სერგი გვარჯალაძე

  1. ბავშვობა, პირველი საჩუქარი. სერგი გვარჯალაძე / გავლენები

ყველაფრის ლაიტმოტივი მაინც მუსიკა იყო, რამაც იდეოლოგია, საყრდენი ჩამოაყალიბა, რაზეც 13-14 წლის ბიჭის ოცნებები, თავგადასავლები და მომავალი უნდა აგებულიყო. ამის შემდეგ რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, ის უკვე ზრდასრული ადამიანი იყო. ყველაფერი ოჯახიდან დაიწყო, დედა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ, 60-იანი წლების წარმომადგენელი და, შესაბამისად, აქედან იღებდა სათავეს ლიბერალური მუსიკით გატაცება, რაც საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ბიტლზის~ სახით შემოვიდა. დედის, მეგობრების წყალობით, მის სახლში ხშირი იყო უცხოეთიდან ჩამოტანილი ჩანაწერები. მაშინ ამასგიპკი პლასტინკებს~ ეძახდნენ. მერე იყო პირველი საჩუქარი: ჰკითხეს, რა გინდა? მან თქვა და ბაბინებიანი მაგნიტოფონი უყიდეს. ყველაზე დიდი გავლენა ჟენია მაჭავარიანის გადაცემამ ეს ესტრადაა~ მოახდინა, რომელსაც სერგი რეგულარულად იწერდა. ეს ბაბინები დღემდე შემორჩა. ჟენიას გადაცემის წყალობით უზარმაზარ ინფორმაციას იღებდა; მუსიკას ვიზუალური მასალაც ახლდა და ამიტომ ეს გადაცემა მისთვის ერთგვარ სარკმელად იქცა, საიდანაც სხვა კულტურების დანახვა შესაძლებელი ხდებოდა. ... ეს ის დრო იყო, როცა ახალი ტალღა, ახალი რომანტიზმი შემოვიდა, _ ბრაიან ფერი, თავისი ძალიან დახვეწილი რომანტიკული ვიდეო კლიპებით. ერთ-ერთი იყო მისიეველონი~, ათი წლის მანძილზე რომ აქტიურად ტრიალებდა. ეს იყო დახვეწილი, ფრაკში გამოწყობილი, მაკიაჟიანი მამაკაცი, ცივი გამომეტყველებით. ხშირად უჩნდებოდა სურვილი, რომ მას დამსგავსებოდა.
… როდესაც ინფორმაციის მიიღების საშუალება არ გაქვს, ალტერნატიულ წყაროებს ეძებ. ეს წყარო ისევ და ისევ რადიო იყო. თბილისში რისი საშუალება იყო? არაბულენოვანი რადიო მონტე-კარლო~, რომელიც ბეირუთიდან მოდიოდა. იქ, კვირაში ერთხელ ეთერი ჰიტპარადებს ეთმობოდა;რადიო თავისუფლება~, რომელზეც ერთი გადაცემა იყო თანამედროვე მუსიკაზე და, ჟურნალი `როვესნიკი~, რომელიც მას გამოწერილი ჰქონდა და სულმოუთქმელად ელოდა. სკოლიდან დაბრუნებული, ფოსტის ყუთისკენ გარბოდა. ეს იყო არტიომ ტროიცკის სტატიები, რომელიც მიუხედავად ცენზურისა, მაინც ახერხებდა უახლესი ინფორმაციის მოწოდებას. გავა დრო და, სერგი თავის გურუს შეხვდება და დაუმეგობრდება.

