“თუ” და “ან”

`უცხო ადამიანი გეკითხება: ლექსებს აღარ წერ? ვითომ განიცდის. ეს საში-ნელებაა. ვისაც არაფერი ესაქმება, ხელს აფათურებს ჩემს სულში. მე მას შევუთანხმე, რომ ყოველდღე დავწერდი? ეს აუცილებლობაა, რომელიც მასთან დადებული მაქვს? ცუდი დედაშვილური დამოკიდებულებაა,_როცა საზოგადოება მიხრწნილი დედაა, რომელსაც უნდა, რომ კარგ გზაზე დაგაყენოს, სრულყოფილებას გრძნობდე, მაგრამ სულ რჩებოდე განუვითარებელ, პატარა ნიჭიერ ბავშვად, რომელმაც გამუდმებით რაღაც უნდა უკეთოს ამ საზოგადოებას. ამას უნდა მოვერიოთ, და ამისთვის ღირს, ალბათ, არდაწერა! მათ გამო! რომ ეს არ იყოს მათი დაკვეთა, ეს არ იყოს მათი სურვილი! არავის არ ვეჯიბრები, რადგან რეალურად მკითხველი გქმნის, ოღონდ თავისუფალი მკითხველი, და არა ის, რომელმაც იცის, რომ სოციალურად მწერალი გქვია და ასეთი კითხვა უნდა დაგისვას~.

