მოსკოვი

მე, ფოტოს კაცი და მოსკოვი

27.03.2005
დილით ადრე, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა _ იცი, საათმა ერთი საათით წინ რომ გადაიწიაო?~ ვაიმე, ტროიცკი? ჩქარაა... და დაიწყო ის, რაც არასდროს დამავიწყდება. ახლა კი შემიძლია მეც ვთქვა _ ცხოვრებაში მაგარი ექსტრემი მიმიღია-თქო, და ნამდვილად არ მოვიტყუები. რისიც მეშინოდა, ზუსტად ის მოხდა _ ვაგვიანებთ, წაღმა-უკუღმა ვატრიალებთ რუკას და ჩემი ისტერიკაშერეული ხმა მოსკოვის ცირკთან ისმის _აი, ვიცოდი რა! ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. დავაგვიანებთ და მერე?~. ღმერთო, და ეს ყინულზე სირბილი რაღა ყოფილა?! აბა, როცა აგვიანებ, რას იზამ? ფეხის წვერებზე, ნარნარად გაივლი? ერთადერთი, რაც უცებ მახსენდება საბრალო ლაიზაა ბიძია თომას ქოხიდან~. ჩემო ძვირფასო ლაიზა, როგორ მესმის შენი... ახლა მთავარია, არ დავარდე~. თუ დავვარდი, თავი უნდა შევიკავო, არ დავეხეთქო მოსკოვურ ყინულს~,ხელები, ხელები? ხელები აქაა, თუ რამეა, მივაშველებ~. `ვაიმე, ეს სად ვართ? სწორად მივდივართ?~. თუნდაც, ქუჩაში გამვლელს ზედმეტად ზრდილობიანადაც ჰკითხე _ გეთაყვა, ხომ ვერ მიმასწავლიდით, სად შეიძლება ესა და ეს ქუჩა, ან ესა და ეს სახლი იყოს? არა, არც იფიქროთ, რომ პასუხად Туда-ზე და იმ მიმართულებით თავის გაქნევაზე მეტს ეღირსოთ, რასაც ეს Туда ნიშნავს. ჰა, ჰა, დაფიქრდნენ და… მაინც იგივეს გეტყვიან.
P.S. მივაგენით. დანიშნულ დროს უკვე კარზე ზარს ვრეკდით.

28.03.2005

ძალიან დავიღალე და წერაც მეზარება. გავაკეთეთ პრაპისკა~. ვიყავითფლეიბოის~ კაცთან; და კიდევ რა? მეტი დიდი არაფერი. ტაქსისტმა `დაგვაგოიმა~ და თან როგორ…

29.03.2005

თითქმის დავყრუვდი. არა, ცოტა კიდევ რომ დავრჩე, მართლა დავყრუვდები _ ეს რაც შეეხება ყურებს. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მოსკოვის მაღალი მოდის კვირეული იმართებოდა. ეტყობა ფლეი ბოის~ კაცთან ისეთი ღრმა მწუხარების გამომხატველი სახით ვთქვი ეს, რომ... მოკლედ, ერთი დარეკა და ახლა მე, ჩემი ფოტოს კაცით, აქ ვარ. მაგარია! პირველად ავღმოჩნდი ასეთ ჰი ფასჰიონ სიტუაციაში, მაგარი მოდელებით, გიჟურად ხმამაღალი მუსიკით და მე რომ მიყვარს _ ბევრ-ბევრი ლამაზი სამოსის, სამკაულების და თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანების გარემოცვაში. მოკლედ, ერთხელ მაინც უნდა ნახოთ. არნგოლდტის კოლექციაც საკმაოდ სადა, ელეგანტური და დახვეწილი აღმოჩნდა. მართლა კარგი იყო. არადა, აქამდე გაგებულიც კი არ მქონდა ეს სახელი. დარბაზიდან გამოსვლისას, პატარა, მაგრამ მაინც ერთი Толкучка მოვაწყვეთ. ისე, რა მართალი ყოფილა ჩემი ფოტოს კაცი, რომ ამბობდა, სიტყვა Толкучка რუსების გამოგონილიაო! ისე კი, მერე უფრომაგარი~ იყო, როცა ამ Hი სიტუაციიდან ისეთში ავღმოჩნდით, რომ… ანუ მეტროში, რა. ვდგავართ მე და ფოტოს კაცი ბაქანთან. მოდის აბსოლუტურად გადაძეძგილი მატარებელი, კარებზე პლაკატებივით აკრული ხალხით. ჩვენ: აუ, შემდეგს დაველოდოთ, რა!~ ეს ფრაზა დამთავრებული არ გვქონდა, რომ... რაღაც უხილავმა ძალამ, თითქოს ჰაერში აგვიტაცა და პირდაპირ გაღებულ კარებში ვიღაც ბიძიას დიდ ზურგს მიმახეთქა _ მეც, ფოტოს კაციც და ჩვენს უკან ასე, 3-4 რიგად მდგარი ხალხიც. ფეხებს ვერ გრძნობ, ხელებს ვერ გრძნობ, თავს ვერ ატრიალებ... აქტუალური მარტო ყურებია და ხმა _ სად ხარ? _ აქ. _ აქ, სად? _ აქ. _ როგორ გავალთ? ამ კითხვას მეორე მხრიდან ვიღაცის სწრაფი რეაგირება მოსდევს: _ Вынесут! Вынесли. ისევ ისე _ თავს ვერ გრძნობ, ფეხს ვერ გრძნობ, თავს ვერ ატრიალებ. ასეგავიფრინეთ~ (ფეხს რომ მიწას ვერ ახებ, მაგ სიარულს, აბა რა ჰქვია?) გრძელი დერეფანი და ესკალატორის დახმარებით მიწისქვეშეთსაც დავაღწიეთ თავი.

