ვთამაშობთ თბილისობანას

სერიალი

გაგრძელება

მივსალმებოდი მაინც,~ გაიფიქრა თათუნამ.რა უხერხულია.~
ის ვიღაცა კიდევ, უკვე კიბიდან ჩამოდიოდა.
საშუალო სიმაღლის იყო, ინტელიგენტური იერის (ასე ეთქმის), გვარიანად შეღატაკებული.
ოცდაათი წლის ნამდვილად იქნებოდა, ეგებ ცოტა მეტისაც. ხმა მოქეიფე ქალაქელი ჯეილისა ამოსდიოდა, იერი კი საერთოდ არა ჰქონდა მოქეიფე ჯეილისა.
ხელსაწყოები კიბის საფეხურზე დაალაგა და თათუნასკენ წამოვიდა.

_ წერილი უნდა მიგვეღო და… – შესთხოვა თათუნამ. _ არ ვიცი… ამ ყუთებს რას გაუგებ? ჩვენ ახალი გადმოსულები…
_ ვიცი, მეოთხეზე… ზურა არა, თქვენი ქმარი? _ თავი განზე გაწია და დაახველა.
_ დიახ…
_ რა ნომერია? _ ჰკითხა მეზობელმა თათუნას. _ თუმცა, აქ აღარ ეტყობა ნომრები…
_ ორმოცდათორმეტი, ჟურული, _ უიმედოდ თქვა თათუნამ. თუმცაღა იგრძნო, რომ ამ ყოვლისმცოდნე მეზობელის სადარბაზოულ გამოცდილებას მთლიანად მიენდო _ კაბელებში ერკვევა, ესე იგი საფოსტო ყუთებშიც...~ _ იცით, რა? _ კვლავ დაახველა მეზობელმა. _ აქ ყუთები ძირითადად ღიაა... რომლებიც დაკეტილია, იმათში უნდა მოვძებნოთ. ან... _ გასაღებიც არა მაქვს... _ ეგ დანა იმიტომ წამოიღეთ? _ თითქოს ჩაეცინაო. _ ხო... რა ვიცი. _ აი, ეს ჩემი ყუთია, _ იხრინწებოდა ბიჭი. გაციებული იყო და არა ნაქეიფარი. _ ჩვენი ბინა ორმოცდაოთხია... ღიააა... ეს ვისია, არ ვიცი... ღიაა... აი, დავთვალოთ. მეორე რიგში... აი, ეს არის... ცარიელია... ნამდვილად უნდა მოსულიყო თქვენი წერილი? _ კი, უნდა იყოს, _ ამოიოხრა თათუნამ. _ აი, აქ ვნახოთ, _ დაკეტილ ყუთს მიადგა მეზობელი და ხველა აუტყდა. _ ეს ყუთი, მგონი, ათი წელია არ გაუღიათ. თავისუფლად შეილება, სხვისიც იყოს და თქვენიც... – და კვლავ ხველა დაეწყო. გაციებულია ეს უბედური. გრიპი არ გადამდოს,~ _ და ახლაღა გაახსენდა, რომ წერილში ყური უნდა ყოფილიყო.
მეზობელმა კი საფოსტო ყუთის ღარში თითები ჩააკვეტა, ერთხანს იწვალა და ბოლოს კმაყოფილმა თქვა:
_ რაღაც კი არი… ოღონდ ვერ ვწვდები…
თათუნამ დანა გაუწოდა, მაგრამ იმან თავი გააქნია, თავისი გასაშლელი კიბისკენ წავიდა, თბილისურ ენაზე რომ ვთქვათ, პლასკაგუბცი აიღო. მერე ეს პლასკაგუბცი ყუთის კარს დაუნანებლად მოსდო და ასწია.
_ სხვა გზა არ არის, _ თითქოს ბოდიში მოიხადაო. _ ამას როგორღაც გავასწორებ… გამონგრევას ჯობია. აი, კონვერტი გამოიღეთ.
ოჰ, დაცეცხლა თათუნას… ოჰ, დაცეცხლა… მგონი წამოწითლდა კიდეც. თუ წამომწვანდა… ბოლოს მაინც მოახერხა და ყუთიდან გამოაძრო. კიდე ჩამოეხა კიდეც.
_ გაიხა? _ შიშით იკითხა მეზობელმა. _ სქელია და იმიტომ.
_ არა, არა უშავს, _ ჩაილაპარაკა თათუნამ. _ მაინც უნდა გაიხეს…
უხეში ქაღალდის უმარკო კონვერტი იყო, თამბაქოსფერი. ზედ უბრალოდ ეწერა: ქ-ნ თამარს.~ მეზობელს, მგონი, არც შეუმჩნევია. თათუნა კიბისკენ წავიდა. კაი სქელი კონვერტი იყო, თითებს სწვავდა. ჭუჭყიანივით იყო, მოკლედ. ვაიმე, დედა,~ მერე თათუნას გულში გაფრთხიალებულ ამ სიტყვებზე ეცინებოდა.
მადლობთ…


