თამაში ქერის ყანაში

სპირიტიზმის სეანსი

პირველად ვისკით სავსე ბოთლი ძალიან პატარამ ვნახე, ერთმა ფოთელმა ნათესავმა გამოუგზავნა მამაჩემს. ეს ნათესავი შორეული ნაოსნობის გემზე მუშაობდა და ვინ იცის, რომელ პორტში დაითრია ეს მაგიურად მიმზიდველი, მანათობელი სასმელი. გასინჯვით გაცილებით გვიან გავსინჯე, ჩეკების მაღაზიაში ნაყიდი რომელიმე _ ჰანდრიდ ფაიფერსი~ თუუაით ჰორსი~, ზუსტად არ მახსოვს. მოგვიანებით იყო ქართულ ბაზარზე შემოყრილი იაფფასიანი ჩრდილოაფრიკული და პოლონური საწამლავი (რომელსაც, რატომღაც, ვისკი ერქვა), უცხოეთიდან ჩამოსული, ვისკით ხელდამშვენებული მეგობრები, მოხდენილი ბოთლები, ცხრა ძმაზე გაყოფილი ბოლო წვეთები… მაშინ ვისკის სმას, ხუმრობით სპირიტიზმის სეანსს ვეძახდით. ღვინო თუ ტრადიციულად სისხლს ნიშნავდა, ვისკის – სულთან ვაიგივებდით.

ბერები სახდელ ქვაბებთან

მახსოვს, ათი წლის წინათ, მე და ჩემს მეგობრებს ფშავში ერთი ძალიან უცნაური არაყი გვქონდა წაღებული. სახელწოდება ჩვეულებრივი ჰქონდა, ტრადიციული “Столичная”‑ს მარკისა იყო, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ იარლიყზე გარკვევით იკითხებოდა: `საქართველოს საპატრიარქო~ და ბოთლზე ქერუბიმიც ეხატა. თავიდან გაგვიკვირდა, მაგრამ მალე გაგვახსენდა, რომ პირველი არყის სახდელი მანქანების გამოგონება სწორედ ბერებს მიეწერებოდა და მსოფლიოში პირველი ცნობილი სახდელებიც მონასტრებში იყო.

