არ ვიკეტები, პირიქით, კარს ვხსნი

„ადამიანი თავის სახლშიც კი იკითხავს ხოლმე ხანდახან,

  • საიდან ვარ და აქ რად ვარო?
    ნუთუ ასე შორი მგზავრია!“

ბესიკ ხარანაული, „რა წერია სუფთა ქაღალდზე“

ლეგენდა

სოლომონ მეორის მეფობის დროს ქართლში ვინმე გიორგის უცხოვრია. ვაჟკაცი კაცი ყოფილა, უბადლო მეომარი, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული – ფრინველთა და ცხოველთა ენა სცოდნია. ერთხელ, დიდთოვლობისა და ზვავის დროს, მთაში ჩარჩენილა. ბედად თავი გამოქვაბულისათვის შეუფარებია. იქ მგლის ლეკვს წაწყდომია. ის ლეკვი მიუხუტებია, გამთბარა და ასე გადარჩენილა. მერე, თოვლი რომ გადაყრილა, ის ლეკვი ბარში ჩამოუყვანია და ბედია~ დაურქმევია. ამის მერე ლეკვი გიორგის აღარ მოშორებია. ისე შეეზარდა, რომ ბრძოლებშიც კი თან დაჰყვებოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში გიორგი მოუკლავთ. როგორც ლეგენდა გვიამბობს, ქვეშევრდომი მეფეს გადაჰფარებია და თავისი სიცოცხლის ფასად გადაურჩენია. სამწუხაროდ, ქართველები დამარცხებულან. ბრძოლა რომ დამთავრებულა, გასულა ბედია ბრძოლის ველზე და პატრონი შეუჭამია. ლეგენდას ორგვარი ახსნა აქვს. მგელი ასე იმიტომ მოიქცა, მოკლულის ცხედარი მტერს რომ არ დარჩენოდა, ან იქნებ რაღაც ინიციაციის რიტუალი განხორციელდა… ამ ერთგულების სანაცვლოდ, მეფეს გიორგის ვაჟისთვის, დავითისთვის ტახტის აზნაურის წოდება მიუნიჭებია. გიორგის შთამომავლებს კი გოგიბედაშვილის გვარი მიუღიათ. ეს გვარი 1612 წლის ისტორიულ საბუთებშია მოხსენიებული, ლუარსაბ მეორის დროს. გოგიბედაშვილების ოჯახში დღესაც ინახება საგვარეულო გერბი, რომელზეც მგელია გამოსახული. მგელს ხელთ უპყრია გასაღები. ამის ფონზე ამოტვიფრულია ოთხფეროვანი სიმბოლო, ოთხი ძვირფასი თვალი: ალმასი, საფირონი, ზურმუხტი და იაგუნდი - გამჭვირვალე, ლურჯი, მწვანე და წითელი, ოთხი სტიქიის - ჰაერის, წყლის, მიწისა და ცეცხლის ნიშანი. მგელი ამ ოთხი საიდუმლოს მპყრობელად გვევლინება. მგლის თავზე გამოსახულია ხანდაკი ანუ საფორტიფიკაციო თხრილი, ეს არის კასპის რაიონის სოფელი ხანდაკი, საიდანაც, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, გოგიბედაშვილების გვარი იღებს სათავეს. დავით-დეფი გოგიბედაშვილი. მწერალი, მულტიმედიაარტისტი. პროფესიული გამოცდილება: სამი ტელეგადაცემა. სამი რომანი (დეკემბრის თილისმა~, დილა სასწაულების წინ~,ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს~). ესეების ორი კრებული (P.შ.~,მკვდარი დრო~). რომანი ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს~ უახლოეს ხანებში ავსტრიაში გამოიცემა, გერმანულ ენაზე – ”Fინდე Mიცჰ Mეინ ძწილლინგსბრუდერ”. ოჯახური მდგომარეობა: სამი ექს-მეუღლე. ორი შვილი. ატრიბუტები: ესპანური ულვაში, ჩიბუხი, შლაპა ან ბერეტი. უყვარს ბეთჰოვენი. დღეში რამდენჯერმე უსმენს Pინკ Fლოყდ-ს და სვამს შაკიკის წამალს. კითხულობს ძალიან ბევრს. #1 რომანი - ჰერმან მელვილისმობი დიკი~.
საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები: დონ კიხოტი, დ’არტანიანი, ფოლკნერის, დიკენსის გმირები, დონ დიეგო გურამ დოჩანაშვილის `სამოსელი პირველიდან~, და კიდევ ბლომად.
გარეგნული ნიშნები: მაღალი. ექსცენტრული.
უყვარს საკუთარი თავის ხმამაღალი შეფასებები: ~როგორ სლოგანებს ვისვრი? Да, я чертовски хороший оратор!..”