2. სერჟანტი. სერგი გვარჯალაძე / აღმოსავლური კულტურა ჰაშიშებით

მერე იყო ჯარი (1986-88 წლები), მისთვის უცხო სამყარო. როცა მიცკევიჩის კომისარიატი დაიწვა, უამრავი საბუთი განადგურდა და, შესაბამისად, არც სერგი გვარჯალაძე გახსენებია ვინმეს. იმდროინდელ შეყვარებულთან უაზრო შელაპარაკების გამო, სერგი პროტესტის ნიშნად, არმიის რიგებში საკუთარი ნებით ჩაეწერა. ვაკეში სითბოსა და სიყვარულში გამოზრდილი ახალგაზრდა, აზერბაიჯანულ ნაწილში გაგზავნეს, სადაც რადიოსადგურის ხელმძღვანელი გახდა. ეს იყო მოძრავი რადიოსადგური, რომელსაც ეკიპაჟის სამი-ოთხი წევრი ჰყავდა. ამით საშუალება გაჩნდა, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილებულიყვნენ. დააყენებდნენ ხოლმე ამ სადგურს და სასწაულმოქმედი ანტენების წყალობით, ყველაფრის დაჭერა~ შეეძლოთ: ბაქოდან ზოგჯერ თბილისის ტაქსის მძღოლების საუბარს ისმენდნენ, მუსიკა ულევი და საოცრება _ ირანის საზღვრიდან დაჭერილიმტრული~ რადიოსადგურები.
არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. აქ უპირატესობა ვაჟკაცობას ენიჭებოდა, ოღონდ არა ქუჩურს. ასეთ დროს ბევრ რაღაცასთან გიწევს ბრძოლა და თან, ყალიბდები როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. დაიწყო კოლექტივთან ურთიერთობის სწავლა.~ ის სერჟანტი იყო და ამ სამხედრო ერთეულის ე.წ.სტარშინა~. გამოცდილებასთან ერთად, შესაძლებლობა მიეცა, რომ უზარმაზარი ქვეყანა ენახა, რომელიც ერთიმეორისაგან რადიკალურად განსხვავებული კუთხეებით იყო მდიდარი.

სერჟანტი სერგი გვარჯალაძე შუა აზიაში მიავლინეს: ყაზახეთიდან ჯარისკაცები უნდა ჩამოეყვანა. მარტო გაუშვეს და პაიოკი~ მისცეს, ქართველმა ბიჭებმა სერიოზული თანხა _ 200 მანეთი შეუგროვეს. დავალება ასეთი იყო: როგორც გინდა, ისე ჩადი. მთავარია, ამა და ამ რიცხვში იქ იყო. გზა: თურქმენეთი, უზბეკეთი, თავისი სამარყანდებით და ბუხარებით. სერგიმ მგზავრობისას გაიცნო პროფესიონალი კლოუნი _ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოძრავ ცირკში მუშაობდა. საუცხოო კოსტიუმების გარემოცვაში, სერჟანტმა ორი-სამი დღე დაჰყო და შესაბამისად, მთელი აღმოსავლური კულტურა აღმოაჩინა, თავისი ჰაშიშებით. ეს იმდენად ძლიერი გამოცდილება იყო, რომ ვერასდროს იფიქრებდა, თუ საბჭოეთში მსგავსი შთაბეჭდილების მიღებას შეძლებდა. სხვადასხვა ეროვნების ხალხის გაცნობამ, გარკვეული სტერეოტიპებიც დაუნგრია: თურმე უზბეკი სულაც არ არისჩუქჩა~ და არც აზერბაიჯანელია განუვითარებელი.

3. ნაციონალური მოძრაობა. სერგი გვარჯალაძე / შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან

ჯარიდან დაბრუნებულს, განსხვავებული ქვეყანა ხვდება. ნაციონალური მოძრაობა აქტიურდება. ეს შესაძლებელი ყოფილა! გარდაქმნაში მონაწილეობა სერგიმ ალტერნატი­ული გზით მიიღო.
გაჩნდა გაერთიანებების ჩამოყალიბების მცდელობა. მან თავი მოუყარა ქიშო გლუნჩაძეს, ლადო ბურდულს, ჯგუფ ჯუკბოქსს~, დადა დადიანს და მის ჯგუფსტაქსი~ და თავისი გეგმები გააცნო. იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, ბარათაშვილის ხიდზე მდებარე კლუბში, მოდუნებულმა კომკავშირლებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ იქ დისკოთეკაც უნდა იყოს და თემატური საღამოებიც უნდა გაიმართოს. სერგი კლუბის D.ჟ. გახდა, თუმცა D.ჟ.-ს იმხანად სულ სხვა განმარტება ჰქონდა.
და სწორედ კლუბის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დაისვა საკითხი: საქართველოში არსებობენ როკ-ჯგუფები, ტარდება ფესტივალებიც (1980 წელს პირველი როკ-ფესტივალი ჩატარდა და საჭოთა კავშირში როკის პლატფორმად თბილისიც მოიაზრებოდა), მოღვაწეობენ სერიოზული მუსიკოსები; მათ შორის, ვალერი კაჩაროვის ჯგუფი, რომელმაც იმ პერიოდში გასვლა~ და ინგლისში აღიარების მოპოვება მოახერხა (ერთ-ერთი საუკეთესობიტლზ ქავერ~ ჯგუფი). ეს ყველაფერი არსებობს და რა ვქნათ?
გადაწყდა: როკ-ასოციაციის შექმნა. თავიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ გაერთიანებით საკუთარ ინდივიდუალობას დაკარგავდნენ. ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობა შედგა, მუსიკოსები მონაცვლეობით სხვადასხვა ჯგუფებში უკრავდნენ. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტელევიზიაში მათ არავინ ეძახდა, ყურადღების მიქცევა კი ჰაერივით საჭირო იყო.
… ერთ დღესაც, ქიშო გლუნჩაძემ თავისი დანგრეული მოტოციკლეტით სერგის გაუარა და უთხრა: ახლა ზვიად გამსახურდიასთან მივდივართ, ქართულ როკზე უნდა დაველაპარაკოთო. გამონაბოლქვისაგან სულ მთლად გაშავებულებმა და უცნაურად შემოსილებმა, რასაკვირველია, ყურადღება მიიპყრეს.
… საღამო იყო, როცა კოლხურ კოშკს მიადგნენ. გამსახურდია გულითადად შეხვდა მათ წინადადებას და იმწუთასვე კულტურის მინისტრს დაუკავშირდნენ, რათა ახალბედა როკერებისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ. რეალურად, ახალგაზრდებს ჩამოყალიბებული კონცეფცია არც ჰქონიათ, მათი მოთხოვნა ადუღებული სისხლით იყო ნაკარნახევი: ვიღაცამ აღიაროს, რომ ასეთი ჯგუფები არსებობს.

