ვენური ყავახანა, ერთადერთი და განუმეორებელი

ვენის ყავახანაში შესვლა ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით საღამოს, როცა ცივა _ ამ მშვენიერ ქალაქში კი ხშირად ცივა. ამ დროს ყავახანაში არნახული სიმყუდროვეა და ყავის სურნელი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. გარდა იმისა, რომ ნამდვილად კარგ ყავას მოგართმევენ, შეგიძლია გაზეთი წაიკითხო, თუ მაინცდამაინც მოგინდა, იმეცადინო და, რაც მთავარია, ბევრი იჭორაო: პოლიტიკაზე, კულტურულ მოვლენებზე თუ უბრალოდ ქალებზე და კაცებზე.
ვენური ყავახანა ძალიან მშვიდი ადგილია. ყველა სიკეთესთან ერთად, მხოლოდ ერთი ყავაც რომ შეუკვეთო, თუნდაც მთელი დღე იჯექი, თუნდაც გრძნობის დაკარგვამდე _ კაციშვილი არ გეტყვის, ადე, ადგილი გაათავისუფლეო. მეტსაც მოგახსენებთ: ალმაცერადაც არავინ გადმოგხედავს. თან მიმტანი წყლიან ჭიქას გამუდმებით გიცვლის _ ცხადია, უსასყიდლოდ _ და ახალი შეკვეთის მისაცემად თუ ანგარიშის მოსათხოვად მთელი დარბაზის საყურადღებოდ არ მოგიწევს ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა.
აქ სვამენ ნაირ-ნაირ ყავას, კაკაოს, ჩაის, რძეს, ცხელ შოკოლადს, მინერალურ წყალს, ლიმონათს, მოკლედ, ყველაფერს. ღვინო და მაგარი სასმელიც იყიდება, მაგრამ მათი შეკვეთით თავს მხოლოდ საბრალო ტურისტი თუ გაიფუჭებს _ ან რა გემო აქვს ყავახანაში ჩაცეცხლილ არაყს?


ამ შესანიშნავი ყავახანების არსებობას ვენელები საკმაოდ უსიამოვნო ამბავს უმადლიან, კერძოდ, იმას, რომ 1683 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს. ერთმა ჯაშუშმა, რომელსაც გეორგ ფრანც კოლშიცკი ერქვა და რომელიც ბელგრადში რაღაც აღმოსავლური სავაჭრო კომპანიის თარჯიმანი ბრძანდებოდა, მტრის რიგების გარღვევა და პოლონეთის მეფემდე მიღწევა შეძლო. ამ უკანასკნელმა ლაშქარი გაგზავნა, ვენა გაათავისუფლა და კოლშიცკის, როგორც ქალაქის მხსნელს, პირველი ნადავლის უფლება უბოძეს.
ვენელების გასაოცრად, ამ კაცმა ოქროზე, იარაღზე და სხვა ავლა-დიდებაზე უარი განაცხადა. მან ყავისფერი მარცვლებით სავსე ტომრებს დაადო ხელი, რომლებიც თითქოს არავის არაფერში სჭირდებოდა. მაგრამ კოლშიცკიმ ზუსტად იცოდა, რომ ყავისფერი, ევროპელთათვის ფუჭი მარცვლები ყავა იყო _ ტყუილად კი არ გახლდათ თურქეთში მრავალგზის ნამყოფი სავაჭრო კომპანიის თარჯიმანი! და სულ მალე, 1686 წელს, მან ვენაში პირველი ყავახანა გახსნა: “ცისფერ ბოთლთან”.


ისე, ზოგიერთები ამბობენ, ეს ლეგენდა ტყუილიაო. ამბობენ, ვენაში პირველი ყავახანა 1685 წელს სომეხმა სოვდაგარმა, დეოდატომ გახსნა და ყავის ჩამოსხმის განსაკუთრებული უფლება მხოლოდ მას ჰქონდაო. მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ვენელები უკვე 150 ყავახანაში იყვნენ ჩამომსხდარი და ისევე, როგორც დღეს, მაშინაც ყავას სვამდნენ, გაზეთებს კითხულობდნენ და ჭორაობდნენ.
თავდაპირველად, ცხადია, ყავახანები მამაკაცების სამფლობელო იყო _ აბა, ქალს ასეთ ადგილას რა ესაქმებოდა! მერე, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ქალებისთვის საგანგებო სალონები გაიხსნა და ოჯახთან ერთად ყავახანაში სიარულიც კარგ ტონად ჩაითვალა. ცხადია, ისე გემრიელად ვეღარ იჭორავებდნენ, მაგრამ მაინც.