დავითი პაპის სახელია. სახელი დეფი საიდან მოვიდა, არავის ახსოვს. ჯერ კიდევ პატარაობაში ეძახდნენ, შინაც და გარეთაც. მაშინ ორი სახელის დარქმევა არ შეიძლებოდა. მერე, როცა დრო შეიცვალა, პასპორტშიც ორი სახელი ჩაიწერა: დავით-დეფი. ეს სახელი, გინდათ ფსევდონიმი დაარქვით, ჩემი ნიშანია. ამ სახელის ენერგიას ვგრძნობ. კეთილშობილური ჟღერადობა აქვს. შუმერულ ძირს უკავშირდება –დეფსერ~, `დუფსერ~, დამწერლობას ნიშნავს. თანაც, ადვილი დასამახსოვრებელია. ბოლოს და ბოლოს, მარტო მე მქვია მთელ საქართველოში და, მგონი, მთელს დედამიწაზეც.~
ამ ადვილად დასამახსოვრებელი სახელით გამოჩნდა ტელევიზიაშიც.

ტელევიზია

ტელევიზიაში მუშაობა სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე დაიწყო, თავიდან სცენარისტად. მერე მეორე არხი გაიხსნა, რომლის გახსნაც იმ დროისათვის ერთგვარი რევოლუცია იყო ქართულ მედიაში. მეორე არხზე 1992 წელს საავტორო პროგრამა მზერა~ გაჩნდა. გადაცემის წამყვანმა მაშინვე მიიქცია ყურადღება, გარეგნობითაც და საუბრის მანერითაც. და როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, მაშინვე გაჩნდა ჭორები, ვინ არის დავით-დეფი გოგიბედაშვილი? რა საჭიროა ეს ორი სათაური? რა არის ეს, პოზა თუ… მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. ასე გაიცნეს დეფი.მაშინ მედია არ იყო ჩამოყალიბებული, ქაოტური იყო, მაგრამ უფრო ნამდვილი და გულწრფელი. დღეს ყალბია. რატომღაც ასე მოხდა, მედიაში ფული ჩაიდო და ის გულწრფელობაც დაიკარგა…~
მზერამ~ სამ წელიწადს იარსება. ეთერში კვირაში ერთხელ გადიოდა. 700-ზე მეტი გადაცემა გააკეთეს სხვადასხვა თემაზე. სამონტაჟოებში გამოკეტვები და უკვე ჩვევადქცეული სტუდიაში გამოძინებები წესად ექცა. ამით არ დამთავრებულა. რადიო - პირველი არხი დააუდიენცია~. გადაცემა მარწყვის მინდვრები~. 1998 წელს პირველი არხის ეთერში, ყველასათვის მოულოდნელად, კიდევ ერთი ახალი გადაცემა გამოჩნდა, სახელმწიფო სატელევიზიო ფორმატისათვის სრულიად შეუფერებელი შინაარსითა და ფორმით: სახელმწიფო ტელევიზია და მისტიკის ელემენტები. რეალური წამყვანი და ირეალური, მაგრამ, იმავდროულად, რეალური რესპონდენტი. ნახევრად ჩაბნელებული სტუდია. ფარდის მიღმა – ადამიანის კომპლექსები.ღია კარის ღამე~.
მერე იყო გადაცემა გმირი~. ორკაციანი თოქშოუ. მსახიობი და წამყვანი. მსახიობი წიგნის გმირს განასახიერებს. ამ პროექტით მოსკოვშიც დაინტერესდნენ. არხმაკულტურამ~ გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი გადაცემა რუსი წამყვანებით და რუსული ლიტერატურის გმირებით მოემზადებინა. გადაცემის ავტორი მოსკოვში მიიწვიეს. დეფიმ მათთვის რამდენიმე სცენარი დაწერა. პროექტი არ განხორციელდა. სწორედ იმ დროს ნორდ-ოსტის ტერაქტი მოხდა.
საქართველოს ტელევიზიაში სულ ექვსი გადაცემა გააკეთა. ეს იყო 1999-2000 წლებში. ტექსტები წიგნადაც გამოიცა. წიგნს `პოსტსკრიპტუმი~ ჰქვია.