4.ჯგუფი სახლი~. სერგი გვარჯალაძე/როკი სმოკი და…~

დარეჯან გულიაშვილს რადიოგადაცემა, სახელწოდებით როკი ნაშუაღამევს~ მიჰყავდა, სადაცაუტსაიდერებს~ იწვევდა და სათქმელის გამოთქმის საშუალებას აძლევდა. ამ პერიოდისთვის სერგი ჯგუფ სახლში~ მოღვაწეობდა. დარეჯან გულიაშვილთან მიპატიჟებულმა, ახალი იდეები გამოთქვა, რასაც ორწლიანი რადიოეთერი მოჰყვა. ამ გადაცემას დაემატაროკი სმოკი და…~. ეს იყო ცოცხალი გადაცემა და ალბათ კომუნიკატორის~ ერთ-ერთი საწყისი ვერსია. მსმენელს საშუალება ჰქონდა, რომ პირდაპირ ეთერში დაერეკა. ეს სერიოზული გარდატეხა იყო. ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა: თურმე ქუთაისშიც რაღაც ხდებოდა. გამოჩნდა რობი კუხიანიძე. მალე ქუთაისი როკ-მუსიკოსების ასპარეზად იქცა. იქ მუსიკოსები ერთად ჩადიოდნენ. მათ თეატრის შენობას უთმობდნენ. ჯგუფიტაქსი~ კონცერტს ყველგან მართავდა, სადაც კი ამის საშუალება ჩნდებოდა.

5.`ეს მეორე არხია~. სერგი გვარჯალაძე / პრეზერვატივი

და უეცრად, გაჩნდა იდეა, რომ პირველ არხზე დაიწყოს გადაცემა, სადაც თავიდან ბოლომდე ვიდეო კლიპები გავა. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. და აქაც სერგი გვარჯალაძე ჩნდება. გარკვეული დროის შემდეგ, ყველაფერი ეწყობა და გადაცემა, სახელწოდებით ძაპო~ (ძალიან პოპულარული), ეთერშია! ერთ-ერთი რედაქტორის ძმა გერმანიაში ცხოვრობდა, რომელიც MTV-ს ჩანაწერებს გზავნიდა. საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველად, ტელეეკრანზეDepeche Mode” ჩნდება, ერთიმეორეს ენაცვლება ცხელ-ცხელი ინფორმაცია. რეიტინგი ისედაც მაღალია, რადგან მხოლოდ ორი არხი არსებობს.
`ეს მეორე არხია, მე ვარ სერგი გვარჯალაძე~. CNN-ზე მოსმენილი ფრაზა გაიმეორეს, გადააკეთეს და ეს ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა არხისთვის, რომელსაც მართალია მეორე ერქვა, თუმცა ახალგაზრდების ცნობიერებაში ის დღემდე პირველობის ასოციაციას უკავშირდება. ახალგაზრდულ არხად გადაკეთებულ სიხშირეზე ოფიციოზი არ არსებობდა. ეთერში სერგი გვარჯალაძე იჯდა, რომლის ლეგენდარული ფრაზა პაროლი იყო; პაროლი _ საოპერატოროსთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი კლიპი უნდა გაეშვათ.
მერე იყო რევოლუცია _ პირდაპირ ეთერში პრეზერვატივი გამოჩნდა. ეს ისე, უბრალოდ მოხდა. წამყვანს რაც ჯიბეში ედო, ამოიღო და სხვებსაც აჩვენა. და უეცრად, საზოგადოება დაფიქრდა: თურმე ამაზე საუბარი შეიძლება.

