სოფი, ზღვა, სიყვარული

ეს არ არის დეტექტიური ისტორია, ეს სასიყვარულო თავგადასავალია, რომელიც პოლიციაში დაბარებით იწყება _ ბატონმა ალექსანდრემ სიგარეტს მოუკიდა; მაშინ ჯერ კიდევ ნებადართული იყო სიგარეტის მოწევა დუბლინის ბარებში, _ გაინტერესებთ?

მე თავი დავუქნიე: _ დიახ, მაინტერესებს.

ერთ-ერთ ხალხმრავალ დუბლინურ ბარში ვისხედით, ირლანდიურ ვისკის ვსვამდით, სიგარეტს ვეწეოდით. გარეთ ზამთარი იდგა, ყინავდა.

და სანამ ამბავში წინ წავიწევდეთ, გეტყვით ვინ არის ბატონი ალექსანდრე და, უპირველესად, ვინ ვარ მე. მე ვარ თაზო ზაზაძე, 1995 წელს დუბლინის უნივერსიტეტში ირლანდიურ ლიტერატურას ვსწავლობდი, ხოლო ბატონი ალექსანდრე ჩემი მფარველი და კეთილისმყოფელი იყო დუბლინში და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბატონი ალექ­სანდრე ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო ამ ერთ დროს ჩემს საოცნებო ქალაქში, რომელში ცხოვრებაც რეალურად მიჭირდა: უცხო ხალხი, უცხო ზნე და ათასი სხვა წვრილმანი.

ბატონი ალექსანდრე მენშევიკური ემიგრაციის ერთ-ერთი არცთუ ისე სახელგანთქმული წევრის, მიხეილ აბესაძის შვილი იყო. ის პარიზში დაიბადა, თექვსმეტი წლისამ მსოფლიო ხეტიალი დაიწყო (საქართველოში არ ყოფილა მიზეზთა და მიზეზთა გამო) და ათწლიანი ხეტიალის შემდეგ, დუბლინში დასახლდა, აქვე დაოჯახდა და ორი შვილის მამა გახდა. ბატონი ალექსანდრე ერთ-ერთ ბუკინისტურ საწყობში, გავიცანი. იქ მე ~ვეფხისტყაოსნის~ ინგლისური ვერსია შევიძინე, ხოლო ბატონმა ალექსანდრემ, რომელიც ჩემს გვერდით იდგა და წიგნებს ათვალიერებდა, ინგლისურად მკითხა:

_ რაში გჭირდებათ ეს წიგნი?

მე ავუხსენი, რომ ამ წიგნის ავტორი ჩემი ყველაზე დიდი თანამემამულეა, რომელიც დიდ საქართველოს მოესწრო, მაგრამ ცხოვრება მაინც მონასტერში აღასრულა, ხოლო მე _ პატარა და ცეცხლმოკიდებლ საქართველოს გამოვექეცი და მას პატივს იმით მივაგებ, რომ მისი პოემის ინგლისურენოვან ვერსიას ვყიდულობ. აქ ბატონმა ალექსანდრემ მხარზე ხელი დამადო და ქართულად მითხრა: ბოდიში, მე გატეხილი ქართულით ვლაპარაკობ, პატივი დამდეთ და შინ წამობრძანდით ჩემთან. ასე გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებოდით, ვსვამდით ზომიერად და ვსაუბრობდით აქეთურ-იქეთურზე. მიუხედავად ჩემი ათასგზის თხოვნისა, ბატონი ალექსანდრე ყოველთვის თქვენობით მომმართავდა, თუმც ჩემზე ოცდაათი წლით უფროსი იყო, ხოლო მე, თავისთავად, თქვენობით მივმართავდი ბატონ ალექსანდრეს, რადგან ვერც მიტინგებმა და ვერც ომებმა ზრდილობა ვერ დამავიწყა.

