ნინო ქათამაძესთან, სულ რამდენიმე წუთით

მრავალი, მრავალი წლის წინათ, დედამიწას უცნაური ადამიანი მოევლინა. ამბობენ, ძალიან ლამაზი იყო, ოქროსფერი, და სულ მღეროდა _ თავის უფალს ადიდებდა, ავდრისღრუბლისფერ კრიშნას და მის მარადიულ მეუღლეს, მოცეკვავე რადჰას. მორწმუნენი ამტკიცებენ, ეს უცნაური კაცი, ჩაიტანია _ ადამიანი კი არა, თავად უფალი იყო, რომელიც ქვეყნიერებას იმისთვის მოევლინა, რომ ჩვენში ღვთისადმი მიძინებული სიყვარული გაეღვიძებინა. არა ტანჯვა-ვაებითა თუ ფილოსოფიური სპეკულაციებით, არამედ სიმღერით, გალობით, ცეკვით…
ასე იყო თუ ისე, მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს, დასავლეთ ბენგალიაში, ნავადვიპაში, ჩაიტანიასთან ერთად უამრავი ადამიანი ცეკვავდა და მღეროდა: `ყოვლისმპყრობელო! მე არც სიმდიდრე მწადია, არც დიდება, არც მშვენიერი ქალები, არც მიმდევრები. მე არც განათლება მიზიდავს, არც მაღალფარდოვანი სიტყვები და არც ხელოვნება. მხოლოდ ერთი რამ მინდა _ შენი სახელის გალობის უმიზეზო სურვილი მქონდეს~.
მცოდნე ხალხი ამბობს, ძალიან ბედნიერები იყვნენო. მე ვერაფერს გეტყვით. მღეროდნენ კია _ ეს დანამდვილებითაა ცნობილი.

წესით, ეს ჩემი ნაამბობის გმირის ცხოვრებაა _ რიცხვები, ფაქტები, თარიღები. ძალიან კარგი. ამომწურავი ინფორმაციაა. უბრალოდ, რამდენიმე დეტალი აკლია: ნინო ქათამაძე მთის ძირას დაიბადა, საიდანაც მწვერვალები და ზღვა მოჩანდა. მის სახლთან წყალსაცავი თავის სიმღერას მღეროდა, ელექტროგადამცემი _ თავისას, და როცა გოგონა ზემოთ აიხედავდა ხოლმე, ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ, მის ირგვლივ კი ციცინათელები ირეოდნენ. ზემოხსენებული ფაქტები არც იმის შესახებ გვაუწყებს, რომ დილით უნაგირა მთიდან მზე იწვერებოდა, ამოდიოდა, ამოდიოდა _ და ყველა მღეროდა. პატარა გოგონას ნამდვილად ესმოდა, როგორ ადიდებდა უფალს ყოველი სული.
მაშინ ყველაზე შორეული მიზნის მიღწევაც კი სავსებით შესაძლებელი იყო. იქ, იმ მთის კალთაზე გინდა მოხვედრა? ნება შენია, გზას გაუდექი და მიგიყვანს, აბა, რას იზამს. იმ ოდესღაც პატარა გოგონამ დღესაც ზუსტად იცის, რომ აუხდენელიც შეიძლება ახდეს.

კითხვა: სად ისურვებდა ნინო ქათამაძე ცხოვრებას?
პასუხი: ალბათ, ვენეციაში.
კითხვა: ზღვისა და მზის პრინციპით?
პასუხი: ჰო.
კომენტარი: ნინო ქათამაძეს უმზეობა არ უყვარს.

