დიდება ფრანც ზახერს!

1864 წელს 21 წლის ვენელი ყმაწვილი, ედუარდ ზახერი, სევდიანად დასეირნობდა ნისლიან ლონდონში და შურით ადევნებდა თვალს ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომელსაც უამრავი ოთახი ექნებოდა და, რაც ნორჩი კონდიტერი ედუარდისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რამდენიმე რესტორანიც.
უნდა ითქვას, რომ იმხანად ვენაში ერთი-ორი სასტუმრო თუ ჰგავდა რამეს, უმრავლესობას ღამის სათევს უფრო უწოდებდი, მოუვლელი იყო და უსუფთაო. და ედუარდ ზახერი ოცნებას მიეცა. მან გადაწყვიტა, რომ ოდესმე თავად ააშენებდა თავის ქალაქში მსგავს სახლს, და ისიც გადაწყვიტა, რომ მასზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გაუძღვებოდა, რადგან ის, ედუარდ ზახერი, ბატონ ფრანც ზახერის ვაჟი იყო _ ფრანც ზახერის შესახებ არაფერი გსმენიათ? კარგი, მაშ, განვაგრძოთ.
1873 წელს, უკვე ვენაში, სახელმწიფო ოპერის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მართლაც დიდებულ ადგილას, ედუარდ ზახერი კვლავ სასტუმროს მშენებლობას ადევნებდა თვალყურს, ოღონდ ამჯერად საკუთარი სასტუმროსას. სულ მალე წამოიჭიმა “ზახერი”, ვენის მშვენება, და 1880-იან წლებში მის 108 ოთახში უკვე ტელეფონები იდგა!
“სასტუმრო ზახერი” დღესაც დიდებული სასტუმროა, და თუ ოდესმე იქ მოახერხეთ ცხოვრება, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოიგეთ, ანუ, როგორც ვენაში იტყვიან, ჰაბ’ს გესცჰაფფტ. მე არ მომიგია, ზახერთან სულ სხვა სიყვარული მაკავ­შირებს, კერძოდ, ზახერის ტორტი, ზემოხსენებული ბატონ ფრანც ზახერის შედევრი.
ზახერტორტე არამარტო ჩემი, არამედ მთელი ვენის სიყვარულია. ის უკვე 150 წლისაა, ცოტა მეტისაც, და ქალაქი მისი არსებობით, ცხადია, ძალიან ამაყობს. Aნნო 1832 _ ასე ამაყად იწყებენ ხოლმე ამ ისტორიული ტკბილეულის შესახებ მოყოლას. ამ წელს ძლევამოსილმა “ევროპის მეეტლემ”, ვენცელ კლემენს მეტერნიხმა, საპატიო სტუმრებისთვის განსაკუთრებით გემრიელი ჩაროზის დამზადების ბრძანება გასცა, “რომ დღეს საღამოს სტუმრებთან არ შევრცხვე!”
საშინელი ამბავი დატრიალდა, რადგან მთავარი მზარეული ავად იყო და ლოგინიდან ვერ დგებოდა. საბოლოოდ, ეს უაღ­რესად საპასუხისმგებლო საქმე მზარეულის შეგირდს დავალდა, ფრანც ზახერს, თექვსმეტი წლისას, რომელიც მანამდე სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ნუგბარი კერძების დამზადებას. ის, ცხადია, ძალიან დაფრთხა, მაგრამ რაღა დარჩენოდა, საქმეს შეუდგა, და ამ გაუგებრობის წყალობაა, რომ ფრანც ზახერის ტორტმა შორეულ 1832 წელს, როგორც იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, “მსოფლიოში ტრიუმფალური სვლა დაიწყო”: ჯერ ვენაში მოიწონეს, მერე _ პრესბურგში, მერე _ ბუდაპეშტში და ასე… ხომ ხედავთ, მისმა დიდებამ საქართველომდეც ჩამოაღწია. ერთი ცალი ჩვენც ჩამოვიტანეთ, მაგრამ, რასაკვირველია, უკვე შეჭმულია, და თან ზახერტორტეს გასინჯვა _ გარწმუნებთ _ ავსტრიის დედაქალაქში აჯობებს.


ამ ტორტის გამოცხობის საიდუმლოს საგულდაგულოდ ინახავენ, მაგრამ ვენელები მაინც ცდილობენ ხოლმე რამე მსგავსის გამოცხობას. ერთხელ მეც ვეცადე და მშვენიერი, ქვასავით მაგარი და გულისამრევად ტკბილი კორჟიკი გამომივიდა. მაგრამ თუ ვინმეს მაინც მოუნდება საკუთარ ფსიქიკასა და კუჭზე ავსტრიული ექსპერიმენტის ჩატარება _ ინებეთ. ეს ერთი ოჯახის, ასე ვთქვათ, საგვარეულო ზახერტორტეს რეცეპტია. იმათ რაც მაჭამეს, გემრიელი იყო, და იქნებ თქვენც გამოგივიდეთ.
ამ საქმისთვის უნდა გაწიროთ 4 კვერცხი, 200 გრამი შაქარი, 180 გრამი ზეთი, 1/8 ლიტრი რძე, ერთი პაწაწინა პაკეტი ვანილის შაქარი, ცოტა საფუარი, ერთი ლიმონის წვენი და 150 გრამი შოკოლადი _ ეს უკანასკნელი უნდა გაადნოთ.
მერე იწყება თქვეფა. ცალკე უნდა ათქვიფოთ ცილა, მამაცურად, როგორც ბეზესთვის თქვეფენ ხოლმე. ცალკე თქვეფთ კვერცხის გულს, შაქარს, ვანილს, ლიმონის წვენს და ზეთს, და ბოლოს გამდნარ, ცხელ შოკოლადსაც ურევთ. ცალკე ჯამში ჩაყრით ფქვილს და საფუარს, დაასხამთ რძეს, მოურევთ; დაუმატებთ იმ მრავალი ინგრედიენტის ნაზავს _ კვერცხის გული და სხვ. _ და მოურევთ; მერე დაუმატებთ ათქვეფილ ცილას _ მოურევთ; მოკლედ, ურევთ და ურევთ, სანამ არ გადელდებით. გადელება იმის ნიშანია, რომ ცომი მზადაა. მას ტორტის ცხიმწასმულ ფორმაში ჩაუძახებთ და გამოაცხობთ.
როცა ეს სიკეთე გამოცხვება და გაგრილდება, ზედ 100 გრამი შოკოლადისა და 120 გრამი კარაქის ერთად გადნობის შედეგად მიღებულ მასას მოასხამთ. გამოცდილმა ქალებმა იციან, რომ ესენი ტაფაზე არ უნდა გაადნონ, ჭურჭელს მდუღარე წყალში დგამენ და მაშინ არ მიიწვავს _ მე, ცხადია, დავანახშირე და არასოდეს არაფერს გადაევლებოდა.
უნდა ითქვას, რომ არავინ იცის, სინამდვილეში ზახერტორტეს შუაში გარგრის ჯემი უნდა წავუსვათ თუ არა. ზოგი ამბობს, კიო, ზოგი ამბობს, ნამდვილ ზახერტორტესთან გარგრის ჯემს ახლოსაც არ გაუვლიაო. ისე, მე რომ მკითხოთ, ჯემით უფრო გემრიელია.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s