იმ დღეს ჩვენ ~ვეფხისტყაოსანზე~ ვსაუბრობდით. მე ამ პოემაში წამყვან იდეად მეგობრობა მიმაჩნდა, ბატონ ალექსანდრეს კი ქალის სიყვარული. კარგია: ირლანდიური ვისკის და სიგარეტის თანხლებით უფროს მეგობართან ~ვეფხისტყაოსანზე~ საუბარი, მაგრამ თვალებს ვერ დაიჭერ, თვალებს ვერ გააქვავებ: მე დავინახე ბარის კუთხეში მჯდომი გოგონა, რომელიც აშკარად ჩემსავით სტუდენტი იყო, მანაც დამინახა და ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. ბატონმა ალექსანდრემ ჩემი ყურადღების მისაქცევად ჩაახველა და თქვა:

_ მე მოგიყვებით ამბავს, ეს არ არის დეტექტიური ისტორია, ეს სასიყვარულო თავგადასავალია, რომელიც პოლიციაში დაბარებით იწყება _ ბატონმა ალექსანდრემ სიგარეტს მოუკიდა; მაშინ ჯერ კიდევ ნებადართული იყო სიგარეტის მოწევა დუბლინის ბარებში _ გაინტერესებთ?

მე თავი დავუქნიე _ დიახ, მაინტერესებს.

ბატონმა ალექსანდრემ თქვა: მე მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი, მსოფლიო ხეტიალი ორი წლის დაწყებული მქონდა და იმხანად ვალენსიაში ვცხოვრობდი. ვტკებებოდი ამ ქალაქის სილამაზით და ჩემი პიროვნული თავისუფლებით. იმდროინდელი ესპანეთი, მოგეხსენებათ, ფრანკოს დიქტატურის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ თვრამეტი წლის არაესპანელისთვის (შეიძლება ესპანელისთვისაც) პოლიტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მე იაფფასიან სასტუმროში ვცხოვრობდი. ჩემი საცხოვრებელი ოთახი პატარა იყო და ერთი ფანჯარა ჰქონდა. ფანჯრიდან ზღვა ჩანდა. ზღვა ხან მშვიდი იყო, ხან მღელვარე. მე ზღვის ხმაურის თანხლებით ვიძინებდი, ზღვის ხმაური მაღვიძებდა. ზღვის ღამეული ხმაური არ ჰგავს დილის ზღვის ხმაურს, ისევე, როგორც ღამე არ ჰგავს დღეს.

განმარტოებულად ვცხოვრობდი. დღეებს პორტში ვატარებდი. პორტის მუშებს ვუცქერდი, მესმოდა მათი მუშური, არაჰაეროვანი მეტყვე­ლება და ეს საუკეთესო გაკვეთილი იყო ესპანურ ენაში. ასევე, უზარმაზარ გემებს ვუცქერდი და გემით ხანგრძლივ მოგზაურობაზე ვოცნებობდი. არ დაგავიწყდეთ, რომ მე მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი და არაფერი ამ ასაკისთვის დამახასიათებელი არ იყო ჩემთვის უცხო, მათ შორის, ოცნება ხანგრძლივ მოგზაურობაზე გემით.

ყველაფერი დილით დაიწყო. მოხდა ისე, რომ ზღვის ხმაურის ნაცვლად, კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ავდექი და კართან თვალების ფშვნეტით მივედი და გამოვაღე. კარის ზღურბლს იქით სასტუმროს პატრონი იდგა _ შავგვრემანი, გამხდარი ქალი. ის ტიროდა, ხელში ქაღალდი ეჭირა და ეს ქაღალდი მე გადმომცა :

_ რა არის ეს? _ ვკითხე.
_ სენიორ, პოლიციაში გიბარებენ, _ თქვა სასტუმროს მეპატრონე ქალმა და თვალებზე გაისვა ხელი.

მე მესიამოვნა ასეთი მომართვა _ სენიორ, მაგრამ დამიჯერეთ, სიამოვნება არ არის შიშზე ძლიერი გრძნობა.

