როგორ გვიყვარდა ერთმანეთი!

ორ დიდ მამულიშვილთან, მამუკა ბერიკასა და ლადო ფოჩხუასთან მჭიდრო ურთიერთობის ჟამს დავრწმუნდი, რომ ერთნაირი გემოვნება, ერთნაირი მსოფლმხედველობა და ერთნაირი იდეები სულაც არაა მეგობრობის აუცილებელი პირობა. ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვიყავით და მაინც გვიყვარდა ერთმანეთი. ალბათ ახლაც გვიყვარს, უბრალოდ, ერთად აღარ ვართ _ ლადო სხვა კონტინენტზე ცხოვრობს, სულ სხვა ქვეყანაში. მართალია, ზოგჯერ ჩამოდის კიდეც, ზოგჯერ რეკავს, მაგრამ ის, რაც ამ სურათზეა ასახული _ წყნეთი, ბავშვების მიერ მოხატული კედელი და სამი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთთან, წესით, არაფერი უნდა აკავშირებდეს _ აღარ მეორდება.
კაცმა რომ თქვას, ეს არც კაცობრიობისთვისაა დიდი დანაკლისი და არც რომელიმე ჩვენთაგანს აუბედურებს _ ღვთის წყალობით, ყველანი მაინც ჩინებულად ვგრძნობთ თავს. უბრალოდ, დიდი ბებია ტერეზიასეულ ქუდების კოლოფში ეს ფოტოსურათი აღმოვაჩინე და ბევრი რამ გამახსენდა _ ასაკმა სანტიმენტები იცის! და გადავწყვიტე, თქვენთვისაც მეამბო ამბავი იმისა, თუ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი.

ეს არის ქვეყანა, დიდ ოჯახურ კავშირებად დაჯგუფებული ხალხისთვის შექმნილი, და ოჯახები, მოხეტიალე მსახიობების მსგავსად, წარმოდგენებს ყოველდღე მართავენ. ყველა როლი დანაწილებულია და თავისი როლი ყველამ ჩინებულად იცის _ იდეალური თეატრია ყველა რეჟისორისთვის~. ლადო ფოჩხუას წიგნიდანმე _ გენიოსი~

წიგნაკში, რომელსაც გარეკანზე უაღრესად ნერვებისმომშლელი წარწერა აქვს _ უკანასკნელი კაცი~, რომელშიც რომანტიკული არასოდეს არაფერი ჩამიწერია _ ჩემთვის რომ გეკითხათ, ვინიშნავდი, როდის რა უნდა მექნა და მერე სულ მავიწყდებოდა შიგ ჩახედვა და, შესაბამისად, იმ საქმეების გაკეთებაც; ჰოდა, _ ეს რაღაცა _ რა ჰქვია ამას, არც კი ვიცი _ ჩემმა მეგობარმა ლადო ფოჩხუამ გასული წლის აპრილში ჩაწერა, დაუკითხავად _ ტუტუცი! გარდასულ დროთა მაღალი საზოგადოების ქალები მომაგონდნენ _ მათ ალბომებში არ წერდნენ ხოლმე შემოქმედებაზე თავდადებული მამაკაცები თავიანთ გამონათქვამებს? ხან ძალიან ბრიყვულებს, ხან _ ნაკლებად. მომაგონდნენ ეს ქალები და გამეცინა _ რა შუაში ვარ?! იმ საღამოს, როცა ლადოს ამუკანასკნელი კაცის~ წიგნაკზე ხელი მიუწვდებოდა, მეგობართან, კაკადუსთან, სარდაფში ვისხედით, უფრო სწორად, იატაკზე ვიყავით წამოგორებული, მამუკა ბერიკას ველოდით და ის არ მოვიდა. ნაკლებად სალონური ვითარება ძნელი წარმოსადგენია: იმხანად ჩემთან მცხოვრები პატარა, ლამაზი და აქტიური ერევნელი გოგო გლობალიზაციის საფრთხეზე და მის დამღუპველ გავლენაზე ლაპარაკობდა გაცხარებით _ აშკარად ჩვენ გვგულისხმობდა. ნეტა, რატომ? ზემოთ მოტანილი სტრიქონების ავტორი ლადო ამბობდა, რომ კაკადუ ცუდი მხატვარია, ანა _ ცუდი მწერალი, მამუკა _ ცუდი მუსიკოსი და თავად ის კი, ლადო ფოჩხუა, ავტორი წიგნისა, მე _ გენიოსი~, ტოტალურად უვარგისი არსებაა. კაკადუმ თქვა, რომ პატარა ერევნელი გოგოს დასაშოშმინებლად ქართველი მამაკაცის ყურადღებაა საჭირო. რამდენადაც მახსოვს, მე ამ დროს ფინელი მამაკაცების დიდებას ვღაღადებდი და მერე არაბი ქალების ცხოვრების წესს გადავწვდი, მაგრამ რატომ _ ვერ გეტყვით. მამუკა არ მოდიოდა, ერევნელი გოგო ცხარობდა, ლადო გაჯავრდა, მისი ამჟამად მეუღლე, იმხანად კი მეგობარი ელიზაბეტი ლადოს უხსნიდა, რომ მამუკა არ მოდის, ანა მეორე მსოფლიო ომს დაეტაკა, ერევნელი გოგო ცხარობს, კაკადუ მისი დამშოშმინებლის როლზე უარს ამბობს _ და ამიტომ სახლში წასვლის დროა; და როდის ჩაძვრა ლადო ჩემს ჩანთაში, როდის ამოიღო იქიდან ჩემი უშველებელი და ფუჭი წიგნაკი და როდის ჩაწერა შიგ თავისი, ანუ გენიოსის აზრი იმ ქვეყნის შესახებ, რომლიდანაც მეორე დღეს მივემგზავრებოდი _ ეს ნამდვილად არ მახსოვს. ვინ იფიქრებდა, რომ სულ მალე ლადო ფოჩხუა მის მიერ აღწერილი ქვეყნიდან შორს, შორს გაემგზავრებოდა _ მართალია, თავად მას სჯერა, რომ ცოტა ხნით, მაგრამ რა ვიცი ეშმაკებისა და ისეთი კაცებისა, რომელთაც შეუძლიათ თავიანთ დაუწერელ წიგნსმე _ გენიოსი~ უწოდონ?