დეფის სამი სიყვარული

ჰყავდა ბევრი მიჯნური, სამი მეუღლე.… არა, უკაცრავად, თავიდან დავიწყებ, ღია კარის ღამის~ მეთოდის გამოყენებით. ჟურნალისტი უსმენს. რესპონდენტი ჰყვება. მყავდა ბევრი მიჯნური, სამი მეუღლე, სამივეზე უზომოდ შეყვარებული ვიყავი და ვარ. მყავს ორი შვილი ყოფილი ორი მეუღლისგან – 10 წლის გეგა და 7 წლის ანდრია. თავს ვერ ვაიძულებ, ისეთი რამ ვთქვა, რასაც არ განვიცდი. ვფიქრობ, თუკი ვიღაცა გყვარებია, ის ყოველთვის გეყვარება. სიყვარული ჰაერივითაა; ის ყოველთვის გჭირდება.
პირველი მეუღლე _ ნათია აკადემიაში სწავლის დროს გაიცნო. ნათია მოდელირების ფაკულტეტზე სწავლობდა. მაგარი ურთიერთობა იყო. ისე, საკმაოდ გვიან შევამჩნიე, რომ ჩემს გარშემო ქალებიც არსებობენ… ვცხოვრობდი საკმაოდ უცნაურად, სადღაც გავარდნილი, ხან სოფლად, ხან მონასტერში, მთებში, ზღვებზე, უცხო ქალაქებში დავეხეტებოდი, ვხატავდი… ქალების ყურადღების მისაქცევად, დრო არ მრჩებოდა. 21 წლის ასაკში, ჩემი პირველი ქალი ჩემი ცოლი იყო, ჩვენ ერთმანეთისთვის პირველები ვიყავით. დიდხანს დავდიოდით ერთად, ბევრი რაღაც ვნახეთ, ბევრი რამ ავწონ-დავწონეთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ, რათა ეს პირველადობა არ დავკარგოთ. გაგვიჩნდა ბიჭი – გეგა…~ მერე მათ ცხოვრებაში უცნაური რამ მოხდა, ცოლისა და ქმრის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. როცა მიხვდნენ, რომ სულ ტყუილად ტანჯავდნენ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც, საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს:გაშორება ვარჩიეთ იმიტომ, რომ ის გულწრფელობა არ დაგვეკარგა, რის გამოც შევერთდით. ჩვენ ერთმანეთი შევიცანით; დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ეს იყო უდიდესი სიყვარული, რომელიც დღესაც ჩემთან არის და, რა თქმა უნდა, ნათიასთანაც.~
ნათია საქართველოში აღარ ცხოვრობს. ტელეფონით ეხმიანებიან ხოლმე ერთმანეთს. გეგა თბილისშია.
ქეთისთან ურთიერთობაც დიდი სიყვარულით დაიწყო. ყველაფერი თავიდან დავიწყე. მე ცხოვრება მინდოდა. თან ისიც მინდოდა გამეგო, სწორია, რასაც ვაკეთებ, თუ ახირებაა, ატეხილობაა? წავედი ამ რისკზე. უბრალოდ, ვენდე ჩემს არჩევანს და ქეთიც ენდო ჩემს არჩევანს.~ დაქორწინდნენ. ანდრია შეეძინათ. მაგრამ… მაგრამ~ და უნდა~ – ეს ორი სიტყვა ებრძვის სიყვარულს. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ სიყვარული უზენაეს კანონად იქნეს მიჩნეული. ეს სიტყვები მაჰათმა განდის ეკუთვნის.~ ისევ იგივე განმეორდა. მაგრამ გამეორება ცოდნის დედად ვერ იქცა. დეფი ისევ დეფივით იქცეოდა.ისევ საათობით გამოკეტილი ვიჯექი ოთახში, ვკითხულობდი, ვწერდი, ან უბრალოდ, ოთახში გავდი-გამოვდიოდი, ეგება და რამე ახალ იდეას გამოვდო-მეთქი ტვინი.~ ოჯახისთვის ეს უკვე აუტანელი ხდებოდა – აღარც გართობა, აღარც არაფერი…
მესმის, რომ აუტანელია. როცა ჯერ ოთახში და მერე თავის თავში ჩაკეტილი კაცი ავსებს თაბახის ფურცლებს, ზოგს ხევს, ზოგს – არა. მერე გადის ღამის სამ საათზე ქუჩაში და იკარგება, მერე დილას მშვიდად ბრუნდება შინ. ყველას ჰგონია, რომ ღამის ბარში ან სადმე ეგეთ ადგილას იყო გადაკარგული ახალი შეგრძნების საძიებლად. ეს უკვე ოჯახისთვის მეტისმეტია, ეს უკვე სიგიჟის ერთ-ერთი ფორმაა… ამ შემთხვევაშიც მშვიდად და ადამიანურად გამიგეს.~ პრინციპში, უკვე დაშორებულებიც იყვნენ.იცით, როგორ არის? ორი ნაპირია. მე ერთი კუნძული ვარ, ის – მეორე. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ კუნძულები მაინცდამაინც ერთმანეთს დავაჯახოთ. არ არის ასე. გემი უნდა გქონდეს, შეცურდე, მერე შენ შენს ნაპირზე გახვალ, ის _ თავის ნაპირზე… არ გამოდის, ეტყობა, ურთიერთობები ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს, ან გააჩნია, რისი გჯერა, რას ირჩევ.~
დღესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ისიც ნორმალური მგონია, როცა თავს აიძულებ, რათა ხელახლა არ დაიწყო რომანი ერთსა და იმავე ქალთან, როდესაც იცი, რომ ისევ იმ შეცდომით დამთავრდება, რაც თავის დროზე ვერ გამოასწორე.~ შეცდომა ყველას მოსდის. მერე, როდესაც შეცდომას უშვებ, ხშირად იმასაც ფიქრობ, იყო კი ეს შეცდომა? რას ვიზამ. მინდა, რომ მუდამ შეყვარებული ვიყო, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიურპრიზი იყოს სიყვარული, თავისი სექსით და თავისი კექსით.~
მესამე მეუღლესაც ქეთი ჰქვია. ისევ იგივე განმეორდა.
მის სახლში ყოფილი მეუღლეები დროდადრო ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე. პრობლემა არ არის. მთავარი ის არის, რომ ამ ქალებმა იციან, მე ისინი მართლა მიყვარდა და მათ ზურგსუკან რაიმე ცუდი არ ჩამიდენია. სიყვარული გამოცდილებაა და გამოცდილება კი ცოდვა არ არის.~ და ოჯახი რაღაა? ისე, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ჩვენი რესპონდენტი ამ საკითხში ძალიანაც კომპეტენტური ვერ იქნება. ოჯახი რა არის? შეიძლება დავფიქრდე?
პირველ რიგში, ეს არის ახდენილი ნატვრა, შეიძლება მიჩვევაც, იქნებ, სულაც, ეს არის შენი დანიშნულება. არა, ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა. კაცს ოჯახის რჩენა უნდა შეეძლოს. მატერიალური სირთულეების და ამ სირთულეებით გამოწვეული კომპლექსების მიღმა, ოჯახის ჭეშმარიტება თითქოს სადღაც არის მიკარგული. ოჯახში ერთმანეთს არავინ არ უნდა უყურებდეს, ყველა ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდეს. მაშინ იქნება ეს ოჯახი.
შვილი – ეს წარმოუდგენელი სასწაულია. თითქოს ყველაფერი შენში მიუღწეველი არის ამ შვილში, შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ, თითქოს შენ არც გეკუთვნიან, მაგრამ მაინც ხედავ, რომ შენ ხარ, ოღონდ ოდნავ უკეთესი, ან ისეთი, როგორიც ადრე გინდოდა, რომ ყოფილიყავი. შვილი ალბათ შენი საქციელია, შენი მისწრაფება, ნატვრა, შენი ხორცშესხმული ბედნიერება, რომელიც შენზე დიდხანს უნდა არსებობდეს.
ალბათ ცუდი მამა ვარ, იმიტომ, რომ იმდენ დროს არ ვუთმობ ჩემს შვილებს, რამდენიც საჭიროა. თუმცა ეს არავინ იცის. შეიძლება რაც ხდება, ეს ყველაფერი კანონზომიერია. მე ცალკე ვცხოვრობ, ბავშვები თავიანთი დედების ოჯახებში არიან.

