წიბახა

~ერთხელ ვიღაცამ დარეკა, წიბახას სთხოვეთო. მამამ ყურმილი აიღო: რომელი წიბახა გინდათ, მთლად უფროსი, საშუალო, თუ პატარებიო. ყველანი წიბახები ვართ. აბა, ამხელა გვარის თქმა არ გინდა?~ თუმცა ოფიციალურად მეტსახელი წიბახა ამერიკაში შეარქვეს. გურამს მაშინ ნიუ-იორკში ჰქონდა გამოფენა.იქიდან დამირეკეს, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ამხელა გვარი რა ამბავია, უნდა შევამოკლოთო. რაც გინდათ, ის ჰქენით-მეთქი.~ ასე გამოიფინა ნიუ-იორკში გურამ წიბახის ნამუშევრები. `მერე ვიფიქრე, ალბათ ებრაელი ვეგონეთ. ექსპოზიცია გოლდშტაინის გალერეაში შედგა. გაზეთში სტატიაც ვიღაც ებრაელმა ჟურნალისტმა დაწერა. გახსნაზე 16 ნამუშევარი გაიყიდა, ორი ფოტო ბრუკლინის მუზეუმმა იყიდა. ბრუკლინის მუზეუმი კი მოგეხსენებათ… ალბათ იფიქრეს, ჩვენს ძმას იქ ხომ არ უჭირსო და……~

გურამ წიბახაშვილი, იგივე წიბახა. გეცოდინებათ, წიბახას ყველა იცნობს. არ იცით?! თქვენ რა, საქართველოში არ ცხოვრობთ? ფოტოგრაფი – ასე უწოდებს თავის თავს, სხვები ფოტოხელოვანს ეძახიან. სხვათა შორის, შესანიშნავი, დაუზარელი და, რაც მთავარია, საინტერესო მოსაუბრეა. მისგან ყოველთვის რაღაც სიახლეს ელით და თანაც, ყოველთვის აქვს სტუმრებისთვის კარგი ჩაი, რაც საბჭოთა დროს ჩაის კულტურით განთქმულ საქართველოში ახლა, სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულა. არა, თუ ჩაის არ სვამთ, ყავა იყოს.
შაქრით თუ უშაქროდ?

სტუდია დღეს უკვე რელიკვიადქცეული სოცრეალიზმის ატრიბუტებითაა სავსე. ფანჯრის სიახლოვეს, კედელზე ორი პორტრეტია – თამამად მომღიმარი მერლინ მონრო და ხშირ ულვაშებში ღიმილჩაბრუნებული სტალინი. არ იფიქროთ, რომ ჩვენი მასპინძელი გაქანებული სტალინისტია (მერლინ მონროზე ვერაფერს მოგახსენებთ). უბრალოდ, დიდი ხანია დაინტერესებულია კიჩური ხელოვნებით. სტალინიც და მერლინ მონროც ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოები ორიგინალურად არის დამზადებული – კინოფირისგან (ერთ რამეს ვერ დაუკარგავ, ყველაფერში ორიგინალურია, თუმცა ამბობს, ჩვეულებრივი ვარო). ფირს ცხელ წყალს ასხამდნენ და აჩარჩოებდნენ. ესეც კიჩური მიდგომაა. პორტრეტები ნავთლუღის ბაზარზეა ნაყიდი. ძველი ნამუშევრები არაა, ახალი გაკეთებული უნდა იყოს. სტალინი – სტალინისტებისათვის, მერლინი – ასაკოვანი მექალთანე მამაკაცებისათვის. სტუდიაში კი ისინი ერთმანეთის გვერდზე მოხვდნენ: სტალინი – მერლინისათვის, მერლინი – სტალინისათვის. იდეოლოგიური მტრების ვირტუალური ინტიმი.

