ვენა სხვაა

ვენა თბილია.
ვენა სხვაა.
წარწერა ტრამვაის კარზე

ქალაქ ვენას ჰქვია მდინარე ვენას სახელი თუ პირიქით _ ეს დღემდე ვერ დამიდგენია, და კაცმა რომ თქვას, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მდინარე ვენა საერთოდ არ ჩანს, მხოლოდ ჩემსავით ენთუზიაზმით დამწვარი თუ წახეტიალდება ქალაქის პარკში საგანგებოდ მის წყალში ჩასახედად. იქ კი მართლაც ლამაზია, ვერაფერს ვიტყვი.
მთავარი მდინარეა დუნაი, ანუ დუნაი და მისი არხი, რაც ცალკე თავგზას მიბნევს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ორივე კალაპოტში ერთი და იგივე წყალი მოედინება _ თითქოს ამას რამე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. არხიც და მდინარეც ლამაზია, სანაპიროც ლამაზი აქვს და თუ მზე ანათებს, იქ სეირნობას არაფერი სჯობს.


ვენა რომ დიდებული ქალაქია, ყველამ ვიცით. წმინდა შტეფანის კათედრალის თუ იმპერიული დიდების _ შიონბრუნის სასახლის შესახებ ყველას გვსმენია, და იქაურ მუზეუმებში დაცული შედევრები ღია ბარათებზე მაინც გვაქვს ნანახი. სანამ ამ მშვენიერ ქალაქს ვეწვეოდი, მეგონა, რომ იქ, შორეულ ვენაში, ყველგან მუსიკა ჟღერს _ ტყუილი, ერთხელ გავიგონე შტრაუსის ვალსი და ისიც სუპერმარკეტში; მეგონა, რომ ვენა გუსტავ კლიმტის ქალაქი იყო _ რას ბრძანებთ, კლიმტი უმალ ტურისტების სიხარულია, ვიდრე ვენელთა სიამაყის საგანი; მეგონა, რომ დუნაი ცისფერია _ და მსგავსიც არაფერი მინახავს. ბატონი შუბერტი _ არა კომპოზიტორი, არამედ სხვა, ჩემი მეგობარი _ მიმტკიცებს, რომ დუნაი ზოგჯერ მართლა ცისფერია, როცა შემოდგომაზე შიგ ლურჯი ცა ირეკლება. შემოდგომაზე ვენაში ლურჯი ცისთვის თვალიც არ მომიკრავს, მაგრამ ბატონ შუბერტს ტყუილები არ სჩვევია, თან ვენელია, ამიტომ დავუჯეროთ.


მით უმეტეს, რომ ის მუდამ არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვება, თან მგზნებარედ, ხატოვნად. ვენის საჯინიბოებში გაჩენილი ხანძრის ამბავი ისე შთამბეჭდავად მომითხრო, რომ თვალნათლივ დავინახე, როგორ დარბოდნენ ღამით თეთრ, დაცარიელებულ ქუჩებში ფაფარაშლილი რაშები, თითქოს მათი ჭიხვინიც ისმოდა და ქვაფენილებზე ფლოქვების თქარათქურიც. არადა, მანამდე ეს ლამაზი, მოვლილი და აშკარად ძალიან ღონიერი ცხენები სულ არ მაინტერესებდა, მხოლოდ ტურისტული შოუს ნაწილად მიმაჩნდა, განსაკუთრებით ცუდ ამინდში კი _ ცხენის ძეხვის მასალად.