მშობლები
შვილი: ახლა სწორედ თქვენზე ვსაუბრობდი.
დედა: ჰო, კარგი, ბევრს ნუ ისაუბრებ, დათო.
დედა როენა ზაქარეიშვილი გერმანისტია. დედამ შემაყვარა გერმანული ლიტერატურა, თომას მანი, ჰესე, გოეთე...…ერთი წლის წინ, ქმარი დაკარგა, მამაჩემი. ახლა ძალიან ძნელია მისთვის, თან ჩემნაირ შვილთან ერთად...~ მამა გოგი გოგიბედაშვილი ფიზიკოსი იყო. შარშან გარდაიცვალა. დიდი ხნის წინ, მამის ნათქვამი ერთი ფრაზა განსაკუთრებით ჩარჩა მეხსიერებაში: ადამიანს ზემოდან მაშინ უნდა დახედო, როცა მისი ფეხზე წამოყენება გინდაო.გარდაცვალების წინა დღესაც იგივე გამიმეორა. ყალბი პათეტიკით ან ჭკუის სწავლებისთვის არ უთქვამს. უბრალოდ, რაღაცას მოაყოლა. მერე მივხვდი, რომ მისი ნათქვამი თურმე ძალიან ძვირფასი ყოფილა ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გოგის გარშემო ცხოვრობდნენ.~
ოჯახში ხშირად იყრიდნენ ხოლმე თავს მამის მეგობრები: გურამ დოჩანაშვილი, ბესიკ ხარანაული, ზურაბ კალანდაძე, გურამ ხომერიკი… მამასთან თვითონაც ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. გოგი მაგარი კაცი იყო. რბილი ადამიანი არ ყოფილა. ყველაზე მეტად ახლა მჭირდებოდა მამაჩემი. დიდ სიმარტოვეს ვგრძნობ. ამ ბეჭედზე, რომელსაც არ ვიშორებ ხელიდან, ერთადერთი სიტყვაა ამოტვიფრული, მამა. სხვათა შორის, პირველი სიტყვაც მამა მითქვამს.~ მახსოვს, დიდი ხნის წინათ იყო, შეყვარებული ვიყავი. მამას ვუთხარი, ასე და ასეა და რა ვქნა-მეთქი. რა უნდა ქნაო, – ხარ მზად, რომ გმირობა ჩაიდინოო. კი-მეთქი. მზად ხარ მერე, პასუხი აგო შენს გმირობაზეო? მეთქი – კი. მერე მიდი, რაღას უყურებო. და გამიშვა სახლიდან. ოღონდ იცოდე, როდესაც საჭიროდ ჩათვლი, რომ შინ უნდა დაბრუნდე, მოხვალ შინ და მოხვალ ჩემთანო. ეგრეც იყო, ბევრი წოწიალის მერე, დავბრუნდი და რომ შემოვედი, ჩავეხუტე. თავზე დამადო ხელი. მაშინ ვიგრძენი, რომ აი, ეს სითბო თურმე ამდენი ხნის განმავლობაში არ გამშორებია. მივხვდი, რომ რაღაც აბსოლუტური მფარველობა არსებობს მთელ დედამიწაზე და ამ მფარველობას მამა ჰქვია.~
რაკი ერთხელ გაუშვა მამამ სახლიდან, წავიდა და წავიდა… სად არ იყო, სად არა.
შეხვედრა ოთარ იოსელიანთან

