ნინო კასრაძე

ის ქალია, _ ძალიან მომხიბლავი და სათნო, ის მსახიობიცაა. ასეთები ცხოვრებაში თავიანთ მარადიულ წესრიგს ქმნიან და საგანთა არსს განსაზღვრავენ. ასეთებს გულსა და მშვენიერ ლექსებს უძღვნიან ხოლმე:

`გსურს დამაბრმავო? ყველაფერზე მე ვარ თანახმა,
ბაღის მოვლაში ეს მკლავები გვალვით დამახმა.
გიხმობს ეს ბაღი, სურნელებით და ვარდის ფერით,
რადგანაც შენ ქმნი სამყაროში სახეს საგანთა.~

ეს დუბეითი, რომელიც ლია ასათიანმა თარგმნა, ირანელ პოეტს ბაბა თაჰერს (ბაბა თაჰერ ურიანი, X-XI სს.) ეკუთვნის. პოეტს კი დაეჯერება, მით უმეტეს ნიჭიერ პოეტს, რომელიც ოკულტიზმისა და ჰიპნოზის უნარითაც ყოფილა დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, ბაბა თაჰერს ისეთი შინაგანი ძალა ჰქონია, რომ მწვერვალზე მისი გამოჩენისას თურმე თოვლი დნებოდა, ხოლო შუა ზამთარში გაზაფხულის ყვავილები ხარობდნენ.

რატომ ავირჩიეთ მაინცდამაინც ირანელი პოეტი და ეს სტრიქონები, ამას ახლავე გავიგებთ:

სიმ-სიმ, გაიღე!
სადღაც წამიკითხავს: სუნი რომ გამახსოვრდება, ეს ძალიან ადრეულ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილების რეფლექსია. თურმე სადაც სასიამოვნო სუნი გცემს, იქ არის შენი ადგილი, იქ კომფორტულად გრძნობ თავს. ეს ბავშვობიდან მოგყვება. ბავშვობა ხომ, ფაქტობრივად, ნირვანაში ყოფნაა. დღესაც მაქვს ასეთი უცნაური შეგრძნება. ხანდახან ქუჩაში რომ გავივლი ხოლმე, უცებ მახსენდება ის მათრობელა სურნელი, დიდი, დიდი ხნის წინ ბოთლიდან ამოვარდნილი ჯინივით რომ დაგახვევდა თავბრუს – კარგი ყავისა და არომატული სიგარის სუნი.~ ამ მათრობელა სურნელს მფრინავი ხალიჩის ძალა აქვს და მყისიერად გადაყავხარ ზღაპრული აღმოსავლეთის ვიწრო ქუჩაბანდებში. მერე მეხსიერებასა და წარმოსახვაში გაიელვებს ალი-ბაბასა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი, თვალ-მარგალიტით დატვირთული ქარავნები, შარბათის მდინარეები, გაგახსენდება ჯადოსნური ფრაზა –სიმ-სიმ, გაიღე!.~
კუთხეშიყურანია~ ჭრელი მეშის ყდით.
აქვე: საადის გიულისტან~. ფირდოუსისშაჰ-ნამე~. გაფიზის `კაზალები~. მრავალი სხვა წიგნი სხვა პოეტის.

დაყვითლულ და ობგადაკრულ ფურცლებიდან სურნელი:
შირაზის ვარდის.
ირანის ბულბულის.
ვისისა და რამინის.
ყივილა სიმღერის.
ნუშეული თვალების.
გრძელი წამწამების.
გვერდით მინიატიურები. მინიატიურებზე: მორცხვი ქალწული და ველად გაჭრილი ჭაბუკი. თანვე: მშვილდი და ისარი. ფონად: წვრილი წითელი ფოთლები ხავსისფერ მოლზე.~

ასეთია არჩიბალდ მეკეშის თვალით დანახული ირანი.

ირანი – საოცრებათა სამყარო. ქალაქი არიაშაჰრი. ზღაპარი, თავისუფლება – ასე დაამახსოვრდა ნინოს ეს ქვეყანა. ნინო კასრაძე ორი წლის იყო, მშობლები ირანში რომ გადავიდნენ სამუშაოდ. იქ გატარებულ ბავშვობას უკვალოდ არ ჩაუვლია. `სამი წელი ვცხოვრობდით ირანში. ახლა რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, სამი წელი თითქოს რა არის, მაგრამ ამ წლებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ბავშვი რასაც აითვისებს, განცდა იქნება ეს თუ ცოდნა, მერე მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო.~

ნინო კასრაძის მოგონებათა თუ შთაბეჭდილებათა ამ ფრაგმენტში პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პატარა გოგონას და მის ტყუპისცალ დას ბებერი, ჩადრიდან მზირალი მთვლემარე ირანი თავისუფლების ჩვენგან განსხვავებული ხარისხითაც დაამახსოვრდათ, თუმცა ისინი ხომ დიდი და `ბედკრული~ საბჭოეთის ბავშვები იყვნენ.

`პაჩემუჩკები~

რატომ არის ვარდი წითელი?
პირველი დერვიშის უბის წიგნაკიდან

ტყუპები ნინო და მაკა გამორჩეული ბავშვები იყვნენ, თავაზიანები, მოწესრიგებულები. პატარა ტყუპები ხომ ყველგან და ყოველთვის ისედაც აღტაცებას იწვევენ. ორი წლისანი უკვე დანა-ჩანგლით შეექცეოდნენ საჭმელს და მშობლებთან ერთად სადმე წვეულებაზე თუ მოხვდებოდნენ, თავი უფროსებივით ეჭირათ. სერიოზული სახით, ტყუპების გენეტიკური სიამაყით დადიოდნენ კინოში და, ზოგიერთი თანატოლის მსგავსად, გრძელი და მოსაწყენი ფილმის ბოლოში კი არ წათვლემდნენ ან ჭინჭყლობდნენ, ბოლომდე ერთად უძლებდნენ, გმირულად. თვალებდაჭყეტილები შესცქეროდნენ ეკრანს და ყველა ფრაზასა და ეპიზოდს უკირკიტებდნენ, არაფერი გამოეპარებოდათ, თანაც ყველაფერი აინტერესებდათ: А почему это? A почему так? ასე შეერქვათ `პაჩემუჩკები~.

კინოთეატრში როკო და მისი ძმები~ გადიოდა. როცა ნადიას მკვლელობის ეპიზოდი მოახლოვდებოდა, ქუჩაში აუცილებლად შენიშნავდით ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კინოთეატრიდან ხელჩაკიდებული გამოჰყავდა ორი პატარა გოგონა, ძალიან რომ ჰგავდნენ ერთმანეთს. ბავშვები ფეხათრევით მიჰყვებოდნენ მამას და ცხვირაბზეკილები, მკაცრი ტონით, სასწრაფოდ ითხოვდნენ ახსნა-განმარტებას – А почему? ტყუპთა ოინები შაჰის კარზე ულამაზესი ქალი. აცვია ზაფრანისფერი კაბა. გრძელი, შავი თმა მიწამდე დასთრევს. რაღაც უცნაური სუნამო ასხია – ვანილის, დარიჩინისა და კიდევ რომელიღაც უცხო ყვავილის სურნელს რომ აფრქვევს. ყოველ დილით აღებს უზარმაზარ ჭიშკარს. ბაღში ბევრი ვარდია: თეთრიც, წითელიც, ყვითელიც. მერე კიბეს რხევით აუყვება და სადღაც გაუჩინარდება. შესასვლელში მამაკაცი ეგებება – ბრგე, ლამაზი. ქალი უღიმის და პირზე ვარდი ეფინება. ეს ალბათ შაჰია. ის კი მისი ერთ-ერთი ცოლი. ზღაპარი ხომ არ გრძელდება? რა ლამაზი ბაღი აქვთ! – ტყუპები თვალებგაფართოებულები შესცქერიან. მერე ეშმაკურად ჩაუკრავენ თვალს ერთმანეთს, შაჰს დაუძახებენ და ღობის უკან იმალებიან; მერე ისევ დაუძახებენ და გაიქცევიან. დიდხანს გრძელდება ასე. შაჰი იცინის. ე.ი. ბოროტი არ არის. რა შაჰი, რის შაჰი? ეს ყველაფერი ტყუპების წარმოსახვის ნაყოფია. სასტუმროს პორტიე მართლაც ძალიან ჰგავს შაჰს. ლამაზი გამყიდველი ქალი კი - მის მზეთუნახავ ცოლს. მერე სკოლაში კარგა ხანს ვიწონებდით ხოლმე თავს – აი, ჩვენ ირანში ვცხოვრობდით-თქო. რას აღარ ვყვებოდით, ათას რამეს ვიგონებდით, ვფანტაზიორობდით…~
უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ კასრაძეების ოჯახს, შინ დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. წარსულში ალბათ ასე ეგებებოდნენ ხოლმე შაჰის კარიდან მობრუნებულ მეფისწულებს.
Приееееехали და იწყებოდა...~ მახსოვს, როგორი მონატრებით მიკითხავდა დეიდაჩემი ლექსებს ძილის წინ: `ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში…~
ეს საღამოები დღემდე თვალწინ უდგას, ფოტოგრაფიული სიზუსტით. ისიც კი ახსოვს, რა ეცვა მაშინ დეიდას, როგორი გულსაბნევი ეკეთა…