წიბახას შპარგალკები~ სკამზე მილან კუნდერა დევს. ახალი გამოცემა. იასამნისფერი ყდით (ამასობაში რომანის სათაური კი დამავიწყდა. ეგ ხომ ბევრს წერს). ტელეფონთან გადაშლილია კეროლისალისა საოცრებათა ქვეყანაში~. ალისას~ ხშირად კითხულობს – მარტივი წასაკითხია და თან ეს აბსურდიც ძალიან მიმზიდველია.ყოველი წაკითხვისას რაღაც სიახლეს აღმოაჩენ ხოლმე.~ კიდევ? – კიდევ ძალიან მოსწონს ჯოისის ულისე~. თუმცაულისე~ მხოლოდ ერთხელ წაიკითხა – იმას მეორედ რა წამაკითხებს.~ როცა ნიკო ყიასაშვილის ცნობილი თარგმანი გამოიცა, მაშინაც ასე უფიქრია: ამხელა წიგნს რა წამაკითხებსო, მაგრამმერე საკუთარ თავს ვუთხარი, სირცხვილია, ბოლოსდაბოლოს, ერთ წელიწადში ხომ წავიკითხავ-მეთქი. თავიდან გამიჭირდა, მერე გამიტაცა. ბოლოს კი მივხვდი, რომ მთლიანად ნაწარმოების გავლენის ქვეშ მოვექეცი.~ ეს ყველაფერი ქვეცნობიერად მოხდა. მხატვრული შთაბეჭდილებები ყველაზე კარგად მის ფოტონამუშევრებში აისახა. ასე შეიქმნა გურამ წიბახაშვილის ფოტოსერია `ულისეს~ თემაზე. სერიის ათიოდე სურათი ბატონი ნიკოსთვისაც უჩუქებია. გურამ წიბახაშვილის კოლექციაში კი ნიკო ყიასაშვილის ხელნაწერიც ინახება – ნაწყვეტები ჯოისის თარგმანიდან…

პირველი გამოფენა
პირველი გამოფენა 1985 წელს ჰქონდა. მაშინ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა საგამოფენო დარბაზი: მანამდე კომბლესავით ვმუშაობდი. ფოტოებს ვიღებდი და ჭერში ვაწყობდი... მერე კი თავხედობა გამოვიჩინე. თანაც ყველა ფოტოგრაფის ტელეფონის ნომერი გავიგე, დავურეკე და გამოფენაზე დავპატიჟე.~ უცნობი ფოტოგრაფის გამოფენაზე უამრავი ხალხი მოვიდა.მაშინ ურთიერთობის დეფიციტი იყო. ახალი ფოტოების დათვალიერებაზე მეტად მხატვრებსა თუ ფოტოგრაფებს ერთმანეთთან დალაპარაკება უნდოდათ.~
წიბახას უბნური ცხოვრება
კატა უნდა წაიღო სასაფლაოზე შუაღამისას, ისეთ ადგილას, სადაც ბოროტი ადამიანი ასაფლავია. და აი, შუაღამისას მოვა ეშმაკი, შეიძლება, ორი ან სამიც; მაგრამ მათ ვერ დაინახავ, მხოლოდ გაიგონებ, თითქოს ქარი ზუზუნებსო. შეიძლება ისიც გაიგო, ერთმანეთს როგორ ელაპარაკებიან. როცა ისინი მკვდარს წაათრევენ, უნდა ესროლო მკვდარი კატა და თან თქვა:ჯოჯო მისდევს მკვდარს, კატა მისდევს ჯოჯოს…~

მარკ ტვენი, `ტომ სოიერის თავგადასავალი~

თბილისის ერთი ტიპიური უბანი, უფრო სწორად _ გარეუბანი. ტყე, რომელიც ახლა თითქმის გაჩეხილია და ძველი სასაფლაო, პატარა გორაკზე შეფენილი. სკოლის ფანჯრები სასაფლაოსკენ მიმავალ გზას გადაჰყურებს. `იმასაც შევეჩვიე, რომ ადამიანი იბადება და კვდება. ხშირად ამას ძალიან გვიან ეჩვევიან ხოლმე.~

ირონიული რეალობა _ ადამიანის ფოტოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება: პასპორტი და სასაფლაო. დამთრგუნველია, არა?

პასპორტში მიწერია, რომ წითელწყაროში დავიბადე. მართლაც ეგრე იყო. დედაჩემი თავის მშობლებთან სტუმრად იყო ჩასული და იმ დროს დავიბადე. იქ რამდენი ხანი დავყავი, რა თქმა უნდა, არ მახსოვს. გავიზარდე კუკიაზე. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. კუკიაზე ყველა ბავშვი ასე იზრდება. ძალიან მაგარი ადგილია. აქეთ ხუდადოვის ტყე, იქით - სასაფლაო. ადრე, მგონი, აქ სოფელი იყო. ტიპიური გარეუბანი, ინტერნაციონალური. უბნური ცხოვრება: ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას მეგობარია. ერთი დიდიობშჩინასავითაა~. ასეთი რაღაცეები შემდგომში ადამიანის ცხოვრების წესზე, ფსიქიკასა და, საერთოდ, ყველაფერზე გავლენას ახდენს. თუმცა იმას არ ვამბობ, სხვა გარემოში რომ მეცხოვრა, ფოტოგრაფი არ გამოვიდოდი-მეთქი. ყველა ფოტოგრაფი ხომ კუკიაზე არ გაზრდილა…~