წარმოიდგინე, რომ ცა გაიხსნა, კეთილმა ანგელოზმა გადმოგხედა და გითხრა: ინატრე, ნინო. ის ერთი, სანუკვარი სურვილი მითხარი და აგიხდება. რას იტყვი?
აღმოჩნდა, რომ ნინოს, ჩემგან განსხვავებით, აზრადაც არ მოსდის, რომ ანგელოზი გახსნილი ზეციდან გადმოხედავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სასწაულები ხდება. გჯეროდეთ სასწაულების!~ ეს სასწაული აქვეა, არავინ იცის, სად იჩენს თავს: მატარებლის ბაქანზე თუ ბრბოში. თავს რომ იჩენს, ამაში ნინოს ეჭვი არ ეპარება. მისი ყველაზე სანუკვარი, ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნება კი ის ყოფილა, რომ თვითონ გადაიქცეს კეთილ ჯადოქრად _ სადღაც, მთაზე, კოხტა სახლში იცხოვროს... კაცმა რომ თქვას, ნაწილობრივ, ნინოს ეს ოცნება უკვე აუხდა: პატარა, ლამაზ სახლში ცხოვრობს. ერთი ბეწო ეზოში ზღაპრული ხეც იზრდება. კატაც ჰყავს, თურმე პია ჰქვია (პია-ნინო!) _ დიდი, რუხი, ფუმფულა, როგორიც კეთილ ჯადოქარს შეეფერება; ხოლო სიხარულის დარიგებაში _ ნინო ქათამაძე უშურველია. ამჯერად კვლავ შევხვდი. სავარძელში ფეხმორთხმული ნინოს შემყურეს, ის სახეები მახსენდებოდა, რომლებსაც გზად ვეყრებოდი ხოლმე: იმ ცნობისმოყვარე, მოსიყვარულე გოგონებს გრძელ თმაში ყვავილები ჰქონდათ ჩაწნული; პაციფიკით დამშვენებული მაისურების გაუხდელად ტარების გამო მხოლოდ იდაყვებამდე გარუჯულები, საღამოობით სანაპიროზე დანთებულ ცეცხლთან ჩაცუცქდებოდნენ ხოლმე და კონსერვის ქილებისა და სავარცხლების თანხლებით მღეროდნენ:დახედე რუკას, ტარტუში მივდივართ~. მხიარული დრო იყო, და საერთოდ, მიყვარს შეშლილები, რომელთაც გააფთრებით სწყურიათ სიცოცხლე, ენატრებათ საუბარი, გადარჩენაზე ოცნებობენ; რომელთაც ერთბაშად სურთ ყველაფერი; რომლებიც ფარ-ხმალს არასოდეს ყრიან და არასდროს წამოსცდებათ უხამსი სიტყვა. ისინი ყოველთვის იწვიან, იწვიან, იწვიან.~ _ ამ სიტყვებს ჯეკ კერუაკს დავესესხე, უკეთ მაინც ვერ ვიტყოდი, არადა, თქმა მინდოდა, რადგან ნინო ქათამაძის შესახებ ვსაუბრობთ. არ ვიცი, როგორია სინამდვილეში ნინო ქათამაძე. ვფიქრობ, ეს არც არავინ იცის, და მისი ცხოვრების დეტალების ცოდნა არც არაფერს შეგვმატებს. მთავარია, რომ მღერის, და როგორც მისი კონცერტის დროს ჩემს ზურგსუკან მჯდომმა უცნობმა ბრძანა,ეს სიმღერა კი არა, აფეთქებაა!~ სულ მგონია, რომ ყოველი გამოსვლის შემდეგ ხელახლა უნდა დაიბადოს. გარკვეულწილად, მიხარია კიდეც, რომ მისი პოლიტიკური მრწამსისა თუ სასიყვარულო თავგადასავლებისა არაფერი გამეგება. ამგვარად ის ჩემთვის საუკეთესო პრინციპის ხორცშესხმად რჩება: ცხოვრობს, მღერის და უყვარს.
რიტორიკული შეკითხვა: რატომ აინტერესებს ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ვის ვინ უყვარს, ვის ვინ ჰყვარებია, ვინ ვინ მიატოვა და ა.შ. და ა.შ.? რატომ აინტერესებთ ადამიანებს სხვისი სიყვარულის ამბები?
გულკეთილი პასუხი საკუთარ შეკითხვაზე: იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი არ აქვთ და სხვისი გულისფრიალი იმედს უღვივებთ, რომ ეს ამბავი ოდესმე მათაც შეემთხვევათ, მათაც ეტყვის ვინმე: ჩემო ძვირფასო~? ვშიშობ, რომ ნინო ქათამაძესჩემოს~ ძნელად თუ უწოდებს ვინმე. ის ყველას უმღერის. როგორც თვითონ ამბობს, პირადად ვინმეს მიმართ გრძნობა, დიდი-დიდი, ერთი ფრაზის დასასრულისთვის იყოს შთაგონების წყარო. სცენაზე მდგომი მომღერალი იმდენ ადამიანს უშლის გულს, იმდენ ადამიანს უძღვნის საკუთარ თავს და იმდენის წინაშე რჩება გახსნილი, გაშიშვლებული, რომ მისი საკუთრად დაგულების მსურველებს ალბათ ძალიან მძიმე განცდები ეუფლებათ. ნინოს სახლშიც კი, როცა მისი თხუთმეტწუთიანი სტუმარი ვიყავი და მსმენელთა რიგებში მდგომის სტატუსი არ მქონდა, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ამ ქალს _ კეთილმოსურნეს, მომღიმარს _ ერთ თემაზე ან ერთ პირვნებაზე კონცენტრირება შეუძლია. მაშინაც კი, როცა რაიმეს მიამბობდა, მეგონა, ის საკუთარ სიტყვებს კი არა, რაღაც სხვას უსმენდა, მისთვის ახლობელს, ჩვეულს და მერე, თუ მოუნდებოდა, შეიძლება ჩვენთვისაც გაემხილა.