ოთარ იოსელიანთან პირველი შეხვედრა ორი რეჟისორის, ჟანა სარდლიშვილისა და მარინე კულუმბეგაშვილის წყალობით მოხდა. მათ ოთარ იოსელიანს დეფის ორი მოთხრობა და ერთი გადაცემის ჩანაწერი გადასცეს. ამის მერე რეჟისორმა დავით-დეფი გოგიბედაშვილი როლზე აიყვანა.
თავი სიზმარში მეგონა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ოთარ იოსელიანის მსოფლიო კინემატოგრაფში აღმოვჩნდებოდი, იმ დროს, როდესაც მასზე პარიზში ისე ლოცულობენ, როგორც ფრანგული და ევროპული კინოს გადამრჩენზე.~ ოთარ იოსელიანი თბილისში ჩამოვიდა. მაშინ დეფი ჯერ კიდევ მეორე არხზე მუშაობდა. საუბარი საათნახევარს გაგრძელდა. რეჟისორს გარეთ უამრავი ხალხი ელოდებოდა - ქართველები, უცხოელები, ჟურნალისტთა მთელი არმია…ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ჩემს გვერდით ოთარ იოსელიანი იჯდა. ვზივარ გაკვირვებული, რატომ ხარჯავს ჩემზე ამდენ დროს. კი, გაგებული მაქვს, რომ რაღაც როლი უნდა ვითამაშო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ასე სერიოზულად არის, მგონია, რომ უბრალოდ რიგითი გასინჯვაა და სხვა არაფერი. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მითხრა: ”Да, золотце мое, ну ты у нас взлетел…”

პეტერბურგი. პარიზი. გადაღებები დაიწყო.

ყაჩაღები. თავი მეშვიდე~. შილერისყაჩაღებში~ არ აგერიოთ. რეჟისორი ოთარ იოსელიანი. ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც დაანგრიეს ქვეყანა, ასეთები ყოველთვის ანგრევდნენ. ისტორიული პრიზმა: შუა საუკუნეები, ენკავედე~, რევოლუცია, საბჭოეთი, საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალება... გმირები სამ ეპოქაში ცხოვრობენ. მსახიობი სამ გმირს განასახიერებს.თავიდან კომედიად იყო ჩაფიქრებული. სიცილს უნდა დაეფიქრებინა ადამიანი. მაგრამ თემა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა მაყურებლისთვის, რომ მას გაცინების სურვილი არ დაუფლებია. მაყურებელმა საკუთარი თავი იცნო, იგრძნო და შეაფასა რეჟისორის ოსტატობის ფილიგრანული მანერა, სათქმელის აღწერის უზუსტესი ხერხები, რაც ლიტერატურაში ფოლკნერთან შეიმჩნევა. დაინახა, როგორ არის გადაბმული ერთი ადამიანის ბედი მეორის ბედზე, მეორის – მესამეზე, სანამ არ მივხვდებით, რომ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, სახელად კაცობრიობა.~

როლი? – `ძირითადად ნაძირლებს განვასახიერებ.~

1. ენკავედეს~ ოფიცერი, რომელიც თავის შვილს ასწავლის კაცისკვლას სადისტური მეთოდებით.

ამან ისე შემარყია, რომ კარგა ხანს გონზე ვერ მოვედი, სანამ ოთარმა თვითონ არ შემიყვანა გმირის სამყაროში და მითხრა: აი, თუ გინდა, რომ ჭეშმარიტება დაინახო, ასე უნდა გარდაისახო შენს გმირში. აი, მაშინ კი დავინახე, თუ როგორ დრაკონთან მაქვს საქმე, რომელმაც ჩემზე ექსპერიმენტი ჩაატარა, ანუ რადიკალურად სხვა პიროვნებად გარდამქმნა და ეს როლი განმასახიერებინა იმ უტყუარობით, რა უტყუარობასაც თვითონ ითხოვდა ჩემგან. წამიყვანა პეტერბურგში, შემიყვანა ოთახში, დამიდგა ერთი ბოთლი არაყი, იქით ცოტა თევზი, ცოტა სიგარეტი და მითხრა: ”Никаких женщин, никаких мечтании, никаких ночных прогулок и никакого Достоевского” (მაშინ დოსტოევსკიზევიჯექი~; პრინციპში, ახლაც ვზივარ~ და სხვასაც ამას ვურჩევდი); უნდა იგრძნო სიმწარე, უნდა გაბოროტდე ადამიანებზე, დაიწყე შურისგება, გახდი ანგარებიანი, გახდი ამპარტავანი, მრისხანე, უნამუსო, მდაბიო, დაეცი, რაც შეიძლება ძირს, ჩადი საკუთარ ჯოჯოხეთში, შენი სულის ყველაზე ბნელ, მყრალ სიღრმეში, ჩადი, არ შეგეშინდეს, მე გვერდით გყავარ.~ ოთარი არის სტალკერი~ ამ შემთხვევაში, ის გვერდით მოგყვება და ზუსტად იცის, როგორ გაგატაროს იმ ბილიკებზე, სადაც ერთი ფეხი რომ დაგიცდეს, შეიძლება საკუთარი თავიდან ვეღარც გამოხვიდე.~ როდესაც საკუთარ თავში აღმოაჩინა, რომ ის შეიძლება ყველაზე ბინძური ადამიანიც კი იყოს და თანაც საკუთარი უხამსობა საქვეყნოდ უნდა ითამაშოს, სერიოზულად შეშფოთდა. ვუთხარი: ”Дядя Отар, დოსტოევსკი კი, но в меру. ამდენს ვეღარ გავქაჩავ, გამიშვით ერმიტაჟში.~
როდესაც გადაღებები დამთავრდა, ოთარ იოსელიანმა თვითონ წაიყვანა ერმიტაჟში, იქ ერთი ნაცნობი ჰყავდა და იმას ჩააბარა: ”Помогите этому молодому человеку, выкарабкаться из моей картины.”

