წითელი პორნოგრაფი – ელფრიდე იელინეკი

10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, მწერალ ელფრიდე იელინეკს 2004 წლის ნობელის პრემია გადაეცა. მიუხედავად მეგობრების და თავად გიუნტერ გრასის დაჟინებული თხოვნისა, სოციალური კლაუსტროფობიის მძიმე ფორმით ტანჯულმა ავსტრიელმა ავტორმა განაცხადა, რომ ჯილდოს გადაცემას პირადად ვერ დაესწრებოდა და მისი სამადლობელი სიტყვა შვედეთის აკადემიას ვიდეოჩანაწერის სახით წარუდგინეს. გულდასაწყვეტი კია, ჩინებული სანახავები იქნებოდნენ ერთად შვედეთის მეფე და სკანდალური ავტორი…
მისი წიგნები აგრესიულია _ როგორც იძულებითი თავდაცვის აქტი. მათი კითხვა დიდად სასიამოვნო არაა, და არც მათ უთბობს გულს, ვისაც ეხება. “ჭუჭყიანი საქმეც ხომ ვინმემ უნდა აკეთოს,” _ ამბობს ელფრიდე იელინეკი და ომს და ტყუილს, ფაშიზმს და პორნოგრაფიას, ქალებს და მამაკაცებს, მოკლედ, მთელს სამყაროს გულისხმობს.

“დიდი ქალაქის წყნარ კუნძულზე იწყება ჩვენი ამბავი, რომელიც მალევე დასრულდება.
ბედისწერა აქ არ ჭრის.
თუ ვინმეს ბედი აქვს, კაცი ყოფილა. თუ ბედი ეღირსა, ქალია.
სამწუხაროდ, აქ ცხოვრება განზე რჩება, მხოლოდ სამუშაოა უცვლელი. ზოგჯერ ზოგი ქალი ცდილობს, განზე დარჩენილ ცხოვრებას მიეტმასნოს და ცოტა წაიჭორაოს მაინც.
სამწუხაროდ, ცხოვრება ხშირად მანქანით ჩაიქროლებს ხოლმე, ველოსიპედით ვერ დაეწევი.
ნახვამდის!”
ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”

თუკი ელფრიდე იელინეკის ერთი ნაწარმოები მაინც გაქვთ წაკითხული, ვთქვათ, “პიანისტი ქალი”, რომლითაც პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებით ამავე სახელწოდების ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ დაინტერესდნენ, აუცილებლად გაიზიარებთ ჩემს აზრს: ამ მწერლის მიმართ გულგრილი მკითხველი არ არსებობს. ის ან ძალიან მოსწონთ (ღვთის წინაშე, ასეთები იშვიათად შემომყრიან, თბილისელი “ინტელექტუალების” მიერ რატომღაც იქედნურად მოხსენიებული და ჩემთვის კი ერთობ სიმპათიური ერთი-ორი “ლევაკი” თუა აღტაცებული), ან სძულთ – ეს ხალხი უმრავლესობას წარმოადგენს. არიან ისეთებიც, ვისაც ის საშინლად აღიზიანებს, მაგრამ მაინც აღიარებენ, რომ ქალბატონი ელფრიდე იელინეკი, მისი პარანოიული განწყობის და რადიკალურ-ფემინისტური შემართების მიუხედავად, არაჩვეულებრივი მწერალია. მე სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს განვეკუთვნები.
