მთაში

`…24 მაისს, თბილისის დროით 12 საათსა და 25 წუთ­ზე ჩემს მობილურ ტელეფონზე ნაცნობი ციფრები 818 აინთო. ჩანდა, სატელეფონო ხაზზე ნეპალი იყო:
_ მოგილოცოთ? მოგილოცოთ? არ ისმის, რომელი ხარ?
_ სოფო ვარ. მოგვილოცეთ, მოგვილოცეთ, ავედით! ამა დაბლამის წვერზე 22 მაისს ვიყავით. მწვერვალიდან დაბრუნებისას დაგვიღამდა და 22 მაისის ღამე 5875 მეტრზე მდებარე მეორე ბანაკში გავათენეთ. 23 მაისს საბაზოში დავეშვით და ახლაც აქ ვართ. ცა ცოტა ხნით გაიხსნა და ევერესტიც დავინახე”.

ვერტიკალის სიახლენი~, დილის გაზეთის~ დამატება
#12. 2003 წლის 26 მაისი.

თამარ ჯიშკარიანი

კოდი

გაზის წნევა დაეცა თუ რაღაც. ოფისში ცივა. კარზე ზარია. გოგო დგას. იმასაც ცივა, მობუზულია. ჩუმად შემოდის, ჩუმად ამბობს გამარჯობას და შეუმჩნევლად დგება კუთხეში. წითელ ხელებს რადიატორს უშვერს, ტანითაც რადიატორს ეკვრის. მაგრამ რად გინდა, გაზის წნევა თუ რაღაც ხომ დაეცა და რადიატორი მაინც არ თბება. გოგო იბუზება…
მერე მეუბნებიან, რომ ეს სოფო თვარაძეა _ გოგონა, რომელიც ჰიმალაის მწვერვალ ამა დაბლამზე ავიდა.
არადა, აქ, ბარის რეალობაში, გარდა იმისა, რომ სიცივეზე და გაზის დაცემულ წნევაზე მობუზვით რეაგირებს, სოფო პი. არ. აქციებსაც აწყობს, ანუ: ოფისში ზის, საქმიან ხალხს ხვდება, თათბირებს ესწრება. მაგრამ მე უკვე ვიცი და ახლა შევეცდები თქვენც დაგარწმუნოთ, რომ მას მეორე მეც~ აქვს;მე~, რომელიც ასეთ ჩვეულებრივ საოფისე დღეებში, უბრალოდ, თვლემს. მისი გაღვიძება-გააქტიურებისთვის დაშიფრული კოდის ცოდნაა საჭირო. საკრალური სიტყვაა მთა~. სიტყვის წარმოთქმა და სოფოს გარდასახვა ერთია. სახეს მორიდებული სიმშვიდე შორდება, თვალები ისე ენთება, თითქოს გუგები უკვე წინ აღმართულ ცისფერ მწვერვალებს ირეკლავდნენ. რეალობას კი, რომელიც პრაგმატიზმით, ინგლისურ-რუსული ლექსიკონითა და კომპანიის ხარჯთაღრიცხვით არის გაჯერებული, იდეალიზმით, ვერტიკალური ყინულის სამსხვრევად მომარჯვებული წერაყინითა და მწვერვალის დალაშქვრის ჟინით სავსე სინამდვილე ცვლის. და როცა შენც საკუთარი თვალით იხილავ ამ გარდასახვას, მიხვდები, რომ სოფოს საოფისე გარემოში საშინლად მოწყენილი მეორემე~ აქამდეც უნდა შეგემჩნია. როგორ ვერ შენიშნე თუნდაც ეს დეტალი? – თვალს ხომ აშკარად უხეშად ხვდება სოფოს ბათინკი~, უდარდელად რომ მოაბიჯებენშპილკა~ ჩექმების, პლატფორმებისა და ძვირფასტყავიანი ფეხსაცმელების გვერდით? მერე ეს ბათინკი~ მაგიდის ქვეშ იმალება – ალბათ სოფოს თხელ სვიტერს, მოდურ შარფს და შარვალს უწევს ანგარიშს და თვინიერად ელის, როდის დადგება დაშიფრული კოდის წარმოთქმის დრო; წუთი, როცა სოფო იტყვის:მთა~ და მორიგ განსაცდელთან შეხვედრამდე, მორიგ იდეალთან, მორიგ მწვერვალთან შეჭიდებამდე, გემრიელად არ გაიზმორება მისი მეორე `მე~.

