ინგა გრიგოლია – ისეთი, როგორიც არის

ინგა გრიგოლია არ ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც არ არის. შესაბამისად, ის არის ისეთი, როგორიც არის.
ინგა გრიგოლია იწვევს მხოლოდ მძაფრ შეგრძნებებს.
ინგა გრიგოლია ცხოვრობს მიზანმიმართულად და სრულად იხარჯება იმ საქმისთვის, რომელიც უყვარს.
ინგა გრიგოლია არ ცდილობს, ყველას მოეწონოს და ისეთ გადაცემებს აკეთებს, რომლებსაც ყველა უყურებს.
ინგა გრიგოლია არის ჟურნალისტი, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება არ სწყალობს და მაინც ახერხებს, იყოს ეთერში.
ინგა გრიგოლია გულწრფელია და პირდაპირი. საკუთარი თავის შეფასებისას, შეუძლია იყოს ძალიან მკაცრი.
ინგა გრიგოლია რომანტიკოსია და მაჩო მამაკაცები მოსწონს.
ინგა გრიგოლია ცოტას ოცნებობს, ცოტას წუწუნებს და საკუთარ თავს თვითონვე ქმნის.
აი, ასეთია ჩვენი რესპონდენტი ინგა გრიგოლია.

აღარ მომწონს, ყველგან საკუთარ თავს რომ ვხედავო, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვთანხმდა ინტერვიუზე. პირველი შთაბეჭდილება ინტერვიუმდე მივიღე. მზიანი და თბილი დღე იყო. საბურთალოზე მშვიდად მომყავდა მანქანა, სანამ თეთრი ~კრაისლერი~ არ ჩამიშხუილებდა. გამოუცდელი მძღოლი ვარ და როგორც წესი, მსგავს პროვოკაციებზე არ ვეგები ხოლმე, მაგრამ ამჯერად იმდენად გამომწვევი იყო ეს ფანჯრებჩაწეული, მაგნიტოფონის ბოლო ხმაზე აგუგუნებული მანქანა, რომ ჩემდა უნებურად, გამოვეკიდე. მძღოლი ქალი იყო და თითქოს მეცნო კიდეც. კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ საჭესთან ინგა გრიგოლია იჯდა. გზა მანქანებით იყო გადატვირთული, მაგრამ სიჩქარეს მაინც არ უკლებდა. არა მგონია, ინგას ჩემი თავგამოდება შეენიშნოს, ლაპარაკში იყო გართული. მაგრამ ვაკის პარკთან მეხუთეთი რომ ავედი და თეთრი ~კრაისლერიც~ რომ უკან ჩამოვიტოვე, გული მოვიოხე და ჩემს დაფეთებულ გვერდზე მჯდომთან თავი მოვიწონე:
ესეც ჩემი პირველიგონკაობა” … რა მაგარიაააა!”
მაგარი იყო.

დანარჩენზე ინგამ და მე უფრო მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. აქ უკვე სიჩქარის აკრეფა აღარ დაგვჭირვებია.

ჩემი ცხოვრების ეტაპები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე ცხოვრებით ვიცხოვრე. ჩემს დღევანდელ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს წარსულთან. უნივერსიტეტში სწავლის დროს, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ისე იცხოვრებ, როგორც დღეს ვცხოვრობ, ვეტყოდი:კარგი ერთი რა, რა სისულელეა!” ანუ ამაზე არც კი მიოცნებია (არ ვიცი, რამდენად საოცნებოა…).”

_ როგორ წარმოგედგინა?

`ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე და მეგონა, მეცნიერებას უნდა გავყოლოდი, დისერტაცია უნდა დამეცვა და ა.შ. ასეთი აქტიური ცხოვრებისთვის განწყობილი არ ვყოფილვარ. ამბობენ, რომ ცხოვრება უნდა დაგეგმო. მე კი პირიქით ვამბობ _ ცხოვრება არ უნდა დაგეგმო იმიტომ, რომ დაგეგმილ ცხოვრებას ისეთი ხიბლი აღარ აქვს. უკეთესი არ არის, როცა ცხოვრება სიურპრიზებს გთავაზობს?”

_ აბა სიურპრიზები?

ეტაპი I: ბავშვობა

`ვიყავი მსუქანი, ძალიან მსუქანი და ამ სიმსუქნის გამო, კომპლექსებით დატანჯული ბავშვი. თავიდან ბოლომდე წიგნებში ვიყავი ჩაფლული. დედაჩემს მეშვიდე კლასამდე ვაბარებდი გაკვეთილებს. სახლში ყოფნა მიყვარდა, თუმცა უამრავი მეგობარი მყავდა. მოკლედ, კომპლექსებიანი, ბეჯითი ბავშვი ვიყავი.
უცბად, მეცხრე კლასში შემიყვარდა. თუმცა, ცოლად გავყევი არა ჩემს შეყვარებულს. ერთი დიდი სისულელე იყო. ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.”

_ ნანობ?

