სპეც-პროექტი: ბერლინი

ბერლინი. ანგელოზები

აღმოსავლეთ ბერლინში, ცენტრისგან კარგა მოშორებით, არის ერთი გაჩერება, ბაუმშულენვეგ~. მატარებლიდან (არც კი ვიცი,ელექტრიჩკას~ ქართულად რა ჰქვია) ბაქანზე გადმოსული მოპირდაპირე სახლის მეოთხე სართულს ავხედავდი ხოლმე, იმ ფანჯარას, რომელთანაც ერთადერთი უყვავილო საყვავილე ეკიდა _ ღმერთია მოწმე, მრავალგზის ვეცადე რამის გახარება, მაგრამ არასოდეს გამომივიდა, რაღაც, ბერლინურ მცენარეებს არ ვესიმპათიურებოდი… ჰოდა, შევცქეროდი ამ ფანჯარას, და იქ შუქი ენთო ხოლმე, და იქვე, ბაქანზე მიხაროდა _ სახლში მოვედი. ცოტაცა: მხოლოდ ვიწრო, იატაკის საპრიალებელი სითხის ქიმიური სუნით გაჟღენთილი კიბე უნდა ამევლო, ხის კარში გრძელი, ბრიყვული გასაღები გადამეტრიალებინა და შემოსასვლელშივე, ფეხსაცმლის ნაჩქარევად გახდისას დამეძახა: საღამო მშვიდობისა, კარგებო!~ ორად-ორი რამ მაჯავრებდა: ის, რომ თუ ბანაობდი, ჭურჭელს ვერავინ გარეცხავდა _ რაღაც ბრიყვული სისტემა იყო, სამზარეულოში თუ წყალს მოუშვებდი, აბაზანაში მყოფი ან იმდუღრებოდა, ან ითოშებოდა; და კიდევ: ამ ოროთახიან, მაღალჭერიან, ბარელიეფებით მორთულ და ათასგვარი საგანძურით გამოტენილ ბინას ნახშირის ღუმელი ათბობდა, და მე ძალიან, სრულიად პათოლოგიური დაზარებით მეზარებოდა ოთხ სართულზე ნახშირის ბრიკეტების თრევა. ამიტომ საძინებელში, რბილად რომ ვთქვათ, ციოდა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ადამიანს გრილ ოთახში უნდა ეძინოს. იმ ბინაში ძალიან, დაუჯერებლად ბედნიერი ვიყავი და ახლა მიხარია კიდეც, რომ ბაუმშულენვეგში არაფერი მესაქმება, წასვლა აღარ მომიწევს და გული არ დამწყდება, რომ ვიღაცა სხვამ იქ ყვავილები გაახარა და იმ ძველ, ნამდვილ ბერლინურ ბინაში ვიღაცა სხვა ხარობს. ვერ ვიტყვი, რომ ბერლინში მხოლოდ ამ ბინაში ვიყავი ბედნიერი. უბრალოდ, ის სულ სხვა იყო _ ჩემი პირველი ბინა ბერლინში. ისე, თავხედი ვარ. ის ბინა მე არ მეკუთვნოდა, მისი მფლობელები იყვნენ ბატონი დოქტორი თომას ნოლი და მისი მშვენიერი მეუღლე, ქალბატონი მეჰთილდ მინორი. ძვირფასი თომა! დილას კარზე ისეთი ბრახუნი ამიტეხა, გულს შემომეყარა, და როცა აღრიალებას ვაპირებდი, რა დაგემართა-მეთქი, ყავის ქილა მომაჩეჩა:აი, ნახე, ყავის სუნმა გაგაღვიძა!~
ოქროა თომა. გოგო,~ მითხრა მან,სანამ ამ ქალაქში ვინმესთან საქმეს დაიჭერ, ჯერ მე გამაცანი, თორემ შეიძლება გოიმს გადაეყარო~. მე მივუგე, რომ ამ საქმეს რამენაირად თავადაც გავარკვევდი. მან მომიგო, რომ არა, რომ მე თბილისელი ვარ, ეს კი ბერლინია, სხვა ქალაქი, და აქაური გოიმები სულ სხვა ჯიშის გოიმები არიან. უნდა ითქვას, რომ გამიმართლა: ცოტა ხნის შემდეგ თომამ სიხარულით მომახსენა, ბერლინელმა დაგირეკაო. შენ რა იცი, რომ ბერლინელია?~ _ ვკითხე მე.ბერლინურად ლაპარაკობს,~ _ ამიხსნა თომამ.