… თუმცა მასწავლეს, რომ ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს და სხვა და სხვა, რატომღაც, სულ არ მიხარია ხოლმე, როცა ცივა, ბნელა, ასი რაღაცა უნდა მეცვას და ტერმინატორივით უნდა დავაბიჯებდე ჩემსავით აბუზულ ხალხთან ერთად, წელიწადის ამ დროისთვის სრულიად უსიმპათიო ქალაქის ქუჩებში. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ, თუ ბრძენებს დავუჯერებთ, ამქვეყნად ენერგია სამართლიანადაა განაწილებული და რამდენიც გწყინს, იმდენივე გიხარია. მაგალითად, წერილი:

`ანა კორძაია! სალამი! გილოცავ ახალ წელს! მალე ლადოს გამოგიგზავნი. ახლა ზის და ზვიგენივით იღიმება.
ჩვენ კარგად ვართ. ერთადერთი საშინელება ისაა, რომ ლადოს ამერიკული ფეხბურთი შეუყვარდა. მაგრამ არა უშავს. საქართველოში სამი კვირა იქნება და გაუვლის. თბილისში 11 იანვარს ჩამოვა. გკოცნით შენი ლიზა და ლადო.
P.შ. მისმინე! მე ძალიან ცუდად ვარ, რომ ვერ ჩამოვალ. რამდენი სიხარული იქნება საქართველოში, მე კი ვიჯდები და სტატისტიკას ვისწავლი და ვიგრძნობ, რომ სიხარული შორსაა.
ე.~
ეჰ, ჩემო ე! _ ერთი დიდი ქართველი პოეტი იტყოდა ასე…

ჩემი მეგობრებისა არ იყოს, მეც დარწმუნებული ვარ, რომ მარადიული ვარ, ნეტარი და ცოდნით აღსავსე, საკუთარი თავი მგზნებარე სიყვარულით მიყვარს და წესით, არასოდეს უნდა მიხაროდეს იმ მამაკაცის დანახვა, რომელმაც ოდესღაც ვუდი ალენის უკანონოდშობილი შვილი მიწოდა და ქუთაისის სკვერში ჩამომჯდარმა სიხარულით მომახსენა: `გესმის? ჭრიჭინა! კინაღამ არ მოგვადუნა ამ ქალაქმა? ახლა კი ვიცი: ჩემი ნევროზი არსად წასულა. ნახე, რა საძაგლად ჭრიჭინებს?~