რთული ქვეწყობილი წინადადები და დასრულებული ფრაზები ნინო ქათამაძეს არ ახასიათებს. ის უფრო ემოციურად გადმოგცემთ ნაფიქრს თუ განცდილს და არა ვერბალურად. ეს საინტერესო შეგრძნებაც კია _ რაღაცის დადევნება, რაც, თუ ჩაავლე, უჩვეულო სახით წარმოგიდგება: გოგონა, რომელსაც ყველი ისე ამოჰყავს, თითქოს საიდუმლო რიტუალს ასრულებდეს; სიმღერა, რომელიც იწყება, ვითარდება, სრულდება და უმალვე ახლით იცვლება _ უწყვეტი წრე, მედიტაციური მდგომარეობა, განუწყვეტელი სიკვდილი და განუწყვეტელი დაბადება. ასეთივეა მისი ~სიყვარულიც~: სიტყვა, რომელსაც ის მანტრასავით იმეორებს.
აგრესიული მსმენელი, რომელიც პირველი სიმღერის დროს უმსგავსოდ იქცევა, მეორე სიმღერის მოსმენისას უფრო მშვიდდება, მესამე სიმღერა _ და ისიც გრძნობს რაღაცას, რას _ თვითონ არ იცის. ნინო ამბობს, რომ ეს სიყვარულია. ალბათ ასეცაა. დავუჯეროთ, ამ ამბავს უფრო ლოგიკურ ახსნას მაინც ვერ მოვუძებნით.
`სიყვარული თვითშემეცნების სხივებია, მისი სურნელი. სიყვარული ყოვლისმომცველი სიხარულია. სიყვარული ისაა, რომ ხედავ, ვინ ხარ _ მაშინ ისღა დაგრჩენია, რომ საკუთარი თავი სხვებს გაუნაწილო. სიყვარული ისაა, რომ ყველაფერთან, რაც კი არსებობს, ორგანულ, ორგაზმისმაგვარ ერთობას გრძნობ.
სიყვარული არ არის სხვაზე დამოკიდებული, სიყვარული არსებობის ფორმაა. სხვა აქ არაფერ შუაშია. კი არ გიყვარს, სიყვარული ხარ. ცხადია, როცა სიყვარული ხარ, გიყვარს კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ შედეგია და არა წყარო. წყარო ისაა, რომ თავად ხარ სიყვარული.
და მაშინ ხეები და ჩიტები და ღრუბლები და მზე და ვარსკვლავები _ ყველა შენშია. სიყვარული ისაა, რომ შენს საკუთარ სამოთხეს ხარ ნაზიარები~.
პასუხი კითხვაზე: საყვარელო ოშო, რა არის სიყვარული?

…2004 წლის 24 მაისს, ”Русский Дом. Усадьба. Джаз”-ის შემდეგ ანონიმის გამოძახილი ასეთი იყო: ნინო ქათამაძე, უბრალოდ, ბუხართან რომ მჯდარიყო და ჩუმად ემღერა, ისიც საკმარისი იქნებოდა _ მაინც ყველა სტუმარს შეძრავდა. ეს საოცარი ქალი აჭარიდან ხან თავზეხელაღებულ ჰაუს-ვოკალისტ შცილლა-ს მოგვაგონებს, ხან ბოსას წარბშეუხრელ დედოფალ ასტრუდ ჟილბერტოს. კონცერტის შემდეგ ისეთი გრძნობა გექნებათ, რომ მსგავსი არაფერი გსმენიათ. დიდხანს იქნებით ბალახზე პირაღმა წამოწოლილი და თვალს ვერ მოსწყვეტთ ცაზე ნელ-ნელა ანთებულ ვარსკვლავებს~. მაშინ ნინო ქათამაძესშენელებული მოქმედების ქართული ჭურვი~ უწოდეს, რაც მე ძალიან მომეწონა. იარაღში დიდი რუსი ერი ხომ ჩინებულად ერკვევა. ჭურვი კი იმისაა, რომ ერთხელაც იქნება და აფეთქდება. ისიც ძალიან მისასალმებელია, რომ ნინო ქათამაძე ქართულად მღერის. გარწმუნებთ, ვიწრონაციონალური ვნებები ნაკლებად მაღელვებს. უბრალოდ, ეს მომღერალი სიტყვებს კი არა, გრძნობებს მღერის, გნებავთ, ლაპარაკობს კიდეც. და ამ ფონზე სულ არაა აუცილებელი, რომ ყველას ყველაფერი დაუღეჭოს _ გამგები ისედაც გაიგებს.

ავტორი: სოფიო კირვალიძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s