6.ნიქ ქეივი პირდაპირ ეთერში. სერგი გვარჯალაძე / `შოუბიზ-დაიჯესტი~. რევოლუცია.

ცნობიერება იცვლებოდა. ერთ აღტაცებას მეორე მოსდევდა. დუღდა ახალგაზრდული ენერგია და აი ისიც, ~შოუბიზ-დაიჯესტის~ ეპოქა. სერგი გვარჯალაძე, გოგიტა მეცხოვრიშვილი, დათო ლეჟავა, გიორგი ჩაგუნავა და კიდევ უამრავი სხვა, ანუ ყველა, ვისაც გაუკვალავში~ ყოფნის ეგზოტიკა ხიბლავდა. ეს ის პერიოდია, ირაკლი ჩარკვიანი კიოლნიდან რომ დაბრუნდა და ყველა დროის საუკეთესო ალბომი ჩამოიტანა _ ~SVAN SONGS~; ეს ის პერიოდია, როცა კოტე ყუბანეიშვილის რეაქტიული პოეზიის მთელი სერია იწერება. მოდის დასავლური სიახლეებისა და ნიქ ქეივის მუსიკის ხანა. შოუბიზ-დაიჯესტს~ რეაქტიული მოძრაობის რუპორის როლი დაეკისრა. მართალია, ცოცხალი ჩანაწერები არ იყო სათანადო ხარისხის, მაგრამ იყო ახალი ენერგია და მუხტი.
დადა დადიანის აგარაკზე, არაგვის პირას საცხოვრებლად გადასული ანდერგრაუნდი~, ახალ-ახალნაღმებს~ ამზადებდა და აფეთქებაც დროული იყო.

7. უხარისხო დემოები ბიტლების ქალაქში. ლივერპული. სერგი გვარჯალაძე/ ჯგუფი იშლება

მოსკოვში მოხდა პუტჩი. გარკვეული ხნის შემდეგ, გორკის პარკში დიდი კონცერტი უნდა გამართულიყო. მონაწილეობის მიღება ქართველებსაც შესთავაზეს. სერგი გვარჯალაძე, ჯგუფ გენეტიკურ კოდითან~ ერთად, 40 ათასი მაყურებლის წინაშე აღმოჩნდა. მათ ნომერს, რომელშიც რეჩიტატიული ჩანართიც იყო, დიდი ამბავი მოჰყვა. ქართველები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ჯგუფი იმხანად საუკეთესო რადიოსადგურევროპა პლიუსში~ მიიწვიეს და მთელი რიგი დაპირებები აღუთქვეს. მაგრამ ისინი მოსკოვით არ მოხიბლუ­ლან და პეტერბურგს გაემგზავრნენ.