_ რის მადლობა… _ გაციების ხრინწი იყო. ამ იერის ბიჭებს ასეთი ხმა არ აქვთ.
_ თქვენ რომ არა, ვერც მივაგნებდი…
იმან კი, უკვე კაბელებთან ამძვრალმა, თითქოს გაიცინაო:
_ მე აქ პირველზე ვცხოვრობ… თუ რამე დაგჭირდეთ… დათო. დათო იკითხეთ… დედაჩემი სულ სახლშია. ეხლა სინათლე დაიწყებს წასვლას და ან მეორე ხაზი… ან, რა ვიცი. თუ დახმარება დაგჭირდეთ, _ და ისევ დაახველა.
სულ ახველებდა.
_ ხო, ზამთარი მოვა და შუქი წავა, დიდი მადლობა, მართლა… _ თქვა თათუნამ.
_ დათო, _ შეახსენა მეზობელმა.
_ დავიმახსოვრე, _ გაეცინა თათუნას.
მეზობელსაც გაეღიმა:
_ არ არი ძნელი დასამახსოვრებელი.
თათუნა კიბეს აუყვა.
და უცებ გადაწყვიტა, რომ კონვერტი აქვე, ამ კაბელებში გახლართული ბიჭის შორიახლოს გაეხსნა. ასე უფრო არ შეეშინდებოდა.
თუ იმ დეგენერატმა მართლა რაღაც საშინელება… ბუნკერი აქვეა.
თუ სადმე ახლოსაა ჩასაფრებული, მაშინ ეს ხრინწიანი მეზობელი მომეხმარება.
თათუნამ, კიდე, გაგლეჯილ კონვერტში დანა შეყო და მთელი ძალით აუსვა.
ავფატრავ~ _ აი, რა გაახსენდა.აი, ავფატრე…~
წკლაპ!
`ემილი დიკინსონი. ლექსები.~
მეტი არაფერი. აი, რა დაეცა კიბეზე.
რბილყდიანი, ინგლისურ ენაზე.
თათუნამ კონვერტი დაჭმუჭნა და იქვე მიაგდო.
მერე კი ფრთხილად აიღო წიგნი.
მერე სწრაფად, ალბათ სასაცილოდ აირბინა კიბე და სახლში შევარდა.
ტელეფონიც წამსვე აწკრიალდა.
მანიაკი იყო.
_ ის ვინ იყო, სადარბაზოში თავს რომ დაგტრიალებდათ, ქალბატონო თამარ?

თავი მეექვსე, სადაც წყდება გაბმული თხრობა და იწყება ამბები წყნეთელ ზახოდას დაუწერელი მემუარებიდან, კოხტა ეპიგრაფებით

`ერთხელ მიველი ღამე სახში. მთვრალი. დამკვრელები მივიყვანე, დავაყენე ეზოში და დავაი… გავაღვიძე სუყველა. აბა, მოდი მთელი უბანი გარეთა და ავაცეკვე… სულ ძალათ გამოვაღვიძე. ბებრებიც ვაცეკვე. სონია, მარო, აღაპას ქალი და გალუაანთ გალუა თავისი ჯოხით. კაი დრო იყო, ფული მქონდა. ყველას დაახსომდა, როგორ გვაცეკვეო.~ (წყნეთელ შამილას ტკბილი გახსენება)

ერთხელ ღამეა და მეცხრე კლასში ვარ… დავითვერი მაგრათ, კლასელის ბიძასთან. მაღლა ცხოვრობს. ზამთარია, თოვლია. წამოვედი ბარბაცით და რო ჩამოვედი დაბლა, აღარ მახსოვს.
გამომეღვიძა დილაზე, ვუყურეფ, სადა ვარ? ლენინის ძეგლი ხო იცი, რო იყო, საცა ეხლა მაია წყნეთელის ძეგლია. იმ ლენინზე ვარ მიყუდებული, სულ სველი, გარშემო კიდე მუხლამდე თოვლია. გაუკვალავი.
ვინ გაკვალავდა? ახალი წლებია და დილაა. დილა არც არი, ერთი ექვსი საათი იქნება. დილაა ზაფხულისთვის, რო ძროხები გადენონ. ეხლა კიდე ღამეა, ძროხები გომშია, თივას ჭამენ. ვინ გაკვალავს? დამძინებია იქა და დაუთოვლია ზედ.
ვინ გაკვალავს და მე.