_ ჩემგან რა უნდა პოლიციას?
_ გუშინ ღამით სასტუმროს ერთ-ერთმა კლიენტმა თავი მოიკლა და პოლიციას თქვენთან გასაუბრება სურს.

მე უკვე გითხარით, რომ განმარტოებულად ვცხოვრობდი და აქედან გამომდინარე, სასტუმროს სხვა კლიენტებს არ ვიცნობდი.

_ სად არის პოლიცია? _ ვკითხე.
_ ქვევით, სასტუმროს შემოსასვლელში გელოდებიან.
_ ჩავიცმევ და ჩამოვალ, _ ვთქვი.
_ გადავცემ, სენიორ, _ თქვა სასტუმროს პატრონმა. თავი გადააქნ­-გადმოაქნია და გაოცებულმა განაგრძო: _ წარმოგიდგენიათ, ის მილიონერი იყო და ჩემს სასტუმროში ცხოვრობდა! სასწაულია! უფრო სწორად, უცნაურია. რა უნდოდა ჩემს სასტუმროში? რატომ ცხოვრობდა აქ? _ არ ვიცი, ვთქვი და კარი მივხურე.

ერთხანს საწოლზე ვიჯექი და ზღვის ხმას ვისმენდი, მერე წამოვდექი და ნელ-ნელა დავიწყე ჩაცმა.

გულწრფელად გეტყვით, მე დღემდე არ მიყვარს უცნაურ სიტუაციებში მოხვედრა, თუმც ვიცი, რომ ცხოვრება თავად არის უცნაური სიტუაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მიყვარს ცხოვრება, პირიქით, მე ცხოვრება ძალიან, ძალიან მიყვარს. ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოცემ, მით უმეტეს, ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემს ჩემისთანა ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ეხერხება ზეპირად ფილოსოფოსობა.
სასტუმროს შესასვლელში ორნი დამხვდნენ; დაბალი და მაღალი. ორივე შავგვრემანი იყო, ორივეს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. ალბათ იცით, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები ყველაზე საშიში პოლიციელები არიან. დაბალს ფეტრის ქუდი ეხურა, მაღალი უქუდოდ იყო. ორივემ საბუთები მაჩვენა და მე ასე გავიგე, რომ მაღალს მანუელი ერქვა, დაბალს _ გარსია. ჩვენ მაგიდას მივუსხედით და დაკითხვა დაიწყო. შეკითხვებს, ძირითადად, მანუელი მისვამდა, ხანდახან საქმეში გარსიაც ერთვებოდა. მანუელი კეთილი, ალალი პოლიციელის როლში იყო, ხოლო გარსია _ ჭკვიანისა და აგრესიულის. მე ყველა შეკითხვაზე პატიოსან და ვრცელ პასუხს ვიძლეოდი. კარგია, როცა დამნაშავე არ ხარ და არც არაფერი იცი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სულელს ჰგავს. თუმცა, ჩემი აზრით, სჯობს სულელს ჰგავდე, ვიდრე დამნაშავე იყო.

მანუელი და გარსია წავიდნენ. წასვლამდე დამიბარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ შემეხმიანებოდნენ.

მე თავი დავუქნიე: ნებისმიერ დროს მზად ვარ დაგეხმაროთ.

ისინი წავიდნენ. სასტუმროს შემოსასვლელში მე და სასტუმროს მეპატრონე დავრჩით, დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს.

მე ვთქვი:

_ ბევრი რამ ხდება ქვეყანაზე, _ უცებ გავჩუმდი, რადგან დროულად მივხვდი, რომ სასტუმროს პატრონს წარმოდგენა არ ჰქონდა შექსპირის შემოქმედებაზე, ასეთი რამ ადამიანს სახეზე ეტყობა, _ თქვენის ნებართვით, მე ნომერში დავბრუნდები, _ ვთქვი და კიბეს ავუყევი. კიბე ძველი იყო და ჭრაჭუნა.