როგორ კარგავს ხიბლს უიმბლდონი

ასე რომ, იცნობდეთ, ეს არის სოფო თვარაძე, პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მწვერვალი დალაშქრა.
არადა, თავიდან, სოფოს პროფესიული ასპარეზისთვის სულ სხვა მიწის საფარი შეურჩიეს: ხელოვნურად მოსწორებული, მაქსიმალურად გლუვი, თანაბრად შეკრეჭილი ბალახით დაფარული, ანდა ჰარდი – გრუნტის ფენით მოპრიალებული. ამ მიწის საფარს ახლაც კორტი ჰქვია და იქ კვლავაც ჩოგბურთელები თამაშობენ, იგებენ ავსტრალიის Oპენ-ებსა და როლან გაროსებს, ოღონდ იმ მიწის საფარზე ადრენალინის გამოყოფა უკვე სოფოს გარეშე ხდება.
გოგონას ჩოგანი შვიდი წლის ასაკში დააჭერინეს. დედაც, მამაც და დაც მის ოცნებებს გულშემატკივრობდნენ: დიდი ჩოგბურთელი გავხდები, უიმბლდონზე გამოვალ, გავიმარჯვებ, ტრიუმფი იქნება, რამხელა სიხარული~. ყოველდღე ვარჯიშობდა, მაჯას იმაგრებდა, ჩაწოდებებს ხვეწდა, თან სულ ოცნებობდა. ათი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. 13 წლის იყო, როცა, როგორც თვითონ ამბობს,მიწაზე დაეშვა~, გააცნობიერა, რომ უიმბლდონზე ოცნება არ ღირს; სჯობს, კორტი დატოვოს და ისეთივე ჩვეულებრივ მიწაზე იაროს, როგორსაც დანარჩენი თბილისელები უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც გულმოდგინედ ტკეპნიან – აბიტურიენტობა, გამოცდები, უნივერსიტეტი, სტუდენტობა, პროფესია, სამსახური, ოჯახი.…
თანდათან ჩოგბურთი ჩემი ცხოვრებიდან ამოვაგდე. მერე დადგა რაღაც პერიოდი, როცა საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი, აბსოლუტურად სტანდარტულად ვცხოვრობდი, ისე, როგორც ჩემი თანატოლების უმრავლესობა~. ეს რიგითი თინეიჯერობის პერიოდი ორიოდე წელს გაგრძელდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩოგბურთმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – სოფოში მიზანდასახულობა და აქტიური ცხოვრების სურვილი ისე გამოაღვიძა, რომ სტანდარტებმა მის ენერგიას და ენთუზიაზმს ვერაფერი დააკლეს. ვერც ასაკმა გაიტანა თავისი. 15 წლის გოგონების ფიქრები ხომ სულ სხვაგან ქრის ხოლმე. სოფო კი ერთხელ სკოლიდან ბოტანიკურ ბაღში წავიდა, შემთხვევით ნახა, როგორ ავარჯიშებდა მწვრთნელი მოზარდებს კლდეზე ცოცვაში და იქვე გადაწყვიტა, ბედი ეცადა. თითქოს,ბათინკებმა~ კლდისკენ თავისით გაიწიეს…
სოფო აცოცდა. გაუჭირდა, მაგრამ მაინც აცოცდა. ძალიან მოეწონა. აქამდე განცდილ ვერც ერთ გრძნობას ვერ შეადარა ის, რაც იმ წუთებში მის თავს ხდებოდა. მწვრთნელსაც მოეწონა, შეაქო, ტელეფონი ჩაიწერა და მოზარდ მთამსვლელთა სპორტულ სკოლაში დაპატიჟა.
მივხვდი, რომ გასართობი ვიპოვე. იმ პერიოდში ჩემი და სტიუარდესად მუშაობდა. საღამოს სახლში რომ მივედი და დედას ვუთხარი, კლდეზე ავცოცდი, ძალიან მომეწონა და შეიძლება დამირეკონ-მეთქი, გაგიჟდა, ერთი შვილი ცაში, მეორე – მთაში, ეს რა დღეში ჩავვარდიო. მაგრამ დედა მაინც ძალიან ლოიალური ქალია. როცა მიხვდა, რომ ეს სერიოზულად მინდოდა, ყველანაირად შემიწყო ხელი~. მწვრთნელმა შალვა ავსაჯანიშვილმა მართლაც დარეკა, ერთ თვეში, ბათუმში შეჯიბრი ეწყობა და უნდა წამოხვიდეო. ახლა რომ ვინმემ რაიმე მსგავსი შესთავაზოს,ბათინკები~ ისევ თავისით გაიწევენ მთისკენ, მაგრამ მაშინ, პირველ ჯერზე, სოფოს ბიძგის მიცემა დასჭირდა. გასაკვირი არც არის, მთას და გოგონას შორის სიყვარული ჯერ გაღვივებული ხომ არ იყო.
თუმცა, ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც წავიდა.
4-5 გოგო დამხვდა. მალევე შეჯიბრზე მიკრეს თავი, ვერაფერი ვქენი, კლდეზე სულ რამდენჯერმე ვიყავი აცოცებული. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყარე. პირიქით, ჟინით აღვივსე, მომინდა, კარგად მევარჯიშა, რადგან შემდეგ შეჯიბრზე თავი გამომეჩინა~. მიზანს მიაღწია. შემდეგ შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავა. მერე თბილისის პირველობა ჩატარდა, იქაც შენიშნეს. დიდუბეში მანეჟია, ხელოვნური კლდეებით, ზამთარში იქ ვარჯიშობდნენ ხოლმე, ზაფხულში – წვრთნებზე დადიოდნენ: ბათუმი, ყაზბეგი, ჭიათურა...… ასე თანდათან ჩამითრია~.
და მართლაც: ასეც ხდება, ისეც ხდება და ისევ – ასეც ხდება: ცხოვრება ასეთ პადაჩებსაც~ იძლევა. როცა მთა გელის (არაფერს არ აკეთებს – თავისთვის დგას, მაგრამ შენ მაინც გრძნობ, რომ ზუსტად შენ გელის), თურმე სამეფო სპორტიც და გაპრანჭული უიმბლდონიც ხიბლს კარგავს. ახსნად არც ღირს.მთა ნარკოტიკივითაა. ერთხელ გასინჯავ და თავს ვერ დაანებებ~ – ამბობს სოფო.

პირველად იყო მყინვარწვერი

მყინვარწვერი – მწვერვალი კავკასიონის მთავარი ქედის გვერდით, მდ. თერგისა და საქართველოს სამხედრო გზის მარცხენა მხარეს, ყაზბეგის რაიონში. სიმაღლე – 5033 მ. თოვლითა და ყინულით დაფარული ჩამქრალი ვულკანური კონუსი. მყინვარწვერის კალთებზეა მყინვარები: მნა, დენკარა, გერგეტი, აბანო, დევდარაკი და ჩათა. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზეა ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც პირველმა ქართველმა ალიპინისტმა ქალმა, ალექსანდრა ჯაფარიძემ აღმოაჩინა.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.

მყინვარი დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს.~ მგზავრის წერილები~