ეს ყველაფერი გაგონილი გვქონდა და ვისკის წარმოშობაზეც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენისა ვიყავით. არც ის ვიცოდით, რომ ვისკის სპეციალისტები ამ ღვთაებრივი ელექსირის ისტორიას მონასტრებიდან იწყებდნენ.
კელტი ბერები თურმე უმარტივესი სახდელი აპარატებით ხდიდნენ სითხეს. ვისკის, ძირითადად, სამკურნალოდ იყენებდნენ და ლათინურენოვანი მონასტრების აქუა ვიტაეს – ასთვის (ბერები სპირტს სიცოცხლის წყალს~ უწოდებდნენ) კელტურად uisge beatha დაურქმევიათ, ანუ იმდროინდელი ქართულით რომ მოვთარგმნოთ,წყალი ცხოველი~. შემდეგ ამ uisge-ს კაი შორი გზა გაუვლია (uisce-fuisce-uiscie), ვიდრე whisky-დ იქცეოდა, თუმცა დღემდე მაინც დარჩა ორგვარი მართლწერა ამ სასმელისა, whisky და whiskey.
როცა ბოთლზე whisky-ს მოკრავთ თვალს, ე.ი. შოტლანდიურ ვისკიზე, ანუ სკოჩზეა საუბარი, whiskey-ს კი ირლანდიელები წერენ (სხვათა შორის, ისეთი თავზეხელაღებული ირლანდიელი, როგორიც ჯოისი იყო, თავის ულისეში~ ვისკის შოტლანდიურ მართლწერას იყენებდა). საერთოდაც, ნამდვილი ვისკი მხოლოდ შოტლანდიურია ან ირლანდიური და ეს ორი უძველესი სახეობა ისევე განსხვავდება ამერიკული ბურბონისგან ან კანადური და იაპონური ვისკებისგან, როგორც ვთქვათ, ჰომეროსისოდისეა~ _ იმავე ჯოისის ულისესგან~. თუმცა, მოდით, ისევ შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს დავუბრუნდეთ, რადგან ხალხს დღემდე ვერ გაურკვევია, რომელი ერი უნდა ჩაითვალოსწყალი ცხოველის~ სამშობლოდ და ამის გამო დღესაც ბევრს დავობენ ხოლმე.
ირლანდიელები ჯიუტად ამტკიცებენ, ვისკის გამოხდა V საუკუნეში წმინდა პატრიკმა გვასწავლაო, თუმცა კი ავიწყდებათ, რომ თავად წმინდანი (ასევე ლეგენდის მიხედვით) გერმანიკული ტომებისგან დაუფლებია გამოხდის ხელოვნებას. ამის შეხსენებას, რა თქმა უნდა, ირლანდიელებს ვერავინ შებედავს, მითუმეტეს, რომ მათ მიერ მოძულებულ ინგლისელებს ამ ქვეყნის შვილები პრუსიელ ღორებსა და ჰანოვერელებს, ძეხვიჭამია ნაბიჭვრებს ეძახდნენ. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ გეორგ I-დან (1660-1727) მოყოლებული, კარგა ხნის მანძილზე, ინგლისს ჰანოვერელთა დინასტია მართავდა. ირლანდიელები ჰანოვერელ პრინც ალბერტსა და დედოფალ ვიქტორიასაც დასცინოდნენ, რომელთა ქორწინების შემდეგაც, ბრიტანეთის სამეფო სახლის გვარი, არსებითად, გერმანული გახდა.
მაგრამ ამის მიუხედავად, ირლანდიელები მაინც ფლობენ ორ მთავარ არგუმენტს, რომლებიც ვისკის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ემყარება: 1. ევროპაში ყველაზე ძველი სახდელი ქარხანა ირლანდიური Old Bushmills-ია, რომელიც 1608 წელს აუშენებიათ (სოფელ ბაშმილში იმის კვალიც არსებობს, რომ ვისკის აქ 1494 წელსაც აწარმოებდნენ), და 2. ვისკის სახდელი აპარატი (ანუ ისეთი, რომელსაც დღესაც იყენებენ მთელს მსოფლიოში) სრულყოფილებამდე ირლანდიელმა ენეას კოფიმ მიიყვანა. მის გამოგონებას 1830 წელს Coffey Still ეწოდა და ამ აპარატმა რობერტ სტეინის (რა თქმა უნდა, შოტლანდიელის) აპარატი გააუმჯობესა.
ახლა შოტლანდიელებიც ვნახოთ. ისინი, ძირითადად, ისტორიული წყაროების სიმრავლით იწონებენ თავს და იმასაც აღნიშნავენ, რომ XVI საუკუნეში ვისკის ფართო გავრცელება მათ სახელს უკავშირდება. ამ საუკუნეში უკვე მთელი შოტლანდია ურახუნებდა ვისკის და საქმე იქამდე მისულა, რომ 1579 წელს შოტლანდიის პარლამენტს სპეციალური განკარგულება გამოუცია, რომელიც თავადებისა და დიდგვაროვნების გარდა, ყველას უკრძალავდა ვისკის გამოხდას. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ვისკის ყველაზე აღფრთოვანებული შეფასება:
`ზომიერად თუკი მოვიხმართ, ვისკი სიბერეს არ მოგვაკარებს და სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს. იგი კარგია საჭმლის მოსანელებლად და კატარის დასაძლევად, განდევნის მელანქოლიასა და გულს დაგიამებთ, გონებას გაგიხალისებთ და მხნეობასაც შეგმატებთ. შველის წყალმანკსა და სულის ხუთვას, თავბრუსხვევასა და ენაბრგვილობას, კბილების ღრჭენასა და ჩახლეჩილ ხმას, მუცლის ბუყბუყს, გულის ფრიალსა და ხელების კანკალს. დამშრალ ვენებს ვისკი სისხლით აღავსებს, კუილს შეაკავებს, გამხმარ მყესებს მოქნილს გახდის, ძვლებს კი ააცეკვებს. ერთი სიტყვით, ღვთაებრივი სითხეა, თუკი ნიადაგ მოვიხმართ მას.~
1603 წლიდან შოტლანდია ინგლისის ნაწილი გახდა და ამჯერად უკვე ვისკის წარმოებაზე მონოპოლია ჩარლზ I-მა შემოიღო. 1642 წლისთვის გამოხდის უფლება გლაზგოსა და ედინბურგის მხოლოდ რვა ქარხანას ჰქონდა. ამ დროს გამოჩნდნენ პირველი ნამდვილი ბუტლეგერებიც, ოღონდ, თავიანთი ამერიკელი თანამოძმეებისაგან განსხვავებით, მათ პირიქით, გააუმჯობესეს სასმელის ხარისხი. შოტლანდიაში საუკეთესო ვისკის მწარმოებლებად დღესაც ამ იატაკქვეშა მევისკეთა მემკვიდრეები ითვლებიან.