თბილისში, უკვე ომის წინაპირობა იყო. სამშობლოში დაბრუნებული ჯგუფი ისეთ განწყობაზე იყო, რომ ვერაფერი შეაჩერებდა. მათ წასასვლელად გზა უნდა ეპოვათ. მაგრამ როგორ?
ჯგუფ ბლიცის~ წევრები ლივერპულის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. ეს უნიკალური შემთხვევა იყო და ლამის მაკარტნისაც კი შეხვდენენ. ~ბიტლზის საუკეთესო ვერსია მსოფლიოში _ ასე უწოდებდნენ მათ. ბიჭიკო ოსიპოვი (დასარტყამი ინსტრუმენტები) მაშინ ბლიციდან~ წამოსული იყო, მაგრამ საპატიო მოქალაქის სტატუსს ატარებდა. ის სერგის ჯგუფში გადავიდა. მისი ფუნქცია, რა თქმა უნდა, დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულება იყო, მაგრამ, ამავდროულად, ის ახალგაზრდებს საქართველოდან გასვლაში უნდა დახმარებოდა. ბიჭიკომ ინგლისში თავის მეგობრებს მისწერა, რომ ახალი ჯგუფი ჰყავს და სურს, რომ მათთან ერთად ეწვიოს ინგლისს. თანხმობის მიღების შემდეგ, ხმისჩამწერ სტუდიამელოდიაში~ სასწრაფოდ ჩაიწერა დემო. ჩანაწერი ცუდი იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა. ახლა ფულის პრობლემა გაჩნდა! სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთ ლატარიას რეკლამის დამზადება დასჭირდა და შეკვეთა სწორედ სერგის და მის მეგობარს მისცეს. რეკლამა დამზადდა, მაგრამ დანაპირები ჰონორარი იგვიანებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ვითარების გასარკვევად მისულ ბიჭებს უჩვეულო სანახაობა დახვდათ: ლატარიის ჯგუფი ლაგდება და გარბის. მუსიკოსები დგანან და კუთვნილ ჰონორარს ითხოვენ. გასაქცევად გამზადებულმა ფირმამ იფიქრა შარს არ გადაგვყარონ, არ შევფერხდეთო, და მოულოდნელად ფულით სავსე ხურჯინი გამოიტანეს: არ ვიცით რამდენია, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ბევრად მეტია, რაც უნდა მოგვეცაო და მანეთიანების და სამმანეთიანების შეკვრა გამოატანეს. გაირკვა, რომ ექვსი კაცის ბილეთს თავისუფლად შეიძენენ, და თითოს 500-500 ფუნტიც შეხვდება!

მართალია, ლივერპული კარგია _ ბოლოსდაბოლოს, ბიტლზის~ ქალაქია, მაგრამ ძალიან მალე მათ აღარც ფული ჰქონდათ და აღარც რეალური შანსი. მერე, ისევ მოულოდნელად, უცნაური ნარკოტიკების მოყვარული ექსცენტრული მენეჯერი გაჩნდა. ნელ-ნელა საქმე აეწყო, კონცერტების პერსპექტივაც გამოჩნდა. ისინი რადიოში მიიწვიეს, სადაც ხელმძღვანელობას ის კლიპი უჩვენეს, რომელიც ოდესღაც მეორე არხზე იყო გადაღებული. კლიპის ხარისხი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ იქ ამაში რაღაც სიახლე დაინახეს. მენეჯერმა დიმიტრიმ ქართველებს ჯგუფიEcho & The Bunny Men” გააცნო. მათი შეთავაზებით, სერგის ჯგუფი პორტის მახლობლად, მიტოვებულ შენობაში დასახლდა და დემოს ჩაწერის საშუალებაც გაჩნდა. ფაქტობრივად, ბაკუნა ნოზაძესთან ერთად, ერთ ღამეში ჩაიწერა ახალი სიმღერები, მათ შორის Es un amor”-იც. მერე იყო მანჩესტერი. ზოგჯერ საჭმელი შემოაკლდებოდათ ხოლმე. ალეკო გეგეშიძე ქუჩაში უკრავდა და ექვსი კაცი ამით ცხოვრობდა. ხუთ ფუნტად ოცი კილო კარტოფილი მოდიოდა. მრავალფეროვნებისთვის კი, დილით მრგვალად იჭრებოდა, საღამოს სამკუთხედ ფორმას აძლევდნენ.
მოკლედ, ყველაფერი მოგვარდა. ამ პერიოდში სერგიმ მომავალი მეუღლე, იუტა გაიცნო. როგორც კი საქმე აეწყო და ფული გაჩნდა, ყველამ თავისი მოთხოვნები წამოაყენა. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გადაწყეტილება მიიღეს: ჯგუფი მშვიდობიანად დაიშალა.

8.გერმანია. ენის კურსები. ცოლი. სერგი გვარჯალაძე / თბილისში ომია.