ამ უბანს გარეშეთათვის ცოტა შელახული სახელი ჰქონდა. თუმცა ვენდოთ ფოტოგრაფის თვალს: `ესეც სტერეოტიპია. ჩვეულებრივი უბანია. ალბათ პერიფერია რომ იყო, იმიტომ ჰქონდა ასეთი სახელი. ხშირად, უბრალოდ, თუ ვინმეს რაიმე ჰქონდა გასარჩევი, შუა ცენტრში, ლენინის ძეგლის წინ რომ არ გაერჩიათ, აქ ამოდიოდნენ ხოლმე. შორს იყო და ნაკლები ყურადღება ექცეოდა. თორემ ისე? ლხინია, ერთად არიან, ჭირია, ერთად არიან. კომუნასავითაა. სხვაგვარად ვერ იცხოვრებ. იმას უჭირს _ შენ უნდა მიეხმარო, შენ გიჭირს _ ის მოგეხმარება. ეს დღესაც ასეა. მამა ახლაც იქ ცხოვრობს და მეც კვირაში ორი დღე მაინც იქ ვარ.~

აქტიური ქუჩის ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია. ბირჟაზე ვიდექი ხოლმე?~ _არა, კაცო, რა ბირჟაზე…~ თუმცა ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. `კი, ხანდახან იყო ჩხუბები. მეც ვიღაცას ვუცემივარ. ახლა რომ გითხრათ, ვინმე მიცემია-მეთქი, ეგეთი არ ყოფილა. კონფლიქტების მოგვარებაც ჩვენს უბანში უფრო მარტივად ხდებოდა, ვიდრე სხვაგან.~

`თავისუფალ დროს ჩემთან ან რომელიმე ამხანაგთან ვიკრიბებოდით ხოლმე. ქუჩაში დგომის დრო არც მქონდა, სკოლა, მერე… ისე, კაცმა რომ თქვას, რას ვაკეთებდი? ცოტა ხანს ცურვაზე დავდიოდი, ერთი წელი პიონერთა სასახლეში, ფიზიკის წრეზე ვიარე. რატომ მაინცდამაინც ფიზიკის წრეზე, არავინ იცის. მუსიკაზე ძალით დამათრევდნენ, მაგრამ ვინ დაგამთავრებინა. ჩემი მონაცემებით როგორ შეიძლება, რომ მუსიკალური დაამთავრო. სახლში ბევრი წიგნი მქონდა. ვკითხულობდი. რომ გითხრათ, კითხვა ძალიან მიყვარდა-მეთქი, არა. თუმცა, თუ რაღაც საინტერესოს წავაწყდებოდი, ვკითხულობდი. ცოტას ვხატავდი კიდეც: როცა ცუდად ხატავ, გინდა, რომ კარგად დახატო. აი, ასეთი ბავშვობა მქონდა~.

აქა შიშველი ქალის გამოჩენა
`კოკამ დააძრო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ მამამისის მიერ შვედეთის საერთაშორისო სიმპოზიუმიდან ჩამოტანილი ფრიად უწყინარი ეროტიკული ბუკლეტი და ჩვენ უცხო ხილთა შესატკბობად შემოგვკრიბა, ზაურა გაჯიევმა თავისებურად, მძიმედ თქვა:

  • სად ნაღდი ქალი? ამას არ უჩანს რამეები.
    … ჩემი უბნელია, ვზროსლი კოტე, – განაგრძო გაჯიევმა. – რუსეთშია ნაჯდომი. იმას სათვალე აქვს, გაიკეთებ, ყველა ტიტველა გამოჩნდება.~
    აკა მორჩილაძე, `აგვისტოს პასიანსი~

სკოლის სიახლოვეს ერთი კიოსკი იდგა. გამყიდველი უსინათლო იყო. გაზეთებთან ერთად ჟურნალებსაც ყიდდა _ მხატვრულსაც და ფოტოგრაფიულსაც, პროფესიულსაც და სამოყვარულოსაც: ჩეხური ფოტორევიუ~,გერმანული ფოტოგრაფია~, ფოტო-კინო-მაგაზინ~,ბოლგარსკოე ფოტო~, ჩეხოსლოვაკური ფოტოგრაფია~,სოვეტსკოე ფოტო~, `ხუდოჟნიკი~ და რა გინდა, სულო და გულო. პირდაპირ, თვალს ჭრიდა. VIII თუ IX კლასში იყო, ამ ჟურნალების ფერადმა გარეკანებმა მისი ყურადღება რომ მიიქცია. შეიძლება იმიტომ, რომ იქ შიშველი ქალების ფოტოები იბეჭდებოდა. ამის გარეშე ჟურნალი ხომ არ არსებობს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ერთხელ რომ იყიდა და დაათვალიერა, ვეღარ მოეშვა და იმის მერე სკოლის ბუფეტისთვის დანაზოგი ფული სულ ამ ჟურნალებზე მიდიოდა. ძვირი ღირდა, თავისი ფასი 2 მანეთი იყო და კიოსკში 3 თუ 4 მანეთად იყიდებოდა.