`არ ვნანობ იმიტომ, რომ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მყავს ძალიან დიდი შვილი და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ესაა. ასე რომ არ იყოს, გავგიჟდებოდი.
დედა მთელი ცხოვრება წიგნებზე თავს მარტყმევინებდა. თავისუფლების გემო კი სულ სხვაა. ჩემს შვილს ვეუბნები, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ იცხოვრე. ხანდახან მგონია, რომ ისე ვიყავი აღზრდილი _ ტრადიციულად და ოჯახური დისციპლინით, რომ ჩემი ცხოვრება საათებსა და წუთებში იყო გაწერილი. მუსიკაზეც დავდიოდი და ესეც მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი. ამიტომ ხანდახან მეჩვენება, რომ როგორიც 15 წლის ასაკში ვიყავი, იგივე ვარ ახლაც. იმ დროსაც ასევე ვაზროვნებდი, ბებერი ბავშვივით.
ჩემი და სულ სხვა შემთხვევა იყო. მის მაგალითზე, ცხოვრებაში პირველად აღმოვაჩინე, თუ რა არის დაუმორჩილებლობა. ის არასდროს ემორჩილებოდა მშობლებს და მიმაჩნია, რომ უფრო შეირგო ცხოვრება, ვიდრე მე. ამიტომ მაქსიმალური თავისუფლების მომხრე ვარ. შვილს არ უნდა ეშინოდეს მშობლების, პასუხისმგებლობებით დატვირთული არ უნდა იყოს. იცი, რა ტრაგიკულად მახსენდება? _ სადღაც ვიყავი, წუთებს ვითვლიდი და სულ საათზე ვიყურებოდი _ ვაიმე მამაჩემი, ვაიმე მამაჩემი.
ახლა 34 წლის ვარ და დედაჩემი დღემდე მოითხოვს, რომ ყოველთვის იცოდეს სად ვარ. მან აბსოლუტურად ყველაფერი იცის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება _ ცუდიც და კარგიც. როცა მირეკავს და მეკითხება _ სად ხარ? _ ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩდება ხოლმე, მაგრამ ვემორჩილები. მუშაობა თავისუფლების მოპოვების სერიოზული საშუალებაა. მამაჩემის შიშისგან მას მერე გავთავისუფლდი, რაც ხელფასის აღება დავიწყე. უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, შვილი მყავდა, მაგრამ მაინც მამაჩემის რიდი მქონდა. შეიძლება შიშიც. როცა მუშაობა დავიწყე, როცა ხელფასი ავიღე, მის თვალში მხოლოდ მაშინ გავხდი ტიპი, პიროვნება და გარკვეული თავისუფლებაც მოვიპოვე.~

ეტაპი II: გათხოვება – გამოთხოვება

`გავთხოვდი და ღამის სკოლაში გადავედი. მალევე დავფეხმძიმდი. ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი და მაშინვე უნივერსიტეტში ჩავაბარე. ფეხმიძედ რომ ვიყავი, ერთადერთი, რაც მახსენდება _ თავაუღებელი მეცადინეობაა. კოშმარულად მახსოვს საბჭოთა კავშირის ისტორია. თავს ვაიძულებდი, რომ მესწავლა.
მისაღებ გამოცდებზე ოთხი ხუთიანი მივიღე და შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემს ცხოვრებაში პირველი დიდი გამარჯვება იყო. დღეს, როცა ამბობენ, რომ თუ არ გყავს პატრონი, ისე ვერაფერს მიაღწევ, _ ყოველთვის ვაპროტესტებ. შეიძლება ოდესღაც მეც მეგონა, რომ რაღაცის მისაღწევად ზურგი იყო საჭირო. მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ოთხი ხუთიანი მივიღე ისე, რომ დამხმარე არავინ მყოლია. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება.”

ეტაპი III: უნივერსიტეტი

`არ იყო ტრანსპორტი, ოჯახში არავინ მუშაობდა, ტაქსის ფულიც არ მქონდა და გოთუადან უნივერსიტეტამდე ფეხით დავდიოდი. საქორწინო ბეჭედიც კი გავყიდე, რომ რაღაც ფული გამჩენოდა. აღარც უნივერსიტეტს ჰქონდა ის ხიბლი. რომ ჩავაბარე, აღტყინებული ვიყავი, მაგრამ უცებ განვიხიბლე. მერე გაყინულ აუდიტორიაში ჯდომა კატასტროფა იყო. გაზაფხული არ მახსოვს, უნივერსიტეტში ქრონიკული ზამთარი იდგა. მაშინ მივხვდი, რომ ტრაგედიაა, როცა არ გაქვს კომფორტი. სახლში ხარ _ ცივა, უნივერსიტეტში მიდიხარ _ ცივა. საჯარო ბიბლიოთეკაში ყველაზე დიდი კოშმარი იყო: დიდი დარბაზები და სიცივე. თან, ეს ამდენი ძველი წიგნი საერთოდ მთრგუნავდა.
პირველად სინათლე სტუდენტობის დროს გამოირთო, კატასტროფაში ვცხოვრობდით. მქონია პერიოდი, როცა სამი თვე არ გავსულვარ სახლიდან, აივანზეც კი. არაფერი არ იყო. ის დღეები სულ შავ ფერებში მახსენდება, სულ მოწყენილია და ნაცრისფერი. ბოლოს, დედაჩემმა ძალით გამათრია სახლიდან. იქამდე კი მოდიოდნენ დაქალები და ჯოკერს ვთამაშობდით.”
შვილი

