ეკატერინე ჯაფარიძის ამბები და ადამიანები

ერთი დიდი პოეტი (რომლის ციტირებაც ჩვენს სამშობლოში რატომღაც იქედნურ ღიმილს იწვევს, აქაოდა, სნობი ხარ და მატრაკვეცაო), ამბობდა, რომ ლიტერატორი ზედსართავ სახელებს უნდა ერიდოს _ თუ ნამდვილი პოეტია, სათქმელს ისედაც იტყვის, მკითხველისთვის საკუთარი შეფასებების თავს მოხვევის გარეშეც. ისიც ვიცი, რომ ერთ დიდ მწერალს სასამართლოში უჩივლია, უტიფარმა გამომცემელმა ჩემი წიგნის ილუსტრირება როგორ გაბედა, მე ხომ ის მინდოდა, გმირი ქალი ყველას თავისებურად წარმოედგიანაო. და მეც, _ რამხელა ამბიციაა! _ გადავწყვიტე, რომ ეკა ჯაფარიძის შესახებ სწორედ ასე გიამბოთ _ ობიექტურად. ვნახოთ, რა გამომივა.
დიდი იმედი მაქვს, რომ მიხვდებით, როგორი ქალია.

ვიღაცამ დარეკა და ეკამ აუხსნა, რომ ხალიჩა ძალიან მარტივად, სარეცხი საპნით უნდა გარეცხოს. მერე განგვიმარტა: ფხვნილს თუ მოაყრის, ფერები გადაუვა და დარჩება თეთრი…~ იმ დღემდე ჩემთვის ეკა ჯაფარიძესალვეს ეკა~ იყო. გახსოვთ? ფოტოალბომი იყო ასეთი, თბილისის სადარბაზოების, 1997 წელს გამოიცა და თუმცა არ მიყიდია, მაინც ზეპირად ვიცი _ სადაც კი ვნახე, ყველგან ჩავუჯექი. მერე ერთ საკმაოდ უსუსურ შეკრებაზე ამოვყავი თავი, რომლის მიზანიც ძველი თბილისის გადარჩენა იყო _ იქ ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ეპოქალური სიტყვები წარმოთქვა: ხალხო, რით ვერ გაიგეთ, ჩვენ გოიმი ერი ვართ და იმიტომ ვექცევით ამ ქალაქს გოიმურად!~ იმ შეკრებაზე მითხრეს, აი, ისაა სადარბაზოების ეკა ჯაფარიძეო, და მერე უბრალოდ ვესლმებოდი ხოლმე. ახლა კი, მრავალი წლის შემდეგ, მასთან სტუმრად აღმოვჩნდი. არადა, თავიდან სულ არ მიმიხაროდა _ სახლის გამო. როცა საშუალო სტატისტიკური მჩხიბავი მომავლის წინასწარმეტყველებას ლამობს, ამ სიტყვათშეთანხმებას, ეროვნების მიუხედავად, ყოველთვის რუსულად წარმოთქვამს ხოლმე:კაზიონნი დომი~. დიასახლისის გემოვნებაში, სალვედან~ გამომდინარე, ეჭვი არ შემპარვია, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა, რა უნდა მოუხერხოს ადამიანმა სტანდარტულ, ე.წ. სამთავრობო აგარაკს, სადაც მცხოვრებლები სულ იცვლებიან, ქართული წესის თანახმად (გაჯავრდით!), სანუკვარი, მტკიცედ გარანტირებული საკუთრების გარდა, არაფერს დაგიდევენ და, შესაბამისად, ამდროებით~ სამყოფელზე მოსაწყენი რამ,ს ძნელი წარმოსადგენია ხოლმე.
ეს სახლი კი სხვანაირია. სულ სხვანაირი.
ეკამ ბრძანა, რომ შეუმდგარი არქიტექტორია, თუმცა დაუსრულებლად შეუძლია არქიტექტურაზე ლაპარაკი.
ეკა ჯაფარიძემ ისიც თქვა, რომ ოდესღაც ეგონა, ფერმწერი ვიქნებიო, და ამ სიამოვნებაზეც უარი თქვა _ იმიტომ, რომ გაიანე ხაჩატრიანი გაიცნო, რომლის ცხოვრებაც ფერწერაა, ეკას კი თავისი ცხოვრების მთლიანად ფერწერისთვის დათმობა სულაც არ მიაჩნია სავალდებულოდ _ დიდება ღმერთს. სამაგიეროდ, ქალბატონ გაიანეს შესახებ მიამბო, და აუცილებლად ვეცდები, ოდესმე ეს დიდებული ქალი მეც გავიცნო და თქვენც გიამბოთ მის შესახებ. მართალია, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს საქმე ეკასავით გამომივა.

