წყვილები! სპეცპროექტი

ჰეზერ ზიმენი, მასწავლებელი
ლადო ბურდული, მუსიკოსი

ჰეზერი – ჩვენი ერთად ცხოვრება თავისუფალი არჩევანია. გვიყვარს ერთმანეთი და მოგვწონს ერთად ყოფნა. სიმართლე გითხრათ, ლადო ძალიან რთული პიროვნებაა და ძნელია იმის ახსნა, რა მიზიდავს მასში. მომწონს, რომ არაფერს შეუძლია მისი წყობიდან გამოყვანა. ძალიან ენერგიულია.
ლადო – ვალი მაქვს და ვერ ვიშორებ… 🙂 მიყვარს, მომწონს, მივეჩვიე… მუდმივი სიყვარული ისეთი რთული რაღაცაა… ცხადია, რომ სჯერათ მუდმივი სიყვარულის და იმიტომ უყვარდებათ ერთმანეთი. მაგისი რწმენა რომ არ იყოს, არც შეუყვარდებოდათ. მუდმივი სიყვარულს ბევრი შრომა და მუშაობა სჭირდება, ფორმებს იცვლის და როცა ამ სხვა ფორმებისთვის შენ მზად არ ხარ, სიყვარული უბრალოდ კვდება. ლატარეასავით არის, არსებობს იდეაში, მაგრამ ყველა ამის ღირსი ვერ ხდება. არიან გამარჯვებულებიც, ვინც ამ “პრიზს” იღებენ.
ის რომ ვიცოდე ოცი წლის შემდეგ რა იქნება, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ისე გარბის დრო… რა ვიცი… ისე, ასე შორს ვერ ვიყურები. ორმოც წლამდე კი ვიყავი იმედებით, მაგრამ მერე უკვე ისე იცვლება ასაკი, რომ თუ ისევ ოცნებებში რჩები, უკვე ფსიქიატრიულის პაციენტი ხდები. აქედან გამომდინარე, დღევანდლი რიტმით თუ გავაგრძელე ცხოვრება, არა მგონია, რომ რამე რადიკალურად შეიცვალოს.

ნინო თარხან-მოურავი, მსახიობი
თემიკო ჭიჭინაძე, მსახიობი

ნინო _ მახსოვს, ჯერ კიდევ შეყვარებულობის ხანა გვქონდა. დილას რა დროსაც არ უნდა გამეღვიძა, კარს რომ გავაღებდი, ძირს ვარდების თაიგული მხვდებოდა. ეს არასოდეს დამავიწყდება.
თემური _ მანამ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, მეგობრები, კოლეგები ვიყავით. ვხვდებოდით ყოველ დღე. ეტაპობრივად მეგობრობა გადაიზარდა სიყვარულში, ერთ დღეს სხვანაირად რომ შეხედავ ადამიანს, რომელსაც საუკუნეა იცნობ და მიხვდები, რომ, თურმე ის ყოფილა ვისაც ამდენ ხანს ეძებდი. ასე დაგვემართა. მწამს, რომ არსებობს მარადიული სიყვარული. უბრალოდ, სტადიები აქვს. თავიდან რაღაც გაუთვითცნობიერებელი ემოციებია, შემდეგ გადადის სხვა ურთიერთობაში და ეს ყველაფერი ერთად რომ იკრიბება, სიყვარულის ცალკე კონგლომერატი გამოდის. მე არ ვიცი ამ ყველაფერს რა ქვია. თუ დაგცალდა, რომ პირველი სიყვარული ოჯახში გადაიტანო და ოჯახად აქციო, როცა წრე შეიკვრება, ამ ყველაფრის დანგრევა ძალიან ძნელია.
ნინოს ბევრი თვისება მომწონს. ისე ერთად ვერ ვიქნებოდით. თუნდაც ის, რომ საოცრად უყვარს თავისი ოჯახი, შვილი. გვერდში დგომა იცის საოცარი. ძალიან გვეხმარება ის, რომ ერთი პროფესია გვაქვს. მხარდამხარ მივდივართ ყოველთვის.

რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი
თემურ ბადრიაშვილი, რეჟისორი

რუსუდანი _ 18 წლის ვიყავი. დედასთან სამსახურში (თოჯინების თეატრში) მივედი და თემური იქ გავიცანი, გამოსაშვებ სპექტაკლს დგამდა. მე მეათე კლასში ვიყავი, ის კი ინსტიტუტს ამთავრებდა და გული დამწყდა, ყურადღებას ვერ მივიქცევდი. მაშინ ავსტრიაში მივდიოდი. ერთი წლის შემდეგ შეხვედრის ადგილი იგივე თოჯინების თეატრი იყო და დაბადების დღეზე დამპატიჟა. ნელ-ნელა დავმეგობრდით და ორ წელიწადში დავქორწინდით.
სიყვარული უბრალოდ ფორმებს იცვლის _ ჯერ არის მძაფრი, შემდეგ ხდება მშვიდი, შემდეგ არის მეგობრობა-სიყვარული, შემდეგ ურთიერთგაგებასა და მიჩვევაში გადადის და ამ ყველაფერს სიყვარული ჰქვია.
თემური _ მუდმივი სიყვარულის მჯერა და ამაში არაფერი ისეთი გასაოცარი არ არის. პირიქით როცა ხდება, ის უფრო მიკვირს ხოლმე.
ჩვენი ურთიერთობა არ მგონია, რომ შეიცვალოს. შეიძლება შეიცვალოს ჩვენს გარშემო ყოფა. ურთიერთობა ისეთივე დარჩება როგორიც პირველი დღიდან გვაქვს. ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, გაგება და მეგობრობა.

დეა ვადაჭკორია, სტომატოლოგი
დათო ებრალიძე, უროლოგი

დეა _ ერთხელ სტაჟირებაზე მივდიოდი ავსტრიაში. მაშინ შეყვარებულები ვიყავით, ოღონდ არავინ იცოდა. დავემშვიდობე და ავედი თვითმფრინავში. უკვე უნდა გაფრენილიყო, რომ გამცილებელი შემოვიდა, ჩემი სახელი და გვარი იკითხა და უზარმაზარი თაიგული გადმომცა. თაიგულში იდო ბარათი, რომლის ფონზეც სულ ჩემი სახელი და რომ ვუყვარდი ის ეწერა.
20 წლის შემდეგ, ვფიქრობ, ღირებულებები, რომლებიც გვქვს და რაც გვაკავშირებს ისევ გვექნება, უბრალოდ ასაკი მოგვემატება და უფრო შევეჩვევით ერთმანეთს.
დათო _ დეას საჩუქარი ყოველთვის ისეთია, რომელიც ძალიან გინდა იმ დროს. ერთი მახსენდება _ ორი წლის წინ ესპანეთში ვიყავი წასული. წასვლამდე გავყიდეთ მანქანა და ჩამოსვლის შემდეგ ვაპირებდი ყიდვას. რომ ჩამოვედი დეამ დამახვედრა მთელი სამეცნიერო კვლევა, თუ რომელი მანქანა იყო ოპტიმალური იმ მომენტისათვის და ჰქონდა დასაბუთებული პასუხი – რატომ, თან მანქანის ისეთ დეტალებზე ლაპარაკობდა, რომლებშიც მეც კი ვერ ვერკვევი… მანქანა არჩეული დამხვდა. ისეთი დამაჯერებელი იყო, აღარაფერი შემიცვლია, პირდაპირ ვიყიდეთ. კვლევა ჰქონდა ჩატარებული.
20 წლის შემდეგ რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით, ალბათ უფრო დიდი ოჯახით. იმედი მაქვს, რომ მაგ დროისთვის ჩვენი საზრუნავი არა გენერატორის ბენზინი, გაზის “ბალონები”, სახლის ფანჯრებზე მჭიდრო გისოსების დამაგრება და მსგავსი იქნება, არამედ _ რაიმე უფრო ლამაზი და რომანტი