თუ ყავახანის არჩევაზე მიდგა საქმე, პირადად მე “შპერლს” გირჩევდით _ არც იმდენად ტურისტულია, როგორც, ვთქვათ, “ჰეველკა”, და არც მთლად პროლეტარებზე გათვლილი. აქ დგას კლასიკური ტონეტის სკამები, ჩვენში რომ “ვენურებს” უწოდებენ და ლამის ყველა სახლში რომ ნახავთ, მარმარილოს მაგიდები _ სინამდვილეში ხისაა, მხოლოდ დაფა ადევს მარმარილოსი; მოკლედ, ჩინებული ადგილია, ისტორიაც საამაყო აქვს და რაც მთავარია, თუ გერმანული გეყურებათ, უამრავ ამბავსაც მოკრავთ ყურს.
ბანალური დიალოგი, როცა ერთი ამბობს და მეორე ადექვატურ პასუხს სცემს, აქ ნაკლებად პოპულარულია _ და ძალიან კარგი, თორემ გამოვიდოდა, რომ სხვის საუბარს ვუყურშებდი, რაც უზრდელობაა. ამ მხრივ საუბრის უჩვეულობა სასიამოვნო იყო, მაგრამ, მეორეს მხრივ, მაბნევდასავით.
ასე, დიდხანს ვცდილობდი გარკვევას, რა შუაშია კურდღელი. ჰო, ნამდვილი კურდღელი, ყურცქვიტა. მის გამო ბიბლიოთეკაში წასვლა და გაზეთებში ქექვა ძალიან დამეზარა, არადა, ხომ საინტერესოა, სიტყვა “კურდღელი” ლამის ყველა მაგიდასთან რატომ უნდა ისმოდეს?
თურმე მუზეუმ ალბერტინას ხელმძღვანელი, ბატონი შრიოდერი ბრიყვი ყოფილა. თურმე მან ავსტრიის საკუთრება, ალბრეხტ დიურერის შესანიშნავი “კურდღელი” ესპანეთში მანამდე გაგზავნა, სანამ სათანადო ნებართვას მიიღებდა. “მართალია, ამის გამო კურდღელს არაფერი დაკლებია, მაგრამ მაინც _ რა თავხედობაა! საერთოდ, რაღაც უცნაური კაცი ჩანს ეს შრიოდერი: შვიდი ცალი ეგონ შილეს ნახატი (ზიზღით) შვეიცარიაში გაუშვა ექსპერტიზაზე _ რად უნდოდა ეგონს ექსპერტიზა! და ისინი იქედან გაფერმკრთალებული დაბრუნდა. არ მიხედეს. ან რატომ მიხედავდნენ, როცა თავისი საგანძურის გამო ავსტრიის სიამაყე ალბერტინაც კი არ იწუხებს თავს? სამარცხვინო ამბავია, არა?”
…”შენ რუბენსის გამო გულს ნუ დაიწყვეტ. კი, ასი სურათი გამოფინეს და (მაინც ამაყად) მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაც იყო _ მერე, რა? რუბენსი ცუდი მხატვარია. რაღაც, გიჟია _ არ შეგიმჩნევია? რა ამბავია ამდენი ხორცი. არა, ისე მაგარი გამოფენა იყო, ნეტა გენახა…”
…”გაიგე, ხომ, ჰამბურგის ამბავი? როგორ მოახერხე, გაზეთებს არ კითხულობ? დედ-მამამ შვიდი წლის გოგო შიმ­შილით მოკლა. ჰო, ჰო, დედ-მამამ. ჩაამწყვდიეს და აღარ აჭმევდნენ. რა ვიცი, ეტყობა, სძულდათ. როცა იპოვეს (განსაკუთრებით სულშიჩამწვდომი ხმით), ცხრა კილოს იწონიდა. არა, სულაც არ უჭირდათ, მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ დახმარებას ხომ იღებდნენ?! წარმოგიდგენია? ცხოველები. მერე, უწყებები სად იყურებოდნენ, ჰა? (ამ საუბრიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ყველანაირი საშინელება სხვაგან ხდება, საუკეთესო შემთხვევაში, გერმანიაში _ ა.კ.ს.)”.