შვილი რომ გავაჩინე, იმ წუთიდანვე არ მქონია აღქმა, რომ მე გავაჩინე. როდესაც პირველად ჩემს შვილთან ერთად ოთახში მარტო ავღმოვჩნდი და ატირდა, აი, ასე ავიყვანე, დედაჩემს შევუყვანე და ვუთხარი:…და თუ არ გაზრდი-მეთქი…” 10-11 წლამდე მარიამი დედაჩემის შვილი იყო. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ დედობრივი დამოკიდებულება არ მქონია… მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში ახლა უფრო ხიბლი აქვს იმიტომ, რომ არანორმალურად მიყვარს. ახლა უფრო ვაცნობიერებ, რომ ჩემი შვილია, ვიდრე წინათ.
ძალიან ვგავართ ერთმანეთს, გაჭრილი ვაშლივით. მე და ის აბსოლუტურად ერთნაირი ორი ადამიანი ვართ. ისიც ძალიან კარგი გოგოა, ძალიან აზრიანი. რომ ჰკითხო, ამბობს, ძალიან ვამაყობ, ინგა გრიგოლიას შვილი რომ ვარო. როცა გვარს ეკითხებიან, ამბობს, რომ გრიგოლიაა. ახლა, 16 წლის რომ გახდება, ჩემს გვარზე უნდა გადმოსვლა. ვეუბნები, რომ მისი გადასაწყვეტია. ამას პატარაობიდანვე ამბობდა იმიტომ, რომ ეკითხებოდნენ, ინგას შვილი ხომ არ ხარო. ხშირ შემთხვევაში, ამით სარგებლობდა ხოლმე. ის, რისი გადალახვაც ცხოვრებაში მე თვითონ მიწევდა, მისთვის უფრო ადვილია, იმიტომ, რომ ინგას შვილია.
14 წელია, მამასთან საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა. არა ჩემს გამო. უბრალოდ, მამას არ გამოუთქვამს ამის სურვილი. არც თვითონ უთქვამს ოდესმე. შეიძლება უფიქრია, მაგრამ იცის, რომ მე არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამიტომ ამაზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე.
ძალიან მინდა, მეორე შვილი გავაჩინო და აუცილებლად გავაჩენ. იმიტომ, რომ… ნუ, მინდა… აი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი შვილი მე არ გამიზრდია. ქალს ოდესღაც ბავშვის გაჩენის და გაზრდის სურვილი უჩნდება. მე ეს პერიოდი ახლა დამიდგა. ვფიქრობ, 1-2 წლის მერე აუცილებლად გავაჩენ. ახალ სახლში გადავალ, დავლაგდები და ამას აუცილებლად გავაკეთებ.”

ეტაპი IV: ინგა ხდება ჟურნალისტი

  • დაამთავრე უნივერსიტეტი, მერე რა ხდება?

მერე იყო ყველაზე დიდი დაბნეულობა, როდესაც არ იცი, რა აკეთო. აცნობიერებ, რომ საქმე უნდა გააკეთო, ფული გჭირდება. არადა, ჩემი პროფესია არაფრის საშუალებას არ იძლევა. ამ დროს, ჩემი მეგობრის წყალობით, რომელიცმოქალაქეთა კავშირის” პრეს-ცენტრში მუშაობდა, მოქალაქეთა კავშირის” პრეს-ცენტრის თანამშრომელი გავხდი. პირველი ხელფასი, თუ არ ვცდები, 30 ლარი იყო. მერე, დაახლოებით ორი წელი ვმუშაობდი იქ. დღეს, როცა ვფიქრობ, თუ საიდან გამიჩნდა, ვთქვათ მუღამი, თუ რაღაც ინტერესი პოლიტიკის მიმართ, ალბათ ეგ იყო. იმდენი რაღაც მესმოდა, რომ როდესაც ჟურნალისტობა დავიწყე, ძალიან მალე მოვერგე ამ საქმეს. მერე საინფორმაციო სააგენტოგეაში” ვმუშაობდი. მგონი, 1997 წელი იყო. ჩემს პირველ სერიოზულ სამსახურში ამ განწყობით მივედი: თუ გავქაჩავ, გავქაჩავ, თუ არა და, რას ვიზამ… აღმოჩნდა, რომ გავქაჩე იმიტომ, რომ 10 დღეში ძალიან სერიოზული ინფორმაციები მოვიპოვე. პირველივე დღეს პარლამენტში გამიშვეს _ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი შევარდნაძეა და ჟვანიაც ვიღაცაა. საერთოდ, პარლამენტში პირველად მოვხვდი და ისეთი ჩაცმული ვიყავი, როგორც პარლამენტში არ დადიან ხოლმე. ეს იყო კურიოზი იმიტომ, რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, სად მიდიხარო. რომ ვუთხარი პარლამენტში-მეთქი, ჩემი გახსნილი კაბა სტეპლერით მიმიწება. პირველივე დღეს მივხვდი, რომ ძალიან არა-ადეკვატური არსება ვიყავი.
მერე ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. დაახლოებით 10 დღეში მივხვდი, რომ უკვე მოვერგე სიტუაციას. ხელფასი პირველივე თვეს ავიღე. ეს იყო გამომუშავება, ანუ არასტაბილური ხელფასი, 280 ლარი. იმ დროს ეს ძალიან დიდი ფული იყო.
მრცხვენია, როცა ამას ვამბობ და, საერთოდ, ვფიქრობ, უნდა ვთქვა თუ არა… რის გამოც ჟურნალისტობა დავიწყე, ეს არ იყო საქმის მიმართ ინტერესი… მე ფული მჭირდებოდა. მყავდა შვილი, ოჯახში არავინ მუშაობდა და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ისეთ სამსახურში, სადაც სერიოზული ხელფასის აღება შემეძლო. მერე გაჩნდა ინტერესი, ძალიან დიდი აზარტი, რომლითაც დღემდე მოვდივარ. სხვა თუ არაფერი, სამსახური რომ არ მეშოვა, ალბათ, ამ ქვეყნიდან უკვე ძალიან დიდი ხნის წასული ვიქნებოდი ისევე, როგორც ბევრი რიგითი ქართველი. ამის პერსპექტივა ნამდვილად მქონდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ გამიმართლა.
დღეს მადლიერი ვარ იმიტომ, რომ ვფიქრობ, არაფერი სხვა მე არ შემიძლია. ვინმემ ჟურნალისტიკიდან რომ გამაგდოს, რომ ამიკრძალონ და მითხრან, რომ შენ არ უნდა იმუშაოო, ალბათ დაბნეული, არაფრის მაქნისი ადამიანი ვიქნებოდი. ასე მგონია იმიტომ, რომ ეს ერთადერთი საქმე აღმოჩნდა, რომელმაც გამიტაცა~.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია

`ჩემი გადაცემები გადის ეთერში, მერე იხურება, მერე ხელახლა ვიწყებ და სულ ვამბობ ხოლმე, რომ სულ ისეთ ეტაპებს გავდივარ, როდესაც აშენებული თავზე გენგრევა. მერე ისევ ნულიდან იწყებ, მაგრამ ეს უკვე რაღაც აზარტია, როცა გბლოკავენ და გიხურავენ გადაცემებს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დაჯდება და სევდას მიეცემა, ტრაგედიას შექმნის ან ტანჯულის იმიჯს მოიხდენს _ მე მინდა ცხოვრება და ყოველთვის აუცილებლად ხელახლა დავიწყებ. ასი ათასჯერ შევიცვლი სამსახურს, თუკი ასი ათასჯერ გამიჩნდება პრობლემა.”

_ შენდამი არის ან ცალსახად უარყოფითი, ან ცალსახად დადებითი დამოკიდებულება…

`თავიდან ძალიან ვღელავდი ამის გამო, მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ყველას უყვარხარ. თუმცა, ვერ წარმომიდგენია, თან იცხოვრო, თან ყველას უყვარდე, თან ის საქმე აკეთო, რაც საკეთებელია. ვიცი, რომ ძალიან ბევრს არ ვუყვარვარ, ძალიან ბევრს აღიზიანებს ჩემი ტონი, გამომეტყველება, აგრესიულობა და ა.შ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ გადაცემას უყურებენ და ჩემთვის ეს არის მთავარი.
ვამბობ, ამ გადაცემების კეთებით და მომზადებით, რეალურად, დავბერდი-მეთქი. ამას წინათ, გადაცემისთვის რაღაც მასალას ვეძებდი და ხუთი წლის წინანდელი ჩანაწერი აღმოვაჩინე. ისეთი პატარა, გაცილებით ცუდი გარეგნობის, მოუვლელი, მაგრამ ძალიან პატარა და ახალგაზრდა ვიყავი. უცებ სარკეს გავხედე და აღმოჩნდა, რომ გარეგნულად ძალიან შევიცვალე; ანუ ასაკი დამეტყო იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ძალიან ვიხარჯები. დედაჩემი ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ ამდენ ენერგიად და ნერვიულობად არ ღირს. მაგრამ მე რომ ეთერში გავუშვა გადაცემა, რომელსაც არავინ უყურებს და ფული ისე ავიღო, ჩემი თავის პატივისცემას დავკარგავ. ამიტომ, მუდმივად ამ დღეში ვარ: ერთი გადაცემა შევარდნაძის დროს დაიხურა, მეორე სააკაშვილის დროს, რევოლუციიდან რამდენიმე თვეში.”

