ბერლინი და ბერლინალე

ბერლინი
ბერლინი ის ქალაქი არაა, რომელიც ერთი შეხედვით მოგეწონება. ბერლინს არ ეთქმის ლამაზი იმ გაგებით, როგორადაც პარიზი თუ რომი, თუნდაც ბარსელონა ან ამსტერდამი ითვლება. მაგრამ ვინც ამ ქალაქს იცნობს, ძნელია მის განსაკუთრებულ, პირქუშ ხიბლს გაექცეს. როდესაც ამ ქალაქის რუხი ფერები პირველად ვნახე, მივხვდი, რომ პროლეტარიატის გათავისუფლების იდეა სწორედ აქ უნდა ჩამოყალიბებულიყო. სანამ საბაზრო მეურნეობა ქალაქს პასტელის ფერებში შეღებავდა, ჩემთვის ბერლინი ახლობელი და მშობლიური იყო. ბერლინში ჩასული, თავს შინ ვგრძნობდი და გულისცემა მიჩქარდებოდა, როცა ეს-ბანი (ქალაქის შიდა `ელექტრიჩკა~) მუზეუმების კუნძულზე, პერგამონისა და ბოდეს მუზეუმებს შორის გაძვრებოდა.


აქ ბევრი რამაა განსაკუთრებული. ქალაქის შუაგულში უზარმაზარი პარკია; უფრო სწორად, ტყე. ამ ქალაქს ერთი ცენტრი არ აქვს და ეს მხოლოდ ბერლინის გამორჩეული პოლიტიკური ისტორიის ბრალი არაა. (ქალაქის გაყოფის გამო კი, აქ ყველაფერი ორი ჰქონდათ: ოპერა, სახელმწიფო ბიბლიოთეკა, სამუზეუმო ცენტრები, უნივერსიტეტი) დასავლეთ ნაწილის ცენტრი კურფიურსტენდამი და ბრაიტშაიდის მოედანია, სადაც ომის გასახსენებლად, დანგრეული ეკლესია დგას. აღმოსავლეთის ცენტრი ალექსანდერპლატცი და უნტერ დენ ლინდენია, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან მთავრდება. ბოლო 70 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მესამე დიდ ცენტრს _ პოტსდამის მოედანს აშენებენ. ომამდე ის ბერლინის ერთ-ერთი გული იყო.

პოტსდამის მოედანი
ომმა ბერლინის უდიდესი ნაწილი მიწასთან გაასწორა. ომის შემდეგ, ბერლინი გამარჯვებულებმა ორად გაიყვეს. მერე ჩვენმა~ ბანაკმა კედელიც კი ააშენა. კედელი ქალაქის შუაში გადიოდა _ რაიხსტაგსა და ბრანდენბურგის კარიბჭეს შორის და ოდესღაც სიცოცხლით სავსე პოტსდამის მოედანს შუაზე ჰყოფდა. ამიტომ ვერც დასავლეთმა და ვერც, მით უმეტეს, აღმოსავლეთმა კედლის დანგრევამდე აქ ვერაფერი ვერ ააშენა. გდრ-ში გამოცემულ ქალაქის გეგმაზე მხოლოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილი იყო დატანილი. ქალაქის დასავლეთი ნაწილის ადგილას დიდი თეთრი ლაქა _ სრული სიცარიელე იყო. აღმოსავლეთის ქუჩები ამ სიცარიელეში მთავრდებოდა, მოედნებს ნახევარწრის ფორმა ჰქონდათ. დასავლეთ ბერლინი მტრულ გარემოცვაში მოქცეული კუნძული იყო. დასავლეთ ბერლინელები კუნძულზე ცხოვრობდნენ, რომელიც გარე ხმელეთისგან კედლით იყო შემოზღუდული. როგორც მეგობრებისგან მსმენია, მათ უცნაური გრძნობა ეუფლებოდა: ამ ნახევარქალაქში საითკენაც არ უნდა წასულიყავი, მაშინვე ღობეს, გადაულახავ საზღვარს, მაღალსა და გრძელ, თეთრ, ხშირად კი, მოხატულ კედელს აწყდებოდი. კედლის დანგრევის შემდეგ, პირველ რიგში, სწორედ ისინი გათავისუფლდნენ, ვინც თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყვნენ, მაგრამ ამ კედელშემოვლებულ კუნძულზე ცხოვრობდნენ. მართალია, კედელი 1989 წელსგაირღვა~, მაგრამ ჯერ კიდევ იდგა. მერე კედელში ხვრელები გაჩნდა. იქ, სადაც ნაციზმის დროს გიორინგის საჰაერო ძალების სამინისტრო, ხოლო კომუნისტების დროს `სამინისტროების სახლი~ იყო, კედელში გავდიოდი და ყოფილ პოტსდამის მოედანზე ამოვყოფდი ხოლმე თავს. მოედნისა მას აღარაფერი ეტყობოდა. მის ადგილას მინდვრის ბალახებით მოფენილი დიდი მინდორი იყო. იქვე იდგა ჯიხური, რომელშიც ღია ბარათებს და კოკა-კოლას ყიდდნენ, ორი ძველი შენობა თუ შენობის ნარჩენები და ბოლოს, სახელმწიფო ბიბლიოთეკა, სადაც ყოველდღე დავდიოდი იმ წიგნების წასაკითხად, ჩვენს მხარეზე რომ არ იშოვებოდა.


