ასე უყვართ ვენაში

როცა ვენის თავზე განსაკუთრებით საძაგელი მაღალი ნისლი წვება, განსაკუთრებით კარგია ხოლმე თბილ, მყუდრო სახლში მისვლა, ავანგარდული მუსიკის თეორეტიკოსისა და მისი ექიმი მეუღლის თბილ სამზარეულოში ჩამოჯდომა და პატარა ფლორასთან საუბარიც კი. უცნაური რამაა: მე, მეფე ჰეროდეს კვალის ღირსეულ გამგრძელებელს, აქაური ბალღები არ მაღიზიანებენ; ალბათ იმიტომ, რომ დედიკოები არ შესძახიან ყოველ წუთს ისტერიულად _ `ნუ, დედიკო, ნუ!~ ასეთ სახლებში იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე: იქნებ მეც ეს მინდა?

ანდრეა შტრასერი, ცოტა ტიროლელი, ეთნოლოგი ქალბატონი, რომელმაც ამ ნორჩ ასაკში ისიც კი მოასწრო, რომ ორი წელი სომხეთში იმუშავა და იქიდან ქუჩის ძაღლი, სანიმუშოდ უზრდელი და სიმპათიური მიკა ჩამოიყვანა, ყველა გამვლელს რომ ყეფით მისდევს და ყველანაირ ნაგავს რომ ჭამს, აი, ისეთი ქუჩის ძაღლი; მოკლედ, ქალბატონი შტრასერი, უწინ ქალთა უფლებებისთვის თავდადებული და გენდერული პრობლემების ნიადაგზე ოდნავ გახისტებული, დღეს ბედნიერი ქალია. მის ბედნიერებას ჯულიო კამანი ჰქვია. ის მხატვარია, კომიქსების ოსტატი და ანდრეას პაწაწინა ვაჟის, სამუელ კარლის მამა.


ეს კაცი ანგელოზია,~ გამიზიარა ანდრეამ. “ნამდვილი ანგელოზი”. ჯულიოს დიდად ვერ ვეკონტაქტე _ იტალიური ისევე ვიცი, როგორც მან _ გერმანული. იმას კი მივხვდი, რომ ერთ შემთხვევით მზიან დილას საწოლ ოთახში სკანდირებდა:გა-ზა-ფხუ-ლი!~
მე მესმის ჯულიოსი. ისევე, როგორც ანდრეა შტრასერისა.

გერმანელი პეტერ რაუშელი და ავსტრიელი ბარბარა შტაუდი ცოლ-ქმარი არიან _ ბარბარამ საგანგებოდ მაჩვენა თავისი ქორწინების ბეჭედი. უაღრესად სასიამოვნო ხალხია, მთელი საღამო ლუდის სმაში გაატარეს და ისეთი გზნებით ეფერებოდნენ ერთმანეთს, გეგონება, პირველად დართეს ერთმანეთისთვის ხელის ხლების ნებაო. საოცრებაა, ღმერთმანი…

ნიკოლ დიტრიხი, რომელმაც ოდესღაც თავის სიყვარულს თბილის-ქალაქში მიაგნო _ კაციც ავსტრიელი იყო, გაქცეული რძლისას არ გიყვებით, _ ამჯერად კენტად ცხოვრობს. მაგრამ მშვენიერ ნიკის, როგორც ჩანს, მარტოობითა და მხოლოდ გადაცემა ღამის მუსიკით~ ტკბობა დიდხანს არ უწერია, თუმცა თავისი ბინითაც ძალიან კმაყოფილია და სამსახურითაც. არაფერი გამოგივა, რიხარდ, მე ოთხშაბათს აზიაში მივდივარ~.
ოთხშაბათამდე არც ვაპირებ ამ ამბის გაგრძელებას, ძვირფასო!~ _ და შემდეგ, როცა ნიკოლს მკაცრმა მეგობარმა გოგონამ მოაკითხა:ვინ იფიქრებდა! ნიკოლ დიტრიხი!~


ვერც მე ვიფიქრებდი, მაგრამ რომ ვიფიქრე, ეს ამბავი ძალიან მომეწონა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ბრძენები იტყვიან, ზმნა მიყვარს~ წარსულ დროში არ იხმარება, პაწია გაბრიელა გულწრფელად აღგვიშფოთდა.ეჭვიანობ?~ _ ვკითხე მე. `არა, ვბრაზობ,~ _ მიპასუხა გაბრიელამ.