ბოლო შატალო
სხვათა შორის, საკუთარ თავში ერთი უცნაური განცდა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ბავშვობიდან მომყვება _ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ერთადერთია და განუმეორებელი. აი, ხომ არისშეჩერდი, წამო!~ ძალიან კარგად მახსოვს ბოლო შატალო. მე-11 კლასში ვიყავით. გაკვეთილებიდან გავიპარეთ და, როგორც ყოველთვის, კინო შანხაიში~ წავედით. ეს ნამდვილი ნეტარება იყო, ვსხედვართ მეგობრები ჩაბნელებულ დარბაზში და ვუყურებთ აციმციმებულ ეკრანს, სულ ერთია – რას. ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის განცდაა, რომ ერთად ხართ, ჯერ ყმაწვილები ხართ და მთელი ცხოვრება წინაა.~ ნინოს მაშინაც ეს შეგრძნება დაეუფლა, თანაკლასელებისკენ გადაიხარა და წასჩურჩულა:გაყუჩდით და ეს წამი სამუდამოდ დაიმახსოვრეთ. ეს აღარ განმეორდება.~ ეს მართლაც აღარ განმეორებულა. სულ მალე სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.
ნინოსა და მაკას ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი დადგა – პროფესიის არჩევა. აქ ტყუპთა ინტერესები გაიყარა. მაკამ კლასიკური ფილოლოგია აირჩია (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სორბონაში სწავლობდა. იქ დაიცვა დისერტაცია და ახლა საფრანგეთის ერთ დიდ გამომცემლობაში მუშაობს. ოჯახიც საფრანგეთში შექმნა), ნინომ კი…

