GREENCARD

ფოტომოთხრობა

ავტორი: დათო ტურაშვილი

ამ სოლიდური ასაკისა და გარეგნობის კაცმა, სერბმა მწერალმა მილეტა პროდანოვიჩმა, რამდენიმე წლის წინ ბავშვურად, არაბოროტი განზრახვით იხულიგნა, მაგრამ ამერიკელებმა მაინც არასწორად გაიგეს მისი კეთილი განზრახვა და მილეტა პროდანოვიჩის წინააღმდეგ, საქმე აღძრეს. საქმე კი (რუსულად რომ ვთქვათ), იყო შემდეგში: ამერიკელები, მოგეხსენებათ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს სამოცდათვრამეტი დღის განმავლობაში ბომბავდნენ და რა გასაკვირია, რომ სერბმა მწერალმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა, თუმცა სრულიად მშვიდობიანი და უჩვეულო გზით. უჩვეულო იყო შურისძიების ფორმაც და იმაში მდგომარეობდა, რომ მილეტა პროდანოვიჩის საყვარელ ძაღლს უნდა მოეგო ამერიკული “Gრეენცარდ”, რომლის მიღებასაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქეები, ასეთი მონდომებით ესწრაფვიან. მთელი მსოფლიოდან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები, წლების მანძილზე ელოდებიან ამ სანატრელ “Greencard”-ს, რაც გაწვალებულ ემიგრანტს, ამერიკის გაერთიანებულ (და არა შეერთებულ) შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. შტატების ხელისუფლება კი მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინედ შეისწავლის Gრეენცარდ~-ის მიღების მსურველთა სიებს, სანამ არალეგალური ემიგრანტები ჩუმად, დაპატიმრების შიშით, მიზერული ხელფასების პირობებში მუშაობენ. თუმცა ზოგჯერ ამერიკის ხელისუფლება ლატარეას გაათამაშებს ხოლმე და ყოველგვარი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, განაცხადის შემვსებ რომელიმე მსურველს, “Greencard”-ს აძლევს საჩუქრად და მარტივად რომ ვთქვათ _ ხალისობს... სწორედ ზემოთქმულით ისარგებლა მილეტა პროდანოვიჩმაც და განაცხადი, თავისი საყვარელი ძაღლის სახელზე შეავსო და გაგზავნა. განაცხადში ტყუილი არ ეწერა _ ეწერა ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ძაღლს შეეძლო, მაგრამ უჩვეულო ის იყო, რომ განაცხადს, მილეტა პროდანოვიჩის ძვირფასი ძაღლის ოთხი ფოტო ახლდა თან, როგორც ამას ამერიკის საემიგრაციო სამსახური მოითხოვდა მსურველებისგან და მცდელობა წარმატებული გამოდგა _ ძაღლმა “Greencard”-ი ყოველგვარი ყეფისა და კბენის გარეშე, შვიდ თვეში მიიღო. როგორც ჩანს, ამერიკული ბიუროკრატიის გულმოდგინება ასეთ პარადოქსსაც არ გამორიცხავს და მილეტა პროდანოვიჩი თავის ძაღლთან ერთად, ამერიკაში გაემგზავრა. სერბი მწერალი, ბოროტი ხულიგნობის ბრალდებით, აეროპორტშივე დააკავეს, მაგრამ მთელს სერბეთში მილეტა პროდანოვიჩის დაპატიმრებას, ისეთი პროტესტი მოჰყვა, რომ ამერიკელებმა იგი მალევე გაათავისუფლეს. ყველაზე აქტიური, მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, ყველაზე ცნობილი სერბი მწერალი მილორად პავიჩი იყო, მაგრამ ამერიკელებმა ალბათ ყველაზე მეტად იუგოსლავიასთან ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას გაუწიეს ანგარიში და მილეტა პროდანოვიჩი მშობლიურ ბელგრადში სამ თვეში დაბრუნდა. პირველივე ინტერვიუში, როცა მას ჰკითხეს, თუ როგორ გაუჭირდა ამერიკულ პატიმრობაში ყოფნა და როგორ შეინარჩუნა მხნეობა და იმედი ციხის საკანში, მან თქვა, რომ თან ჰქონდა წიგნი, რომელმაც გააძლებინა და რომლის წაკითხვასაც ყველას ურჩევდა, მითუმეტეს _ პატიმრებს. ამ პირველივე ინტერვიუში მილეტა პროდანოვიჩმა ის წიგნიც დაასახელა მთელი მსოფლიოს გასაგონად _ სერბულად თარგმნილი შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსანი~…