პირადი ცხოვრება

`არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამის წარმოდგენა, მაგრამ ჩემი თავი უკვე მაგიჟებს… პირადი ცხოვრება, _ ვგულისხმობ მამაკაცის არსებობას ჩემს ცხოვრებაში – არ მაქვს. ამ დროს, ძალიან რომანტიკოსი ვარ. არადა, არ მახსენდება პერიოდი, როცა ჩემს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი არ ყოფილიყო. რაღაც ბოლო პერიოდში მოხდა ასე, იქნებ იმიტომ, რომ ჩემი სამსახური, სამწუხაროდ, ჩემთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირადი ცხოვრება და როდესაც სამსახურში რაღაც პრობლემები შემექმნა, თითქოს ვეღარ მოვიცალე.
თან მამაკაცებთან მიმართებაში, არაერთი ტკივილი გადავიტანე. უცბად აღმოჩნდა, რომ ამით არ ვცხოვრობ, მე მარიამით, ჩემი შვილით ვცხოვრობ.
მეგობრები მეუბნებიან, რომ ძალიან შევიცვალე მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრება აღარ მაქვს. უინტერესო და აუტანელი გავხდი, აღარ ვიპრანჭები, მარტო პოლიტიკაზე ვლაპარაკობ. ჩემმა დამ მითხრა, ვინმესთან გააბი რომანი ან საერთოდ აღარ დამეკონტაქტო, მოსაწყენი ადამიანი გახდიო. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ეტაპია.
ძალიან დიდი სიყვარულიც მქონია. ძალიან-ძალიან შეყვარებული ვყოფილვარ და ეს ამბავი ჩემთვის ტრაგიკული ფინალით დასრულებულა. უფრო ფრთხილი გავხდი იმიტომ, რომ ტკივილი, რომელსაც იღებ, განგრევს. ამ ტკივილის ისე მეშინია, რომ სიყვარულს ასე ადვილად ვეღარ დავუშვებ.”

_ ეს ბევრჯერ იყო?

`სულ ორჯერ: ერთი ადრეულ ბავშვობაში. მეორე – დაახლოებით ორი წლის წინ დამთავრდა. სრული შვიდი წელი გაგრძელდა, სერიოზული, დიდი რომანი იყო, რომელიც დამთავრდა იმიტომ, რომ დამთავრდა… ყოველთვის ან ერთი მხარე ტოვებს, ან მეორე. ამ შემთხვევაში მე აღმოვჩნდი ისეთ როლში, როცა დამტოვეს და ეს იყო კატასტროფა ჩემთვის. დავჯექი და მივხვდი, რომ თუ რაიმეს არ შევცვლიდი, გავაფრენდი. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც გადაცემა პირველად დამიხურეს. უსამსახუროდ დავრჩი და ამ დროს დამტოვეს… ვიფიქრე, რომ ახლა ან უნდა მოვკვდე, ან რაღაც უნდა გავაკეთო და გავაკეთე კიდეც. ოცი კილო დავიკელი, ოპერაცია გავიკეთე _ მოვიშორე ხალი, გავიკეთე ტუჩები, რომელიც არ მომწონდა. აქტიურად დავკავდი ფიგურის კორექციით. დავიგრძელე თმები, ჩემს გარეგნობაზე გადავერთე იმიტომ, რომ… ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობ, როცა დაგინახავს, ინანებს. ეს ახლის ძიებას არ უკავშირდებოდა. ალბათ უფრო ძველის დაბრუნების სურვილით იყო გამოწვეული. მაგრამ არაფერი გამომივიდა და ცხოვრება თავისით წავიდა.
ამან რაღაც დადებითიც მოიტანა. გარეგნულად გაცილებით უკეთესი გავხდი. სხვა თუ არაფერი, ქალისთვის ოცი კილოს დაკლება ძალიან ძნელია. ამასობაში იმდენად ფიზიკურზე გადავიტანე ეს ყველაფერი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ტკივილიც გაქრა. ახლა ყველაფერი დამთავრდა. ისე, ქალს სულ აქვს წვრილ-წვრილი ფლირტები და მეც მაქვს, მაგრამ დაახლოებით ორი წელია და ცოტა მეტი, რაც მამაკაცით არ აღვფრთოვანებულვარ, ვინმეს შეყვარების სურვილი არ გამჩენია.

კაცები

როგორც ჩემი და ამბობს, ინგას შავგვრემანი და მსუქანი კაცები მოსწონსო. ვინც კი მომწონდა, მართლა ყველა ასეთია. კარგი, ჯანმრთელი აღნაგობით, კარგინაკაჩავები” და აუცილებლად შავი. როგორც ჩანს, მამაკაცის რაღაც სტერეოტიპი მაქვს. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ინტერესების თანხვედრა თუ არ არის, შენ თუ სხვა პლანეტაზე ცხოვრობ და ის სხვა პლანეტაზე _ ერთმანეთს ვერ გაუგებთ. იმ მამაკაცებთან უფრო საინტერესოა, რომლებთანაც საერთო ცხოვრებისეული ინტერესები მაკავშირებს. ალბათ მაინც იმ საქმესთან ახლოს უნდა იყოს, რასაც მე ვაკეთებ.
ისე, ერთი სასაცილო ამბავი მჭირს: ყველა მამაკაცი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, ვთქვათ, თუ ვინმეთი ვიხიბლები, _ როგორც კი მეგობრები ვხდებით, ან უფრო ახლო ურთიერთობა იწყება, ყველა რატომღაც ჩემზე სუსტი გამოდის. შეიძლება პრობლემა ჩემშია იმიტომ, რომ ეტყობა, გარეგნულად ძალიან ძლიერი ადამიანის იმიჯი მაქვს და ისეთ ადამიანებს ვიზიდავ, რომლებსაც პრობლემა აწუხებს და ჩემთან რაღაც, დედის მომენტი აქვთ, _ არ ვიცი. თითქმის სულ ასეთ მდგომარეობაში ვვარდები და ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა, არ იყო ეგეთი…
საერთოდ, ძალიან ცუდი გოგო ვარ, მაგრამ ვერ ვიტან, კაცი რომ თავის პრობლემაზე იწყებს ლაპარაკს. მე დაუსრულებლად შემიძლია სხვადასხვა თემებზე ლაპარაკი, მაგრამ პრობლემებით რომ გხუნძლავენ მამაკაცები, ამაზე ვგიჟდები და მომენტალურად გავრბივარ. იყო დრო, როცა ძალიან მომწონდა ვიღაც, მაგრამ თავის ფიზიკურ ავადმყოფობაზე იმდენი მელაპარაკა, დაახლოებით ერთ კვირაში ინტერესი დავკარგე, მისი ნომერი ერთხელაც აღარ ამიკრეფია და მასთან ურთიერთობა საერთოდ დავამთავრე.”