გოგოებო და ბიჭებო! როგორ მშურს თქვენი, რომ მიცნობთ!
ლადო ფოჩხუა

ხელოვნებათმცოდნე არ გახლავართ და ამიტომ ლადო ფოჩხუა როგორც მხატვარი ნაკლებად მაინტერესებს. მისი ერთი ნამუშევარი სახლში მიკიდია: იონას რუკა~, არარსებული სამყარო, კუთხეში _ თევზი.ეს რუკა იონასთვის დავხატე,~ _ ამიხსნა ლადომ, რომ გზა არ აებნეს და ზუსტად იცოდეს, თევზი სად ჩაყლაპავს~. ლადო მარწმუნებს, რომ ოდესმე ეს ნამუშევარი სადმე, ვთქვათ, ნიუ იორკის გუგენჰაიმში ეკიდება და ჩემთვის საამაყო წარწერაც ექნება:ანა კორძაია-სამადაშვილის კოლექციიდან~.
არარსებული ქვეყნების რუკები, არარსებული ცხოველები, ბარბაროსთა მოლოდინში გარინდული მეომრები, ჯარის წინ მიმავალი, აშკარად განწირული მედოლეები _ ყველაფერი ეს ძალიან მომწონს, მაგრამ აღარ ვიცი, რამდენად ობიექტური ვარ, და ამიტომ, როგორც მოგახსენეთ, ლადო ფოჩხუას შემოქმედების შესახებ საუბრისგან თავს შევიკავებ.
ისევე, როგორც იმის მოყოლისგან, თუ რა ბედში იყო სოხუმელი ლადო ფოჩხუა აფხაზეთის ომის დროს. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ სოხუმიდან უცხო ქალაქში, თბილისში ჩამოსული ის მრავალი თვის განმავლობაში ფეხით დადიოდა წყნეთიდან სამხატვრო აკადემიამდე, კოკა-კოლას გადაჭრილი ქილებიდან სვამდა ჩაის და მაინც ყველაფერი უხაროდა _ მე რომ მკითხოთ, სულელივით. ლადოს ძირითადი ღირსება სწორედ ესაა: უხარია, მაგრამ რა _ კაცმა არ იცის.
ერთგან წავიკითხე, მგონი, დავლატოვთან, რომ სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ფსკერზე ხარ დაშვებული, ქვემოდან ვიღაცა დაგიკაკუნებს,~ გვიხსნიდა ლადო მამუკა ბერიკას და მე წყნეთში, ირმის ნახტომზე. მამუკა ლადოს არწმუნებდა, რომ ბედნიერი ხალხი ვართ: შეგვიძლია საათობით ვისხდეთ ხევის პირას და ვიმსჯელოთ, რამ გადაგვიფრინა, ქორმა თუ ძერამ; შეგვიძლია, ის მუსიკა ვისმინოთ, რომელიც მოგვწონს, არასასურველი სტუმრების დროულად გასასტუმრებლადპარციფალი~ ჩავრთოთ ბოლო ხმაზე და სწორედ ის ვიკითხოთ, რაც გაგვიხარდება.
ლადო ყველაფერს კითხულობს იმის გარდა, რასაც ბერიკა კითხულობს. ლადოს აღმოსავლური მისტიციზმი სულ არ იზიდავს და ბედნიერი სახით ჰყვება ხოლმე, როგორ ასრულებს მამუკა ბერიკა ოშოს ერთ-ერთ მედიტაციას: წარმოიდგინე, მოდის ბერიკა ნარინჯისფერ სამოსში, ჩადარი მხარზე აქვს გადაგდებული. უცებ ჩერდება და საკუთარ თავს ეკითხება: ბერიკა, აქ ხარ? და ამაყადვე პასუხობს: ჰო.~ მამუკა ბერიკას ზოდიაქოს ნიშანი ლომი გახლავთ, ამის მისახვედრად ასტროლოგობა სულ არაა აუცილებელი, ფაქტი სახეზეა, და ლადოც ერთობა. სამაგიეროდ, მაშინ, როცა ლადო აღელვებით იწყებს საუბარს პოსტმოდერნის უპირატესობებზე, ხელოვნურ კბილებზე, შეღებილ თმასა და ვიაგრაზე, მამუკა მშვიდად აბოლებს თავის ჩიბუხს და მერე ჰყვება, რომ თურმე გარდაცვალების წინ ჯონათან სვიფტს უთქვამს:როდის?~ როდის მოგივიდა ეს ამბავი, ლადო?
მამუკა ბერიკამ, ქალაქ თბილისში ჩემს მსგავსად დაუდგენელი აღმსარებლობის მქონე ერთადერთმა ადამიანმა, ყოველგვარი თეოლოგიური კამათის დასრულების საუკეთესო საშუალება მასწავლა _ უკვდავი ფრაზა: ნუ ღელავთ, ძვირფასებო. ჩემთვის თქვენ ყველანი ღმერთები ხართ~. სინამდვილეში, ლადო სულაც არ ღელავს _ უბრალოდ, ერთობა. სად იშოვე ეს მონსტრი, ანა კორძაია? ის შემზარავია. მახინჯი. რომ მიყურებდა, ვიფიქრე, საფერფლის ჩარტყმას მაინც მოვასწრებ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწრებდი, ნამდვილად ვერ მოვასწრებდი და მორჩა, აღარ იქნებოდა ამქვეყნად ლადო ფოჩხუა!~
მე მაგას შენს თავს არ დავაჩაგვრინებ, საყვარელო~. არა, არც მე ვარ ჯაბანი, მე ნერვული მეგრელი ბავშვი ვარ, მე მთელი ომი გამოვიარე, მაგრამ შენთან სტუმრად რომ მოვიდეს და იქ დავხვდე, მომკლავს და ფიტულად მაქცევს, და ვიდგები ოთახის კუთხეში, შუშის თვალებით, სამარადჟამოდ გაოცებული, და ეს ყველაფერი სულ შენი ბრალი იქნება, სულ შენი ბრალი იქნება ყველაფერი!~