ნომერში დავბრუნდი, საწოლზე მივეგდე და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რამ შეიძლება მილიონერს უბიძგოს იაფფასიან სასტუმროში დაბინავებისკენ და თვითმკვლელობისკენ, რომელშიც პოლიციას ეჭვი ეპარება და ვიღაც მკვლელს ეძებს. ასეთ ფიქრებში ჩამეძინა. მშობლიური სახლი მესიზმრა, მესიზმრნენ მშობლები. კარგი იყო მშობლიურ სახლში, მშობლებთან ერთად, მაგრამ სიზმარი იყო მშობლიური სახლი. სიზმარი იყო მშობლები.

კვლავ კარზე კაკუნმა გამაღვიძა. გაღვიძებულმა გავიფიქრე, რომ ამ სასტუმროში ჩემი განმარტოებულად ცხოვრება დაირღვა და გადავწყვიტე, რომ ხვალვე დავტოვებდი მას.

კარის გაღებით იწყება სასიყვარულო თავგადასავალი. თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით არსებობს.

მე სწრაფად ვთქვი: _ თან გეთანხმებით, თან არ გეთანხმებით.

ბატონ ალექსანდრეს გაეღიმა და გაღიმებულმა განაგრძო ამბავი: ვერ გეტყვით, როგორი იყო ის. როგორი სახე ჰქონდა, როგორი თმა, როგორი მზერა. საერთოდ, სიყვარული არ არის სახე, თმა, მზერა. სიყ­ვარული სახით, თმით, მზერით გამოწვეული გრძნობაა. მე გეტყვით, რა ვიგრძენი: გული გამიდიდდა და ენა დამიბუჟდა. არა, სიტყვებით შეუძლებელია გრძნობების გადმოცემა; მით უმეტეს, ჩემი გადაპრანჭული სიტყვებით. მე ხომ ქართული ენა წიგნებით შევისწავლე; ძირითადად, ლექსებით.

მე სისულელე ვთქვი: _ არა, როგორ გეკადრებათ.

ბატონ ალექსანდრეს გაეღიმა. მიხვდა, მე ძალიან ზრდილობიანად მინდოდა მეთქვა, რომ ის მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად.

ბატონმა ალექსანდრემ ამბავი განაგრძო: ის ჩემზე პატარა იყო, მან თქვა: _ გამარჯობა, შეიძლება შემოვიდე?!

_ მობრძანდით.

ის შემოვიდა, მიმოიხედა. მე მივხვდი, რომ სკამს ეძებდა. ვუთხარი:

_ სკამს ტყუილად ეძებთ, შეგიძლიათ საწოლზე დაბრძანდეთ.

ის საწოლზე დაჯდა, მე მივუახლოვდი, ხელი გავუწოდე და ჩემი სახელი ვუთხარი. მან ხელი არ ჩამომართვა.

_ მე სოფი მქვია. თქვენი ფანჯრიდან ზღვა ჩანს, ეს ძალიან კარგია, მე მიყვარს ზღვა.

მინდოდა მეთქვა, რომ მე ის მიყვარდა, მაგრამ ვერ გავბედე. ჩვენ, ადამიანები ყველაფერს ადვილად ვბედავთ, სიყვარულის გარდა, თუნდაც ასეთ სიტუტუცეს:

_ სოფი, ჩემს ოთახში რას აკეთებთ? _ ვკითხე.
_ ვიმალები.

მე სოფის გვერდზე მივუჯექი და ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. ზღვის ხმაური მესმოდა. მე სოფის ვკითხე:

_ მოგწონთ ზღვის ხმაური?
_ მე თქვენი გულის ხმაური მომწონს, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს; არ გეგონოთ, რომ მე თქვენდამი რაღაც დიდი გრძნობები მაქვს. _ სოფი წამოდგა. _ გინდათ ვიცეკვოთ? მე წამოვდექი.