როლი #2: მათხოვარი.
`ეს როლი პრინციპში ნაკლებად ემოციური იყო. შეგუება არც დამჭირვებია. ვთვლი კიდეც თავს მთხოვრად, რადგანაც ყოველთვის ვითხოვ ზეცისგან, მომცეს დაუნებებლობის ნიჭი. ამით უკვე ძალიან ბევრს ვითხოვ.~

როლი #3: მეფის რაინდი, ვეზირი (მე-14 საუკუნე).
რეჟისორი: იცოდე, შენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოამჟღავნო.
მსახიობი: როგორ? ამის წინ ნაძირალა ვითამაშე და…
რეჟისორი: მიდი, გამოგდის. თუ გინდა, რომ გახდე მწერალი, უნდა შეძლო გმირიდან გმირში გადახტომა, როგორც…
ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე გრანპრი აიღო.

2000 წელი. `27 დაკარგული კოცნა~.

რეჟისორი ნანა ჯორჯაძე. გადაღებები საბერძნეთში. გადასარევია - ფულს გიხდიან, სასტუმროში ცხოვრობ, რასაც გინდა აკეთებ, ყველაფერი გეპატიება, გიჟი ხარ, გადარეული. ამ ფილმშიც გადარეული დაფსიხი~ სამხედრო ლეიტენანტი ვითამაშე.~
ექვსი თვე საბერძნეთში – ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. გარემო, რომელსაც მხოლოდ წიგნებით იცნობდა. სადაც მტვერშიც კი იგრძნობა წარსულის აჩრდილთა და ექოს ვიბრაცია.~ ამის შემდეგ შესძულდა ფილმებში დაფიქსირებული ძველი ელინური სამყაროს ბუტაფორია. ორი თვე კუნძულ კორფუზე ცხოვრობდა. დღემდე ლამაზი სიზმარივით ახსოვს. სასტუმროს ბაღი, ბაღში ფარშევანგები, თოლიები. მტრედები, რომლებიც ადამიანებს არ უფრთხიან.მარკესის გმირივით ხარ, ერთ-ერთი ბუენდია.~
ბერძნული შთაბეჭდილებები გროვდებოდა. და როდესაც იონიის ზღვის სანაპიროზე დაეხეტებოდა ან გზააბნეული სადმე ნანგრევებში ათევდა ღამეს, სულ რაღაცას ხატავდა ან ინიშნავდა.
ნახატებზე ვერაფერს გეტყვით, ნაწერი კი რომანად იქცა – `დილა სასწაულების წინ~.

ზმანება?!