ზოგი ევროპაში გაიფანტა, სხვები ამერიკაში გაემგზავრნენ. სერგი ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა, მაგრამ მალევე გერმანიაში, ცოლთან წავიდა.
ყველაზე რთული ენის სწავლა იყო. მან ხომ ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ამ საქმეში მას იუტა და ენის კურსები ეხმარებოდნენ. მაგრამ მუსიკა?
სრულიად შემთხვევით, გაზეთში ინფორმაცია აღმოაჩინეს, რომ რომელიღაც ჯგუფი ვოკალისტს ეძებდა. პირველივე ზარისთანავე, შეხვედრა დაუთქვეს. სერგი მივიდა და `Es Un Amor” მოასმენინა. ჰკითხეს, შენი გაკეთებულიაო? უპასუხა, რომ თანაავტორია. სერგი გვარჯალაძის ბედი იმთავითვე გადაწყდა.
მიტოვებული ქარხნის შენობა, თავისი სარეპეტიციოებით და ელექტრონული მუსიკა. აქ ყველა ჯურის ადამიანი იყრიდა თავს: აფრიკელები, პანკები, ნიგერიული ეთნოჯგუფები და კოლექტიურად იქმნებოდა პროდუქცია. მის თვალწინ სულ სხვა კულტურა გადაიშალა, ისევე როგორც ერთ დროს აღმოსავლეთში, მოძრავი ცირკის მსახიობების გარემოცვაში. აქ ნარკოტიკებიც ახალი და უჩვეულო იყო _ მაგალითად ექსტაზი. გაჭიმული ეკრანები და ათასგვარი გამოსახულება. ასე იწყება. იქ ვიღაც გეკითხება, რისი კეთება შეგიძლია, ცდილობენ რაღაც მოგიძებნონ, თან ენა როცა არ იცი, ხელს გიწყობენ. ეს ის პერიოდია, როცა სერგი ინტერნეტით დაინტერესდა და ინტერნეტ-გვერდებს აკეთებდა. მაშინ ეს უახლესი მოვლენა იყო, ინტერნეტი ყველამ არ იცოდა. როდესაც ესპანურ და ფრანგულ რესტორანს ვებ გვერდი გაუკეთა და თან პატარა ანიმაციაც მიაყოლა, გაგიჟდნენ. ეს ხომ 1997 წელია, ინერნეტი ცოტამ თუ იცის.
ამით დაიწყო. მუშაობოდა ყველგან: ქარხანაშიც და კაფეშიც. იქ ყველა შრომობს და ყველანაირი შრომა ფასდება. საღამოს განტვირთვაც შეგიძლია, მუსიკას აკეთებ. ბავშვებს ერთმანეთს უტოვებენ, ძალიან ადამიანური სიტუაციაა. პარალელურად, თბილისიდან საშინელი ამბები მოდის. სხვებისგან განსხვავებით, სერგი გვარჯალაძეს ემიგრაცია არ გაჭირვებია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ის ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტისთვის მზად იყო! და კიდევ, იყო მუსიკა, ცხოვრების ლაიტმოტივი. ხალხთან ურთიერთობა ისევ ბავშვობაში მოსმენილი დისკების წყალობით ხდებოდა. უკვირდათ, სერგი ხომ იმ ქვეყნიდან იყო, სადაც ინფორმაციის მოპოვება რისკს უკავშირდებოდა.

