ჩემი ქალაქი

ავტორი: სოფიო კირვალიძე

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ერთ დროს ტფილისი კავკასის რომი ყოფილა, ყველა გზა მის აღმოსავლური ხალიჩებით მორთულ, ერთკაციან ქუჩაბანდებში შემობოდიალდებოდა, სადაც სამი მუშკეტერის აღტაცებული ავტორის თქმით, დილის მეეზოვეები სულ ცინცხალ ევროპულ არიებს ღიღინებდნენ, შინაურულად, თბილად. ქალაქის სახელწოდებაც, ეტიმოლოგიის გარდა, ალბათ სურვილით იყო ნაკარნახევი _ თბილისი.
სითბოს კრატერი ჭრელ აბანოებში თუხთუხებს. ლეგენდაც ხომ ამ ადგილიდან იწყება. თბილ, ნესტიან კედლებში ეპოქა უცვლელია, მდუღარე გოგირდის წყალში, ზეწარშემოხვეულ, სიამოვნებისაგან მოკრუტუნე დედიშობილა ხალხს მექისე ელჩინა ფარდაგიანი ქისით სიქას აძრობს. მისი წინაპარიც ასე ხეხავდა ერეკლეს, საათნავას, ალექსანდრე დიუმას, ტოლსტოის და ვის აღარ _ მეფეს, პოეტს, ყარაჩოღელს, დღეს კი პრეზიდენტს, პრემიერს, უბრალო კომპიუტერის პროგრამისტს, სტუმარს და მასპინძელს. საღოლ, _ გულთბილად ამბობს მენეჯერი გულო და ყველას თავის წილ სითბოს თან ატანს, მაგრამ უაზროდ გაზრდილი ქალაქის ახალ უსახურ უბნებს ეს თერმული ენერგია აღარ ჰყოფნის…

მამუკა ხერხეულიძე

დავით ჯავახიშვილი

მწერალი

ორბელიანების ბაღი. პატარა როცა ვიყავი, ყველაზე დიდ ვაჟკაცობად ის მიმაჩნდა, თუ ბაღს ღამე სირბილით დავარტყამდი წრეს.
ახლა ეს ბაღი პატარა კუნძულიღაა, ალბათ ბოლოს ვიღაც იყიდის და შიგ რესტორანს ჩადგამს…

ინგრიდ დეხრავე

ნიდერლანდური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი

მაშინ, როცა თბილისი ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე და ეს ქალაქი აღარ მიყვარს, ზემოთ ავდივარ, მთაწმინდაზე. იქიდან თბილისის სიყვარულს კვლავ ვგრძნობ. ეს ამფითეატრი, მიტოვებული და უკაცრიელი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილია. ლექსივითაა: იწყება, სრულდება, მაგრამ არასოდეს მთავრდება. აქ წარმოდგენა არასოდეს წყდება, მოქმედი გმირები _ დრო და ადგილი არიან.

გოგი გვახარია
კინომცოდნე

ყველაზე მეტად თბილისში აეროპორტი და გერმანიის საელჩო მიყვარს _ დასტური იმისა, რომ სადღაც მივდივარ. ჩემი აივნიდან კი მდინარეს გადავცქერი ხოლმე და ვფიქრობ, რომ მტკვრის სანაპირო თემზის სანაპიროს ჰგავს.

ნესტან ნიჟარაძე

ფოტოგრაფი

გიორგი წერეთლის ქუჩა, რვა ნომერი. ეს ეზო შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა რეპორტაჟისთვის ქალაქში დავდიოდი. ტიპიური თბილისური ეზოა. ირგვლივ ყველაფერი დაინგრა, ჩემთვის კი იქ დარჩა თბილისი და თბილისური ყოფა, სადაც ადამიანებს ერთად ცხოვრების სიხარული არა აქვთ დაკარგული.

გიო მგელაძე

რეჟისორი

ჩემი თბილისი გუდიაშვილის სახლთანაა, კეცხოველზე: იქ გავატარე შვიდი წელი, იქ რემკა ფილმს იღებდა და თეონაც იქ გავიცანი.

თორნიკე აბულაძე

არქიტექტორი

უბრალოდ, მომწონს შარდენი. ეს ის ადგილია, სადაც სეირნობა მიყვარს და თან, ბევრ ნაცნობ სახეებსაც ვხვდები.

დავით მაღრაძე

პოეტი

ქუჩის საატი

მაჯისცემის სვეტი ზემელის

ქარს გაატანეს თავკაცებმა,

მათ დედ-მამას ხომ იმ საათთან,

პაემანი არა ჰქონია.

დათო მაღრაძე

ლიკა ნადარაია

სოციოლოგი

ჩემი ქალაქი ჩემი სახლია.

გელა კუპრაშვილი

ვიზიონერი

ჩემი საყვარელი ადგილი აეროპორტის გზაა იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან თბილისიდან გამგზავრება და მერე თბილისში დაბრუნება მიყვარს.

გიო სუმბაძე

მულტიმედია არტისტი

ქალაქში, სადაც ბავშობაში „ტარტალეტკებსა“ და ფერადი კუბიკებით თამაშს მოკლებული არქიტექტორები დაგვიანებით იხდენენ ოცნებებს, მიწევს დანახული შენობების დეფრაგმენტაცია, რამაც განაპრობა ჩემში მწერის კალეიდოსკოპური თვალის ჩამოყალიბება. booyakasha. respect all insects in da house.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s