90-იან წლებში ის მსოფლიოს ყველაზე დიდი სამშენებლო მოედანი იყო, რომელიც ნებისმიერი არქიტექტორისთვის გამოწვევად იქცა, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს დიდი ქალაქის ახალი ცენტრი აეშენებინა.
დღეს აქაურობა შთამბეჭდავია, თუმცა მასში ახალი საუკუნის ახალი არქიტექტურის ტენდენციები მაინც არ იგრძნობა.

ბერლინალე
იქ, სადაც წინათ მინდორი იყო, სახელმწიფო ბიბლიოთეკისკენ ზურგშექცევით მიუზიკლების დიდი შენობა დგას, რომელიც ფესტივალის დროს ბერლინალეს სასახლედ იქცევა ხოლმე. 2000 წლიდან, მოედანი, თავისი მულტიპლექს-კინოთეატრებით, ფესტივალის ცენტრია. მანამდე, ათწლეულების განმავლობაში, ფესტივალის მთავარი მასპინძელი, დასავლეთ ბერლინის ცენტრში მდებარე ცოოს კინოსასახლე იყო. ჟურნალისტები კი, კინოფილმებს ძირითადად რაიხსტაგის მახლობლად, მსოფლიოს კულტურათა სახლში ვუყურებდით. ახლა იქ ბერლინის ტალანტთა კამპუსი ტარდება. 14 წელია, რაც ბერლინალეზე ჟურნალისტად ვარ აკრედიტებული. ამ ხნის განმავლობაში, ფესტივალი გაიზარდა, არამეგობრული და არაკომუნიკაბელური შეიქნა. წინათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების გაცნობა შეიძლებოდა. ჟურნალისტები და კინოს მოყვარულები მსოფლიოს კულტურათა სახლში ხშირად იკრიბებოდნენ, კინოსეანსებს შორის ყავას სვამდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ახლა ცივ, უსახურ პოტსდამის მოედანზე ერთი კინოდან მეორეში გადარბიან და ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩებათ. საღამოობით, უფრო სწორად ღამით, დიდი წვეულებები იმართებოდა, სადაც დაუპატიჟებელ სტუმრებსაც შედარებით ადვილად უშვებდნენ. ამგვარი წვეულებები ახლაც იმართება, მაგრამ შეშვებაზე უკვე სასტიკი კონტროლია. მოწყენილი და მოსაწყენი კინოსაზოგადოება ერთმანეთს სულ იმაზე ელაპარაკება, ვინ სად და როგორ იშოვა ფული კინოს გადასაღებად. მუსიკალური ფონის მიუხედავად, იშვიათად ცეკვავენ. უმრავლესობას საქმიანი და სერიოზული, ზომიერად დაღლილი სახე აქვს. შიგადაშიგ, შეიძლება საერთაშორისო ან ადგილობრივ ვარსკვლავსაც მოჰკრათ თვალი. წელს, როგორც აღფრთოვანებით წერდა მედია, ჟიურის ულამაზეს წევრს _ ჩინური წარმოშობის ამერიკელ ბაი ლინს მკერდიც კი გამოსჩენია. მედიის სიხარული ზღვარს გასცდა.
ოთხი წლის წინ, ერთ-ერთ ასეთ `ფართიზე~ ნორჩი მსახიობი იულია იენჩი გამაცნეს. ძალიან მორცხვი გოგონა იყო. წელს ჯერ ფილმში, ხოლო შემდეგ უკვე სცენაზე ასული ვიხილე _ მას ქალის როლის (სოფი შოლი) საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს დათვი გადასცეს. სასიამოვნოა, რომ მიუხედავად წარმატებისა, ისევ უბრალო და მორცხვია.