თავი მაქ, პლასტელინის ჩაწეპება რო იცოდენ თმაში სკოლაში, ზუსტათ ეგრე. მთელ თავზე ვითომ პლასტელინები მაქ.
მიველი, როგორც იყო, შევიპარე და დავწექი, ვითომ მძინავს. მაციებს, მაცხელებს. ხუთი დღე ვერ ავდექი. რაც დედაჩემმა მწყევლა და მასვა წამლები… თელი ზამთარი გამყვა, რო ვითომ თავზე პლასტელინი მაქ.
აი, ეგე დამემართა, ეხლა რო იყო, ისა. პლასტელინები დამემართა. დამიჭირეს და მერე ისა…
დავჯდები, განა არ დავჯდები?
მარა მამჩემმა რამდენი მაწვნები კიდე უნდ გაყიდოს, რო მერე კიდე იქ შემინახოს? თორე დავჯდები.
ადრე ძალათაც მინდოდა, ბიჭი რო ვიყავი. ვეძებდი სროკსა. ეხლა კიდე ისა და, ბარიგას დაგაჭერინებ-მეთქი, უთხარი და მოოვტყდიი.
სულ წაგება-წაგებაზე მივდივარ.
რო მოვტყდი, ისაც წაგებაზეა, მა რა.
ერთი ვიფიქრე, წავალ, დავჯდები-მეთქი. იქ რო თავის ფეხით მისასვლელი იყოს, პაბეგს კი არავინ მოიგონებდა.
იქედან რო მოვტყდი და მეთქი, რა ვქნა. სანამ იმათ შევირიგეფ, დრო უნდა. მარშუტკით მოვტყდი.
იქ მივიდე, იქ მივიდე, სად მივიდე, რო დავრეკო და ბიჭებს გავაგებიო, რო პრაკოლზე ვარ და იჩალიჩეთ, ვინმე ნახეთ, რო მოვრიგდეთ, _ უარესი არი, იმიტო რო მაგრა მოვატყუე ის ძაღლები.
ავდექი და მიველი ზურას ოფისში.
ზურა არ მენახა… ერთხელ ვნახე წელსა, ქუჩაში, მანქანა გამიჩერა.
მარა ზურა ძმა არი.
ბავშვობაში რო ავდიოდით მაღლა, სხვა მინისტრის შვილებივით კი არ იყო. სხვა თბილისლებივით არ იყო. იქედან ძმები ვართ. ერთათ ვიპარებოდით ოჩიგავების ბასეინში. მერე კიდე არაფერი არ დეენანებოდა.
რამდენი ერთათ გვიჩხუბია და მაგათ მეორე სახში, დაკეტილი რო ქონდათ, აი, ეს სახლი როა ეხლა, რამდენი პროსტამც ქალები მიგვიყვანია და წამალიც გამიკეთებია კიდე მანდა. მერე კიდე ხო იცი, როგორც არი, დედა მიეწერა ამ ქვეყანას და ეგეც მაღლა ან ვეღარ ამოდიოდა, მე კიდე ეგრე, ტუდა და სუდა. ხოდა. წაველი.
სადაც არ მოვეძებნე, ზურასთან ვინ მომძებნიდა.
ვინ იცის, რო ჩემი ძმა არი?
მივედი. ის ოფისი ადრე მითხრა. ოფისი რა არი, საწყობია, წყლის გასათფობლები აქთ.
ეგა და ძმაკაცებია მაგის. იქეთაც ოთახებია. ადრე მითხრა, მეტროზე რო ამოხვალ, მარცხენა მხარეს საწყობებიაო და იქ იკითხავო, ანდა დიდზე აწერია ~ამიგო~ და იქა ვარო.
იჯდენ, ტელევიზორს უყურებდენ. დილაა რა, თორმეტზე მოვახდინე ეგ ამბავი. მეთქი ეგრეა, ეგრეა.
თან მიტყდებოდა, რავი, ეგება ის სახლი სულაც გაყიდეს. მე რავი? მერე სად დავიმალები?
კიო, ეგ არიო, რო აქ დაჯექი, ტელევიზორს უყურე, საღამომდე გასასვლელი ვარო.
იქ ერთ ახლობელს უთხრა, ეს აქ იჯდებაო და წავიდა.
იმათ დაჟე მაჭამეს.
საბურთალოელი იყო ერთი და მეორე ვაკელი, ცოტა ვზროსლი. მითხრეს, დაჟე დავერიით, რო ზურა დაიგვიანებსო და შენ აქ იჯექიო, ჩვენ წავალთ და მოვაო. მე დასარეკები დავრეკე და მარტო ვიჯექი.
ზურა მოვიდა, დავჯექით წავედით. საკაიფო მანქანა ყავდა.
გზაში მითხრა, ჩემ ცოლს გაგაცნოფო. მე ვაფშე არ ვიცოდი, რო ცოლი მოიყვანა და მაგრათ გამიტყდა. რო მოიყვანა, გამისწორდა. გამიტყდა, რო სახში მივყავარ და უხერხულია ეხლა მაგის ცოლთან.
ზურამ ხო გაკაიფება იცის და მაგრა გამეკაიფა, ეხლა უცხოებთან რო იქცევი, ისე მოიქცევი ჩემ ცოლთანო. საჭმელს რო ნელა ჭამ უცხოებთანო, ზდილობა რო გგონია, თუ დიდხანს შეჭამ და ცოტასო და რო გაჩუმდებიო.
მე კიდე მაგრათ გამიტყდა. სოფელი ხო არ არი, რო სტუმარივით არ იყო.
უბორნიაში ხო უნდა შეხვიდე და ტეხავს. ცოლია, რა.
ადრე რო მცოდნოდა, არ მივიდოდი. ამაზეც ბევრი გაიკაიფა.
ზურა ისე იყო, რო თითონ თუ ცუდზე ფიქრობდა, ვერ გაიგებდი. სულ გაგიცინებდა, მარა თუ გასატრაკებელს დაინახავდა, გატრაკებას ვერ მოასწრებდი. იმიტო, ერთი ხანი ხო დარბოდა იარაღებით, დავაი… მარა იქედანაც დაადო, რო დაინახა, რო ქსივიანი ყაჩაღობა წავიდა. თუ არ იყავი ეგეთი, მაინც შენზე ამბობდენ და ადრე მიუხვდა, რო ეგრე იქნება. ზურას რა ქონდა საყაჩაღო?
დაადო, გამოვიდა და სწორეც ქნა.
რამე რო ყოფილიყო, გრეხებით არ დაჯდებოდა.
მარა ზურა რატო დაჯდებოდა? მაგარი ჭკვიანია.
ძმები ვართ მე და ზურა. ბავშვობიდან რამდენი ერთათ გვიჩალიჩია. თავიანთ დაჩაზე, ზემოთ, ძმასავით შევდიოდი.
ეხლა კიდე, ცოლი და ისა… აღარ გამიშვებდა, თორე არ წავყვებოდი.
იქ ვნახე პირველათ თამრიკო. ზურას ცოლის სახელია თამრიკო.
კაი გოგო იყო. მაგარი ნასწავლი.
ჩემი ბრალი ნაღდი არ იყო. მე ძმურ ამბავში. მეტი არაფერი. რატო მოხდება ხოლმე კიდე ეგრე, არ ვიცი… არ მოვიყვან ცოლს.