რატი ამაღლობელი

ასოციაციას ვერ იოკებ. ამიტომაც საძინებლის ფარდა ხან დრაკონად იქცევა, ხანაც მოჩვენებად”. იფიქრებ, თოვლის კაცი შემოვიდა ოთახშიო. ამ დროსმერსედესის” ფარების შუქი ვიდეო-იმიჯად წარმოგიდგება. და რადგან მე თვითონ ვარ ჩემი ფანტაზიის და ასოციაციების ავტორი, ალბათ ამიტომაც მახსენდება ვიმ ვენდერსი, როდესაც ნაცრისფერში გადაწყვეტილ რკინიგზის ცენტრალურ სადგურს მოვკრავ თვალს.
ასე მოხდა იმ დღესაც. 1998 წლის მაისი იყო. მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ მიდიოდა. არაფერია უჩვეულო, არა? ჩვენც ისეთივე მგზავრები ვიყავით, როგორიც სხვა, მილიონი ჩვენამდე და მილიარდი ჩვენს შემდეგ. და სანამ ვიტყვი, რომ ყველა მოგზაურობა ერთნაირად მთავრდება, როცა საკუთარ ლოგინს უბრუნდები”, მანამადე მაინც მგონია, რომ მაშინ რაღაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი. და არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში. ჩემს გარდა იქ ორმოცამდე ადამიანი იყო და მიუხედავად დაუოკებელი ასოციაციების მთელი ბასტიონებისა, ამ შემთხვევაში ყველას ერთი რამ აკავშირებდა _ გარდატეხა, შემოქმედებითი გარდატეხა. ახალგაზრდა შემოქმედთა სემინარი~ _ ასე ერქვა მიზანს. შემთხვევის თუ დამთხვევის წყალობით, 18 წლის ასაკში მეც იქ აღმოვჩნდი. ორმოცი მგზავრიდან მხოლოდ სამს ვიცნობდი: ლაშა ბუღაძეს, გუგა კოტეტიშვილს და ნიაზ დიასამიძეს (მას მხოლოდ სახით ვცნობდი). ჩემს კუპეში ფეხმორთხმით მოკალათებული, ხულიო კორტასარს ვკითხულობდი. ხომ გაგიგიათ, არგენტინელი, რომელიც ფრანგული ღ”_თი მეტყველებდა:სელიამ ჩაირბინა ქუჩა, რომელსაც პურის, რძიანი ყავის და დილის ცხრის ნახევრის სურნელი ასდიოდა.”
ვაგონი შემოქმედი ადამიანებით იყო სავსე. საღამოსკენ ალკოჰოლმა მოგვთენთა და ზოგმა სიმღერა, ზოგმაც კი ლექსის კითხვა დაიწყო. მე ყველაფერი მომწონდა, ვიხიბლებოდი თვალებში განსხვავებული ნაპერწკალის ხილვით და კიდევ იმით, რომ ბათუმში ზღვისპირა სასტუმრო გველოდა, სადაც კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს და სპექტაკლებს ერთობლივი დილის საუზმეები დაემატებოდა. ჩვენ შევეჩვეოდით ერთმანეთს და რაღაც ახალი დაიბადებოდა.
მატარებლის დინამიკა ხომ ყველასთვის ნაცნობია. მეც გავყევი რითმებს, ჯაზისმაგვარს… კუპეს კარზე კაკუნი გაისმა. ერთ-ერთი მგზავრი, სემინარის მონაწილე შემოვიდა, ჩემს კუპ-მატე-ებს გაუღიმა და მითხრა, ერთი წუთით წამოდი, საქმე მაქვსო. მე მორჩილად გავყევი. ორი კუპეს იქით შემიყვანა, იქვე ჩამოვჯექი. მეუბნება: შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდი, გიჟი არ გეგონო. აი, ამ სიმღერას მოუსმინე, ყველაფერს მიხვდებიო, და ყურში ყურსასმენი გამიკეთა. მგონი თომ უეითსი იყო…ან… გამეცინა. წამოვდექი და ჩემს კუპეში დავბრუნდი. მერე ღამე არ დამეძინა და გასასვლელში მუსიკის სმენით იქამდე ვიდექი, სანამ რიჟრაჟზე ზღვა არ გამოჩნდა. მოულოდნელად ის კარი გაიღო, სადაც რამდენიმე საათის წინ სიყვარული ამიხსნეს, მაგრამ კუპედან სულ სხვა ყმაწვილები გამოვიდნენ. ჟრუანტელმა დამიარა… მივხვდი, რომ მაშინ, სიბნელეში ისინი ვერ შევამჩნიე, ზედა სართულზე იწვნენ… ყველაფერი გაიგეს! რა სირცხვილია!