ძველი და ახალი წიგნის ამბავი

იქნებ თბილისურ სადარბაზოებზე გვესაუბრა? ეკამ თქვა, რომ ეს წიგნი, 1997 წელს გამოცემული, აქტუალური თემა ნამდვილად აღარაა.
კარგი. მაშინ ახალ წიგნზე ვილაპარაკოთ და ყაჯარულ ფერწერაზე, რას იტყვი? არა, ის ჯერ არ გამოსულა. მხოლოდ გარეკანი ვნახე, ქაშმირისა და ერთი-ორი რეპროდუქცია, ეს იყო და ეს. `ჩემი გოგოები!~ _ ეკა ხალებიან, მორთულ-მოკაზმულ გამოსახულებებს ეფერებოდა.
ისიც, რაც პირველივე ოთახში კედლებს ამშვენებს, ყაჯარული ფარდები ყოფილა, ხელით მოხატული, ქალებით, კაცებით და, რაც მთავარია, ლომით და მზით დამშვენებული. ეკამ მომახსენა, რომ ეს ლომი და მზე ძალიან მნიშვნელოვანი ვინმეები არიან: სხივოსანი მზე გურჯი-ხათუნია, ხოლო ლომი _ სულთან ქაიხუსრევის სიმბოლო.
ყაჯარების ამბავი

ყაჯარებმა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის გზა განვლეს, ხან ბრწყინვალე გამარჯვებები ხვდათ წილად, ხან _ სასტიკი დამარცხება.
ყაჯართა ჟამთაღმწერი ჰყვება, რომ მათი წინაპრები ბედნიერად ცხოვრობდნენ თურქესტანში, ზაფხულის თვეებს მთის საძოვრებზე ატარებდნენ და ზამთარში მშვენიერი ქვეყნის უხვ ჭალებში ჩადიოდნენ. ტომის აყვავება ხუთმა ძმამ დაიწყო, ხუთივეს დიდება ეწადა, ხუთივე უშიშარი მებრძოლი იყო: ჩვენ, ხუთი ძმა, ერთი ფესვიდან მოვდივართ,
ჩვენ ბედისერის ხელის ხუთი თითი ვართ,
ფეხზე წამომდგარებს გამარჯვების დროშა გვაქვს აღმართული,
გაერთიანებულნი მტერს სახეში ვცემთ ლახვარს…~
აი, ასეთი ხუთი ძმის ჩამომავალთა ხელოვნების შესახებ იქნება ეკატერინე ჯაფარიძის ახალი წიგნი.

კარგი, ყაჯარებსაც შევეშვათ. გინდა, ქალებზე ვილაპარაკოთ? ვიფიქრე, ამის შესახებ სწორედ ასე ძალიან ქალურს უნდა ვესაუბრო-მეთქი. სიამოვნებით ამყვა, ოღონდ სულ სხვა მისამართით _ დიდი მამაკაცების ქალებზე მიამბო.

დიდი კაცის ქალის ამბავი

შენ ქალი არ ხარ, შენ გამონაკლისი ხარ,~ უთქვამს ერთხელ ვლადიმირ მაიაკოვსკის ლილია ბრიკისთვის. ქალი რომ არ იყო, ეს მჯერა. როგორც ჩანს, გამონაკლისიც იყო, თორემ რამ გაამწარა ამხელა კაცი? ლილია ბრიკის შესახებ ერთმა ჭკვიანმა ქალმა, ლიდია გინზბურგმა ბრძანა, რომის მნიშვნელოვანია არა ბრწყინვალე გონების ან სილამაზის წყალობით, არამედ მისთვის დახარჯული ვნებების, პოეტური შთაგონებისა და სასოწარკვეთილების გამო~. ამ შეფასებას კიდევ რა უშავს _ ანა ახმატოვამ მთლად მიწაში ჩადო: შეღებილი თმა და თავხედი თვალები ნათრევ სახეზე~. კარგია? ეკა ჯაფარიძემ კი ის მიამბო, რაც მისთვის ოდესღაც სერგო ფარაჯანოვს მოუყოლია. მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ლეგენდარული ქალბატონი ბრიკი დაუნდობლად აღწერა: ჩიტივით სახე, დახატული წარბები, პომადით მოხაზული უსისხლო პირი, წვეტიანი მუხლები… ამ სასწაულმა ქმნილებამ ერთ წინადადებაში მოახერხა დიდი მაიაკოვსკის ქება-დიდებაც და მიწასთან გასწორებაც. ეკამ მომიწოდა, ციტირებისგან თავი შეიკავე, ასეთი რამის სათანადოდ მოყოლა მხოლოდ ფარაჯანოვს შეეძლოო (უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი, როცა საქმე ოფიციალურ განცხადებებს შეეხებოდა, ფრიად კორექტული იყო:ლილია იურის ასული ყველაზე შესანიშნავი ქალია, რომელიც ბედმა შემახვედრა~).
ლილია ბრიკი, ქალი, რომელმაც გენიალური მამაკაცის მეშვეობით შეძლო ისტორიაში შესვლა. ეკას მსგავსი არსებების ფენომენი ძალიან აინტერესებს, ალბათ ისევე, როგორც ყველა სხვას: რა პრინციპია? ერთგან თავად ლილიასეულ ახსნა-განმარტებას გადავაწყდი, დიდად სარწმუნოდ არ ჟღერს, მაგრამ მაინც:
`მამაკაცი უნდა დაარწმუნო, რომ ის შესანიშნავია, ან სულაც გენიალური, მაგრამ სხვებს ეს არ ესმით. და იმის ნება უნდა დართო, რასაც სახლში უშლიან _ ვთქვათ, მოწევის ან სადმე გამგზავრებისა. დანარჩენს კი კარგი ფეხსაცმელი და აბრეშუმის თეთრეული მიხედავს~.