მეშვიდე თავი, სადაც ზახოდა აგრძელებს განსჯას ცხოვრების რაობის შესახებ, ოღონდ რაც იყო, შორეულ წარსულად უჩანს

`ეგა არი დამწვარი. გავაჩერე ერთხელ მაგათ კართანა და ქლიავი უდგია, ტოტები გარეთ არი. ზის თითონაც იქ, სკამეიკაზე და მაიტა-მეთქი, ერთი ქლიავი მამიწყვიტე, პირი გავისველო, მთელი დღე ძაღლსავით რულზე ხელი არ გამიშვია. ადგა ჰა, ძლივას, დეენანა. მოსწყვიტა ერთი, კენჭისტოლა და მეუნება: აე, რო ხარ მატრაკვეცაო, ამ ერთმა ქლიავმა მაგსისქე კაცს რა უნდა გიყოსო. შენც კიდე მამიწყვიტე-მეთქი, უთხარი…~ (წყნეთელ გეუას ანეკდოტებიდან)

ზურას რა ფული ქონდა, რო? ის საწყობი ქონდათ და აბა, რამდენი იყვნენ? აპტავოის რამეს თუ გაარტყამდენ და ხო მოხსნიდენ რაღაცას. ისე კიდე, ტილაობა იყო. მოვა ვინმე, წაიღებს ბაკს. ჰა, რამდენი უნდა დაგრჩეს?
რაღაცა ხო იყო და ცხოვრობდენ. მამამისისგან პადდერჟკაც, იასნია. მერაბა კიდე მაგის ძმა, თავისას მიეხმარებოდა. ეგ რა ჩემი დასათვლელია. მაგრა მიტყდებოდა იქ ყოფნა იმ ამბავში, რო ჭამე, სულ სახში იყავი, ჩაკეტილი, მარა ზარს ხო ველოდებოდი და პოონტია, რო იქედან გავსულიყავი. მაგრა უხერხულში ვიყავი. ვიწექი სულა და ტელევიზორს უყურებდი. მოაკაკუნებდა თამრიკო, საჭმელი! გამოვიდოდი. მაგრათ მცხვენოდა. ზურა მოვიდოდა, დავაი! კონიაკებს მალეინებდა.
რაც იქ ვიყავი, სიგარეტი სულ მოქონდა. რავი… ძმობაც ეგ არი ალბათ. ჩემი პალაჟენიის კაცის და მაგის პალაჟენიის კაცის ნამდვილი ძმობა ეგ არი. თან ერთი რამე რა არი, რო ოჯახში ხო მაინც ხედავ, რო ნიტოა შენ ამბავში, ან თავის ამბავში, მარა იკიდეფ, იასნია. ეგეები თუ იფიქრე პაბეგში და… არ იყო. რას დავიწყებდი ეგეების ფიქრს.
მე იმიტო გამიტყდა მერე, რო როგორც გუგულები.
ეს თამრიკო კიდე მეუნება, წიგნები წაიკითხეო.
სკრომნათ, თავისთვის ვარ.
იზმენებში ვარ, რო აბა, რა გამოვა ჩემ საქმეზე.
ვინმე მოაზარუნებს, დავაი, შედი ოთახში. ჩაიკეტე შიგნიდან. ოჯახია. ხან ვინ მოვა, ხან ვინ მოვა.
წამალი მქონდა. ის წამალი, გამოყოლილი. კი არ გადავაგდე, წიგნებში დავმალე. აი, აზზე ხარ, რო წამალი გაქ ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი კვირა და არ იკეთეფ? თამრიკო რო წავიდოდა, კი შეილებოდა, ერთ შპრიცს ვეტყოდი ზურას, მარა თამრიკოსთან მიტყდებოდა. სახში იყო. თუ წავიდა, ხო. ეგეთ გოგოსთან მიტეხავდა.
არ მინახია ეგეთი გოგო. მე არ მინახია, თორე იქნება კიდე. ზურას როგორ პატივსა სცემდა. ეს თუ რამეს ისე იტყოდა, _ სხვა რამეზე, განა თამრიკოზე, _ ხმას არ გასცემდა. განა გაბუტვით. ისე არ გასცემდა, რო მაგარი საცოდავი ხდებოდა.