SCOTCH – ანგელოზებიც თავიანთ წილს ითხოვენ

შოტლანდიაში ვისკის წარმოების ძირითადი რაიონებია: ჰაილენდსი, სპეისაიდი და ორკნეის კუნძულები ცენტრალურ და ჩრდილოეთ შოტლანდიაში, ასევე ლოულენდსი სამხრეთში, ქემფბელთაუნის ნახევარკუნძული და კუნძული აილეი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. სკოჩს ძირითადად ქერისგან ამზადებენ და არსებობს სასმელის სამი ძირითადი ნაირსახეობა: Single Malt, Pure Malt და BLend.
მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ.
Single Malt ერთალაოიან ვისკის ნიშნავს, იგი ნამდვილი არისტოკრატია, ვისკების მეფე. მის გამოსახდელად მხოლოდ ქერს იყენებენ, ერთი წლის მოსავალს, რომელსაც კარგად არჩევენ, ასუფთავებენ და აშრობენ. შემდეგ ასველებენ და 10 დღის მანძილზე აღვივებენ. ამასობაში ქერის სახამებელი შაქრად იქცევა, რომელიც დუღილისთვისაა აუცილებელი და მალე ტორფზე გაშრობა-შებოლვის დროც დგება. ასე მიიღება ალაო, მთავარი კომპონენტი ვისკისთვის.
გასუფთავებულ და დაფქვილ ალაოს (Grist) თბილ წყალს ასხამენ და ამ ტკბილ წვენს (Wort) საფუარს ამატებენ. დუღილი ორი დღე-ღამე გრძელდება და მიღებულ 5-8 %-იან ლუდს (Wash) ორჯერ ხდიან. პირველი აპარატიდან (Wash Still) გამოხდილ სითხეს Low Wine-ს უწოდებენ და მას 25-30 %-იანი სიმაგრე აქვს, უკვე მეორე აპარატიდან (Spirit Still) კი 65-70 %-იანი ვისკი მოწვეთავს. მეორე გამოხდის დროს თავსა~ დაბოლოს~ აცლიან სასმელს (ჩვენებური ჭაჭის ენაზე, წინწანაქარსა~ დაკუდს~), გულს~ კი, ანუ ძირითად ნაწილს წყაროს წყალს უმატებენ, რათა ვისკის სიმაგრემ 50 %-მდე დაიკლოს. ვისკის ძველ კასრებში ინახავენ, სადაც ადრე ბურბონი (ამერიკული ვისკი) ესხა. ყველაზე ელიტურ Single Malt-ს კი მხოლოდ ხერესის კასრებში აძველებენ. დაძველების პროცესშივე ხდება ალკოჰოლის აორთქლება, რასაცანგელოსთა წილი~ ჰქვია და ვისკი 40 %-ზე დგება. კანონების მიხედვით ვისკი უნდა დაძველდეს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, ოპტიმალური დრო კი 10-20 წელია, თუმცა 30-50 წლიანი დაძველების ვისკიც არსებობს და როგორც ამბობენ, მისი გემო დამლევს კუბოს კარამდე მიჰყვება.
Pure Malt ითარგმნება, როგორც სუფთაალაოიანი ვისკი და სხვადასხვა ხარისხისა და სხვადასხვა ქარხანაში გამოხდილი Single Malt-ების ნარევს წარმოადგენს. მისი ძირითადი არსი ყველაზე მძაფრი სინგლების შედარებით რბილი ვისკით (ასევე Single Malt-ებით) განელებაში მდგომარეობს. ამ ვისკის Vatted Malt-საც უწოდებენ.
BLEND ესაა შერეული, ანუ კუპაჟირებული ვისკი. ვისკის ~სპეცები~ ხშირად ამბობენ ხოლმე, გამოხდა _ მეცნიერებაა, კუპაჟირება კი ხელოვნება~-ო. ჰოდა, ამ ხელოვნებას საფუძველი, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ XIX საუკუნეში ჩაეყარა (არადა, დღეს, მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით, სწორედ ბლენდები იყიდება). ენდრიუ იუშერი პირველი იყო, ვინც 1860 წელს ალაოსა და ხორბლის ვისკები ერთმანეთს შეურია და ამით ბლენდის სახელოვან ისტორიასაც დაუდო სათავე. ისე, მე რომ მკითხოთ, თუ ნამდვილ ვისკიზეა საუბარი, სინგლი ან ფიუა მოლტი უნდა დალიო, თორემ ბლენდიახოტნიჩისთან~ ერთადაც შეიძლება დაარტყა (საწრუპავი მოლტებისგან განსხვავებით).
ბლენდი 20-40 სხვადასხვა Single Malt-ის შერევით მზადდება, თუმცა 60 %-ზე მეტი აქედან სხვადასხვა ხორბლეულისგან ან სიმინდისგან, ყველანაირი გაფუებისა და ტორფზე შებოლვის გარეშე დამზადებული ვისკია. მაგალითად, თუკი ქერის ვისკის შედარებით მშრალი~ გემო აქვს, სიმინდისა ძალიან რბილი ბუკეტით გამოირჩევა, ჭვავისა კი მწარეა, მათმა ერთიანობამ კი შესაძლოა დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს _ კუპაჟორის ოსტატობას გააჩნია. ერთს დავძენ, კუპაჟის გასაუმჯობესებლად, ნარევი 6-8 თვე მუხის კასრებში უნდა დადგეს. ამ პერიოდსქორწილს~ უწოდებენ და მის შედეგად ძვირფასი, მაღალხარისხიანი ბლენდი დგება.
გახსოვდეთ, თუკი ბლენდის ბოთლზე ვისკის ასაკია მითითებული (ჩვენებურ მინიმარკეტებში ვისკის ნურც გადმოაღებინებთ თაროდან, აზრი არ აქვს), ეს ნიშნავს, რომ კუპაჟში არეული ყველაზე ახალგაზრდა ვისკიც ამდენივე წლისაა. თუკი ნარევში ძველი Single Malt-ების წილი მეტია, მაშინ ბოთლზე Deluxe ან Premium უნდა ეწეროს.