ვუყურებ. ზურგით დგას და ვერ ვცნობ. ახ, აკა მორჩილაძე! ვაიმე, თუ დაწერა ეს ამბავი! მეორე ვინღაა?! არა, ვერ ვცნობ. კიდევ კარგი, უცნობია. მერე ერთდროულად გამომხედეს, გამიღიმეს და ის უცნობი თვალებით მეუბნებოდა, გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, უბრალოდ ვიწექი და ვფიქრობდიო.
ჯერ ის შევიტყვე, რომ უცნობს რატი ერქვა, მერე გვარი _ ამაღლობელი. ლექსების კითხვა რომ დაიწყო, ეჭვი აღარ შემპარვია _ 22 წლის პოეტი!
იმ პერიოდში ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ შვიდი წლის შემდეგ, ერთ დღესაც მე და რატი პირისპირ ვისხდებოდით, ჩვენს შორის დიქტოფონი იქნებოდა და ჩვენს დიდ იმედებს” ერთ პატარა კასეტაზე დავატევდით:ბათუმის სემინარი ხომ გახსოვს? გარდამტეხი იყო შენთვისაც და ჩემთვისაც, სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. წესით, არ უნდა თქვა ასეთი რამ და უფრო ღირსეულად დაიჭირო თავი, მაგ­რამ მართლა სულ სხვანაირად წავიდა… წერა სხვანაირად დავიწყე. მე ახლა ისეთ რაღაცეებს გიყვები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემთვის და არა მკითხველისთვის. იქ შემიყვარდა სიცოცხლე. ამან 24 წლამდე გასტანა. ორი წელიწადი მოზღვავებული ენერგიის ხანა იყო, უმანკოების განცდა რომ გაქვს: ღმერთს უყვარხარ, დაცული ხარ. ყველაფერი შეგიძ­ლია და მთელს დედამიწაზე ყველაზე მეტად შენ გიყვარს. იმდენი ძალა და ენერგია გაქვს, რომ არც უსიყვარულობის გეშინია”.
აქამდე კი უფრო მძაფრი განცდებია, დღეს უკვე სურნელებად, არომატებად და გამჭვირვალობებად ქცეული. პირველ­განცდები, ემოციების დედნები: როგორ იკვლევდა თოვლიან გზას კუკუშკა”, სადაც პატარა ბიჭი იჯდა, დედასთან ერთად. დედას ჯინსის ქურთუკი ეცვა... ორი წლის ასაკში, ახსოვს ერთი უცნაური დღე, როდესაც დედა შინ სულ სხვანაირი დაბრუნდა, თმა მოკლედ შეეჭრა _ უცხო იყო თითქოს. ახსოვს ბებიის სახლის სამფეხა სკამი, რომელიც მისთვის მუზარადიც იყო, ავტომატიც, ტანკიც, კალათბურთის ფარიც, ანუ ბავშვობისდროინდელი შემოქმედება. ერთი და იგივე საგანი რამდენ რამედ შეგიძლია აქციო და რა პირობითია ეს ყველაფერი! ნივთის და საგნის მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს. შენ ქმნი, შენ ხედავ და თავისუფალი ხარ... აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფანტაზიის უნარი ისეთი გამძაფრებული გაქვს, რომ ფარდა შეიძლება დრაკონად მოგეჩვენოს ან მოჩვენებად, რომლისაც გეშინია... და სავსე ხარ ამ შიშით და განცდებით. ამიტომ აღვიძებ დედას, ამიტომ ეხმიანები სხვას, რომ შენივე ფანტაზიისგან დაგიცვას. ბავშვობაში ერთ მხარეს ბებია იწვა, მეორე მხარეს _ ბაბუა. კედელზე სამოციანი წლების შპალერი იყო გაკრული, მწვანე ფერის… ჭავჭავაძის პროსპექტიდან მანქანების ჩრდილები ფანჯრიდან კედელზე ადიოდა და ამ შუქს გამჭვირვალე ფარდების ფაქტურები ირეკლავდა. არ მინდა, რომ ეს დავივიწყო. ახლა ეს მგონია პოეზია.”
მაშინ კი, ათი წლის ასაკში, არტისტულს და თამამს, პოეზია თამაში ეგონა. პირველი ლექსი იუმორით შეუფასეს, რადგან თვითონაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. მის პოეზიას თამაშის ელემენტები ახლდა და მათში პოეტის მტანჯველი განცდები არ ერია _ გალაკტიონის `ქარი ქრის~ ხომ გახსოვთ? რატის თავისებური ინტერპრეტაცია ჰქონდა:
ქარი ქროდა, ქარი ქროდა…
…მე ვიდექი ფანჯარასთან
და თვალებზე ცრემლი მქონდა.
…მე ვიყავი მხოლოდ მასთან,
ფანჯარასთან, ფანჯარასთან…
ქარი ქროდა, ქარი ქროდა.