ნინო ჯაფიაშვილი, ჟურნალისტი
დათო მაკარიძე, დიზაინერი

ნინო _ ერთმანეთი ხუთი წლის წინ შეგვიყვარდა. დათოს ცხოვრება უხარია, ბედნიერი ადამიანია და არ ართულებს სიტუაციებს. ერთხელ შვედეთში ვიყავი სასწავლო სემინარებზე რამდენიმე თვით. მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით. სკოლაში ინტერნეტი მხოლოდ ერთ კომპიუტერთან იყო და ერთ დღესაც ი-მეილის შემოწმებისას დათოს წერილი აღმოვაჩინე, რომელიც ვერაფრით გავხსენი. რაღაც უცნაურ ფორმატში იყო. მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე საქართველოდან და ვერ ვხსნიდი. მთელი სკოლა დაფაცურდა, ყველა “კომპიუტერშჩიკი” მობილიზებული იყო და ერთი საათის წვალების შემდეგ გახსნილი ფაილის შინაარსი შემდეგი აღმოჩნდა _ ორმოდან ეშმაკი ხტებოდა და მღეროდა. მე ძალიან შემრცხვა, სხვებმა ერთი კი შემომხედეს გაოცებით და მერე ხარხარი აუტყდათ.
დათო _ იქნება 5-6 წელი, რაც ერთმანეთი შეგვიყვარდა და მჯერა, რომ მუდმივი სიყვარული არსებობს და სხვანაირი მე არ მესმის. ნინოში ყველაზე ძალიან მისი ბუნებრიობა მომწონს. 20 წლის შემდეგ ალბათ, ლაპარაკი აღარ დაგჭირდება.

დათო დობორჯგინიძე, ბანკირი
ლიკა მარუაშვილი, ბანკირი

ლიკა _ ერთად ვმუშაობდით ბანკ “ქართუში”. მე მისი განყოფილების უფროსი ვიყავი და თავიდან უფროსისა და ქვეშევრდომის ურთიერთობა გვქონდა. დაახლოვებით ერთი წელი ვიცნობდით ერთმანეთს. დათოს ჰქონდა რაღაც გრძნობა და მე ძალიან სხვანაირად ვუყურებდი ამას. მერე სტაჟირებაზე ინგლისში წავედი ექვსი თვით და იქ, ეტყობა, ნოსტალგიური გრძნობა გამიჩნდა. რომ ჩამოვედი, რაღაც სხვანაირად შევხვდით და ამის შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა და გადაიზარდა სიყვარულში. ვთვლი, რომ სიყვარული არ არის ერათნაირი გრძნობა. ძალიან ბევრი ეტაპებისგან შედგება ნამდვილი გრძნობა. სულ სხვანაირია თავიდან შეყვარებულობა და აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობა აკავშირებთ ადამიანებს 3-4 წლის შემდეგ და კიდევ უფრო განსხვავებული 20 წლის შემდეგ. მგონია, რომ წყვილს შეიძლება სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე აკავშირებდეს. უბრალოდ სხვადასხვა ტიპისაა.
ჩვენ ნაკლებად ვუკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს. იმდენად გახსნილი ურთიერთობა გვაქვს, რომ ვერ ვახერხებთ რამის დამალვას. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ერთი იყო. მაშინ ჯერ ცოლ-ქმარი არ ვიყავით. ჩემი დაბადების დღე იყო და მომიტანა ძალიან ბევრი ბუშტები. მაგრამ, მთლად სიურპრიზი არ გამოუვიდა, იმიტომ, რომ ქუჩაში აბერინებდა და მე ფანჯრიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს.
დათო _ სიყვარულს არ აღვიქვამ როგორც მოკლე დროით მოვლენას. აღვიქვამ, როგორც ხანგრძლივ დროში განგძობად ფუნქციუნალურ წარმონაქმნს, რომელშიც არ არის აუცილებელი თავიდან როგორი ქიმიურად აღგზნებადი დამოკიდებულება გქონდა, იგივე გაგრძელდეს ბოლომდე. ის შეჩვევა, ურთიერთობა, პატარ-პატარა სიამოვნებები და სიხარულები, რაც გაკავშირებს ამ ადამიანთან, რაც მოგწონს მასში და არ მოგწონს, ერთობლიობაში ქმნის იმ სიყვარულს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მიგყვება.
ჩემთვის, ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც მისი აყოლიება იყო. ასაკით ჩემზე უფროსია და თავიდან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა, ჩვენი ურთიერთობა არ გამოვაო და იმდენი მოვახერხე, რომ დავარწმუნე და შევძელი მომეხვია თავზე ჩვენი ურთიერთობა. ისიც დიდი სიურპრიზია, რომ ამდენ ხანს გაძლო.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