IRISH WHISKEY – ნაღდი მხოლოდ სამნახადია

მართალია ირლანდიელები პირველობას ვისკის გამოხდაში ძალიან იჩემებენ, მაგრამ ამ საქმიანობამ მათთან საბოლოო სახე მაინც XVIII-XIX საუკუნეებში მიიღო. პირველი მსხვილი სახდელები ჯონ ჯეიმისონმა (ვაი, რომ წარმოშობით შოტლანდიელმა) და ჯონ პაუერმა დააფუძნეს. აირიშ ვისკი ძალზე განსხვავდება სკოჩისგან, პირველ რიგში კი დახვეწილობითა და ნაზი გემოთი, რადგან ისინი, შოტლანდიელებისგან განსხვავებით, ტორფზე არ აშრობენ ალაოს.
Single Malt-ის, Pure Malt-ისა და Blend-ის გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა სახეობის ვისკიც: Pot Still – ტრადიციული ირლანდი­ური ვისკი ალაოსა და ჩვეულებრივი ქერისგან, ასევე შვრიისა და ჭვავის მინარევებით და Grain – სიმინდისა და ქერის ვისკი ცოტაოდენი ალაოთი. საერთოდ კი ირლანდიაში სამი ძირითადი სახდელი ქარხანაა: Midleton, Bushmills და Cooley.
ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხავავებული ტექნოლოგიებით ხდიან ვისკის. მიდლტონში~ მსოფლიოში ყველაზე რთული დისტილაცია ხდება. სამი Pot still (ჩვეულებრივი, კლასიკური სახდელი ქვაბები) შეერთებულია Coffey Still-თან.ბაშმილსში~ ჭასჰ-ს სამჯერ ხდიან ჩვეულებრივ Pოტ შტილლ-ში, ქულიში~ კი ორჯერ, ისევე როგორც შოტლანდიაში. ამიტომაც ბევრი ირლანდიელიქულის~ მიერ წარმოებულ ვისკის უვარგისს უწოდებს და პრინციპულად არ სვამს მას.
არ გაგიკვირდეთ, ლამის ათასგვერდიან ულისეში~, სადაც ძალიან ბევრსა სვამენ სხვადასხვანაირ ვისკის, მხოლოდ ორი ირლანდიული ვისკია მოხსენიებული, ერთიბაშმილსი~, მეორე კი `ჯეიმისონი~ _ ჯეი. ჯეი. ეს.-ად დაშიფრული.
სხვა დანარჩენი – ნახშირიან ფილტრში

ამერიკული ვისკი შოტლანდიელი და ირლანდიელი ემიგრანტების წყალობით გაჩნდა. ამერიკელებიც, ირლანდიელების კვალად, ბოთლზე Whiskey-ს აწერენ, თუმცა ალაოს ნაცვლად, ისინი მოხარშულ მარცვლეულს იყენებენ. დასაძველებლად სასმელს გაკვამლულ კასრებში ასხამენ, რის გამოც ვისკი მოტკბო გემოსა და ოქროსფერს იღებს.
ამერიკული ვისკი რამდენიმე სახეობისაა:
Straight Whiskey , რომელიც, თავის მხრივ, იყოფა:

