გოგონა და ქალბატონი

იგავ-არაკი

აი, რა კაია, ფანჯარა რომ ჩაუმტვრევია ვიღაცას! მართალია ზამთარია, მაგრამ ამჯერად სასიამოვნოდ მიბერავს, თმა ფორმას იცვლის და საერთოდ, ამ სიცივეს თან რაღაც ჯანსაღი ახლავს. რა სახე გაქვთ, ქალბატონო?! არ მოგწონთ ცივი ჰაერის მასები? თუ ჩემი ყურსასმენიდან გამოპარული ხმაური გაწუხებთ? იქნებ ქმარმა მიგატოვათ ამ რამდენიმე წლის წინ?! ეგეც თქვენი ბრალი იქნება. რა, არა? სახეზე გეტყობათ, რომ გვერდით მწოლიარესთვის ერთხელაც არ აგიწყვიათ სუნთქვა; არ გიკოცნიათ ქვედა ტუჩზე რბილად. დარწმუნებული ვარ, გყავთ ერთი ვაჟი, რომელსაც ცხოვრება გაუმწარეთ: პროფესიაც თქვენ აურჩიეთ და ყველა შეყვარებული დაუწუნეთ. თქვენი ვაჟი სიმპათიური იქნება, ალბათ გგავთ. თქვენი მამაკაცური ვერსია უფრო საინტერესო მგონია. ის, სადღაც, 27 წლის იქნება, უცოლო. ალბათ, თქვენი ყოფილი მეუღლის მეგობრის ქარხანაში მუშაობს. ყოველდღე დაღლილი ბრუნდება შინ და ისიც კი არ იცის, რა მუსიკას მოუსმინოს განსატვირთად. იცით რატომ? თქვენ ყველაფერზე ეჭვიანობდით. კი. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული. თავიდან მეზობლის ბავშვები შეაძულეთ, მერე სკოლის და კერძო მასწავლებლები. მუსიკა და თეატრიც, _ ფავორიტი რომ არ ჰყოლოდა. მერე ისე, რომ დღემდე ვერც კი ხვდებით, თქვენც შეძულდით და ახლა მისი სამომავლო გეგემები მხოლოდ თქვენი გარდაცვალების შემდეგ გახდება ასრულებადი. რა ცუდია, რომ ასე მოხდა.

რა მზერა გაქვთ? რაღაც საშინელი! არც ჩემი ჩანთა მოგწონთ? ასე რომ გაგიშტერდათ თვალი, _ ალბათ, ყველაზე მეტად მარიხუანას ფოთოლი გაღიზიანებთ. დიახ, ყოფილი ნარკომანი ვარ. ჰაშიშს ვანიჭებდი უპირატესობას, მიყვარდა “შივას ცრემლები”… მაგრამ ნიჭიერი ვარ, უარყოფითად არ იმოქმედა. პირიქით, ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე ის, რომ დრო არ უნდა დავკარგო და ნებისმიერ უინტერესო სიტუაციაში ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენო. აი, როგორც დღეს ხდება: ვზივარ სამარშრუტო ტაქსში. აქ ჩემი ტოლი არავინაა. ზამთარია. ფანჯარა ჩატეხილია და ჩემს სამწვერა ნერვს აღიზიანებს. სურნელი კი, რომელსაც მგონი მივეჩვიე, მაინც არ გააქვს ცივი ჰაერის მასებს. მაგრამ, ქალბატონო, მე რომ გარემო პირობით ცნებად არ გამეაზრებინა, აქამდეც ვერ მოვაღწევდი. მე რომ ამ მანძილებში ჩემი ცხოვრება და სამომავლო მიზნები არ დამეგეგმა, გულისრევით, დროზე ადრე ჩავიდოდი ამ “მსუქანი ტაქსიდან”, სადაც თქვენ ერთ კი არა, სკამნახევარს იკავებთ _ ჩემს ნახევარს. ყური მოდებული გაქვთ ჩემს დიდ ყურსასმენზე და ამ ხმაურის არაფერი გაგეგებათ. არა, ქალბატონო! ეს ხმაური კი არა (თქვენ თვითონ ხმაურობთ ხოლმე დილიდან ღამემდე, სამოთახიან ჩეხურად დაგეგმარებულ ბინაში და მოსვენებას არ აძლევთ თქვენს ვაჟს), _ ახალი დროის ბნელ საშოში დაბადებული ბგერებია, “იაგუარის” სისწრაფის _ მუხრუჭის გარეშე. ეს მშვენიერზე ზომიერად კონცენტრირებული მელოდიებია. ეს ელექტრონულ მეხსიერებაში ერთ ფაილად შენახული ჩვენი დიდი იმედები, ჩვენი გულისცემაა.