ამ ქვეყანას ერთი უცნაურობა სჭირს. თითქოს ყველა საუკუნე ერთ საუკუნეში მოექცა. თუ შეყვარებული ხარ, თითქოს გრძნობ, რომ ვისაც შენამდე უყვარდა, ყველა და ყველას ენერგია შენშია. შეყვარებული ალბათ ვიყავი, რადგანაც ასეთი ემოცია მაქვს საბერძნეთთან დაკავშირებით. როგორ არა, შეყვარებული ვიქნებოდი, სხვა გამოსავალი არ მექნებოდა, იყო საბერძნეთში და არ იყო შეყვარებული? ეს დროის ფუჭად ხარჯვას ემგვანებოდა. მით უმეტეს, ეს ქვეყანა თვითონ გიწყობს ხელს. სიყვარულს რომც არ ელოდებოდე, ის მაინც გეწვევა. იქ ყველა თვალებში გიყურებს. უცნაურია, მაგრამ ასეა.~ ის ბერძენი ქალი ელინური ფრესკიდან გადმოსულს ჰგავდა. გრძელი ოქროს თმებით, თეთრი დაშვებული კაბით თუ ქიტონით, ფეხშიშველი, სანდლებით. მოდიოდა ცხელ ქვაფენილზე და მიყურებდა, თან თითქოს ვერც მხედავდა, თითქოს არც ვარსებობდი. ახლა თუ არ გავიწიე, დამეჯახება, – ვიფიქრე, – მაგრამ იქნებ გაიაროს ჩემში, იქნებ ეს ყველაფერი მეჩვენება? ეს ულამაზეს ქალწულად დანახული არსი მომიახლოვდა და ჩემში გაიარა… მაშინ ვიფიქრე, რომ ან ძალიან მაღალი სიცხე მაქვს ან რეალურად არსებობს რაღაც ისეთი, რომლის შინაარსსაც ბოლომდე ვერ ჩაწვდები, მაგრამ ხდება, ნამდვილად ხდება. ეს ყველაფერი ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ დარჩა. მოდი, ნუ ჩავეძიებით… განა რეალურ ისტორიას არ ჯობია?~
პო-პო-პო~… ასე იტყვიან ასეთ დროს ბერძნები და თან ხელის მოძრაობასაც ააყოლებენ. ე.ი. აუუუუუუ… ტყუილად კი არ ეძახიან საბერძნეთს მისტიკისა და მირაჟების ქვეყანას. გადაღებიდან გადაღლილი დაბრუნდა. ნომერში ერთი ბოთლი ვისკი აიტანა. აივანზე იჯდა, წრუპავდა და ზღვას გაჰყურებდა. განწყობა, ჩვეულებისამებრ, რომანტიკული იყო. მზის ჩასვლა, სანაპირო, სიყვარული… მერე ეს ოხერი ვისკიც ხომ თავისას შვრება. მოთხრობის წერა დაიწყო. ქაღალდზე ერთი წინადადება გამოიყვანა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. რა ქნას. ვერც წერს, ვერც იძინებს, თუმცა დილის 6 საათზე გადაღება აქვს.რაღაც არ მაძინებდა. რა უნდა ყოფილიყო ეს რაღაც, ალბათ დიდი სურვილი იმ წამის დაჭერის, რა წამსაც თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი. და დავიწყე წერა იმის შესახებ, თუ რატომ არ შემიძლია ამ დროს წერა.~
ერთ აბზაცს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… წერტილი დასვა და ძილიც მოერია. რაც მთავარია, მოთხრობა ძალიან მოეწონა. `დილას გავიღვიძე და ვხედავ, მაგიდაზე არაფერიც არ დევს, ჯერ მეგონა ქარმა მიაფრიალა სადმე, დამლაგებელსაც კი ვკითხე და ბოლოს მივხვდი: თურმე დამესიზმრა. ის მოთხრობა სიზმარში ჩარჩა. ძალიან დამწყდა გული. ახლა ვწერ და მინდა ის აღვწერო, და ალბათ მოსაწყენი გამოვა. ის სრულყოფილება საბერძნეთის სიზმარში ჩარჩა… დიდი სიცხეა საბერძნეთში. გეჩვენება რაღაცეები.~
მართლაც რომ დიდი სიცხეა. 2000 წლის ზაფხულში ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია.
კარგი, გვეყოფა. ჩამოვედით საბერძნეთიდან.
სად გავჩერდით? ასეთ სიცხეში ტვინი ამერია. ჰო, ნიუ-იორკში.

დევიდ ბოუი

33-ე ქუჩა, სასტუმრო პენსილვანია~, მანჰეტენზე,მედისონ სქუეარ გარდენის~ პირდაპირ. ენტევეს~ გადაღებები. დეფი მკვლელის როლს თამაშობს ფილმში, ზურა ყიფშიძესთან ერთად. ფილმს ჰქვიადრონგო~. ქვედა სართულზე, არც მეტი არც ნაკლები, დევიდ ბოუი ცხოვრობს, რომელიც შიდსით და სხვა უკურნებელი სენით დაავადებულებს ეხმარება. რაღაც სემინარზეა ჩამოსული. ენტევეს~ ჯგუფი საგანგებოდ გააფრთხილეს: ქვემოთ დევიდ ბოუია, ნუ იხმაურებთო. ეს რომ გავიგეთ, ჩავედით მე და ჩემი ამხანაგები, ივარ კალნიში – ბალტიისპირელი მსახიობი, და კიდევ ჩემი ორი კლასელი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, და დავიწყეთ გიტარაზე ბოუის სიმღერების მღერა. გამოვიდა იქიდან ერთი უშველებელი, ორმეტრიანი, ძალიან ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი ზანგი, რომელსაც ყურში ჰქონდა ზამბარა შერჭობილი, ალბათ – გადამცემი, როგორც ჩანს, დაცვის წევრი იყო. თითი ტუჩებზე მიიდო და გაგვაფრთხილა: შშშ… ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს შშშ...~ ბოლოს დამთავრდება. მან კი გამოსცრა:შეთ~. ჩვენ ამ შეთზე~ რეაქცია აღარ გვქონია და გემრიელ-ჯიგრიანიმრავალჟამიერი~ დავცხეთ. ვიფიქრეთ, რომ მოიხიბლება ბოუი ამ მრავალჟამიერით და გამოვა, და მე ვეტყვი, რომ – მე შენზე ვაფრენ, დევიდ! მეც დევიდი მქვია და ეგება და რაღაცა… და მერე რა? აი, ვთქვათ გამოვიდა ბოუი და რა უნდა ქნა, უთხრა, რომ ჰაი, დევიდ! და ჩვენ საქართველოდან ვართ და ახლა ნიუ-იორკში რომ ხარ, მაგრა გამიხარდა? არც ვიცი… ერთი კი დავინახეთ, რომ რაღაც მოუხელთებელი ლანდი გასრიალდა ჩვენს წინ, – ოთახიდან ოთახში და ეს იყო დევიდ ბოუი. მერე დავინახე, რომ კიდევ 500-მა ეგეთმა ლანდმა გაირბინა და ყველა შიშველი იყო. მივხვდი, რომ აქ რაღაც წვეულებაა ბოუისთვის დამახასიათებელი ექსტრავაგანცათი~ დამრავალჟამიერმაც~ არ გაჭრა.~
ბოუი ამ სასტუმროში ცოტა ხნით იყო გაჩერებული. ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. სასტუმროს კარისკაცი, რუსი ემიგრანტი მეუბნება: ბოუი რომ მიდიოდა, თქვენზე მკითხა, ის რა ჯგუფი იყო, რომ მღეროდნენო, და ვუთხარი, რომ ჯგუფი კი არა, მწერლები და მსახიობები არიან მოსკოვიდან ჩამოსულებიო. და თქვაო, განა რუსებმა ასეთი სიმღერა იციანო, ეს ხომ მხოლოდ ქართველებს შეუძლიათო. გავაფრინე რა, მართლა გეუბნები, გავაფრინე. კინაღამ დავახრჩე; მეთქი, - Ты что, тупой что-ли, ხომ იცი, რომ ქართველები ვართ, რატომ არ უთხარი-მეთქი. პირიქითო, - ისე მღეროდით, ჩვენზე მივიწერეო. ჩავეძიე: მართლა ეგრე თქვა-მეთქი? კიო, ასე თქვაო. გაოგნებული დავრჩი. თურმე დევიდ ბოუიმაგრა აზრზეა~, რა არის საქართველო. აი, ასე. ერთი გზავნილი ხომ მაინც გავუშვით საქართველოზე დევიდ ბოუისთან, პირადად! ალბათ დაიტანჯა მაგის სიმღერებს რომ ვმღეროდით…