კურკა

მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა-მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე კურკას და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში. პირველად ვნახე ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო, _ დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასაგან ვიცოდი და ზეიმზე ეცვა თეთრი ჩოხა. ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. მერე ის სურათი ანა-მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.
ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა _ კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა-მარიამმა ისევ შემახსენა _ კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი, როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა, დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად, ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს, ჩვენი სტუმრობა, მართლა ძალიან გაეხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორად, ჩავთვალე, რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან, კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა, მოულოდნელობისაგან გამოვფხიზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად, სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ ინსტინქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ _ მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:
_ არა უშავს, მა…
იყო გვიანი შემოდგომა და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი, არაფერი მინდოდა სიკვდილის გარდა.

ოლე

ეს მშვენიერი თურქი გოგონა ისტანბულში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ ზაფხულს, ივნისის ბოლოს, მშობლებთან ერთად, ართვინის მთებისაკენ მიემგზავრება, სადაც წელიწადში ერთხელ, თურქეთის ქართველები იკრიბებიან და ეს მშვენიერი თურქი გოგონაც, წარმოშობით ქართველია.
ისტანბულიდან ართვინამდე, ისევე შორია, როგორც საერთოდ გურჯისტანამდე, მაგრამ ართვინი ერთადერთი ადგილია, სადაც დღემდე იმართება ქართული კორიდა, რომელიც დანარჩენ საქართველოში, უბრალოდ დაიკარგა. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი რამ გაქრა, რაც იმ უძველეს იბერიულ ცივილიზაციასთან გვაკავშირებდა, რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით და აღარც კი გვახსოვს. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ დანარჩენ მსოფლიოს (ჩვენსავით), კორიდა მხოლოდ ესპანური წარმოშობის ჰგონია და არ იცის რომ ოდესღაც, ესპანელთა მონათესავე, ესპანეთივით იბერიული წარმოშობის საქართველოში, ყველგან იმართებოდა კორიდა, როგორც ხარის კულტის სარიტუალო ფენომენი და სულაც არ არის შემთხვევითი რომ მეგრულად, მამაკაცის სასქესო ორგანოს, ოლე ჰქვია. პროტოქართული და პროტოესპანური, საერთო წინაპარი იბერიული ენისაგან, უამრავი საერთო სიტყვა დაგვრჩა ესპანელებსაც და ქართველებსაც და მეგრულის მცოდნე ქართველებს ალბათ ეღიმებათ ხოლმე, როცა ესპანელები ხმისჩახლეჩამდე ჰყვირიან კორიდაზე ამ ჯადოსნურ სიტყვას, რომელიც კორიდის გავლენით, ფეხბურთის ქომაგებმაც აიტაცეს და სწორედ ამ სიტყვით ამხნევებენ ისინი საყვარელ გუნდებს.
ხარის კულტი, ესპანეთშიც და საქართველოშიც, ნაყოფიერებისა და სიძლიერის ღვთაებას უკავშირდებოდა (როგორც სხვა იბერიული ცივილიზაციის ქვეყნებში) და ამიტომაც შემორჩა დღევანდელ მეგრულსა და თანამედროვე ესპანურში, ძველი იბერიული სიტყვა _ ოლე…
თუმცა საქართველოში გაქრა თვითონ კორიდა, აგერ ახლახანს, თითქმის მეოცე საუკუნის დასაწყისში და ერთადერთი ადგილი, სადაც კორიდა, თავისი პირვანდელი სახით არსებობს, ართვინის მთებია. ართვინში, ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე, ყოველი წლის ივნისის ბოლოს, მთელს თურქეთში მიმოფანტული ქართული წარმოშობის ადამიანები იკრიბებიან, რადგან ეს ერთადერთი ფესტივალია, რომლის დამთავრებისას, ლაზები და გურჯები _ უძველესი იბერიელები, უძველეს იბერიულ ფერხულს ცეკვავენ. მათ შორის ბევრმა აღარც იცის ძველი მშობლიური ენა და აღარც ის ახსოვთ, რომ არცთუ შორს ართვინიდან, დღემდე ამაყად შემორჩენილი არტანუჯის ციხე, ოდესღაც მათი ძველი სამშობლოს დედაქალაქი იყო…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s