გაიცანით: ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი

ჰუნდერტვასერს პირველად რამდენიმე წლის წინ შევხვდი, _ სამწუხაროდ, პირადად ვერა, თუმცა თეორიულად ეს სავსებით დასაშვები იყო, რადგან ის სულ ახლახანს, 2000 წელს გარდაიცვალა.

ეს მოხდა გვიან ღამით, ქალაქ ვენაში, როცა მეგობართან ერთად სტუმრად მყოფმა ვერ გავთვალე, რომ მეტრო დაიკეტებოდა და სახლი შორს იყო. საკმაოდ გრძელი გასეირნება გამოგვივიდა, თან ქალაქს სულ არ ვიცნობდი და რუკით ხელში იმის დადგენა, არხის პირს მივუყვებოდი თუ მდინარისას, ბევრი ვერაფერი სიხარული გახლდათ.

ვენა უაღრესად მშვიდი და უსაფრთხო ქალაქია. ყოველთვის ლამაზია, ღამით _ განსაკუთრებით. აქ არავინ არავის არაფერს ერჩის, უბრალოდ, მაინც უსიამოვნოა უცნობ ქუჩებში ღამით ხეტიალი და ვიღაც ლოყებამდე ტატუირებულ ბიჭთან და მის ბულტერიერთან ურთიერთობის გარკვევა _ სანამ არ მითხრა, რომ მასაც გზა აებნა, ჩვენს იმედად იყო და იმიტომ მოგვყვებოდა ფეხდაფეხ, მე ჩემი დამემართა; ბიჭი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ბულტერიერი…

იმ ღამეს დავინახე პირველად რაღაცა, რაც შემდგომში ქალაქის მთავარი ნაგავსაწვავი და სითბოს წყარო აღმოჩნდა: მაღალი ნაგებობა, დაუდგენელი ფორმისა, თან საკმაოდ პირქუში _ ყველა სიკეთესთან ერთად, ბოლსაც უშვებდა, _ თან რაღაც სულელური მოზაიკით მორთული. მსგავსი არაფერი მენახა და გაოცებული შევცქეროდი გადარეული ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის, წესით, ფრიდერიკ სტოვასერის შედევრს. დიდმა მოხუცმა საწადელს კიდევ ერთხელ მიაღწია: გამაოგნა და გამართო.

მის შესახებ ბევრი არაფერი მეთქმის _ თავად ჩემზე უკეთ გიამბობთ. მხოლოდ იმას დავურთავ, რომ მე ის დიდად მესიმპათიურება. მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი მდიდარი კაცი იყო. მას ნორმანდიაში, ვენეციაში, ავსტრიასა და ახალ ზელანდიაში აგარაკები ჰქონდა. ისე, რატომაც არა? სხვა თუ არაფერი, ახალი ზელანდიის დროშის დიზაინის ავტორი ბრძანდებოდა, სამხრეთ ნახევარსფეროში ნამდვილად ეკუთვნოდა ერთი სახლი. ვენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობის სახურავზე ჰუნდერტვასერმა პენტჰაუზი წამოჭიმა და ხან იქ ცხოვრობდა, ხან რესპექტაბელურ ევროპულ ბინებში და ხანაც _ ეგზოტიკურ ქვეყნებში. გააჩნია, როგორ გუნებაზე იყო.

ის ცოტა სიურეალისტი გახლდათ, ცოტა _ აბსტრაქციონისტი, გაუდის გავლენასაც განიცდიდა და 20-იანი წლების რუსული ავანგარდისასაც. ახალგაზრდობაში აღმოჩენილი სპირალი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მისი “საყვარელი თემა, ფორმა და შინაარსი”. მას ეგონ შილე მოსწონდა და ტრანსავტომატიზმის თეორიითაც იყო გატაცებული _ ერთი სიტყვით, წაუგიჟიანებდა. მას ყოველთვის ცალ-ცალი წინდა ეცვა ხოლმე, რასაც ყოველი ვენელი ხაზგასმით აღნიშნავს, ზოგი _ ზიზღით, ზოგი _ მხიარულად.

ჰუნდერტვასერს სიყვარულში არ უმართლებდა. ორი ცოლი ჰყავდა, ერთი გიბრალტარში ყოფნისას ითხოვა, მეორე _ იაპონიაში. პირველი ოჯახი ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, მეორე ქალმა ხუთი წელი გაუძლო. მართალია, ფრიდენსრაიხი მშვენიერი სქესის ყურადღებას მაინც არასოდეს უჩიოდა და ყველგან ახალგაზრდა გოგონების ამალა დაჰყვებოდა ხოლმე. ზოგს შურდა, ზოგს კი ბატონი ჰუნდერტვასერი ბებერ, ნათრევ ხვადად მიაჩნდა _ მე რომ მკითხოთ, ესეც შურის ამბავია.