  1. Bourbon (მასში 50 %-ზე მეტი სიმინდის სპირტია) პირველად კენტუკის შტატის ბურბონის პროვინციაში დამზადდა და სახელიც აქედან დაერქვა (სხვათა შორის, თავის დროზე ამ შტატშივე შეიქმნა ძალზე უცნაური ვისკი, სახელწოდებით `Mark Twain~).
  2. Rye Whiskey – მასში 50 % ჭვავის სპირტია (შესაძლოა, ჯერომ სელინჯერის პერსონაჟების საყვარელი სასმელი იყო).
  3. Corn Whiskey – თითქმის მთლიანად სიმინდისგან მზადდება (ასეთ ვისკის ბევრსა სვამენ ფოლკნერის რომანების გაუთლელი, პროვინციელი გმირები).
  4. Wheat Whiskey ხორბლისა და სხვა მარცვლეულისგან მზადდება.
    Blended Whiskey-ში 20 % სთრეითისა უნდა იყოს, დანარჩენი კი ნებისმიერი სხვა ვისკი, ან სულაც, სუფთა სპირტი.
    Light Whiskey ძალიან მაღალ ტემპერატურაზე იხდება და ღია ფერით გამოირჩევა.
    Sour Mash Mასჰ Whiskey -ში ე.წ. `შედედების~ მეთოდს იყენებენ. აქ ნარჩენებს ხორბლის ტკბილ წვენს უმატებენ, ჯერ კიდევ აუდუღარს. ამიტომაც ვისკის გემო მუდამ ერთი და იგივე რჩება. როგორც ამბობენ, ამერიკული ვისკის უდიდეს ნაწილს სწორედ ამ მეთოდით ამზადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტზე შესაძლოა სულ სხვა რამ ეწეროს.
    Sweet Mash Whiskey-ს შემთხვევაში დუღილს ახალი საფუარით იწვევენ.
    Tennessee Whiskey ალბათ ყველაზე უცნაური ვისკია მსოფლიოში, მას ნეკერჩხლის ნახშირით სავსე სამმეტრიან ფილტრში ატარებენ წვეთ-წვეთ. გამოხდის ასეთი წესი მხოლოდ ტენესის შტატში გამოიყენება.
    Bottled-in-Bond Whiskey-ს სახელმწიფო საცავებში შენახულ 4-8 წლიან ვისკის უწოდებენ.

კანადური ვისკის პოპულარობა, ძირითადად, ამერიკულმა მშრალ­მა კანონმა მოუტანა. ყველაზე დიდ წარმატებას კი Seagram-მა და Hiram Walker -მა მიაღწია.
არსებობს იაპონური, ავსტრალიური, ახალზელანდიური, არგენტინული, ტაილანდური და ინდური ვისკებიც (მათგან ჯერ არც ერთი გამისინჯავს), მაგრამ, როგორც ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნორმან მეილერი შენიშნავს თავის ერთ-ერთ რომანში, ჯუნგლებში გამოხდილი ვისკი, შესაძლოა, შხამიანიც კი იყოსო. როგორც ჩანს, ჩვენშიც, ძირითადად, სწორედ ასეთ ჯუნგლებსა და ჯუნგლისპირა რაიონებში გამოხდილი ვისკი შემოაქვთ.

ხუთი `ს~-ის წესი

ვისკის არომატის განსაზღვრა და აღწერა ძალზე რთული ამოცანაა, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული ნორმები. ეს სირთულე, პირველ რიგში, არომატების სიმრავლესთანაა დაკავშირებული _ თუკი ვისკის ოთხი ძირითადი გემო და სამი ძირითადი ფერი არსებობს, სურნელთან დაკავშირებით, ეს რაოდენობა ოცდათორმეტამდე იზრდება.

პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე კლასიკური, ტორფის სურნელი უნდა გამოვყოთ. ასეთი ვისკებით აილეის კუნძულია განთქმული. საერთოდაც, შოტლანდიური კუნძულების ვისკის ძირითადი მახასიათებელი კვამლისა და ტორფის სურნელია, რომელიც კვამლისა თუ ფისის არომატიდან _ იოდისა და ზღვის სურნელამდე ვარირებს. ხავსის, ჭაობებისა და ნახშირის არომატთან ერთად, თქვენ წარმოიდგინეთ, გამოყვანილი თევზის ან ხამსას ტონებიც კი შეიძლება ამოვიცნოთ. ყველაზე კარგი ვისკი კუნძულებიდან, რაც კი ოდესმე გამისინჯავს, ბოუმორია~ _მორისონ ბოუმორის~ ნაწარმი, 12 წლიანი დაძველებით. თუმცა არსებობს 17, 25 და 35 წლიანი დაძველების ბოუმორიც, ასევე ძალზე ძვირფასია Bowmore Lgend და Bowmore Vintage.