გარდა იმისა, რომ დეპრესიულ პროზას ვერ ვიტან, თუნდაც იმიტომ, რომ დეპრესია ჩემიც მეყოფა და საერთოდ, თავისი დეპრესია ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს, ხოლო “ჩერნუხა”, ისევე, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობას, ყელში მაქვს ამოსული და სულაც არ მიმაჩნია, რომ ვინმემ კიდევ ერთხელ უნდა შემახსენოს, შენი ყოფა ნეხვია და საბოლოოდ, თუ მანამდე რამე სხვა უბედურება არ დაგეტაკა, აუცილებლად დაბერდები, ავად გახდები და მოკვდებიო, ელფრიდე იელინეკის თავდადებული მკითხველი გახლავართ. ის საშინელებას შესანიშნავად წერს და თავისი აშკარად ნაღრძობი ფსიქიკის მიუხედავად, ძალიან მიმზიდველი ქალი ბრძანდება. და როცა გამოცხადდა, ელფრიდე იელინეკი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდაო, ბედნიერი ვიყავი, თუნდაც იმის გამო, რომ ამ ამბავმა მრავალს მოუშალა ნერვები, ნეონაცისტებით დაწყებული და “საყვარლების” ქართული თარგმანის ხელნაწერის მკითხველი რამდენიმე პაწია მორალისტით დამთავრებული, ანუ სწორედ მათ, ვინც მე მიშლიან ხოლმე ნერვებს. და ის ფაქტი, რომ ქალბატონმა იელინეკმა მათთვის სათანადოდ მოახერხა ნერვების მოშლა, ჩემს მოშლილ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედო.
ელფრიდე იელინეკი მონოტონურად, ხშირად მდაბიო, მაგრამ ყოველთვის ძალიან მუსიკალური ენით აღწერს ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ნეგატიურია, მახინჯი და სასტიკი. ერთ ადრეულ ინტერვიუში მწერალმა თავად თქვა, რომ მის მიერ მოთხრობილიდან ყველაზე ნაზი და რომანტიკული ორი ვამპირი ქალის მიერ კუბოში ატეხილი სექსის ამბავი იყო _ კი, ვამპირები არიან, მაგრამ ერთმანეთი ხომ უყვართ! განსაკუთრებით უსიამოვნო ის ფაქტი გახლავთ, რომ ელფრიდე იელინეკი დიდოსტატია, თუნდაც სიძულვილისა, მაგრამ დიდოსტატი, და მის მიერ ნაჩვენები სამყაროს სურათი მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს _ ძალიან ძნელია, ასეთ ავტორს შეედავო, რომ ის აფრენს, რომ სინამდვილეში ცხოვრება მშვენიერია, საზოგადოება _ დიდებული, და კაცებს და ქალებს უანგაროდ და ნაზად უყვართ ერთმანეთი. კარგი, რა!
მაგალითად: პატარა მოთხრობაში, რომელიც ოდესღაც ერთ ჟურნალში წავიკითხე და რომლესაც, ძალიან კი ვეცადე, მაგრამ ვეღარ მივაგენი, ელფრიდე იელინეკი შესანიშნავ მიდამოს აღწერს _ მდინარე, წიწვნარი, სუფთა ჰაერი, ქალი და მამაკაციც საუკეთესოდ ერწყმიან გარემოს, და როცა კაცი თავის ქალს სცემს და ამცირებს, ის _ მოგეხსენებათ, ქალების ნაზი და მგრძნობიარე სქესის წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობენ სილამაზეს და მსგავსებს _ გარემოს მშვენიერებით ტკბება. ბუნება ხომ ძალიან ლამაზია! ისევე, როგორც ბრიგიტას ახლადშეღებილი თმა, მწიფე წაბლივით რომ ბზინავს მზეზე. რა ლამაზია!
“შემთხვევის ამბავია, როგორ იქნება: იცოცხლებს ბრიგიტა ჰაინცთან თუ მოკვდება.
აქ არანაირი კანონზომიერება არ არსებობს. ბრიგიტას ბედი ისე გადაწყდება, როგორც უწერია. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას შვრება ბრიგიტა და რას წარმოადგენს; მნიშვნელოვანია ჰაინცი და ის, თუ რას შვრება იგი და რას წარმოადგენს.