ერთხელ ჟურნალების მთელი დასტა ჩაუვარდა ხელში. ძველ კინოთეატრ `ამირანში~ ვიღაც ქალი ჟურნალებს დაატარებდა, თან ასეთ ხმამაღალ რეკლამას უკეთებდა: შიშველი მოდები, შიშველი მოდებიო. ვინ არ დაინტერესდებოდა ასეთი რეკლამის შემდეგ. ჰოდა, სრულიად შემთხვევით, 60-იანი წლების ~ჩეხური ფოტორევიუ~ შერჩა ხელში. 15-მდე ნომერი იყიდა. წარმოგიდგენიათ იმ ქალის სიხარული?

მერე, IX თუ X კლასში ფოტოაპარატი აჩუქეს, ჩაიკა~. ექსკურსიებზე რაღაც ფოტოებს იღებდა. ნელ-ნელა გამჟღავნებაც ისწავლა. ამაში მეზობელი გურამ ძიძიკაშვილი და ბიძაშვილი ეხმარებოდნენ. ისინი მოყვარული ფოტოგრაფები იყვნენ. პირველად არაფერი გამოუვიდა, არც მეორედ. მესამე მცდელობა უკვე რაღაცას ჰგავდა, მეოთხე უკეთესი იყო და… მერე უკვე ჟურნალში მოწონებული ფოტოების ასლების დამზადებას ცდილობდა. მოკლედ, ექსპერიმენტებს ატარებდა.ვერთობოდი. ბავშვობაში როგორ შეიძლება რამეს სერიოზულად მოეკიდო. მე ეგეთი ბავშვი არ მინახავს. ასეთი რაღაცეები უფრო გართობაა, ცოტა შემეცნებაც, ოღონდ არა გამიზნული. თუ ეს გამიზნული შემეცნებაა, ასეთი ბავშვი, უბრალოდ, ცოდოა.~

ფოტოგრაფიული დღიურები
გავრცელებული განმარტებაა: ფოტოგრაფია – შეჩერებული წამი~. ხშირად მეტი მხატვრულობისა თუ დამაჯერებლობისთვის გოეთეს ფრაზას მოაყოლებენ ხოლმე:შეჩერდი, წამო!~

ეს ყველაფერი ზღაპარია. ზღაპარი კარტიე ბრესონისგადამწყვეტი მომენტიდან~ მოდის: ფოტოგრაფია გადამწყვეტ მომენტს, კულმინაციას აფიქსირებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. თავად ბრესონიც ყველაფერს დგამდა, ის ინტუიციით გრძნობდა ფოტოგრაფიულ გარემოს და მერე თვითონ რეჟისორობდა.~

აი, თუნდაც, კარტიე ბრესონის ერთი ცნობილი ფოტო – ბიჭი კუთხიდან გამოდის, ხელში ბოთლი უჭირავს. როგორც ამბობენ, ბავშვს ფული გადაუხადა და ერთი 15-ჯერ მაინც გაატარ-გამოატარაო. მერე დანარჩენი კადრები მოსპო, ერთი დატოვა და თქვა – ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ამის მერე ხალხი დარბის და ეძებს ამ გადამწყვეტ მომენტს. ~ჩემი აზრით, შეჩერებული წამი არ არსებობს. კადრი დროის მონაკვეთია (მართალია, ძალიან მცირე), რომელშიც გიცხოვრია. ხომ წერ დღიურში, მაგალითად, ამა და ამ დღეს ორიდან სამამდე ვიყავი აქ. ჰოდა, ეს შენი ორიდან სამამდე არის ეს კადრიც. დროის ის მონაკვეთები, რომელსაც აფიქსირებ და განაზოგადებ, ეს შენი დღიურებია.