რატომ თეატრი
არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა.~ ჰერტრუდა, მაკბეტი, ვიოლა, ლამარა, ქერესტანი... ამდენი განსხვავებული ხასიათი და ბედისწერა, ამდენი განსხვავებული სახის ჩვენება... ისე,სახისჩვენებითი~ ძველ ქართულში თვალთმაქცურს~ ნიშნავს, მაგრამ მაქციობა და მოჩვენებითობა ნინოს არ სჭირდება, ყველა გმირი მისთვის უპირველესად ქალია... ჩემთვის ყველა როლი ისეთი წვალებისა და შრომის შედეგად არის შექმნილი, რომ ჩავარდნილი როლიც კი შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით წარმატებული იყოს. ახლა, როცა თითქმის ორი წელია აღარ ვთამაშობ, ყველა როლი მიყვარს. ვერ გამოვარჩევ. ყველა როლი რაღაცას მახსენებს, რაღაცასთან არის დაკავშირებული. უკვე ცხოვრების ნაწილი ხდება.~
მიაჩნია, ისეთი კარგი როლები აქვს ნათამაშევი (ზოგჯერ მსახიობის ასაკს რომ არ შეეფერება; მაგალითად, სულ ახალგაზრდა იყო, ლედი მაკბეტი რომ ითამაშა), უხერხულიც კია იმის თქმა, რომ კიდევ რაიმე როლის შესრულებაზე ოცნებობდეს. მაგრამ კაცს ოცნებას ვერ წაართმევ. ღვთის მადლით, კიდევ ბევრი კარგი როლია დარჩენილი…
დღეს სცენაზეც და ეკრანზეც ბევრი რამეა ისეთი, რაც მზარავს; ძალიან კარგია, კარგი რეჟისორების გაკეთებულია, მაგრამ არის სცენები, სადაც არ მომინდებოდა თამაში, გმირები, რომელთა განსახიერებასაც არ ვისურვებდი. როგორც მოვლენას, აღტაცებული ვუყურებ, მაგრამ ამის სათამაშოდ ჩემში ძალას ვერ ვიპოვიდი.~ თუნდაც:ეშმაკის ადვოკატი.~
`ამ თემას ვერ შევეჭიდებოდი. უბრალოდ იმიტომ, რომ ძალა არ მეყოფოდა. ამასაც ხომ შინაგანი ძალა სჭირდება, ბოროტებაში ჩხრეკის ძალა…~
დროის ორი მესამედი

როცა რეჟისორი შექსპირს დგამს, შემსრულებელი უნდა ჰყავდეს. არ შეიძლება, დგამდეჰამლეტს~ და არ გყავდეს ჰამლეტი, ანდა დადგა `მეფე ლირი~ და არ გყავდეს ლირი. ჩვენს თეატრში აღმოჩნდნენ ისეთი მსახიობები, როგორიც ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძეა. და ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.~
რობერტ სტურუას ინტერვიუდან, 1996 წელი

რობერტ სტურუასთან მუშაობის დროს შემიმჩნევია, რომ ის ფინალს თითქმის არ დგამს. დასაწყისი ძალიან რთული არის ხოლმე. დასაწყისისთვის ისეთი ძალა სჭირდება, როგორც მანქანას _ ამუშავებისთვის. თუ სპექტაკლზე მუშაობის დროს დავითვლით, დროის ორი მესამედი დასაწყისს სჭირდება. დასაწყისს თუ გასცდი, თუ აჰყევი, მერე ფინალი თავისთავად მოდის. მსახიობები თავისით თამაშობენ.~ ეს ყოველთვის მაოცებს. მინახავს, როგორ წვალობენ რეჟისორები ფინალის მოფიქრებაზე. აქ ასე გავაკეთოთ, არა, მოდი, აქ ისე გავაკეთოთ! ეს ალბათ არასწორი გააზრების შედეგია. თორემ ფინალი ცხოვრებასავითაა. როგორც სტურუამ თქვა, სწორი დასაწყისი ლოგიკურად მიგიყვანს ბოლომდეო. ასე იცხოვრებ – ასე მიგიყვანს, ისე იცხოვრებ – ისე, თუ ვინმემ შემთხვევით არ მოგკლა. თუმცა, ესეც გათვალისწინებულია. ნიჭიერი მსახიობი იმას ნიშნავს, რომ ის პიესის თანაავტორიცაა. მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს ბოლოში.~
`ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ. მახსოვს, როგორ ემზადებოდა ზაზა პაპუაშვილი მაკბეტის როლისთვის. მასში მოულოდნელად ისეთი უზარმაზარი ცვლილება შევნიშნე; არა, მაკბეტად კი არ გადაიქცა, მაგრამ თითქოს რაღაც იბრძოდა მასში. პრემიერის წინ ვუთხარი კიდეც – ხომ იცი, ხვალინდელი დღე რომ გათენდება და ამას ითამაშებ, შენ სხვა კაცი გახდები-მეთქი. კიო, – მითხრა. თუმცა ის თავის ფიქრებში იყო გართული, შეიძლება სხვა რამეც ეფიქრა. მინახავს, როგორ გარდაისახება ნიჭიერი ადამიანი.~ ეს მარტო ზაზას არ ეხება, ასეა ნანუკა ხუსკივაძეც, ლელა ალიბეგაშვილიც, ლევან ბერიკაშვილიც და სხვებიც.