ბრიგიტას და ჰაინცს ამბავი არ აქვთ…”
ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”

რადიკალური და შეპყრობილი – ბევრი ვერაფერი დახასიათებაა! _ ელფრიდე იელინეკი 1946 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ისეთ პრივინციაში, ახლაც რომ მოწყენილობისგან სული ამოგხდება, და მაშინ ალბათ მთლად კოშმარი იყო.
მამამისი ჩეხურ-ებრაული წარმოშობის სოციალისტი გახლდათ, ქიმიკოსი იყო და ომის ინდუსტრიას ემსახურებოდა. ნაცისტებს ის თავისი ცოლის, ანუ ელფრიდეს დედის წყალობით გადაურჩა, რომელსაც არიელობის შესახებ ყალბი საბუთი ჰქონდა (ასეთი რამეც არსებობდა, თან არა ბნელ დროში და ბნელ მხარეში, არამედ რამდენიმე ათეული წლის წინათ, ევროპის შუაგულში). დედა, გერმანულ-რუმინული სისხლის მქონე კათოლიკე, ელფრიდე იელინეკმა “პიანისტ ქალში” აღწერა _ დედისა და ქალიშვილის ჩახლართული ურთიერთობის და ქალიშვილისა და მისი საყვარლის მაზოხისტური თანაცხოვრების ამბავი ისეთი შემზარავია, სიცოცხლის ხალისი დაგეკარგებათ, მაგრამ თან ძალიან შთამბეჭდავიცაა – მოკლედ, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად ელფრიდე იელინეკი ბრძანდება (“პიანისტ ქალთან” დაკავშირებით ერთ რამეს გირჩევდით: ბავშვებს, ასაკგადასულ ქალწულებს და მართლმორწმუნეებს ნუ შესთავაზებთ, _ ან გაგიჟდებიან, ან გამხეცდებიან. მაგრამ თუ საკუთარი თავის იმედი ოდნავ მაინც გაქვთ, აუცილებლად წაიკითხეთ, თუნდაც იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მოხდეს).
დედ-მამის შესახებ ქალბატონ იელინეკს ნათქვამი აქვს, ამ ორმა დიდმა სამყარომ დამფრქვაო. თან გვიანი ბავშვი იყო: როცა გაჩნდა, მამამისი 48 წლისა იყო, დედა – 43-ის. საერთოდ, ქალბატონ იელინეკს რომ ჰკითხოთ, სულ ოჯახის ბრალია ყველაფერი. მაგალითად: “მამასთან ნორმალური ურთიერთობა არასოდეს მქონია. მეტისმეტად სუსტი პიროვნება იყო და მალე გაგიჟდა”. 1969 წელს ეს პატიოსანი კაცი ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა, და ამ ფონზე ქალბატონ იელინეკს საკუთარ ფსიქიურ პრობლემებსა და მკურნალობაზეც უყვარს საუბარი. “სკოლიდან მოყოლებული, მტანჯავს შიშები”. რა კარგია!
სწორედ ებრაელმა და გიჟმა მამამ გაზარდა ელფრიდე გააფთრებულ ანტიფაშისტად: “როცა პატარა ვიყავი, იძულებით დავყავდი ხოლმე კინოში, სადაც გვამების მთებს აჩვენებდნენ”.
“იძულებით” – ეს სიტყვა მასთან საუბარში ხშირად ჟღერს, ისევე, როგორც “დისციპლინა”. “ამ მორჩილების რეფლექსებს სულ ვგრძნობ და ვებრძვი,” ჩივის ქალბატონი იელინეკი. “აუცილებლად უნდა დავძლიო”.