მართალია, ერთხელ მისი რჩევით ერთ მშვენიერ ბაღში წავედი, დავუჯერე _ და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მარცხი იყო. აუგარტენი, ზაფხულში ტკბილი ადგილი, წელიწადის სხვა დროს, რბილად რომ ვთქვათ, დამთრგუნველი სანახავია. იქ ორი უზარმაზარი ურჩხული დგას _ მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო თავდასხმებისგან თავდასაცავი ნაგებობები, რომლებსაც უაღრესად გონებაგახსნილმა ვენელებმაც კი ვერაფერი მოუხერხეს: აფეთქებით ვერ ააფეთქებ, მთელს უბანს თან გაიყოლებს, მოხატვას არ ექვემდებარება, სხვა ფუნქციასაც ვერ დააკისრებ _ სხვისა არ ვიცი და მე ჩემი ნებით შიგ არასოდეს შევიდოდი, სულ სამოთხესაც რომ დამპირებოდნენ. ეს ურჩხულები, როგორც მოგახსენეთ, აუგარტენში დგას, ირგვლივ ხეივნებია, გადაჭრილი ხეებით, გეგონება, ცოცხლად დამარხული გოლიათების ამოწვდილი ხელებიაო _ ხომ კარგად მაქვს ფანტაზია ანთებული? გარდა ამისა, საყვარელმა ბატონმა შუბერტმა არ დაიზარა და მიამბო, რომ იმ კოშკებში მტრედები ცხოვრობენ, _ გარეთაც დაფრინავდნენ და დაღუღუნობდნენ, უნდა ითქვას, რომ საზიზღრად. ხოლო შიგნით, სიღრმეში, _ ესეც ბატონმა შუბერტმა მითხრა, თორემ მე, ცხადია, არ შევმძვრალვარ და არ მინახავს, _ მტრედები სრულიად დეგრადირებული არიან, ფრენა აღარ იციან, დაბაჯბაჯებენ, დოდოებივით, და გაჭირვების ჟამს (ეს კი ვერ გავიგე, უარესი გაჭირვება რაღა უნდა დაადგეთ?) ერთმანეთს კორტნიან. ჭამენ. აი, ასე.
აუგარტენში, დაბინდებისას, ყველა ეს საშინელება ცხადად წარმოვიდგინე და ნამდვილად აღარ მესიამოვნა აღარც ხეივანში ხეტიალი და აღარც სანერგეების თვალიერება. მოძმეთა მკორტნელი მტრედები ხომ არ მესიამოვნა და არ მესიამოვნა. მაგრამ ეს უწინ იყო. წელს მტრედების ნაცვლად, ყვავები დამხვდნენ, მოყრანტალე საზოგადოება, უსაშინლესი რაოდენობით _ ამდენი მხოლოდ სახელგანთქმულ ვენურ საგიჟეთებს თუ დასტრიალებდა თავს. კოშკთან ახლოს მისულს კვლავ ის გულისამრევი ღუღუნი მომესმა, ეტყობა, მთლად ხელ-ფეხწართმეული მტრედებისა. ჩემო დედა! “როგორ ფიქრობ, მტრედები ყვავებმა შეჭამეს?” _ ვკითხე ბატონ შუბერტს. “არ ვიცი. ისე, მტრედს ყვავი არ სჯობს? ნახე, როგორი ღირსეული პროფილი აქვთ,” მიპასუხა ბატონმა შუბერტმა.