კაი გოგო იყო.
ერთხელ, შარშან მაგრა დავლიეთ. ზაფხულში.
მარტო იყო დაჩაზე და მარტო ავედი, ესენი კი არ ამიყრია. რძალი იყო მაგისი, მაგისი ძმის ცოლი და კუხნაში დავჯექით. ბედზე არ ამოუარა ვინმემ და ტელეფონზე კიდე დაიმალა.
ოთხი ბოთლი არაყი ავიტანე და დავლიეთ ბოლომდი. მერე კიდე, ვისკი ჰქონია სახში. მეჯავრება, მარა რაღას გამრჩევი ვიყავი. ჩავიხოცენით კომკავშირლებივით წინა რიგში. თითონა თქვა ეგრე.
ისაც დავლიეთ, ნახევარზე მეტი იყო ლიტრიან ბოთლში. ორ-ორ პოლლიტრაში ისედაც ვიყავით და კინაღამ არ დემეძინა იქა?!
მე უთხარი, ძმურ ლაპარაკში უნდა გითხრა-მეთქი და არ გაგიტყდეს. თუ გაგიტყდა, ჩემ თავზე მსროლელი ვარ-მეთქი.
ხო უნდა გაიკაიფოს და გაიკაიფა, მეო რაღა უნდა გამიტყდესო, მეო ცხოვრებაში აღარაფერი არ მიტყდებაო და შენგან ხო საერთოთაცო.
და მე უთხარი. რაც ხუთი წელი ვერ უთხარი, რო ცოდვა მაქს.
კაცი მოკალი, შეჩემაო? ისაც მაგარი ბუხოი იყო.
მე კაცს არ მოვკლავ, თუ კაცია და თუ ბოზია, კაცი არ არი.
არა, მე უთხარი, მე ვარ დამნაშავე, რო შენ ეგეთი გემრიელი ოჯახი გქონდა და აღარა გაქს. ჩემი ცოდვა არი-მეთქი, ჩემი ბრალია.
ლამის თითი ორჯერ მოვიჭერი. აი, ნაჯახი ორჯელ ხელში მეჭირა, საცა ქათამსა კლავს დედაჩემი, იქა. ორჯერ, რო რაღაცა მოვიძრო და დავისვენო.
ეგ კი არ უთხარი. მე უთხარი, ღმერთმა ძლეთის ძალა მომცეს და შენთან ეგ მაპატიებიოს.
მთვრალი რო ვარ, გიჟი ვარ.
ეგ არც მთვრალია, არც გიჟი. ისეა, ხანდახან.
და ამდენი უთხარი და იცი რა მითხრა?
დაიკიდეო.
თითონ დაიკიდა?
ვაბშე იმ სახში ხო ვეღარ შევიდა, ხო გაყიდეს.
ვაბშე ხო შეჯდა. მერე გადააგდო. მერე შეჯდა. ერთათ დავრბოდით.
თითონ რა, ვერ იზამდა? არა ქნა.
და რო არა ქნა, მე კინაღამ თითი მოვიჭერი.
ზურა არი ძმა.
მე ხო ვეღარ ვნახულობდი, მარა იმის მერე სულ აქ იყო, მაღლა და მთელი ბავშობა მოგვიტრიალდა. მაგარი ძმა არი. თბილისლებში ეგეთი ორი იქნება საერთოთაც. ორიც არა. ერთი და ეგ ერთიც ეგ არი.
დაიკიდეო.
მე უნდა მეთქვა, აბა ძმობა რა არი? ოჯახში ეგრეა, რო ვიღაცა თუ აწუხებს ქალს, ქმარმა უნდა იცოდეს. პროსტო თამრიკომ…
რანაირი გოგო იყო, ვერ გავიგე.
და თან რა საკაიფო დღე იყო, რო გაიასნდა: ამ ფულს დავაბრუნეფ, ვიქნები სახში საკაიფოთ, ჩემთვის. გაიჩითება _ გაიჩითება, არა _ არა. იმხელა ხალხით მომიგვარეს ესა. დაჩნიკი იყო ჩვენი ძველი, გიორგობიანები, იმან გამიკეთა, კოლიამ, რესპუბლიკის ის არი, რა ქვია და ამ დროს, რო უკვე უნდა გამოვიდე და უთხრა, თამრიკო, სპასიბა, აი, პროსტა წავედიიი, ზურა შემოვიდა და ისაო, არ წახვიდე, დარჩიო…