9.ჟურნალისტი. სერგი გვარჯალაძე / უნივერსიტეტი. დიპლომი

მერე კამერა ჩაუვარდა ხელში. გადაიღო კლიპი, ნახეს და თხოვნით ტელე-რადიო სადგურში მიიყვანეს, სადაც სერგის მეგობარს დამოუკიდებელ მუსიკაზე გადაცემა მიჰყავდა. მას თანამშრომლობა სთხოვეს. სერგიმ უარი თქვა, რადგან იმ დროს ენის კურსებს აქტიურად ესწრებოდა და გერმანულს სათანადოდ ვერ ფლობდა. ისინი კი აქცენტში ხედავდნენ ხიბლს და საბოლოოდ, სერგის თანხმობაც მიიღეს. იქ მუშაობა ნებისმიერ სუპერვარსკვლავთან შეხვედრის გარანტია იყო. ხმის ჩამწერი სტუდიებისთვის ეს გადაცემა ანდერგრაუნდის~ პირდაპირი სამიზნე გახლდათ. MTV-ს ერთ-ერთ დაჯილდოვებაზე ჯარვის კოკერმა (ჯგუფიPULP”) პირდაპირ ეთერში თქვა: ვერ ხვდებით, რომ მაიკლ ჯექსონი პედოფილიაო. ამაზე ერთი ამბავი ატყდა, ჯარიმები და მითქმა-მოთქმა. ეს ჯგუფი ინტერვიუს აღარ იძლეოდა. სერგიმ მაინც მოსინჯა და ჯგუფს ინტერვიუ სთხოვა. მას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გოგონა შეხვდა, რომელიც კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავდა. საუბარი უინტერესოდ წარიმართა. უეცრად კარი გაიღო და შემოვიდა ჯარვის კოკერი, რომელმაც გოგონას რაღაც ჰკითხა. სერგის შანსის გაშვება არ უნდოდა და დიალოგის დასაწყებად ფეხბურთის თემა მოიშველია. წინა დღეს, ინგლისის გუნდმა გერმანიასთან თამაში წააგო. ჯგუფ `Pulp”-ის სოლისტიც, შესაბამისად, ცუდ გუნებაზე იყო.
_ რატომ ხართ ცუდ ხასიათზე? _ რამენაირად ხომ უნდა დალაპარაკებოდა.
_ შენ ხომ ხარ კარგ ხასიათზე? _ კითხვა შეუბრუნა კოკერმა, _ მოგვიგეთ!
ორი-სამი კვირის წინ, გერმანიასთან საქართველომაც წააგო და აქედან გამომდინარე, სერგიმაც გულისტკივილი გამოთქვა. სოლისტს, რომელსაც გერმანელის ნაცვლად, ქართველი შერჩა, საქართველოს შესახებ ენციკლოპედიური ინფორმაცია თუ ჰქონდა. საბოლოოდ კი ჩაიწერა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც სერგი გვარჯალაძემ ძალიან ძვირად გაყიდა.
ჟურნალისტური ცხოვრებით გატაცებულმა უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც რამდენიმე თვეში მიხვდა, რომ საორგანიზაციო საქმე აინტერესებს. ჯგუფი ძალიან საინტერესო იყო. მასში ერთიანდებოდნენ არაბები, ალჟირელები… რამდენიმე ხანში, ერთი ალჟირელი ბიჭი თავისი რეპორტაჟების გამო მოკლეს.

10.`არის კონტაქტი~? სერგი გვარჯალაძე / არის კონტაქტი! http://www.komuna.ge

სადიპლომოს წერის დროს, სერგის გადაადგილება უწევდა ხოლმე და ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, ამსტერდამის აეროპორტში ზაზა შენგელიას (ტელევიზიის ხელმძღვანელი) შეხვდა, რომელმაც იდეების განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.
დიპლომის თემა იყო ყოველდღიური თოქ-შოუ. სერგიმ ლექტორს შესთავაზა, რომ დიპ­ლომი ფურცელზე კი არა, ვიზუალური ფორმით მოემზადებინა.
ეს კომუნიკატორი” იყო _ დასავლეთისთვის წარმოუდგენლად დაბალ ფასებში დამზადებული დეკორაცია და უმაღლესი რეიტინგი. აქაც გაჩნდა ფრაზა, ლეგენდარული _არის კონტაქტი~. ეს გააზრებული პროექტი იყო. სერგი კვლავინდებურად აღმოჩნდა იქ, სადაც ყოფნა დროული და საჭირო იყო. საზოგადოება ტაბუირებულ თემებზე ალაპარაკდა. ამაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდნენ, როცა მეორე გადაცემაშივე გოგონა საკუთარი ძმის შეყვარების შესახებ საუბრობდა. ხალხს საუბრის სურვილი ჰქონდა და სწორედ კომუნიკატორს~ გამოუცხადეს ნდობა. ამ გადაცემამ ყველაზე კარგად იმუშავა პირველ არხზე. რუსთავი 2-ზე ეს გადაცემა ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთ-ერთ გაზეთშიკომუნიკატორის~ დახურვის შესახებ სტატია დაიბეჭდა. ფაქტობრივად, ამ ერთმა სტატიამ რეიტინგის არარსებობის შესახებ მთელი ტალღა ააგორა. სერგი გვარჯალაძემ იგრძნო, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ეპოქა იწყება: როცა მასმედია ძალაუფლებას იგდებს ხელში, მას იმის პოტენცია აქვს, რომ გაგანადგუროს.

11.მასმედია. სერგი გვარჯალაძე / `ADJARA MUSIC HALL”

ადამიანი გამოცდილებას ახალი პროექტების შემთხვევაში იყენებს ხოლმე. მთელს კავკასიაში ყველაზე საუკეთესო ტექნიკით უზრუნველყოფილი კლუბი გაჩნდა და სერგიც იქვე იყო, ახალი მედიუმის შესაქმნელად და საზოგადოებასთან საურთიერთოდ.