ისე, ამდენ წვალებას, არ ჯობია, სულ არ გჭირდებოდეს არაფრის მტკიცება? არ ჯობია, თავად შენ გხატავდნენ, თან ისე, რომ პორტრეტი აშკარად შენით აღტაცების შედეგი იყოს? ერთი ასეთი პორტრეტი ეკა ჯაფარიძის სახლში მისაღებ ოთახს ამშვენებს. მისი ავტორი რუსი მხატვარი ივან ლუბენნიკოვია, მოდელი _ თავადაც მიხვდებოდით _ ეკატერინე ჯაფარიძე. ეკამ თქვა, რომ ბევრი ნახატი ერთად _ ეს არ უყვარს, მხოლოდ ისინი აქვს ჩამოკიდებული თუ გამოდებული, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასია: ალბერტ დილბარიანის, იური კუპერის ნამუშევრები, პეტრე ოცხელისა თუ ეთერ ჭკადუას ნამუშევრების ფოტოასლები, გუგა კოტეტიშვილის ფოტოები ციკლიდან `ინდოეთი~… მაგრამ ის პორტრეტი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, სრულიად განსაკუთრებულია, და აი, რატომ:

პორტრეტის ამბავი

მოსკოვში ყოფნისას მამამ, ალიკა ჯაფარიძემ, ქალიშვილი იქაურ ცნობილ მხატვართან, ივან ლუბენნიკოვთან წაიყვანა სახელოსნოში. ივან ლუბენნიკოვი ფრიად უცნაური კაცია (ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ხელოვანი საერთოდ ასეთი უნდა იყოს _ აუტანელი; მე მათი ატანა მართლა არ შემიძლია), სტუმრები დიდად არ უყვარს და სახელოსნოში ყველას არ უშვებს.
ტაგანკის თეატრის, მოსკოვის მაიაკოვსკის თეატრის, ოსვენციმის მუზეუმის რუსული განყოფილების გამფორმებელი და განუმეორებელი ფერწერული სტილის შემქმნელი ივან ლუბენნიკოვი იმხანად იმდენად ცნობილი არ იყო, რამდენადაც დღესაა _ თუ უკანასკნელი რამდენიმე წლის პრესას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მასზე ყველა წერს, და ნარკვევების სათაურებიც მრავლისმეტყველია: როგორ გაცვალეს ახალმა რუსებმამერსედესი~ ტილოზე~, ღამის კლუბი ახალ მეტროს სადგურში~,უფრო ფანტასტიკური არ არსებობს~… ის ძალიან გაბედული მხატვარია, ბოლო დროს ტილოს მოოქროვილ და მოვერცხლილ ზედაპირსაც არ ერიდება. მის ტილოებზე ვერც პერსპექტივასთან თამაშს და ვერც რთულ დეტალებს შეხვდებით, მხოლოდ მოვლენის~ არსთან გვაქვს საქმე: მაგიდაზე ვაშლი დევს _ ან სავარძელში მჯდომი ქალი, კერძოდ, ეკატერინე ჯაფარიძე ეწევა. მის სახელოსნოში სტუმრად მისული ეკა მართლა სავარძელში იჯდა და მართლა ეწეოდა, ოღონდ არავის დაუხატავს _ ლუბენნიკოვი მხოლოდ მასპინძელი იყო, ძირითადად, ეკას მამას ესაუბრებოდა. ეკა კი, როგორც მოგახსენეთ, სავარძელში იჯდა და ეწეოდა. ეს იყო და ეს. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ, როცა ერთ ქალბატონთან, იმხანად აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის ასულთან ერთად, ეკამ კვლავ მის სახელოსნოში ამოჰყო თავი. მხატვარმა კითხვა დაუსვა:გინდათ, თქვენი პორტრეტი განახოთ?~ რასაკვირველია! და გასვლისას: არ გინდათ, თქვენი პორტრეტი თან წაიღოთ?~ რა თქმა უნდა! ასე აღმოჩნდა ივან ლუბენნიკოვისეული ეკატერინე ჯაფარიძე წყნეთში, ყოფილი უსახური აგარაკის მისაღებ ოთახში. ეკას მოსმენისას ერთი ტკბილი ქალი გამახსენდა _ ოდესღაც სეფექალი, ძალიან მოხუცი, ლამაზი-ლამაზი, გამჭვირვალე თვალებით; იმან იცოდა ასე თხრობა:მშვიდობიან დროს, როცა გირვანქა კარაქი ნახევარი კაპიკი ღირდა…~ ეკაც ასე ჰყვება, ან მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება _ ვერ გეტყვით, რადგან დიქტოფონის ჩართვაზე იმთავითვე ავიღეთ ხელი: სტუმრად ვიყავით, ისე ვლაპარაკობდით, რა, ამ მთისას, იმ ბარისას, ვიღაცეებს მივწვდით კიდეც, და ეკას თქმისა არ იყოს, `რა გინდათ, რუსთაველზე გალიით ჩამომატარონ?~ არა, ნამდვილად არ მინდა, ისევ ეკას მიერ მოყოლილ ამბებს მოგიყვებით, ვთქვათ, სახლისას.