სოფო და ლიკა, ლიკა და სოფო. ეს ორი სახელი მალე განუყრელად იქცა. ისინი მთამ დააკავშირა.
სოფო თვარაძეს და ლიკა ნოზაძეს ერთად შეეყარათ ერთი უცნა­ურობა: პატარა გოგოები იყვნენ, მაგრამ დისკოტეკებზე სიარული, ბიჭების გაცნობა, ტელეფონით გაშაყირება, გაპრანჭვა, პირველი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მინი – თითქმის არ აინტერესებდათ.
ოღონდ, ვინმეს ეთქვა, წავედით, ჩალაგდით. ჩვენც მაშინვე ვალაგებდით ბარგს და მივდიოდით. ტყე-ღრეში, მთა-გორებზე ხეტიალი, მწვერვალიდან გადმოხედვა – ეს ჩვენი ცხოვრების მიზანი გახდა. ეს იყო ჩვენი გართობაც, საზრუნავიც და მისწრაფებაც. მე და ლიკა სულ ვამბობდით ხოლმე, რომ ძალიან ერთნაირები ვართ. ვიცინოდით, ჩვენ ახლა ქალები ვართ? ჩვენგან რა გამოვა?~ მოკლედ, გრძნობა ორმხრივი გამოდგა. მთამ შეიყვარა გოგონები, გოგონებმა – მთა. და სრულიად მოულოდნელად, დიდუბის მანეჟზე ხელოვნურ კლდეებზე ცოცვა, ზამთრობით გორის მიდამოებში გაყინული ჩანჩქერის პირას ხეტიალი და კლდეების გარემოცვაში გატარებული დღეები, უსერიოზულესმა და ულამაზესმა მყინვარ­წვერმა შეცვლა. იმ წელს სოფო 16 წლის იყო. სპორტსკოლამ საზაფხული ბანაკი ყაზბეგში დასცა. ვარჯიშობდნენ, კაჟდებოდნენ, კიდევ უფრო ეჩვეოდნენ მთას. ერთ დილას ბანაკს ორი მოხევე მიუახლოვდა. დირექტორს, ლადო გურჩიანს გამოელაპარკნენ. გაირკვა, რომ მყინვარზე ორი გერმანელი სტუმარი უნდა აეყვანათ. გოგონებმა დიალოგს შორიდან მოჰკრეს ყური. დაშიფრული კოდი ამუშავდა. სადღაც, ქვეცნობიერში, საკრალური სიტყვამთა~ გაისმა, რომელიც მაშინვე ითარგმნა, როგორც მიზანი და გამოწვევა, რომელსაც ყოველ მიზეზგარეშე უნდა მიაღწიო; ითარგმნა, როგორც განსაცდელი, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა დაძლიო; და ითარგმნა, როგორც სიცოცხლის სისავსის ბოლო წვეთამდე შეცნობა, რომელიც უნდა შეიცნო!
მოხევეებმა ერთი გამოიხედეს ქვეშქვეშად, ბრაზით, სქელი, დაფანჩული წარბებიდან, მაგრამ გოგონები უკვე ყიჟინით ალაგებდნენ ზურგჩანთებს.
არაფერი განსაკუთრებული. რა უნდა. ფეხზე წრიაპები, ხელში წერაყინი და მიდი, წუკ-წუკ-წუკ~, _ ახმოვანებს სოფო. წავიდნენ. და ავიდნენ. ვინც ყოფილა, კარგად იცის, როგორც ხდება: ჩადიხარყაზბეგჩი”, გამყოლად გოროზ მოხევეებს პოულობ, ზურგჩანთაში გამოსაცვლელ წინდებს, თბილ სვიტერს, საგზალს ილაგებ და ქვა-ღორღიან ბილიკს შეუყვები, მაღლა და მაღლა. დროდადრო თეთრი, ჩასუქებული და სათნო მოხუცი ნისლის ქულებს შორის გამოჰყოფს ხოლმე თავს, მზეზე აიბრჭყვიალებს თეთრ თმებს, 5033 მეტრიდან დინჯად გადმოგხედავს და პიკამდე ასასვლელად ჯადოსნური ენერგიით აგავსებს.
გზად პირველი გაჩერება მეტეოსადგურია – გერგეტის მყინვარზე, 3700 მეტრის სიმაღლეზე. იქ ათევ ღამეს, ხანდახან ერთი-ორი დღეც რჩები – აკლიმატიზაციისთვის. დათქმულ დილას სადგურს ტოვებ და იწყებ მოგზაურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს – სვლას საბოლოო მიზნისკენ.
და რადგან, ტექნიკური თვალსაზრისით, მყინვარი რთული მარშრუტის მქონე მთა არ არის, 3-4 საათში, სვენებ-სვენებით უკვე მოხუცის თავზე ექცევი, სულ სხვა ჰაერს სუნთქავ, სულ სხვა ხმები გესმის, სულ სხვა ხედს გადაჰყურებ. მერე უკანა გზაზე ისევ მეტეო­სადგური და მეორე დღეს შეგიძლია დაბრუნდე კიდეც ყაზბეგში.
მყინვარწვერი იყო პირველი დიდი შთაბეჭდილება. ავედი, გადმოვიხედე და მთა ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა. იმ მომენტში აღარც მახსოვს, ზუსტად რა ვიგრძენი. სამაგიეროდ, მახსოვს, პირველად როდის გავიაზრე იქ ასვლის სიხარული. ეს თბილისში მოხდა, ყაზბეგიდან შინ დაბრუნების შემდეგ. ქუჩაში მივდიოდი, ცა მოწმენდილი იყო, უცებ გავიხედე და მყინვარი დავინახე, მაშინ დამკრა – ნუთუ აქ ვიყავი, ნუთუ მე ვიყავი!..~ მას შემდეგ, სოფო მყინვარზე შვიდჯერ მაინც არის ნამყოფი. ის მისთვის ყველაზე ძვირფასია – თან სერიოზული ლაშქრობების ათვლის წერტილიც არის და თან შეჩვეული სიტკბოც. ბოლოს იქ შარშან, დეკემბერში იყო.საშინლად ყინავდა. ასვლით ავედი, მაგრამ იქედან სულ ტირილით დავეშვი. მოვდიოდი და ლოყებზე დადენილი ცრემლების გამო, ტანში კიდევ უფრო მცრიდა.
მყინვარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხანდახან მგონია, რომ სუბიექტური ვარ, მაგრამ ის ჩემთვის მაინც ულამაზესი მთაა. მასზე ლამაზი არაფერი მგონია~.