ისევ თეატრი?
მახსოვს, ინსტიტუტში ვსწავლობდი. ბატონი შალვა გაწერელია იყო ჩემი ხელმძღვანელი. დამინახა, სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს რომ ვიწერდი, მომიბრუნდა და მითხრა: ეგ არ გიშველის, თუ რეპეტიცია არ გაიარე, ეგ აღარ გიშველის. მართალიც იყო, თუ შენი გასაკეთებელი თავის დროზე არ გააკეთე, მერე სულ ტყუილიღა იქნება თითზე კბენანი. მაშინვე ბავშვობისდროინდელი ანეკდოტი გამახსენდა – კაცი ქუჩაზე გადადის და ზემოთ იყურება. ინსპექტორი აფრთხილებს: მეგობარო, თუ წინ არ გაიხედე, იქ მოხვდები, სადაც იყურებიო.~ შობის მეთორმეტე ღამეს~ ვთამაშობდით. სცენაზე გასვლის წინ საგრიმიოროში სანთელი დავანთე. რაღაც პლასტიკატის ყუთზე მივამაგრე და… დამავიწყდა. საგრიმიოროში რომ დავბრუნდი, ვერაფერი დავინახე, სულ გაბუღული იყო, გაშავებული კედლები, მაგიდა. რას ვარ გადარჩენილი?! რუსთაველის თეატრი. პრემიერა. ამდენი ხალხი. ხომ დამაბრალებდნენ მერე, თეატრი გადაწვაო. თანაც ხომ არის ამაში ირონია: О, боже!.. и забыли. ჩემს თავს ვეუბნებოდი: Ну, ты дура!
ყველა კოსტიუმი გავრეცხე, მარინა კახიანის, ნანა ფაჩუაშვილის…… მინირემონტი გავაკეთე.
2001 წელი. შობის მეთორმეტე ღამე~. ტანჯვითა და წვალებით დადგმული სპექტაკლი. პრემიერა. ყველანი საშინელ სტრესში ვიყავით. რობერტ სტურუამ ჩაგვაგონა: ის, რაც უნდა გაკეთოთ, ურთულესია. თქვენ ამის გამკეთებლები არ ხართ. ეს მარტო ძლიერ დასს შეუძლია. მაგრამ მაინც უნდა გააკეთოთ და მერე _ ერთი არ გაგიკეთებიათ!..~
ყოველდღე, შინ თუ გარეთ, სამზარეულოში, აბაზანაში, ძილის წინ ტირილით ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: ჩემი ძმა სებასტიანო…~. ეტყობა, დიდხანს ითმინა მეზობელმა და ბოლოს კარზე მიუკაკუნა: თქვენგან ყოველდღე რაღაც ტირილის ხმა გამოდის და ხომ მშვიდობააო... ეს ფრაზა განსაკუთრებით არ გამომდიოდა. მერე თეატრში რომ გავიკითხე, თურმე ყველა ამ დღეში ყოფილა. გურამ საღარაძე ჰყვებოდა: მოვდივარ მანქანით და საჭესთან დაუსრულებლად ვიმეორებ: ~ჩემმა ძმისწულმა ლამის ჭკუიდან შემშალა… ჩემმა ძმისწულმა ლამის ჭკუიდან შემშალა~… გვერდითა მანქანიდან ვიღაც გაშტერებული მიყურებს, შევუკურთხე და გზა განვაგრძე: ჩემმა ძმისწულმა… ასეთ ველში მოგვაქცია, ბატონმა რობიკომ.~
ისევ შობის მეთორმეტე ღამე~. გასტროლები მოსკოვში. კვლავ საშინელი ნერვიულობა. ერთადერთი, რაზეც მსახიობები არ ნერვიულობენ, ტექსტის სისწორეა. რომც შეეშალოთ, მაინც ვერავინ გაიგებს. ფაქტობრივად იქ მივხვდით, რას ვთამაშობდით. სპექტაკლი კარგად წავიდა. მერე ჩვენს ჩასვლას ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავის გახსნა, გაბრიაძის თეატრისა და ანსამბლ რუსთავის~ გასტროლები დაემთხვა... იცით, რა ხდებოდა ქუჩებში?! მივდივართ და უცებ: Ой, актеры! Виола, Виола, грузины... (ვიოლა ჩემი გმირი იყო). პატრიოტიზმის ასეთი განცდა არასოდეს მქონია. ყველგან, სადაც მივიდოდით, ვტიროდით. მივიდოდით ერთ ბანკეტზე, სიხარულისგან ცრემლებს ვღვრიდით, მერე სხვაგან დაგვპატიჟებდნენ, იქაც ვიტირებდით. ეს იყო ქართველებისსიგიჟე~. მსგავსი სიმაყე და ბედნიერება არასოდეს განმიცდია. ეს გასტროლები განსაკუთრებით კარგად მახსენდება. ხელოვნება მართლაც ანგრევს ბარიერებს, ხელოვნებას საოცარი ძალა აქვს.~
და სიყვარულს?