წერით არ ვწერ. რას დავწერ, წერა სად ვიცი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დაწერ თუ გადაიღებ. ჩემი დღიურები ჩემი ფოტოებია. რაც ჩასაწერია, ყველაფერს ვიწერ. ჩემი პროფესია ამით არის მიმზიდველი. მგონია, რაღაცეების დაფიქსირება ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც ჩანს, ადამიანს არ ჰყოფნის მხოლოდ ის, რომ თავისთავად არსებობს და უნდა, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი არსებობა. ამ დაფიქსირების შემდეგ ის სხვა ფორმით იწყებს არსებობას, სხვა განზომილებაში, სხვა სივრცეში, სხვა პარალელურ სამყაროში. ფოტოგრაფიაც პარალელური სამყაროა. და ეს პარალელური სამყაროები იმდენად ძლიერია, რომ ვფიქრობ, ამ პარალელურ რეალობაში უფრო მეტად განვიცდით, ვიდრე ნამდვილ რეალობაში. მაგალითად, ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდ როლს თამაშობენ არარეალური იმიჯური ტიპები, ვიდრე რეალურები. გინახავთ ოდესმე კლაუდია შიფერი? _ არც მე. მაგრამ ის ჩვენს რეალობაში დიდ ადგილს იკავებს. უცებ რადიოს ჩართავ და გახარებენ, რომ მან მეხუთე შვილი გააჩინა. რაში გჭირდება ამის ცოდნა? მაგრამ ხომ იცი. ჩვენც ისევე ვირტუალურად ვცხოვრობთ, როგორც ე.წ. `კომპიუტერშჩიკები~. რეალობისთვის ადგილი აღარ რჩება. ნებით თუ უნებლიეთ, არარეალური ხატებიც გვაქვს თავში. ის, თუ რა სახეები შემოდის შენში, საშიშიც არის და მნიშვნელოვანიც. ისე, ეს არარეალური სამყაროც ისევე გჭირდება, როგორც რეალური – პური, შაქარი, წყალი, შოკოლადი, ქალი…~

როგორ მოფრინავდა როიალი ზღვის თავზე
სახალინი. მეორე მსოფლიო ომი დამთავრებულია. ხალხი შიმშილობს. ყველაზე ძვირი – ხილია. ერთი ვაშლი ოთუს ბირად ფასობს. არადა, თუ გინდა, რომ სურავანდს გადაურჩე, ხილი უნდა ჭამო. გამარჯვებულ ჯარს ეპიდემიის საფრთხე ნაკლებად ემუქრება, მათ რაღაც ფული აქვთ შემონახული და ვიტამინებს ეძალებიან. თუმცა ყველა არა. ომის შემდეგ ერთმა ნაფრონტალმა დიდძალი ქონება დააგროვა, უკვე ყველაფერი აქვს – გაკრიალებული როიალიც და კიდევ, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ახლა ერთი სული აქვს, შინ როდის დაბრუნდება. სურავანდი შეეყარა და ყველა კბილი დასცვივდა, მაგრამ მაინც ბედნიერია, სახლში ხელცარიელი რომ არ ბრუნდება… და აი, დემობილიზაციის დროც დადგა. თვითმფრინავი დატვირთა და უკვე ჰაერშია. ზღვას რომ გადმოუფრინეს, თვითმფრინავის ერთი ძრავა გამოირთო და მფრინავებმა ტრაგიკული ხმით აცნობეს: ძრავა გაფუჭდა, ზედმეტი ტვირთი უნდა გადავყაროთო. ის კაცი ხედავდა, როგორ მიფრინავდა ზღვის თავზე როიალი, სკივრები… კრიჭაშეკრული იჯდა, რაღა უნდა ექნა. ყველაფერი რომ გადაყარეს, მფრინავები მერეღა მოუბრუნდნენ სიცილით – ვიხუმრეთო. იმას როგორ ეხუმრებოდა, თავად წარმოიდგინეთ. ეს ნამდვილი ამბავია. გურამ წიბახაშვილს მამამ უამბო. `ტრაგიკულია ეს თუ კომიკური? ვერ გაიგებ. გაურკვევლობაა. აი, ეს არის ომი. ყველაფერი გაუკუღმართებულია.~

მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ცნობილი ფილოლოგი. ომი რომ დამთავრდა, ექვსი თუ შვიდი წელი ისევ ჯარში მსახურობდა. მანჯურიასთან ომშიც ყოფილა. `შეიძლება ითქვას, ომის შემდგომი პერიოდი უფრო საინტერესოა, ვიდრე თვით ომი. ომი აღარ არის, მაგრამ არიან სამხედროები, რომლებსაც საქმე აღარ აქვთ. და იქ ისეთი ამბები ტრიალებს… ტრაგიკულიც, კომიკურიც…~

ომის თემა გურამ წიბახაშვილს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. `ომში გადაღებული ფოტოები, რა თქმა უნდა, საინტერესოა იმ გაგებით, რომ მათი დათვალიერებისას შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეს. მაგრამ სწორედ ამიტომ არ მაინტერესებს. მე ჩვეულებრივი ცხოვრება უფრო მიზიდავს, უბრალო ყოფა გაცილებით საინტერესოა.~

