მანჰეტენელ გოგოებს

დაუკვირდით, განა გასაოცარი არაა: არსებობს ადამიანთა უფლებები და ქალთა უფლებები, ადამიანთა მინისტრი და ქალთა მინისტრი და, ყველა სიკეთესთან ერთად _ ქალთა დღე. საშინელებაა, ღმერთმანი. თან ძალიან გამიფუჭეს ცხოვრება ქალთა უფლებებისთვის მებრძოლმა ქალებმა _ ისეთი რამეები დამევალა, რაც სულ არაა ჩემი საქმე. თან, ამას ჩემი უშუალო საქმეც ემატება და ვარ ასე, გამწარებული.
ამის გამო, ცხადია, ძალიან მაჯავრებდა ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის არსებობა, ძალიან მაჯავრებდა ის თითო-ოროლა მამრი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ჩემთვის ამ დღეს ყოჩივარდების თაიგული უნდა ეჩუქებინა _ სხვა დროს ხომ ყვავილს საფლავზე თუ მოგიტანს ვინმე. მოკლედ, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე არანაირად არ ახარებდა ჩემს აპოლიტიკურ გულს.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს წავიკითხე, რომ ეს დღე კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის ანთებული ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა _ ნეტა აქამდე ეთქვა ვინმეს! და გადავწყვიტე, თქვენთვისაც მეამბო, რა მოხდა 1857 წლის 8 მარტს.
ამ დღეს ნიუ იორკში მანიფესტაციაზე სამკერვალო და ფეხსაცმლის ფაბრიკების მუშა ქალები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ ათსაათიან სამუშაო დღეს, ნათელ და მშრალ სამუშაო დარბაზებს და ისეთსავე ხელფასს, როგორსაც მამაკაცებს აძლევდნენ. საქმე ისაა, რომ მანამდე მამაკაცებმა ძალიან გაიბრძოლეს და ათსაათიან სამუშაო დღეს მიაღწიეს, ქალები კი კვლავ 16 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და მაინც კაპიკებს იღებდნენ.
16 საათი! სულ ქალები! უარესი რაღა უნდა გჭირდეს! მაგრამ, ცხადია, ამ ქალებს არავინ არაფერი არ აღირსა, და მათ კვლავ უწინდებურად განაგრძეს ცხოვრება, თუ ამ უბედურებას საერთოდ შეიძლება ცხოვრება ეწოდოს.
გამოხდა ხანი, და 1908 წლის კვლავ 8 მარტს, კვლავ ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ქსოვილების ფაბრიკის 129 მუშა ქალმა ხმა აიმაღლა. როგორც ჩანს, ძალიან გამწარდნენ, რაც სულაც არაა გასაკვირი.
იმისთვის, რომ ამ ქალებს სხვებიც არ აჰყოლოდნენ და საერთოდ, მათი წივწივი დროულად ჩაეხშოთ, ფაბრიკის მფლობელებმა ისინი შენობაში ჩაკეტეს. და როცა იმ ღამეს ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა, ქალებმა იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს, და 129 გოგო დაიწვა.
მოდით, დავივიწყოთ “ქალთა პროლეტარიატის დაბადების დღე”, საარჩევნო უფლებები და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობა _ კარგი, რა! _ და ის გოგოები გავიხსენოთ. ისინი ხომ კარგი გოგოები იყვნენ, სულ არ აპირებდნენ დაუსრულებლად ჩხუბს და მამაკაცების ჩაგვრას. ისინი მამაკაცების წინააღმდეგ კი არა, მამაკაცებისთვის იბრძოდნენ. მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ და, სხვა თუ არაფერი, სიყვარულის დრო ჰქონოდათ _ აბა, სცადეთ, 16 საათი იმუშავეთ და ვნახავთ, რისი თავი გექნებათ!

სიყვარულით
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s