ციმაკურიძის ექვსში _ უწინ და დღეს

1996 წელს მხატვარ ირაკლი სუთიძის ოჯახმა ციმაკურიძის ქუჩაზე სახლი იყიდა. ქეთევან კორძახია, მხატვრის მეუღლე, აღტაცებული ჰყვებოდა, როგორი შესანიშნავი სახლი შეიძინეს: ძველი, რიკულებიანი აივნით, და რომ ეს სახლი მე-19 საუკუნეში ძალიან მაგარ ხალხს აუშენებია.
მითებს სიზუსტე არ ახასიათებს _ ან რაში სჭირდება? ფაქტი ისაა, რომ ჩვენი დედაქალაქის ძველ უბანში, ჩუღურეთში, დღემდე დგას სახლი, რომელიც მრავალი, მრავალი წლის წინათ თბილისელთათვის რომანტიკული სახელის მქონე ქალს ეკუთვნოდა, ფელიცია მონასტირსკაიას. ის ლამაზი იყო _ ცხადია, უშნო ქალის შესახებ ლეგენდა არავის სმენია. ის იყო ჭკვიანი, კეთილი, არცთუ ისე ბედნიერი, მაგრამ ყველას უყვარდა, და ჩუღურეთის რამდენიმე მკვიდრი დღესაც ამტკიცებს, რომ სწორედ მისი წყალობით დაიბადა. ეს უკანასკნელი ამბავი საკმაოდ საეჭვოა, თუნდაც იმიტომ, რომ დროში ხდება აცდენა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი…
აი, სწორედ ამ დანარჩენის შესახებ გიამბობთ.

ცოტა არ იყოს, სევდიანი ამბავი
თავისთავად, ეს სახლი ქალაქში არც ყველაზე ძველია და არც ყველაზე ლამაზი. ის ძველი კუკიის უბანში დგას, პატარა ქუჩაზე, რომელსაც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში “არქიპოვსკი პერეულოკს” ეძახდნენ და რომელიც იმხანად არსენალისა და კრასნოგორსკის ქუჩებს აკავშირებდა ერთმანეთთან. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მას ციმაკურიძის ქუჩა ჰქვია (მათთვის, ვინც არ იცის, _ მე, მაგალითად, არ ვიცოდი: ციმაკურიძე ყოფილა საბჭოთა მხატვარი, პეიზაჟისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქართული რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი).
ორსართულიანი სახლია, აგურისა. ძნელი სათქმელია, როგორ გამოიყურებოდა ის ოდესღაც _ ძველი გეგმა არ შემორჩენილა. ერთი კია, რომ მისი სიამაყე, ყველაზე ძველი დეტალი _ ხის აივანი, როგორსაც თბილისურს~ უწოდებენ ხოლმე, ახლაც ადგილზეა. ასეთებს გარე ფასადზე მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლების შემდეგ აღარ აკეთებდნენ. ასე რომ, ნამდვილად საამაყო დეტალია, სახლის ასაკისა და, შესაბამისად, პატივცემულობის მანიშნებელი. ასეთ სახლებს, როგორც წესი, არქიტექტორი არ ჰყავდა ხოლმე. მათ აშენებას არავინ არავის უკვეთავდა _ შეკვეთილი სახლები მონუმენტური იყო, ძვირიც ღირდა. ჩვენი გმირისთანა სახლები, უბრალოდ, ხელოსნების ნაგები იყო. ისე, არც ეს ხელოსნები იყვნენ ხელწამოსაკრავი, თავიანთი დროშები ჰქონდათ და თავიანთი ღერბი, მართალია, მხოლოდ 1865 წლამდე, სანამ ხელოსანთა აჯანყება