GLAMOUR _ ბრჭყვიალება
კანისა და ვენეციის ფესტივალებისგან განსხვავებით, ბერლინალეს ნამდვილი (ანუ ჰოლივუდელი) ვარსკვლავები არასდროს წყალობდნენ. 2002 წელს, როდესაც ბერლინალეს შეფი დიტერ კოზლიკი გახდა, შეეცადა (გარკვეულწილად, წარმატებითაც), ბერლინის ფესტივალისთვის მეტი ბრჭყვიალება მიენიჭებინა.
მაგრამ ბოლო ორი წელია, რაც ოსკარების გადაცემის ცერემონიალი ერთი თვით ადრე _ თებერვლის ბოლოს ტარდება და ჩაწყობებით~ დაკავებულ ჰოლივუდელებს ბერლინისთვის აღარ სცხელათ. ბოლო წლებში, ჰოლივუდი ცდილობს, თავისი ფილმები მთელს მსოფლიოში ერთდროულად გაუშვას სტარტზე. ამერიკელები ბერლინალეს აღარ ელოდებიან. გერმანიის კინოთეატრებში უკვე გადის ფილმი ავიატორი, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს და რომლის ფესტივალზე ჩვენების დიდი სურვილიც ჰქონიათ. ვერც რეი ჩარლზის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი რეი მოიზიდა ბერლინალემ. ლეონარდო დი კაპრიო ბერლინს იანვარში ესტუმრა. ფესტივალის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, ქალაქი დასტინ ჰოფმანმაც მოინახულა. ფესტივალის კულუარებში ლაპარაკობენ, რომ ოსკარების გამო, მომდევნო ფესტივალი შეიძლება თებერვალში აღარ შედგეს. ბერლინალე თავისი ისტორიის პირველ წლებში ხომ ზაფხულში ტარდებოდა და ბერლინური ამინდის გათვალისწინებით, ფესტივალის ჩატარების თარიღის გადატანა მისასალმებელიც კი იქნება. წლევანდელ ფესტივალზეც უფრო არაამერიკელი ვარსკვლავები ჭარბობდნენ: კატრინ დენევი და ჟერარ დეპარდიე ან, მაგალითად, დენიელ დეი-ლიუისი, რომელმაც კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ფესტივალის ერთგულებისთვის პრიზი _ოქროს კამერა~ მიიღო. დენის სიმამრი, ამერიკელი მწერალი და ერთ დროს მერლინ მონროს ქმარი, არტურ მილერი, სწორედ ფესტივალის დაწყებისას გარდაიცვალა, მაგრამ მსახიობიც და მისი ცოლი _ რებეკა მაინც ჩამოვიდნენ ფესტივალზე.
ახლანდელი ფესტივალი (ნაწილობრივ, იძულებითაც) ისევე, როგორც წინა ხელმძღვანელობის დროს, აქცენტს უფრო ევროპულ და არა ამერიკულ ფილმებზე აკეთებს. წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო ფილმების უმრავლესობა ევროპული იყო. პირველ რიგში, ფრანგული (5 ფილმი) და გერმანული (3) ფილმები ჭარბობდნენ.