მნიშვნელოვანი ადამიანები

~დედაჩემი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემს შვილზე უფრო მეტად მიყვარს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნები. დედაჩემზე რომ ვიწყებ ლაპარაკს, ძალიან სენტიმენტალური ვხდები. ადამიანია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე რაღაცისთვის მიმეღწია. ძალიან უხეშად ჟღერს, მაგრამ მისი იდეაფიქსი იყო, რომ მესწავლა და წარმატებული ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ჩემს საახლობლოში დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, რომელიც იშვიათად უყურებს ხოლმე ჩემს გადაცემებს და როცა ვეკითხები, რატომ არ მიყურებ-მეთქი, მპასუხობს _ ხო, რაღაც სერიალს ვუყურებდიო. ეს არის ადამიანი, რომელსაც ესეც შეუძლია.
დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო. სულ ეჭვიანობით ვიხრჩობოდი ხოლმე. ქუჩაში რომ დავყავდი, ან დასასვენებლად, ათიდან ცხრა კაცი ყოველთვის თვალს აყოლებდა. ეს იყო ჩემი ტანჯვა იმიტომ, რომ რაღაც მაწვებოდა ყელში. ასეთი ეჭვიანი არავის მიმართ არ ვარ. სულ მეშინოდა, მთელი ცხოვრება, რომ ვიღაც დედას წამართმევდა.
დედაჩემმა ჩემს გამო სამსახურს თავი დაანება. ყველგან დავყავდი და თავიდანვე მაიძულებდა, რომ მემეცადინა. რეალურად, მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. დღეს კი დედაჩემი ამბობს, რომ წარმატებული ვარ. მაგრამ თვლის, რომ ძალიან უხეში, ცუდი შვილი ვარ, მშობლებთან მშვიდად საუბარი არ შემიძლია და საერთოდ… დედაჩემმა პირველი დარტყმა მიიღო, როდესაც გამოვაცხადე, რომ საცხოვრებლად ცალკე გადავდიოდი. ეს იყო სამი წლის წინ. მაგრამ დედაჩემმა ყოველთვის იცოდა ის, რასაც ყველაზე ახლო მეგობარს ვეუბნები. ის არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მიგებდა და მიგებს.~

რცხვენია და ამაყობს

`რისიც ძალიან მრცხვენია, ეს არის ერთ-ერთი თოქ-შოუ პირველ არხზე, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. ჩანაწერი რომ ვნახე, ძალიან შემრცხვა. პოლიტიკურად ძალიან ეგზალტირებულები ვიყავით. იქ ელდარ შენგელაიასთან რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ ძალიან შემრცხვა. მახსოვს, ერთხელ უნივერმაღში ფარდებს ვყიდულობდი და გამყიდველმა ქალმა მითხრა, მე თქვენ არ მიყვარხართო. რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, მითხრა, ვერასოდეს ვერ გაპატიებ იმ დღესო. იქ რა პოზიციაც დაფიქსირდა, დღემდე მიმაჩნია, რომ სწორია, მაგრამ ფორმა იყო ძალიან მიუღებელი _ შემიძლია ბაზრის ქალს შევადარო თავი. ძალიან ცუდი ფორმა იყო ეს… ეს არ იყო არც ჟურნალისტის, არც ადამიანის დამოკიდებულება, ეს იყო რაღაც წიწინა ქალი და ძალიან მრცხვენოდა. ელდარ შენგელაიასთან ალბათ არ უნდა გამეკეთებინა ეს. შეიძლება გაგაღიზიანოს ადამიანის ტონმა, ან პოზიციამ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ უნდა შეჰკადრო, როცა შენ ვიღაც ინგა გრიგოლია ხარ. ძალიან დიდხანს, როცა ელდარ შენგელაიას შორიდან ვხედავდი, გვერდს ვუვლიდი ხოლმე. ის დღე შავი ლაქაა, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ გულზე მომეშვა, როდესაც ჩემს გადაცემაში ელდარ შენგელაია მოვიდა და კიდევ უფრო მეტად შემრცხვა, რომ ამდენი ხნის მანძილზე, ბოდიში ვერ მოვუხადე. მთელი გადაცემის განმავლობაში მრცხვენოდა მისი.
იცი რითი ვამაყობ? გამბედაობით. ვამაყობ იმით, რომ არ ვეცემი.~