გიორგი ჟორჟოლიანი, მუსიკოსი
თეა მაქაცარია, დამდგმელი ქორეოგრაფი

გიორგი _ ერთმანეთი ლიკანის სანატორიუმში გავიცანით და ორივე რაღაც მძიმე, ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინ 17 წლის ვიყავი და იმის მერე ერთად ვცხოვრობთ, ხან გერმანიში, ხან მოსკოვში, ხან თბილისში, ყველგან _ ერთად. მუდმივ სიყვარულს მე ჩემს ცხოვრებაში ვახორციელებ, მე შევძელი ამეშენებინა. თავისთავად ეს არ არსებობს, მას ბევრი შენება, გაცნობიერება და გათავისება სჭირდება. ბრმად და ინფანტილურად ასეთი სიყვარული საერთოდ არ არსებობს. მე თეას ყველაფერი მომწონს, ყველა თვისება. უკვე მთლიანად ჩემი ნაწილია _ ჩემი ცხოვრების და შემეცნების. ყოველდღიურ რუტინას ჩვენ სიურპრიზებით ვუხალისებთ ერთმანეთს. სიურპრიზები შეიძლება აბსოლუტური მინიმუმიდან მაქსიმუმამდე ავიდეს. ყველა სიურპრიზი სიხარულის მომტანია და ისე კონკრეტულად, ორ თვეში შვილი გაგვიჩნდება. ოცი წლის შემდეგაც ისევე წარმომიდგენია ჩვენი ურთიერთობა, როგორიც დღესაა.
თეა _ ერთმანეთი ლიკანში გავიცანით, თავიდან საკურორტო რომანივით იყო, მაგრამ იქვე არ დამთავრებულა, უკვე თერთმეტი წელია გრძელდება. მერე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით დიდ ხანს და მერე გადაიზარდა სიყვარულში. მუდმივი სიყვარულის მჯერა. მთლიანად მომწონს მისი ყველაფერი და მთლიანად მიყვარს თავისი მინუსებითა და პლუსებით. ყოველდღე არის სიურპრიზი და ყოველდღე არის საჩუქარი. ჩვენი ურთიერთობა ოცი წლის შემდეგაც ისეთივე ემოციური და “бурный” წარმომიდგენია, როგორიც დღესაა, ოღონდ რეინკარნაციაში _ სხვა ფაზაში. ასეთივე საინტერესო იქნება და აქტუალური.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