ძალიან მიყვარს ბერლინელები და მათი სრულიად უბოროტო, მძაღე იუმორი, მაგალითად: რას ჩამომდგარხარ ვედროსავით?~ ისევე, როგორც მათი სასწაულად ბრიყვული და, როგორც წესი, უთარგმნელი ანეკდოტები. ასეთებს არაჩვეულებრივი მოქანდაკე, ჰანს შაიბი ჰყვება ხოლმე კანტშტრასეზე, თავის მშვენიერ სახლში, სადაც, თომას სახლისა არ იყოს, არ მეშინია, რომ თეთრ სუფრას წავახდენ ან ფაიფურის მარკიზას გავკრავ მხარს: შობა ღამეს კარზე კაკუნი გაისმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. შეწუხდა მარიამი, იოსებს უთხრა, მიდი ერთი, გახედე, ვინ მოვიდა, რა, არაფერი წაუკითხავთო? გააღო იოსებმა კარი და ხუთი მარტორქა დახვდა. ჩვენ სამი მოგვი ვართ,~ _ ბრძანეს მარტორქებმა,საჩუქრების წასაღებად ვართ მოსული~. ძვირფასო, ძვირფასო ჰანს!
ჩვენ აღმოსავლეთ ბერლინში ვცხოვრობდით, ჰანსი _ დასავლეთში. თუმცა თომა მუდამ ამბობდა, რომ აღმოსავლეთ ბერლინის გადასავლეთიანება ძალიან აღიზიანებს, მე უაღრესად კმაყოფილი გახლდით, რომ სულ ახალგაზრდა,15-ოდე წლის ქალაქში ვცხოვრობდი, და რაც მთავარია, ის ჩემს თვალწინ არამარტო შენდებოდა, არამედ იქმნებოდა კიდეც. `არა შენს თვალწინ, არამედ შენი თანდასწრებით და მონაწილეობით,~ _ ამიხსნა ქართულ ლიტერატურაში უკვე საუკეთესოდ აღწერილი რესტორნის მფლობელმა. ბერლინში ჩასული, პირველივე საღამოს გავრბივარ ხოლმე მასთან და მერე ზემოხსენებული ბატონი შაიბის აღშფოთებული ხმის მოსმენა მიწევს: `ადამიანო, აქამდე სად ხარ? სატაცური არ გინდა? დროზე მოდი, დროზე!~
ვისაც კი ბერლინში ცოტა ხანს მაინც უცხოვრია, აუცილებლად ეცინება, როცა ქართული სტუმართმოყვარეობისა და გულღიაობის განუმეორებლობის შესახებ იწყებენ საუბარს. ქალბატონებო და ბატონებო! დამიჯერეთ, რომ ის თეორიები, რომ ბერლინელები არაჯანსაღად პუნქტუალურები, წუწურაქები და კუშტები არიან, მტრებმა გამოიგონეს, თუმცა ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ ბერლინელებს ვინმე ერჩოდეს _ სხვა თუ არაფერი, ბერლინელი ერთობ მულტიკულტურული და კულტურული არსებაა, ძალიან უნდა გადაცდეს ჭკუიდან, რომ რამე საძაგლობა წამოსცდეს. მე, რა თქმა უნდა, მოვახერხე და ჩემი ყოფილი უფროსის საგმირო საქმეების აღწერისას ყველაზე უწყინარ და თან მაღალგანვითარებულ კაცს დავაცდენინე, ჩემი ერის საუკეთესო შვილები ასეთებს დახაუში უკრავდნენ ხოლმეო თავს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისი იყო.