ბატონი შუბერტი, მრავალი პრემიით დაჯილდოებული თავისუფალი ლიტერატორი და ოქროს ბიჭი, უწინ მიხსნიდა, რომ მისთვის სმისა და მოწევისთვის თავის დანებება არ შეიძლება, რადგან სანამ ფილტვის კიბო და ღვიძლის ციროზი ერთმანეთს ებრძვიან, მისთვის არცერთს არ სცხელა. მაგრამ ახლა აღარ ეწევა. რატომ? “ჩემი საყვარელი ბრონქიტი! მთელი კვირაა, ნაფაზს ვერ ვარტყამ. ნეტა არ მომირჩეს!”
ჩემს იქ ყოფნაში ბატონ შუბერტს ბევრი წელი შეუსრულდა. ამ ამბავს გულმოდგინედ მალავდა, აქაოდა, არ მომილოცონო, _ იპრანჭება; სულ იპრანჭება და როცა ვეუბნები, იპრანჭები-მეთქი, გახარებული მპასუხობს: “ხომ მაგრად გამომდის?” შუბერტს არ გაუმართლა _ ან პირიქით: როცა კლუბ “ოსტში”, რომელიც, თავად შუბერტის თქმით, მე-17 უბნიდან, აღმოსავლეთით ყველაფერს მოიცავს, მთლად ვლადივოსტოკამდე, ბულგარელი ბოშების ნაცვლად, ყოვლად წყალწაღებული რუსული ბენდის კონცერტზე აღმოვჩნდით, მშვენიერი გოგო მოვიდა, გაბრიელა, ერთი ევროპელი მწერლის თქმით, “ისეთი ახალგაზრდა, რომ მასთან მარადისობაზე შეიძლება საუბარი”. გაბრიელამ ბატონ შუბერტს საჩუქარი მიართვა, რომელიც შემდგომში დიდი პროვოკაციის ობიექტი გახდა. “ჩემი სხეული ყალბი არმანის გარდა აღარაფერს იმსახურებს,” დაიმორცხვა ბატონმა შუბერტმა, “მაგრამ მადლობა”.
გაბრიელას საჩუქარი მეგობრებმა არ მოიწონეს. კაფე “ამარკორდში”, “სეცესიონთან”, იქ, სადაც შაბათობით ჩემთვის, აღმოსავლელი ქალისთვის ცნობილ ბაზართაგან ყველაზე ხმაურიანი ბაზარია და ძველმანების ბაზრობაზე მიწაზე ტანსაცმლის გორებია აღმართული _ ნეტა, ვის რა ჯანდაბად უნდა? ბატონი შუბერტი ეჭვობს, რომ ამ ჭინჭების გამყიდველებს ქალაქი უხდის ფულს, სანახაობის ამბავში; _ ჰოდა, კაფე “ამარკორდში”, სადაც დღისით კარგი ყავის დალევა და საღამოობით დიდხანს ჯდომა მიყვარდა ხოლმე _ ოდესღაც, ახლა ძლივსღა მივაგენი, _ ამ ჩინებულ კაფეში ახალ ჟაკეტში გამოწყობილ ბატონ შუბერტს იერსახე დაუწუნეს.


ნიკოლი: “ეს რა უბედურებაა, აშკარად მამათმავალი დიზაინერის ნახლაფორთალი, ტანჯული ვიეტნამელი ბავშვის ხელით ჩამოქსოვილი. რა გაბრჭყვიალებს, შუბერტ?”
შუბერტი, ცხადია, აღშფოთდა. “რა გესმის, ეს სამეფო ესთეტიკაა. შეხედე, როგორი ტყავის ზოლები აქვს. ნამდვილი ტყავია! ან როგორ ბრჭყვიალებს. უძვირფასესი ნივთია,” _ და შემდგომი თავდასხმისგან თავის დასაცავად “ამარკორდში” მიმტანად მომუშავე გაბრიელას დაუძახა: “გაიგე, რა თქვა შენს საჩუქარზე?”
გაბრიელამ თქვა, რომ ნიკოლს არაფერი გაეგება. მან განაცხადა, რომ ჟაკეტის საწყისი ფასი 90 ევროა _ თვითონ რამდენად იყიდა, ეს აღარ უთქვამს. მან თქვა, რომ შუბერტისთანა კაცს სწორედ ოქროს სირმებით გაწყობილი ჟაკეტი უნდა ეცვას _ და ამრეზით აათვალიერ-ჩაათვალიერა მარგალიტის მძივით შემკული, ლამაზი ნიკოლი. ბატონმა შუბერტმა ისიც ბრძანა, რომ ნიკოლის მდარე გემოვნება მისი კათოლიკური აღზრდის შედეგია (რომლის გამოც ნიკოლთან ერთად ვერცერთ ტაძარში ვერ შევდივარ _ პრინციპულად სძულს) და საერთოდ, გენეტიკური წუნი რთული ამბავია, ასე იოლად ვერაფერს გააწყობ.
ო, გენეტიკური წუნები, ჩემი ძვირფასი ვენელების საყვარელი თემა!
“დიდი ბაბუის ამბავი არ მომწონს მაინცდამაინც _ თავი მოიკლა, მაგრამ რატომ _ ეს არ ვიცი. ბაბუაჩემი კი ბედნიერი კაცი იყო: ბორდელში მოკვდა, ინფარქტმა დაარტყა. მამაჩემი ვერმახტელი ბრძანდება, თავს დღესაც ჩინებულად გრძნობს, ყოველი არჩევნების წინ მიხსნის: ყველა, ვინც ხმას არ იძლევა, მარჯვნივ იძლევა ხმას…”
“დედიკო მყავს დიდებული. გინდა, გაგაცნო? თავის დროზე ლამაზი ქალი იყო, ახლაც ლამაზია, ნაწნავი აქვს კუდუსუნამდე. ეგრევე ფეხსაცმელზე დაგხედავს, თუ მობრეცილი გაქვს, ვერ აგიტანს, მისთვის ეს დაბალი რასის ნიშანია. რასისტია, აბა! ოღონდ ფარული. არ იდარდო, მამაჩემიც ქვეადამიანად მიაჩნია, რახან ნახევრად სლოვენია და ნახევრად ჩეხი…”
“წოდება და გვარი მარია ტერეზიამ უბოძა _ სმრტიჩები. რუსულადაც გასაგებია, ხომ? იმათ ჩამომავალს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?”
ვენელები და არა უბრალოდ ავსტრიელები. მრავალი ეროვნება ერთ ძველ, დიდებულ ქალაქში. ჩემთვის სწორედ ესაა მთავარი ხიბლი ნაცრისფერი ვენისა, რომლის წარსულიც _ ხან დიდებული და ხან ტრაგიკული _ სულ თან გდევს და პირადად ჩემში, ცოტა არ იყოს, ნაღვლიან გრძნობებს აღძრავს: აღარარსებული იმპერიის ნაშთები. ზღვის ამსახავი ძეგლების და ცხენებზე ამხედრებული დევგმირების შემყურეს, სულ ყბადაღებული “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” მაგონდება _ კიდევ კარგი, ვენელები განვითარებული ხალხია და წარსულის გამო ტირილი არ სჩვევიათ.