12. ისევ ხალხის სამსახურში. სერგი გვარჯალაძე/დასაქმებული საზოგადოება. http://www.vakansia.ge

დროის ადექვატური ადამიანი, რომელიც გამუდმებით ახლის მოლოდინშია, მზად არის ნებისმიერი ცვლილებისთვის. მოწოდებით საზოგადოებრივი ტელევიზიის მსახურს გადაცემა ვაკანსიით~, რომელიც საზოგადოებრივ არხზე კვირაში სამჯერ გადის, ამჯერად ხალხის დასაქმება აქვს გადაწყვეტილი:დამთავრდა კომუნიზმის ხანა, შენ არც სახელმწიფო გაგანაწილებს სამსახურში და ვერც მამის მეგობარი გიშველის. ერთადერთი გამოსავალი ამ დაბნეულობაში ის არის, რომ ორიენტირები და სტიმული არ დაკარგო. უნდა მოიგონო ახალი პროფესია, გაითვალისწინო, თუ რა გეზი აქვს აღებული ქვეყანას და შენც ამის შესაბამისად უნდა იმოქმედო. ბოლო ორ თვეში შესანიშნავად შევისწავლე ჩვენი ერის ხასიათი. ჩვენთან ყველანაირი ადამიანი მოდის. ჩვენ გვიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, გვიჭირს კონკრეტიკა. ამასაც ვსწავლობთ.~
ის სულაც არ თვლის, რომ საერო საქმეს აკეთებს: ასეთი ფიქრი _ მარაზმია, ამბობს. ახლანდელ გადაცემაში მისი, როგორც წამყვანის ფუნქციები, მინიმუმამდეა დაყვანილი.

13. მალე ორმოცი წლის გახდება. სერგი გვარჯალაძე / ტელეეთერიდან მიდის.

გნებავთ გულის გადაშლა დაარქვით, გნებავთ ლირიული ინტერმეცო~, მაგრამ სერგი გვარჯალაძე თვლის, რომ ნელ-ნელა უნდა წავიდეს ეთერიდან: სამ წელიწადში 40 წლის ვიქნები. 40 წლის ადამიანი შეიძლება იყოს საინფორმაციო გადაცემის, ან შუადღის თოქ-შოუს წამყვანი და ბანალურ თემებზე დინჯად უნდა ისაუბროს. ახლა უკვე ის მაინტერესებს, თუ რა ხდება კადრს მიღმა.
სიახლე არის ის, რაც ხალხს იმწუთას სჭირდება, ახლის კეთება რისკიც არის და ყოველდღიური უსიამოვნებების წყაროც. ბოლოს და ბოლოს, ყველანაირი ადამიანი არსებობს. ზოგიერთი გირეკავს და გულის გასატეხ რაღაცას გეუბნება, მაგრამ ექიმივით ეჩვევი ყველაფერს, სხვანაირად არც შეიძლება.
საქართველოში ყველა სფეროში იმდენი რამეა გასაკეთებელი, რომ სიახლე არ ილევა. ეს შეიძლება სხვა ქვეყნებშია ძველი და რუტინული, თორემ აქაურობა ჯერ უამრავი სიახლის მოლოდინშია. ცოტა ხნის წინ, არც არავის ეგონა, წიგნების მაღაზიები და ლიტერატურული კაფეები თუ გაამართლებდა. შეიძლება ისინი ამჯერად წაგებაზე მუშაობენ, მაგრამ ჩნდება ახალი მოთხოვნები, ახალი პროფესიები, რაც გარემოს რეალურად ცვლის. უსიამოვნებები ყოველდღიურად გვხვდება, მაგრამ ამას დრო და მყარად დგომა სჭირდება.
ტელევიზიით ჩვენ სულ მტრებზე ვსაუბრობთ. ჩემი ოცნებაა, რომ აღარასოდეს ვახსენოთ სიტყვა `მტერი~

14. …სიურპრიზი. სერგი გვარჯალაძე / სულ მინდოდა მეთქვა.

ბევრი ვიფიქრე, ნეტავი, როგორი უნდა იყოს ბოლოსიტყვაობა?!
ის, რაც ამწუთას აზრად მომდის, ვიცი, შეიძლება ბანალურიც აღმოჩნდეს. ვერც ისეთ ვებ გვერდს ვიხსენებ, გამოსავალი რომ ვიპოვო… ანდა იყოს:

http://www.mydarlingsergi.hot

ავტორი: ნენე კვინიკაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s