უნდა ვაღიარო, რომ ლადოს ირგვლივ მოტრიალე ქალებზე არც მე ამომდიოდა დიდად მზე და მთვარე, სანამ ერთ საღამოს, ზანდუკელის ქუჩაზე, კლუბ 22-ში, ლადომ ერთი გოგო არ გამაცნო და არ მითხრა, რომ ეს ელიზაბეტია, შტატ ცინცინატის ყველაზე სიმპათიური მკვიდრი.

ელიზაბეტ!
ეს სამოთხისა და ჯოჯოხეთის წიგნია!
ლადო.

ჩვენ ვარაზისხევში ვიდექით და ამაოდ ველოდით სამარშრუტო ტაქსს, გვციოდა და ძალიან ცოტა რამ გვიხაროდა, და ლადომ ლოცვა დაიწყო. ბევრნაირი ლოცვა მსმენია, მაგრამ ასეთი _ არასოდეს: რა მოგივიდა! რით ვერ გამომიგზავნე ერთი სიყვარული! რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ერთი დიდი და ნამდვილი სიყვარული!~ როგორც ჩანს, ლოცვაც არ მეხერხება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხან მოკრძალებით ვაკაკუნე, ხან ფეხი ვურტყი და ხან თავი _ აჰა... ლადოს კი გამოუგზავნეს ის, რისაც დიდად აღარ მჯეროდა: ნამდვილი დიდი სიყვარული, ელიზაბეტ იგენი. ელიზაბეტ იგენი ძალიან მაღალი, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან კათოლიკური წარმოშობის ამერიკელი ქალია. დედა იტალიელი ჰყავს, მამა _ ირლანდიელი, თავად ლიზას არც კათოლიციზმი ადარდებს დიდად და არც ირლანდიური პატრიოტიზმი. მეტსაც მოგახსენებთ: ერთხელ ჯეიმს ჯოისზე ისეთი რაღაცა თქვა! თან როგორ! ისევე, როგორც ყველა ძალიან ახალგაზრდა ადამიანი, ლიზა მაქსიმალისტი ბრძანდება და კატეგორიულად აყალიბებს ხოლმე თავის მოთხოვნებს. მაგალითად:ლადო, თუ ვინმეს დაარტყამ, ვეღარასოდეს მნახავ!~ მართალია, ლადო არასოდეს არავის ურტყამს და სამაგალითოდ არააგრესიული ადამიანია, მაგრამ ფრაზა ფრიად შთამბეჭდავად იყო ნათქვამი. ლიზას არანაკლები შთაგონებით შეეძლო ეთქვა: ნეტავი ჩვენი ლოგინი პური იყოს! ახალგამომცხვარი, თეთრი, თბილი, ფუმფულა…~ თავიდან ლიზას ეგონა, რომ ლადოს არ მოსწონდა, და პირველი შეხვედრის დროს,არ იდარდოში~, ფიქრობდა: გამაცილებს? მაკოცებს?~ ბედი არ გინდა _ მაინცდამაინც უმშვიდესარ იდარდოში~ გადაუწყვეტია ვიღაც კაცს, რომ ლადოს მასთან ერთად უნდა დაელია სადღეგრძელოები _ საბრალო ლიზა! ძალიან შეშინებია. ცუდი არაფერი მომხდარა, დალიეს და მორჩა.
მერე, გაგაცილა?~ _ ვკითხე მე. კი,~ _ ამაყად მიპასუხა ლიზამ.
გაკოცა?~ ყავა გინდა თუ ჩაი?~
ჩაი ვამჯობინე.