მამის კვალად, ელფრიდე არამარტო ანტიფაშისტი, არამედ არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბავშვიც იყო. ნიჭიერი გოგონა, რომელმაც ვენის კონსერვატორიაში ჯერ კიდევ სკოლის დროს დაიწყო ორღანისა და ფლეიტის კლასებში სიარული და სულ მალე კომპოზიციის ხელოვნებითაც დაინტერესდა, რამდენიმე სემესტრის განმავლობაში ვენის უნივერსიტეტში თეატრთმცოდნეობას და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა – და მერე გააფრინა. მთელი 1968 წელი მან მშობლების, ანუ დიქტატორი დედისა და შიზოფრენიკი მამის სახლში სრულ იზოლაციაში გაატარა, ოთახებში ბოლთას სცემდა და კედლებს თავს ურტყამდა _ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამის მერე მან თავისი პირველი ლექსები დაწერა, რომელთა წაკითხვას მტერსაც არ ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად პოეზიაა, ვერაფერს ვიტყვი.
ის სტუდენტურ მოძრაობაში და ჟურნალ “მანუსკრიპტეს” ირგვლივ გამართულ ლიტერატურულ დისკუსიებში ჩაება. ელფრიდემ “ძალიან დიდი წარმატებით” დაამთავრა კონსერვატორიის საორღანო კლასი – თავის დროზე დაკვრა დედამ აიძულა, როიალი ახლაც სახლში უდგას. “წესით, ვინმესთვის უნდა მიმეცა,” ქალბატონი იელინეკიც იპრანჭება ხოლმე. “ძალიან ცოტას ვუკრავ. ამ დროს კარგი აკომპანიატორი ვარ”.
ის ბერლინში, რომში ცხოვრობდა და გათხოვდა კიდეც _ გოტფრიდ ჰიუნგსბერგსი, რომელიც ამჟამადაც მისი ქმარია, თუმცა მიუნხენში ცხოვრობს, 60-იანებში რაინერ ვერნერ ფასბინდერის წრეში ტრიალებდა. ცხადია, შვილი არა ჰყავს, არასოდეს გაუჩენია “ჭუპრივით თეთრი, მჩხავანა ძუძუმწოვარი” _ ელფრიდე იელინეკმა უარი თქვა ერთადერთ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც მარტო, მამაკაცის მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებდა.
მისი რომანტიკული თავგადასავლების შესახებ “ბილდმაც” კი არაფერი დაწერა და მეც ბევრი არაფერი ვიცი. ქალბატონი იელინეკი ხალისით ჰყვება თავისი არაჯანსაღი ფსიქიკის შესახებ, თავის მოკვლის საუკეთესო ხერხებსაც გასწავლით, მაგრამ საყვარელი მამაკაცების თემას არ ეხება. მისი მეუღლის შესახებ ცნობილია, რომ ის მარტოსულია და ელფრიდეს მის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული აქვს. ცნობილია _ ეს თავად მწერალმა ბრძანა, თორემ ვინ რას გაუგებდა _ რომ ელფრიდე სიამოვნებით იქნებოდა ლესბოსელი, რადგან ქალებთან ურთიერთობა ურჩევნია მამაკაცებთან ჭიდილს, მაგრამ ლესბოსელი არაა, რადგან ქალები უყვარს, მაგრამ არ მოსწონს. ცნობილია, რომ ქალბატონ იელინეკს ლამაზად ჩაცმა სჩვევია და ეს საქმე ჩინებულადაც გამოსდის, მაგრამ ვერ იტანს, როცა ვინმე ათვალიერებს ან, მთლად უარესი, გამოლაპარაკებას ცდილობს, ანუ მე დიდად ვერ გავიგე, რისთვის იპრანჭება.