მეორე რიგში, ხის ტონები უნდა აღვნიშნოთ, რომელსაც ვისკი, ძირითადად, დაძველების გამო იძენს, ხის კასრების წყალობით. ძველი კასრები ვისკის ვანილის არომატს ანიჭებს, ახალი კასრები კი ფორთოხლის კანის, მუსკატისა და, შესაძლოა, წიწაკის სურნელსაც.

თუმცა კი ყველაზე ხშირი მაინც მარცვლეულის სურნელია. ძირითადად, ესაა მოხარშული სიმინდის, გამომშრალი ხორბლის, თივის, ლუდის არომატი. უცნაურია, მაგრამ ~სპეცები~ ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის, ხორცის ბულიონისა და ღორის ძეხვის ტონებსაც ამავე კატეგორიაში ათავსებენ.

არსებობს მცენარეული, ნამცხვარ-ტკბილეულისა და ხილის არომატებიც. ზოგიერთი ვისკი, შესაძლოა, მართლაც გასაოცარი, არატიპიური არომატით გამოირჩეოდეს. მაგალითად, Glenturret-ს ციტრუსების ნაზი სურნელი ახასიათებს, ბევრი ვისკია (ძირითადად სპეისაიდის რაიონიდან) ვაშლის, ატმის, მსხლისა და გარგარის სურნელით.

რათა სრულყოფილად ვიგრძნოთ ასეთი დახვეწილი და რთული არომატები, პირველ რიგში (კარგ ვისკისთან ერთად), აუცილებელია რამდენიმე წესის ცოდნა. მიღებულია, რომ ვისკის ე.წ. ტუმბლერით _ სქელძირიანი, განიერი სწორკუთხა ჭიქებით სვამენ. თუმცა როცა საქმე სინგლ მოლტებზე მიდგება, უმჯობესია ვისკი კონიაკის მუცელგაბერილი და ვიწროყელიანი ჭიქებით გავსინჯოთ. ხელში შევათბოთ ჭიქა (სითბო არომატული ნივთიერებების გამოყოფას უწყობს ხელს) და დავტკბეთ ბუკეტით, ფერით და გემოთი. თუკი ჭიქას ნაზად შევანჯღრევთ, ჭიქის კედლებზე წარმოიქმნება ე.წ. `საცეცები~ (როგორც ჩანს სწორედ ამ საცეცებმა ჩაითრია ბევრი სახელოვანი ვისკის მოყვარული), რომლის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს ვისკის სიმკვრივე და ზეთიანობა. თუკი საცეცები მალე ქრება – ვისკი მსუბუქია და პირიქით, ჭიქის კედელზე დიდხანს შერჩენილი წვეთები მკვრივი და ზეთიანი ვისკის ნიშანია.

შოტლანდიელებს დეგუსტაციის ხუთი ოქროს წესი აქვთ, რომელსაც ე.წ. ხუთი `ს~-ის წესს ეძახიან: Sight, Smell, Swish, Swallow, Splash, ანუ გახედვა, დაყნოსვა, დაგემოვნება, გადაყლაპვა, წყლის ჩაწვეთება. დაგემოვნებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ენის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა გემოს აღიქვამს. ენის წვერი – სიტკბოს, ენის გვერდები – სიმლაშეს, შუა ნაწილი – სიმჟავეს, უკანა კი სიმწარეს. კარგია, თუკი ვისკის ერთ წვეთ წყალსაც დავამატებთ. ეს ერთი წვეთი სპირტის სურნელს აქარვებს და ვისკის არომატებსა და გემოს უფრო სრულყოფილად წარმოგვიდგენს.

ვისკის მაცივარში შენახვა ისევე არ შეიძლება, როგორც კარგ ვისკიში ყინულის გარევა. ასეთ შემთხვევებზე ~სპეცები~ ამბობენ, ვისკი შოკში ვარდებაო. ასევე არაა რეკომენდებული ვისკისთან, ვთქვათ სადიას~ ბარკლები, სალამის ძეხვი, ნიკორას სოსისი, ხახვიანისელიოდკა~, საცივი, ბაჟე, მწვადი, ქაბაბი და ხინკალი. გუდის ყველზე, დამბალ ხაჭოზე და გებჟალიაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასეთ პურმარილს ჩვენებური კახური ღვინო, ანდა, სულაც, ჭაჭის არაყი უფრო მოუხდება. ვისკი კი ძვირი სიამოვნებაა და მის ყოველ წვეთს გაფრთხილება სჭირდება. ახლაც გული მწყდება, რამდენი კარგი ვისკის ყლუპი გამიფუჭებია ლუდის ჩაყოლებითა თუ სხვადასხვანაირი `ზაკუსკეულით~.