სახლის ამბავი

იმ ცუდ წლებში, როცა ციოდა, ბნელოდა, ძაღლები ყმუოდნენ და დაბნელების შემდეგ, ქუჩაში შეიარაღებულ მამრს ან თავშალმოხვეულ ეკლესიურ გოგონას თუ გადააწყდებოდა კაცი, ქალაქ თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, მეიდანთან, სახლი იდგა. `სამსართულიანი სახლი~ _ ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ბელვედერის სასახლეს ნუ წარმოიდგენთ _ პატარა, მოკრძალებული სახლი იყო, რომლის ფანჯრებიდანაც დიდებული ხედი იშლებოდა, და რომელიც იმ ცუდ წლებში (სულ მგონია ხოლმე, რომ მაშინ გაზაფხული საერთოდ არ დამდგარა, ვერა მაქვს ტკბილი მოგონებები), სულ რაღაც სამ ათას ამერიკულ დოლარად იყიდებოდა.
ისევე, როგორც ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს, ეკატერინე ჯაფარიძესაც ძალიან მოუნდა მისი შეძენა, და სახლის მდგომარეობის შესაფასებლად, მეგობარ არქიტექ­ტორებს უხმო. მათ ერთხმად ბრძანეს, ხუთ წელიწადში დაინგრევა, თავის გაფუჭებად არ ღირსო.
მაგრამ ეკამ სახლი იყიდა და არასოდეს უნანია. ამ სახლში უამრავმა ადამიანმა იცხოვრა და ყველა ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირმა სტუმარმა, ერთმა ჩინებულმა მხატვარმა მოახერხა, სადღაც მუნი აიკიდა და მრავალს გადასდო. ამ სახლში მშვენიერი ხელოვანები მუშაობდნენ და დიდებულ მამაკაცებსა და ქალებს უყვარდათ ერთმანეთი. და როცა ზუსტად ხუთი წლის შემდეგ, ეკას მეიდანის ლეგენდარულმა მკვიდრმა, ედუარდ მემედ-ზადემ დაურეკა, სახლი დაინგრაო, გული დიდად აღარ დასწყვეტია _ სამი ათასი დოლარი და ერთი საბრალო სახლი მრავალი ადამიანის ხუთწლიან ბედნიერებასთან რა მოსატანია?!

…ეკა ჯაფარიძისგან მომავალმა გადავწყვიტე, რომ თავსაც უნდა მივხედო და სახლსაც. ხალიჩასაც გავრეცხავ და ხელოვნების მუზეუმშიც წავალ, ყაჯართა ლამაზმანების კვლავ სანახავად.
ვაღიარებ, ენთუზიაზმი დიდხანს არ გამყოლია. ვზარმაცობ. თავის გამართლება მაინც შემიძლია: თქვენთვისაც ხომ უნდა მეამბო ეკატერინე ჯაფარიძის ამბები? ხალიჩა კი არსად გაიქცევა _ ამდენი წელია, არსად გაქცეულა და რაღა ახლა დაემართება არდასამართი…

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s