მაგრამ თქვენ მაინც სასტიკად მიმზერთ. ღამენათევი, ნამთვრალევი და ჯვარდაუწერელი გგონივართ. სინამდვილეში კი ეს თანამედროვე კოსმეტიკაა, თვალთან ჩრდილს გიკეთებს, რომ მზერა უფრო გამოკვეთილი იყოს და ამ დიდ ქუჩებში ჩვენ ერთმანეთი ვიცნოთ.
ეს რა შეგიძენიათ, ქალბატონო?! ამხელა ვაჟისთვის ისევ თქვენ ყიდულობთ ტანისამოსს? ნუ გამაგიჟეთ! ყვავილოვანი კომბოსტოც შეაყვარეთ, არა? ორი თავი გიყიდიათ. ზღვის ცხენიც გეყოლებათ სახლში, რაღაც ასეთი ესთეტიკის დიზაინს ვხედავ თქვენს ბინაში. ისე, ხომ არ გამოგელაპარაკოთ ნეტა? არა. თქვენ ახლა კლიმაქსი გაქვთ და მოსაუბრეც აუტანელი იქნებით. თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ არც იმ წამლებს ენდობით, თანამედროვე მედიცინა რომ გთავაზობთ. არ გჯერათ რეკლამების. იცით, რამხელა შრომაა იმ რგოლის დამზადება, ერთ წუთში რომ ქრება ეკრანიდან? უზარმაზარი!
ძალიან მაინტერესებს, სად ჩახვალთ, სად ცხოვრობთ. მაგრამ გული მიგრძნობს, ჩემი “სადგური” უფრო ახლოა და მე ამ სიამოვნებას დავაკლდები. ახლა ჩემმა მობილურმა რომ დარეკოს, სულ გადაირევით _ პა, რა, რა რა რა…KILL BILL ნანახი გაქვთ? რატომ ჩაგეცინათ? გაიგეთ რაც გავიფიქრე? თქვენს ვაჟს მობილური რომ არ ჰქონდეს, ძალიან გამიკვირდება. ალბათ დღეში, სულ ცოტა, თხუთმეტჯერ ურეკავთ და იმ საცოდავსაც, დღეში თხუთმეტჯერ, ეკრანზე ეწერება: DEDA.
თქვენ ალბათ ჩემმა სუნამომაც აგატკივათ თავი. UNGARO-ს ბოლო სუნამოა. ახალს გამოუშვებს და ძველს მამიდაჩემს ვაჩუქებ, თუ მომრჩა იქამდე. ასე ვცხოვრობთ ქალაქში,

რომელიც თვალსა და ხელს შუა ისე შეიცვალა, რომ ლამის არის სახლს ვეღარ მიაგნოთ. ცუდად ხომ არ ხართ, ქალბატონო? აი, აფთიაქი. აფთიაქები იშვიათად იცვლიან მისამართებს, თითქმის არ იცვლიან.
მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი, სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი. რატომ გეზარებათ ყველაფერი და რატომ გეშინიათ ექსპერიმენტების. არა? როგორ არა! აბა რას მომშტერებიხართ? მე ხომ საღეჭ რეზინას არ ვატკაცუნებ თქვენი ყურის შორიახლოს, არც თამბაქოს სურნელი ამდის; არც ჟან-პოლ გოტიეს უზრუნია ჩემს ჩაცმულობაზე. აბა, რა მოგხვდათ თვალში? შეიძლება ახალგაზრდა ელექტრონული მუსიკის მოსმენისთვის შეიძულო? დაფიქრდით, ქალბატონო! თქვენ ახლა ცოდვას ჩადიხართ. მიცნობთ? გიცნობთ? არც მინდა ოდესმე გაგიცნოთ. ნეტა აღარ შემხვდეთ და სამუდამოდ დაგივიწყოთ, მაგრამ არა, ამის შემდეგ ყველგან, სადაც ყვავილოვან კომბოსტოს მოვკრავ თვალს, თქვენ გამახსენდებით, სასტიკი და

დაუნდობელი მზერით _ თითქოს თქვენი სარძლო, ტოლი ან სწორი ვიყო. მე, აი ახლა, ძალიან მალე ჩავალ, ორ პარალელურ ქუჩას გადავკვეთ, გზაში დაგივიწყებთ და ჩემს თანატოლებში ავირევი. ხვალ სხვადასხვა ორგანიზაციას ახალ იდეებს მივყიდი, რომ ბევრი ფული ვიშოვო, `იაგუარი~ ვიყიდო, ავტომუხრუჭის გარეშე და არასოდეს მომიწიოს თქვენს გვერდით მგზავრობა.
აი, ხედავთ, ჩავდივარ, ფულს ვიხდი და თქვენი მზერა დაჟინებული ხდება. წვრილი ტუჩები ბრაზს ვერ მალავენ. თქვენ საკუთარ თავზე გაბრაზდით, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, ერთხელაც არ გამოგხედეთ და თავხედურად არ გკითხეთ: _ რას მიყურებთ ყბადაღებული, ფაქტიური სიმშვიდით და ორგანიზებული გულგრილობით სავსე? მე თქვენ არ გიცნობთ, ქალბატონო!

2005 მარტი

ავტორი: ნენე კვინიკაძე

ილუსტრაცია: გიო სუმბაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s