ღმერთო, რა კარგი ყოფილა ფეხები!

30.03.2005

დღეს ფოტოს კაცი გაუთავებლად გუგუნებს: მეორედ არ ჩამოვალ ამ ქალაქში… როგორ ცივა… ეს რა არის… ის რა არის… ხედავ, ხედავ იმ ქალს?! ნახე, როგორ მოიმარჯვა იდაყვები, რიგში უნდა შევარდეს!
მეტეორივით ჩაგვიქროლა ელდარ რიაზანოვმა. მოსფილმში ვიყავით და _ არა, ბავშვებო, არ მცალია. ფილმის გადაღებას ვიწყებ და ერთადერთი აი, იქ თუ ვასწრებ შერბენასო~. იქ ვიხედები – საპირფარეშოა. ~სხვა დროს, ძვირფასებო, სხვა დროს~... სხვა დროს, სხვა დროს. როდის სხვა დროს? მერე... მერე ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა: Boulot, Metro, Dodo, ანუ სამუშაო, მეტრო, ძილი. მეც მახსენდება რა, კრასნოსელსკაიას გაჩერებაზე საფრანგეთი და French გამოთქმები! ყველგან ხომ ნამგალი და უროა. გაჩერებებს ისეთი სახელები ჰქვია, გგონია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება საყვირმა დაჰყვიროს და მოკლე, ლურჯ შორტებში გამოწყობილმა გაჯგიმულმა პიონერებმა ჩაგიარონ, თავისი პიონერ-ხელმძღვანლით. არა, არ ვაჭარბებ, თვითონ იმსჯელეთ: კრასნომოლსკაია, პიონერსკაია, ახალგაზრდული, ენთუზიასტების შოსე... ისე კი, ყველას _ დიდსა თუ პატარას _ მუდამ წიგნი უჭირავს. ძირითადად,იპოვე თავი შენი~, `მე და იოგა~. მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ბორის აკუნინია.