საქორწინო მოგზაურობა

ხელი ხელს გადავაჭდე ისე მაგრად, რომ ტკივილისაგან ამიცახცახდა, და ჩურჩულით წარმოვთქვი:ო, სიყვარულო, სიყვარულო.~
ჯეიმს ჯოისი, `დუბლინელები~

ერთმანეთი შეუყვარდათ. შეიძლება ერთმანეთი ადრეც ჰყავდათ ნანახი. იქნებ იქ, იმ შორეულ ზღაპრულ მხარეში (ზღაპრული? ვისთვის – როგორ; აბა, ერთი ჩვენს წინაპრებსაც შევეკითხოთ) რომელიმე მოხეტიალე დერვიშის სახით მოევლინა კიდეც, ვარდების ბაღში, შაჰის კარზე ან……
მოიცა, მოიცა, რაებს მიედ-მოედები. თუმცა……
ერთხელ ლექსოს ბებიასთან ვიყავით სტუმრად. და რას ვხედავ? სუფრაზე ჩვენი გეიშას ჩაიდანი არ დევს? უცებ რაღაც მშობლიური შეგრძნება გამიჩნდა. ასე მემართება ხოლმე, როცა ჩვენნაირ ნივთებს სხვაგან ვხედავ. ვერ მოვითმინე და ვიკითხე, საიდან გაქვთ-მეთქი. - ირანიდანო.~ თურმე დიდი ხნის წინათ, სანამ ნინოს მშობლები ირანში ჩავიდოდნენ, იქ ლექსოს ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ესეც ერთი უცნაური დამთხვევა –უცებ გაგკრავს სუნი და რაღაც გახსენდება.~ ირანში არაჩვეულებრივი ჩაი იციან.
ნინო და ლექსო დაქორწინდნენ. საქორწინო მოგზაურობა. მალიორკა. ტურიზმის ცენტრი და ყველა რომანტიკული თუ არარომანტიკული შეყვარებული წყვილის საოცნებო ადგილი. არაჩვეულებრივი დასვენება, სამჯერადი კვება, შესანიშნავი გართობა, თავბრუდამხვევი წვეულებები და საღამოები და თქვენთვის სასურველი პარტნიორი – იჩქარეთ! როგორც რეკლამებშია ხოლმე. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ლამაზ ფილმებში, გარდა საქორწინო მოგზაურობის ფინალისა. მოგზაურობიდან ცალ-ცალკე დაბრუნდნენ. არა, ვერ მიმიხვდით. არანაირი ინტრიგა, სკანდალი და აურზაური. ისევ თეატრი. რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მიდიოდა. დათო იაშვილი თბილისში არ იყო, მის მაგივრად გოგა გველესიანს უნდა ეთამაშა. რეპეტიციის გარეშე ვერ ვითამაშებთო, – ნინოს აცნობეს და ისიც საქორწინო მოგზაურობიდან პირველივე რეისით ჩამოფრინდა. ჩამოფრინდა და……გია თევზაძე მეუბნება: რაღაც უნდა გითხრა და გული არ გაგისკდესო. გუმანით უკვე მივხვდი. ვიცი, ალბათ გასტროლები ჩაიშალა-მეთქი, და კიო, ჩაიშალაო. კიდევ კარგი, მთელი მოგზაურობა რომ არ ჩამეშალა.~ მეუღლე - ლექსო თოფურია. ჰყავთ ორი შვილი. ორწლინახევრის სალომე და ექვსი თვის ლუკა. ნინო, ძირითადად, ბავშვებთან ატარებს დროს. თუმცა ხანდახან ჰგონია, რომ საშინელი დედაა.