ჰუნდერტვასერი კულტურულ საზოგადოებას ექსტრავაგანტური გამოხდომებით ატერორებდა. თავისი მანიფესტი “მესამე კანის უფლება” მან 1967 წელს მიუნხენის საზოგადოებას გაშიშვლებულმა წაუკითხა. მეორე ასეთი გამოსვლა მანიფესტი-ბოიკოტი Lოოსე ფრომ Lოოს იყო, მესამედ კი მან სტრიპტიზი ვენის მერის დასანახად გამართა, როცა თავისი სახლის პროექტის გამო მოუწია ბრძოლა. უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად ქალაქ ვენის მერი ქალი ბრძანდებოდა.

იმ ღამეს დავინახე პირველად რაღაცა: მაღალი ნაგებობა, დაუდგენელი ფორმისა, თან საკმაოდ პირქუში _ ყველა სიკეთესთან ერთად, ბოლსაც უშვებდა, _ თან რაღაც სულელური მოზაიკით მორთული. მსგავსი არაფერი მენახა და გაოცებული შევცქეროდი გადარეული ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის შედევრს. დიდმა მოხუცმა საწადელს კიდევ ერთხელ მიაღწია: გამაოგნა და გამართო.

ფანჯრების დიქტატურა და ფანჯრების უფლება

ზოგიერთები თვლიან, რომ სახლი კედლებისგან შედგება. მე ვამბობ, რომ სახლი ფანჯრებისგან შედგება.
როცა ქუჩაზე გვერდიგვერდ სხვადასხვა სახლები დგას, სხვადასხვა ფანჯრებით, მაგალითად, იუგენდშტილის სახლი იუგენდშტილის ფანჯრებით, გვერდით _ თანამედროვე სახლი მოურთველი, სწორკუთხა ფანჯრებით, გვერდით _ ბაროკოს სახლი ბაროკოს ფანჯრებით, _ არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო.
მაგრამ როცა სამი სახლის ეს სამი ფანჯარა ერთ სახლს ეკუთვნის, ამას ფანჯრების რასობრივი დაყოფის დარღვევად მიიჩნევენ. რატომ? არსებობის უფლება ხომ ყოველ ცალკეულ ფანჯარას აქვს.
ფანჯრების რასობრივ დაყოფას ბოლო უნდა მოეღოს. ერთმანეთის გვერდით და ერთმანეთის თავზე ერთნაირი ფანჯრების გამეორება, რასობრივი სისტემის მსგავსად, საკონცენტრაციო ბანაკის დამახასიათებელი ნიშანია. სატელიტური ქალაქების ახალ სახლებსა და ახალი უწყებების შენობებში, ბანკებში, საავადმყოფოებში, სკოლებში ფანჯრების ნიველირება აუტანელი გახდა.
ინდივიდი, ცალკეული, ყოველთვის სხვაგვარად მოწყობილი ადამიანი, თავისი კონსტიტუციის შესაბამისად, პასიურად თუ აქტიურად იცავს თავს ამ ერთგვაროვნების დიქტატურისგან: ალკოჰოლითა თუ ნარკოტიკებით, ქალაქიდან გაქცევით, მანიაკალური სისუფთავით, ტელევიზორისგან დამოკიდებულებით, დაუდგენელი სენებით, ალერგიებით, დეპრესიებით, თვითმკვლელობითაც კი _ ან აგრესიით, ვანდალიზმით და დანაშაულებით.
დაქირავებულ სახლში მცხოვრებ კაცს იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ფანჯრიდან გადაიხაროს და სადამდეც ხელი მიუწვდება, შენობა ჩამოკაწროს. მას იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ გრძელი ფუნჯით _ სადამდეც მიუწვდება _ გარედან ყველაფერი მოხატოს, ისე, რომ შორიდან, ქუჩიდან ჩანდეს:

`იქ ცხოვრობს კაცი, რომელიც თავისი მეზობლებისგან, დაბინავებული, დამონებული ნორმალური ადამიანებისგან განსხვავდება~.

…აშენება ყველას უნდა შეეძლოს, და სანამ ეს შენების თავისუფლება არ იარსებებს, ახლანდელი, დაგეგმილი არქიტექტურის ხელოვნებად მიჩნევა საერთოდ არ შეიძლება. ამჟამად მხოლოდ ცუდი ცნობიერების მქონე სწორხაზოვანი ადამიანების მიერ შექმნილი შესაბრალისი კომპრომისებია განხორციელებული!

`ყველას უნდა ჰქონდეს შენების უფლება, ყველამ უნდა აშენოს და პასუხი აგოს იმ ოთხ კედელზე, რომლებშიც ცხოვრობს… ბოლოს და ბოლოს, ბოლო უნდა მოეღოს იმას, რომ ადამიანები ისე ცხოვრობდნენ თავიანთ ბინებში, როგორც ბოცვერები _ თავიანთ სადგომებში~

…მხოლოდ მაშინ შეიძლება არქიტექტურაზე ლაპარაკი, როცა ხუროთმოძღვარი, მშენებელი და მცხოვრები ერთნი, ანუ ერთი და იგივე პიროვნება არიან. ყველაფერი დანარჩენი არქიტექტურა კი არა, დანაშაულებრივი ქმედება, ძალმომრეობაა.