31.03.2005

ხომ ვიცოდი, ისევ ვაგვიანებთ ინტერვიუზე. უკვე ძაანაც დავიღალე ამ გადარბენებით და ვიცი, რომ აღარასოდეს, საქმისთვის აღარასოდეს არ ჩამოვალ მოსკოვში. ამ ქალაქში რიტმია ისეთი აჩქარებული, კინოკომედიებში რომ გინახავს: დილით დგები, გარბიხარ, მორბიხარ, შერბიხარ, გამორბიხარ, მირბიხარ სახლში და წვები.
ოო, ახლა რა კარგი იყო დღეს ტაქსში! ეტყობა მე და ჩემმა ფოტოს კაცმა ავაშენეთ ნახევარი მოსკოველი ტაქსისტები _ აქა და აქ მიმიყვანთ, ძალიან მეჩქარება, 20 წუთში მაინც, უკვე იქ უნდა ვიყო. რამდენი?~ _ნუ, 300 რუბლი.~ კარგი. ჯდები. და მინუს 20-ით სიარულის მიუხედავად, იქ ზუსტად ხუთ წუთში ხარ. გზაში კი რუსულ შლაგერებს~ უსმენ. რაღაც სიმღერა იყო, როგორ მიცურავდნენ ის და გოგო ნავით, მერე დაკარგეს ნიჩაბი, და აფრაც სადღაც გაქრა. ბიჭმა კი შარვალი გაიხადა და ჩამოჰკიდა ნავში და.... და. არა, გენიალური სიმღერები არც ჩვენ გვაკლია. ამაში კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბედნიერება იყო, საღამოს ტიტოს რომ შევხვდით და კაფეგოგოლში~ წავედით. ცოტა დავლიეთ. აბსოლუტური ყინვიდან სითბოში შესულს, კარგა ხანი მტკიოდა ცხვირი. მაგრამ `მოხიტომ~ დამავიწყა ცხვირიც, სოროკინიც (რომელიც ვერა და ვერ დავიჭირე) და ისიც, რომ სახლში შეიძლება რედაქციიდან დაერეკათ. ერთხელ მაინც ხომ უნდა აიშვა? თუნდაც სამსახურეობრივ მივლინებაში იყო!

01.04.2005
რაღაც სიმპათიურ კლუბში ვიყავით. `ჩინელი მფრინავი~ _ ასე ითარგმნება ქართულად. მომღერალი ნილდო ფერნანდესი ედიტ პიაფის რეპერტუარს ასრულებდა და მთელი დარბაზი, ჩემი ჩათვლით, მელანქოლიურად ვაქნევდით თავებს აქეთ-იქით.

02.04.2005

დღეს ცოტა დრო რომ მოვიხელთე, ექიმთან გავვარდი, თვალების გასასინჯად. იქ რაღაც მირტყეს ზურგში _ Женщина, отойдите. გეგონება, მარტო სიტყვით რომ შემოფარგლულიყო, ვერ გავიგებდი!
მერე ექიმმა მითხრა, პრინციპში შეიძლება ერთ დღესაც დაბრმავდეო, და ოპერაციას თუ გაიკეთებ, კარგი იქნებაო. წამში ამიხსნა, რომ უნდა ვიპოვო სპონსორი; რომ ფულს ორად გავიყოფთ და ფურცელზე რაიმე სხვას გააფორმებს. ერთბაშად იმდენი ინფორმაცია მივიღე, რომ გარეთ გამოსულმა, ფოტოს კაცის კითხვას _ რაო? _ რა ვიცი, ფული უნდა გავიყოთ-მეთქი, ვუპასუხე. ისე, ეს კაცი ცალკე მაგიჟებს. იცი, როგორ ვხვდები როდის სად არის? რაღაც იდიოტური თამაში აქვს ტელეფონში ჩაწერილი _ კაცი წინ და უკან დარბის და ბომბებს დებს, აფეთქებს, ისევ დებს, ისევ აფეთქებს… ამ დროს მასთან ერთად იგივე ტემპში `ბოროტებიც~ დარბიან და ისინიც ასევე დებენ ბომბებს და აფეთქებენ, დებენ და აფეთქებენ! თან, ბოლო ხმაზე თამაშობს! რატომ?
_ სალომე, თამაშია ასეთი!
ჰოდა, საიდანაც მესმის ხოლმე აფეთქების ხმა, იქ არის.
P.S. დღეს ლარისა გუზეევას შევხვდით.

03.04.2005

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე მესიამოვნებოდა ლელა წურწუმიას ხმა! თვითმფრინავში ფეხს დადგამ თუ არა, მაშინვე ბოლო ხმაზე რომ გესმის. მერე რა, რომ წინ ბავშვი ტირის, უკანაც ბავშვი ტირის, ვიღაც შეწუხებული კაცი კი გაჰკივის _ სხვა ადგილი მინდა, ფანჯარასთან არაოოოო!
მერე რა?!
_ სახლში მივდივარ-მეთქი და რაღაც კარგად ვიგრძენი თავი. იქ ხომ მე და ჩემს ფოტოს კაცს პატარა ანა გველოდება. დიდი ასაწყობი სახლი ვუყიდეთ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავუტან.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s