შაშის თამაში ვისკის ბოთლებით

ცალკე თემაა ვისკი და მსოფლიო ლიტერატურა. სახელოვანი მწერლების რომანებსა და მოთხრობებში ვისკის სვამენ, ნერვებს იწყნარებენ, გულ-მუცელს ითბობენ, სახეზე იპკურებენ, ჭრილობაზე ისხამენ. ვისკის სმაში ბევრს დრო გაჰყავს, ანდა სულაც, ყინულების წკრიალით ტკბებიან. ყველაზე ხშირად ასეთი შემთხვევები ინგლისურენოვან ლიტერატურაში გვხვდება, XVIII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, თუმცა ფრანგებსა და იაპონელებსაც ხშირად უყვართ ხოლმე ვისკით თავმოწონება. ვისკის სვამენ ინგლისურ გოთურ რომანებში, ჩარლზ მეტიურინის მოხეტიალე მელმოტში~ და სხვაგანაც, თუმცა ყველაზე ნიშნეული XX საუკუნის ლიტერატურული ლოთები არიან, ერნესტ ჰემინგუეის გმირებით დაწყებული _ დაგლას კოუპლენდით დამთავრებული. მოდით XIX-ე საუკუნიდან დავიწყოთ, ვთქვათ, დიკენსით. მასთან ვისკის წყალთან გაზავებულს სვამენ. პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში ერთ-ერთ ვისკით მთვრალს მოჩვენებაც კი გამოეცხადება, არტურ კონან დოილთან კი ძალიან მახვილგონივრული შენიშვნა გვხვდება. იქ ერთი ასაკოვანი შოტლანდიელი ახალგაზრდა ირლანდიელს ურჩევს,კარგი იქნებოდა თქვენი ირლანდიური სისხლი, ცოტაოდენი შოტლანდიური ვისკით გაგვეზავებინაო.~ ჯოზეფ კონრადის ზღვის მგლები ვისკის კი არა, თხევად ცეცხლსა სვამენ, ხოლო ივლინ ვოსთან ვისკის ხან თბილი წყლით აზავებენ, ხანაც იმბირის ელით. ეს იმბირის (ჩვენებურად ამ მცენარეს კოჭა~ ჰქვია) ელით შეზავებული ვისკი, როგორც ჩანს, XX საუკუნის 20-30-იან წლებში იყო მოდაში, რადგან მას ბევრი სხვა მწერალიც ახსენებს, მაგალითად, ჯონ დოს პასოსი. მის რომანში42-ე პარალელი~ ამ სითხეს ძალიან დიდი რაოდენობით სვამენ, ყველაფერს ვისკის სუნი უდის, 1919~-ში კი ზოგიერთი ჩიკაგოელი ლუდის კათხებიდანაც კი ყლურწავს მას. შერვუდ ანდერსონთან ბავშვები მოცხარის ნაყენთან შერეულ ვისკის სვამენ, ზოგიერთი უფროსი კი ქალაქგარეთ მიემგზავრება, რათა ვისკისთან განმარტოებაში არავინ შეუშალოს ხელი. ივლინ ვოს ერთი პერსონაჟი ამბობს,თუკი მეგობრის მოსანახულებლად ჰოსპიტალში მიდიხართ და ჯიბეში ვისკი არ გიდევთ, ჯობია საერთოდ არ მიხვიდეთ მასთანო~. ჰოდა ამიტომაც, სტუმრად იქნება თუ მეგობრის მოსანახულებლად, ყველგან ვისკი დააქვთ ხოლმე. პატიჟითაც პერსონაჟები, ძირითადად, ვისკიზე პატიჟებენ ერთმანეთს. ერთი გოგონა, სოლ ბელოუს რომანიდან, სწორედ ვისკის ამჯობინებს მარიხუანას. ასე იტყვის, არანაირი ბალახი, მხოლოდ ვისკი უნდა ვწრუპოო~. ბლომად ვისკი ისმება ენტონი ბერჯესისმექანიკურ ფორთოხალშიც~, ოღონდ აქ ვისკის რძითაც აზავებენ ხოლმე. ბერჯესთანვე გვხვდება ვისკის ერთი ძალზე საინტერესო, თუმცა კი გამოგონილი, ლიტერატურული წარმოშობის სახეობა “Old Mortality”. საქმე ისაა, რომ ეს სახელი ვალტერ სკოტის ერთ პერსონაჟს, მოხუც მესაფლავეს ჰქვია, ამავე სახელწოდების რომანიდან.