ომობანას თუ ვთამაშობდი ბავშვობაში? – ნამდვილად არ მახსოვს. სხვები თუ თამაშობდნენ, ალბათ მეც ვითამაშებდი.~ წიბახას Lოვე შტორყ ბავშვობაში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, ბაღის მასწავლებელი მიყვარდა. ისე ხომ არ ვიქნებოდი, ვიღაც მეყვარებოდა…~ მეუღლე _ მანანა ჯავაშვილი უნივერსიტეტში გაიცნო. კურსელები იყვნენ. ერთად სწავლობდნენ ქიმიის ფაკულტეტზე. ახლა ნამდვილად ვეღარ იხსენებს, მაშინვე, ანუ ერთი ნახვით შეუყვარდა თუ არა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. `რომ შევაბი, თუ როგორ ამბობენ? მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა. მაშინ პატარები ვიყავით (მაშინდელი გაგებით). მშობლებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების გამხელა დიდი პრობლემა იყო. არც კი ვიცოდით, ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ჰოდა, ტრადიციულ მეთოდს მივმართეთ – გავიპარეთ.~ გურამი ეს-ესაა 20 წლის გამხდარიყო, მანანა 19-ის იყო.

გაპარვაში გურამს და მანანას მეგობრები დაეხმარნენ. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მშობლების გარდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. ერთ საღამოს კურსელები საქეიფოდ წავიდნენ. ეს ქეიფიც ჩაწყობილი~ იყო – შეყვარებულებს ბილეთები ღამის მატარებელზე ჰქონდათ აღებული და დრო ხომ უნდა გაეყვანათ. მანამდე მეგობრებთან ერთად გეგმები დაალაგეს, ვინ უნდა ასულიყო მანანას მშობლებთან, ვინ – გურამის მშობლებს უნდა დალაპარაკებოდა. შეყვარებულ წყვილს მეგობრები აქტიურად გულშემატკივრობდნენ. ახლადშექმნილი ოჯახის ბიუჯეტზეც კი იზრუნეს და ფული შეაგროვეს. ჩანაფიქრი ასეთი იყო: ფული ბოლო მომენტში უნდა გადაეცათ, რომ ახალგაზრდებს არ ეუკადრისათ და ვერც უკან დაბრუნება მოეხერხებინათ. ამ რთული ამოცანის შესრულება დათო თავართქილაძეს დაევალა. ქეიფზე ახალგაზრდები ისე შეზარხოშდნენ, რომ კაი დროს გაახსენდათ საჩუქარი. დიდხანს მისდევდა დათო მატარებელს.ჩვენ უკვე მატარებელში ვიყავით და ვერაფრით ვერ მივხვდით, რატომ მოგვდევდა ეს ბიჭი უკან… ასე გავიპარეთ.~

გაჩერება – სოხუმი. არ გეგონოთ, რომ გაგანია ზაფხული იყო. მოქმედება ზამთარში ხდებოდა, თებერვალში. `მოიცა, რა რიცხვი იყო? ქალებს ეგეთ რამეებზე გართულება გაქვთ ხოლმე, მამაკაცებს ხშირად საყვედურობენ – როგორ არ გახსოვს შენი ქორწინების დღეო? ვერ გამიგია, რატომ უნდა მახსოვდეს? თუმცა მოიცა, მახსოვს, მახსოვს…~

25 თებერვალი – საქართველოს გასაბჭოების დღე. `რამდენიმე კვირით ადრე, 1 თებერვალს 20 წლის გავხდი (იცინის). არც ისე პატარა ვყოფილვარ. მანანა ერთი წლით პატარა იყო.~

მოკლედ, ასეა თუ ისე, გურამს და მანანას თავი დიდებივით ეჭირათ. სერიოზული სახით მივიდნენ რომელიღაც სასტუმროში და ოთახის დაქირავება ითხოვეს. მაგრამ… ფინალი უკვე გასაგებია. შემოგვხედეს და გვითხრეს, აბა დაახვიეთ ახლა აქედან, სასტუმრო არა, ტოროლაო.~ მაშინ ახალგაზრდებს ქორწინების მოწმობის გარეშე სასტუმროში ვინ შეუშვებდა. ასე აღმოჩნდნენ თებერვლის სუსხიან დილას უცხო ქალაქში. ახლა აღარც ახსოვთ, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც სოხუმი შუა ზამთარში. ალბათ ზაფხულის ზღვის რომანტიკის გამო,თორემ წადი რა, მაგალითად, წითელწყაროში, სადაც მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული და ყოველი კუთხე-კუნჭული ნაცნობი იყო.~ რაღა უნდა ექნათ ღია ცისქვეშ? პირველი, რაც მოაფიქრდათ, კულინარიული პრობლემის მოგვარება იყო. იქვე, ერთ ფაცხაში გადასარევ აჭარულ ხაჭაპურს აცხობდნენ. მერე ნახეს ფილმი – კომედია `ოთხი მუშკეტერი~ და თადარიგიც დაიჭირეს: უკან, თბილისში დასაბრუნებელი ბილეთები აიღეს. მაგრამ საღამომდე სადგურში ხომ ვერ ისხდებოდნენ, დრო როგორმე ხომ უნდა გაეყვანათ?