აფრიკა
წლევანდელმა ფესტივალმა განსაკუთრებული ინტერესი აფრიკული ან აფრიკის თემაზე შექმნილი ფილმების მიმართ გამოხატა.
ფესტივალი რეჟი ვარნიეს მიერ აფრიკულ თემაზე გადაღებული ფილმით Mან ტო მან გაიხსნა. ბრიტანელი ჯოზეფ ფაინსი და ქრისტინ სკოტ თომასი ანთროპოლოგებს ასახიერებენ, რომელთაც 1870 წელს აფრიკაში პიგმეების ტომი აღმოაჩინეს. ანთროპოლოგები ორ მათგანს იტაცებენ, როგორც ცოცხალ საბუთს იმისას, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, და დიდ ბრიტანეთში ჩაჰყავთ. მაგრამ მეცნიერები გვიან მიხვდებიან, რომ პიგმეებიც ადამიანები არიან.
სამწუხაროდ, ფილმი, რომლის სცენარის თანაავტორი განაში დაბადებული ბესტსელერების ავტორი უილიამ ბოიდია, მოსაწყენია. განსაკუთრებით ეს ჯოზეფ ფაინსის მიერ განსახიერებულ როლს ეხება. ფილმს, სწორედ რომ, ამერიკული ექშენ~ აკლია. კონკურსში სამხრეთ აფრიკული ფილმი ხაელიჩელი კარმენი აჩვენეს. ბიზეს ოპერის მოქმედება თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ თაუნშიპში _ ხაელიჩაშია გადატანილი. კარმენის როლს იქაური შესანიშნავი მომღერალი პაულინ მალიფანე ასრულებს. მთელი ფილმი ხოსას ენაზეა და ადგილობრივი მუსიკითაა გაჯერებული. ოპერის რეჟისორის, მარკ დორნფორდ-მეის ფილმმა დამსახურებულად, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ბერლინის მთავარი პრიზი _ოქროს დათვი~ აიღო.
ფესტივალზე წარმოდგენილი ორი ფილმი რუანდაში მომხდარ გენოციდს ეხებოდა, რომლის დროსაც, მსოფლიო საზოგადოების თვალწინ, ჰუტუებმა მილიონამდე ტუტსი ამოხოცეს, რასაც არავინ გამოხმაურებია.
ტერი ჯორჯის სასტუმრო რუანდა, იაფფასიანი ჰეფი ენდით, და რაულ პეკის ზოგჯერ აპრილში, სინამდვილეში მომხდარი საშინელი სისატიკის მიუხედავად, ვერავის შეძრავს.
ბევრად უფრო საინტერესო იყო ალი სამადი აჰადისა და ოლივერ შოლცის დოკუმენტური ფილმი დაკარგული ბავშვები, რომელიც უგანდაში მცხოვრებ ყოფილ ბავშვ-ჯარისკაცებზე მოგვითხრობს, რომლებსაც სამოქალაქო ომის დროს, ადამიანების მოკვლა უხდებოდათ.
ბერლინალე ყოველთვის პოლიტიზებული იყო და პოლიტიკური თემების სიუხვე წელსაც იგრძნობოდა.