საერთოდ, ბერლინელები ეროვნებას და მსგავსებს ნაკლებად დაგიდევენ. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკელებსა და რუსებზე გიჟდებიან, მაგრამ ეს ისე, ისტორიული მეხსიერების ამბავია. ამერიკელებს რაღას ერჩი?~ _ ვკითხე მეგობარს, რომელიც ქირქილებდა, ესა და ეს კაცი სულ გამოამერიკელდა, დილ-დილობით ტრეპტოვის პარკში დაჯოგინგობს და ალბათ თავის შვილს ჯესიკას დაარქმევსო.მოიცა,~ _ გამიჯავრდა, `შენ რა გგონია, ბერლინი რუსებმა და რუსებმა გაყვეს?~ რა მეთქმოდა, მართალი იყო.
ვიცი, რომ სადღაც, ბერლინის გარეუბნებში, საზიზღარი თავგადაპარსული არსებები დარბიან და უცხოელების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. მე შავი ვარ, შავი თმა მაქვს და საერთოდ, ჭეშმარიტი არიელისა არაფერი მცხია, მაგრამ არასოდეს არავინ არ შემხებია. ჩემი მეგობარი ბერლინელების დიდი ნაწილიც დაუდგენელი სისხლის მატარებელია: ცოტა მონღოლი, ნახევრად არაბი, დედით თურქი, სრულიად პოლონელი, _ მაგრამ ყველა ჩინებულად გრძნობს თავს.
მართალია, ერთხელ, აღმოსავლეთ ბერლინის გულში, პრენცლაუერ ბერგზე, ერთობ უჩვეულო სანახაობის მოწმე გავხდი. მეგობართან ერთად ფანჯრიდან ვიყავი გადაყუდებული და ვუხსნიდი, რომ მე სიყვარულის აღლუმი ძალიანაც მაინტერესებს, რადგან არასოდეს მინახავს, და თუმცა ტექნო არ მიყვარს, ქუჩაში მაინც სიამოვნებით ვიხტუნავებ. ჩემი მეგობარი სულ სხვა აზრისა იყო. ის თვლიდა, რომ სიყვარულის აღლუმი ტურისტული მასხარაობაა და ქალაქის დანაგვიანების გარდა, არაფრისმომტანი ამბავია, და ის ძალიან წუხს, რომ მეც ეს დონე აღმოვჩნდი. ასე ტკბილად ვკინკლაობდით, როცა ქვემოთ, ღია რესტორანში, გნიასი ატყდა.

ორმა ბრგე, სათანადო ვარცხნილობის მქონე და მძიმებათინკებიანმა მამრმა გადაწყვიტა, რომ თურქი მიმტანი აუცილებლად უნდა გაელახათ, და ერთი ჰკრეს კიდეც. მაგრამ სანამ ჩემი მეგობარი აყვირებას მოასწრებდა, ბათინკებიანებს ბერლინელები დაესივნენ.
ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჩხუბი იყო, რაც კი ოდესმე მენახა. ქალები კიოდნენ, ბავშვები ტიროდნენ, ძაღლები ღავღავებდნენ. ბათინკებიანებს სცემდენენ უმოწყალოდ, კათხებით, სკამებით, ფეხებით. ეს იყო დიდი გერმანელი ხალხის დიდი ბრძოლა ბათინკებიანთა მიერ შებღალული ღირსების დასაბრუნებლად, და სანამ პოლიცია მოირბენდა, ყველაფერი დამთავრებული იყო.
ძალიან კი ვისიამოვნე. ჩვენც ვიფურთხეთ და ვიგინეთ. ვგიჟდები სამართლიან ჩხუბებზე.
. . .
ბერლინი არის არა სადღაც~, არამედვიღაცასთან~. საძაგელი წინადადებაა, სავსებით გეთანხმებით, მაგრამ არ ვიცი, სხვაგვარად როგორ ავხსნა. ამ ქალაქში არ არის არც ერთი ადგილი, არც ერთი შენობა, რომლის შესახებაც ვიტყოდი, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმაო. ქალაქია, რა.

