკითხული. “წიგნი მეგობრობაზე, მეგობრისთვის თავდადებაზე _ თავისთავად შედევრია, ჩემი დახასიათება არ სჭირდება. ათოსი ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი გმირია, აბსოლუტურად რეალური სახე, და არანაირი იდეალიზაცია დიუმას არ უცდია”.
ვოლტერს უთქვამს: “თქვენი აზრები ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, აუტანელიც კი. მაგრამ მე სიცოცხლეს გავწირავდი იმისთვის, რომ თქვენ ამ აზრების გამოთქმის უფლება გქონდეთ”. ჰოდა, მეც გაგიზიარეთ ჩემი აზრი ერთი კაცის შესახებ. ესაა და ეს.

ავტორი: სოფიო კირვალიძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s