პოლიტიკა
ჩვენ რუანდასა და უგანდაზე ბევრი არაფერი ვიცით და შეიძლება ამიტომაც, მოთმინებით ვიღებთ ამ თემაზე შექმნილ ფილმებს, მაგრამ როდესაც ჩეჩნეთის ომის თემაზე სრულიად უნიჭოდ გადაღებულ, პოლიტიკურად მიუღებელ ფილმს უყურებ, სიბრაზე გიპყრობს, რომ ასეთი ფილმების გადასაღებად ფული არ ენანებათ და მერე ფესტივალებიც ეპატიჟებიან მათ. თამარა ტრამპესა და იოჰან ფაინდტის დოკუმენტური ფილმი თეთრი ყვავები აღმაშფოთებელი იყო თავის სიყალბით და სიბეცით. ჩვენ, როგორც ჩანს, თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ რუსი ჯარისკაცისა და მედდის მიმართ, რომელთა ბედი, თურმე, ჩეჩნეთში ყოფნისას, უკუღმა დატრიალებულა. მედდას, რომელიც ფულის გამო ჩეჩნეთში წავიდა, ეკითხებიან, თუ როგორ შეცვალა ის ჩეჩნეთმა. მისი პასუხი კი ასეთია: იქ წონაში მოიმატა!
მოსკოვს დაბრუნებული ნაჯარისკაცალი ცხრა წლის გოგონას გააუპატიურებს. წამყვანი, ყალბი ხმით, მის საცოლეს ეკითხება, დაელოდება თუ არა ამ ბიჭს, სანამ ციხიდან გამოვა. საპყრობილის სცენა ამაზრზენია. საცოდავი~ ბიჭი! _ თურმე მისი უბედურება ჩეჩნების ბრალი ყოფილა. ამ ფილმის ფონზე, შვეიცარიელი ერიკ ბერგკრაუტის ფილმი კოკა: მტრედი ჩეჩნეთიდან კარგი და ადამიანურია. ჩეჩნეთშიკოკას~ _ მტრედს ზეინაპ გაშაევას ეძახიან. ის და მისი თანამოაზრე ქალები, ჩეჩნეთში რუსული ტერორის შესახებ დოკუმენტებს სიცოცხლის ფასად აგროვებენ.

Bიოპიც-ები
საკონკურსო ფილმებს შორის წარმოადგინეს ორი ევროპული ბიოგრაფიული ფილმი, რომელთაც ამერიკელები კინოჟარგონზე ბიოპიც-ს უწოდებენ: რობერ გედიგიანის გადაღებული ფრანგული ფილმი მარსის ველებზე მოსეირნე (რომელიც კიბოთი დაავადებული პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ცხოვრების ბოლო პერიოდზე მოგვითხრობს) და მარკ როტემუნდის გერმანული ფილმი სოფი შოლი _ უკანასკნელი დღეები. როგორც სათაურიდან ჩანს, ეს ფილმი მიუნხენელი სტუდენტის, სოფი შოლის (იულია იენჩი) ცხოვრების ბოლო დღეებს ეხება. სოფი შოლი 1943 წელს ანტინაცისტური პროკლამაციების გავრცელებისთვის დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს.
ფილმში, რომელშიც გერმანული წინააღმდეგობის ახალგაზრდა გმირის სახე თითქოს დოკუმენტური სიზუსტითაა აღდგენილი, გამოტოვებულია ის ფაქტი, თუ როგორ დაასმინა სოფიმ მეგობრები არალეგალური ორგანიზაცია თეთრი ვარდიდან. საერთოდ, საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაცისტების სიმხეცე~ ამ ფილმში სასაცილოდ მოგეჩვენებათ. ფილმი თავისი პრიმიტიულობით, ყალბი ჰეროიკით და კიდევ უფრო ჰეროიკული უგემოვნო მუსიკით, საბჭოთა ფილმს მოგაგონებთ. მიუხედავად ამისა, ჟიურიმ ფილმის რეჟისორსოქროს დათვი~ გადასცა.
გედიგიანის ფილმი, მიტერანის მოღვაწეობის გარდა, ზოგადად, სიკვდილის თემასაც ეხება. საფრანგეთის სოციალისტი პრეზიდენტი მიტერანი, რომელიც საფრანგეთს ყველაზე დიდხანს (ნაპოლეონ III-ის შემდეგ) მართავდა (1981-1995 წწ.), ახალგაზრდა ჟურნალისტს განვლილ ცხოვრებასა და სიკვდილზე ესაუბრება. 79 წლის მიშელ ბუკე, რომელიც კლოდ შაბროლის ფილმებიდანაა ცნობილი, საფრანგეთის დიდი პრეზიდენტის უკანასკნელ ბრძოლას დიდი დამაჯერებლობით განასახიერებს. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ შარტრის ტაძრის მეფეთა საძვალიდან გამოსულ პრეზიდენტს, როცა ამბობს: მე უკანასკნელი დიდი პრეზიდენტი ვარ. ევროპის კავშირის გამო, გლობალიზაციის გამო, აღარაფერი იქნება ისე, როგორც ეს წინათ იყო. მხოლოდ ფინანსისტები და ბუღალტრებიღა იარსებებენ~. არც (სომხური წარმომავლობის) რეჟისორისთვის და არც შესანიშნავი მსახიობისთვის ჟიურიმ არაფერი გაიმეტა. ალბათ, ამერიკელთა მოსაზრება გაითვალისწინეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბიოგრაფიული ფილმი გმირის სიკვდილისწინა დღეებს არ უნდა ეხებოდეს. ფესტივალი დაიხურა ფილმით კინზი, რომელიც განთქმულ ამერიკელ სექსოლოგზე მოგვითხრობს. 1948 წელს მან გამოაქვეყნაკინზის რეპორტაჟის~ სახელით ცნობილი გამოკვლევა, რომელიც მამაკაცების სექსუალურ ქცევას ეხებოდა. ამ გამოკვლევამ დასავლეთის სექსუალურ რევოლუციას დაუდო საფუძველი.
ბიოპიკები ამერიკელების ახალი დიდი გატაცებაა. ჰოლივუდიდან ამ ჟანრის ფილმების დიდი ტალღა მოდის.
ბერლინში წარმოდგენილი იყო ფილმი ზღვის პირას, რომელიც ამერიკელი პოპის ლეგენდის, ბობი დარინის ცხოვრებას შეეხება. ბობი დარინი 50-60-იანი წლების სუპერვარსკვლავია. თურმე ქევინ სპეისის დედა მისი ფანი ყოფილა. დედამ ქევინს გული შეუწუხა, დარინზე ფილმი გადაიღეო და შვილმაც დედას სურვილი შეუსრულა, რასაც სრულიად კატასტროფული შედეგი მოჰყვა (ეკონომიკური თვალსაზრისითაც).
სპეისი, რომელმაც თავისი ჩამოსვლით ფესტივალს პატივი დასდო, ამ ფილმის სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერია.
ფესტივალს ჯორჯ მაიკლიც ესტუმრა, რომელმაც ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი განსხვავებული ისტორია წარმოადგინა. ფილმი უაღრესად გულახდილია. მაიკლი გვარწმუნებს, რომ ის ჟანრი, რომელშიც თვითონ მოღვაწეობდა (მაღალი პოპ-მუსიკა~), აღარ არსებობს და პროფილის გამოცვლას აპირებს. თუმცა, სიმღერას თავს არ ანებებს და არც მსახიობობა სურს. მაიკლმა მორცხვად ისიც აღნიშნა, რომმე მამრობითი სქესის კაილი მინოუგი ვიყავიო~.