მხოლოდ მაშინ, როცა წვიმს _ უნდა ითქვას, რომ ხშირად წვიმს, _ აღმოსავლეთი ნაწილის ქუჩებისა და ნაცრისფერი სახლების შემყურე კარგად ვხედავ ხოლმე, როგორ დაიძრა პანკოვის მხრიდან საბჭოთა ტანკები. მოგონების ტაძარი, რომელიც დაბომბვის შემდეგ დანგრეული დატოვეს, ვითომდა ომის საშინელების არდასავიწყებლად, იმის ნახევარ ემოციასაც არ აღძრავს.
სხვა მხრივ კი ერთი ევროპული ქალაქია, რა, კათედრალიან-მუზეუმებიან-ხიდებიანი. არც შპრეეა დიდად შთამბეჭდავი მდინარე, საერთოდ, არაფერს ჰგავს, ვერც ახალაშენებულ უბნებს ვადიდებ დიდად _ თუ ასეთი არქიტექტურა გიყვართ, ბერლინში არაფერი გესაქმებათ, ნიუ იორკი და მისი ჯანი! მაგრამ ბერლინს სხვა სული აქვს, სულ სხვა რიტმი, რომელსაც მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, თუ ვიღაცასთან ერთად ხართ, კერძოდ _ ამის შესახებ დასაწყისშივე მოგახსენეთ _ არაგოიმ ბერლინელთან ერთად, რომელიც, სულ მარტივად, თავისი არსებობით მიგახვედრებთ, როგორ ქალაქში იმყოფებით.
ბერლინში მუდამ შეყვარებული ვარ ხოლმე, როგორც წესი, უმიზნოდ და უაზროდ. ობიექტები იყვნენ დიდ-დიდი ინტელექტუალებიც და ტყავისჟილეტიანი ბარმენებიც, და ყველა ძალიან ადექვატურად რეაგირებდა ჩემს ქართულ-ხალხურ პრანჭვაზე: მპატიჟებდნენ ოჯახურ სადილებზე და ერთ კათხა ბიტბურგერზე~, და როცა საჭიროდ თვლიდნენ, საჯაროდ იწყებდნენ ხოლმე ჩემი დიდების გალობას. ო, როგორი ქალი გვეწვია~, _ გასძახოდა ბოლო ხმაზე რესტორნის მფლობელი. დღეს განსაკუთრებით მშვენიერი ხარ, ჩემო მშვენიერო!~ არანაირად არ ვიყავიგანსაკუთრებით მშვენიერი~, უბრალოდ, მამაკაცი მახლდა და ხომ უნდა სცოდნოდა იმ ბრიყვს, როგორ გოგოსთან ჰქონდა საქმე!

`რა მოხდა, ყმაწვილო?~ _ ვკითხე ბარმენს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ჩემს თანმხლებ ბეჭედგაპრიალებულ და უაღრესად ამპარტავან ბურჟუას მოახსენა, გადახდილია, ანა აქ არაფერს იხდისო. გადაეხადა, რა დაგენანა?~ ბარმენმა ამიხსნა, რომ ის კაცი არის ნაძირალა და უკანასკნელი, რომ ის მე არასათანადო პატივისცემით მიყურებდა და ამიტომ არაფერი მჭირდა მისი დასაპატიჟებელი _წავიდეს და თავის კახპებს გადაუხადოს, დამპალმა~.
. . .
ზაფხულში, როცა ჭკუათმყოფელი ხალხი ზღვის პირას კოტრიალობს ან მთაში დაიარება, და ბერლინურ, განსაკუთრებით საძაგელ სიცხეს საკუთარი ნებით არავინ უძლებს, მე ტბებზე დავდიოდი და მერე მთელი წელი ვერ ვიშორებდი მოყვითალო, არცთუ მაინცდამაინც ლამაზ რუჯს. ეს ცალკე სამყაროა _ ბერლინის ტბები.
ცალკე სამყაროა კაფეები, სადაც მატარებლის, ანუ იმ ქართულად უსახელო ელექტრიჩკის~ ჩამოდგომამდე ინფარქტის საწინდარ ყავას ვსვამდით; ცალკე სამყარო არიან კროიცბერგელი ბიჭები და მათი ბრიყვული კითხვა:ვეძებ რაღაცას, ხომ ვერ მიშველი?~; ცალკე სამყაროა თომას მიერ ბარში დაკრული ჯაზი, თახელესის ჯამბაზები, კუნძულებზე გამართული წვეულებები, ალექსანდერპლაცზე შემოყრილი იტალიელი მუშის მიერ ნამღერი ნეაპოლიტანური სიმღერა _ რომელი ერთი ჩამოვთვალო…
ხედავთ, როგორი სენტიმენტალური ვარ? მაგრამ ასეა, და რა ვქნა? და, ბერლინიდან მომავალი, ყოველ ჯერზე ვპირდები ხოლმე 17 ივნისის ქუჩის თავზე აღმართულ ანგელოზს: `მე დავბრუნდები!~
არ ვიცი, უხარია თუ არა. ჯერჯერობით კი პირობა არ გამიტეხავს. ჩემი ნებით ამას არც ვიზამ.
ძვირფასო, მე აუცილებლად დავბრუნდები.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s