თავი მერვე, სადაც ზახოდა სულისშემძვრელ ისტორიის ორიოდ გასაღებს შემოგვთავაზებს

`აი, არჩილა ხო იცი, არჩილა. მეხანიკია. სახინკლის დაბლა რო ცხოვრობს. გაშტერდება უცბათ, აიღებს ქაღალდის ნახევს და სწერამს ზედ ლექსებსა. ისე კოხტათ გამოუდის, გაზეთში მისცემდი. უცბათ გაშტერდება და გამოუდის. მთელი ცხოვრება კაპოტში აქ ჩაყოფილი თავი, ხელები სულ შავი აქს. ერთი მაღლა არ აუხედია, როგორ გამოუდის, არ ვიცი. ერთხელ ქელეხშიაც სთქვა, უცბათ გამოუვიდა. კინაღამ ცრემლი მამივიდა.~ (წყნეთელ სერგუას ლაპარაკებიდან)

ეგეთ კაცს მეტი უნდა, რაც მერე ქნა, მარა ზურამ არ გაინძრა და მე ხო არ ავტეხდი.
ზურა იმიტო არ გაინძრა, რო ზურაა და თან კიდე მაშინ მაგისთვის ხმაური რა იყო? მხედრიონი ხარ და დავაი… ვინღა გაარჩევდა, რო როდის იყო, აღარ ახსოვდა. მარა ზურას ეგ არ გააჩერებდა.
მე ის მივხვდი, რო ზურა მიხვდა, მორჩა, ვსოოო, წაგებულია და იმ გაგების არ არი, რო თუ წგებულია, ძალათი მოატრიალოს.
ეგ მიხვდა, რო სხვაგან არი და ის კიდე სხვაგან.
ჩემთან რო შემოვიდა, ჩემთან რა, თავისი სახლი იყო და თავისთან შემოვიდა, წიგნებიან ოთახში, მე საცას ვიყავი და გეხვეწები, არ წახვიდეო. მეთქი, რაღაცა ემ წუთში დეერხა და მაგრა ვჭირდები.
მე გამეცინა გულში, რო რა ბედი მაქ, შარი შარზე მოდის. ერთი გავათავე, მეორე დაიწყო.
თურმე რა არი, რო მომიყვა.
ეგ არი, რო ახვარი რო ხარ, დამალული. რეკავ და ქალს აშინეფ.
თან ცვეტნოის ეუნება, ესა ხარ, ისა ხარ, აქა ხარ, იქა ხარ.
მკვლელი ვარ, წინდაწინ ტელევიზორს უყვება.
ეს, იასნია, სადღაცას ახლოში ტრიალებს, უყურებს სახლს. ზურა არ არი, რეკავს.
ზურამ ტელეფონიც მოიტანა, ზედ რო ეწერება ვინ რეკავს. მერე მე ორჯერ დავწვი, იმ ნაბოზარმა რო დარეკა და თამრიკომ არა თქვა.
თამრიკოს რა ვერ გავიგე:
რა იყო, რო ეგრე ეცოდებოდა, ზურამ რამე არ დამართოსო. ამიტო არ ამბობდა. ანდა რო დამართავს, მერე ზურას არ დამართონო? არ ვიცი. სხვა რამე კი გამოვიდა და…
ის რო რეკავდა, აწვალებდა. რაღაცეებს ეტყოდა, ეს კიდე ვითომ არ ყოფილა. თავიდან ამბობდა თურმე და მე რო ვიყავი, აღარ.
როგორ ატირა. ის გამჩენძაღლი. მე დევესწარი შემთხვევით. მაშინ გავხვრეტავდი, ახლოს რო ყოფილიყო. ზედ კი არა მქონდა იარაღი, მარა რო მქონიყო, ვესროდი, ახლოს რო ყოფილიყო.
გოგოს ეგრე საცოდავი ტირილი არ მინახია.
თან რო ძაან გეშინია, თან რო ვერ იკავეფ და თან რო სხვამ არ დაინახოს.
თან თამრიკო ისეთი გოგო იყო. ეხლა ზურასთან ხო არ დავიწყეფ მაგის ლაპარაკს და კი ცუდი მოხდა, მარა მე თამრიკოს პატივისცემა მაქ დღემდი. ვერ მოვიცილე. არ მინდოდა, რო მქონოდა. მაინცა მაქ. სადა ვნახულოფ, მარა მაქ.
ვარიანტი არ არი, რო ზურას არ ქონდეს დარჩენილი გულში; რო არ უყვარდეს. ეხლა მაგეების ლაპარაკი ჩემგან…
დავჯექით ის ღამე და რა იყო? ზურა მიუხვდა, რო ახლოში ტრიალებს ის ვიღაცა ახვარი.
თითონ ხო არ გამოეკიდება, იცნობს. იმან კიდე, არ იცის, რო მე აქა ვარ. ხოდა, მე რო შევხედო.
აი, ბაითი რო გააქთ, ნაკოლი რო მოვა, რო ეს ბაითია და ხო უყურებენ: მიდი, მოდი, მეზობელი, პადიეზდი, შუქები, კარები, ბალკონი… ხო უნდა უყურო.
იმან არ იცის, მე რო აქ ვარ. ღამე არ მომიყვნა ზურამ?
დავიწყე მაგაზე ჩალიჩი მეორე დღიდან.
თამრიკოს დავყვებოდი უკან. ან რო წავიდოდა, უბანში დავდიოდი. დავამუღამე, იქ როგორ უყურო მაგათ პადიეზდს. იმდენი კორპუსებია კლდეებზე და იპოდრომს უყურებს. ტელეფონზე სუ ვიცოდი როდის დარეკა, მარა აღარ უთხარი ზურას იმიტო, რო თამრიკომ არ უთხრა, და მე ვიფიქრე, ნეტა ის დარეკვაც არ მეთქვა, პირველათ რო უთხარი.
იმან წერილი მოსწერა. ეგეც არ უთხარი და დღემდე არ მითქვია. დღეს რაღა უთხრა. თამრიკომ კონვერტი მოჭმუჭნა და რო დააგდო, მე ავიღე. წინა დღის ლაპარაკის აზზე ვიყავი და ვითომ დილაზე ზურას გავყევი. ოღონდაც ზურასაც არ ვეუნებოდი, რო ესეები ვიცი. უყურეფ-მეთქი, ვეუნებოდი.
უცხო იქ არ ჩანდა. ია-სნია, რო უცხო არ იყო და გარედან თუ უყურებდა დურბინდით, ეგეთი მარტო კინოშია. იქ იმდენი კორპუსებია, რო დურბინდიანს მეც დანახული ვეყოლებოდი.
არა ვყავდი დანანახული.
ზურა სულ ისეთი თვალებით შემომხედავდა, რო მოვიდოდა, რო აბა, რა არი.
თამრიკომ ერთხელ უთხრა, დარეკაო და ნომერიც უთხრა და ზურას სპრავოჩნიში უთხრეს, ავტომატია კოსტავას ქუჩაზე, კინოს გვერძეო.
მე ხო მივხვდი, რო როცა სხვა ნომრიდან დარეკა, ის არ უთხრა. ბინების ნომრებიდან არ უთხრა. თითონ იცოდა ყველა ნომრები იმისი და იმისთვისაც ნათქვამი ქონდა, რო ნომრების წამკითხავი აქ.
თავიდან ხო ისე იყო, რო ატირებდა. მერე აღარ ატირებდა. თუ ეს არა ტიროდა, არ ვიცი.
დიდი ნაბოზარი იყო. ჯერ შესაშინებლათ შეუყვანდა და მერე გაუშვებდა ტკბილებს. სკოლის დროს იცოდენ ეგრე ვზროსლებმა, მერვეკლასელი, მეცხრეკლასელი გოგო რო შეუყვარდებოდათ… ჯერ აშინებდენ, მერე თან ხო უყვარდათ და ბლატაობდენ, ვზდიო. სიმღერაც ხო იყო, მერვეკლასელოო, მარა იქ კაი პონტშია გამოყვანილი, და ეგრე არ იყო. ტანჯავდენ გოგოებს, სკოლასთან იდგენ სულა. მე რატო ვერ შემიყვარდა ვერავინ. კი შემიყვარდა, მარა დავტანჯავდი და გავანებე თავი. ის ხო არა ვარ, რო მაინცდამაინც ცოლი…
ხო…