…საკონდიტროებში ვარდისფერსა და ცისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ბებოები სხედან, ხელოვნურ კბილებს აბრჭყვიალებენ და ნაზად შეექცევიან უნაზეს ნამცხვრებს; ბეტინა რეიმსის გამოფენის გამო აღტაცებული თინეიჯერი გასძახის: “მე ყვირილით ვიბრძვი თავისუფლებისთვის!” ბნელდება. თეთრ, უზარმაზარ ტაძართან ვდგავარ, რომელიც თავის დროზე ბატონმა შუბერტმა დამათვალიერებინა: “ბაროკო, ადრეული მეთვრამეტე საუკუნე, ვიმეორებ, ადრეული. არ მიყვარს არც ბაროკო და არც ეს ტაძარი, მაგრამ წარმოიდგინე, რა იქნებოდა: ირგვლივ მათხოვრები, ღატაკები, ჭუჭყი და უბედურება, მახინჯი ქალაქი _ და უცებ ეს უშველებელი ნაგებობა. შიში კიდევ დასაჯერებელია, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ ტაძრის შემყურეს ღვთის სიყვარული ექნებოდა. შური _ კიდევ ჰო. ან სიძულვილი, ესეც მჯერა”.
მყუდროდ, თბილად ანათებს ფანჯრები, და მე ძალიან მიხარია, რომ ერთი საღამო კიდევ მრჩება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საიდანაც ოდესღაც გაყინული გავიქეცი და საიდანაც ახლა ძალიან არ მინდა წასვლა. ზუსტად ვიცი, როგორი საღამო მექნება ქურთულ რესტორან “დიონისეში”, ვიცი, როგორ მომესალმება ბატონი შუბერტი _ “სერვუს!”, ვიცი, ვინ შემოგვიერთდება და რაზე ვილაპარა_კებთ, ისიც ვიცი, რას შევუკვეთავთ და რასაც ვიცეკვებთ.
ოდესღაც ვენა სწორედ ამის გამო ვერ ავიტანე: ზუსტად ვიცოდი, რაც იქნებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ჩემი მზიანი, საყვარელი სამშობლოს მკვიდრთა ცვალებადმა ზნემ მეტისმეტად დამღალა. ისე დამღალა, ვერც კი წარმოიდგენთ.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s