სამი მამაკაცი და ერთი გოგონა

სულ ვიცოდი, რომ წინ რაღაც მელოდა, გაცილებით უფრო დიდი. უბრალოდ, არ ვიცოდი, რა და როდის. მაგრამ ისეთი ჟინიანი აღმოვჩნდი, რომ წინათგრძნობა გამართლდა. მართლაც შევძელი~. მთამსვლელებმა: აფი გიგანმა, ბენო ქაშაკაშვილმა და გელა ოთარაშვილმა დაკვირვებული მზერა მოავლეს გარემოს და მერე არჩევანი სოფოზე შეაჩერეს – იმ პერიოდში სოფოს მეორემეს~ ისე ეღვიძა და ისე აქტიურობდა, რომ მისი არშემჩნევა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.
მიზანდასახულობა, ჟინი, მთის სიყვარული, გაბედულება, პრაგმატიზმი, იდეალიზმი, სირთულის ბოლომდე გაცნობიერება – სოფოს ყველა სპორტული ღირსება ზედაპირზევე ეწყო~. და რა გასაკვირია, რომ არც სოფო, არც მისი ოჯახი და, რაც მთავარია, არც გამოცდილი მთამსვლელები სოფოს ასაკმა არ შეაშინა. მერე რა, რომ 22 წლის გოგონები, თუნდაც ბავშვობიდან მთამსვლელები, ჰიმალაის მწვერვალებზე არ ადიან? რომ ჰიმალაის მთამსვლელებისთვის დიდება უფრო გვიან, 30 წლის შემდეგ მოდის? მთა თავისუფლებაა, რისკია, საკუთარი თავის გამოცდაა.კონსილიუმმაც~ თავისუფლად იაზროვნა და დაასკვნა, რომ ასაკისა და გამოუცდელობის მიუხედავად, სოფო შეძლებდა რისკთან შეხვედრას. ასე აირჩიეს ის მეოთხე კაცად (თუ ბავშვად, ანდა, სულაც, გოგონად) ექსპედიციაში, რომელსაც 2003 წლის მაისში გეზი ნეპალისკენ უნდა აეღო. მაისშივე აღინიშნებოდა ალპინიზმის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი – ევერესტზე პირველად ასვლის 50 წლისთავი. საიუბილეოდ უამრავი ღონისძიება იგეგმებოდა. ალპინისტების მთელ ელიტას გეზი კატმანდუსკენ – მთამსვლელების მექისკენ ჰქონდა აღებული. სოფოს ორმაგი სიხარული უნდა რგებოდა: ჰიმალაის მწვერვალის დაპყრობა და სახელოვან მთამსვლელებთან შეხვედრა.
გამგზავრებამდე დარჩენილი ორი თვე ინტენსიურ ვარჯიშებს დასჭირდა. იმ ორ თვეში სოფომ სამჯერ მაინც დალაშქრა მყინვარწვერი, აკლიმატიზაციის უნარის გაუმჯობესებისთვის ღამეს იქვე, პლატოზე, კარავში ათევდა. გამუდმებით ვარჯიშობდა, ვიტამინებს სვამდა, დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდა.
სანამ ფეხი ნეპალში არ დავდგი, მომხდარის გააზრება ვერ შევძელი. ზღაპარი იყო. წაკითხულსაც გადააჭარბა, ფოტოებსა და ტელეეკრანზე ნანახსაც. კატმანდუ. პატარა ქალაქი, ვიწრო ქუჩები, ტანდაბალი, თითქმის ჩია ნეპალელები, ჭუჭყიან და ვიწრო ქუჩებში ჭიანჭველებივით რომ ფუსფუსებენ ფეხშიშველები. სახლებიც პატარა, ქვის, თითქმის მინიატურული. კატმანდუს ღარიბული გარეუბნებიდან მთლიანად ამოვარდნილი ცენტრალური უბანი – ტამელი: სასტუმროებით, რესტორნებით, ქუჩაში გამოდგმული დახლებით, სადაც ათასი ჭრელა-ჭრულა სუვენირი იყიდება. ხმაურია, სიგნალი, ერთმანეთში ირევა ინგლისური, ჩინური, ინდური, ბუდისტური ტაძრები, მათ ფონზე – რიქშები. დახლებზე – მძივები. ძალიან მიყვარს მძივები. მივდივარ და უკან მომდევს გამყიდველი:იყიდე, იყიდე, რა გქვია, მოდი~.

ჰიმა ლაია

ჰიმალაია. ჰიმა – თოვლი. ალაია – საცხოვრებელი.
მსოფლიოში 14 რვაათასიანი მწვერვალია, მათგან 11 – ნეპალში.

სოფო ამბობს: იმდენად დიდი შთაბეჭდილება მივიღე ნეპალში, რომ ახლაც მყოფნის ენერგია და ხალისი, ისე მოვყვე, თითქოს, ყველაფერს პირველად ვიხსენებდე~. და მართლაც, მისი თავგადასავლის დეტალები იმდენად საინტერესო და ეგზოტიკურია, რომ უბრალოდ, კარგად უნდა მოკალათდე და გულისყურით უსმინო: ოთხდღიანი კატმანდუს შემდეგ, ლუკლა დაიწყო, _ სოფელი მწვერვალების ძირში, მთებისკენ მიმავალთათვის ათვლის წერტილი. ვერტმფრენით გადავფრინდით. თავიდან ხეობაში მივფრინავდით, დაბლა. წინ კლდე იყო აღმართული. თანდათან ზევით ავიწიეთ, კლდის წვერს გავუტოლდით და უცებ დასაფრენი ბილიკიც გამოჩნდა – ამ კლდის თავზე გაყვანილი. საოცარი სანახავი იყო~.
ლუკლა გამყოფი პუნქტია. აქეთ ცივილიზაციის ნარჩენები, იქეთ _ ხეობები, მწვერვალები, 5 ათასიანები, 7 ათასიანები. არანაირი ტრანსპორტი, არანაირი ცივილიზაცია. ფერდობებზე _ ბრინჯის ტერასები. სასტუმროებად გადაკეთებული იმერული ოდების მსგავსი ხის სახლები, მთამსვლელების გამონაცვალ ადიდასის~ სვიტერებში გამოწყობილი ადგილობრივები. ყოველ ექსპედიციას თან ე.წ. მზარეულები, შერპები და კავშირის ოფიცერი მიჰყვებიან. ამ უკანასკნელს სიტუაციის გაკონტროლება ევალება. ის საბაზო ბანაკში რჩება და თუ მთამსვლელს რაიმე პრობლემა შეექმნა, ვალდებულია, დაეხმაროს. ჩვენს ოფიცერს რავი ერქვა. პირველი შეხვედრა კატმანდუში, რესტორანში დავუთქვით. კოსტიუმსა და კედებში გამოწყობილი მოვიდა. ბევრს ლაპარაკობდა. საბაზო ბანაკში კი საერთოდ გვაგიჟებდა ხოლმე. დილის ექვს საათზე იღვიძებდა და რადიოში საინფორმაციო გადაცემას უსმენდა. როგორია, იღვიძებ, ჯერაც გონს ვერ მოსულხარ, სად ხარ და მერე კიდევ ეს ნეპალური საინფორმაციო~……
საბაზო ბანაკამდე გზას ოთხი დღე დასჭირდა. გავიარეთ სოფლები, ხეობები, ნელ-ნელა სიმაღლეზე ავედით. ყველას ჩვენ-ჩვენი ზურგჩანთა მიგვქონდა, დიდი ტვირთი _ შერპებს. სასაცილო სანახავები არიან. მოდიან ამ ვიწრო ხეობებში ეს ჩია ბიჭები, ოთხად მოკეცილები და უზარმაზარი ტომრების ქვეშ აღარც კი ჩანან. მოდიან და შორიდან რომ გახედო, ტვირთმოკიდებულ ჭიანჭველებს ჰგვანან. თან, ასეთი ასოციაციებისთვის მასშტაბებიც გიწყობს ხელს – გარს უზარმაზარი მწვერვალები გაკრავს და ისედაც ყველაფერი პატარა გეჩვენება. შესვენების დროს, ჩაიმუხლებდნენ, საგზლად თასით წამოღებულ ბრინჯს გადმოიღებდნენ და პირდაპირ მუჭებით ილუკმებოდნენ. მერე ისევ აგრძელებდნენ გზას. ძალიან მშრომელები არიან~. ორი მზარეული გვყავდა: ერთი ჩემი ასაკის ბიჭი, მეორე _ ორმოციოდე წლის კაცი. 4600 მეტრზეც კი სულ ჭურჭელს რეცხავდნენ. დილას ადრე დგებოდნენ, ჩაის მოადუღებდნენ. ჩაცუცქდებოდნენ კარვის შესასვლელთან და მაღვიძებდნენ: `Mადამ, ტეა, პლეასე. თეა, პლეასე”. მართლა ~მადამი~ მეგონა თავი~.
ამა დაბლამი – მედიდური ქალი