როგორი დედა ვარ, ამას დრო გამოაჩენს. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეცდომებს ვუშვებ, ფაქტია, მაგრამ მთავარია ისე არ დამიბნელდეს გონება, რომ საბედისწერო შეცდომები დავუშვა. ჩემი თეორიები მაქვს. არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს მსახიობობასაც და დედობასაც. მიმაჩნია, რომ ასეთ შეთავსებას კარგი შედეგი არ მოაქვს და რა იქნება და რას ვიზამ, არ ვიცი.~
დედიკო, სიყვარული მინდა,~ – პატარა სალომე დედისკენ საალერსოდ მიიწევს.ძალიან სასაცილო გოგოა. ლაპარაკი რომ დაიწყო, მაშინ აღმოვაჩინე, რა ყოფილა შვილი. თავისი აზრები აქვს, თან როგორ წუხდება იმით, რასაც ჩვენ აღზრდას ვეძახით. თამაშობს და ვეუბნები – წამოდი, ახლა ხელები დავიბანოთ, ახლა ვჭამოთ. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა. ზოგჯერ ხომ ვამჩნევ, როგორ გამწარდება ხოლმე.~
დედა, ეს ვინ არის? – სურათისკენ იშვერს თითს. გრიმში დედას ვერ ცნობს. ერთი-ორჯერ კი ჰყავს სცენაზე ნანახი, მაგრამ მაშინ სულ ერთი ციცქნა იყო. ლუკამ ჯერ არაფერი იცის. ძალიან პატარაა. მარტო გვიცინის. უკვე ოთხი კბილი აქვს, ორი ზევით, ორიც – ქვევით.
მოკლედ, ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ახლა, მგონი, არ ღირს ამაზე ლაპარაკი. იმიტომ კი არა, რომ პოზა მაქვს ასეთი, რომ ეს ყველაფერი ძალიან პირადულია და არ მინდა, ვინმემ გაიგოს. უბრალოდ, არა მგონია, რომ ამის მოყოლა ღირდეს. ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. უკვე გვაქვს ოჯახი, გვყავს ორი შვილი. მოდით, გადავახტეთ ამ თემას. მე მგონი, გადაიტანს მკითხველი, არა? გადაიტანოს, არა უშავს...~ რას იტყვით, გადაიტანს? ბავშვების გაღვიძების დრო მოვიდა -ახლა ბავშვები გაიღვიძებენ და იქნება ერთი საგიჟეთი.~
ნინო სამზარულოში ჩაის აყენებს, სურნელოვან აღმოსავლურ ჩაის. სალომე კარზე აკაკუნებს. შემოსვლა აკრძალული აქვს – ჩვენ ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებთ!~ ეს მნიშვნელოვანი რაღაც ჩვენი ინტერვიუა. დედა, შემოვალ რა? ისევ უარი. რატომ? - განწირული ხმით კითხულობს სალომე.ცოდოა, შემოვუშვებ.~

ავტორი: თამარ სუხიშვილი

ფოტო: იური მეჩითოვი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s