კერუაკის გზა

კერუაკის გზა
როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. ერთ დღეს, ჯეკ კერუაკმა გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა აღმოეჩინა და ამერიკის გაერთიანებული (და არა შეერთებული) შტატები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მანქანით გაიარა. მერე უკან დაბრუნდა, მერე ისევ დასავლეთისკენ წავიდა, მერე ისევ აღმოსავლეთისკენ და ბოლოს დაწერა წიგნი, რომელმაც ის ქვეყანა, რომლის აღმოჩენაც კერუაკს სურდა, რადიკალურად შეცვალა. მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ რამდენიმე წლის დამთავრებული იყო და ომისგან დანგრეული მსოფლიო, ამასობაში აყვავებული ამერიკის ბედს, დაუფარავად შენატროდა. ჯეკ კერუაკმა კი სწორედ ძღნერში ჩაძირული ისეთი ამერიკა აღმოაჩინა, რომელსაც მხოლოდ მაშინ თუ დაინახავ, როცა შენი ქვეყანა ძალიან გიყვარს. ეს წიგნიც საოცარი სიყვარულით დაწერილი თავგადასავალია იმ ადამიანისა და იმ თაობის, ვისაც დათმობა არ სურს, რადგან სამყაროს ისე არაფერი აბოროტებს, როგორც კეთილშობილთა კომპრომისები. კერუაკი კი იყო პირველი ჰიპი, ვინც უარი თქვა შეგუებაზე. მერე კიდევ ბევრი სხვა წიგნებიც დაწერა იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც გზაა~; უფრო სწორად,გზაზე~ (“Oნ ტჰე როად”) _ წიგნი, რომელსაც ამერიკაში, ევროპასა და მთელს მსოფლიოში ჰიპების მოძრაობა მოჰყვა. გზაზე, რომელიც პირველად ჯეკ კერუაკმა გაი­არა, მერე სხვა ლიდერებიც გამოჩნდნენ და რიჩარდ ბროტიგენს, ჯიმი ჰენდრიქსსა თუ ალენ გინზბერგს მილიონებიც აჰყვნენ, მაგრამ პირველი და მთავარი მაინც კერუაკი იყო. ჯეკ კერუაკზე პოპულარულები იყვნენ ბობ დილანი და ჯენის ჯოპლინი, უილიამ ბაროუზი და მიკ ჯაგერი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კერუაკი იყო, როგორც გზამკვლევი, როგორც პირველი მწერალი და ადამიანი, ვისაც არ შეეშინდა. მას არ შეეშინდა დინების საწინააღმდეგოდ ცურვის, რაც იოლი როდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადიდებულ მდინარეს ყველაფერი მოაქვს, რაც გზად ხვდება…
ჯეკ კერუაკი საქართველოში არასოდეს ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როცა მას საქართველში ჩამოსვლა შესთავაზეს, მაშინ (გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში), საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა იყო და კერუაკმა ამერიკელი მწერლების დელეგაციასთან ერთად საბჭოთა კავშირში სტუმრობაზე უარი თქვა. მან ჩათვალა, რომ ესეც კომპრომისი იქნებოდა მისთვის. საკუთარი პრინციპების ღალატი კი მას არ შეეძლო. ამიტომ საქართველოში მაშინ მხოლოდ ბობ დილანი და ალენ გინზბერგი ჩამოვიდნენ _ ჰიპების უფრო სახელოვანი ლიდერები, ვიდრე თვითონ კერუაკი, მაგრამ რა გასაკვირი იქნებოდა, რომ საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირში, ბობ დილანისა და ალენ გინზბერგის შესახებ არაფერი სცოდნოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემიაზე ისინი უკვე წარდგენილები იყვნენ და მათი სახელებიც მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცოდა. იყო ზაფხული, აგვისტოს დასაწყისი, როცა თბილისი (მაშინ) მთლიანად ცარიელდებოდა ხოლმე და უფროსი თაობის ქართველ მწერალთაგან (იმ დღეს რომ მაჩაბელზე, სოლოლაკში დახვდნენ ამერიკელ მწერლებს), აბა ვინ ამოიცნობდა სახელოვან ჰიპებს. ვერც ამოიცნეს და მხოლოდ ერთ მათგანს (უფროსი თაობის ქართველ მწერალთაგან) სახლში (საღამოს, ტელევიზორის წინ), ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა წამოსცდა _ ვიღაც ამერიკელი მწერლები მოიყვანეს ჩვენთან, მაჩაბელზე, დაცვის თანხლებით და მწერალს დაცვა რაში სჭირდებაო. ამ ფრაზამ იმდენად დააინტერესა იმ ქართველი მწერლის შვილები, რომ ძვირფას მამას სასწრაფოდ დაადგენინეს ამერიკელი მწერლების ვინაობა. სტუმრების სახელები რომ გაიგეს, იმ ღამესვე დაურეკეს ყველა მეგობარსა და ნაცნობს, ვინც თბილისში ან ახლო-მახლო აგარაკებზე ეგულებოდათ და მეორე დღისთვის, მწერალთა კავშირში დაიბარეს. ამბავი, რომელიც ძმებმა ჭილაშვილებმა გაავრცელეს, მართლაც დაუჯერებლად ჟღერდა, მაგრამ მეორე დღეს, ცოცხალი ბობ დილანის სანახავად, სოლოლაკში მაინც შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი. მათ, ცოცხალ ლეგენდას, ისიც უთხრეს, რომ მიუხედავად საბჭოური რეალობისა, მისი თაყვანისმცემლები ამ ქალაქშიც ცხოვრობდნენ და ამის საილუსტრაციოდ ძმებმა ჭილაშვილებმა მისი სიმღერების დაუყოვნებლივ შესრულებაც შესთავაზეს, რაზეც ბობ დილანმა თავაზიანი უარი განაცხადა. მაგრამ, ალბათ, მაინც ესიამოვნა ქართველ ახალგაზრდებს შორის თავისი ფან-კლუბის აღმოჩენა და მადლიერების ნიშნად, ძმებ ჭილაშვილებს საკუთარი წიგნი აჩუქა.