სოფოზე ვერ იტყვი, რომ რომანტიკოსია. არც ფილოსოფოსობა უყვარს. მაგრამ როცა ძალიან თხოვ, გააგებინო, რატომ დადის მთაში, რა იზიდავს მწვერვალებისკენ, მერე იძულებულია სიტყვებით გადმოსცეს ის, რაც, წესით, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იგრძნო. სოფოს ძალიან უნდა, ამიხსნას და ამიტომ ჰყვება:
ყველა მთას თავისი ხასიათი აქვს, ყველას ისე უნდა მოექცე, როგორც სულიერს. მე ველაპარაკები კიდეც. ვეუბნები,რა ცივი ხარ~, ან რა ლამაზი ხარ~. თუ მწვერვალზე ღრუბლები შეიყარა და ასვლა გართულდა, დარწმუნებული ვარ ხოლმე, რომ ეს ცივი და თბილი ჰაერის მასების შეჯახების ბრალი კი არაა, არამედ იმის ბრალია, რომ მთა გაბრაზდა, ცუდ ხასიათზე დადგა და მორჩა, ე.ი. ახლოს აღარ მიგიშვებს. მოკლედ, მთა ადამიანივითაა. დიდი ადამიანივით. თან სქესიც აქვს. ჩემთვის მყინვარი მოხუცი კაცია, უშბა –ქალი, ამაყი და მიუვალი. ამა დაბლამი? ეგეც ქალია, ძალიან ლამაზი ქალი, მაგრამ ისიც ძალიან მედიდური~. ამ მწვერვალს ასეც იცნობენ: 6.848 მეტრიანი ქალბატონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მწვერვალი, არა იმდენად სიმაღლით, რამდენადაც სილამაზით, ესთეტურობით. პირველად 1961 წელს დალაშქრეს. ბოლო რვა წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ევერესტმოვლილი ვეტერანებიც კი ამა დაბლამზე ტექნიკურ პრობლემებს აწყდებიან. ეს მშვენიერი ქალბატონი მწვერვალამდე იოლად არავის უშვებს. ბოლო 500-700 მეტრი მთლიანად ყინულითაა დაფარული. მათ შორის, სასიარულოც. თუმცა, რა სასიარულო – გზას ვამბობთ, თორემ, რა გზაა – ყინულის ვერტიკალური კედელია. მოკლედ, რთულია (ა და ბ-დ დაყოფილ ექვს კატეგორიაში, მას ხუთი ა სირთულის ხარისხი ენიჭება). სოფო პატარა გოგონაა, ამა დაბლამი – დიდი ქალი. სოფო გაბედულია, ამა დაბლამი – მიუვალი. სოფო მოძრაობს, იღლება, ფიქრობს, განიცდის, ნერვიულობს, ამა დაბლამი – დგას თავისთვის, მდუმარედ, ძარღვიც არ უტოკავს, ხან ნისლებში იმალება, ხან ისევ გამოჩნდება. სოფოსკენ არც იყურება, პატარა გოგონასთან ურთიერთობის დაწყებას არ ჩქარობს. …წინ აფი გიგანი მიდის, გამოცდილი, მთებს ნაჩვევი, დინჯი სვანი. მერე გელა ოთარაშვილი, მერე სოფო, ბოლოს _ ბენო. პირველი გაჩერება 5600 მეტრზე აქვთ. ღამეს ათევენ, ეჩვევიან, მერე ისევ ქვევით ჩადიან. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ისევ 5600-მდე და მერე ისევ ქვევით. პეიზაჟი არ იცვლება. გზა ხან ქვა-ღორღიანი, ხან ყინულიანი, გარშემო – მწვერვალები, გვერდზე ევერესტი. ხმებიც მონოტონური – ფეხქვეშ ახრაშუნებული თოვლი და ღორღი. ფიქრებიც ერთნაირი, ავტომატიკაში გადა­ზრდილი – წერაყინს ხელი არ გაუშვა, თოკს მაგრად ჩაეჭიდე, ჟუმარს კარგად მოქაჩე. ასე ნელ-ნელა ვეჩვევით, ვეპარებით მწვერვალს, მთის ავადმყოფობა რომ არ დაგვემართოს. ეს საშინელებაა, თავი გტკივა, აზრზე ვერ მოდიხარ, გული გერევა, კოორდინაციის უნარს კარგავ, ვერ მოძრაობ… ეს რომ არ დაგემართოს, თანდათან უნდა ახვიდე, შეეჩვიო~.
ბოლო კარავი 5900 მეტრის სიმაღლეზე გავშალეთ. პატარა ადგილი იყო, მცირედი უხეში მოძრაობა და გადავარდნა ერთი იყო. მესამე ასვლაზე უკან აღარ დაგვიხევია. მწვერვალისკენ ავიღეთ გეზი. ამ დროისთვის უკვე ისე დაღლილი ვიყავი, რომ ვეღარც წარმომედგინა, ოდესმე თუ ავაღწევდი ბოლომდე. ალბათ, ისე დავიქანცე, რომ წინა ღამესაც მაგრად მეძინა, შიში და ნერვიულობა ვეღარ მოვასწარი. გამთენიის ხანს გავედით. ჩვენამდე რუსების ჯგუფი ავიდა. ამიტომ თოკები უკვე დაკიდებული იყო. 30-მეტრიანი თოკებია. სანამ ერთი კაცი არ აივლის, მეორე ქვევით უნდა იდგეს და ელოდოს. მერე სხვა თოკზე გადადიხარ, წელზე მობმული სისტემა უნდა მოხსნა, გადაება. დასასვენებლად ყველანი ერთად ვიკრიბებით, სადმე კლდეში გამოკვეთილ თაროსავით ნიშს ნახავ და შეჯდები, შეჭამ, დალევ, მერე ისევ გზა, ისევ მაღლა და მაღლა... ბოლო ბანაკიდან დახრამ იმატა. იყო მომენტები, კედელზე ავდიოდით. მერე ამინდიც გაფუჭდა, დაინისლა გარემო. თოვლიც წამოვიდა. დავიღალე, შემცივდა. ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, რა მინდოდა, სად მოვდიოდი... ბოლო 200 მეტრი სრული კოშმარი იყო. ვერტიკალური ყინული – მეტი არაფერი… ჯერ აფი ავიდა. ერთი საათის მერე ჩვენც ავყევით. მახსოვს, რამდენიმე მეტრიღა მაშორებდა აფის, მივლასლასებდი, ვეცემოდი. აფი მეძახდა, ადექი, ადექი, არ ჩაჯდეო. მეც ვდგებოდი და მივდიოდი. ძალაგამოცლილმა მივაღწიე მწვერვალს. საოცარი სიცარიელის გრძნობა მქონდა. არავითარი განცდა. რაღაც გარინდება, მეტი არაფერი~. აღაც კი მახსოვს, იქ რა ვილაპარაკეთ. ვიდექით ნისლში, ხანდახან გაიფანტებოდა და რომელიღაც მწვერვალი ამოიწვერებოდა. კიდევ – გაიხსნებოდა ცა და ისევ მწვერვალი. ჰაერი იმდენად გამჭვირვალეა, რომ მასშტაბებს ცვლის, სხვანაირად აღიქვამ გარემოს, უახლოვდები შორეულ მთებს, ევერესტიც იქვე ჩანდა, სულ ახლოს…~
მთამსვლელების დაუწერელი კანონია – საბაზო ბანაკში დაბრუნებამდე, მწვერვალის დალაშქვრა ერთმანეთს არ უნდა მიულოცონ. ეს იმიტომ, რომ ტრაგიკული შემთხვევები ხშირად უკანა გზაზე ხდება ხოლმე. ყურადღებას ადუნებენ და შეცდომებიც იოლად მოსდით.
ამიტომ სოფოც და დანარჩენებიც ამა დაბლამის კეთილგანწყობას – მედიდურმა და მშვენიერმა ქალბატონმა ისინი, ბოლოს და ბოლოს, მიიღო – მშვიდად შეხვდნენ. ერთ საათში კი უკან დაშვება იწყეს. ყინულის კედელი დღის შუქზე ჩამოიარეს. მერე დააღამდათ. თავზე დამაგრებული ფარნებით მოიკვლევდნენ გზას. სიცივეს, დაღლას, გათიშვას ისიც დაემატა, რომ სოფოს ფარანი გადაეწვა. თოკიდან თოკზე გადაბმის დროს დანარჩენები უნათებდნენ ხოლმე. მერე უკვე აღარც მათ ელოდებოდა, სიბნელეში, გუმანით იმეორებდა გაზეპირებულ მოძრაობებს: მოხსენი, გადააბი, მოეჭიდე, იმოძრავე.
ერთი არასწორი მოძრაობა და სად გადავფრინდებოდი, ღმერთმა უწყის. მოვდიოდი და თითოეული ნაბიჯის გადადგმა ტკივილს მაყენებდა, რაღაც ისეთი მდგომარეობა იყო, დაღლა ფიზიკურ ტკივილში რომ გადადის~. 5900 მეტრზე რომ ჩავიდნენ, ღამის პირველი საათი იქნებოდა. მომენტალურად გავითიშე. მახსოვს, ვიღაცამ წრიაპი გამაძრო, საძილე რომ არ დამეხია. არც ქუდი მომიხდია, არც ხელთათმანები, ეგრევე გავიშოტე და თვალები დავხუჭე.
არ დამეძინა. ეს სულ სხვა მდგომარეობა იყო. ალბათ, ამას ჰქვია თიში.
მგონი, იმ ღამეს მოვკვდი და მერე თავიდან გავცოცხლდი~.
მეორე დილას უკვე საბაზო ბანაკისკენ დაეშვნენ. ადგილი მოტიტვლებული დახვდათ. დანარჩენი ჯგუფები უკვე წასულიყვნენ. მზარეულები ჟრიამულით შეხვდნენ:
– Hello Sofia, a piece of chocolate cake? – მწვერვალიდან დაბრუნებულებს სიურპრიზი დაახვედრეს, შოკოლადის ტორტი გამოუცხვეს და სანთლებჩარჭობილი მიართვეს.
ერთი ისტორია აქ დამთავრდა. მომხდარის გააზრების პროცესი კი დიდხანს გაიწელა იმიტომ, რომ სოფო ქვევით ჩამოსვლისთანავე მეორე ისტორიაში გადაეშვა – ზეიმი უკვე დაწყებულიყო. ევერესტი საპატიო სტუმრებს მასპინძლობდა. 90 წელს გადაცილებული ედმუნდ ჰილარი – პირველი ადამიანი ევერესტზე – კატმანდუს ფეშენებელური სასტუმროს ვესტიბიულში უხსოვარი დროიდან შემორჩენილი რელიქვიასავით დადიოდა. სოფო მას შეეხო – ისე, როგორც სამუზეუმო ექსპონატს.
აფი, ბენო და გელა სოფოს ყველას აცნობდნენ. მთამსვლელები გაოცებას ვერ ფარავდნენ – 22 წლის და ასეთი შედეგი?
`ძალიან კარგი შეგრძნება იყო, ყველას სიამოვნებით ვუამბობდი ვოიაჟის შესახებ. მიხაროდა, რომ მიზანს მივაღწიე, რაღაც შინაგანი ამბიცია დავიკმაყოფილე. საკუთარ თავს დავუმტკიცე ის, რომ შესაძლებლობების ზღვარს მიღმაც შემიძლია ბევრის გაღება, ბევრის გაკეთება. თუმცა, არ მეგონა, თუ ჩემს ასვლას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. დიდი არაფერი გამიკეთებია. ეს ნამდვილი შინაგანი ბრძოლა იყო. ყველას თავისი საქმე აქვს. მე ჩემი საქმე გავაკეთე~.
მთა და ქალი

