სოსიო

მიშა ახვლედიანი არის მადრიდის “რეალის” (ალბათ) ერთადერთი ქართველი სოსიო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სანტიაგო ბერნა­ბეუს სტადიონზე მადრიდელები “ბარსელონას” მასპინძლობენ (და რასაკვირველია ბილეთის ყიდვა შეუძლებელია), მას ყველაზე მეტი შანსი აქვს (როგორც სოსიოს ანუ კლუბის წევრს), რომ რაღაც მაინც მოახერხოს. უკეთესი რა უნდა მოეხერხებინა და მიშამ “რეალისა” და “ბარსელონას” თამაშზე, სანატრელი ბილეთები (დარჩენილ სამ დღეში) მოიპოვა და მატჩზე დასასწრებად, ორი საათით ადრე, საქართველოს დროშით მივედით. უფრო სანატრელი რა უნდა იყოს ფეხბურთის მოყვარულისთვის, ვიდრე იმ თამაშზე დასწრება, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობ. ორი საათით ადრე კი იმიტომ მივედით, რომ ათასობით მადრიდელთან ერთად გვენახა, როგორ მიჰყავთ ფეხბურთელები სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე _ ავტობუსს წინ მოუძღვებიან ცხენებზე ამხედრებული პოლიციელები და ქუჩებში გამოფენილი მადრიდელები სტადიონისკენ მიმავალ საყვარელ გუნდს ისე აცილებენ, როგორც ბრძოლის ველზე გაგზავნილ შუასაუკუნეების რჩეულ რაინდებს. დროშებით აჭრელებულ მადრიდის ქუჩებსა და ადამიანთა სახეებზე ძალიან ადვილია იმის ამოკითხვა, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება არა მხოლოდ სპორტული შერკინებაა, არამედ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთი და ამ ორ გუნდს შორის მატჩი ესპანეთის ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ისტორიული დღე. მეტიც, ეს არის კიდეც ესპანეთის ისტორია მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში პირველად გააგორეს ბურთი და ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ პირველად კატალუნიის დროშები სწორედ “რეალთან” მატჩის დროს ააფრიალეს საკუთარ დროშებს მონატრებულმა ბარსელონელებმა. პრიმერადივიზიონის მატჩების გრაფიკს, რასაკვირველია, ასეთი სიზუსტით ვერავინ დაგეგმავდა და ეს უბრალო დამთხვევა იყო _ დიქტატორ ფრანკოს სიკვდილის მეორე დღეს დანიშნული იყო თამაში ბარსელონაში, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. მატჩის წინა ღამეს კი, კატალუნიაში არ იყო ოჯახი, სადაც კატალუნიის დროშას არ კერავდნენ, რომელიც ფრანკოს სიცოცხლეში, უბრალოდ, იკრძალებოდა. კატალუნიურ ენაზე საუბარიც იკრძალებოდა, მადრიდის “რეალის” რეალური პატრონი კი, ათეული წლების მანძილზე, თვითონ ფრანკო იყო. ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენია, რა მონდომებით შეკერავდნენ კატალუნიურ ოჯახებში კატალუნიის დროშებს სწორედ იმ ღამეს, როცა დიქტატორი ფრანკო გარდაიცვალა და მეორე დღეს, ეს დროშები “ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის “რეალის” წინააღმდეგ საბრძოლველად როგორი სტიმული იქნებოდა. ის მატჩი მაშინ კატალუნიელებმა მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი “ბარსელონა” საკმაოდ სუსტი იყო და მადრიდელებს კი ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ასი ათასი დროშის წინააღმდეგ ბრძოლა, მართლაც, ძნელი აღმოჩნდა. ბერნაბეუს სტადიონზეც ვნახეთ ასი ათასი დროშა ერთად, მაგრამ არა კატალუნიის, არამედ “რეალის”. სანტიაგოზე მისულ ნებისმიერ გულშემატკივარს, სკამზე თავისი გუნდის თეთრი დროშა და ჟურნალი ხვდება, სადაც აქ, ამ თამაშზე მისულ ადამიანს, საყვარელი კლუბის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის წაკითხვა შეუძლია. ყველაზე მეტად (თამაშის გარდა), სტადიონი მაინტერესებდა და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სანტიაგო ბერნაბეუ არ არის სტადიონი, მიუხედავად იმისა, რომ გარედან მართლა სტადიონს ჰგავს, მაგრამ როცა დაჯდები და ცაში აზიდულ ტრიბუნებს ახედავ, მიხვდები, რომ ბავშვობიდან დღემდე, სულ ტყუილად ამაყობდი “დინამოს” სტადიონით და სტადიონი სწორედ “დინამოა”, ბერნაბეუ კი _ ნამდვილი ზღაპარია. ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს და მართლა პირდაღებული ვუყურებდი ამ საოცრებას, როცა მატჩის დაწყებამდე შვიდი წუთით ადრე, ძალიან ასაკოვანი და ძალიან სოლიდური კაცი მომიახლოვდა და ძალიან ზრდილობიანად მითხრა, თქვენ ადგილი შეგეშალათ და თქვენი სკამი მოძებნეთო. ეჭვი, რასაკვირველია, მაშინვე გამიჩნდა, რომ ჩემს სკამზე არ ვიჯექი, მაგრამ იმ დარბაისელ მადრიდელ კაცს მაინც (ასევე ზრდილობიანად) შევაპარე, იქნებ თქვენ შეგეშალათ ადგილი-მეთქი, რაზეც მან ისე გულიანად გაიცინა, თითქმის მთელმა ტრიბუნამ ჩვენსკენ მოიხედა _ მე როგორ შემეშლებოდა, სამოცდაათი წელია ზუსტად აქ ვზივარო. დანარჩენებთან ერთად გამეცინა და ჩემი სკამი მოვძებნე, საიდანაც (სხვათა შორის), ისევე მშვენივრად ჩანდა მოედანი, როგორც (ალბათ) ნებისმიერი ადგილიდან, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ტრიბუნების ცქერასა და არქიტექტურულ სასწაულს უფრო დავხარბდი, ვიდრე რობერტო კარლოსის უგზოუკვლოდ დაღუნულ ფეხებს, რომელიც სწორედ ჩვენს ფრთაზე, ჩვენი ტრიბუნის წინ, ჩვენგან ძალიან ახლოს თამაშობდა. რონალდო (ტრავმის გამო) საერთოდ არ თამაშობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, რონალდინიომ აიკლო “რეალის” დაცვა და ისეთი მონდომებული იყო, რომ ყველაფერს თვითონ აკეთებდა, კუთხურებისა და ჰაუტების ჩაწოდების ჩათვლით. ჩვენს ტრიბუნასთანაც (ძალიან ახლოს), ამ მუდამ ღიმილიან ფეხბურთელს, მოედნიდან გადმოვარდნილი ბურთის ასაღებად გამოქცევაც ვერავინ მოასწრო და ისე ახლო მანძილიდან დავაკვირდი რონალდინიოს სახესა და ქვედა ყბას, რომ შეუძლებელი იყო, ივა კუზანოვი არ გამხსენებოდა. სწორედ რონალდინიოს წყალობით, ის თამაში “ბარსელონამ” მოიგო, ანგარიშით _ ორით ერთი და მეორე გამარჯვების გოლით გახარებულმა გულშემატკივარმა, ვიღაც ალბათ კატალუნიელმა (ნინო მანფრედივით), თავი ვეღარ შეიკავა და ისეთი ყიჟინა დასცა ჩვენს უკან, რომ მთელი სანტიაგო ბერნაბეუ სტუმრის თავხედობამ გულწრფელად აღაშფოთა. თუმცა ”რეალის” გულშემატკივრებს, ამ კატალუნიელი ფანის