ბობ დილანის ეს წიგნი (“თარანტულა”), მისივე ავტოგრაფით, მოგვიანებით სიამაშვილების ოჯახში ინახებოდა, საკმაოდ საიმედოდ _ როგორც ნივთმტკიცება იმის დასტურად, რომ სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა _ ბობ დილანი, 1985 წლის აგვისტოში ნამდვილად სტუმრობდა თბილისს. იმ დღეს კი, როცა თბილისელი (მაშინდელი) ჰიპები ბობ დილანს მწერალთა კავშირის მისადგომებთან შეხვდნენ, ალენ გინზბერგი იქ არ ბრძანდებოდა, რადგან სწორედ იმ დღეს, იგი სერგო ფარაჯანოვთან ერთად გაიპარა და ქართული ღვინით აღფრთოვანდა კიდეც. ერთი დღის შემდეგ, ეს აღფრთოვანება საჯაროდაც გამოიხატა იმავე მწერალთა კავშირში, მაგრამ იქვე საყვედურიც გამოთქვა საბჭოთა საქართველოში დემოკრატიის არასაკმარისი ხარისხის გამო. ალენ გინზბერგის ამ განცხადებას ქართველი მწერლების შეშფოთება მოჰყვა და ამერიკელ პოეტს სთხოვეს, განემარტა, თუ (კონკრეტულად) რას უწუნებდა საბჭოთა დემოკრატიას. გინზბერგმა თქვა, რომ გუშინ საღამოს მთელი თბილისი ფეხით მოვიარეთ და არც ერთ ქუჩაზე არცერთი ბოზი (“პროსტიტუტე”) არ შეგვხვედრია _ ამ ქვეყანაში თუ დემოკრატიაა, ბოზები რატომ არა გყავთო. როცა ქართველ მწერლებს ამერიკელის სიტყვები უთარგმნეს, ცხონებული ირაკლი აბაშიძე ფეხზე წამოდგა, დანარჩენი ქართველი მწერლებისკენ ხელი გაიშვირა და ამერიკელი სტუმრებისთვის თავისი იუმორითა და ჩახლეჩილი ხმით, საპასუხოდ განმარტა _ აქ ვისაც ხედავთ, ჩემო ბატონო, ძირითადად ბოზები არიანო…
შინ, ამერიკაში დაბრუნებულ ბობ დილანსა და ალენ გინზბერგთან, ჯეკ კერუაკმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს უახლოესი მეგობრები იყვნენ. კერუაკმა ისინი კონფორმიზმში დაადანაშაულა. მეტიც, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ ალენ გინზბერგი კრემლის (მოსკოვის) აგენტი იყო და კონკრეტულად და პირადად კერუაკს კურირებდა. მაშინ ჯეკ კერუაკი უკვე გალოთებული იყო და ყველასაგან მიტოვებული, მარტოდმარტო კვდებოდა თავის ფიცრულში, რომელიც (სხვა ლიდერებისგან განსხვავებით), ქონებასა და სიმდიდრეზე არასოდეს გაუცვლია. ის ბოლომდე იმ გზის ერთგული დარჩა, რომელსაც ახალგაზრდობიდანვე დაადგა და იმ ჰიპებისთვის არასდროს უღალატია, რომლებიც თმებში ჩაწნული ყვავილებით, კერუაკის გზაზე, ხმაურით მიდიოდნენ, მაგრამ მოგვიანებით (ამჯერად უხმაუროდ), სწორედ ისეთები ხდებოდნენ, როგორ მამებსაც თვითონ უპირისპირდებოდნენ. ჯეკ კერუაკი კი იმ რწმენით მოკვდა, რომ მხოლოდ ახალგაზრდობაში ჰიპობა არაფერს ნიშნავს _ მთელი სიცოცხლე, ბოლომდე ჰიპი უნდა იყო…

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s