ფირი ხელახლა იხვევა. ისევ სახაჭაპურე, ისევ ფილმი… ~იმ დღეს სამჯერ ვჭამეთ აჭარული ხაჭაპურები და ორჯერ ვნახეთ ერთი და იგივე ფილმი.~ ამასობაში სადგურზე წასვლის დროც მოახლოვდა. ესეც თქვენი საქორწინო მოგზაურობა. თუმცა ეს ერთი დღე სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მშობლები (ორივე მხარე) შვილების ქორწინებას შეგუებოდნენ.

ოჯახობა
ჩემს ბავშვობაში ინდური ფილმების ბუმი იყო. შესაბამისად, ჩემს ვირტუალურ რეალობაში, ბრიჯიტ ბარდოს მაგივრად, ზიტა და გიტას ტიპის ქალები ცხოვრობდნენ. ლამაზი შავგვრემანი ქალები მომწონს. ჩემი ცოლიც ძალიან ჰგავს ლამაზ ინდოელ ქალს. ერთია, რომ შუბლზე ხალი არა აქვს.…~ ერთხელ ძალიან სასაცილო ამბავი გადახდათ თავს. გურამი და მანანა გერმანიაში იყვნენ. სადღაც წავიდნენ ექსკურსიაზე, ციხესიმაგრეზე უნდა ასულიყვნენ. იქამდე გრძელი გზა იყო. ამხელა გზის გავლა დაეზარათ. მოდი, მოკლეზე გადავჭრათო, იფიქრეს.საბჭოთა ცნობიერება რომ გაქვს, თორემ წადი რა ჩვეულებრივი გზით.~ მანანას თეთრი თუ მოვარდისფრო კოსტიუმი აცვია. ნამდვილ ინდოელს ჰგავს, რადჰას. ღობეზე მიძვრებიან. უეცრად ალყაში აღმოჩნდნენ. თეთრი, ქერა ბავშვები ნაძვის ხესავით ეხვევიან, წრე შეკრეს და რაღაცეებს მღერიან. უამრავი ქერა ბავშვი და ჩვენ ორი _ შავი~. ბავშვები გაკვირვებულები შესცქერიან მანანას, ხელს იშვერენ და გაიძახიან: აღმოსავლეთის პრინცესა, აღმოსავლეთის პრინცესაო. უდედმამო ბავშვთა სახლის ეზო ყოფილა. მანანას გულმა ვეღარ გაუძლო და ატირდა.კიდევ კარგი, ბავშვებს ვიზები არ ჰქონდათ, თორემ ყველას სახლში წამოიყვანდა.~

ჰყავს სამი შვილი: გიგა, მარიამი და ლადო. `პირველ შვილს რომ ველოდებოდით, გიჟებს ვგავდით. ფეხით სიარული ჯანმრთელობააო და კუკიიდან უნივერსიტეტამდე მანანა ლექციებზე ყოველდღე ფეხით დამყავდა. პირველ ლექციაზე ლექტორის გარდა არავინ მოდიოდა. უფრო ამიტომ არ ვაცდენდით. მეცოდებოდა ის კაცი და ვისხედით აუდიტორიაში ორნი – მე და მანანა.… მეოთხე კურსზე ერთი ხანშიშესული ლექტორი გვყავდა. მახსოვს, უკანა მერხზე ვისხედით და მანანამ რაღაც გადმომიჩურჩულა. ლექტორმა შენიშვნა მომცა: ყმაწვილო, გადმოჯექით, ეგ ქალი თქვენ გაგაფუჭებთო. და ატყდა ერთი სიცილი…~

გიგა რომ დაიბადა, აბსოლუტურად არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ მამა გავხდი. მეც და მანანაც სტუდენტები ვიყავით, ლექციებს არ ვაცდენდით. ბავშვი, ფაქტობრივად, დედაჩემმა გაზარდა. მერე, როცა მარიამი გვეყოლა, უკვე სრულფასოვან მამად ვთვლიდი თავს.~ შვილებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს.უბრალოდ, მათთან ურთიერთობისათვის ცოტა დრო მრჩება. თანაც სამივენი ძალიან დამოუკიდებლები არიან. მგონია, მათთვის მეგობარი უფრო ვარ, შორეული მეგობარი. აი, მანანა კი ნამდვილი დედაა.~