ადამიანები, ვისთანაც ვერ არის გამბედავი

სტუდენტობიდან მაქვს გამოყოლილი... ყველაზე თავხედურ კითხვებს, რომელიც შემიძლია ყველას დავუსვა, ლევან ბერძენიშვილს ვერ ვუსვამ. ჩემი ლექტორი იყო, ერთადერთი კაცი, ვინც უნივერსიტეტიდან მახსენდება და კიდევ ზურაბ კიკნაძესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, არასოდეს მყოლია გადაცემაში. ლევან ბერძენიშვილი რომ მოდის, იცი რა მემართება? იმდენად პატივს ვცემ, იმდენად სხვა რაღაც მაქვს მის მიმართ, შეიძლება სიტუაცია ითხოვდეს კიდეც რაიმე კითხვის დასმას, მაგრამ ვერ ვუსვამ. რაც არ უნდა თქვას და რომელ არხზეც არ უნდა იჯდეს _ ვუსმენ... ძალიან მაგარი და პრინციპული ადამიანია. როგორც ჟურნალისტს, არანორმალურად დამაკლდა ვახტანგ ბოჭორიშვილი. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ჩემი რესპონდენტი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი... როდესაც გარდაიცვალა, მართლა ცხარე ცრემლებით ვიტირე და როდესაც საავადმყოფოში იწვა, მივედი და ვნახე. თან, სულ მტუქსავდა. არ მახსოვს ისეთი ეთერი, სადაც მას არ დავუტუქსივარ და რაღაც განსაკუთრებული შენიშვნები კი არა, თავდასხმები ჰქონია ჩემზე. ერთხელ მკითხა _სად დაიბადე შვილო, ასეთი კომკავშირელი, სად გაიზარდე?” `ეს ედუარდ სურმანიძე და ინგა გრიგოლია საშინელი კომკავშირლები არიან…” აი, ეგეთი ფრაზები უთქვამს, მაგრამ ვგიჟდებოდი.
კარტოზიასთან დაკავშირებით ძალიან სასაცილო ამბავი გადამხდა. სკოლაში სექსუალურ განათლებაზე გადაცემა გავაკეთე. გადაცემაში რუსუდან გორგილაძე მყავს, რომელსაც ჩავაცივდი და ვეკითხები, რომ პირველი სექსი როდის გქონდა-მეთქი. ჩვეულებრივი, თავხედური კითხვა იყო. რუსიკომ შეიცხადა, რატომ მისვამთ ამ კითხვას ასეთი ირონიით, პირველი სექსი ძალიან ტრაგიკულად მახსენდებაო. გვერდით გურამ შარაძე და შალვა რამიშვილი ისხდნენ. გურამ შარაძემ ჩაიხვია, _ ნუ, ქალბატონო, ნუ, რა საშინელი პირველი სექსი გქონიათ… და პირდაპირ ეთერში ამაზე მიდის ლაპარაკი. უცებ პროდიუსერი მეკითხება, ალეკო კარტოზია რეკავს და შემოვუშვა ეთერშიო. და კი-მეთქი იმიტომ, რომ მე შოუ მაქვს, ჭკუაზე არ ვარ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ თემისთვის, რომელიც გავაკეთე და რომელზეც სხვებს ასე თავხეურად ვეკითხები, მე თვითონ არ აღმოვჩნდი მზად. ალეკო კარტოზია შემოუშვეს ეთერში და ეუბნება, _ ქალბატონო ინგა, მე თქვენთან მაქვს შეკითხვაო. გისმენთ-მეთქი. თქვენ როდის გქონდათ პირველი სექსიო. ჰოდა, ნამდვილი გოიმი ქალივით ვუპასუხე: 16 წლის ასაკში, როცა გავთხოვდი, ჩემს ქმართან… აი, ეს იყო კატასტროფა. და გადაცემა რომ დამთავრდა, შალვა რამიშვილმა მითხრა, _ მარტო იმიტომ დაგინდე, რომ ჩემი მეგობარი ხარო. აი, ეს იყო ყველაზე დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ ამასობაში მე ვაწვები იმას, რომ სექსის თავისუფლება და რაღაც… გადაცემის მერე იმდენმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, სამარცხვინო იყავი, პირდაპირ გეთქვა, 16 წელი, რა საჭირო იყო ეს ~ჩემს ქმართან~ და ~როცა გავთხოვდი~… კინაღამ დეტალები მოვყევი. აღმოჩნდა, რომ სრულიადაც არ ვიყავი მზად ამ გადაცემისათვის.

_ ენერგიის აღდგენას ახერხებ?