სექსი
ბერლინის ფესტივალი (განსაკუთრებით კი მისი განყოფილება პანორამა, რომელიც ჰომოსექსუალური და ლესბოსური ფილმებით გამოირჩევა), ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს სექსს. კინზის მთავარი თემაც სექსია.
პორნოგრაფიასა და პორნოვარსკვლავებზე წელს რამდენიმე საინტერესო ფილმი აჩვენეს. მათ შორისაა რენდი ბარბატოსა და ფენტონ ბეილის ფილმი ღრმა ხანაში, რომელიც თავის დროზე (1972 წელს) პორნოგრაფიის სკანდალურად გახმაურებული კლასიკოსის, ჰარი რეიმსის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ჰარი რეიმსმა ხუთი წელი პატიმრობაში გაატარა, ხოლო მისი ფილმი 23 ქვეყანაში აიკრძალა. ნიქსონის დროს შემოღებული ანტიპორნოგრაფიული კანონები დღემდე ძალაშია და დღევანდელ პურიტანულ ამერიკაში შეიძლება უფრო გაამკაცრონ კიდეც. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმი პირველ ჰომოსექსუალ პორნოვარსკვლავზე _ პიტერ ბერლინზე.
ეს ყველაფერი საინტერესო იმიტომაცაა, რომ დღეს ინდუსტრიად ქცეული პორნოგრაფიული კინო, შეუდარებლად უფრო ნაკლები დანახარჯებით, ჰოლივუდზე უფრო შემოსავლიანია.
კონკურსში წარმოდგენილი იყო ცაი მინ ლიანის ტაივანური ფილმიც გზისპირა ღრუბელი, რომელიც პორნომსახიობზე მოგვითხრობს. ეს ფილმი, რომელიც `ვერცხლის დათვით~ დააჯილდოვეს, პორნოგრაფიის ზღვარზეა და ყოველგვარი კიჩის ფარგლებს სცილდება.

