ფოტომოთხრობა

სამშობლო
ზურგჩანთებაკიდებულები, სნოს ხეობით, ჯუთაში მიმავალ გზას დავადექით და კალკუჩასთან მოხევეებმა გვიმასპინძლეს. რომ გაიგეს ჭიუხებისკენ მივდიოდით, გაეღიმათ _ ჯუთაში ხევსურები დაგვხვდებიან, ხომ იცით რა ხალხია, დათვრებიან, შეგაწუხებენო…
ჯუთაში მართლაც ხევსურები დაგვხვდნენ, მშვენივრად გვიმასპინძლეს და რომ გაიგეს უკან, ისევ სნოს გავლით ვაპირებდით დაბრუნებას, გაეღიმათ _ ხევსურეთში გადადით, თორემ სნოში მოხევეები დაგხვდებიან, ხო იცით რა ხალხია, დათვრებიან, შეგაწუხებენო…
იყო გაზაფხული, მაგრამ საოცრად თბილი და საოცრად მსიამოვნებდა სამშობლოში ხეტიალი…

სიკვდილი
კატმანდუში არის უბანი, რომელსაც ბრაქტაპური ჰქვია და სადაც ჰინდუსთა რელიგიური ტრადიციისამებრ, ადამიანებს წვავენ. წვავენ მხოლოდ გარდაცვლილებს (რა თქმა უნდა), და ფერფლს წყალს ატანენ. ეს პატარა მდინარე წმინდა განგს უერთდება და ჭირისუფლები, ცეცხლის აგუზგუზებამდე, პანაშვიდისმაგვარ რიტუალს ასრულებენ. ადამიანის ფერფლად ქცევას, ყოველდღიურად ესწრებიან ტურისტები და პირველად რომ ვიგრძენი დამწვრის სუნი, შიშის, გაოგნებისა და უსუსურობისაგან, მთელ სხეულზე ხორკლებად დამსუსხა, მაგრამ მერე, საოცარი, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა _ რადგან ყოველდღე გვიწევდა ბრაქტაპურში, მდინარის პირას, გადაღებებზე გასვლა, ვიჯექი ხოლმე ჭირისუფლებში და ვწერდი. როგორც ჩანს, ადამიანი მართლა ყველაფერს ეჩვევა _ ვიჯექი, ვწერდი და ჩემს გვერდით ადამიანს წვავდნენ. და აღარ მაწუხებდა დამწვრის სუნიც…

ზღვა
ხორვატებმა ევროპის მწერალთა საერთაშორისო კონფერენცია ადრიატიკის ზღვის პატარა კუნძულზე ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ სემინარები დილიდან საღამომდე გრძელდებოდა, მაინც შემეძლო დროის გამონახვა და ზღვაში ჩასვლა. მაგრამ არ ჩავსულვარ, რადგან ჩემს ძვირფას მეუღლეს ძალიან, ძალიან უყვარს ზღვა და სოლიდარობის ნიშნად ნაპირსაც არ მივკარებივარ. სამშობლოში დაბრუნებულს, ერთი სული მქონდა როდის მოვუყვებოდი მაკას ჩემი სიყვარულისა და ერთგულების ამბავს. მაკამ მომისმინა, გაეღიმა და სრულიად მოულოდნელი დასკვნა გააკეთა _ შენ, ალბათ, ზღვა არ გიყვარსო…
როგორც ჩანს, ანტონ ჩეხოვი ცამდე მართალია _ ცოლი ცოლია…

Fellatio

ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, მთვარეზე ფეხის დადგმისას, მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ტექსტი, რომელიც ჯერ კიდევ დედამიწაზე, გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მიმართვისათვის მოუმზადეს, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა არმსტრონგის მიერ წარმოთქმული სრულიად უცნაური ფრაზა: Good luck Mr. Gorsky!
მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა ასტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას არმსტრონგი წარმატებას ასეთი შორი მანძილიდან. დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველ პრესკონფერენციაზე, ასტრონავტს, სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა თხოვეს, რის გამოც ნილ არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა _ ჯერ მისტერ გორსკი ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო. ამის შემდეგ, ყოველ ინტერვიუში ლეგენდარული ასტრონავტი დუმდა და როგორც იქნა, რამდენიმე წლის შემდეგ, (მისტერ გორსკი რომ ცოცხალი აღარ იყო), არმსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოს ფარდა ახადა:
თურმე გორსკები არმსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაში და ერთხელ თამაშისას, ბურთი რომ გორსკების ეზოში გადავარდა, პატარა არმსტრონგი ღობეზე გადაძვრა და ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან სახლის ოთახში უცნაური სცენა დაინახა _ მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე დათანხმებისაკენ უბიძგებდა (რომ გავიზარდე, მერე მივხვდიო _ არმსტრონგმა) და ცოლი კი ღიმილით პასუხობდა _ მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე რომ ფეხს დადგამსო. (ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი _ ვირი ხეზე ავაო).
პატარა არმსტრონგს იმდენად დაამახსოვრდა ჩუმად მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე დადგა თუ არა ფეხი, გაწამებული მეზობელი გაახსენდა და წარმატება უსურვა: Good luck Mr. Gorsky!