უყურე, უყურე და დავიჭირე.
ახ, შე ბოზო, შენა ხარ… ზახოდა ვარ…
რაზე დავიჭირე და ყვავილებზე. ხაია წაუვიდა.
რათ უნდოდა ის ყვავილები? თამრიკოს ხო მაინც უნდა გადეეგდო. იქამდე მე გადავაგდე და არ მითქვია ზურასთვის ყვავილების ამბავი.
რამდენი რამე არ უთხარი…
არ დამალა თავისი თავი. არ ეტყვი და იყავი ეგრე. რო მეთქვა, ხო ეგება ერთი ჩხუბი მოუხდებოდათ და ეხლა კარგათ ყოფილიყვნენ.
მე სულ მეგონა, რო ბოზობაში ფეხი მედგა. არ იყო. ძმაკაცის მიხმარება იყო, მარა მაინც ეგრე მეგონა.

თავი მეცხრე და კვლავაც ზახოდას მოუღლელი, არარსებული კალამი

`ერთხელაც კოჯორზე მოვდივარ და მაღამდება. შემხვდა სიმამრიშვილი, აბა, წამო ჩვენსა, აბა, წამო ჩვენსაო. მიღამდება. განა რამეო, ორი ჭიქა დავლიოთო და წადიო, მარტოს ნუ მაჭმევ პურსაო.
გადავყევი. მიღამდება. ერთი ჭიქა დავლიეთ, და მაიტანეს ტაფამწვარი. დავლიე მეორე ჭიქა და ავდექი, ხო ორზე მოვრიგდით და მიღამდება, მგელი შემჭამს-მეთქი.
დასცხეს ყივილი, ლუკმა არ გიჭამიაო, რამე მაინც გააყოლე ქალოო. რა უნდა გამოეყოლებინათ, ერბოკვერცხი ჰქონდათ, მეტი არაფერი. რო ატყდა ჭიდაობა და ავიღე ეს ტაფამწვარი, გავკეცე პლატოკივით და ჩავიგდე ჯიბეში, აჰა მეთქი, გავიყოლე. იცინეს, რა იცინეს. მოველი შინა, უკვე ღამეა და ქალს უთხარი, შენმა ძმამ პლატოკი გამომატანა შენთან-მეთქი და დაუდე წინ ეს ერბოკვერცხი. პლაში მეცვა და იმის ჯიბეში მქონდა.~ (წყნეთელ ჩიტა ალექსას ოხუნჯობებიდან)

გაჩვეული იყო რეკვას.
თამრიკოც ისე მიება სახში, ძროხასავით.
ერთი იასნი იყო: შეხედავს _ არ არი ზურას მანქანა, რეკავს.
ზურას უთხარი, მოდი, მე დავჯდები, ქვემოთ ჩავიყვან მანქანას, შენ სახში იყავი, ეგება უფრო დავწვათ. არაო, ის რო დაწვასო, რო შენ ხარ რულზეო?
ბევრი უკვე მოფიქრებული მქონდა და ვიცი, რო ახლოში ტრიალებს. თამრიკო კიდე, ისეა ზურასთან, რო ოღონცს დააწყნაროს.
არაფერი არა ხდება, არ რეკავს.
ერთხელ დარეკა მარტო.
ზურა კიდე იმას ფიქრობს, რო ეს თამრიკოს აღარ აწვალებს და მე რაც ვხვდები, წყნარი ლაპარაკები აქს. ზურა ფიქრობს, რო რაღაცა თითონ ზურაზეა მიწოლა. რაღაცა ძველი ამბების გულიზე ვიღაცა ბოზურათ უტრაკებს და ცოლს აწვალებს.
მე ხო არ მეტყვის ეგრე?
ერთიც არი და, ვიღაცამ არ დარეკა?
ჩემი ოთახის კარები ორი თითის დადებაზე მქონდა ღია, რო მაინც… თამრიკომ რო ლაპარაკები დაუწყო, მე ვერ გავიგე; ვიფიქრე, არც ის იყო-მეთქი, მერე უცბათ დაუკიდა და წავიდა შემოსასვლელში.
გამოვედი და კარს აღებს. ხო მშვიდობაა-მეთქი, თამრი. უხერხულობაში ვარ, სხვისი ოჯახის საქმეს უყურეფ. მარა ეს არი, რო გულით უყურეფ და ჩემი ხმა გაიგო და ესევე გაშეშდა. ფერი არა ჰქონდა და ისე საწყლათ, ისე საწყლათ მიყურეფს, რო მოვკვდი იმ საწყალი შეხედვით.
იმდენი წიგნები აქს და არ იცის, ზურამ რატო დამტოვა აქა?
მიხვედრილია და დაიწყო ტირილი.
თავისით მოსდის ცრემლები და რა უთხრა?
ჩემი ნდობა არა აქს. იცის, ყველა ვარიანტში ზურას მხარეზე ვარ.
თამრიკო-მეთქი, შუაზე გავჭრი, ხერხით გავჭრი, ვინც გატირებს, დრუჟბით.
თურმე, რა პალაჟენიაც არი გარშემო, ის ატირებს. ყველაფერი დადებულია ერთმანეთზე. ეს ეხლა ვფიქროფ. მე ვერ მენდობა. რამდენი ვიცი და ჩემ მეტი მაინც არავინ არი რო ენდოს. სამართველოში რო ვეგდე ფაქტით, იმას შუტკით გაიხსენეფ, მარა ამას რო ვერ ვიხსენეფ შუტკაობით?
გეხვეწები, კარი გააღეო.