…”ფრანცის საცოლე ხომ ექიმია, და თურმე (ჩუმად) წინდაცვეთილია. მე ვკითხე, _ ცხადია, ვეცადე, ტაქტი­ანად მეკითხა, _ გოგოები თუ გაგიჩნდება, მათაც გაუკეთებ-მეთქი ოპერაციას? წარმოიდგინე: კიო. აუცილებლადო. მე რა ვიცი, რატომ. …რა ვიცი, ალბათ რამეს მაინც გრძნო­ბს, თორემ რად უნდა ფრანცი?”
…”სამხრეთამერიკელი მეგონე. აქ ბევრი ქართველია, სულ ციხეებში სხედან. ჰეროინით ალბანელები ვაჭრობენ და ქართველებს ამ საქმის ხელში ჩაგდება უნდოდათ. რას ჩაიგდებდნენ, ალბანელებმა ბართლომეს ღამე მოუწყვეს. არა, რა თქმა უნდა, ნორმალური ქართველებიც არსებობენ, მაგას ვინ უარყოფს. მაგრამ იცი, ზოგ აქაურ ქართველს შავკანიანები სძულს. წარმოგიდგენია? რასისტებიც არიან ის ღორები. არა, ცხადია, ყველა ასეთი არაა. ჩვენშიც კი გამოერევიან ხოლმე ასეთები, მაგრამ მაინც ცოტანი არიან. ჰო, ალბათ ქართველებშიც ცოტანი არიან”.
… “ვერენა ჰქვია. გვარი არ მახსოვს. ბერლინში ცხოვრობს, _ ცხადია. ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ იელინეკის ავტორიზებული – ხაზს ვუსვამ _ ავტორიზებული ბიოგრაფია ავსტრიელ ავსტრიელს დაეწერა. შეიძლება კარგი ქალია, რას ვერჩი, მაგრამ რატომ უნდა წეროს ჩვენს ფრიდაზე ვერენამ? საერთოდ, ვინაა ეს ვერენა? ხომ ვამბობ _ არავინ იცის”.
… “ეგ კაცი მანიაკია, თან უვიცი. წიგნი აშკარად არ წაუკითხავს, თორემ “პიანისტი ქალი” ერთხელ მაინც რომ გადაეფურცლა, ასეთ უბედურებას არ გადაიღებდა. დიახ, სწორედ ჰანეკეზე მოგახსენებ. რა, არ იცი, რომ კაპიკად არ ვარგა? სხვა ფილმები არ გინახავს? ძალიან კარგი. ეგ არის სადისტი და იდიოტი”.
დიდება ღმერთს, მსოფლიო აქ ჯერაც წესრიგშია. ვენა ვენად რჩება და “შპერლი” _ “შპერლად”.

1880 წელი. იაკობ რონახერის შეკვეთით, არქიტექტორებმა გროსმა და იელინეკმა ყავახანა ააშენეს. იმავე წლის ბოლოს ის შპერლების ოჯახმა შეიძინა და მას აქეთია, მას “შპერლი” ჰქვია.

1884
“შპერლი” ადოლფ კრატოჩვილამ შეიძინა, და 1968 წლამდე ის მისი ოჯახის საკუთრება იყო.

1895
“შპერლში” “შვიდთა კლუბი” დაარსდა.

1897
ყავახანა “შპერლის” მუდმივმა კლიენტებმა სეცესიონი დააარსეს.

1929
საშინელი ზამთარი: ყინვის გამო წყლის მილები გაიყინა და “შპერლი” რამდენიმე კვირის განმავლობაში დახურული იყო.

1941
საომარი ვითარების გამო, “შპერლში” ფარდები დაკიდეს.

1942
სანოვაგის ულუფების შემცირების გამო, “შპერლში” მხოლოდ სასმელი იყიდებოდა.

1945
უბანი, სადაც “შპერლია” განლაგებული, რუსებმა ფრანგებს გადასცეს.

1950
ვენაში იაფფასიანი და იოლად დასამზადებელი “ესპრესო” შეიჭრა და ტრადიციული ყავახანა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

1968
“შპერლის” მფლობელი მანფრედ შტაუბი გახდა.

1979
ახალი ფასები: პატარა მოკა “შპერლში” 11 ავსტრიული შილინგი ღირდა, დიდი მოკა _ 19, მელანჟი _ 16.

1983
ვენამ ვენური ყავახანის 300 წლისთავი იზეიმა. ასი წლის “შპერლი”, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, საფუძვლიანად იყო რესტავრირებული და ყავის მოყვარულები მას შემდეგ კვლავ მის თავდაპირველ პარკეტის იატაკზე დააბიჯებენ.

1998
ვენის 530 ყავახანას, 650 ყავის რესტორანს, 1060 ესპრესოს, 250 საკონდიტროსა და 120 ყავის დახლს შორის ინგლისელმა გასტროკრიტიკოსმა როი ეკერმენმა ”შპერლი” წლის საუკეთესო ყავახანად დაასახელა.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s