კარგი ფილმები
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად კარგი ახალი ფილმებით არ გამოირჩეოდა. ეს მხოლოდ ჩემი აზრი როდია, ადგილობრივი მედიაც ასე ფიქრობს. სხვადასხვა რეტროსპექტივაში ნაჩვენები ძველი ფილმები ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა, მაგალითად: სტენლი კუბრიკის, სამხრეთ კორეელი რეჟისორის _ იმ კვონტ ტეკის ან უძველეს და უმნიშვნელოვანეს იაპონურ კინოსტუდია `შოხიკუში~ 110 წლის წინათ გადაღებული ფილმები. ტრადიციისამებრ, ბერლინალეზე მაყურებელს ახლად რესტავრირებული კინოკლასიკაც წარუდგინეს. წელს ეიზენშტეინის ~პოტიომკინი~ აჩვენეს, ოდესის კიბის აღდგენილი სცენით და დასაწყისში ტროცკის ტექსტით.
ახალ ფილმებს შორის სამი რეჟისორის _ ემანო ოლმის, აბას კიაროსტამის და კენ ლოუჩის ერთობლივ ნამუშევარს, ბილეთებს გამოვარჩევდი, რომელიც თავიდან ბოლომდე, ავსტრიიდან იტალიაში მიმავალ მატარებელშია გადაღებული. სამი ეპიზოდიდან ყველაზე შთამბეჭდავი შუა იყო. აქ ხანშიშესული ქალი (სილვანა დე სანტისი) ახალგაზრდა მოსამსახურეს თუ საყვარელს არაადამიანურად ექცევა. ბოლოს კი, როცა ახალგაზრდა კაცი გაექცევა, მაინც თანაგრძნობას იწვევს.
მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის (ყოველ შემთხვევაში, რომლებიც მე ვნახე) გამოირჩეოდა გიორგი ოვაშვილის ფილმი ზღვის დონიდან, რომელმაც ბერლინალეზე დაწესებული ნიუ იორკის კინოაკადემიის პრიზიც აიღო.
იყო სხვა, მეტ-ნაკლებად აღნიშვნის ღირსი ფილმებიც, მაგალითად, ქრისტიან ჰეტცოლდის გერმანული ფილმი მოჩვენებები, ან პირველი ისრაელურ-პალესტინური კოპროდუქცია, ჰანი აბუ-ასადის Pარადისე ნოწ _ სამოთხე ახლავე, სადაც ორი პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტის ამბავია აღწერილი.

ისევ ბერლინი
ფესტივალი დამთავრდა. ბერლინში მსგავსი სიცივე, კარგა ხანია, არ ყოფილა. ყინავს. თითქოს ყველაფერია ამ ქალაქში _ მუზეუმები, გალერეები, თეატრ-ოპერები, კინოთეატრები, კლიპები, გოგოები, მაგრამ მაინც აღარ მითბობს გულს.

როგორ მიყვარდა ეს ქ…ქალაქი!
რასაკვირველია, ისევ მოვა გაზაფხული, დათბება. მერე ცხელი ზაფხულიც მოვა. ქალაქელები ბერლინის პარკებში გავლენ, ან ქალაქ­გარეთ, ტყეებში. ზოგიერთი კი, ბერლინისა და ბერლინის გარშემო ტბებში შიშვლები ჩახტებიან. მე კი გული აღარ მიწევს აქეთ.
და ამიტომ, როცა ისევ ბერლინურად დაცხება, გოგოები სხვებს აუწევენ კაბის კალთებს.

ავტორი: ლაშა ბაქრაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s