გახსოვთ? ჯინჯერ როჯერსი ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ფრედ ასტერი. უბრალოდ, ის უკუსვლით მოძრაობდა და თან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.~ – ფეით უითლსი, მთამსვლელი ქალი. ხვდებით ალბათ, რატომ მოიტანა სიტყვამ ჯინჯერ როჯერსი და მაღალი ქუსლები. კაცებს ძალიან გაუჭირდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ქალიც მათთან ერთად მიდიოდა გიჟური, კაცურად მონათლული ვნების დასაკმაყოფილებლად. თუ ქალიც ახერხებდა სირთულის დაძლევას, მაშინ რაღა სირთულე იყო ის? პირველი ქალი მთამსვლელი – მის პარმინტერი. წელი – 1799. მწვერვალი – ალპებში. მერე – მარი პარადისი, 18 წლის ფრანგი გოგონა, რომელმაც 1808 წელს მონ ბლანი დალაშქრა. შემდეგი დიდი თარიღი1880-იან წლებში უნდა ვეძიოთ, ქალს კი მის მეტა ბრევუ ჰქვია. სწორედ ამ ქალბატონმა გაიხადა კაბა მთაზე ასვლის წინ და შარვალში გამოეწყო. მანამდე ხომ ქალები კლდეებზე მძიმე და გრძელი კაბებით ცოცავდნენ. 1920-იან წლებში კი ქალების ემანსიპაციის დასტურად, ასეთი გამოთქმაც გაჩნდა:ამ დროს ქალები უკვე თავისუფლად სვამდნენ ალკოჰოლს, ეწეოდნენ სიგარას და ცოცავდნენ კლდეზე~.
სოფოს კერპები არ ჰყავს. არც ქალი კერპები. მაგრამ ქალური ისტორიები მთებში – მაინც ხიბლავს. ქალს ქალის მაინც სხვანაირად ესმის და იმიტომ. ქალის გარდა, აბა, ვინ გაიგებს, რომ ჯინჯერ როჯერსიც ისეთივე დახვეწილი ილეთებით ცეკვავდა, როგორც ფრედ ასტერი, ოღონდ, თან მაღაქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა და თან, უკან-უკანაც მოძრაობდა…
როცა ალექსანდრა ჯაფარიძეზე ვფიქრობ, აღფრთოვანება არასდროს მინელდება. რამდენი შეძლო ამ ქალმა მაშინ, როცა ქალი მთამსვლელის ფენომენს მამაკაცის მენტალიტეტი ჯერაც არ სცნობდა. ალბათ, რამდენი დაბრკოლება შეხვდა, რამდენს გაუძლო, მაგრამ მაინც მთას შერჩა. ვოცნებობ ხოლმე: ნეტავი ცოცხალი იყოს, რამდენს მომიყვებოდა. ვიცი, თუ ვინმე გამიგებდა ამ ქვეყანაზე, მხოლოდ ის~. ასეა, ქალი მთამსვლელის ხმა, რაც არ უნდა ემანსიპირებულ რეალობაში გაისმოდეს ის, მაინც სევდიანია. კაცისგან განსხვავებით, ქალს ხომ უფრო მწვავედ აწევს ოჯახის ტვირთი. კაცისგან განსხვავებით, ქალის წინაშე ხომ უფრო მწვავედ და ცალსახად დგას არჩევანი – ოჯახი ან მთა. ხშირად მიფიქრია ხოლმე, რატომ არ გათხოვდა ალექსანდრა ჯაფარიძე. მაინც ვფიქრობ, რომ მაშინ მაინც არ მოიძებნა კაცი, რომელიც მას ბოლომდე გაუგებდა.
ადამიანი ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ ამქვეყნად რაღაც დატოვოს. ხშირ შემთხვევაში, ეს _ შვილია. როცა შვილი არ გყავს, ტოვებ იმას, რაც შენთვის უძვირფასესია; იმას, რაც შენი ნაწილია. მთამსვლელი ქალისთვის ეს მთაა. ალექსანდრა ჯაფარიძემ სწორედ ეს დატოვა – ბიოგრაფია და გაუცვეთელი იდეალები.
მე ძალიან მინდა, მყავდეს შვილი, ოჯახი, მაგრამ მე მთაც მინდა. არჩევანზე არ უნდა მიდგეს საქმე. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ არ იქნება ერთი, იქნება მეორე. რას ვიზამთ… ზოგი შვილებს ტოვებს, ზოგი ალექსანდრა ჯაფარიძისნაირად ცხოვრობს~.
თუმცა, ხომ არსებობს იდეალური ვარიანტები. მაგალითად, იანკო ტაბეი _ იაპონელი ქალი, რომელმაც ევერესტი პირველმა დალაშქრა და კაცურად თქვა: `რა აჟიოტაჟი შექმნეს მამაკაცებმა ევერესტისგან. ის, უბრალოდ, მთაა~.
მაშინ ტაბეი 35 წლის იყო, სამი წლის შვილი ჰყავდა. ევერესტზე ასვლამდე, სამი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა, ფულის შესაგროვებლად კი ფორტეპიანოს გაკვეთილებს აძლევდა.
სოფო ტაბეის კატმანდუში შეხვდა. დღეს ეს ქალბატონი 60 წელსაა გადაცილებული, მაგრამ ალპინიზმიდან მაინც არ წასულა. წელიწადი ისე არ გადის, 3-4 მწვერვალი არ მოინახულოს.
გამოდის, ის შთამომავლობასაც ტოვებს და გაუცვეთელ იდეალებსაც, – როგორც სოფო ამბობს. იდეალური ვარიანტი სწორედ ეს არის.