ჯონ აპდაიკის ისთუიკელ ალქაჯებში~ ერთ-ერთიალქაჯი~ მხოლოდ იმიტომ სვამს ვისკის, რომ მისმა მწვანე თვალებმა ოქროს ნაპერწკლებით გაანათოს, უილიამ ფოლკნერთან კი ქალის თვალის ფერს არანაირი კავშირი არა აქვს ვისკისთან. აქ ამ ქალთა ჯანი უფრო სჭირდებათ იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად სწორედ მათ უწევთ ხოლმე ვისკის გამოსახდელად საჭირო წყლის ზიდვა.
ჩარლზ ბუკოვსკის ლოთი გმირები, ძირითადად, შოტლანდიურ ვისკის ანიჭებენ უპირატესობას _ ბურბონთან შედარებით. ისინი ხან ლიმონის წვენით აზავებენ სასმელს, ხან წყლით, ხანაც თვრებიან და წვიმას უსმენენ. უყვართ ე.წ. მისაბმელით~ სმა, ლუდით და სხვა ალკოჰოლური სასმელებით. აიღებენ ერთ 750 გრამიანს, ლუდის მთელ ბატარეას და ბიფშტექსის შეწვამდე ნახევარი ბოთლის ჩარტყმას ასწრებენ. ნორმან მეილერი ერთგან წერს, თუკი ვისკის სმით მოკვდები, შენი სული ქერის ყანაში მოხვდებაო, ტრუმენ კაპოტესთან კი მოხუცი გამყიდველი ჯოჯოხეთით ემუქრება ყველას, ვინც კი კარგ ვისკის ნამცხვრისთვის გაიმეტებს. კენ კიზისთან ცუდ ვისკის მტრედის ფსელს უწოდებენ (ერთი ჩემი მეგობარი ცუდ არაყზე ამბობს, ძაღლის რძეაო), სხვებს კიდევ, გული წყდებათ, რომ ვისკის ჩაიერლ გრეი~ ჩააყოლეს და პირის გემო გაიფუჭეს.
თანამედროვე მწერლებიდან, ვისკის ყველაზე მეტს ჰარუკი მურაკამის გმირები წრუპავენ. ამ კაცს ეტყობა, რომ იაპონელობის მიუხედავად, ამერიკულ პროზაზე, რაიმონდ კარვერისა და სხვათა მოთხრობებზეა გაზრდილი, თუმცა კი ყველაზე საინტერესო სცენა ლიტერატურიდან, რომელიც ვისკის შეეხება, გრემ გრინის რომანში გვხვდება, სახელწოდებით, ჩვენი კაცი ჰავანაში~. აქ ვისკის პატარა ბოთლებით გაწყობილ შაშს თამაშობენ; ერთ მხარეს სუფთა სკოჩებია ჩამწკრივებული, მეორე მხარეს კი ბლენდები, ყოველი აყვანილი ქვა (ანუ ბოთლი) დალევას გულისხმობს. შესაბამისად,დამკა~ ორი ბოთლია. ასე რომ, რაც უფრო მომგებიანი პოზიცია გაქვს, მით მეტი შანსია, რომ გაიტრიტო.
უსასრულოდ შეიძლება ვისკით მთვრალ პერსონაჟებზე წერა, რადგან ამის შესახებ წლების მანძილზე მართლაც დიდძალი მასალა დამიგროვდა და ალბათ, კიდევ ბევრჯერ გადავეყრები ვისკით თვალებანთებულ გმირებს. ამიტომ ამ გაუთავებელ ჩამონათვალს აქ შევწყვეტ და წერილს ერთი რჩევით დავასრულებ: შეურეველ ვისკის ისეთივე სიამოვნება შეუძლია მოგვანიჭოს, როგორც წყალუკრავ, ნამდვილ ლიტერატურას, მიუხედავათ იმისა, არის თუ არა მასში ნახსენები `სიცოცხლის წყალი~. მთავარია იმდენი დავლიოთ, რომ ნაბახუსევზე ვისკის ეტიკეტის წაკითხვა მაინც მოვახერხოთ.

ავტორი: მალხაზ ხარბედია

ილუსტრაცია: მამუკა ტყეშელაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s