Imagine

ისევ ნიუ-იორკი. მეხუთე ავენიუ. ადგილი, სადაც ლენონი მოკლეს. კლუბი შექსპირ ენიგმა~. აქ შექსპირის საჯარო კითხვა იმართება. ნებისმიერ ადამიანს სამსახურის შემდეგ შეუძლია იქ მივიდეს და თუნდაც ნახევარი საათით განიტვირთოს რუტინული ყოფისგან, – იკითხოს შექსპირი. არაფერი განსაკუთრებული თითქოს არ ხდება, მაგრამ მაგიური გარემო იქმნება. მეც შევედი და წავიკითხე ორი თუ სამი სტროფი. იქიდან საოცრად დატვირთული გამოვედი ემოციებით. მერე მეგობრებთან ერთად იქვე, ცენტრალ პარკში~ წავედით. და უცებ… რას ვხედავ! ჩემს წინ შექსპირი არ დგას?! გადავირიე, ვეძახი ჩემ მეგობრებს: დათო, ლადო, ეს ვინ არის-მეთქი. შექსპირია, რა, ვერ იცანიო, - და გააგრძელეს გზა. გავაფრინე; მეთქი, რას ქვია!.. თურმე ძეგლი არ არის? და ისეთი ბუნებრივია, ადამიანივითაა. კვარცხლბეკზე შექსპირის ფრაზაა ამოტვიფრული.მაკბეტის~ მე-5 თავის მე-5 ნაწილი: ”…It is a tale, told by idiot, full of sound and fury, signifying nothing ” გავგიჟდი. როგორი დამთხვევაა. ზუსტად ეს ფრაზა ამოვიკითხე ამ ცოტა ხნის წინ `შექსპირ ენიგმას~ კლუბში… ნიუ-იორკში რაღაც მისტიკური ყოველთვის ხდება. ნებისმიერ ადგილს თავისი მისტიკა აქვს, უბრალოდ, ზოგი ვერ ხედავს, ზოგი ხედავს, ზოგს არ სჯერა…

Just Imagine

ბატონებო, თვითმფრინავი ეშვება თბილისის აეროპორტში. ჰაერის ტემპერატურა…
თუმცა ფრენა ჯერ არ დასრულებულა. როგორ არის პანჩოს ერთ სიმღერაში? რომ მქონდეს ფრთები და ბუმბულები…~ მოკლედ, რაღაც ამდაგვარი, მეტი აღარ მახსოვს. სადარბაზოს კედლებზე ჩიტებია. ოთახშიც ჩიტები ხატია, ჭერზეც, კედლებზეც: ლურჯი ფრინველები, წეროები, ფარშევანგები… ძილშიც ეს ჩიტები ესიზმრება. თავის ოთახში საკუთარი მისტიკური გარემო შეიქმნა: ნახატები, მინაწერები კედელზე, მამის გაკეთებული ხის ფიგურები თუ ქანდაკებები და ტბის ყვითელი ლოკოკინა, ბრაზილიური. ფირსაკრავი სულ ჩართულია. კლასიკურ მუსიკას მძიმე როკი ენაცვლება. სრული ნირვანაა. ზის და წერს და წერს.აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. და, მგონი, ჩემ სტუმრებსაც სიამოვნებთ აქ ყოფნა. არ ვიკეტები, პირიქით, კარს ვხსნი.~
ხანდახან ლოკოკინაც გამოიხედავს ხოლმე ნიჟარიდან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s