ორმაგი სიყვარული

როცა ამა დაბლამზე ავიდა, სოფო შეყვარებული არ ყოფილა. მაგრამ ხვდება, როცა მწვერვალისკენ შეყვარებული მიიწევ, გზა გეიოლება, ზურგჩანთა გემსუბუქება. მიდიხარ პიკისკენ და თითქოს, ამით საყვარელ კაცს ეპრანჭები, თავს აწონებ, საკუთარ თავსაც რაღაცეებს უმტკიცებ და მასაც.
მაგრამ მხოლოდ მისი სიყვარული ზევით ვერ აგიყვანს. პირველ რიგში, მთა უნდა შეიყვარო,~ _ ამბობს სოფო და ჯერ სწორედ მთა უყვარს. უკვე გითხარით, რომ პრაგმატულია, ყველაფერს გონების თვალით უყურებს. ამიტომ არც ოცნებობს. უბრალოდ, ძალიან კარგად ესმის, რა კარგი იქნებოდა საყვარელ მამაკაცთან ერთად მწვერვალების დალაშქვრა, ორივე – პირდაპირი და ირიბი გაგებითაც. ასეთი მაგალითებიც უამრავია. თავის დამშვიდებად და იმედის გაღვივებად ნამდვილად კმარა. იგივე ჯინეთ ჰარისონი – ერთადერთი ქალი, რომელიც კანჩენჯანგას მწვერვალზე მოექცა. მან მეუღლესთან ერთად თითქმის ბოლომდე იარა. ცხადია, ამას არაფერი შეედრება.ამ დროს, ალბათ, ორმაგად ძლიერი ხარ. ორმაგი ჟინით სავსე. ორმაგად განიცდი სიხარულსაც და ტკივილსაც. რაც მთავარია, ერთად ხართ და ერთად მიიწევთ იდეალისკენ,~ – ამბობს სოფო.
კანჩენჯანგას ხსენებაზე თემა კიდევ უფრო ღრმავდება. კანჩენჯანგაც ხომ ქალია, მაგრამ გაცილებით უფრო ავი, ვიდრე მედიდური და უკარება ამა დაბლამი.
ის მრისხანეა, შურიანი და თან შურისმაძიებელიც. თავი უძლიერესი ჰგონია და სადაც ხელი მიუწვდება, სხვა ძლიერ ქალებს მუდამ ანადგურებს. ამიტომ იყო, რომ 1998 წლამდე კანჩენჯანგაზე ასული ყველა ქალი დაიღუპა: ზოგი ასვლისას, ზოგი – უკანა გზაზე. ერთადერთი ჯინეტ ჰარისონი იყო, რომელიც უკან ცოცხალი დაბრუნდა.
სოფოს ვეკითხები – რამ უშველა ჯინეთს. იმან, რომ მეუღლის გვერდით ყოფნა ამხნევებდა, თუ, უბრალოდ, კანჩენჯანგაზე ძლიერი აღმოჩნდა?
სოფოც დაუფიქრებლად მპასუხობს, პათეტიკურ-რომანტიკული სიყალბისგან ახლაც მაქსიმალურად შორს მდგომი:
მგონი, ქმარი ამ სიტუაციაში ზედმეტი იყო. დარწმუნებული ვარ, ჯინეთი მარტოც რომ ყოფილყო, მაინც ავიდოდა. ეს, უბრალოდ, ორი ქალის დუელი იყო. ორი ძლიერი ქალი შეება ერთმანეთს და იმ კონკრეტულ ბრძოლაში ჯინეთმა აჯობა. თუმცა, ის მალევე დაიღუპა, სხვა მწვერვალზე ასვლისას. და რატომღაც მგონია, რომ ეს მაინც კანჩენჯანგას შურისძიება იყო. ჯინეთს მწვერვალზე მოქცევა ვერ აპატია~. და მერე – ნუთუ, ღირს ამ გამოგონილ ბრძოლაში ჩაბმა? ნუთუ ბრძოლები – ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არ გვყოფნის? რა სა­ჭიროა ადრენალინის ხელოვნურად გამოყოფა? რა საჭიროა თავის გაწირვა მაშინ, როცა შეგიძლია, განსაცდელს გვერდი აუარო? რა ესაქმება ქალს მთაში? განა მისი მთავარი ვნების საგანი მამაკაცი არ უნდა იყოს? და მთავარი სიხარული – შვილი? ეს ყველაფერი ყველა მთამსვლელმა ქალმა იცის. იცოდა ვანდა რუტკიევიჩმაც – ყველა დროის ყველაზე ცნობილმა ალპინისტმა. ულამაზესმა ქალმა, რომელმაც 1986 წელს 14-იდან 8 რვა ათას მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა, მათ შორის, ავბედითი K2-იც. იცოდა, მაგრამ მაინც მთაში გარდაიცვალა. ორ ქმარს გაეყარა, მესამე მოუკვდა. მამაკაცმა კოლეგებმა მასშავი ქვრივიც~ კი შეარქვეს. 49 წლის იყო, როცა კანჩენჯანგაზე, ექსპედიციის წევ­რებმა თოვლის ქვაბულში მარტო დატოვეს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, მისი გვამი სულ სხვაგან, მწვერვალის მეორე მხარეს იპოვეს. გამოდის, რომ ის გამოქვაბულში კი არ გაიყინა, როგორც ფიქ­რობდნენ, არამედ გზაც გააგრძელა, წინ, ისევ მწვერვალისკენ.
ეს ყველაფერი სოფომაც იცის. იცის, რომ სიგიჟეა. მაგრამ მაინც – ამ გიჟი~ ქალების უფრო ესმის, ვიდრე ადამიანების, რომლებიც მიწის ისედაც გლუვ და ერთფეროვან საფარს კიდევ უფრო გულმოდგინედ ტკეპნიან – თან ამის გამო წუწუნებენ. თუ შენც გსურს ვანდასნაირი ქალების გაგება, პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ალპინისტები სქესის მიხედვით არ დაჰყო. მეორე – არ უნდა დაასკვნა, რომ ისინი ასე სხვების დასანახად იქცევიან. არავითარ შემთხვევაში.ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის კეთდება~, _ ამბობს სოფო. _ `გაქვს იდეალები, რომელსაც ეწირები. მთა ამ ცხოვრებაში იდეალია. ამიტომ ფიქრობ, რომ გიღირს ყველა ის ტრაგედია, რაც შეიძლება თავს დაგატყდეს. პირადად მეც, ლოგინში სიკვდილს რომელიმე მწვერვალზე სიკვდილი მირჩევნია. შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა~.

ავტორი: თამარ ბაბუაძე

ფოტო: ბენო ქაშაკაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s