კი, ვახერხებ, მაგრამ, როგორ _ არ ვიცი. ძილით, ძირითადად. როდესაც გადავიღლები ხოლმე, ტელეფონს ვთიშავ და ერთ დიდ, ძალიან გემრიელ გამოძინებას ვაწყობ. ისედაც ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. ძირითადად მიკოტრიალებული ვარ და ტელევიზორს ვუყურებ. დიდი და კარგი სახლი რომ მქონდეს, მაგალითად, გემრიელ ბლინებს შევჭამდი, ვიშოვიდი კაცს, რომელსაც მსუქანი ქალები უყვარს და ვიქნებოდით სულ სახლში, ასე მშვიდად და ბედნიერად.~

_ თუ არა ჟურნალისტიკა, მაშინ?…

`მზერა” რომ დაიხურა, მაშინ ერთ-ერთი პარტიიდან სიაში შეყვანა შემომთავაზეს და უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ ვაპირებდი, მართლა არ ვაპირებდი. ბოლო პერიოდში, რომ არ მოგატყუოთ, უფრო სერიოზულად ვფიქრობ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი არჩევნების დროს რაღაცეები გადავწყვიტო. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჟურნალისტიკა, თან ამდენწლიანი. ხანდახან პოლიტიკოსებს რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, მათ ადგილას რას ვიტყოდი და სულ მინდა, რომ, სხვა თუ არაფერი, რჩევა-დარიგებები მივცე. თუ რაიმეს გადავწყვეტ, ეს არ იქნება არც ერთი პარტია. ალბათ დამოუკიდებელ მაჟორიტარულ პრიციპს ავირჩევ. ერთადერთი, რასაც ვერ შევძლებ, ალბათ არის ის, რომ ასეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ, მოშვებას ვერ შევძლებ.~

განცდები

`შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყველაფერს ისე განვიცდი ხოლმე, იგივე პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში, გეგონება, ეს ჩემი ოჯახია და ამის იქით არაფერი აღარ არის. მქონია შემთხვევა, როდესაც სხვა ეთერში, არა ჩემთან, ან ჩემივე ეთერში, ვიღაც რაღაცას ამბობს და აი, ამას განვიცდი, რომ რატომ ამბობს… მსგავსი დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ ადრე ნამდვილად არ მქონდა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო ქვეყანა, სადაც გაზი არ გვქონდა, შუქი არ გვქონდა, ფული არ იყო, არაფერი არ იყო და ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, რა მეშველება? ანუ სტუდენტობის პერიოდში არ მქონია ასეთი რამ. ახლა რაღაც არანორმალურად განვიცდი ყველაფერს.
თუმცა ჩემს ქვეყანაში ყოველთვის მაქვს რაღაც არასტაბილურობის განცდა. ეს დიდი ხანია გრძელდება. შეიძლება ეს განცდა ჩემმა მუდმივმა სამსახურეობრივმა პრობლემებმა, ცვლილებებმა მოიტანა, ანუ სულ ქაოტურად მიდის ეს ყველაფერი~.

სურვილები

`ძალიან მარტივი სურვილები მაქვს. აუსრულებელი ოცნება მქონდა, მაგალითად, მინდოდა ჩემი სახლი მქონოდა, რომელიც წელიწადნახევრის წინ შევისრულე იმიტომ, რომ ჩემმა ფინანსებმა, ჩემმა ხელფასმა ამის საშუალება მომცა. დღეს მაქვს ჩემი სახლი, ვერაზე, რომელიც ახლა რემონტდება. და ერთი სული მაქვს, როდის გადავალ. ეს იყო ჩემი სურვილი.
ასევე ძაან მარტივი სურვილია, რომ ჩემმა შვილმა დროულად ჩააბაროს… ჯერ არაფერი არ აურჩევია, მეცხრე კლასშია და აბსოლუტურად გაურკვეველია თავის მომავალთან დაკავშირებით.
მინდა, დიდხანს ვაკეთო ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე იმის შიში, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ არ აღმოვჩნდე უსამსახუროდ~…
10 წლის მერე

`დაახლოებით 10 წლის მერე აუცილებლად მოვაგროვებ ფულს და ყველაფრის პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ. როგორც კი ჩემი შვილი სტუდენტი გახდება და მუშაობას დაიწყებს, აუცილებლად მოვაგროვებ. არ მინდა, რომ დავბერდე, გავგიჟდები. ვიქნები ისეთივე, როგორიც ახლა ვარ, ანუ არ დავბერდები. ადრე არ მქონდა ასეთი ისტერიკა, მაგრამ ზოგიერთს ხანდახან იმხელა ვგონივარ, რომ ვგიჟდები. ამიტომ ყველაფრის ოპერაციას გავიკეთებ, რისი გაკეთებაც შეიძლება. შესაბამისად, ვიქნები ისევ იგივე ამპლუაში, როგორშიც ახლა. უსამსახუროდ თავი ვერ წარმომიდგენია.
ყველაზე ძალიან ცხოვრებაში იმის მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს უფუნქციოდ არ დავრჩე.”

P.S. `გამიგია სხვადასხვა ადამიანების ნათქვამი, რომ პოპულარობა დამღლელია. მე ეს განცხადებები პოზა მგონია. პოპულარულობა საერთოდ არ არის დამღლელი. ძალიან მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა.~

ავტორი: შორენა შავერდაშვილი

ფოტო: დავით მესხი

ფოტო: ლევან ნუცუბიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s