პოეტობას ვთამაშობდი~. აქედან იბადება პოეტური ხილვები და ზმანებები, პოეტური ლანდშაფტები. რატი, თავისთავად, პოეტური ნატურაა. უბრალოდ, იმას არ წერს, რასაც მოზრდილი ადამიანი. ერიდება. ამიტომაც თამაშობს. რასაკვირველია, მერე გინდა, რომ გაღიარონ, თქვან _ რა მაგარი ყოფილა! რატი მოძრაობს, დიქტოფონი ყანყალებს. ახლა იმ პერიოდს იხსენებს, როცა პედაგოგიური გამოცდილების გარეშე, მე_6 სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიდა.ენერგიული ვიყავი. მეცინება. არა იმიტომ, რომ რისიც წინათ მჯეროდა, ახლა აღარ მჯერა. იმაზე მეცინება, თუ რა ენერგიას ვხარჯავდი და როგორი რწმენა მქონდა! დაჯერება ერთია, მაგრამ რწმენის ინტენსივობა _ სხვა. იმ დროს ყოფა არ მაინტერესებდა. სკოლაში სწავლების არანაირი გამოცდილება არ მქონია. მხოლოდ სურვილები, ემოციები და განცდები მამოძრავებდა. რაც ვიცოდი, ყველაფერს ბავშვებს გადავცემდი. ყველაფერზე ვლაპარაკობდით. ამაზე საუბარი ახლა უფრო მიჭირს. აზრს კი არ ვახვევდი თავს, უბრალოდ ვეებერთელა ენთუზიაზმით ვიყავი სავსე.
სკოლაში სოციალური მოდელის პირისპირ აღმოვჩნდი და გამოვიქეცი. მართალია, ისევ აქ მოვხვდი, მაგრამ… კარიერის დინამიური და ვერტიკალური განვითარება დავინახე და ეს შემზიზღდა. მთლიანად საკუთარ თავში და ლიტერატურაში ჩავიკეტე. სწორედ ამ დროს მიყვარდა… მაგრად და აჩემებით.
რატი, მოყევი! სიყვარული??? ნაღდი ამბები გინდა? ერთხელ მქონდა მაგარი რაღაც… იცი რა იყო?!… არ მინდა, რა! დავიძაბე.
აბა რაზე ვილაპარაკოთ? კარგი საუზმე აუცილებელია… მიყვარს თხილამურები, თხილამურებზე ვგიჟდები. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ჰიპოდინამიური ვარ. ამაში მოძრაობის და ფრენის იმიტაციას ვხედავ… ნაკლები მოძრაობა მიწევს და ალბათ ამით ვახდენ კომპენსაციას. ექვსი დღე ვმუშაობ და ერთი დღე სასრიალოდ დავდივარ. ეს არ არის სოციალური პრივილეგია. პირიქით, ბუნებაში ყოფნის სურვილია. აქ, ჩვენს მიერ შექმნილ სამყაროში უამრავი პრობლემაა. როცა ამას ზემოდან უყურებ, ყველაფერი უმნიშვნელო გეჩვენება. თხილამურებს სხვა სამყაროში გადავყავარ და ეს რიტუალია, მარტო ყოფნის და თავშექცევის… თან, რაღაც რომ გამოგდის, გსიამოვნებს.
24 წლის რომ გავხდი, ჩემს ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო. როგორც ჩანს, მართალი ყოფილა აბსტრაქტული ფრაზა და გაფრთხილება: ცხოვრება ძალიან რთულია. ცხოვრება თურმე სულაც არ ჰგავს სიზმარს. ეს ძალიან მძაფრი, კონკრეტული, რთული და მრავალმხრივი პარტიაა. თითოეული დღეც ამის მაგალითია, რადგან არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს. გინდა, რომ მომავალში ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც დაახლოებით წარმოგიდგენია. ჯერ ყველაფერი ისე მიდის, როგორც არ წარმომედგინა. წერ იმას, რაც განგიცდია, რაც გადაგხდენია. ორ-ორ წლიანი ეტაპებია, რადიკალურად რომ იცვლება მსოფლმხედველობა. მხოლოდ პრინციპებია უცვლელი. ჭვრეტის და ხედვის კუთხე იცვლება. ერთსა და იმავე საგანს მეტ-ნაკლები სიშორიდან ვუყურებთ. ამ დროს ერთი და იგივე საგანი იმდენად იცვლება, რომ საერთო ერთმანეთთან აღარაფერი აქვთ. მინდა, რომ ამ ფანტაზიის ინიციატორი ვიყო და ეს სურათები ცხოვრებამ კი არ შეცვალოს, არამედ ამ ცვლილებათა სადავე თვითონვე დავიმორჩილო.