მოხდებოდა, მაგრამ ჩვენი სახლი, როგორც აივანი გვაუწყებს, 1860-მდე აშენდა. შესაბამისად, მთლად დროშიან-ღერბიანთა მიერ ყოფილა წამოჭიმული! ჰყვებიან, რომ ეს სახლი ვინმე აპოლონ მონასტირსკიმ ააშენებინა. ჰყვებიან, ეს კაცი ბაქოს რკინიგზაზე მსახურობდა და ისეთი შეძლებული ყოფილა, რომ კიდევ ორი სახლი ჰქონია თბილისში წამოჭიმული. რა ქარმა მოიყვანა ქალაქ თბილისში აპოლონ მონასტირსკი, უცნობია. საერთოდ, ბურუსით მოცული პიროვნება ბრძანდება: ბაქოს სახელმწიფო არქივში მის შესახებ არანაირი საბუთი არ გააჩნიათ.კავკასიურ კალენდარს~ თუ დავუჯერებთ, ის რკინიგზაზე კი არა, ბაქოს საოლქო სასამართლოში მუშაობდა, მაგრამ რად გინდა _ არც სასამართლო არქივებშია ნახსენები. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი ნამდვილად ვიცით: რომ აპოლონ მონასტირსკიმ თბილისში, “არქიპოვსკი პერეულოკში” სახლი ააშენა და რომ მის ცოლს სახელად ფელიცია ერქვა.
ფელიციას ქალიშვილობის გვარი არ ვიცით. არც ის ვიცით, გათხოვებამდე რა ბედში იყო. ერთი პატარა, ძველი, გაქუცული ფოტოსურათის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, პუტკუნა, ქერათმიანი ქალი იყო, გამჭვირვალე, სევდიანი თვალებით. მაინცდამაინც მდიდრულად ჩაცმული არაა, მაგრამ გაჭირვებითაც ნამდვილად არ უჭირდა _ სხვა თუ არაფერი, იმხანად ფოტოსურათის გადაღება დიდი ამბავი იქნებოდა, თან საკმაოდ ძვირადღირებული.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფელიციამ თბილისის სათავადო საადგილმამულო ბანკიდან თავისი დაგირავებული სახლი გამოისყიდა, 3000 ვერცხლის მანეთად. იაფი არ გადაუხდია, თავად განსაჯეთ: იმხანად ძროხა ოთხი მანეთი ღირდა და ერთი მანეთი ცხრა გრამ ვერცხლს უტოლდებოდა!
1904 წელს არქიპოვსკი პერეულოკის ექვს ნომერში უკვე სამშობიარო სახლი იყო გახსნილი, და გაზეთში «Тифлисცкий листок», 1905 წლის 4 იანვარს, სამშაბათს, განცხადება გამოქვეყნდა: `მეანი ქალი ფელიცია მონასტირსკაია იღებს ავადმყოფებს და ორსულებს, ყოველდღიურად, შაბათობით _ ხელმოკლეებს, უფასოდ. აკეთებს მასაჟს. კუკიის მე-9 უბანი, არქიპოვის შესახვევი, სახლი ნომერი 6~.
მაგრამ ფელიციას წარმატებული ექიმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე წლის 20 მარტს, თავისი ანგელოზის დღეს, ფელიციას თოთხმეტი წლის ქალიშვილი, კლავდია გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ტიფი ჰქონდა _ იმხანად ქალაქში სწორედ ტიფი მძვინვარებდა. ფელიციამ ეს ამბავი ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. დედა-შვილი ერთად დაკრძალეს, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.
ხომ საშინელი ამბავი გიამბეთ?