იოში კნაისტი და კარინ ვაიჩეკი დიდად თავზეხელაღებული წყვილი აღმოჩნდა: რამდენიმე წლის წინათ მათ დეკემბერში და თან საქართველოში განიზრახეს თაფლობის თვის გატარება. როგორც ხედავთ, გადარჩნენ, კარინი ორსულადაა და ორივე ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ეტყობა, მძიმე თბილისური ზამთრის გამოცდის მერე, მათ ურთიერთობას აღარაფერი ემუქრება.

თუმცა ვერავინ დამაჯერებს, რომ ბუნებაში მთლად ჰარმონიული ურთიერთობები არსებობს, შეყვარებულები ჩემში მუდამ უნაზეს გრძნობებს აღძრავენ. ის, რომ ვიღაცას ვიღაცა უყვარს, თავისთავად კარგია, ისევე, როგორც კარგია, რომ ამქვეყნად ცუდად ინფორმირებული პესიმისტები, ოდნავ გონებაჩამორჩენილი მეოცნებეები და თვალებანთებული რელიგიური ფანატიკოსები არსებობენ _ თუნდაც მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, სიყვარული ღმერთივითაა _ თუ მისი არსებობისა გწამს, არსებობს, თუ არადა _ არაო. როგორც ჩანს, ვენაში სიყვარულის არსებობაში ეჭვი ნაკლებად ეპარებათ, ვიდრე ჩვენს დედაქალაქში. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გულის გასახარად, ყოველ კუთხეში, ყოველ მოედანზე, ყოველ ყავახანაში და, _ რაც განსაკუთრებით მეამა, _ თითქმის ყველა სახლში, რომელშიც სტუმრობა მომიწია, ორი ადამიანი ერთმანეთს ეხვევა, კოცნის და ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი შესანიშნავი ქალი ან კაცი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, იმედია, სამუდამოდ, მაგრამ თუნდაც დროებით _ მაინც.
ერთად ვართ! რა კარგია! მათთვისაც და ჩემთვისაც. სხვა თუ არაფერი, ერთმანეთს ეპრანჭებიან და ამიტომ მეც მხოლოდ სიხარულს მიზიარებენ. და მხოლოდ მაშინ, როცა ვენის თავზე განსაკუთრებით საძაგელი მაღალი ნისლი წვება, შეყვარებული წყვილების შემყურეს, პეტერ ჰანდკეს ლექსი მახსენდება ხოლმე, `რამდენიმე ალტერნატივა ირიბ ნათქვამში~ _ ჩემი საკუთარი სავალალო თარგმანი:

`ქცევა სიტყვების ერთგვარი ალტერნატივაა,
ისევე, როგორც მე ვარ მისი ალტერნატივა,
ან როგორც ჩვენ ვართ დამცირების ალტერნატივა,
ან როგორც შენ ხარ ცარიელი ბინის ალტერნატივა…~

მე კი ვენაში ჩემს დიდ სიყვარულს შევხვდი _ უფრო სწორად, მივხვდი, რომ მასზე ძვირფასი არავინ მყავს და არავინ შემხვდება. ეს მე ვარ, თუ მეა _ როგორ უნდა ვთქვა? მოკლედ: ანა კორძაია-სამადაშვილი. ვიცი: მასზე მეტად არავის ვეყვარები და მეც არავინ მეყვარება.
ამას მგონი `მულტიპერსონის სინდრომი~ ჰქვია, არა?

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s