ცნობილია, რომ ქალბატონმა ელფრიდემ ერთხელ ერთი ილუსტრირებული გამოცემისთვის შიშველმა და ლოგინზე მიჯაჭვულმა გადაიღო სურათი (ფოტო არ მინახავს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ძალიან მიმზიდველი ქალია და სხეულიც ლამაზი აქვს, ალბათ ურიგო სანახავი არ იქნებოდა). თავისი ასეთი გამოსვლა მან იმით განმარტა, რომ სტატიის ავტორი ჟურნალისტი ქალი იყო და ძალიან სთხოვა, და ის კი ქალებს უარს ძნელად ეუბნება. კიდევ: ერთხელ ქალბატონმა იელინეკმა დიდი სამართებელი გახსნა და ვაგინა დაისერა, მამაკაცთა მიერ ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ეს ორი ამბავი რამდენიმე წლის წინათ (მაშინ ნობელის პრემიაზე არავის უფიქრია) საგანგებოდ მისთვის მიძღვნილ ჟურნალ “დუ”-ში ამოვიკითხე და ახლა ძალიან მიკვირს, რომ ჟურნალისტებმა ხმაური არ ატეხეს. თუმცა რა, დაისერა და დაისერა, ბოლოსდაბოლოს, მისი ვაგინა იყო და მისი სამართებელი…
“ბნელდება, ტყეში ცხოველები შარიშურობენ, მელას სოროში ფაჩუნი ისმის. ორი დაღლილი კაცი მიიჩქარის შარაზე, სახლში უნდათ, ოჯახთან და ტელევიზორთან. აქა-იქ სინათლე ირთვება. ზოგ სამზარეულოში ბავშვები ყვირიან. დედა ვახშამს აწყობს სუფრაზე. პროჟექტორი მძიმედ გადაივლის ნისლებს. ტყე ბუნება არაა. ტყე სამუშაო ადგილია. პატრიოტულ რომანს ხომ არ ვწერ, ბოლოსდაბოლოს!”
ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”

ელფრიდე იელინეკს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა ყოველთვის ფრიად სადავო ავტორი იყო. მისი შემოქმედების ძირითადი თემები მდედრის სექსუალობა და ავსტრიის საზოგადოებაა, რომლისთვისაც ნაცისტური წარსული დღემდე ვერ უპატიებია. არაერთგზის უთქვამს, ავსტრია კანიბალების ქვეყანააო. ყველა სიკეთესთან ერთად, 1974-დან 1991 წლამდე იელინეკი ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო, და თუმცა დღეს კომუნისტებიც სძულს, ის კვლავ შემართებით ებრძვის მემარჯვენე ექსტრემისტებს, უპირველეს ყოვლისა, იორგ ჰაიდერის პარტიას.
ცხადია, არც იორგ ჰაიდერია ელფრიდე იელინეკის ტრფიალი. სატელევიზიო გადაცემაში “შეხვედრის ადგილი – კულტურა” მან ნობელის პრემიის ლაურეატი თანამემამულე საშინლად გააკრიტიკა. მისი თქმით, იელინეკმა მხოლოდ იმის წყალობით გაითქვა სახელი, რომ “ავსტრიას ცუდი ამინდი შეუქმნა”, და რომ პრიზის მინიჭებაც ამ უმსგავსობამ განაპირობა: “საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილი მის (ელფრიდე იელინეკის – ა.კ.ს.) მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ჩემთვის ამას ლიტერატურასთან არაფერი აქვს საერთო”. მოკლედ, ჰაიდერი ძალიან გაჯავრებულია, მის მიერ “მიწასთან გასწორებული” ელფრიდე კი მოკრძალებით შენიშნავს, რომ ჰაიდერისთვის არაფერს აქვს ლიტერატურასთან რამე საერთო, რადგან თავად ჰაიდერს ლიტერატურასთან არაფერი აქვს საერთო და ა.შ. სიტყვა-პასუხში ჰაიდერი ელფის ვერ მოერევა.
სამაგიეროდ, მწერლის დაცვა ქვეყნის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა იტვირთა. მან იმავე გადაცემაში ბრძანა, რომ “იელინეკის უკომპრომისობა პატივისცემას იმსახურებს. იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ეს ავტორი ძალიან მკაფიოდ აყალიბებს, არადა, საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხომ თავისთავად არ იგულისხმება”.