კარგი ამბავი
მოდით, ახლა სიხარულით შევხედოთ ამჟამად ციმაკურიძის 6-ს, რომელსაც შემდგომში სახლს~ ვუწოდებ – რა ამბავია ამდენი მისამართის დაზუსტება! ამ სახლში ხომ ბევრად ნაკლები ადამიანი დაიჩაგრა, ვიდრე გაბედნიერდა. სხვა თუ არაფერი, რამდენი ადამიანი მოევლინა მიწას! ტყუილად კი არ ამტკიცებენ თავმოყვარე ძველი ჩუღურეთელები, რომელთაც მათუსალას ასაკისა და მსგავსების გამო პასუხი დიდად არ მოეთხოვებათ, ჩემი დაბადებისთვის მთლად ფელიცია მონასტირსკაიამ იზრუნაო! იმის მერე, რაც სამშობიაროს სტატუსი დაკარგა, ამ სახლში უამრავმა ადამიანმა იცხოვრა _ მოგეხსენებათ, ნათელ საბჭოთა წლებში დიდად არავის ახარებდნენ. მე კარგად მახსოვს იქ მცხოვრები ერთი სამაგალითოდ ავი ქალი, რომელიც ბავშვობას მიმწარებდა: იქვე, სიახლოვეში ვცხოვრობდით და ზამთარში ბავშვები ციმაკურიძეზე ციგით ვსრიალებდით ხოლმე, და ის მხეცკბილი არ გვახარებდა, თოვლს მდუღარეს ასხამდა, თან თავის სახლთან კი არა, შუა ქუჩაში... ახლა კი სახლი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ქეთევან კორძახიასა და ირაკლი სუთიძეს ეკუთვნის. იქ, ცხადია, ბაბუაც ცხოვრობს, შვილიც, რძალიც და კავკასიური ნაგაზი თუთაც, მაგრამ ჩემთვის ეს მაინც ქეთევანის და ირაკლის სახლია. ირაკლი კი ამბობს, მე რა შუაში ვარ, სახლი ქეთიმ გააკეთაო, და ქეთი კი ამტკიცებს, რომ საერთოდ არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც. სახლი ძალიან ლამაზია, სწორედ ისეთი, როგორზეც ალბათ ყველა ოცნებობს _ თან დიდი და თან მყუდრო, თან წვრილბურჟუაზიული სიხარულისა არაფერი სცხია და თან სამაგალითოდ მოვლილია. ჩემი განსაკუთრებული ტრფობის საგანი სააბაზანოა, კუთხის ოთახი, რომელშიც ალბათ ვერასოდეს გავიხდი _ იმხელაა, რომ თავი ქართული ექსჰიბიციონიზმის ნათელი სახე მეგონება. ციმაკურიძის 6-ის სტუმარი, პირველ რიგში, თვალების ცეცებას იწყებს. როცა პატარა ვიყავი, მიხსნიდნენ ხოლმე, რომ ეს უზრდელობაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ოთახი სწორედ იმიტომაა მორთული, რომ სტუმარმა თვალები აცეცოს _ უჯრებში ხომ არ ძვრება, ბოლოს და ბოლოს! თვალის და გულის გასახარელი სახლის შემოსასვლელშივე უხვადაა: იქაურობა ადრეული შუასაუკუნეების მონასტრის ტალანს ჰგავს, მაღალი, ვიწრო სარკმელით, ხის კიბით და, რასაკვირველია, ირაკლი სუთიძის ნახატებით. ამ სახლის კედლებს რამდენიმე პეჩვორკიც ამშვენებს: ოდესღაც ქეთევანი სწორედ საბნების კერვით არჩენდა ოჯახს. ის ამაყად ჰყვება, რომ ასეთი საბნის შეკერვას მხოლოდ სამ საათს ანდომებს ხოლმე. ისეთი ლამაზებია, მე ნამდვილად ვერასოდეს გადავიფარებდი _ ზოგი კი ახერხებს. ალბათ როგორ გიჟდებიან საკუთარ თავზე! მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ოთახში ნახავთ ფარდაგებს, უჩვეულო ქოთნებს და ქილებს და მსგავსებს და მსგავსებს, აქ არასოდეს გექნებათ იმის შეგრძნება, რომ ოთახში მთავარი ნივთია და არა თქვენ. უცებ განვმარტავ: ერთხელ, ერთ შესანიშნავ ხელოვანთან სტუმრობის დროს, ჩემმა თანამგზავრმა მითხრა, რომ მთელს სივრცეში ყველაზე ულამაზო ქმნილებები, პრინციპში, ჩვენ ვიყავით, და ამან ძალიან მომიშალა ნერვები. ჰოდა, ციმაკურიძის 6-ში ასეთი რამ აზრადაც არ მოგივათ, ყველაფერი ადამიანისთვისაა, და მე დარწმუნებული ვარ _ აბსოლუტურად არაფემინისტური სულისკვეთებით _ რომ ეს ქეთის დამსახურებაა, მისი ხელოვნება. მე (შურით): როგორ მოახერხე ამხელა გვიმრების გაზრდა? ქეთევანი: დილით რომ ავდგები ხოლმე, აი, ასე ვეხვევი და ვეუბნები:ჩემო ულამაზესო!~
ასეთები რომ ყოველ დილას მიძახო, შეიძლება ისევ დავიწყო ზრდა…
… მრავალი წლის წინათ, როცა გალერეა თMშ-ში ირაკლი სუთიძემ თავისი ახალი ნამუშევარი მოიტანა, ქეთევანის რეაქციამ ძალიან გამართო: ის დაუფარავად უკმაყოფილო ათვალიერებდა, ჩემი აზრით, მშვენიერ ქალის პორტრეტს.
მე: რას ერჩი, მშვენიერი ნამუშევარია.
ქეთევანი: არ ვარგა. ამას შავთმიანი ქალები საერთოდ არ გამოსდის.
კომენტარი: ქეთევან კორძახია ჟღალი გახლავთ.
ირაკლი სუთიძის შესახებ რამის მოყოლა საკმაოდ რთული საქმეა. ის, უპირველეს ყოვლისა, მხატვარია. შესაბამისად, მისი შემოქმედების შესახებ თხრობა ხელოვნებათმცოდნეთათვის მიმინდვია. ისიც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელი საქმეა _ თუ გაინტერესებთ, ნამუშევრები ნახეთ. მე მასთან ამ თემაზე საუბარი არ გამომდის. მაგალითად:
მე: (აღტაცებული) რა მაგარი ჩიტი დაგიხატავს!
ირაკლი: ჰო. (გახარებული) დეგენერატია.
აჰა!
ირაკლი სუთიძე მეზღაპრეა. ის ხატავს ულამაზეს ქალებს, ჯადოსნურ ცხოველებს, არარსებულ ქალაქებს, კეთილ, თაიგულებით ხელდამშვენებულ დევებს და მათ უშნო, მაგრამ გაპრანჭულ და უაღრესად სიმპათიურ ცოლებს… ირაკლი სუთიძეს უყვარს მოგზაურობა, თევზაობა და ცხენები. ერთ ცხენს მეც ვიცნობ, თბილისში ცხოვრობს და თავისი პატრონის პერსონალურ გამოფენაზეც იყო მობრძანებული. მართალია, დარბაზში შესვლა არ ინება, ქუჩაში წიწკნიდა ბალახს, მაგრამ მაინც იქ იყო, როგორც მხატვრის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი. მეორე ცხენი კი, ლურჯა, არასოდეს მინახავს _ ის ხევსურეთში ცხოვრობს. მასთან წასვლისას ირაკლიმ უამრავი საჩუქარი მოამზადა: მორთული აღვირი, უნაგირი…
მე: მერე, შენი აქაური ცხენი არ იეჭვიანებს?
ირაკლი: არა მგონია. მე არაფერს ვეტყვი.