… ჩვენ სწორი ხაზების ქაოსში, სწორი ხაზების ჯუნგლებში ვცხოვრობთ. ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია ერთხელ თავს ძალა დაატანოს და დაითვალოს ის სწორი ხაზები, რომლებიც გარს ახვევია, და მაშინ დაიჯერებს; რადგან ის ვერასოდეს მიაღწევს დასასრულამდე …

ჰუნდერტვასერი ჰუნდერტვასერის შესახებ

რა სჭირდება ადამიანს, რომ ბედნიერი იყოს
წინსვლა უკანსვლაა და უკანსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი ხდება
მე ვფიქრობ, ჩემი მხატვრობა იმიტომაა სრულიად განსხვავებული, რომ ის ვეგეტატიური მხატვრობაა…

…მე მინდა, _ და ამას სრულიად ინსტინქტურად ვაკეთებ, _ წინასწარ განვიცადო, ადამიანებზე ადრე განვიცადო, წინასწარ დავხატო ის სამოთხე, რომლის ფლობაც ყველას სურს _ უბრალოდ, ხელი უნდა გაიწვდინოს

`სამოთხე აქაა, ჩვენ მას უბრალოდ ვანგრევთ.
მე მინდა იმის ჩვენება, თუ რა იოლია სინამდვილეში დედამიწაზე სამოთხის ფლობა,
და ყველაფერი ის, რასაც რელიგიები და დოგმები და სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობები გვპირდებიან, _ ეს ყველაფერი ნონსენსია~

. . .

…ასეთ დროს, ცხადია, კონფლიქტში შევდივარ საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი სრულიად არასწორად ესმის
მას ჰგონია, რომ ეს ექსცენტრულობაა, მხოლოდ ყურადღების მისაქცევი რამ, ამ დროს ავიწყდება, რომ ეს ჩემი არსების ნაწილია, რომ ეს ჩემი ბუნებრივი გამოხატვის ფორმაა
რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანმა, ყვავილივით, ის გაკეთოს, რაც მას შეესაბამება
ფერადი, მრავალფეროვანი ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ნაცრისფერს, საშუალოდ რუხს
ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც მხოლოდ ის გადარჩება, ვინც შემოქმედებითად ფიქრობს და ცხოვრობს…

…მე ფანჯრების შეღება შევძელი
როგორ შევძელი _ ესეც ძნელი ასახსნელია
ძალა არ დამიტანებია, არც მიფიქრია, არც გონება დამიძაბავს, არც მაინცდამაინც ინტუიციას დავყრდნობივარ _ ისე, თითქოს სიზმარში მოხდა გარდასახვა…

ჰუნდერტვასერის სახლი საოცარი სანახავია. ვერაფერს შევადარებ: ასიმეტრიული ოთხკუთხედებით დანაწევრებული ფასადი, კერამიკული ფილები, არცერთი ფანჯრის ზომა და ფორმა არ მეორდება, კედლები უსწორმასწოროა, იატაკი ტყის ბილიკს ჰგავს. ეს მუნიციპალური საცხოვრებელია, და თუმცა ვენელების უმრავლესობას ჰუნდერტვასერის ხსენებაზე იქედნური სახის მიღება კარგ ტონად მიაჩნია, ამ ძალიან ძვირადღირებულ სახლში შესახლების მსურველები ერთობ ბევრნი არიან. ჭორად მსმენია, მაინცდამაინც დიდხანს ვერცერთი მცხოვრები ვერ ძლებსო _ ან ტუროისტები ამხეცებენ, ან აცა-ბაცა იატაკები. მოკლედ, გააჩნია, ვინ ქირაობს ბინას, ესთეტი თუ ობივატელი.
თქვენ კი, განურჩევლად იმისა, ესთეტი ბრძანდებით თუ ობივატელი, მოგიწოდებთ: როცა ვენაში ჩახვალთ და იგრძნობთ, რომ ბელვედერმა და ოტო ვაგნერის შესანიშნავმა იუგენდშტილმა, ცოტა არ იყოს, დაგღალათ, ჰუნდერტვასერის სახლს ეწვიეთ. ჩამოჯექით კაფესთან, თვალი მოავლეთ ფერად-ფერად კედლებს და მოდუნდით. ეს არქიტექტურა არაფერს გავალებთ. როგორც თავად ჰუნდერტვასერი იტყოდა, ყველაფერი უსასრულოდ მარტივია, უსასრულოდ მშვენიერი.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s