_ შენი თვალით, როგორი ვარ? _ კითხვას მიბრუნებს. _ ალბათ, ძალიან პრანჭია ადამიანი გგონივარ, რომელსაც ხან გამოდის რაღაც, ხან _ არა.

იქ არ მითქვამს, მაგრამ ბოლოს ასეთი რატი მახსოვს: ჩემი ტექსტის ფინალისთვის ლექსი უნდა დაეწერა; უფრო სწორად, შელოცვა. ტაო_კლარჯეთიდან დაბრუნებულს, სახეზე რაღაც დიდი საიდუმლო ეტყობოდა. ოდნავ გარუჯული იყო და ცოცხალი იერი ჰქონდა. ჩემს პირდაპირ, სკამზე მოკალათდა და კითხვა დაიწყო:

ტანი თითქოს ტაძარია _
მობრძანდებით ბატონებო.
ტაძარს შიგნით ხანძარია _
მობრძანდებით ბატონებო…
მერე აღარ მახსოვს… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც წავიდა, _ უცხოეთში, იქ, სადაც ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა ყოფნა… ვთქვათ, ინგლისში. მაგრამ რატი არსად არ წასულა. ამწუთას ჩემს პირისპირ ზის და მარტოობაზე მესაუბრება:
ერთხელ ჩემი დიდი საღამო გაიმართა. როცა საღამო დამთავრდა, უამრავი ხალხი მოდიოდა; მათ შორის ისინიც, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ან ვისი აღიარებაც, სოციალური თვალსაზრისით, რაღაცას ნიშნავდა. რასაკვირველია, ასეთი ადამიანები მხოლოდ ბავშვობაში არსებობენ, მერეკვდებიან”. ამ ადამიანების მთელი გალერეა სადღაც ქრება… ყველა სადღაც მეპატიჟებოდა. იყო ერთი ამბავი. ვიღაცეები წავიდ-წამოვიდნენ. ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ ყველა წავიდა და მარტო დავრჩი, სახლში წასასვლელი ფულის გარეშე. და ღმერთს იმწამსვე მადლობა ვუთხარი, რომ ის ერთი წუთითაც არ მაძლევს თავის მოტყუების საშუალებას.”
მოხდა ისე, როგორც დასავლეთში, სადაც ბუნებრივი მოვლენაა: პოეზიის საღამოს შემდეგ, ავტორი ლექსების წიგნებს ჩანთაში აწყობს, მატარებელის ვაგონში მარტო ჯდება… და თლილი თითებით კრიალოსანს ათამაშებს. თითქოს არც მშობლები ჰყავს, არც შვილები. მხოლოდ კალმიდან გადმოღვრილი ცხოვრებით სულდგმულობს.
`იგივე მოხდა… (ამას ახლა პირველად ვამბობ და ვერასოდეს ვეღარ გავიმეორებ) დედაჩემის გასვენებისას. უამრავი ხალხი ტრიალებდა. გარეთ გამოსული, ფეხით გავუყევი გზას, ვერცერთ მანქანაში ვერ ჩავჯექი. ტაქსი გავაჩერე და სასაფლაოზე ისე წავედი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს გვერდით უამრავი ხალხი იყო, მაინც მარტო ვიყავი. ეს არ არის პოზა. ეს სინამდვილეა. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ადამიანი მარტოობისას იღებს. ქმედებას წინ სურვილი უნდა უძღოდეს. სამყაროს პირისპირ ჩვენ მარტონი ვართ. ეს მძიმეა, მაგრამ თან, ძალიან დიდი ძალაა… შიში მიპყრობს, როცა ვხედავ, რომ ბავშვობის გმირები ნელ-ნელა ხელიდან მეცლება. ვრჩები მარტო, კაცი ვხდები, და იმ ადამიანად ვიქცევი, რომელმაც ახლა უკვე სხვის ბავშვობაზე უნდა იზრუნოს. მე აღარ მაქვს შემოქმედებითი თავისუფლება.”

შუადღეა, მაგრამ დიალოგს საღამოს ეფექტი ედება, როგორც სტეფანწმინდას ნისლი. ყველაფერი ლექსის წერის დაწყებას ჰგავს, როცა არ იცი ფინალი. რატი ან გაიცინებს, გულზე ხელს დაიდებს და იტყვის: მარტო მამუკას ვუყვარვარ (რატის აკვიატებული ფრაზა. მამუკა ერთერთი კაფეს მიმტანია)! ან ვინმე დაურეკავს და შეხვედრას ხვალისთვის გადავდებთ. მე არ მინდა ხვალ შეხვედრა. ისედაც ყველაფერი გასაგებია. თან, რომ დავფიქრდი, მივხვდი: ის კი არ მაინტერესებს, რაც იყო, არამედ რა შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ნამდვილ ხელოვნებაში, როგორც არისტოტელესთან. ამიტომ თავიდან ვიწყებ: ასოციაციას ვერ იოკებ. ამიტომაცსაძინებლის ფარდა ხან დრაკონად იქცევა, ხანაც მოჩვენებად”. იფიქრებ, თოვლის კაცი შემოვიდა ოთახშიო. ამ დროს ვიდეო იმიჯის ასოციაციას მერსედესის” ფარების შუქი აღძრავს. და რადგან მე თვითონ ვარ ჩემი ფანტაზიის და ასოციაციების ავტორი, ალბათ ამიტომაც მახსენდება ვიმ ვენდერსი, როდესაც ალტერნატიულ ნაცრისფერში გადაწყვეტილ რკინიგზის ცენტრალურ სადგურს მოვკრავ თვალს. ასე მოხდა იმ დღესაც. 1998 წლის მაისი იყო... მატარებელი თბილისიდან... თქვენც ხომ თავად გიჭირავთ ფანტაზიის სადავეები? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რაც გნებავთ _ ვიმ ვენდერსისეული სახლის სახურავები; შემოდგომის წაბლისფერი სახეები; ან ცეცხლი, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის ზამთრის... წარმოიდგინეთ, რადგან ნებისმიერითუ~ `განუწყვეტლივ გამოხატავს თავის მზაობას რეალობად ქცევისა”.

ვზივარ ფალიაშვილის 108-ში, კარი იღება და ოთახში ჩემი კოლეგა შემოდის, დიქტოფონით ხელში: კასეტები ხომ არ გაქვს, ინტერვიუზე მივდივარო. ჩანთიდან პატარა კასეტას ვიღებ და ვაწვდი. ამ პატარა კასეტაზე რატის `დიდი იმედებია”… იმედები???

ავტორი: ნენე კვინიკაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s