ჩემთვის მარადიულ ამოცანად რჩება, რა ესმოდა ხოლმე ლიზას იმ დაუდგენელი და გრძელი საუბრებიდან, რომელიც მე ძალიან მიყვარდა, მაგრამ გარშემომყოფთა უმრავლესობას აშკარად ნერვებს უშლიდა: ლადოს ნახევრად ქართული, ნახევრად რუსული და ცოტა ინგლისური მონოლოგები, თემაზე _ პოსტმოდერნი და მეგ­რული მენტალიტეტი, ჩემი დეპრესიული მოგონებები და მამუკას არა იმდენად სიტყვებით, რამდენადაც ემოციებით გადმოცემული შთაბეჭდილებები შივაიტთა ტაძრების შესახებ. ფაქტი ისაა, რომ ლიზა უაღრესად კომფორტულად გრძნობდა თავს: ხის სკამზე უგრძელეს ფეხებს მოირთხამდა ხოლმე და ერთობ მოულოდნელ კომენტარებსაც ურთავდა, მაგალითად: იცი, რომელი სახელია ყველაზე საშინელი? ბეკი. რებეკა. ოოო! ბეკის აცვია საშინლად, ლაპარაკობს საშინლად, ის კოშმარია, ბეკი დეგენერატია!~ ჩვენ ვერასოდეს ავუხსენით ლიზას, რატომ გვიყვარდა როკ ენ როლი. ლიზა როკს საერთოდ აღარ უსმენს. ლიზა ამერიკელია. ერთხელ აღშფოთებულმა ლიზამ მიამბო, რომ სადღაც, რაღაც კაფეში _ რომელში, ვერ დავადგინე; რომ ვკითხე, საშინლად დაიჯღანა _ ვიღაც თბილისელი გოგოები ლადოს, დიახ, მის ლადოს გაეპრანჭენ! თავხედები! როგორ? ძალიან კარგად მიბაძა, ღმერთო მაპატიე, ეგრეა და რა ვქნა... მერე, ლიზა? მე დავიწყე ადგომა,~ _ მიამბო ლიზამ და ადგომა დაიწყო. ის დგებოდა ნელა, კონცენტრირებულად, ნაწილ-ნაწილ, ძალიან მრავლისმეტყველი სახით. ის გოგოები, ცხადია, წახდნენ. მე ვიამაყე, რომ ასეთი ლიზა გვყავს.
ზოგჯერ, მოწმენდილ ცაზე, ლიზა იგენი შემზარავ ამბავს მოყვებოდა ხოლმე, რომელიც ასეთსავე შემზარავ ადგილას შეემთხვა თურმე _ სადღაც, რუსეთის ყრუ ქალაქში, საერთო საცხოვრებელში. ჩემო დედა! იქ რაღა გინდოდა, გოგო? ისე, წესით, აქ რაღა უნდოდა…
მოსწავლე შემომიჩნდა,~ _ ჩიოდა ლიზა. _მომეცი კაშნე, მომეცი კაშნე… რატომ უნდა მიმეცა? ზოგი რა საზიზღარია!~
მე რა ვქნა ახლა?~ _ აღელდა ლადო. ლადო, თუ ვინმეს დაარტყამ, ვეღარასოდეს მნახავ!~
ვაჰ! გაიგე, ქალო, ეს კაცი არ ირტყმევინება!
… ბაქოს ყურეში, კუნძულ ნარგინზე, გასულ საუკუნეში – ალბათ უფრო ადრეც – მავანთა და მავანთათვის არასასურველ ელემენტებს ასახლებდნენ. ვისაც ძალიან უმართლებდა, გზად ზღვაში ხტებოდა და იოლად კვდებოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იქ რამდენიმე ათასმა უცხოელმა ტყვემ დაასრულა სიცოცხლე, _ უბრალოდ, მათი არსებობა დაავიწყდათ და წყალი და საჭმელი აღარავინ მიუტანა _ ისინი ნაპირიდან გასცქეროდნენ ბაქოს, დინების გამო გადაცურვას ვერ ახერხებდნენ და ასე: კოშმარული ამბების აღწერა უფრო ძლიერი ნერვების მქონე ხალხისთვის მიმინდვია… მერე, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, ნარგინზე მრავალი პატრიოტი გახიზნეს და დახვრიტეს, ერთ ხანს კუნძულზე სამხედრო ბაზა არსებობდა, რომელიც მალევე გაუქმდა, ჯარისკაცებითვისაც კი მეტისმეტი იყო _ მოკლედ, ნარგინს ბევრი ვერაფერი ბიოგრაფია აქვს.
რა შუაშია ნარგინი? უცებ ავხსნი: თუკი ვინმეს ოდესმე არაჯანსაღი აზრი მოუვა თავში და ამ ცუდ მხარეში ჩავა, იქ წერილებს წაიკითხავს _ სასიყვარულოს:

ელიზაბეტ!
მე ვხედავ შუქურას, შენობებს… სადღაც, შორს, ბაქოა. მე და შენ ბაქოში. გახსოვს? შენი ანგინა, ჩემი შიში შენს გამო, ღამის ჩაი და ფილმი `მდივანი ქალი~.
ლ.ფ.

წერილები ყველგან, სადაც კი რამის დაწერა შეიძლება: ნახევრადდანგრეული შენობების კედლებზე _ საღებავით, დაჟანგულ რკინაზე _ ცარცით, ქვებზე _ ამოფხაჭნილი:

ლიზა! მე მინდა დავწერო _ ღექუიემ აეტერნამ დონაეის დომინე _ აქ ბევრი ტანჯული სულია.
ლადო.

კუნძულის იმ მხარეს, რომელსაც პირობითად `მშვიდობიანი~ შეიძლება ვუწოდოთ, სანაპირო თეთრი მბზინავი ნიჟარებითაა მოფენილი, ზეთისხილის ხეები ხარობს, ცისფერი ცაა და ლურჯი ზღვა ლივლივებს _ უცებ შეიძლება იფიქრო, რომ ეგეოსის ზღვის რომელიმე პატარა კუნძულზე მოხვდი. ვერც წარმოიდგენ, რომ კუნძულის საპირისპირო მხარეს ნამდვილი ჯოჯოხეთია.
იქ კუნძული უზარმაზარ სასაფლაოს ჰგავს, დანგრეული შენობებით, დაჟანგებული, ნახევრადჩაძირული გემებითა და გვირაბებით, გადახრიოკებული მიწითა და მახინჯი ნაცრისფერი გველებით.

ელიზაბეტ!
ვწერ რაღაცას, რასაც ზღვა კითხულობს, პოეზიას ზღვისთვის.
წერილს გწერ, იმის იმედად, რომ წაიკითხავ!
ცივილიზაცია გვიხმობს!
ლ.ფ.

კავკასიური ლენდ-არტის პირველი პროექტის განსახორციელებლად ნარგინზე გარიყული ლადო ფოჩხუა წერილებს სწერდა მალევიჩს, პუსენს _ და ელიზაბეტ იგენს:

მინდა პლატონს გავესაუბრო გეომეტრიასა და სახელმწიფოს მოწყობაზე. აქ გველებია და ხვლიკები.
სადაა ჩემი მიწა, შენ სად ხარ?
ლ.ფ.

ლიზა ამერიკაში იყო, დედასთან და მამასთან. მას ეს წერილები არ წაუკითხავს, მაგრამ ზუსტად იცოდა, როგორი სიყვარული იცის ლადო ფოჩხუამ.

… ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით _ ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით, ათასგვარ სისულელეს ვწერდით, დიდ გეგმებს ვაწყობდით. კინოშიც კი შევდიოდით ხოლმე, და ფილმები იმდენად არ მახალისებდა, რამდენადაც ლიზას და ლადოს კომენტარები.
მეოცნებენი~ ვნახეთ. როგორ გავერთე! გმირმა გაიხადა. ლადო:ეს ქალი პოსტმოდერნის ხანისთვის მეტისმეტად ბუნებრივად გამოიყურება~.
სექსი ქალწულთან. ლიზა: რა ამბავია ამდენი სისხლი, რა არი, მინის ნამსხვრევებით დაამუშავა?~ და ბოლოს, პარიზის ქუჩებში მოფრიალე წითელი დროშების დანახვაზე _ სამ ხმაში:სარატოვისკენ! კარტოფილის სათხრელად!”
ლადო და მე გედის ტბიდან~წიწკვი გედების ცეკვის~ შესრულებას ვლამობდით, ლიზა მღეროდა რამ ტამ ტამ...~. ჩვენსუპერსტარს~ გავძახოდით და ლიზა გვიხსნიდა, რომ მას, მუსიკოს ლიზას უნდა დავუჯეროთ: ვებერი დეგენერატია. ჩვენ ვერ ვუხსნიდით ლიზას, თუ რატომ გვიყვარდა ასე ძალიან `სუპერსტარი~, რადგან ლიზა ამერიკელია.
კარგი იყო. კაცმა რომ თქვას, ცუდი არც მერე მომხდარა რამე, პირიქით: ლიზამ სტიპენდია მიიღო და გადაწყდა, რომ ის და ლადო დაქორწინდებოდნენ და ამერიკაში გადავიდოდნენ საცხოვრებლად _ დროებითო, იფიცებოდა ლადო.
ქორწინების ეპოპეა იყო დაუსრულებელი, ნერვების გამფუჭებელი და აბსურდული. ლადო ღელავდა, რომ ლიზა გაგიჟდებოდა და გადაიყვარებდა. ლიზა ღელავდა, რომ ლადო გაგიჟდებოდა და ქორწინებას გადაიფიქრებდა. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამდენი პრობლემა საერთოდ არსებობდა: რაღაც დაუდგენელი საბუთები, საოცარი ინსტანციები. ისე, მე მართლა გავგიჟდებოდი და ყველაფერს გადავიფიქრებდი და არასოდეს არავინ მეყვარებოდა.
ქორწილი ძალიან სასაცილო იყო: მაღალი ლადო, უგრძელესი ლიზა და მე. კიდევ კარგი, ლადოს მეჯვარე მამუკა ბერიკა არ იყო, თორემ მთლად მოკლავდა არასრულფასოვნების კომპლექსი…
…ახლა ლიზა და ლადო ენ არბორნში ცხოვრობენ. საუნივერსიტეტო ქალაქი, სადღეღამისო ბიბლიოთეკა, სწორედ ის კონცერტები, რომლებზეც ლადო ოცნებობდა _ იმდენად გაკადნიერდა, რომ რავი შანკარის კონცერტზე ბილეთები იყიდა და წასვლა დაავიწყდა! რა კარგია!

ნუ გეშინია, ანა კორძაია! მე ვიცი, როგორი სიბერე გვექნება! იქნება ბორცვი, სადმე, ნორმალურ შტატში, ბორცვის ერთ მხარეს შენი სახლი იდგება _ მე გიყიდი, ბორცვის მეორე მხარეს მამუკა ბერიკას ვუყიდი სახლს. საღამოობით ბორცვზე შეხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ბერიკა ისევ ზღაპრებს მოგიყვება.~ შენ სად იქნები?~
რა ვიცი, სადმე. მაგრამ არ დაგივიწყებთ და ყოველთვის შეგეძლებათ იმის თქმა, რომ მე, გენიოსი, თქვენი მეგობარი ვარ. ხომ გინდა ამერიკაში?~ რა ვიცი, არ მიფიქრია.~
გინდა, გინდა.~ მამუკას უნდა?~
`მაგას რა, მაგისთვის ყველგან ამერიკაა~.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s