მიდი და ენდე ამის მერე მამაკაცებს…
… თავისთავად, უაღრესად სასიამოვნოა, როცა საამაყო მამა გყავს, სახელგანთქმული ქმარი და კარგი შვილი. მეორე მხრივ (ფემინისტი არცერთ ადგილას არ ვარ, სწორად გამიგეთ), ყურს მჭრის ხოლმე, როცა ამბობენ, რომ ქეთი გურამ კორძახიას ქალიშვილია, ირაკლი სუთიძის ცოლი ან გუგა სუთიძის დედა. ქეთი არის ქეთევან კორძახია და მერე კი _ იხ. ზემოთ.
ამ ქალბატონის ხელოვნების და ხელოვანების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მართობს ხოლმე. მაგალითად, მისი კლასიფიკაციის თანახმად, არსებობენ სრულიად განსაკუთრებული ჯიშის შემოქმედები: კონცეფცუალისტები (კონცეპტუალისტებში არ აგერიოთ!) და ძუნძგლები. ძუნძგლის ფაქტურაა მთავარი~ _ განმარტავს ქეთი.ჭუჭყიანი კი არაა, ან გაუზრდელი, ან უპატრონო, ან უნიჭო _ არა, ძუნძგლია~. ქეთევანი ძუნძგლებზე არ გიჟდება.
ბარბარიზმების ტრფიალი არ გახლავართ, მაგრამ იმას, რისი დედაც~ ქეთევან კორძახია გახდა, მაინც ლენდ-არტს ვუწოდებ და არამიწის ხელოვნებას~. უცებ ავხსნი: ლენდ-არტი არის ხელოვნება, რომელიც მთავარ მხატვრულ მასალად თუ ობიექტად რეალურად არსებულ პეიზაჟს იყენებს, ანუ ხელოვანი ცდილობს ხელოვნება მუზეუმებიდან და გალერეებიდან გაიტანოს და ბუნებას დაუბრუნოს. ლენდ-არტი დასაბამიდან არსებობდა, ადამიანთა მოდგმის გაჩენიდან, და მისი დღევანდელი ფორმები უძველესი ხელოვნებისაგან დიდად არ განსხვავდება.
ჩემი გულის გასახარად, ლენდ-არტის ხელოვანები არც წამის შეჩერებას ცდილობენ და არც თავიანთი ქმნილებების უკვდავყოფას. ზოგიერთები ამბობენ, ეს ხელოვნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანს ბუნებისა შურს _ თვითონ მოკვდავია, ბუნება კი მასზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობსო, მაგრამ მე ამ ლოგიკას დიდად ვერ მივხვდი.
ოდესღაც, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ამერიკისა თუ ევროპის კონტინენტებზე მრავალი ადამიანი გაუდგა გზას. ისინი მოგზაურობდნენ და გზად ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ, ეფემერულ ქანდაკებებს ქვებისგან, ტალახისგან, მცენარეებისგან, წყლისგან… შესაძლოა, ზოგიერი ნამუშევარი დღემდე შემორჩა და ვინმე ტყეში გადააწყდება კიდეც. ასე რომ, თუ ოდესმე ვინმეს თავში უჩვეულო აზრი დაებადება და კუნძულ ნარგინისკენ აიღებს გეზს, უცნაურად მოხატულ კედლებსა და ნახევრადდანგრეულ შენობებში ჩამალულ ობიექტებს ნახავს. მაგრამ ალბათ ვერასდროს ვერავინ ვერ მიხვდება, რა განიცადეს, რა იგრძნეს და რა დატოვეს გადარეულმა~ მხატვრებმა ამ უცნაურ ადგილას.