თეონა თავართქილაძე, დიზაინერი
რეზო არველაძე, ქიმიკოსი

თეონა _ მე და რეზი მეგობრები ვიყავით. მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, მაშინ მე 16 წლის ვიყავი. ჩემი პარიზში წასვლის გამო ძალიან ვიჩხუბეთ და დავშორდით. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე, როცა, სწავლის კიდევ ერთი წელი მქონდა დარჩენილი, ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს და დავქორწინდით. მჯერა, რომ მუდმივი სიყვარული არსებობს, ოღონდაც, აქვს სხვადსხვა ეტაპი და გრძნობაც ამ ეტაპების მიხედვით იცვლება. სიყვარული მუდმივია, ოღონდ სხვადასხვანაირი. რეზის იუმორი ცხოვრებაში მეხმარება. კამათიც არ გამოგვდის ამის გამო. ისეთ რაღაცას მეტყვის უცებ, რომ არ არსებობს, არ გამეცინოს. ძალიან ყურადღებიანია და ერთგული. დაახლოებით 2 წლის წინ, მოხდა ისე, რომ ჩემს დაბადების დღეს ვხვდებოდით ცალცალკე. მე კიევში მქონდა ჩვენება და რეზი კი ეროვნული ნაკრების თამაშზე უნდა ყოფილიყო. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, რომ ერთად არ ვიყავით ჩემს დაბადების დღეზე, რომელიც 19 აპრილსაა. თვრამეტში ღამე გემზე, რესტორანში ვვახშმობდით. მარხვაზე ვიყავი და მხოლოდ შემწვარი კარტოფილი მქონდა შეკვეთილი. ყველას კერძი მოიტანეს ჩემის გარდა და მიკვირდა მხოლოდ ჩემს საჭმელს რომ დასჭირდა ამდენი დრო. იმდენად ვიყავით საქმეზე საუბრით გართული, რომ ყურადღება არც მიგვიქცევია 12 საათის შესრულებისთვის. უცბად ოფიციანტი ჩემსკენ წამოვიდა თავდახურული ლანგრით. გამიკვირდა, იმას ვფიქრობდი, ეს რა უბედურებაა, კარტოფილი, როდის აქეთ დააქვთ ასე მეთქი და ოფიციანტმა ხმამაღლა გამომიცხადა, _ რეზო გილოცავთ დაბადების დღესო. სახურავი ახადა და იმ ლანგარზე ჩემი საყვარელი სუნამო, წერილი და კიდევ რაღაც საჩუქრები იყო. დღემდე ვერ გამოვიძიე, როგორ მოახერხა ამის მოწყობა.
რეზო _ ზუსტად არ მახსოვს ერთმანეთი როდის შეგვიყვარდა, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მე კი ვარ ოთხი წლით უფროსი, მაგრამ საერთო წრე გვყავდა. მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მერე ვიჩხუბეთ, თეოს პარიზში წასვლის გამო და აღარ ვკონტაქტობდით. მერე ისევ შევხვდით და ეს შეხვედრა ქორწინებით დამთავრდა. მჯერა, რომ მუდმივი სიყვარული არსებობს. თეოსი ყველაზე ძალიან ის მომწონს _ დილას ადრე რომ დგება. სიურპრიზად მახსოვს, ერთხელ გერმანიაში დამადგა უდროო დროს. უფრო სწორად, რომ არ ველოდი მაშინ. 20 წლის შემდეგ ჩემი თავი ცილინდრით წარმომიდგენია, თეონა _ ბერეტით და რომელიმე ქუჩაზე საღამოობით ვისეირნებთ.

ნუნუკა ხიზანიშვილი, აღმოსავლეთმცოდნე
გიორგი ლიფონავა, რეჟისორი

ნუნუკა _ 9 წლის წინ პერფორმანს თეატრში ვიყავი და იქ ვნახე პირველად. მაშინ გიოს ჯგუფი ჰქონდა და იქ მღეროდა. ძალიან მომეწონა. მაშინ სხვა მიყვარდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მივხვდი, მომწონდა _ გავიცანი. 7-8 თვე ერთად დავდიოდით. როცა ვიგრძენით, რომ ეს საკმარისი არ იყო, საცხოვრებლად ერთად გადავედით.
როცა ვიცინი, გიო, დელფინს მამსგავსებს. ერთი პერიოდი, ხშირად დადიოდა მივლინებაში და იქედან სუვენირად ყოველთვის დელფინები ჩამოჰქონდა.
20 წლის შემდეგ არ ვიცი, ერთად ვიქნებით, თუ _ არა, მაგრამ გიორგის ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება.
გიორგი _ ერთმანეთი დაახლოვებით ათი წლის წინ გავიცანით. თავიდან შვიდი წლის განმავლობაში ძალიან ეჭვიანი იყო, ყველა ჩემს მივლინებაში წასვლას მტკივნეულად განიცდიდა. პასპორტიც კი დაუმალია, რომ არ წავსულიყავი. სულ პრობლემა გვქონდა. ძირითადად მე დავდიოდი მივლინებებში, თვითონ არსად უწევდა ხოლმე წასვლა. ერთხელ იყო, რომ მე ვერ მოვახერხე სამსახურის გამო და რამდენიმე დღით მარტო წავიდა ქობულეთში. იქედან ჩამოსულმა პირდაპირ სამსახურში მომაკითხა და ისეთი ლამაზი იყო, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ისეთი წითელი მოწნული მუხლამდე სანდლები ეცვა, მაშინ რომ არავის ჰქონდა, წითელივე ქვედა ბოლო და თეთრი მაისური, და ეს ყველაფერი ისე უხდებოდა ნამზეურზე, მთელი სამსახური ნუნუკაზე ლაპარაკობდა. დაახლოვებით 2 წელია შეიცვალა და აღარ ეჭვიანობს, ძმაკაცივით მყავს.

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s