გარდა ამისა, ქვეყნის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ანდრეას ქოლი იელინეკის თავდადებული თაყვანისმცემელი ყოფილა. მანაც გაილაშქრა თავისი საყვარელი მწერლის დასაცავად. ქოლის თქმით, იელინეკის შემოქმედების სიყვარული მისი პოლიტიკური მრწამსის მიუღებლობის შემთხვევაშიც შეიძლება – თავად ის სწორედ ასე იქცევა: “ბოლოსდაბოლოს, ჩვენს ქვეყანაში აზრის თავისუფლება არსებობს”.
აშკარად არსებობს, თორემ ქალბატონ იელინეკს ამდენ ჯილდოს ვინ მისცემდა!
“მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ სიყვარული, როგორც იქნა, მობრძანდა, და არა მახინჯი, ნახმარი, გალოთებული, გამოფიტული, ჩვეულებრივი, ნაძირალა ხის მჭრელისა, არამედ ლამაზი, გალოთებული, ჩასკვნილი, ჩვეულებრივი, ნაძირალა ხის მჭრელისა. ეს მთელს ამ ამბავს არაჩვეულებრივად აქცევს.”
ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”

კრიტიკოსების მიერ “წითელ პორნოგრაფად” შერაცხული მწერალი ნობელის პრემიაზე დიდ იმედებს არ ამყარებს. ელფრიდე იელინეკი იმ აზრს “ეთამაშება”, რომ ერთ მშვენიერ დღეს წერას საერთოდ დაანებებს თავს. მისთვის წერა “საჭირო რამ” ყოფილა, და თუმცა სინამდვილეში სიამოვნებს კიდეც, გადაწყვეტილი აქვს, რომ ამიერიდან ის უნდა აკეთოს, რაც უბრალოდ გაუხარდება და არა ის, რაც საჭიროა.
გაზეთ “ველთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ელფრიდე იელინეკმა წერის მიმართ დამოკიდებულება ჩამოაყალიბა _ მე რომ მსგავსი რამ მეთქვა, აღარავინ მომესალმებოდა, ქუჩაში დამხვდებოდნენ და მცემდნენ: “ეს ისეთი რამაა, საკუთარი ნებით რომ აირევ გულს”. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე სიამოვნებით უკეთებია, ახლა ცოტა სხვა აზრებიც მოსვლია თავში, კერძოდ, ის, რომ გულისრევა კმარა. მართალია, თავად წერის პროცესს მაინც არ შეეშვება, უბრალოდ, ამიერიდან საკუთარი თავისთვის დაწერს, ანუ მისი გულისრევის შედეგებს ჩვენ ვეღარ გავეცნობით.
როგორც მოგახსენეთ, იმთავითვე გაირკვა, რომ ქალბატონი იელინეკი ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს არ დაესწრება – არ შეუძლია. ძირითადად, ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ გული მოგიკვდეთ: ო, როგორი მძიმეა ყველაფერი ამ სიფრიფანა ქალისთვის! ნობელის პრემიაც კი: “ჩემთვის ეს მეტისმეტად დიდი პატივია,” ამბობს ქალბატონი იელინეკი. “წარმოუდგენელია, რომ ახლა ხალხი ბეკეტისა და ჰემინგუეის გვერდით მაყენებს”. მაგრამ მწერლის მოკრძალებულ ტონს მაინცდამაინც ნუ ენდობით, რადგან ის აუცილებლად დაურთავს: “ამავე დროს ეს პრიზი აგრესიული აქტია,” და მერე კვლავ ანგელოზივით აღაპყრობს მზერას: “ამას ვერ ვუძლებ, ამ დაჟინებულ მზერას, იმას, რომ ყველა მომჩერებია. ერთხელაც იქნება და ვეღარ გავძლებ”.