რა უყვარს და რა არ უყვარს
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამოსახულების ხარისხს, სიზუსტეს და ვიზუალურ აზროვნებას.
თავის დროზე მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტარკოვსკის ნოსტალგიამ~ (თუმცა ტარკოვსკი მისი საყვარელი რეჟისორი არ არის). პირველივე კადრებიდან შეატყო, რომ გამოსახულება იყო სხვანაირი, სხვანაირი და ლამაზი:მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. უბრალოდ, ფირი იყო კარგად დაბეჭდილი. იქ ნაცრისფერი ნაცრისფერი იყო, მწვანე – მწვანე; ხოლო რაც მანამდე ფილმები მქონდა ნანახი, ისინი ცუდად იყო დაბეჭდილი.~
არ უყვარს ე.წ. ბუხ-ეფექტები. `მიყვარს, როცა რაღაცას ისრუტავ ნელ-ნელა და მერე ხვდები, რომ მასში რაღაც ძლიერი არის.~
უყვარს ყველაფერი ნაღდი, ყოველგვარი არტისტულობისა და კეკლუცობის გარეშე. ყველაზე მეტად მის გაღიზიანებას კეკლუცობა იწვევს.

უყვარს, როცა ყველაფერს თავის სახელს არქმევენ.

შესაბამისად, უყვარს სიურრეალისტები, რომელთაც ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ: `დაარქვით საგნებს თავისი სახელი!~ სიურრეალისტები, დალის გამოკლებით (შეიძლება კიდევ სხვებისაც, ამდენი აღარ ვიცი), რადგან ~დალი კეკლუციც არის, პოზიორიც და აფერისტიც~.

ძველისძველი, გაცრეცილი ფოტოები მასში სენტიმენტალურ განცდებს არ იწვევს. მასში მოწიწებას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებები აღძრავს. `როინაშვილისა და ერმაკოვის ფოტოები იმიტომ კი არ მომწონს, რომ ძველია, ჩემთვის ქალაქის ასახვის მათეული მეთოდია საინტერესო.~

გურამ წიბახაშვილი რეალისტია. ის არასოდეს ყოფილა რომანტიკოსი, რადგან არასოდეს უცდია რეალობიდან გაქცევა. რაც შეეხება სიურრეალიზმით დაინტერესებას, ეს მიმდინარეობა მისთვის რეალობიდან საინტერესოდ გასვლაა, რეალობის საზღვრების გაფართოებაა, მაგრამ არა გაქცევა. `ცალი ფეხით ყოველთვის რეალიზმში დგანან.~

ვერ ეგუება ტერმინს – შემოქმედება და ამ სიტყვის ხმარებისას ძალიან ფრთხილია. ჩემი გაგებით, შემოქმედი ღმერთია. იმას, რასაც ჩვეულებრივად აკეთებ, არ შეიძლება შემოქმედება დაერქვას. შემოქმედება შეიძლება ბეთჰოვენის ცხოვრებას უწოდო _ ეს თავგანწირვა იყო, ტანჯვა. თანაც, ამას დროც განსაზღვრავს. დღესდღეობით ჩვენში შემოქმედებაზე საუბარი ძალიან უტრირებული მეჩვენება ხოლმე. წამდაუწუმ ლაპარაკობენ: ამის შემოქმედება, იმის შემოქმედება, ჩემი შემოქმედება ხომ _ საერთოდ. ამიტომ ირონიულად ვუყურებ საკუთარშემოქმედებას.~
პასიურ დასვენებას ვერ იტანს. ძილი დასვენებად არ მიაჩნია. საღამოობით ტელევიზორს უყურებს, უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა, გართობა. თუ საქმიანი გართობაა, ხომ მთლად უკეთესი. `ვცეკვავ? _ კი, ხანდახან ვცეკვავ. კონდიციას გააჩნია. უფრო სწორად, ხალხს გააჩნია. სმით არ ვსვამ. მაგრამ იმდენ ღვინოს ვსვამ, რამდენიც მსიამოვნებს. შესაბამისად, კარგ ხასიათზე ყოველთვის ვარ ხოლმე. ისე, როცა არ ვსვამ, მაშინაც კარგ გუნებაზე ვარ.~

ტელეფონი რეკავს. წიბახას სთხოვენ. უნდა გავიდეს. თავის უზარმაზარ ჩანთას მოიგდებს მხარზე. გარეთ ისევ ჭყაპია. ცრის. სტუდიის შესასვლელში (თუ გასასვლელში) ყავის კოლოფი დევს, რკინისაა, ხუთთეთრიანებით სავსე. ისე ლიფტით ვერ ჩახვალ. ლიფტში, ხურდის ჩასაყრელი რკინის ყუთის მაგივრად, ძველი ტელეფონის ავტომატია დამონტაჟებული – ესეც ჩვენი დროის კიჩი. 

ავტორი: თამარ სუხიშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s