სხვა თაობა

ერთხელ სკოლიდან ანა-მარიამი მოვიდა (შვიდი წლის) და მეკითხება, _ მართალია თუ არა, რომ კოსმოსში, სანამ ადამიანებს გააგზავნიდნენ, ჯერ ძაღლები გაუშვესო. მართალია-მეთქი და ჩვენი სკოლისდროინდელი გაკვეთილი გამახსენდა, მასწავლებელმა რომ გულმოდგინედ აგვიხსნა, თუ როგორ ჩასვეს კოსმოსურ ხომალდში ორი ძაღლი (ბელკა~ დასტრელკა~) და ცაში გაუშვეს, იური გაგარინის გაფრენამდე ერთი წლით ადრე. ჩემი მოკლე ჭკუით რომ გადავწყვიტე შვილს ამომწურავი პასუხი გავეცი-მეთქი, ანა-მარიამმა ჭამა შეწყვიტა და კიდევ ერთი შეკითხვით მომმართა, _ ადამიანებამდე ცაში ჯერ ძაღლები რატომ გაუშვესო. ესეც სწორედ ისე განვუმარტე, როგორც გვასწავლიდნენ და როგორც მახსოვდა: რადგან უცნობ სამყაროში ადამიანის გაგზავნა საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული (ადამიანის სიცოცხლის თვალსაზრისით), კოსმოსში ჯერ ძაღლები გაუშვეს, შემდეგ კი _ ადამიანები. ავუხსენი მარტივად და გასაგებად, როგორც ჩვეულებრივი ამბავი და უცებ (მართლა მოულოდნელად), ანა-მარიამს ჯერ თვალები აუცრემლდა, _ ძაღლები მოსაკლავად როგორ გაიმეტესო, და მერე ისე ატირდა, რომ საღამომდე ვერ დავაწყნარეთ. როცა ჩვენც დავმშვიდდით და იმაზე დავფიქრდი, თუ რა უნდა ყოფილიყო შვიდი წლის ანა-მარიამის ასე აღელვების მიზეზი, გამახსენდა, რომ ჩვენს საბჭოთა ბავშვობაში (არა მხოლოდ მე), საერთოდ არ არსებობდა ბავშვი, ვინც იმ ძაღლების გამო იტირებდა, რადგან იმ კოსმოსურ ექსპერიმენტს აღვიქვამდით, როგორც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ მოვლენას და ძაღლების კოსმოსში გაშვება სისასტიკედ სულაც არ გვეჩვენებოდა.
როგორც ჩანს, საქართველოში, მართლა ახალი, სხვა თაობა გაჩნდა…

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s