_ მუსიკა რომ არ…

სოფიმ შემაწყვეტინა:
_ მე ვიმღერებ.

და სოფი ამღერდა. სოფი მღეროდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე. სოფი მღეროდა ძალიან სევდიან სიმღერას და ჩვენ ვცეკვავდით, ვცეკვავდით სევდიანად და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ჩვენ, ადამიანები ერთმანეთის თვალებში ძალიან პატარები ვჩანვართ, ამიტომაც დიდხანს ვერ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში ჩვენ, ადამიანებს ჩვენივე სიპატარავე გვაშინებს და არა ერთმანეთის თვალები. მე თვალები დავხარე. მე სოფის ფეხებს მოძრაობაში ვხედავდი. ლამაზი ფეხები ჰქონდა სოფის. მე კვლავ თვალებში შევხედე სოფის.

სოფიმ თქვა:
_ აღარ გვინდა ცეკვა _ და ვიგრძენი, ხელიდან როგორ გამომეცალა სოფი, როგორ დადუმდა სოფი.
_ კარგად მღერით. _ ვუთხარი.

სოფიმ სევდიანად გაიღიმა.

_ იცით, მე წესით არ უნდა ვმღეროდე. იცით, გვერდზე ოთახში მამაჩემი ასვენია, მეშინია მკვდრების და შიგ ვერ შევდივარ. მამას ახლა ტანსაცმელს აცმევენ და ჩვენ _ ჩემი ძმები, მე და მსახურები სახლში მამასთან ერთად წავალთ.
_ ვიზიარებ, _ ვთქვი. მინდოდა, მოვხვეოდი სოფის. ადამიანურად, სუფთად. მიკვირდა, რომ ჩემი დამოკიდებულება ამ გოგონასადმი ჩვეულებრივი ვნებისგან ადამიანურ, სუფთა თანაგრძნობად გადაიქცა და ეს ერთ წუთში მოხდა.

საბრალო სოფი.

_ თქვენ ქრისტიანი ხართ? _ სოფიმ მკითხა.
_ დიახ.
_ ესე იგი, თქვენ არასდროს, არასდროს მოიკლავთ თავს, მამამ კი მოიკლა.
_ არ ვიცი. _ ვთქვი.
_ რა არ იცით? _ სოფიმ მკითხა.
_ თავს მოვიკლავ თუ არა.

სოფი წამოდგა, ფანჯარასთან დადგა და მითხრა:

_ არასდროს მოიკლათ თავი.

მე ვხედავდი: სოფის, ზღვას, განვიცდიდი სიყვარულს, ადამიანურ, სუფთა სიყვარულს. სოფი, ზღვა, სიყვარული… თავში ეს სამი სიტყვა მიტრიალებდა და ვფიქრობდი, რომ არასდროს, არასდროს არ მოვიკლავ თავს და აი, ამდენი წლის შემდეგ, მე თქვენთან ერთად ვზივარ, სოფის, ზღვის, სიყვარულის წყალობით.

ბატონმა ალექსანდრემ სიგარეტი ჩააქრო და თქვა: ახლა შინ წავიდეთ, ჩემთან.

ჩვენ წამოვდექით. ბატონმა ალექსანდრემ გამაფრთხილა:
_ ჩემს მეუღლესთან სოფიზე არც ერთი სიტყვა, ჩემი მეუღლე უკვე ასაკშია და ამიტომაც ყველაფერზე ეჭვიანობს, მათ შორის ჩემს წარსულზეც…

მე ვთქვი: _ რა თქმა უნდა, არც ერთი სიტყვა სოფიზე თქვენი მეუღლის თანდასწრებით…

და ჩვენ ბარიდან გამოვედით.

ზამთარი იდგა, ყინავდა.

ავტორი: დავით ქართველიშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s