გავხსენი კარი და ფეხსაცმელების გასაწმენდავზე დევს ყვავილები. ყვითელი ყვავილები იყო. ეს ტირის.
ავიღე ეს ყვავილები. ძვირიანი არ იყო, ლამაზი კი იყო. შეხედავდა ქალი. ეხლა დამირეკაო, რო შენი კარის წინ ყვავილები დევსო,
აგერ არი. თან აშინებს და აწვალებს, თან ყვავილები მოაქს.
დავაი-მეთქი, რა უყოთ ამას, ზურამ არა ნახოს. ეს რო ვთქვი და როგორ შემომხედა. რო ჩემს მეტი იმ წუთში მომხმარე არა ყავს ქვეყანაზე.
დავაი ბუნკერშიო, ვერც შეხედა წესივრათ იმ ყვავილებს, გავაქანე და ჩაუშვი.
ყავა დავდგი, მეტი რაღა გინდა. იმის შემხედვარე ყავა დავდგი. და რატო ვარ ეგეთი ძაღლიშვილი? ზუსტათ ვიცი: ან ეხლა გათქმევიეფ ყველაფერს, ან როდისღა იტყვი? თამრიკო-მეთქი, შენ შემოგევლე, ზურას რო არ ეუნები, რო რეკავს, შენი ტირილი ღირს? სულ სხვადასხვა ნომრიდან რეკავს?
უყურეფ, დაბმული ყავს გოგო. რაღაცეებით. მე არ ვიცი, რითა.
მეშინიაო, ზურა მოძებნის და მოკლავსო. ყველა ნაბიჯი იცის ჩვენიო.
მე ვკითხე, ზურასი პატივისცემა რო გაქ, მე ეგეთი არ მინახია და შიში რისი გაქ ზურასი. რო გადაირევაო, მე ვკვდებიო და ვინმე რო ვინმეს ეჩხუბება, ვკვდებიო. ეგეთი გაზდილია და რას უზავ? ნამუსს უნახავს იმ ნაბოზარს. იმანაც იცის, ჭკვიანია და დაიხვია ხელზე.
შეხვედრასა მთხოვსო. აშინებს. ხვალე შევხვდეთო.
არ გახვიდე-მეთქი სახლიდან, ვაფშე და აქ რო მოვიდეს, აქ არა ვარ?
სულ მეხვეწება, ზურას არ უთხრა, ზურას არ უთხრა. ამდენი ვის უხვეწნია ჩემთვის? ნუ მეხვეწები-მეთქი, თორე ეხლა მოვკვდები, უხერხულში ვარ.
არ ვეტყვი და ხო უნდა მორჩეს ეს ამბავი?
ძაღლიშვილი ვარ.
მე უთხარი, ხვალ ადექი და ზურას არ გააყვანინო თავი, შენით გადი. აქამდის არ შეგიმჩნევია, რო შენით რო გახვალ, მოგყვები ხოლმე? შენი ტელახრანიტელი ვარ. ხვალაც, გადი და მოგყვები.
და უთხარი მაშინ: ვიპოვი-მეთქი და ზახოდამ არ გაიხაროს, თუ იმან კიდე დაგირეკოს და ზურაც არაფერს დამართებს, რო შენ შეგეშინდეს.
რატო უთხარი?
იმიტო რო, უკვე ვიცი _ არიფია. აბოლებს თამრიკოს.
მკვლელი არ მინახია, ყვავილები მოჰქონდეს. კინო ხო არ არი. აქამდე ასწვდენ. ანდა სულ უნდა დამალული იყვეს.
ახლოში ტრიალებს.
ხვალ თუ ქუჩაში შენ გვერძე დამინახო, არ შეიმჩნიო.
ტიროდა. არიფია. არიფობას რო დაწვავ, გაკეთებულია, ვსიოოოოოო. ოღონდაც, უნდა გამოარკვიო, რომელი არიფია. არიფები ბევრია. ეს ახლოში ტრიალებდა. ზურას კიდე, არ უთხარი. ბოლოს ველაპარაკე.
ძალიან პატივსა ვცემ თამრიკოს ეხლაც…

(დასასრული იქნება)

ავტორი: აკა მორჩილაძე

ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s