წინააღმდეგ, რადიკალური (ძალადობრივი) ფორმებისათვის არ მიუმართავთ _ მიმართეს პოლიციას სწორედ იმ მიზნით, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო და პოლიციამ ის კატალუნიელი გულშემატკივარი ციმ-ციმ გაიყვანა. ერთადერთი, რაც მან მოასწრო, საკმაოდ უხერხულ კონტექსტში “რეალის” ხსენება იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ როცა იგი ყვიროდა: “აი, თქვენი რეალიო”, თვალებითა და ხელებით საკუთარ სასქესო ორგანოზე მიუთითებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ “ბარსელონას” გულშემატკივარი მზად იყო, სანტიაგო ბერნაბეუზე “რეალის” გულშემატკივართა ხელით მომკვდარიყო. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მეორე ტაიმში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელთა დედების გახშირებულ ხსენებას თუ არ ჩავთვლით და განსაკუთრებით კი მატჩის მიწურულს, როცა “რეალის” ათასობით ქომაგისათვის ნათელი გახდა, რომ მათი საყვარელი გუნდი, მათთვის ყველაზე მოძულე მეტოქესთან მარცხდებოდა. თამაშის ბოლოს გახშირებულ გინებებში ჩემთვის (მანამდე) უცნობი იმდენი სიტყვა ისმოდა, რომელთა არჩაწერა არ შემეძლო და მეორე დღეს, ლექციაზე, ჩემი ლექსიკის ლექტორს ვუსაყვედურე კიდეც, ამ სიტყვებს რატომ მიმალავდით-მეთქი. არადა, ამ ულამაზეს ესპანურ ენას, მგონი, უხდება კიდეც ზოგჯერ აღშფოთებული, ხელებგაშლილი ესპანელის უწმაწური გადახვევები (განსაკუთრებით მაშინ), როცა იგი “რეალის” მეგავარსკვლავებში გადახდილ მილიონებს მისტირის, რომელიც ესპანეთის კიდევ უფრო განვითარებას უნდა მოხმარებოდა. “რეალის” არცთუ წარმატებული ასპარეზობა კი (შინ და გარეთ), სწორედ ჩემი თეორიის დადასტურებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ფული მაინც არ არის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი. სიტყვა “Pასარელა”-ც, მადრიდის “რეალზე” საუბრისას (ესპანეთში) სულ უფრო ხშირად ისმის, რადგან ეს სიტყვა “პოდიუმს” ნიშნავს და მადრიდელებს კი სურთ, რომ “რეალის” თამაშისას ახსენდებოდეთ ძველი “დუენდე” _ სიტყვა, რომელიც ჩვენებურ ჯიგარსა ჰგავს, ხოლო მათი ღრმა რწმენით, ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას ჯიგარი სჭირდება. ზუსტად ასე მითხრა ბერნაბეუდან გამოსვლისას “რეალის” გულშემატკივარმა, რომელსაც ჭირისუფლის სახე ჰქონდა, გულზე გაშლილი ხელი ედო და ალბათ დისტეფანოს თუ ეძებდა ამ ნაღვლიან, დადუმებულ ხალხში. მე მიშა ახვლედიანს ვეძებდი, ვინც ასეთი ძვირფასი საჩუქარი გამიკეთა და როცა ერთმანეთი დაცარიელებული სანტიაგოს წინ, დათქმულ ადგილას აღმოვაჩინეთ, ფეხით გავუყევით მადრიდის ქუჩებს. ყოველ ერთ წუთში ერთხელ გვხვდებოდნენ ბერნაბეუსკენ მიმავალი მადრიდის ნაგვის მანქანები, რომლებსაც დიდი, ფერადი ასოებით, ცნობილი სლოგანი ეწერათ: “Mადრიდ ლიმპიო ეს ცაპიტალ!”, რაც სიტყვების თამაშია და იმას ნიშნავს რომ მადრიდი ესპანეთის დედაქალაქია მხოლოდ მაშინ, როცა ის სუფთაა…

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s