ატუ-ალაბა
რუსები ბევრნი არიან და ყველგან არიან. თუმცა არის ადგილები, სადაც ისინი იშვიათად შეგვხვდებიან და მათ შორის კატმანდუსაც ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ მაინც არიან, თუნდაც კატმანდუში.
ვზივარ გიო მგელაძესთან ერთად ღია ბარში, სადაც მხოლოდ ბობ მარლის ხმა ისმის და ორივენი ვწერთ. მოგვისხდნენ რუსები, _ ორი გოგონა (წერას რომ არავინ გაცლის, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია). ამ ორიდან ერთს სათვალეები უკეთია; როგორც ჩანს, მხედველობა არ უვარგა. ვილაყბეთ სისულელეებზე და უცებ გიომ სათვალიანს ჰკითხა:
_ У вас минус или плюс?
_ минус.
_ это ваш единственный минус.
გიოს სერიოზულზე სერიოზული სახე აქვს, მაგრამ გოგონები მაინც დგებიან და მიდიან. ჩვენ წერას ვაგრძელებთ…

ფიდელ და რაულ კასტროები
მიტინგებში მონაწილეობისა თუ მათი ორგანიზების გამოცდილება ნამდვილად მაქვს. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ, შეიძლება ითქვას, საერთაშორისო მიტინგებშიც მიმიღია მონაწილეობა და არაერთხელ. თუმცა მიტინგისგან სიამოვნება მხოლოდ ერთხელ მივიღე და ისიც შემთხვევით. შემთხვევით გადავაწყდი კუბელ ემიგრანტთა დემონსტრაციას ნიუ-იორკში, ბროდვეისა და ოცდამესამე ქუჩის კვეთაზე. დემონსტრაცია “ნიუ-იორკ თაიმსის” რედაქციის წინ მიმდინარეობდა და სიამოვნებით შევუერთდი. მომიტინგეები ხსენებული გაზეთის პოზიციით იყვნენ უკმაყოფილოები კუბასთან მიმართებაში და ფიდელ კასტროს საწინააღმდეგო სიტყვა მეც ვთქვი. რასაკვირველია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უცხოელის თანადგომა მაინც გაუხარდათ და რამდენჯერმე მგზნებარე ტაშიც შემაგებეს. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა _ როგორც ჩანს, მადლიერების გამოსახატავად მშვენიერი მომიტინგე გოგონა უკნიდან მომიახლოვდა, ზურგზე დიდი, კუბური ძუძუები მომაბჯინა, ხელები შემომხვია და კისერზე მაკოცა. კისერი, მოგეხსენებათ, ეროგენულ ზონათაგანაც კი, მკვეთრად გამოირჩევა მგრძნობიარობით და რა თქმა უნდა, ხმა ჩამიწყდა. სუნთქვაც შემიჩერდა დროებით და საერთოდ გადამავიწყდა, რას ვერჩოდი ფიდელ კასტროს…
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მიტინგისგან სიამოვნება მივიღე და ისიც ნაწილობრივ, რადგან ის კუბელი ქალი მიტინგის შემდეგ ვეღარ ვიპოვე…

ტამბოვი
ნიკიტა მიხალკოვმა თავისი გახმაურებული ფილმი “მზით გათანგულნი” თბილისშიც ჩამოიტანა და კინოს სახლში თბილისელ მაყურებელს უჩვენა. ფილმის დაწყებამდე რეჟისორი სცენაზე ავიდა და ღიმილით მიესალმა დარბაზს: “Здравствуйте дорогие соотечественники!..”
ზუსტად არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ იმწამსვე წამომცდა საპასუხო ფრაზა: “Тамбовский волк тебе соотечественник!..” მეგონა ჩემთვის ვთქვი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი და შევარდნაძის დაცვის წევრებმა ერთდროულად და გაკვირვებულებმა შემომხედეს. მეგონა, დარბაზს დამატოვებინებდნენ, მაგრამ გადავრჩი და ფილმს შევარდნაძისგან განსხვავებით, ბოლომდე ვუყურე _ ფილმი აღმოჩნდა ზუსტად ისეთი, როგორიც ამერიკული “ოსკარით” ჯილდოვდება.

თავისუფლება ტიბეტს
ვლადიმერ ვისოცკი, ლეგენდარული რუსი პოეტი, მსახიობი, მუსიკოსი და შემსრულებელი, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, პირდაპირ სცენაზე მოკვდა. პირდაპირ გულში გაუკეთეს ნემსი და გადარჩა. გადარჩა და სმა გააგრძელა. ვისოცკის ცოლმა, მარინა ვლადიმ იგი პარიზში ჩაიყვანა და ერთ-ერთ ტიბეტელ ლამას, იმ დროს საფრანგეთში ლექციების წასაკითხად მიწვეულს, აუდიენცია სთხოვა. ნება მისცეს მხოლოდ ერთი შეკითხვისა და ვისოცკიმ პირდაპირ ჰკითხა, როგორ ეთქვა უარი სასმელზე. ტიბეტელმა ლამამ ასეთი ამბავი მოყვა: ტიბეტელ ბერს მთაში დააღამდა და ღამის გასათევად იმ ქოხს მიადგა, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. ქოხში ქალი დახვდა ბერს და ლოგინზე უარი არ უთქვამს, ოღონდ სამი სურვილიდან ერთი მაინც უნდა შემისრულოო _ ან ეს თხა დაკალი, ან დოქით ღვინო დალიე, ან ჩემთან დაწექიო. ტიბეტელი ბუდისტი იყო და, ბუნებრივია, თხას ვერ დაკლავდა… ტიბეტელი ბერი იყო და, ბუნებრივია, ქალთან ვერ დაწვებოდა, ამიტომაც მან ღვინო დალია. დალია ღვინო, თხაც დაკლა და ის ქალიც მოტყნა…

ვისოცკი გაოგნდა _ ზუსტად ოთხი თვე საერთოდ არ გაჰკარებია სასმელს, მაგრამ მერე, მაინც მოკვდა…

ავტორი: დათო ტურაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s