ის ერთ პატარა და არაღირსშესანიშნავ სახლში ცხოვრობს, რომელიც ქალაქის ასეთსავე პატარა და არაღირსშესანიშნავ ნაწილში დგას _ ვენის ცენტრიდან ოციოდე წუთის სავალია ჰიუტელდორფამდე, რომელიც მწვანე ბორცვებზეა გაშენებული. ეს სახლი დედამისისა ყოფილა, დედას კი ჩვენი გმირი მაინცდამაინც ტკბილად არ იხსენებს: “ყველაზე დიდ პატივს იმ ადამიანებს ვცემ, ვინც სხვებს უვლიან, მაგრამ დედის მოვლის შემდეგ სიბერის პანიკური შიში დამჩემდა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა დროულად უნდა მოიკლას თავი”.
სახლი ნაცრისფრად და ყავისფრადაა შეღებილი, და ისეთი ფანჯრები აქვს, რომ უმალვე მიხვდებით _ ამ სახლში მცხოვრებს ან ხმაურის, ან მძარცველების არაჯანსაღი შიში უნდა ჰქონდეს. ბაღის შესასვლელში ორი ზარია, მაგრამ აბრებზე სახელები არ წერია.
მე რომ მკითხოთ, უკვე კმარა დასაზაფრად.
ძალიან თუ გაგიმართლათ, ვთქვათ, თუ საუბარი ნობელის პრემიის გადაცემას უნდა შეეხოს, კარს ელფრიდე იელინეკი გაგიღებთ _ მუდამ ელეგანტური, საუკეთესო მაკიაჟით. აუცილებლად გაგიღიმებთ, მაგრამ აუცილებლად დაღლილი სახე ექნება, აქაოდა, სულ არ მიხარია თქვენი დანახვა, მაგრამ საქმე საქმეა, რა გაეწყობაო.
მე მგონი, მას საერთოდ არაფერი უხარია და აღარც გაუხარდება.
თუკი ნირი საბოლოოდ არ წაგიხდებათ, კიბეს აუყვებით და ნათელ მისაღებში ამოყოფთ თავს, სადაც რაღაც ვარდისფერი სურათი კიდია და ლამის მთელი მსოფლიოს გაზეთებია მიმოფანტული – ტელევიზორში სულ ამას აჩვენებენ, თორემ მე იქ არ ვყოფილვარ. თეთრ დივანზე დათუნია ზის – ცხადია, სათამაშო, ვარდისფერ ბალიშზე მფლობელის სახელია ამოქარგული: “ელფი”.
“ერთადერთი, რაც მინდა, განმარტოებით ცხოვრებაა. მხოლოდ ის მინდა, თავი დამანებონ,” _ მსოფლიოს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს მიღების შემდეგ ქალბატონი იელინეკი სულ ამის მტკიცებაში იყო, და იქვე თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ჰყვებოდა: რომ პოლიტიკოსებს არ შეეშვება, სანამ კიბოს არ გაუჩენს, რომ კვლავაც პიესებს დაწერს. “ეს საქმე ძალიან მომწონს,” ბრძანა მან, როცა საუბარი დრამატურგიას შეეხო. “მომწონს, როცა ჩემს ფანტაზიას სხვა ვინმე იტაცებს. მე დიდად ვაფასებ ამ თამაშს რეჟისორებთან. რაც მინდა, ეს თავადაც მომეხსენება, უმალ ის მაინტერესებს, რას გააკეთებს ამისგან ვინმე სხვა”. მისი ახალი პიესა ერაყის ომს ეძღვნება, შემდგომ კი “მარია სტიუარტის” მისეულ ვერსიას გავეცნობით. “მოჩვენებები და საშინელებები იქნება, გოთური ნოველა”, _ ესღა გვაკლდა, ვითომ ყოფითი საშინელებები არ იყო საკმარისი! მაგრამ ელფრიდე იელინეკის თქმით, ავსტრიის თემა მისთვის უკვე ამოწურულია, ტკბილს და საამურს ის ვერაფერს დაწერს, არადა, ხომ უნდა წეროს?!
ეს როგორ გავიგოთ, ფრაუ იელინეკ? აკი მოვრჩი წერას და გულისრევასო?

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s