ჩვენც ძალიან ვეცადეთ~ _ ამბობს ქეთი. მე არა, მხატვრები~. ალბათ ხევსურეთშიც ვერ გაუგიათ, რას დარბოდნენ აღმა-დაღმა ვიღაც უცნაური კაცები, ან ღამით რა ცეცხლს ანთებდნენ, ან წყალში რა უნდოდათ... მაგრამ ლევან დადიანის მიერ არღუნში გადაყრილი და დინების მიერ წაღებული ანთებული სანათურების მწკრივი ადრესატს ნამდვილად მიაღწევდა: ჩეჩნეთში ვინმე მაინც დაინახავდა მოციალე ნათურებს, წერილს საქართველოდან _ და გაუხარდებოდა. ანატორის აკლდამებთან კი კარგახანს იდგა _ იქნებ ახლაც დგას? _ ხევსურეთისთვის სრულიად უცხო კაცის მიერ დადგმული ფიალა, რომელიც გასულ წელს, ზაფხულში, ვიღაც უცხო ხალხმა მდინარიდან პეშვით ამოტანილი წყლით აავსო და რომელშიც ვიღაც წითელთმიანმა ქალმა ყვავილები ჩაყარა. ეს ჟღალი ქალი ქეთი იყო _ ამას თავადაც მიხვდებოდით. ეს მხოლოდ კავკასიური ლენდ-არტი არაა: ქეთევან კორძახია კავკასიელ ხელოვანთა პოტენციას ყიდის _ სწორედ კავკასიელების და არამარტო ქართველებისა. მისი თქმით, ეს მხატვრები მრავალი ათწლეულის განმავლობაში ისე ქმნიდნენ ხელოვნებას, რომ მყიდველზე არ იყვნენ ორიენტირებული, მათი ხელოვნების მნახველი მსოფლიოს ერთი მეექვსედი თუ შეიძლება ყოფილიყო _ ისიც, საუკეთესო შემთხვევაში. მოკლედ, დახურულ სივრცეში იყვნენ, კუნძულზე თუ ციხე-სიმაგრეში _ როგორც გენებოთ.და ვინც იქიდან გამოაღწევს, ჩათვალე, რომ ზონიდან~ გამოაღწია~ _ განმარტავს ქეთევანი.თუ მაგარი ხარ, გაბედე, შედი და უკან გამოსვლაც მოახერხე, დაუმტკიცე შენს თავს, რომ ნამდვილი შემოქმედი ხარ, რომ ყველაფერს გაუძლებ, და რომ ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია კი არ გაშინებს, არამედ ძალითა და ენერგიით გავსებს, რომ ყველგან, ყოველთვის შეგიძლია იპოვო სულ პაწაწინა რამ, რაც შეგაძლებინებს სიცოცხლე გააგრძელო.
პრაქტიკულად ყველაზე მძიმე პირობებში, უმძიმესი დამთრგუნველი აურის პრესის ქვეშაც, მხატვარი მხატვრად რჩება და ქმნის.
ქმნის მითს, ცხოვრების ზღაპარს, რომელსაც ყველას უყვება.
ხშირად მას ყურს უგდებენ, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას არ სჯერა.
დაიჯერეთ. ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ აქ ვართ. ვცოცხლობთ, ვმუშაობთ და გვიხარია~.
ციმაკურიძის ექვსი ჩემთვის ამ თეორიის ნათელი დასტურია: პატარა ციხე-სიმაგრე, პატარა კუნძული. მფლობელებს ის ძალიან უყვართ _ ცხადია! და როდესაც ერთხელ ვიღაცას ამ უბნის სრულად რეკონსტრუქციის და, შესაბამისად, ციმაკურიძის 6-ის დანგრევის ავადმყოფური აზრი გაუჩნდა, ირაკლი სუთიძემ მშვიდად მითხრა, თოფით ჩავსაფრდები და ახლოს არავის მოვუშვებო. მე მესმის მისი.

P.შ. და თუკი უფრო დაწვრილებით ისურვებთ ამ ამბების გაგებას, მისამართი მოგეხსენებათ: ციმაკურიძის ექვსი. ოდესღაც მონასტირსკის მიერ აშენებულ კარგ სახლში დღესაც კარგი ხალხი ცხოვრობს _ ჯადოსნური სამყაროების შემქმნელები: ირაკლი სუთიძე და ქეთევან კორძახია. ეს სახლი კი მათი ერთობლივი შემოქმედება გახლავთ.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s